10.05.2018
საზოგადოებრივ განწყობებს საქართველოში რამდენიმე წელია “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) დაკვეთით "კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი" (CRRC) იკვლევს. ბოლო კვლევის შედეგი ორგანიზაციამ მიმდინარე წლის 30 აპრილს გამოაქვეყნა. კვლევა მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება და ყოველ წელს გამოკითხვაში დაახლოებით 2000-დან 4000-მდე რესპონდენტი მონაწილეობს. რა შეიცვალა ბოლო პერიოდში ინფორმაციის მიღების პირველწყაროსთან დაკავშირებით, როგორ იცვლება რუსული პროპაგანდისტული მედიის ყურებადობის მაჩვენებელი და რა გავლენას ახდენს არაქართულენოვანი მედია მაყურებელზე - “მედიაჩეკერმა” ტენდენციების დასადგენად ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევების მონაცემები შეადარა.
ინფორმაციის მიღების მთავარი წყარო
მონაცემები აჩვენებს, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში ინფორმაციის მიღების პირველწყაროდ კვლავ ტელევიზია რჩება. თუმცა, მაჩვენებელი კლებადია. 2014 წლიდან დღემდე ეს რიცხვი 85%-დან 72%-მდე შემცირდა. პარალელურად კი ნელ-ნელა და სტაბილურად იზრდება იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც ინფორმაციას ძირთადად ინტერნეტიდან იღებენ. ხუთ წელიწადში ეს მაჩვენებელი 7%-დან 18%-მდე გაიზარდა.ამავე მონაცემების მიხედვით, ინფორმაციის მიღების მეორე ძირითად წყაროებში ინტერნეტი ლიდერობს, რომელიც მოიცავს ფეისბუკსაც. მაჩვენებელი წლების მიხედვით იცვლება და 17%-დან 30%-მდე მერყეობს. ტელევიზია კი ინფორმაციის მიღების მეორე წყარო მოსახლეობის 8-13%-სთვისაა.
ბოლო 5 წლის განმავლობაში 33%-დან 51%-მდეა გაზრდილი იმ ადამიანების წილი, რომლებიც ინტერნეტს დღეში ერთხელ მაინც იყენებენ. ამავე პერიოდში საპირისპიროდ შეიცვალა მათი რიცხვი, ვისაც ინტერნეტით არასდროს უსარგებლია. თუკი 2014 წელს გამოკითხულთა 47% ამბობდა, რომ ინტერენეტი არასდროს გამოუყენებია, 2018 წელს ეს რიცხვი 31%-მდე შემცირდა.
NDI-ს მონაცემების მიხედვით, ქალაქებსა (61%) და დედაქალაქში (74%) მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობა ინტერნეტით კვირაში ერთხელ სარგებლობს. სოფლებსა (46%) და არაქართულეონავან დასახლებებში (42%) კი ჯამში 40%-ს აჭარბებს იმ მოსახლეობის რაოდენობა, რომელიც ამბობს, რომ ინტერნეტი არასდროს გამოუყენებია, არ იცის რა არის ან უარს ამბობს პასუხის გაცემაზე.
არაქართულენოვანი არხები
კიდევ ერთი მონაცემი, რომლის შედარების საშუალებასაც მონაცემთა ბაზები გვაძლევს, არაქართულენოვანი არხების ყურებადობაა. რიცხვები აჩვენებს, რომ 2015-2018 წლებში არაქართულენოვანი სატელევიზიო არხებით პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიმღებთა წილი უმნიშვნელოდ მცირდება.ბოლო ოთხ წელიწადში გამოკითხულთა ყველაზე დიდი წილი (23%) ინფორმაციას არაქართულენოვანი მედიიდან 2016 წელს იღებდა, ყველაზე ნაკლები (18%) კი - მიმდინარე, 2018 წელს.
თუ ბოლო ორი წლის მონაცემებს შევადარებთ ერთმანეთს, ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში 25%-ით შემცირდა ინფორმაციის მიღება არაქართულენოვანი არხებიდან, ქართულენოვან დასახლებებში კი - 16%-ით.
იმ მაყურებლებს შორის, რომლებიც მიმდინარე და პოლიტიკური ამბების შესახებ ინფორმაციას არაქართულენოვანი არხებიდან იღებენ, ყველაზე დიდი მაჩვენებელი სამ რუსულენოვან არხზე მოდის (ORT, RTR, Russia 1). სამივე მათგანის მფლობელი რუსეთის სახელმწიფოა. შესაბამისად მათი შინაარსი სრულ თანხვედრაშია რუსეთის ფედერაციის პოლიტიკასთან.
მართალია, ზოგადად არაქართულენოვანი არხების საერთო ყურებადობის შემცირებასთან ერთად მცირდება რუსული არხების მაყურებელთა წილი, მაგრამ აღსანიშნავია, რომ Russia Today-ის, რომელიც რუსეთის ფედერაციის მთავარი პროპაგანდისტული არხია, ყველაზე მეტად ეთნიკური უმცორესობებით დასახლებულ რეგიონებში უყურებენ. აქ იმ მოქალაქეებიდან, რომლებიც არაქართული არხებიდან იღებენ პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას, Russia Today 11%-მა დაასახელა.
რუსული მედიის გავლენა
2018 წელს ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ქართულენოვან არხებს გამოკითხული მოსახლეობის 10% ან მეტი მხოლოდ ქართულ დასახლებაში ენდობა. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში კი ქართულ არხებს 10%-ზე მეტი ნდობის მაჩვენებელი არ აქვს. ამ რეგიონებში მოსახლეობის 67% არხების სანდოობასთან დასმულ კითხვაზე პასუხობს, რომ არცერთ (45%) არხს ენდობა, “არ იცის” (15%) ან პასუხს არ სცემს კითხვას (7%).NDI-ს კვლევაში 2018 წელს მონაწილეებს დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებითაც ჰკითხეს. რუსული არხები რომ ხშირად ავრცელებენ დეზინფორმაციას, ამას უმცირესობებით დასახლებულ რეგიონში გამოკითხული მოსახლების უფრო დიდი წილი არ ეთანხმება (23%), ვიდრე ეთანხმება (18%), უმრავლესობამ (56%) კი არ იცის. თუმცა, მათგან განსხვავებით ქართულ დასახლებებში მოსახლეობის უმრავლესობა (48%) ეთანხმება მოსაზრებას, რომ რუსული არხები დეზინფორმაციას ავრცელებენ.
იმავე გამოკითხვაში დაინტერესდნენ რუსეთი ავრცელებს თუ არა საქართველოში თავისი იმიჯისა და ინტერესების გამო ცრუ ინფორმაციას. გამოკითხვამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის 8% არ ეთანხმება ამ მოსაზრებას. მაგრამ თუ მონაცემებს ეთნიკურ ჭრილში შევხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ეს რიცხვი ეთნიკური უმცირესობების ნაწილში 31%-ს უტოლდება. ეს ბოლო ორი მონაცემი იმაზე მიუთითებს, რომ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში რუსეთის მიერ დეზინფორმაციის გავრცელებას პრობლემად არ მიიჩნევენ.
თუ იდენტურ კითხვებზე რუსული ORT-სა და ამერიკული CNN-ის მაყურებელთა განწყობებს შევადარებთ ვნახავთ, რომ რადიკალური განსხვავებებია. იმ ადამიანების 45%-ს, რომლებიც ORT-ს უყურებენ, მიაჩნია, რომ რუსეთი მეზობელი ქვეყნებისთვის საფრთხე არ არის, იგივე აზრი CNN-ის მაყურებლების მხოლოდ 2%-ს აქვს. რუსეთი მცირე საფრთხე ჰგონია ORT-ს მაყურებლების 40%-ს, იმავეს CNN-ის მაყურებლების მხოლოდ 7% ფიქრობს.
ბოლო წლების გამოკითხვები აჩვენებს, რომ ინფორმაციის მიღების მთავარ საშუალებად კვლავ რჩება ტელევიზია, მაგრამ მისი აუდიტორია ნელ-ნელა იკლებს. პარალელურად იზრდება ინტერნეტის, როგორც ინფორმაციის წყაროს გამოყენება. კვლავ რჩება ის ტენდენცია, რომ რუსულენოვან არხებს ძირითადად ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში უყურებენ და ასეთ დასახლებებში რუსეთს, როგორც საფრთხეს ნაკლებად აღიქვამენ.
ჰიბრიდული, ანუ საინფორმაციო ომი 21-ე საუკუნის მთავარი გამოწვევაა, რაზეც მთელ მსოფლიოში მსჯელობენ. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ მედიის გამოყენებაზე 2017 წლის ანგარიშში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც მიუთითა. თუმცა, უწყებას არ დაუკონკრეტებია რომელ მედიასაშუალებაზე საუბრობდა ან რას აპირებს დეზინფორმაციასთან გასამკლავებლად.
ამ ფონზე მოქალაქეთა მიერ ინფორმაციის მიღებისა და გავრცლეების გზების ანალიზი სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. მნიშვნელოვანია კარგად იყოს შესწავლილი რა გზებით იღებენ ინფორმაციას მოქალაქეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და რა გავლენას ახდენს ეს საინფორმაციო ნაკადი მათ განწყობებსა და დამოკიდებულებებზე.