ცვლილება არხის პოლიტიკაში
ერთი თვის წინ, 11 ივლისს, გადაცემა “პოსტსკრიპტუმის” პირდაპირ ეთერში გურამ როგავამ დახია ფურცლები. მან გადაცემაშივე განმარტა, რომ ეს სიმბოლურად “ხელისუფლების მხრიდან კონსტიტუციის თავზე გადახევას” განასახიერებდა.
ამ ფორმით მან 5 ივლისს სიძულვილის ჯგუფების მხრიდან ათობით ჟურნალისტზე თავდასხმა გააპროტესტა. როგავა ამბობს, რომ ამ გადაცემის შემდეგ არხზე "ბევრი დისკომფორტი შეექმნა".
“არ მომწონს საინფორმაციო პოლიტიკა, რომელიც ახლა არის რუსთავი 2-ზე. პირადად ჩემი დამოკიდებულებაა, რომ დღეს არხის პოლიტიკა არის დაუბალანსებელი და არ მომწონს ის, რაც ახლა ხდება კურიერში”, - ამბობს როგავა.
2019 წლიდან სხვადასხვა დროს როგავას "რუსთავი 2-ზე" კვირის მთავარი საინფორმაციო გადაცემა “პოსტსკრიპტუმი”, "კურიერი" და ტოქშოუ “ღამის კურიერი” მიჰყავდა. გადაცემები ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მედიის მონიტორინგის ანგარიშებში შეფასებული იყო, როგორც დაბალანსებული.
“ჩვენი ნიშა იყო, ვყოფილიყავით თანაბრად კრიტიკულები ყველას მიმართ. დღეს, ჩემი სუბიექტური დამოკიდებულებით, არხზე ეს შეუძლებელი გახდა”, - ამბობს როგავა.
PS-ის ფორმატის ცვლილება
გურამ როგავა ჰყვება, რომ "რუსთავი 2-სა" და "პრაიმტაიმის" ჰოლდინგის ერთ-ერთ დირექტორად ვაკო ავალიანის დანიშვნის შემდეგ გადაწყდა, რომ გადაცემა "პოსტსკრიპტუმის" ფორმატი შეცვლილიყო და ვალიანმა მას ახალი პოლიტიკური ტოქშოუს - “PS არჩევნების” გაკეთება შესთავაზა.
როგავა თავდაპირველად ამ ცვლილებას დათანხმდა, რადგან მიიღო პირობა, რომ არჩევნების შემდეგ გადაცემა ძველ ფორმატს დაუბრუნდებოდა.“ამას ღიად არ მეუბნებიან, მაგრამ როგორც გავარკვიე, გადაწყვეტილი იყო გადაცემის დახურვა და დირექტორის მხირდანაც იყო დახურვაზე მითითება”, - ამბობს ჟურნაალისტი.
“პოსტსკრიპტუმის” სეზონის ბოლო გადაცემა 8 აგვისტოს უნდა გასულიყო, მაგრამ ის ეთერში 25 ივლისის შემდეგ არ გასულა. როგორც როგავა გვიყვება, მას მოულოდნელად შეატყობინეს, რომ “შვებულებაში უნდა გასულიყო, რადგან არხზე მთავრდებოდა სეზონი და გადაცემა ეთერში ვეღარ გავიდოდა.”
პარალელურად, დაიშალა "პოსტსკრიპტუმის" გუნდიც - „თომა ჩაგელიშვილი მენეჯმენტმა დოკუმენტურ ფილმებზე გადაიყვანა, ხოლო ჟურნალისტ გიორგი ქორქიას დილის გადაცემაში გადასვლა შესთავაზეს“.
რას ამბობენ “რუსთავი 2-ში”
ვაკო ავალიანმა ჩვენს ზარებს და შეტყობინებებს არ უპასუხა. მაუწყებლის დირექტორი პაატა სალია კი ამბობს, რომ მას შემდეგ, “რუსთავი 2-ისა” და “პრაიმტაიმის” გაერთიანების შემდეგ ყოველდღიურ მენეჯმენტში და სარედაქციო ნაწილში ჩართული აღარ არის.
“არასდროს ყოფილა ჩემგან რაიმე მის განცხადებასა თუ პოზიციასთან ოდესმე რაიმე კრიტიკული შენიშვნა. როდესაც აქტიურად ვიყავი მენეჯმენტში ჩართული, ვერც ერთი ჟურნალისტი ვერ იტყვის, რომ მე როდისმე რაიმე ფორმით შევუზღუდე მათი გამოხატვის თავისუფლება ან რაიმე მითითება მივეცი და ა.შ. მე მხოლოდ ის ინფორმაცია მაქვს, რომ გურამმა თვითონ დაწერა განცხადება და გადადის სხვა არხზე” - გვიპასუხა სალიამ კითხვაზე, თუ რამდენად მისაღები იყო მისთვის თავისი თანამშრომლის მიერ 5 ივლისის შემდეგ ღიად დაფიქსირებული პოზიცია.
გურამ როგავა ამბობს, რომ სხვა ტელევიზიებიდან შემოთავაზები აქვს, მაგრამ საბოლოო შეთანხმების შემდეგ გაასაჯაროვებს თუ სად გადავა. ინტერვიუდან რამდენიმე საათში კი მან "რადიო თავისუფლებასთან" განაცხადა, რომ ტელეკომპანია "ფორმულაში" გადადის სამუშაოდ.