გაურკვეველია რუსეთის პირველი არხის თანამშრომლის ადგილსამყოფელი
15.03.2022
რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველი არხის თანამშრომელ მარინა ოვსიანიკოვას, რომელიც პირდაპირ ეთერში ომის საწინააღმდეგო ბანერით შეიჭრა, ადვოკატი ამ დრომდე ეძებს.

რა მოხდა?

  • 14 მარტს, მარინა ოვსიანიკოვა, რუსეთის სამთავრობო ტელევიზიის - „პირველი არხის” რედაქტორი, არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვება „ვრემიას“ პირდაპირ ეთერში, სტუდიაში ომის საწინააღმდეგო მოწოდებებით და ბანერით შეიჭრა - „შეაჩერეთ ომი. არ დაუჯეროთ პროპაგანდას. აქ თქვენ გატყუებენ“.
  • ოვსიანიკოვა სულ რამდენიმე წამით გამოჩნდა ეთერში, საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა მისი პროტესტი არ შეიმჩნია და საუბარი განაგრძო, ხოლო სტუდიიდან პირდაპირი ჩართვა შეწყდა და ეთერში ჩაწერილი კადრები გავიდა.
  • მალევე სოციალურ ქსელში გავრცელდა მარინა ოვსიანიკოვას მიერ ჩაწერილი ვიდეო, სადაც იგი რუსეთს აგრესორს უწოდებს, ხოლო იმას, უკრაინაში ხდება - დანაშაულს.
  • ოვსიანკოვა აგრესიაზე პასუხისხმგებლობას მთლიანად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს აკისრებს.

ვიდეო მიმართვაში ოვსიანიკოვა ამბობს რომ რცხვენია, რადგან წლების განმავლობაში კრემლის პროპაგანდით იყო დაკავებული და ხალხს ატყუებდა:

  • მრცხვენია, რადგან ტელევიზორის ეკრანიდან ტყუილის ლაპარაკს ვუშვებდი. მრცხვენია, რადგან რუსი ადამიანების „დაზომბების“ საშუალებას ვაძლევდი.
  • ჩვენ ჩუმად ვიყავით 2014-შიც, როცა ეს ყველაფერი იწყებოდა. ჩვენ არ გამოვედით მიტინგებზე, როცა კრემლმა ნავალნი მოწამლა. ჩვენ უბრალოდ ჩუმად ვუყურებდით ამ ანტიადამიანურ რეჟიმს.
  • ახლა მთელმა მსოფლიომ გვაქცია ზურგი და ჩვენი შთამომავლების ათი თაობა ვერ ჩამოირეცხავს ძმათამკვლელი ომის სირცხვილს.
  • მხოლოდ ჩვენ, გონიერ რუს ადამიანებს, შეგვწევს ძალა, შევაჩეროთ მთელი ეს სიგიჟე. გადით მიტინგებზე, არაფერი მოხდება, ყველას ვერ დაგვიჭერენ”.


 

ფოტოების და ვიდეოების გავრცელების შემდეგ, სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო, Tass-მა გაავრცელა ინფორმაცია ოვსიანობას დაკავების შესახებ.

ამის შესახებ შესახებ დაწერა Novaya Gazeta-მაც.

  • ნოვაია გაზეტამ ოვსიანკოვას საპროტესტო ბანერის წარწერა დაფარა.
  • გამოცემამ ასევე მიუთითა, რომ ბანერზე დატანილი წარწერის გამოჩენას როსკომნადზორი და სისხლის სამართლის კოდექსი უკრძალავთ.

.

13 მარტს, ეთერში შეჭრამდე ერთი დღით ადრე, ოვსიანიკოვამ ფეისბუკის პირად პროფილზე ატვირთა ფოტო შვიდობის მტრედის გამოსახულებით. ფოტოზე მას უკეთია ყელსაბამი რუსეთისა და უკრაინის დროშების ფერებით.

რა ემუქრება ოვსიანკოვას?

  • რუსმა ადვოკატმა და უფლებადამცველმა პაველ ჩიკოვმა Twitter-ზე დაწერა, რომ მისი ორგანიზაცია იურიდიულ დახმარებას უფასოდ გაუწევს. მისივე თქმით, ადვოკატები მის პოვნას ცდილობენ.
  • საერთაშორისო მედია რუსულ სამთავრობო გამოცემებზე დაყრდნობით წერს, რომ შესაძლოა ჟურნალისტის წინააღმდეგ საქმე აღიძრას ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის წესით.
  • TASS იტყობინება, ჟურნალისტის წინააღმდეგ წინა საგამოძიებო მოკვლევა მიმდინარეობს „რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებზე განზრახ მცდარი ინფორმაციის გავრცელების საქმეზე.“ 
  • Настоящее Время-ს წერს, რომ შესაძლოა, ოვსიანიკოვას დაეკისროს პასუხისმგებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 20.3.3 მუხლის მიხედვით - „საჯარო ქმედებები, რომლებიც მიმართულია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციისკენ, რუსეთის ფედერაციის და მისი ინტერესების დასაცავად“.
  • Настоящее Время-ს დაუდასტურებელი ინფორმაციით, ჟურნალისტი მოსკოვის ოლქის პოლიციის განყოფილებაში ჰყავდათ დაკავებული, თუმცა ადამიანის უფლებების დამცველებს დეპარტამენტში განუცხადეს, რომ დაკავებული ჟურნალისტი იქ არ იყო.

ვინ არის მარიანა ოვსიანნიკოვა?

მარიანა ოვსიანნიკოვას შესახებ ბევრი ინფორმაცია არ იძებნება.

იგი 1978 წელს ოდესაში დაიბადა. მამამისი უკრაინელია, დედა კი - რუსი.

მისი სოციალური ქსელებიდან ირკვევა, რომ რუსეთის სამთავრობო ტელევიზიაში მუშაობის დაწყებამდე, ყუბანის სახელმწიფო უნივერსიტეტი და რუსეთის საპრეზიდენტო ეროვნული ეკონომიკისა და საჯარო ადმინისტრირების აკადემია (Kuban State University & the Russian Presidential Academy of National Economy & Public Administration) დაამთავრა.

გამოხმაურებები ოვსიანკოვას განცხადებაზე

  • 14 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა ვიდეო მიმართვა ტექსტით: ”მადლობელი ვარ იმ რუსების, რომლებიც არ წყვეტენ სიმართლის გადმოცემას, რომლებიც ებრძვიან დეზინფორმაციას და უყვებიან რეალურ ფაქტებს თავიანთ მეგობრებსა და ოჯახებს. და პირადად იმ ქალის, რომელიც პირველი არხის სტუდიაში ომის საწინააღმდეგო პლაკატით გამოვიდა“. 
  • უკრაინის რადას წევრმა რომან ჰრისჩუკმა ეჭვი შეიტანა ოვსიანკოვას გულწრფელობაში: მან ტვიტერზე დაწერა, რომ „ჟურნალისტი რუსული პროპაგანდის ძირითად ნარატივის ავითარებს“ და ეს სპექტაკლია“, რათა ევროკავშირში, დიდ ბრიტანეთში და აშშ-ში საზოგადოებრივ აზრზე გავლენა მოახდინონ და სანქციები შეუმსუბუქონ.
  • ამერიკელმა სენატრმა ბერნი სანდერსმა ოვსიანკოვას ჟესტს „წარმოუდგენელი გამბედაობა“ უწოდა.

კონტექსტი

  • უკრაინაში შეჭრის და ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ ომის მოწინაღმდეგე მომიტინგეების დარბევა დაიწყო.
  • გარდიანის ინფორმაციით, პროტესტის გამოხატვის გამო რუსეთში 15000-მდე ადამიანი დააკავეს, მათ შორის ბავშვები და მოხუცები. 
  • მთავრობამ რუსეთში დაბლოკა ოცზე მეტი რუსული მედიასაშუალება.
  • საქმიანობა შეაჩერა რუსულმა დამოუკიდებელმა ტელევიზია, დოჟდმა, ხოლო მისი ჟურნალისტების ნაწილს ქვეყნის დატოვება მოუხდა.
  • აიკრძალა სოციალური მედიის პლატფორმები Facebook და Instagram.

ვრცლად ამ თემაზე: საინფორმაციო ომი რუსეთში - დაბლოკილი მედია და პროპაგანდა

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ