ჟურნალისტი გიორგი მგელაძე: ნიკა გვარამიას გამჟღავნებული ფარული ჩანაწერებიდან ერთი ჩემი საუბარია
02.08.2021

„რადიო თავისუფლების“ გამომძიებელი ჟურნალისტი გიორგი მგელაძე ადასტურებს, რომ „მთავარი არხის“ მიერ, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ გასაჯაროვებულ ანგარიშებში ერთ-ერთი ფრაგმენტი მის საუბარს ასახავს.

რას ამბობს ჟურნალისტი?

გიორგი მგელაძე გვიყვება, რომ „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ ეთერში წაკითხული სუს-ის მიერ სავარაუდო მიყურადების ანგარიშებში საკუთარი სატელეფონო საუბარი ამოიცნო.

მგელაძის თქმით, სატელეფონო საუბარი, რომლის შინაარსი „მთავარ არხზე“ გაჟღერდა, 2020 წლის ზაფხულში შედგა. მაშინ მას წყარომ თავად დაურეკა და გარკვეული ინფორმაცია მიაწოდა.

„ამ საუბრის მთელი შინაარსი მახსოვს, გუშინ ვესაუბრე ჩემს თანამოსაუბრეს და მანაც გაიხსენა, რომ ნამდვილად შედგა ჩვენ შორის ასეთი საუბარი. 2020 წლის ზაფხული იყო. ჩვეულებრივი სატელეფონო ზარი იყო, დამირეკა კონკრეტულმა ადამიანმა, მესაუბრა ზუსტად იმ თემაზე, იმ დეტალებზე რაზეც გვარამიას გამჟღავნებულ ჩანაწერში იყო საუბარი, იქ მოკლე შინაარსი იყო, [ტელეფონით] ძალიან დიდხანს ვისაუბრეთ. ეს რომ ნამდვილად ჩემი ჩანაწერია ამაში 100%-ით ვარ დარწმუნებული.“, - ამბობს მგელაძე.

გამომძიებელი ჟურნალისტი ფიქრობს, რომ მას უკანონოდ უსმენდნენ, თუმცა არ გამორიცხავს იმ ვერსიასაც, რომ შესაძლოა მისი სატელეფონო საუბარი სასამართლოს ნებართვით ისმინებოდა. ამიტომ იურისტთან კონსულტაციას და პასუხების სამართლებრივი გზით მიღებას გეგმავს.

სატელეფონო საუბრის ფრაგმენტი

ნიკა გვარამიას მიერ „მთავარი არხის“ ეთერში წაკითხულ სუს-ის სავარაუდო მიყურადებისა და თვალთვალის ანგარიშებიდან გიორგი მგელაძე მის სატელეფონო საუბარს ამ ფრაგმენტში ადასტურებს:

„ მიმდინარე წლის 16 ივნისს საუბარი შედგა ერთ-ერთი მსხვილი მედიის ჟურნალისტს და ერთ-ერთი სააგენტოს რედაქტორ თ-ს(დაახლოებულია ხელისუფლებასთან) შორის. საუბარში თ-მ გ-ს განუცხადა, რომ მისმა ახლობელმა მიაწოდა ინფორმაცია ხელისუფლების წარმომადგენლების ოჯახის წევრების სხვადასხვა თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ, თუმცა იგი ვერ მოამზადებს სიუჟეტს, ვინაიდან მისი თმით, ამ შემთხვევაში მარტივად გაიშიფრება ის ადამიანი, რომელმაც ინფორმაცია მიაწოდა მას.

თ:  ია მეტრეველს 4-5 ათასი აქვს ხელფასი და მისი ინფორმაციით, არ აქვს უმაღლესი განათლება მიღებული და აქვს ქალთა გიმნაზია დამთავრებული. ასევე, თ-ს თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის მეუღლე, ქეთევან ბუბუტეიშვილი დანიშნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სოციალური ქსელების მენეჯერად. თ-ს თქმით, ზემოთხსენებული პირები, რომლებიც დანიშნეს თანამდებობებზე, იღებენ დიდ ხელფასს და არიან არაკომპეტენტურები.

ორიენტირი: გაგრძელდეს ოპერატიული საქმიანობა ორივე ხსენებული ჟურნალისტის მიმართულებით“

სავარაუდო მიყურადება და თვალთვალი

მასალები, რომლებშიც, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ პოლიტიკოსებზე, ბიზნესმენებზე, სასულიერო პირებზე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებზე მიყურადება და თვალთვალია ასახული, „მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ 1 აგვისტოს გადაცემა „მთავარ აქცენტებში“ წაიკითხა.

ჩანაწერებში საუბარია კონკრეტული პირების პირადი ცხოვრების დეტალებისა და მათი სატელეფონო ზარების შინაარსების შესახებ. ნიკა გვარამია ამბობს, რომ მოპოვებულ დოკუმენტებში სახელწოდებით „ოპერატიული კრებსი — პირადი ცხოვრება სუს (სუტ)“  ასახულ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის, ამზადებდა.

ნიკა გვარამიას მიერ წაკითხულ დოკუმენტებში ასახულ სატელეფონო საუბრებში მონაწილეობა არასამთავრობო ორგანიზაციების სამმა წარმომადგენელმაც დაადასტურა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გავრცელებულ მასალებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

შინაგანს საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მედიასთან საუბრისას  საკითთან დაკავშირებით ამბობს, რომ „ალბათ შესაბამისი უწყებები დაინტერესდებიან და გამოიძიებენ თუ გამოსაძიებელი იქნება.“

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ