ვინ გაზომავს სატელევიზიო რეიტინგებს ახალი წლიდან
11.12.2019
2020 წლის 1 იანვრიდან სატელევიზიო რეიტინგებს საქართველოში, სავარაუდოდ, ისევ ერთი კომპანია გაზომავს, თუმცა მასში ბაზარზე დღეს უკვე მოქმედი ორივე მთვლელი მიიღებს მონაწილეობას.

“იქმნება ახალი კომპანია, რომელშიც 50-50%-ით შევა ბაზარზე უკვე არსებული 2 კომპანია - “თი ვი ემ არ საქართველო” და “ტრი მედია ინტელიჯენსი”. ის გააგრძელებს მუშაობას ბაზარზე ახალი წლიდან”, - უთხრა “მედიაჩეკერს” ნინო გოგოლაძემ, “თი ვი ემ არ საქართველოს” დირექტორმა.

მისივე თქმით, იქმნება ინდუსტრიის კომიტეტი (Joint Industrial Committee), რომელშიც ჩართული იქნებიან რეკლამის დამკვეთები, საეტელევიზიო არხები და სარეკლამო სააგენტოები.

“ანუ ყველა 3 მხარე იქნება ჩართული, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, მართავს ინდუსტრიის კომიტეტებს. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაა, რომ განვითარებულ ქვეყნებში ინდუსტრიის კომპანიები მართავენ მთვლელებს”, - ამბობს ნინო გოგოლაძე.

ინდუსტრიული კომიტეტი 3 წლის წინ შექმნა “რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაციამ” საქართველოში. მასში მონაწილეობდნენ რეგიონული ტელევიზიების, სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლები და ბიზნესმენები.

“გამოვაცხადეთ ფასთა მოკვლევა, მივიღეთ 3 განაცხადი - თი ვი ემ არ-ისგან, ტრი მედია ინტელიჯენსისგან და კიდევ ერთი კომპანიისგან, რომელიც ინოვაციურ დათვლებს გვთავაზობდა. მესამეზე ვერ მოვიპოვეთ დონორის მხარდაჭერა, ხოლო პირველი ორის შემთხვევაში ერთი რეგიონი მაინც რომ დაგვემატებინა, სადაც საერთოდ არ ხორციელდება დათვლა, მაგალითად, კახეთი, ნახევარი მილიონი მაინც უნდა მოგვეძიებინა. ამიტომაც ამ მიმართულებით ფიქრი აღარც გაგვიგრძელებია,” - უთხრა “მედიაჩეკერს” ნათია კუპრაშვილმა, რომელიც მაშინ “რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაციას” ხელმძღვანელობდა.

მისივე თქმით, აუცილებელია, რომ არსებობდეს ინდუსტრიული კომიტეტი, რომელშიც რეგიონული მაუწყებლებიც მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც ისეთ ტექნიკურ დავალებას გასცემს, რომ შესაძლებელი იყოს არა მხოლოდ ურბანული ცენტრების, არამედ რეგიონულ დონეზე სატელევიზიო რეიტინგების მონაცემების ჩაშლა.

2016 წლიდან საქართველოში სატელევიზიო რეიტინგებს 2 კომპანია ითვლის.

“ტრი მედია ინტელიჯენსის” (TMI) მფლობელები არიან მერაბ ფაჩულია (საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის “გორბის” დამფუძნებელი) გიორგი თევდორაშვილი (პალიტრა მედია ჰოლდინგის დამფუძნებელი). „ტრი მედია ინტელიჯენსის“ ცნობით, ის კანტარ მედიას სატელევიზიო აუდიტორიის ტექნოლოგიის ექსკლუზიური ლიცენზიანტია საქართველოში. თავის მხრივ, კანტარ მედიას 50-ზე მეტი ქვეყნის სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვის გამოცდილება აქვს და 22,000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. TMI-ის კლიენტებს შორის ნაციონალური მაუწყებლებიდან არიან საზოგადოებრივი მაუწყებელი, იმედი, მაესტრო, ჯი დი ესი, პალიტრა.

“თი ვი ემ არ საქართველოს” 100%-ანი წილის მფლობელია კომანდიტური საზოგადოება თი-ვი ემ-არ (დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო). ეს კომპანია 2005 წლიდან აწვდის საქართველოს სატელევიზიო ბაზარს კვლევის შედეგებს. “თი-ვი ემ-არ საქართველო“ ამერიკული ნილსენის სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვების ოფიციალური ლიცენზირებული პარტნიორია. TVMR-ის კლიენტებს შორის ნაციონალური მაუწყებლებიდან საქართველოში არიან რუსთავი 2, მთავარი არხი, ტვ პირველი, ფორმულა, კავკასია, საზოგადოებრივი მაუწყებელი და სხვ.

სატელევიზიო რეიტინგების მთვლელი ორივე კომპანიის სანდოობის მიმართ სხვადასხვა დროს პერიოდულად გამოთქვამდნენ პრეტენზიებს მაუწყებლები. TVMR-ს წინა ხელისუფლების ინტერესების გატარებაში ადანაშაულებდნენ, TMI-ის კი - მოქმედი ხელისუფლების. თუმცა ამ ბრალდებებს ორივე კომპანიაში უარყოფდნენ.

ნინო გოგოლაძის თქმით, ჯერ ახალი კომპანია, რომელიც ახალი წლიდან უნდა შეუდგეს სატელევიზიო რეიტინგების თვლას, ჩამოყალიბებული არ არის, თუმცა, მისი ინფორმაციით, წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს ინდუსტრიის კომიტეტის ჩამოყალიბება, რომელმაც უნდა შეიმუშაოს მეთოდოლოგია და პოლიტიკა, რომლითაც ახალი მთვლელი კომპანია იმუშავებს.

ავტორი : მაია მეცხვარიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ