ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ Belfast Telegraph-ის მასალა პირად სივრცეში შეჭრა არ იყო
23.09.2018
ბრიტანეთის პრესის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებით, Belfast Telegraph-ს ჰომოსექსუალი წყვილის სამოქალაქო პარტნიორობის შესახებ მომზადებული მასალით სტანდარტი არ დაურღვევია, მიუხედავად იმისა, რომ ისტორიის მთავარი მოქმედი გმირები აცხადებდნენ, რომ ეს მათ პირად სირცეში შეჭრა იყო.

Telegraph-ის მიერ მოყოლილ ამბავში ნათქვამი იყო, რომ ერთ-ერთი ლესბოსელი ქალის მამა იმ პროტესტანტული ძმობის ლიდერი იყო, რომელიც ერთნაირსქესიანთა ქორწინების აქტიური წინააღმდეგია და მას “მორალურ ვარდნას” უწოდებს. Telegraph-მა მასალაში აღნიშნა, რომ ქალი ქორწილში მამამ მიაცილა და ამბავს ქორწილის ფოტოები და ძმობის სხვა წევრების კომენტარები დაურთო.

Telegraph-მა მასალა შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა - “საძმოს წევრმა შვილის ერთსქესიანთა ქორწინების ცერემონიაზე დასწრების შემდეგ მხარდაჭერა მიიღო”.

გამოცემამ საკუთარი გადაწყვეტილება საჯარო ინტერესით დაასაბუთა და განმარტა, რომ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი იყო კონტრასტის ჩვენება ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ პროტესტანტული საძმოს პოზიციისა და მამის ქმედებას შორის, რომელიც ამავე საძმოს წევრია. უფრო მეტიც, Telegraph-მა განმარტა, რომ ეს იყო დადებითი შინაარსის მატარებელი მასალა, მამამ შვილის ქორწინების შესახებ ინტერვიუ სხვა მედიასაშუალებებსაც მისცა. რაც შეეხება ფოტოებს, გამოცემამ განმარტა, რომ ისინი საჯარო სივრციდან იყო აღებული და ფოტოები წყვილმა სოციალურ ქსელში თავადვე განათავსა.

ბრიტანეთის პრესის თვითრეგულირების ორგანო გამოცემას დაეთანხმა და განმარტა, რომ მასალასთან და ფოტოებთან დაკავშირებით ყველაფერი წესრიგში იყო. ასევე, ერთნაირსქესიანი წყვილების შესახებ მსგავსი კონსერვატიული შეხედულებების მქონე ადმაიანის ასეთი სახის ქორწილზე დასწრების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება, მართლაც საჯარო ინტერესის მატარებელი იყო. ამასთან, თვითრეგულირების ორგანომ დაადგინა, რომ გამოცემას საჯარო სივრციდან აღებული ფოტოებით, რომლებიც სხვა დამატებითი პირადი ინფორმაციის მატარებელი არ იყო, სტანდარტი არ დაურღვევია. შესაბამისად, წყვილის პირად სივრცეში შეჭრას ადგილი არ ჰქონია.

წყარო: imediaethics.org

თეგები : პირადი ცხოვრება;
ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ