- ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე ექსპერტიზის დასკვნა მისი ოჯახის
უფლებადამცველებს კითხვის ნიშნებს უჩენს.
- დასკვნის მიხედვით, “ტვ პირველის” ოპერატორის გარდაცვალება
ნარკოტიკულმა საშუალებამ გამოიწვია და არა 5 ივლისს ძალადობრივი
ჯგუფების თავდასხმის შედეგად მიღებულმა დაზიანებებმა.
- დასკვნის ნაწილი შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 იანვარს, მას
შემდეგ გაასაჯაროვა, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ UNESCO-მ
ლაშქარავა 2021 წელს მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა.
- “ტვ პირველის” დაქირავებული ექსპერტი ამბობს, რომ იანვრის
დასაწყისში ექსპერტიზის დასკვნის ასლი უკვე ჰქონდა, თუმცა "ტვ
პირველს" არ აცნობა, რადგან საშობაო დღეებში „სადღესასწაულო განწყობა“
არ გაეფუჭებინა.
რა წერია ექსპერტიზის დასკვნის ფრაგმენტებში?
ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მიერ 30 დეკემბერს
მიღებული 37-გვერდიანი დასკვნიდან მედიისთვის მიწოდებული ნაწილით
ირკვევა:
• გვამის სასამართლო სამედიცინო და ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური
მონაცემებით, ალექსანდრე ლაშქარავას სიკვდილის მიზეზია ნარკოტიკული
საშუალება ჰეროინით ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული
გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა (ინექციის უბნები
ორივე საზარდულის მიდამოში).
• ორმხრივ საზარდულის მიდამოს კანში და კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში
აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები, მარცხნივ ხანდაზმულობით სიკვდილამდე 5
წუთი - 1 საათი, მარჯვნივ 30 წუთი - 1 საათი.
• ლაშქარავას სიკვდილიდან გვამის გამოკვლევამდე გასული უნდა იყოს
დაახლოებით 14 საათი. ჰეროინის ინექციიდან სიკვდილამდე გასული უნდა
იყოს საშუალოდ 10 წთ - 3 საათის შუალედი.
ექსპერტიზის დასკვნაში ნახსენებია დაზიანებები, რომლებიც ოპერატორმა 5
ივლის ჟურნალისტებზე თავდასხმის დროს მიიღო. თუმცა, ეს დაზიანებები
ნაკლებად მძიმედაა შეფასებული და დოკუმენტის მიხედვით, ლაშქარავას
გარდაცვალებას არ უკავშირდება.
„დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით.
ცოცხალ პირთა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისას სხეულის დაზიანების
ხარიხის განსაზღვრის დროს დაზიანებები ერთობლიობაში აღებული ატარებენ
ნაკლებად მძიმე დაზიანების ნიშნებს და არ იმყოფებიან კავშირში დამდგარ
შედეგთან“.
რაშია პრობლემა?
ლექსო ლაშქარავას ოჯახის უფლებადამცველი ორგანიზაციის, “ახალგაზრდა
იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი ექსპერტიზის
დასკვნაში სამ მთავარ პრობლემას ხედავს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ “საიას” 2021 წლის ივლისში საერთაშორისო
ექსპერტების დასახელება შესთავაზა, რომლებიც ექსპერტიზაცში
ჩაერთვებოდნენ, თუმცა, მას შემდეგ, რაც ლაშქარავას ოჯახის უფლებების
დამცველმა მხარემ ამერიკელი და ბრიტანელი ექსპერტები დაასახელა, შსს-მ
მათს მიწვევაზე უარი განაცხადა.
“ისინი არ მოიწვიეს იმ მიზეზით, რომ თურმე ჩვენს სახელმწიფოს არ
ჰქონია აშშ-სთან და დიდ ბრიტანეტთან ამგვარი თანამშრომლობის
გამოცდილება, რაც არასერიოზული არგუმენტიაო”, - ამბობს ნიკა
სიმონიშვილი.
მისივე თქმით, სამართალდამცავმა უწყებამ არ მოიწვია ის შვეიცარიელი
ექსპერტებიც, რომლებსაც ლაშქრავას ოჯახს თავად სთავაზობდნენ:
“როცა ისინი გვთავაზობდნენ კონკრეტულ საერთაშორისო ექსპერტებს და
გაუგებარი მიზეზებით, დაუსაბუთებლად ბოლოს უარყვეს, რა თქმა უნდა, [ეს
გარემოება ექსპერტიზის დასკვნის] სანდოობის ხარისხს გვიკლებს“ -
განმარტავს “საიას” თავმჯდომარე.
2021 წლის 11 ივლისს, დილაადრიან, ლექსო ლაშქარავას ცხედარი
სამართალდამცავებმა სახლიდან ექსპერტიზის ბიუროში ისე გადაიყვანეს,
რომ მის ადვოკატებს არ დაელოდნენ. ბინიდან ცხედრის ნაჩქარევად
გამოსვენების კადრები
მედიაშიც ვრცელდებოდა.
“ლექსოს ცხედარი გაიტაცეს მაშინ, როდესაც ოჯახის ადვოკატები გზაში
ვიყავით და ლექსოს სახლისკენ მივდიოდით, ხოლო დაახლოებით 4 საათის
განმავლობაში ჩვენთვის უცნობია, რამე მანიპულირება ხომ არ მოხდა
ცხედარზე.” - ამბობს ნიკა სიმონიშვილი.
- დასკვნის გასაჯაროების ფორმა
ნიკა სიმონიშვილი ამბობს, რომ ექსპერტიზის დასკვნის შესახებ
ლაშქარავას ოჯახმა და ადვოკატებმა მედიიდან შეიტყვეს, რაც ოჯახისთვის
ფსიქოლოგიურად რთულად გადასატანი იყო:
“აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელია, როცა ასეთ ინფორმაციას
მედიიდან იგებენ ოჯახის წევრები იმ პირობებში, როდესაც ექსპერტიზის
დასკვნა რამდენიმე დღეა უკვე მიღებულია.“
სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის ნაწილი 7 იანვარს მას შემდეგ
გასაჯაროვდა, რაც გაირკვა, რომ იუნესკომ ლექსო ლაშქარავა 2021 წელს
დაღუპოული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა. ნიკა სიმონიშვილის აზრით, ეს
„პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლებას, სავარაუდოდ, ჰქონდა ეს
დასკვნა, და ელოდებოდნენ იმ მომენტს, როდესაც ამ დასკვნის გამოყენება
შეეძლებოდათ.”
დამატებით: იუნესკო ლექსო ლაშქარავას გამოძიების
შესახებ.
“საიას” თავმჯდომარე ფიქრობს, რომ ექსპერტიზის დასკვნას ჯერ ოჯახი და
ადვოკატები უნდა გაცნობოდნენ, თუმცა სხვაგვარი ფორმით გასაჯაროვება
ხელისუფლების მიერ „პოლიტიკური ქულების დაწერას“ უკავშირებს -
„პოლიტიკური მოტივებით მოქმედება უფრო მეტ კითხვას გვიჩენს
ექსპერტიზის დასკვნასთან მიმართებითო”, - დასძენს სიმონიშვილი.
“საიაში” მიიჩნევენ, რომ მართებული არ იყო არც სრული დოკუმენტის და
არც მისი ნაწილის გასაჯაროვება და ინფორმაცია ისე უნდა
გავრცელებულიყო, რომ გარდაცვლილის პერსონალური მონაცემები სათანადოდ
დაეცვათ.
“თუმცა აქაც საინტერესოა, რომ გასაჯაროვდა ის ნაწილი, რომელიც
რეალურად ხელისუფლებას აწყობდა საზოგადოებრივ აზრზე
ზემოქმედებისთვის.”, - გვეუბნება სიმონიშვილი.
რას ამბობს დამოუკიდებელი ექსპერტი?
ლექსო ლაშქარავას ექსპერტიზის დასკვნას დაეთანხმა და 30 დეკემბერს
ხელი მოაწერა “ტვ პირველის” მიერ დაქირავებულმა ექსპერტმა ალექსანდრე
გეჯაძემ. თუმცა, ექსპერტიზის დასრულების შესახებ მას არხისთვის არ
უცნობებია, რადგან „რადგან, დღესასწაულების ჩავლას ელოდა.“
„ადამიანური და მორალური თვალსაზრისით, ახლოვდებოდა შობა, განწყობა
იყო სხვა და არ დავძაბე სიტუაცია. რომ დამერეკა 4-ში [როდესაც მისი
თქმით, დასკვნის ასლი ჩაბარდა] და მეთქვა, დასკვნა ხელში მაქვს,
მაგრამ ვერაფერს გეტყვით, წარმოიდგინეთ, რა რეაქცია იქნებოდა“, -
გვითხრა ალექსანდრე გეჯაძემ.
გეჯაძე ამბობს, რომ შინაარსის გასაჯაროების უფლება არ ჰქონდა, თუმცა,
ექსპერტიზის დასრულების შესახებ “ტვ პირველისთვის” ინფორმაციის
მიწოდებას შობის მეორე დღეს აპირებდა: „მე რა ვიცოდი რომ გამოძიება
გამოაქვეყნებდა. პოლიტიკურ სიმულაციებში მე ვერც ვერკვევი და არც
მაინტერესებს“.
8 იანვარს “ტვ პირველის” დირექტორმა ვატო წერეთლმა ფეისბუქის პირად
გვერდზე დაწერა, რომ მათთვის ალექსანდრე გეჯაძეს არც ექსპერტიზის
დასრულების და არც დასკვნაზე ხელმოწერის შესახებ არ უცნობებია, რაც
“ბადებს გონივრულ ეჭვს რომ "დასკვნა" სასწრაფოდ შეთხზეს, უკანა
თარიღით, მას შემდეგ, რაც “იუნესკომ” ლექსო მოკლული ჟურნალისტების
სიაში შეიყვანა“ - წერს ვატო წერეთელი.
ხელისუფლების პასუხისმგებლობა და 5 ივლისი
ნიკა სიმონიშვილი ფიქრობს, რომ ექსპერტიზის ამ დასკვნით ხელისუფლება 5
ივლისის მოვლენებთან თავისი ბრალეულობის გაწყვეტას ცდილობს.
“რაც უნდა იყოს ლექსოს გარდაცვალების მიზეზი, ხელისუფლების ბრალი 5
ივლისს ჟურნალისტების ჯანმრთელობის დაზიანებისა და უსაფრთხოების
დაუცველობის საკითხში პირდაპირ იკვეთება“ - ამბობს ნიკა
სიმონიშვილი.
“საია” გარდაცვალების ფაქტთან მიმართებით ექსპერტიზის დასკვნას
შეისწავლის და ლაშქარავას ოჯახთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვეტს
გაასაჯაროვებენ თუ არა სრულ დოკუმენტს.
მანამდე კი ლაშქარავას ჯანმრთელობის დაზიანების ნაწილში სასამართლო
პროცესები მიმდინარეობს. „ყველა დამნაშავე პირი გამოკვეთილი და
დასჯილი არ არის, არც მოძალადეებისა და არც ორგანიზატორების ნაწილში,
ასევე მნიშვნელოვანია შესაბამისი თანამდებობის პირების ბრალი
გამოიკვეთოს, რომლებსაც უნდა ემოქმედათ და არ იმოქმედეს, ამ ნაწილში
ვაგრძელებთ მუშაობას.”, - ამბობს “საიას” თავმჯდომარე ნიკა
სიმონიშვილი.
კონტექსტი
"ტვ პირველის" ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს გამთენიისას
საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. იგი ერთ-ერთია მედიის 53
წარმომადგენელს შორის, რომელსაც 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მიერ
დაგეგმილი "ღირსების მარშის" წინააღმდეგ გამოსული ძალადობრივი ჯგუფები
ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში სახის ძვლის
მოტეხილობითა და თვალის დაზიანებით გადაიყვანეს. ალექსანდრე ლაშქარავა
სამედიცინო დაწესებულებიდან 8 ივლისს გაწერეს. ოპერაციის შემდეგ იგი
მკურნალობას სახლში განაგრძობდა.