09.11.2017
2014 წლის 18 ივნისს ტელეკომპანია ,,რუსთავი 2-ის” ეთერში სატელევიზიო გადაცემა ,,ნანუკას შოუში” სტუმრად მიწვეულნი იყვნენ პლასტიკური ქირურგი ციცინო შურღაია და მისი ყოფილი ქმარი ბესო კალანდაძე. გადაცემის მსვლელობისას სტუმრები კამათობდნენ. ციცინო შურღაიამ მიიჩნია, რომ კალანდაძე ცილს სწამებდა, მან სასამართლოს მიმართა და მის მიმართ გამოთქმული პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა. სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა.
სასამართლო გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ საქმეში ტელეკომპანია მოპასუხე მხარე “რუსთავი 2” არ არის, რადგან ცილისმწამებლური განცხადებები რესპონდენტმა გაავრცელა და არა წამყვანმა. ამის მიუხედავად სასამართლომ “ნანუკას შოუს” ინფორმაციის უარყოფისთვის საეთერო დროის გამოყოფა მაინც დაავალა, ტელეკომპანიას გადაწყვეტილება ჩაბარდა და 27 სექტემბერს “ნანუკას შოუ” ცილისწამების უარსაყოფად კალანდაძეს დაუკავშირდა.
როგორ შეიძლება მოიქცეს მედია მსგავს შემთხვევაში და ჰქონდა თუ არა “რუსთავი 2-ს” ინფორმაციის უარყოფისთვის დროის დათმობის ვალდებულება - ამ საკითხზე მედიაჩეკერი IDFI-ს კანონის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელს, გიორგი ბერაიას ესაუბრა.
- რა შემთხვევაში შეიძლება დაევალოს მედიას ინფორმაციის უარყოფა?
სამოქალაქო კოდექსში წერია, რომ ცილისწამების შესახებ დავებში მოპასუხეს სასამართლომ შესაძლოა დააკისროს გავრცელებული ცნობის უარყოფა. ეს ზოგადი სტანდარტებია. მოპასუხე შეიძლება იყოს მედია, ან სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირი.
იმ შემთხვევაში, როცა მედია თვითონ ავრცელებს ცილისმწამებლურ ინფორმაციას, ცხადია, მას შეიძლება დაეკისროს ცნობების უარყოფაც, თუმცა განსხვავებული შემთხვევაა, როცა მედია არ არის ცილისმწამებელი, სასამართლო დავის მონაწილე მხარე, მაგრამ მისი საშუალებით სხვა პირის მიერ გავრცელდა ცილისმწამებლური განცხადებები. როცა მედიას უშუალოდ ბრალი არ მიუძღვის ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებაში და ამ დროს სასამართლო სწორედ მას ავალებს, გამოყოს უფასო სატელევიზიო ეთერი კონკრეტული კერძო პირებისთვის, შეიძლება დამაზიანებელი იყოს მედიის თავისუფლებისთვის, შესაბამისად, ამ საკითხს სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ.
- ეს კონკრეტული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ “რუსთავი 2” ვალდებული იყო ბესო კალანდაძისთვის, ცილისმწამებლური განცხადების უარსაყოფად დრო დაეთმო?
მართალია, გადაწყვეტილებაში “რუსთავი 2”-ის მიმართ ეთერის შეთავაზებაზე პირდაპირ სიტყვა “ვალდებულება” არ წერია, მაგრამ აზრი ისეა ფორმულირებული, რომ გადაწყვეტილების აღსრულების ნაწილი მასზეც ვრცელდება. გადაწყვეტილებაც ამიტომ ჩაბარდა ტელეკომპანიას.
მაშინ, როცა ასეთი საქმეები ბოლო დროს საკმაოდ ხშირია, შეიძლება მედიას მოუწიოს ძალიან მძიმე ტვირთის აღება. გამოდის, რომ ყველა ასეთ საქმეში მან უფასოდ უნდა დაუთმოს მოპასუხეებს თავისი ძვირფასი საეთერო დრო, რაც მათი შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა.
- “რუსთავი 2” საქმეში მხარე არაა. შეეძლო ტელკომპანიას აღსრულებაზე უარის თქმა და გადაწყვეტილების გასაჩივრება? თუ აღსრულება არ მოხდებოდა, შემდეგი ეტაპი რა იქნებოდა?
სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება მხოლოდ მხარეს აქვს. ამ შემთხვევაში “რუსთავი 2” არ იყო ჩართული საქმის განხილვაში და როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ასევე არ მიეცა შესაძლებლობა გაესაჩივრებინა სასამართლოს ის გადაწყვეტილება რომლის საფუძველზეც დაეკისრა სატელევიზიო დროის დათმობის ვალდებულება. ესეც ერთ-ერთი საკითხია, რატომაც არის პრობლემური საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
რაც შეეხება იმას, შეეძლო თუ არა ტელეკომპანიას აღსრულებაზე უარის თქმა, კანონში ამაზე პირდაპირი პასუხები არ არის. თუმცა, ლოგიკურად, მედიას არ უნდა ჰქონდეს ვალდებულება აღასრულოს ისეთი გადაწყვეტილებები, სადაც თვითონ არ არის მოპასუხე და უშუალოდ მის მიერ არ მომხდარა ცილისმწამებლური ცნობების გავრცელება.
ზოგადად კი, სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობა, ცხადია, დასჯადია კანონმდბელობით და ამაზე არსებობს შემდგომში იძულებით აღსრულების მექანიზმები. მაგრამ აქ საუბარია, როგორ უნდა განიმარტოს კანონმდებლობა. თუ მედია არაა მხარე და მას სასამართლო აკისრებს გადაწყვეტილების აღსრულებას და სატელევიზო დროის გამოყოფას, სადავოა, საერთოდ რამდენად არის კანონის ამგვარი განმარტება კონსტიტუციური.
- მოსარჩელე, ციცინო შურღაია არ ითხოვდა ინფორმაციის უარყოფას “რუსთავი 2-ის” საშუალებით. რა გარემოებაზე დაყრდნობით შეიძლებოდა დაევალებინა მოსამართლეს “რუსთავი 2-სთვის” ეთერის დათმობა?
რადგანაც “რუსთავი 2-ის” ეთერით გავრცელდა, სასამართლომ მიიჩნია, რომ იმავე არხზე და იმავე გადაცემაში უნდა გავრცელებულიყო საპასუხო განცხადება. თუმცა, გადაწყვეტილებაში საუბარი არაა, რატომ უნდა დაუთმოს არხმა მოპასუხეს თავისი ეთერი.
- სასამართლოს მსგავსი გადაწყვეტილებები სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევად აღიქმება?
დიახ, ეს არის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა, რაღაც დოზით, იმიტომ, რომ სასამართლო მედიას ავალდებულებს გადასცეს ინფორმაცია, რაც შეიძლება მას არ სურდეს. თუმცა, თუ მედია თვითონ იქნებოდა ცილისმწამებელი, ანუ საქმეში მონაწილე მხარე, მაშინ გამართლებული იქნებოდა ამგვარი ვალდებულების დაკისრება.
- რა შეიძლება იყოს ასეთ დროს გამოსავალი, რომ ერთი მხრივ შესრულდეს სასამართლოს გადაწყვეტილება და მომჩივნის კანონიერი ინტერესი, მერე მხრივ კი არ მოხდეს მედიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა?
კანონში საუბარია, რომ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა უნდა მოხდეს “თანაზომადი საშუალებით”. ანუ, კანონის მიზანია, რომ რა წვდომის საინფორმაციო ველითაც მოხდა ინფორმაციის გავრცელება, იმავე წვდომისა და იმავე გავრცელების მედიასაშუალებით მოხდეს ცილისმწამებლური განცხადების უარყოფა. “თანაზომადი საშუალება” გულისხმობს იმავე ტიპის გადაცემას, რომელშიც ცილისმწამებლური განცხადება გაკეთდა და არა მაინც და მაინც, კონკრეტულად იმავე გადაცემას.
გამოსავალი შეიძლება იყოს, რომ სასამართლომ ზოგადი ვალდებულება დააკისროს კერძო პირებს, (ამ შემთხვევაში ბესო კალანდაძეს) რათა მათ უარყოფის განცხადება გაავრცელონ იმავე გავრცელებისა და რეიტინგის მქონე გადაცემაში, უფასოდ ან გარკვეული თანხის სანაცვლოდ. ანუ თუ მედიასაშუალება ასეთ დროს უარს იტყვის უფასოდ ეთერის დათმობაზე, მოპასუხე ვალდებული უნდა იყოს, იყიდოს გარკვეული საეთერო დრო. ამავდროულად გასათვალისწინებელია, რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისას დაცული უნდა იქნეს “სანქციის” პროპორციულობის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა შეაფასოს მოპასუხის მიერ ინფორმაციის უარსაყოფად დასახარჯი თანხა, რამდენად პროპორციულია მომჩივანისთვის მიყენებული ზიანის და ამის შესაბამისად უნდა მიიღოსგადაწყვეტიელბა.