საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
ამბობს, რომ ‘მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას მიმართ
„რუსთავი 2-ის“ საქმეზე გამოტანილი განაჩენი დაუსაბუთებელია და
სასამართლო სხდომის დარბაზში გამოკვლეული მტკიცებულებით, მის
ქმედებაში არ იყო დანაშაულის ნიშნები.
რა ხდება? საია გაეცნო ე.წ რუსთავი 2-ის საქმეზე
კომპანიის ყოფილი დირექტორის ნიკა გვარამიას, ყოფილი ფინანსური
დირექტორის კახაბერ დამენიას და „ინტერ მედია პლუსის“ დირექტორის ზურა
იაშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენს. ორგანიზაცია ამასთანავე
ახორციელებდა სასამართლო სხდომების მონიტორინგს.
ასოციაციამ განიხილა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განაჩენი, რომლითაც
ნიკა გვარამია 2 ეპიზოდშია დამნაშავედ ცნობილი და 50 ათასლარიან
ჯარიმასთან ერთად 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს
მისჯილი.
საიას ძირითადი შეფასება
ორგანიზაციის განცხადებით, განაჩენი არ პასუხობს სასამართლოში საქმის
განხილვის სხვადასხვა ეტაპზე არსებულ კითხვებს, რაც ბრალდებულთა
მიმართ ბრალის წარდგენის, სასამართლო განხილვის, გამამტყუნებელი
განაჩენის გამოტანის სტანდარტებთან და მოსამართლის დამოუკიდებლობასა
და მიუკერძოებლობასთან მიმართებით არსებობდა, რის გამოც მიაჩნია, რომ
განაჩენი დაუსაბუთებელია.
ე.წ 2015 წლის ეპიზოდი
ამ ეპიზოდში მოსამართლემ ნიკა გვარამიას და კახაბერ დამენიას მიმართ
წარდგენილი ბრალის კვალიფიკაცია შეცვალა და ისინი დამნაშავედ ცნო
უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.
ნიკა გვარამიას და კახაბერ დამენიას ბრალად ედებოდათ 2015 წლის
სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდში სარეკლამო შემოსავლების
ხელოვნურად შემცირების გზით ტელეკომპანიისთვის განზრახ ზიანის
მიყენება.
საიას შეფასება:
„2015 წლის იმ პერიოდში რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე მოვლენები,
რეკლამის განთავსების წესის ცვლილება და მათი გავლენა კომპანიის მიერ
შემოსავლის მიღებაზე სასამართლოს ყოველმხრივ სრულად და ობიექტურად არ
აქვს შეფასებული, რის გამოც, მიგვაჩნია, რომ განაჩენი ამ ეპიზოდთან
მიმართებით ვერ აკმაყოფიულებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის
დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.“
კერძოდ:
- სასამართლო შეფასების გარეშე ტოვებს იმ გარემოებას, რომ
2015 წლის იანვარში შეიცვალა რეკლამის განთავსების წესი, რამაც
გავლენა იქონია მანამდე არსებულ შედეგებზე.
- გაუგებარია, სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით,
რომ ნიკა გვარამიას განზრახული ჰქონდა ქიბარ ხალვაშის მიერ სარჩელის
შეტანის შემდეგ რუსთავი 2-სთვის ზიანის მიყენება, რადგან მას გაუჩნდა
ტელეკომპანიაში წილის მფლობელის ცვლილების გონივრული მოლოდინი, მაშინ
როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ჯერ კიდევ არ იყო
გამოტანილი.
- სასამართლოს, ამ მსჯელობაზე დაყრდნობისას, არ უჩნდება
კითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ თუ არსებობდა ბრალდებულების მხრიდან
ტელეკომპანიისთვის ზიანის მიყენების განზრახვა, რატომ არ გაგრძელდა
აღნიშნული განგრძობადად მომდევნო პერიოდებშიც, განსაკუთრებით
სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, როდესაც რეალურად უნდა
გაჩენილიყო ტელეკომპანიაში მესაკუთრის ცვლილების მოლოდინი და არა
სარჩელის შეტანისას.
- საიას მიაჩნია, რომ სასამართლოს შეფასება მენეჯერული
უფლებამოსილების განხორციელებისას მიღებული კონკრეტულ
გადაწყვეტილების, გვარამიას მიერ დადებულ ხელშეკრულებისა და ამ
ხელშეკრულების გავლენების შესახებ არ წარმოადგენს სისხლის სამართლის
კანონმდებლობით შესაფასებელ ქმედებას.
ე.წ ავტომანქანის ეპიზოდი
სასამართლომ ნიკა გვარამია ამ ეპიზოდშიც უფლებამოსილების ბოროტად
გამოყენებაში ცნო დამნაშავედ. გვარამიას ბრალი ედებოდა იმაში, რომ მან
პირადი სარგებლობისთვის შეიძინა ავტომობილი შპს „პროესკო მედიასგან“
და თანხის ანაზღაურება ხდებოდა კონტრაქტორითვის რუსთავი 2-ის
სარეკლამო დროის ანაზღაურების შემცირების ხარჯზე.
საიას შეფასება - „ალოგიკური მსჯელობა“ : ამ ნაწილში
მოსამართლის შეფასებები წინააღმდეგობრივია. განაჩენში, მოწმის
ჩვენებაზე დაყრდნობით, მოსამართლე თავადვე აღნიშნავს, რომ ნიკა
გვარამიას შეეძლო ავტომობილი პრემიის სახით მიეღო, მაგრამ როგორც
სასამართლო განმარტავს მან დანაშაულებრივი სქემა არჩია, რაც სიას
მიაჩნია, რომ მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და შესაძლებელია
შეფასდეს როგორც ალოგიკური მსჯელობა.
კერძოდ:
- საიასთვის გაუგებარია, რატომ შეიძლება გაუჩნდეს ადამიანს
დანაშაულებრივი გზით იმის მიღების სურვილი რის მიღებაც მისი
უფლებამოსილებას განეკუთვნება.
- სასამართლო დასაშვებად მიიჩნევს კომპანიის დირექტორის მიერ
საკუთარი თავისთვის პრემიის გაცემის შესაძლებლობას, რომელიც შეიძლება
იყოს როგორც ფულადი, ისე არაფულადი ფორმით გაცემული. ნიკა გვარამია
პრემიის სახით მიიღებდა ავტომობილს, თუ ტელეკომპანიის სხვა აქტივით
მოხდებოდა ავტომობილის საფასურის გადახდა, (როგორც სასამართლო
განმარტავს, „დანაშაულებრივი სქემით“), „რუსთავი 2“- ისთვის
მატერიალურად იდენტური შედეგის მომტანი იყო და არ შეგვიძლია მივიჩნიოთ
სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულად.
- საიასთვის სასამართლოს პოზიცია გაუგებარია მხარეთა
თანასწორობა-შეჯიბრობითობასთან დაკავშირებით.
- სასამართლომ დაცვის მხარეს საჯარო სხდომაზე არ მისცა
მისთვის კანონმდებლობით მიცემული შესაძლებლობის რეალიზების და თუნდაც
ბრალდების მხარის ნუსხიდან დუბლირებული მოწმეთა პირდაპირი დაკითხვის
წესით დაკითხვის შესაძლებლობა.
- გაგაუგებარია, სასამართლოს მიერ პოლიტიკური კონტექსტის
ნაწილში ბრალდების მხარის პოზიციების ადვოკატირება.
- წარმოდგენილ გადაწყვეტილებაში არ გვხდება იმგვარი
დასაბუთება, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გახდებოდა
გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.
სასჯელი - საიას შეფასებით, სასჯელის პროპორციულობის
ნაწილში
სასამართლოს მსჯელობა განსაკუთრებით
დაუსაბუთებელია. საიას განმარტებით:
- სასამართლოს არგუმენტი საპატიმრო სასჯელის
გამოყენებაზე ე.წ ავტომანქანის ეპიზოდზე: ბრალდებულს ჯარიმის
გადახდასთან დაკავშირებით წინასწარ აქვს გაცხადებული პოზიცია, რომ
არანაირ ჯარიმას არ გადაიხდის.
- ე.წ. 2015 წლის ეპიზოდზე სასამართლომ
ჯარიმის სახით 50 000 ლარის შეფარდებით ივარაუდა, რომ - მიუხედავად
კომპანიისთვის მიყენებული მილიონიანი ზიანისა, რომელიც არ არის
ანაზღაურებული სასჯელის სახედ განსაზღვრული ჯარიმა მოცემულ ნაწილში
შესაბამისობაში იყო სასჯელის მიზნებთან.
- ხოლო ე.წ ავტომანქანის ეპიზოდზე, სადაც გვარამიას თვითონვე
შეეძლო საკუთარი თავისთვის პრემიის სახით განესაზღვრა ავტომანქანის
მიღება ამგვარი ქმედებისთვის თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი
სასჯელის სახე მიზანშეუწონლად მიიჩნია.
როგორ განმარტავს სასამართლო სასჯელად შინაპატიმრობის არ
გამოყენებას?
ორგანიზაციის ინფორმაციით, სასამართლომ სასჯელის სახით ნაკლებად
მკაცრი სასჯელის - შინაპატიმრობის გამოყენებაზე საუბრისას განმარტა,
რომ ეს ვერ დააზღვევდა ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს.
საია კი ამბობს, რომ ნიკა გვარამია არ არის წარსულში ნასამართლევი და
მოცემული საქმის განხილვის დროს, გირაოს პირობებში მისი მხრიდან
დანაშაულის ჩადენის ან გირაოს პირობების დარღვევის ფაქტი არ
დადასტურებულა.
- საიასთვის გაუგებარია, თუ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული
გირაო იყო დანაშაულის ჩადენის ნაწილში შემაკავებელი ხასიათის სასჯელის
სახით შეფარდებული თუნდაც შინაპატიმრობა რატომ ვერ მოახდენდა
აღნიშნული რისკის დაზღვევას.
მოსამართლის აცილება
- 2021 წლის 15 დეკემბერს ნიკა გვარამიამ მოსამართლე ლაშა
ჩხიკვაძის აცილება მოითხოვა.
- მისი თქმით, ჩხიკვაძე ამავე საქმეზე გამოკითხული ერთ-ერთი
მოწმის, “რუსთავი 2-ის” მმართველი კომპანიის, სს "მედია ჰოლდინგის"
დირექტორის ზაზა გველესიანის მეგობარია.
საია ამბობს, რომ:
- მოსამართლის აცილების საკითხზე პასუხი გაცემული არ არის
განაჩენში.
- მოსამართლის ობიექტურობასა და
მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე, რაც
უკავშირდებოდა საქმის განმხილველი მოსამართლის ტელეკომპანია რუსთავი
2-ის მფლობელი ჰოლდინგის დირექტორთან ახლო მეგობრობას (რაც თავად
მოსამართლემაც დაადასტურა) და ამ მიზეზით საქმის შედეგით სავარაუდო
დაინტერესების ეჭვებს, მოსამართლემ განაჩენშიც დაუთმო ადგილი, თუმცა
ვერ გააქარწყლა საზოგადოებაში გაჩენილი ეჭვები მისი მიკერძოებულობის
თაობაზე.
- მოსამართლემ არ შეაფასა განაჩენის გამოტანის შედეგად, მისი
მეგობრის ზაზა გველესიანის სამოქალაქო სამართლის მიმართულებით შესაძლო
ინტერესი, რასაც მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება დაედოს
საფუძვლად. ეს კი ჩრდილს აყენებს მთლიანად ამ საქმეზე მიმდინარე
მართლმსაჯულებას.
ვრცლად განაჩენის შესახებ საიას განმარტებებს გაეცანით
ამ ბმულზე.