სიღარიბის ექსპლუატაცია მედიაში
25.01.2022
2018 წელს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფოტოკონკურსის, World Press Photo-ს ინსტაგრამზე გამოქვეყნდა იტალიელი ფოტოგრაფის, ალესიო მამოს ფოტო პროექტი Dreaming of Food (ოცნება საკვებზე). ფოტოზე, ინდოეთის ერთერთ-პროვინციაში მცხოვრები უკიდურესად ღარიბი ადამიანები მათი “საოცნებო” სუფრის წინ იყვნენ ასახული.

ამ სერიამ აუდიტორიის მხრიდან მწვავე კრიტიკა გამოიწვია და მამომ ბოდიშიც მოიხადა. ის ამბობდა, რომ პროექტი 2011 წელს გადაიღო: “ამ დროს ბევრს ვფიქრობდი იმაზე, თუ რამდენი საკვები იყრება, განსაკუთრებით შობის შემდეგ და მინდოდა, ამ პრობლემისთვის განსხვავებული კუთხით შემეხედა” - განმარტავდა ფოტოგრაფი 2018 წლის ივლისში გამოქვეყნებულ წერილში - “უკიდურესად ღარიბ გარემოში გაშლილი მდიდრული დასავლური ყაიდის სუფრით მინდოდა, კონტრასტი მეჩვენებინაო.”

მთავარი, რის გამოც ალესიო მამოს აკრიტიკებდნენ, ე.წ. “სიღარიბის რომანტიზაცია” იყო, ან სხვა ტერმინი რომ გამოვიყენოთ, Poverty Porn - ანუ “სიღარიბის პორნოგრაფია”. მარტივად რომ ავხსნათ, ეს არის ვიზუალური სტრატეგია, როდესაც მთხრობელი მსგავსი, უკიდურესად გაჭირვებული ადამიანების ცხოვრების ჩვენებით ცდილობს, აუდიტორიაში გამოიწვიოს სიბრალულისა და დანაშაულის განცდა.

“არასოდეს მიმიღია ჯილდო ან თანხა ამ პროექტისთვის” - ირწმუნებოდა ალესიო მამო თავის საჯარო მიმართვაში. თუმცა არცთუ იშვიათია შემთხვევები, როდესაც ადამიანური ტანჯვის “გაშიშვლებით”, “სიღარიბის პორნოგრაფიის” ავტორები ცდილობენ, აუდიტორიას უბიძგონ, მაგალითად თანხის შეგროვებისკენ, “გაჭირვებული ადამიანების დახმარების” მოტივით.

ხშირ შემთხვევაში ამას საქველმოქმედო ორგანიზაციები აკეთებენ, თუმცა დროთა განმავლობაში ამ პრაქტიკამ მედიაშიც მოიკიდა ფეხი.

“შიშველი” სიღარიბე


ასეთი ფოტოების ან ვიდეოების გამავრცელებელი ორგანიზაციის არგუმენტი, დაახლოებით, ასეთია - “კი, ტანჯვის კადრები ადამიანებს ყველაზე მოწყვლად მდგომარეობაში აჩვენებს, მაგრამ ხომ ეხმარება კიდეც?” ფაქტია, რომ ემპათიის და დანაშაულის გრძნობებზე თამაშით მართლაც, ხშირად, მილიონობით დოლარი გროვდება. თუმცა აქ მთავარი შეკითხვა ასეთია: რას ხმარდება ეს თანხა, და სწორია თუ არა სიტუაციიდან ასეთი გამოსავალი, განსაკუთრებით, როდესაც ამ პრაქტიკას მედია მიმართავს?

და რაც მთავარია, ღირს კი, რომ აუდიტორიის ყურადღება ჩვენი ამბის გმირების ღირსების ფასად მივიზიდოთ?

“მედია საქველმოქმედო ორგანიზაცია არ არის” - ამბობს ჟურნალისტი, თამარ მშვენიერაძე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სოციალურ-პოლიტიკური თოქ-შოუ, “რეალური სივრცის” პროდუსერია - “ჟურნალისტის მისიაა, გაარკვიოს, რატომ არის ადამიანი ამ მდგომარეობაში და რა უწყებებია ამაზე პასუხისმგებელი”.

“რეალური სივრცე” სოციალურ პრობლემებს აშუქებს და უმეტესწილად, ცდილობს, გადაწყვეტის გზები ამ პრობლემებზე პასუხისმგებელ უწყებებთან, ძირითადად, სახელმწიფოსთან კითხვების დასმით იპოვოს.

შესაბამისად, ჟურნალისტებს კი ხშირად უწევთ შეხვედრა უკიდურესად გაჭირვებულ ადამიანებთან.

“ერთ ოჯახში ვიყავით გადასაღებად, სადაც ლოგინად ჩავარდნილი კაცი ლეიბებით და ცელოფნის პარკებით მოწყობილ ფარდულში იწვა” - ყვება თამარ მშვენიერაძე - “ შევედით, ეს ქალი, თითქოს იმისთვის, რომ დავერწმუნებინე რომ მათი სიღარიბე და გაჭირვება ნამდვილია, ცდილობდა ამ კაცისთვის საბანი გადაეხადა რომ პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით შიშვლად დამენახა მისი საცოდაობა”.

ჟურნალისტმა ამ სცენის გადაღებაზე უარი თქვა - ამ დროს პირველად გავაანალიზე, რა ღრმად გვაქვს ყველას შეტოპილიო: “მაშინ ვთქვი რომ აღარ ვიქნები ამ ბაზრის ნაწილი, ეს არ არის ჟურნალისტიკა”.

“თანაგრძნობით გადაღლა”


გარდა იმისა, რომ მედია სიღარიბით მანიპულირების ნაცვლად, პრობლემის გადაჭრის გზების ძიებას უნდა ცდილობდეს, “სიღარიბის პორნოგრაფია” კიდევ ერთ პრობლემას ბადებს: ასეთი კადრები სოციალური მედიის გააქტიურების ხანაში იმდენად სწრაფად ვრცელდება, რომ ეს აუდიტორიის თვალში სოციალურ პრობლემებს აუფასურებს - აუდიტორია თანაგრძნობისგან იღლება.

თუ ადრე ეს სინდრომი ძირითადად - ექიმებს, მაშველებს, ჟურნალისტებს - ანუ ისეთი პროფესიის ადამიანებს ემართებოდათ, ვისაც ადამიანურ ტრაგედიასთან ხშირი პირდაპირი შეხება აქვთ, დღეს თანაგრძნობით დაღლილობას მთლიანად სოციუმი განიცდის.

ჩრდილო კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ადამიანები მეტ თანაგრძნობას ავლენენ, როცა ერთი მსხვერპლის ფოტოს უყურებდნენ, ვიდრე იგივე კონფლიქტის, რვა მსხვერპლის ფოტოს ზედიზედ. სოციალური ქსელი კი ასეთი ფოტოებით გადაჭედილია.

ლიჰაის უნივერსიტეტის 2020 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში ძირითადად ახალგაზრდები მონაწილეობდნენ, რომლებიც 11 სექტემბრის, ერაყისა და ავღანეთის კადრებს ბავშვობიდან უყურებდნენ. ექსპერიმენტის დროს კადრების ნახვისას მსხვერპლების მიმართ თანაგრძნობას განიცდიდნენ, თუმცა ისიც აღნიშნეს რომ მომავალში ეცდებოდნენ, მსგავსი კადრების ნახვისგან თავი აერიდებინათ, რადგან მათში ამაოებისა და უიმედობის განცდები აღძრა.

და რა გავაკეთოთ ჟურნალისტებმა?


“სიღარიბის პორნოგრაფია” პრობლემაა, თუმცა სოციალურ საკითხებს მაგალითებისა და გმირების მოყვანის გარეშე ვერ გააშუქებ. ჟურნალისტიკა პირველ რიგში ადამიანური ამბების თხრობას გულისხმობს.

„არ უნდა დავკმაყოფილდეთ იმით რომ უბრალოდ ვაჩვენოთ, რა ცუდი ცხოვრება აქვს ადამიანს” - ამბობს თამარ მშვენიერაძე - “ბავშვი რომ სიცხეში, პლიაჟზე ყავას ყიდის, მიდიხარ სოციალურ მომსახურების სააგენტოში და ეკითხები რატომ არის ეს ასე. შეიძლება არც იციან ამ ბავშვის არსებობა, შეიძლება იციან და თაროზე შემოდეს. მაგრამ როცა მედია ერთვება ახსენდებათ, და მაინც გადიხარ შედეგზე.”

საკითხისადმი სიღრმისეული მიდგომა და საჯარო მსჯელობა საუკეთესო გამოსავალია ადამიანური ტანჯვის შიშვლად ჩვენების მანკიერი პრაქტიკიდან. თუ კადრს ვუყურებთ, და ვხვდებით, რომ ის ადამიანის ღირსებას ლახავს, ნამდვილად ღირს, განვიხილოთ და საჭიროების შემთხვევაში, ვამხილოთ კიდეც მედია-საშუალებები, რომლებმაც ყურადღების მოპყრობის ეს გზა აირჩიეს.

ავტორი : თამუნა ჩქარეული;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ