სოციალური მედია და სათამაშო ფირმები მულტიმილიონიანი სარჩელის პირისპირ
02.07.2018
ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი იურისტის სამართლებრივი დასკვნის თანახმად, სოციალური მედია და სათამაშო ფირმები დამოკიდებულების გამომწვევი ტექნოლოგიის გამოყენებით ბავშვების უფლებებს არღვევენ, რის გამოც მათ მულტი-მილიონიან სარჩელზე პასუხისგება მოუწევთ.

ჯენი აფია, რომელიც საბავშვო კომისიის ციფრული სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელია, ამბობს, რომ სოციალურ მედიაზე და თამაშებზე დამოკიდებულების გამო ოჯახურ ცხოვრებას მნიშვნელოვანი ზიანი ადგება: ბავშვები დაძინებაზე უარს ამბობენ და გარე აქტივობებითაც სულ უფრო ნაკლებად არიან დაკავებული, ამასთან, სასკოლო სამუშაოზე კონცენტრირება უჭირთ და ეს ყველაფერი მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე აისახება. ეს კი ადამიანის უფლებების აქტის მე-8 პუნქტს არღვევს.

აფიას თქმით, დამოკიდებულების გამომწვევი ისეთი ფორმა (როგორც ფეისბუქი, იუთუბი და ინსტაგრამი), რომელიც ფუთავს ტექნოლოგიას და ბავშვებს მუდმივად ონლაინ ყოფნისკენ უბიძგებს, ეწინააღმდეგება კომპანიების განცხადებას, რომ მომხმარებლებს აქვთ თავისუფალი ნება, გამორთონ მოწყობილობები, როცა მოუნდებათ. მის ქეისს ზურგს უმაგრებს როგორც ფსიქოლოგების მტკიცებულება ერთგვარ „კაუჭებზე“, როგორებიცაა მაგალითად ღამის პეიროდში შეტყობინებების მიღება და auto-play რეჟიმის ვიდეოები, ასევე თავად ინდუსტრიაში მომუშავე პირების განცხადებები. მაგალითად, ფეისბუკის თანადამფუძნებელმა, შონ პარკერმა აღიარა, რომ აპლიკაციები იმისთვის იქმნება, რომ ადამიანებმა მათ რაც შეიძლება მეტი დრო და ყურადღება დაუთმონ.

ჯენი აფია, რომელიც ისეთ ვარსკვლავებთან მუშაობს, როგორებიც არიან მადონა, ადელი, ჯ.ქ. როულინგი და ელტონ ჯონი, აქტიურად არის ჩართული ტექნოლოგიურ კომპანიებთან დაკავშირებულ დავებში. ცოტა ხნის წინ მან ინსტაგრამს აიძულა გადაეწერა მოხმარების წესები და პირობები და 17 გვერდიანი ტექსტი ერთგვერდიან, მარტივი ინგლისურით დაწერილ განცხადებამდე დაეყვანა, რომელიც ბავშვებისთვისაც იქნებოდა გასაგები. აფია აპირებს ოჯახის ქეისიც თავის თავზე აიღოს. მისი ეს ნაბიჯი The Daily Telegraph-ის ახალ კამპანიას დაემთხვა, რომელიც სახელშკრულებო ვალდებულებას ითხოვს ტექნოლოგიური ფირმებისთვის, რომ ბავშვებისთვის ზიანის პრევენცია მოახდინონ. ამავდროულად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ თამაშებს აშლილობის კლასიფიკაცია მიანიჭა და აღიარა, როგორც სამედიცინო მდგომარეობა, რომელიც ეროვნული ჯანდაცვის სერვისის მკურნალობას ექვემდებარება.

„ევროკონვენციის ადამიანის უფლებების მე-8 პუნქტში ნათქვამია: ყველას აქვს უფლება, პატივი სცეს მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, სახლსა და კორესპონდენციებს“, - ამბობს აფია.

„წინა ქეისების მიხედვით პიროვნების პირადი ცხოვრება მოიცავს მის „ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მთლიანობას” და ამას პატივი უნდა ვცეთ, რომ ვუზრუნველვყოთ ადამიანის განვითარება გარეგანი ჩარევების გარეშე.

„ჩემი არგუმენტი ისაა, რომ ფირმების მომხმარებლის მოზიდვაზე ორიენტირებული დიზაინის სტრატეგიები და ყურადღების მისაპყრობი მახეები ბავშვებს ატყვევებენ, ჩაჭერილი ჰყავთ და მათ აქტიურობას ხელს უშლიან. შედეგად, ხდება მათი ავტონომიურობისა და თავისუფალი ნების უგულვებელყოფა, რაც მათ ფიზიკურ და ფსიქიკურ განვითარებაზე აისახება. იურიდიული ჯგუფი, რომელიც სოცილაური მედიისა და თამაშების საკითხზე მუშაობს, არ იყო ვალდებული ზიანის დამადასტურებელი კონკრეტული მაგალითები მოეყვანა, თუმცა ვიდეოთამაშებზე დამოკიდებული ჰოსპიტალიზირებული თინეიჯერების შემთხვევები ამ ზიანის ხარისხს კარგად აჩვენებს.

სნეპჩათი და ფეისბუკი უარყოფენ, რომ პროდუქტს დამოკიდებულების გამოწვევისთვის ქმნიან და ამბობენ, რომ მათი მიზანია, მხარი დაუჭირონ ადამიანებში პოზიტიური და აზრიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებას, როგორც ოფლაინ, ისე ონლაინ. ფეისბუკმა მილიონები ჩადო ტექნოლოგიებსა და კარგად ყოფნას შორის ურთიერთობის კვლევაში. სნეპჩათი კი აცხადებს, რომ მშობლებს, მზრუნველებს თუ ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ შეზღუდონ ეკრანის წინ გატარებული დრო ოთხი საშუალებით. ესენია: მობილური ოპერატორი, მოწყობილობა, ოეპრაციული სისტემა ან app store.

თეგები : სოციალური მედია;
ავტორი : ნინო ჩიმაკაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ