„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ შეშფოთებას
გამოთქვამს
იმის გამო, რომ პარტია „ქართული ოცნება“ და მასთან აფილირებული პირები
კრიტიკულ მედიაში მომუშავე ჟურნალისტების პროფესიულ დისკრედიტაციას და
საზოგადოების ცალკეულ ჯგუფებში მათდამი სიძულვილის გაღვივებას
ცდილობენ. ორგანიზაციის შეფასებით, ამგვარი ქმედებები
ჟურნალისტების უსაფრთხოების რისკებს ზრდის.
გუშინ, 17 იანვარს „ექსპრესნიუსმა“ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, გამოცემის დამფუძნებელსა და რედაქტორს, ირაკლი მანაგაძეს პარტია „ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის უფროსმა, გიორგი გრძელიშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და „ამოძირკვით“ დაემუქრა.
„ექსპრესნიუსი“ გრძელიშვილის მუქარას ამოძირკვასთან დაკავშირებით სერიოზულ საფრთხედ აღვიქვამს, რადგან მათი ინფორმაციით, ძალოვან უწყებებში ის დიდი გავლენით სარგებლობს. „გრძელიშვილი ხელმძღვანელობს პარტიის პროპაგანდისტული მედიის მუშაობას, მათ შორის ტელეკომპანიების „იმედის“ და „რუსთავი2-ს“ დაქვემდებური ჰყავს რამდენიმე ახალი ამბების სააგენტო და ონლაინ გამოცემა“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
გამოცემა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მისი თანამშრომლის შეკავებისკენ მოუწოდებს.
„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ კი პარტია „ქართული ოცნებას“ მოუწოდებს, ამ ინციდენტის გამოსაძიებლად შიდა მოკვლევა ჩაატაროს და შედეგები გაასაჯაროვოს. „ასევე უზრუნველყოს, რომ მისი თანამშრომლები დამოუკიდებელი მედიასაშუალებების საქმიანობაში არ ერეოდნენ, ჟურნალისტებს პატივისცემით ექცეოდნენ და კანონის დაცვით მოქმედებდნენ“.