შეიცავდა თუ არა სიძულვილის ენას „იმედის“ დაბლოკილი საარჩევნო რეკლამა?
27.08.2021
26 აგვისტოს, ტელეკომპანია „იმედმა“ უარი თქვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველოს“ წინაასაარჩევნო უფასო რეკლამის თავის ეთერში განთავსებაზე.

რატომ ბლოკავს „იმედი“ პოლიტიკური პარტიის რეკლამას?

„იმედში“ ამბობენ, უარი თქვეს ეთერში გაუშვან „ევროპული საქართველოს“ წინასაარჩევნო რეკლამა, სადაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წევრები „არაკომპეტენტურებად“, „კორუმპირებულებად“ და „მოღალატეებადაა“ მოხსენიებული. 

ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, უარის მიზეზი „რეკლამაში გამოყენებული სიძულვილის ენაა“, „ტელეიმედის“ საეთერო დრო სიძულვილის ენის ტირაჟირებას არ დაეთმობა, რომელი პარტიიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის“. 

მაუწყებლის განმარტებით, „ევროპულ საქართველოს“ ამის შესახებ წერილობით აცნობებენ. 



„ევროპული საქართველო“ აპირებს სამართლებრივ ზომებს მიმართოს. პარტიის თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ 26 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე „ცინიზმი“ უწოდა „იმედის“ ამ გადაწყვეტილებას, რადგან „ტელეკომპანია თავის ეთერში რუტინულად უშვებდა ივანიშვილის რეჟიმის არა მარტო ძალიან აგრესიულ, ნეგატიურ კლიპებს, არამედ სარედაქციო კამპანიას აწარმოებდა, რომელიც რელიგიური და სხვა შუღლის გაღვივებით იყო მოტივირებული“. 

ბოკერიას განცხადებით, „იმედი“ ბლოკავს ხელისუფლების „მწვავე, მაგრამ ლეგიტიმურ კრიტიკას“. 

რა არის სიძულვილის ენა? 

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1997 წელს მიღებული სარეკომენდაციო განმარტებით სიძულვილის ენა მოიაზრებს გამოხატვის ყველა ფორმას, რომელიც ავრცელებს, აქეზებს, ხელს უწყობს ან ამართლებს რასობრივ შუღლს, ქსენოფობიას, ანტისემიტიზმს ან შეუწყნარებლობაზე დაფუძნებულ შუღლის სხვა ფორმებს: ნაციონალიზმის, ეთნოცენტრიზმის, დისკრიმინაციისა და უმცირესობათა ან მიგრანტთა მიმართ გამოხატული მტრობის ჩათვლით. 

საქართველოს კანონმდებლობაში სიძულვილის ენის განმარტება არ არსებობს. ორგანიზაცია, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) მიიჩნევს, რომ „ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგენილი საარჩევნო რეკლამა სიძულვილის ენას არ შეიცავდა. 

„ნებისმიერი პოლიტიკური, დავუშვათ მკვეთრი, თუნდაც შეურაცხმყოფელი გამოხატვა სიძულვილის ენა არ არის. საარჩევნო კოდექსიც უშვებს იმას, რომ გამოხატვის ფორმები შეიძლება იყოს ვიღაცისთვის მიუღებელი ან შეურაცხმყოფელიც კი, მაგრამ აზრის გამოხატვა მაინც დაცულია და ტელეკომპანია შინაარსში არ უნდა ერეოდეს.“, - ამბობს ISFED-ის იურისტი, ლელა ხათრიძე. მისი თქმით, „იმედის“ გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, კანონდარღვევის ნიშნებს შეიცავდა. 

რატომ არის ეს პრობლემა? 

მედიის როლი წინასაარჩევნო გარემოში, ფაქტობრივად, განუსაზღვრელი და გადამწყვეტიაო, გვეუბნება ლელა ხათრიძე:

„მედიას გადამწყვეტი როლი აქვს, რომ ამომრჩეველმა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მოსაზრებების, პროგრამების, დამოკიდებულებების შეფასება შეძლოს და ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს.“ 

კანონი "მაუწყებლობის შესახებ" ეროვნული მაუწყებლებს ავალდებულებს საერთო არჩევნებისას საარჩევნო კამპანიის დროს თავის ეთერში უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად განათავსონ თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ მათთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა. 

რა როლი აქვს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას? 

მაუწყებლობის სფეროს მარეგულირებელ კომუნიკაციების კომისიაში ამბობენ, რომ „იმედის“ მიერ ‘ევროპული საქართველოს“ წინასაარჩევნო რეკლამის არ განთავსების შესახებ საჩივრის მიღების შემთხვევაში კომისია იმსჯელებს და გადაწყვეტილებას კანონის შესაბამისად მიიღებს.

2020 წლის დეკემბერში კომუნიკაციების კომისიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საჩივარი დააკმაყოფილა და უფასო პოლიტიკური რეკლამის დაბლოკვისთვის „მთავარი არხი“ წერილობით გააფრთხილა.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ