მედიის უფლებადამცველი ორგანიზაციის “მედიაომბუდსმენის”
შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება ვერ აცნობიერებს პროპაგანდისტული
მედიიდან მომდინარე საფრთხეს და მის შესაჩერებლად სათანადო ნაბიჯებს
არ დგამს.
ორგანიზაციის დასკვნით, საქართველოში შესაბამის უწყებებს 2022 წლის 24
თებერვლიდან (რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან) დღემდე სათანადოდ არ
შეუფასებია რუსული პროპაგანდის რისკები და არ დაუსახავს რეაგირების
საჭირო მექანიზმები.
ამიტომ, “მედიაომბუდსმენი
საქართველოს ხელისუფლებას,
კომუნიკაციების კომისიასა და საჯარო სექტორის სხვა
წარმომადგენლებს რუსული დეზინფორმაციის შესაჩერებლად
რეკომენდაციებით მიმართავს.
რატომ არის მნიშვნელოვანი? “მედიაომბუდსმენის”
კვლევის “ვინ და როგორ (შე)აჩერებს რუსულ პროპაგანდას?” მიხედვით
რუსული დეზინფორმაცია:
- მედიის, პოლიტიკოსების და საჯარო ინსტიტუტების მიმართ
საზოგადოების ნდობის შემცირებას იწვევს.
- საზოგადოებაში თესავს შიშს, დაბნეულობას, გაურკვევლობასა და
შფოთვას.
- საქართველო, ტერიტორიის 20% ოკუპაციის ფონზე, რუსული
დეზინფორმაციის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ რჩება.
- საქართველოში კრემლის პროპაგანდის ძირითადი საყრდენი მედია
საშუალებებია.
- არაერთი მედიასაშუალების მუშაობის სტილი გახდა ანტი-დასავლური
გზავნილებითა და ინფორმაციის გავრცელებისას რუსული წყაროების
გამოყენება.
- იზრდება დეზინფორმაციის ან ანტიდასავლური ნარატივის შემცველი
ინტერნეტ-მასალების ვირუსული გავრცელების ტემპიც.
როგორ ებრძვის დეზინფორმაციას ევროკავშირი და საქართველო?
უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შეჭრის შემდეგ,
ევროპის სხვადასხვა ქვეყნებმა რუსულ პროგრამებზე ხელმისაწვდომობა
შეზღუდეს. ევროკავშირმა აკრძალა რუსული სახელმწიფო პროპაგანდისტული
მედიასაშუალებები RT და Sputnik.
“მედიაომბუდსმენის” კვლევაში დეტალურადაა აღწერილი სტანდარტები და
აკრძალვები, რომლებიც ევროპის ქვეყნებმა რუსული დეზინფორმაციისა და
პროპაგანდის წინააღმდეგ გაატარეს. ორგანიზაციის შეფასებით, ამ მხრივ
საქართველოს ხელისუფლებას ინერტული პოზიცია აქვს.
რა ნაბიჯები გადადგა ხელისუფლებამ რუსული პროპაგანდის
წინააღმეგ?
“მედიაომბუდმსენის” მკვლევრები დაინტერესდნენ
უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე მოახერხა თუ არა საქართველოს მთავრობამ,
პარლამენტმა და კომუნიკაციების კომისიამ რუსული საფრთხეების რეალურად
შეფასება და რეაგირების მექანიზმის ამოქმედება.
ამისთვის: “მედიაომბუდსმენმა” გამოითხოვა ინფორმაცია: 2022 წლის 24
თებერვლიდან დღემდე (2022 წლის 26 ივნისის წერილით)
რა
ნაბიჯები გადადგა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ
საქართველოში რუსული პროპაგანდის შეჩერების მიზნით?
- პასუხი: 7 ივლისის წერილით კომისიამ დაასახელა
რამდენიმე აქტივობა, რომელიც უშუალოდ 2022 წლის 24 თებერვლის თარიღს
არ უკავშირდება. კერძოდ, საუბარია მედია წიგნიერებისგანვითარების
ხელშეწყობის, ფინანსური გამჭვირვალეობის საკითხებისა და მაუწყებლის
თვითრეგულირების პროცესის ცვლილების შესახებ.
კვლევის გუნდმა უკრაინაში სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ მიღებული
გადაწყვეტილებების შესახებ
მიმართა საქართველოს პარლამენტსა
და საქართველოს მთავრობას.
- პასუხი პარლამენტიდან: 2022 წლის 13 ივლისის
წერილში წერია,რომ შემუშავებულია დეტალური კითხვარი და გადაგზავნილია
შესაბამის უწყებებთან, რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება
დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ საქმიანობის
განხორციელება.
- კომიტეტი აპირებს, კითხვარი გაუგზავნოს აგრეთვე სამოქალაქო
საზოგადოების წარმომადგენლებს, გამართოს მათთან ინდივიდუალური
შეხვედრები და გაეცნოს მათ შეფასებებს.
- საშემოდგომო სესიის პერიოდში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი
გეგმავს დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ
ბრძოლის საკითხზე საკომიტეტო მოსმენის გამართვას.
- საქართველოს მთავრობამ მკვლევრებს არ
უპასუხა.
რას უნდა აკეთებდეს ხელისუფლება?
უფლებადამცველი ორგანიზაცია წერს, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 %
ოკუპაციის ფონზე, საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია იხელმძღვანელოს
საერთაშორისო პრაქტიკით, დაიცვას მოსახლეობა რუსული დეზინფორმაციისგან
და შეასრულოს საქართველოს კონსტიტუციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი -
მიიღოს სათანადო ზომები პროდასავლური კურსის
გასაძლიერებლად.
“მედიაომბუდმსენი” მიიჩნევს, რომ რუსული დეზინფორმაციისა და
პროპაგანდის შეჩერებისთვის ეფექტური სახელმწიფო პოლიტიკის შექმნისა და
შესრულების პროცესში ერთ-ერთი მთავარი მონაწილე კომუნიკაციების
კომისია უნდა გახდეს.
რეკომენდაციები საქართველოს პარლამენტს
- პარლამენტმა დაუყოვნებლივ დააწესოს სანქციები ოკუპანტი
სახელმწიფოს პროპაგანდის გავრცელებისთვის.
- დაუყოვნებლივ ჩაატაროს თემატური გამოძიება რუსული დეზინფორმაციის
და პროპაგანდის შესახებ.
- საპარლამენტო კომიტეტებმა გამართონ საჯარო მოსმენები რუსული
დეზინფორმაციის და პროპაგანდისტული კამპანიების წინააღმდეგ
გამოსაყენებელი აუცილებელი ზომების შესახებ.
- სსიპ კვლევითმა ცენტრმა დაუყოვნებლივ შეისწავლოს სხვადასხვა
სახელმწიფოს მიერ გატარებული შესაბამისი ანტიდეზინფორმაციული
ინიციატივები და საპარლამენტო კომიტეტებს ურჩიოს იმ ქმედებების
შესახებ, რომელიც შეიძლება გატარდეს პარლამენტის მიერ რუსეთის
დეზინფორმაციული კამპანიების წინააღმდეგ.
რეკომენდაციები აღმასრულებელ ხელისუფლებას
- შეფასდეს და განახლდეს ჰიბრიდულ საფრთხეების მარეგულირებელი
პოლიტიკა სახელმწიფო უშიშროების და უსაფრთხოების მისაღწევად.
- ეროვნული თავდაცვის სტრუქტურაში ჩამოყალიბდეს კონკრეტული დანაყოფი
ან სააგენტო, რომელიც ეროვნულ დონეზე იქნება მთავარი საკონტაქტო და
მაკოორდინირებელი ორგანო დეზინფორმაციის მონიტორინგის, ანალიზის და
შესაბამისი წინააღმდეგობის გაწევის უზრუნველსაყოფად, რათა სახელმწიფომ
პროაქტიულად და დეტალურად შეისწავლოს რუსული დეზინფორმაციული
კამპანიების გავრცელების მასშტაბები, მიზნები და გამოვლინებები
საქართველოში და, საჭიროების შემთხვევაში, ოფიციალურად უარყოს რუსული
დეზინფორმაციული ნარატივით გავრცელებული ყალბი ინფორმაციები.
- შეიქმნას პლატფორმა მოსახლეობისთვის ინფორმაციისა და ცოდნის
გაზიარებისთვის დეზინფორმაციისა და მასთან ეფექტური ბრძოლის მეთოდების
შესახებ ქართულ, ოსურ, აფხაზურ და სხვა უმცირესობების ენებზე.
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და საქართველოს პროკურატურამ,
დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება „ალტ-ინფოსა“ და პარტია
„კონსერვატიული მოძრაობის“ მმართველი პირების მიმართ, ვინაიდან მათ
ქმედებებში იკვეთება საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და
უშიშროების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ნიშნები.
რეკომენდაციები კომუნიკაციების კომისიას
- დაუყოვნებლივ გამოიყენოს მარეგულირებელი ორგანოების ევროპული
პლატფორმის (EPRA) წევრი ქვეყნების წარმატებული პრაქტიკა რუსული
პროპაგანდის შესაჩერებლად.
- დაუყოვნებლივ დანერგოს ელექტრონული კომუნიკაციების ევროპული
მარეგულირებლების ორგანოს (BEREC) წევრი ქვეყნების წარმატებული
პრაქტიკა რუსული პროპაგანდის შესაჩერებლად.
- კომუნიკაციების კომისიამ და ინტერნეტ სერვის პროვაიდერებმა,
გამოიყენონ „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების
მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ რეგლამენტის“ 25-ე
მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობა და
დაბლოკონ რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი და კრემლის
პროპაგანდისტული ვებგვერდები.
- ევროპული გამოცდილების შესწავლის შედეგად, კომუნიკაციის კომისიამ
დაუყოვნებლივ მოამზადოს სტრატეგია და მიიღოს ზომები, რათა მინიმუმამდე
დაიყვანოს რუსული გავლენა მედიაში.
პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა შეწყვიტონ
დეზინფორმაციის და პრორუსული ინფორმაციის გავრცელება და/ან იმ
ჯგუფების მხარდაჭერა, რომლებიც ჩართულები არიან რუსული პროპაგანდის
გავრცელებაში.
საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი გაიზარდოს
დეზინფორმაციასთან ბრძოლის და ცნობიერების ამაღლების კუთხით.
ვრცლად რეკომენდაციებსა და კვლევას გაეცანით
ამ ბმულზე.