საერთაშორისო ამბები

ფეისბუქი პრიორიტეტული აღარ არის - 2024 წლის მედიაპროგნოზი
ავტორი : თამარ თოიძე;
9 იანვარს, "როიტერსის ინსტიტუტმა", "ოქსფორდის უნივერსიტეტთან" ერთად გამოაქვეყნა 2024 წლის მედიაპროგნოზი. კვლევის მიხედვით, ახალი ამბებისგან თავის არიდება მედიისთვის, კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება, ასევე, 2024 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან წელს, 40-ზე მეტ სახელმწიფოში არჩევნებია, მათ შორის, საქართველოშიც.

გასულ წლებში, გამოცემებმა დაიწყეს ხელოვნური ინტელექტის აქტიურად გამოყენება, რედაქცია ვალდებულია, რომ მიუთითოს თუ მასალა AI-ს გენერირებულია.
კვლევაში მონაწილეობდა სხვადასხვა გამოცემის 300-ზე მეტი მედიამენეჯერი და ციფრული პლატფორმების ხელმძღვანელი, მიგნებები მოკლედ:

რომელი ციფრული პლატფორმებია პრიორიტეტული?

გამოკითხულთა 60%-ზე მეტი პრობლემად მიიჩნევს, რომ შემცირებულია "ფეისბუქიდან" და "X"-დან (ყოფილი ტვიტერი) გამოცემის ვებგვერდზე გადმოსულ მომხმარებელთა რაოდენობა. ამიტომ, მათთვის ეს ქსელები ნაკლებად პრიორიტეტულია.
თავის მხრივ, პლატფორმებმა უკვე დაიწყეს და 2024-ს ბოლოსთვის ალბათ ყველა მათგანი გადავა ე.წ "გამოწერის მეთოდზე", რაც გულისხმობს თანხის გადახდის სანაცვლოდ პრემიუმ ფუნქციების გამოყენებას და გარკვეულ შემთხვევებში, მომხმარებელს ექნება უფლება, რომ "აუკრძალოს" პლატფორმებს მისი ინფორმაციის დამუშავება და მოპოვება.

რაც შეეხება ამბის თხრობის სხვა გზებს, რედაქციები მიიჩნევენ, რომ კომპლექსური საკითხების ახსნა, უფრო მეტად გამოსავლის პოვნაზე ორიენტირებული და ადამიანური ამბები უფრო საინტერესოა აუდიტორიისთვის.

მედიამენეჯერები იმედოვნებენ, რომ 2024 წლის მნიშვნელოვანი პოლიტიკური თუ სპორტული ამბები გაზრდის აუდიტორიის ჩართულობას. თუმცა, ასევე შესაძლებელია, რომ არჩევნებმა გაამწვავოს პოლიტიკური პოლარიზაცია და კიდევ უფრო შეამციროს მედიის სანდოობა.

პროგნოზი მოკლედ:
მრავალფეროვანი გაშუქების პერსპექტივები

2023 წლის ოქტომბერში, ისრაელსა და ჰამასს შორის დაწყებული კონფლიქტი, რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომთან ერთად, ჟურნალისტების ფიზიკური უსაფრთხოებისთვის ახალ გამოწვევად იქცა.
ღაზას სექტორში ჟურნალისტებისთვის შეღწევა ფაქტობრივად შეუძლებელია, ამიტომ ამბის გამავრცელებლები ძირითადად ადგილობრივები გახდნენ. პალესტინელი პლესტია ალაჰადი "ტიკტოკ"-სა და "ინსტაგრამ"-ზე ავრცელებს ვიდეოებს, რაც დოკუმენტური კადრებია როგორც ჟურნალისტებისთვის, ასევე მსოფლიოსთვის. "ამბის თხრობის ამ მეთოდმა, ახალი ამბავი უფრო პერსონალური გახადა და სწორედ ეს არის ის, რაც აკლია მეინსტრიმულ მედიას" - ვკითხულობთ "როიტერსის ინსტიტუტი"-ს ანგარიშში.

რამდენიმე რედაქციამ, გადაწყვიტა, რომ ვრცლად საკითხავი სტატიების (ე.წ "ლონგ რიდები") დასაწყისში მნიშვნელოვანი ფაქტები მოკლე პარაგრაფებად დაწერონ.

რა არის newsGPT-ს ხელოვნური ინტელექტი?

newsGPT არის ახალი ამბების პირველი სრულად AI-ის გენერირებული "საინფორმაციო გამოშვება", რომელიც ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში "მაუწყებლობს". "newsGPT არის პირველი გამოშვება, რომელსაც ადამიანს არანაირი ზემოქმედება არ აქვს, newsGPT-ს არ აქვს პოლიტიკური შეხედულებები და განრიგი" - ამიტომ, საბოლოო მიზანი მხოლოდ ფაქტებზე დაფუძნებული, მიუკერძოებელი და ზუსტი ამბების თხრობაა.

თუმცა, პროფესიულ წრეებში კვლავ განიხილება სრულად AI-ს მიერ მომზადებული მასალის ღირებულება და ეთიკური დილემა, ასევე საკამათოა ინტელექტუალური საკუთრებისა და დეზინფორმაციის გავრცელების გამოწვევები.

2024 წლისთვის კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიების სავარაუდო გავლენა პოლიტიკურ პროცესებსა და არჩევნებზე. გამოკითხულ ამერიკელთა ნახევარზე მეტი (58%) ფიქრობს, რომ საარჩევნო პერიოდში AI ხელსაწყოები გაზრდის სხვადასხვა ტიპის მანიპულაციებსა და დეზინფორმაციის გავრცელებას.

გამოწვევის საპასუხოდ, "ტექ-გიგანტები" ცდილობენ, რომ გამოწვევების საპირისპიროდ, გააძლიერონ ისეთი "თავდაცვის მექანიზმები", როგორიცაა პოლიტიკური პარტიებისთვის ხელოვნური ინტელექტის გენერირებული მასალის დეკლარირება, ფაქტ-ჩეკერებთან თანამშრომლობით დეზინფორმაციის აღმოფხვრა და სხვა. - წაიკითხეთ ვრცლად "გუგლის რეგულაციები ხელოვნურ ინტელექტზე" და "რას ნიშნავს ევროკავშირის რეგულაციები სოციალური ქსელებისთვის?".
16.01.2024
ბეჭდვა