27.06.2018
სასამართლომ შალვა ნათელაშვილს იმავე ტელევიზიების, “იბერიასა” და “TV პირველის” ეთერში თეა წულკიანის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა და ფინანსური სახდელი დააკისრა. ტელეკომპანიები, როგორც მათი წარმომადგენლები ამბობენ, ამ სასამართლო დავაში ჩართულები არ იყვნენ. მიუხედავად ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილება მათაც შეეხო.
ამგვარი გადაწყვეტილება საქართველოში პირველი არ ყოფილა. ამ პრაქტიკიდან გამომდინარე, ჩნდება კითხვა, მსგავსი შინაარსის გადაწყვეტილებები პირდაპირ ან ირიბად ხომ არ არის მედიის სარედაქციო საქმიანობაში ჩარევა, ვინაიდან მედიას უწევს ხელახლა იმ საკითხზე მასალის მომზადება, ანდა ეთერის დათმობა, რაც შესაძლებელია მათი სარედაქციო ინტერესი არ იყოს. ამ თემაზე მაუწყებლების წარმომადგენლებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.
“იბერიის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ვახო ხუზმიაშვილი სასამართლოს ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებაში სარედაქციო საქმიანობაში ჩარევის პრობლემას ვერ ხედავს. მისი აზრით, თუ შალვა ნათელაშვილი ბოდიშს მოუხდის თეა წულუკიანს, საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება და შესაბამისად, გააშუქებენ. "მომწონს თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება, ვალდებული ვართ [აღვასრულოთ ის]”, - ამბობს ხუზმიაშვილი, რომელიც დასძენს, რომ თუ სასამართლო სხვა შემთხვევაშიც დაავალდებულებს, მზადაა საეთერო დრო გამოყოს.
მისგან განსხვავებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" იურისტი, თამთა მურადაშვილი მიიჩნევს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებები მედიისთვის აღსრულების ირიბი დავალდებულებაა. ის პრობლემას არა მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში, არამედ "სამოქალაქო საქმეთა კოდექსში" არსებულ ჩანაწერში ხედავს, სადაც ნათქვამია, რომ ცილისმწამებლური ინფორმაცია იმავე მედიასაშუალებებში უნდა გასწორდეს, სადაც თავდაპირველად გამოქვეყნდა.
მისი თქმით, შესაძლებელია ეს საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდეს და შეფასდეს, კანონის ამგვარი ფორმულირება სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის შესაძლებლობას იძლევა თუ არა.
“ტელეკომპანია პირველთან” ამ საკითხზე კომუნიკაცია არ შედგა, “იმედში” კი საუბარი არ ისურვეს.
მედიასამართლის სპეციალისტი, მამუკა ანდღულაძე მიიჩნევს, რომ როცა მედია არ არის სასამართლო დავის მხარე, მას გადაწყვეტილების აღსრულება არ უნდა ევალებოდეს. მისთვის ამოსავალი წერტილი მედიაა და ფიქრობს, რომ მიღებული გადაწყვეტილება აღსრულების დროს მედიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევასთან დაკავშირებით კითხვებს არ უნდა აჩენდეს.
მისი თქმით, როცა კანონში საუბარია გავრცელებული ინფორმაციის თანაზომადი საშუალებით უარყოფაზე, აღსანიშნავია რამდენიმე გარემოება. გასათვალისწინებელია რამდენად შესაძლებელია იმავე მაუწყებელში სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, ან იმავე რეიტინგის მაუწყებლით ინფორმაციის გავრცელებით შესრულდება თუ არა ნაკისრი ვალდებულება.
"თუ პრესკონფერენციის დროს გაჟღერებული ინფორმაციის გაშუქებაზეა სასამართლო დავა, სადავო საკითხია რამდენად იქნება პრესკონფერენციის გამართვა თანაზომადი საშუალებით უარყოფა. თუ მანამდე “იბერიაში” გავრცელდა ინფორმაცია და შემდეგ უარყოფა ამავე არხმა არ გააშუქა, მისი მაყურებელი როგორ მიიღებს ამ ინფორმაციას?" - ამბობს ანდღულაძე.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე და ჟურნალისტი, გიორგი მგელაძე ფიქრობს, რომ შალვა ნათელაშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად სარეკლამო დრო უნდა იყიდოს.
“თუ გადაწყვეტილება გულისხმობს, რომ იმავე გადაცემაში უნდა უარყოს ნათელაშვილმა გავრცელებული ინფორმაცია, ეგ იქნება შინაარსში ჩარევა. ჟურნალისტს არ აქვს ვალდებულება, რომ განმეორებით მოაწყოს იმავე შინაარსის გადაცემა და დღეს უკვე არააქტუალურ თემაზე დრო დაუთმოს რესპონდენტს", - ამბობს მგელაძე.
იდენტურ საქმეზე საქართველოს სასამართლოებმა რამდენიმე თვის წინაც იმსჯელეს. 2017 წლის პირველ სექტემბერს ტელეკომპანია "რუსთავი 2-მა" აღსრულების ეროვნული ბიუროს წერილი მიიღო. წერილში საუბარი იყო, რომ გადაცემა "ნანუკას შოუს" პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის უარსაყოფად მოპასუხე მხარისთვის საეთერო დრო უნდა დაეთმო.
მანამდე ტელეკომპანია ”რუსთავი 2-ის” ეთერში სატელევიზიო გადაცემა "ნანუკას შოუში" სტუმრად მიწვეულნი იყვნენ პლასტიკური ქირურგი ციცინო შურღაია და მისი ყოფილი ქმარი ბესო კალანდაძე. ციცინო შურღაიამ მიიჩნია, რომ კალანდაძე ცილს სწამებდა, მან სასამართლოს მიმართა და მის მიმართ გამოთქმული პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა მოითხოვა. სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა.