13.09.2021
რა მოხდა?
ტელეკომპანია „იმედმა“ 26 აგვისტოს, უარი თქვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველოს“ წინაასაარჩევნო უფასო რეკლამის ეთერში განთავსებაზე და ამის მიზეზად „რეკლამაში გამოყენებული სიძულვილის ენა“ დაასახელა.
ნახეთ მეტი ამ თემაზე.
კომუნიკაციის კომისიის გადაწყვეტილება
12 სექტემბერს კი კომუნიკაციების კომისიამ მხარეების პოზიციები მოისმინა და უზენაესი სასამართლოს დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, მიიჩნია, რომ ტელეკომპანია „იმედმა“ „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დაარღვია.
„რეკლამის შინაარსი არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციით დადგენილ ზოგად პრინციპებსა და მოთხოვნებს, რომლებიც ასახულია შესაბამის კანონმდებლობაში.“, - ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.
ტელეკომპანია „იმედის“ იურისტი ანდრო ლაშხი ამბობს, რომ „ევროპული საქართველოს“ რეკლამასთან დაკავშირებით მაუწყებელი თავდაპირველ პოზიციაზე რჩება და მისთვის გაუგებარია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომელზეც სასამართლო ამბობს, რომ სიტყვა „მოღალატე“ ღირსების შემლახავი არ არის.
კომისიამ „ტელეიმედის“ მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა, რომელიც განსახილველად სასამართლოს გადაეგზავნება.
რას ამბობს უზენაესი სასამართლოს სტანდარტი?
კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს (2021 წლის 25 მარტის განჩინება #ბს-1168(კ-20)) მიერ პოლიტიკური რეკლამისთვის დადგენილი სტანდარტების შესაბამისად პოლიტიკური რეკლამა:
• ხელს არ უნდა უწყობდეს შუღლის გაღვივებას
• არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას
• არ უნდა შეიცავდეს ხელისუფლების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ მოწოდებას
• არ უნდა შეიცავდეს რელიგიური ან ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას
• არ უნდა შეიცავდეს უხამსობას ან პორნოგრაფიას.