საქართველო
კატეგორია - საქართველო
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოველკვირეული შემაჯამებელი გადაცემა “ახალი კვირა”, ფორმატს იცვლის. გადაცემის გუნდს კითხვები აქვს, თუმცა, მენეჯმენტი დეტალებზე არ საუბრობს.

“ახალი კვირის” ბოლო გადაცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 26 დეკემბერს გავიდა. გადაცემის წამყვანმა, იმედა დარსალიამ სეზონის დასრულების შემდეგ, 28 დეკემბერს, თათბირზე გაიგო, რომ ეთერიდან მოხსნეს და გადაცემის წამყვანი აღარ იქნება.

  • „გვითხრეს, რომ გადაცემა ფორმატს იცვლის, გამოაცხადეს რეორგანიზაცია, თუმცა მიზეზები არ თქვეს. ერთადერთი ის თქვეს, რომ არსებულმა ფორმატმა თავი ამოწურა” - ამბობს დარსალია.
  • გადაცემის გუნდისთვის მიზეზები უცნობია და პასუხების მისაღებად, რეორგანიზაციის დასასრულს ელოდებიან.
დარსალია ამბობს, რომ ოფიციალური ბრძანების შინაარსში, რომელიც მენეჯმენტისგან ერთი თვის დაგვიანებით მიიღეს, ეწერა, რომ „პროდიუსერს დაევალა სტაფის თავიდან შერჩევა და ახალ ფორმატზე ფიქრი“.

რას უკავშირებენ ცვლილებებს

  • ტელეკომპანია “ტვ პირველმა” და “მთავარმა არხმა” გადაცემის ეთერიდან გაქრობა 27 ნოემბერს “ალტ-ინფოსთან” დაკავშირებით გასულ სიუჟეტს დაუკავშირეს.
  • კრიტიკულ სიუჟეტში, სახელწოდებით, „ალტ-ინფოს“ სახიფათო იდეოლოგია ჟურნალისტი ახლადდაფუძნებულ პოლიტიკურ პარტია, „ალტ ინფოს“ „ანტიდასავლურ და ანტილიბერალურ მოძრაობას“ უწოდებს.

ამ სიუჟეტის გასვლის შემდეგ „ალტ-ინფო“ ავტორებს „პროფესიიდან გაქრობით“ საჯაროდ ემუქრებოდა და საზოგადოებრივ მაუწყებელს „სიურპრიზებს“ ჰპირდებოდა.

  • ზუსტად ერთ თვეში გადაცემა გააჩერეს” - ამბობს იმედა დარსალია - „ფაქტია ის, რომ მედიამ დაუკავშირა ეს ამბები ერთმანეთს და მე ვერ უარვყოფ ამას. ძალიან არ მინდა, რომ ეს დავიჯერო, მაგრამ ეს ამბავი და ეს მუქარები იყო”
  • გადაცემის წამყვანის თქმით, აქამდე ამაზე საჯაროდ იმიტომ არ საუბრობდა, რომ რეორგანიზაციის დასასრულს ელოდებოდა და იმედი აქვს, „“ტოპ მენეჯმენტი და ბორდი ამ არასწორ გადაწყვეტილებას არ მიიღებს”.


რას ამბობს მენეჯმენტი


პირველი არხის მენეჯმენტისგან კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ. მაუწყებლის დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა და გადაცემის ხელმღვანელმა ეკა შონიამ ჩვენს ზარებს არ უპასუხეს.

  • ახალი ამბების ბლოკის დირექტორმა გიორგი გვიმრაძემ მოგვწერა, რომ “აღარ სცალია გამოგონილ ამბებზე კომენტარის საკეთებლად” და „ვისაც უპასუხა, ეგაც საკმარისია“.
  • გვიმრაძემ გადაცემასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე ონლაინ გამოცემა „პუბლიკას“ უთხრა, რომ „ფორმატის ცვლილება ჩვეულებრივი ამბავია“ და „მათი გადაწყვეტილების მიზანი მხოლოდ გადაცემის გაუმჯობესებაა“.
  • „რამდენი ადამიანი იმუშავებს? ვინ წაიყვანს? რა ფორმატის იქნება გადაცემა? – ამ კითხვებზე დაზუსტებული პასუხი ჯერ არ მაქვს”, - უთხრა „პუბლიკას“ გვიმრაძემ.

იმედა დარსალია ამბობს, რომ გადაცემასთან დაკავშირებით მენეჯმენტისგან საყვედური არასდროს მიუღია და “ახალი კვირა” არხზე ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი გადაცემა იყო.
კატეგორია - საქართველო

5-6 ივლისის საქმეზე სასამართლომ უკვე 4 პირი გაათავისუფლა გირაოს სანაცვლოდ. მომხდარიდან 7 თვეზე მეტი გავიდა, თუმცა, ამ დრომდე არ დამდგარა ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხი.



8 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2-ის” ოპერატორის ცემაში ბრალდებული პირი 3000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

იგი მეოთხე ბრალდებულია, რომელსაც სასამართლომ 5 ივლისის საქმეზე პატიმრობა გირაოთი შეუცვალა.

5 ივლისის საქმეზე ჟურნალისტებზე ძალადობის, პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის, მუქარის, დევნის და ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე 31 ადამიანია დაკავებული. აქედან ბოლო ორი - 30 ივლისს.

მთლიანობაში:

  • ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე - 27 ადამიანი.
  • „თბილისი პრაიდის“ ოფისის დარბევისთვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე - 3 პირი.
  • მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის კი - 1 პირი.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო ინფორმაცია: გამოძიება ისევ გრძელდება.

პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება ბრალდებულების სასამართლო პროცესები.

სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, 4 ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიება გირაოთი შეუცვალა:

  • სამ მათგანს 5000-5000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.
  • ერთი ბრალდებულს კი - 3000 ლარის სანაცვლოდ.

პროკურატურა ამბობს, რომ პატიმრობის გირაოთი შეცვლას „კატეგორიულად არ ეთანხმებოდა”.

5-6 ივლისის საქმეზე დღეისთვის 27 ადამიანია საპატიმროში.

მეტი ამ თემაზე:

კონტექსტი


  • 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი "ღირსების მარშის" წინააღმდეგ გამოსული ძალადობრივი ჯგუფები მედიის 53 წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ
  • ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების დასჯას შვიდ თვეზე მეტია უშედეგოდ ითხოვს მედია, არასამთავრობო სექტორი და სამოქალაქო საზოგადოება. თუმცა, ამ დრომდე არც ერთი ორგანიზატორი პასუხისგებაში მიცემული არ არის.
კატეგორია - საქართველო
თუ გულწრფელები ვიქნებით, არავის გაგვიჭირდება ცხოვრებიდან ისეთი ეპიზოდის გახსენება, როცა შეურაცხყოფა მოგვაყენეს ან გვაწყენინეს ხუმრობის სახელით. თუ ეს მანკიერება პირადი ურთიერთობების ნაწილია, შეიძლება, გაჩუმდე, რადგან შეურაცხყოფაზე სწრაფი პასუხი ვერ მოიფიქრო, ან თავადაც დასცინო საკუთარ თავს, და თავი აარიდო ახალ თავდასხმას - „ხუმრობა არ გესმის“. ყველა ეს გამოცდილება მტკივნეულია.

რა ხდება მაშინ, როდესაც პრობლემა უფრო მასშტაბურ ხასიათს იღებს? მაგალითად, როცა იუმორისტული გადაცემა დასცინის ადამიანს კონკრეტული ნიშნის მიხედვით, როგორც ამ ვიდეოში. ეს იუმორისტული სკეტჩი (თუ საერთოდ შეიძლება, ამ ვულგარული ვიდეოს განხილვისას სიტყვა „იუმორისტული“ გამოვიყენოთ) ჭარბწონიანი და მსუქანი ქალების სრულ დეჰუმანიზებას ეწევა. მათ არამხოლოდ ზარმაც და არამიმზიდველ, ასევე უჭკუო ადამიანებადაც გვიხატავს. „გოგოებო, ჯანზე ხართ და კაცურად მანქანაზე წამიკარით ხელი“ - ამ სიტყვებით აცლის მათ ქალის იდენტობას.

სიმსუქნის მიუღებლობას, სიძულვილს ან მასზე დაფუძნებულ სტიგმას ხშირად მოიხსენიებენ სოციალურად მისაღებ დისკრიმინაციის ფორმად. თუ ადამიანების სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ საზოგადოებებში არსებობს, შესაძლოა, მცირე მასშტაბის ან გავლენის, მაგრამ მაინც თანხმობა, ჭარბ წონასთან დაკავშირებით ასეთი კონსენსუსი არ გვაქვს. ამას მოწმობს ის უკუკავშირიც, რაც სკეტჩმა სოციალური ქსელებით მიიღო. 7 000-ზე მეტი რეაქციიდან მხოლოდ 67 გამოხატავს ვიდეოს შინაარსისადმი უკმაყოფილებას. დამაიმედებელი ვითარებაა კომენტარებში, მათი უმეტესობა ვიდეოს იუმორისგან დაცლილად და შეურაცხმყოფლად განიხილავს.

სხეულის აღქმის და მედიის კავშირი არაერთგზის ნაკვლევია. ამ შემთხვევაში მედიას სიტყვის ყველაზე ფართო გაგებით ვიყენებ და მასში მოვიაზრებ ტელევიზიას, სტრიმინგ სერვისებს, რეალურ და სატელევიზიო შოუებს და სოციალურ ქსელებსაც. 2019 წელს მენტალური ჯანმრთელობის ფონდმა დიდ ბრიტანეთში ჩაატარა კვლევა, რომლის თანახმადაც, რეალური შოუები ამწვავებს სხეულთან დაკავშირებულ შფოთვას.

კვლევა ეხმიანებოდა იმ დროისთვის ერთ-ერთ პოპულარულ რეალურ შოუს, „სიყვარულის კუნძული“ და მასში მონაწილე ადამიანებს. პროგრამისადმი კრიტიკის მთავარი ფოკუსი სწორედ ჭარბწონიანი სხეულების არარსებობას უკავშირდებოდა. ფონდმა შეშფოთება გამოხატა იმ გავლენაზე, რაც სატელევიზიო გადაცემებს განსაკუთრებით ახალგაზრდა აუდიტორიაზე აქვს. მონაცემები მართლაც შემაშფოთებელია. კვლევის თანახმად, საკუთარი სხეულის ნეგატიური აღქმის გამო, 18-24 წლამდე ადამიანების 24% -ს შფოთვა განუვითარდა, გამოკითხულთა 23%-მა თქვა, რომ ამავე მიზეზით სუიციდური ფიქრები გაუჩნდა, 15%-მა კი თავი მიზანმიმართულად დაიზიანა.

alt



მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანახმად, 2016 წლის მონაცემებით, 18 წელს გადაცილებულ 1.9 მილიარდ ადამიანს ჭარბი წონა აქვს.

რაც შეეხება საქართველოს, 2016 წლის მონაცემები გვეუბნება, რომ ჭარბი წონის მაჩვენებელი ქვეყანაში 62%-ია, ხოლო სიმსუქნის - 31%. ეს არის მასშტაბი და ადამიანების ის რაოდენობა, ვის მდგომარეობასაც ზემოთაღნიშნული ვიდეო აბუჩად იგდებს.

რამდენიმე მიზეზი არსებობს სიმსუქნის გამო ადამიანების დაცინვის არაეთიკურად განსახილველად. ჭარბ წონას და სიმსუქნეს აქვს ეკონომიკურ-სოციალური განზომილება. არაერთი საერთაშორისო კვლევა მოწმობს, რომ ჭარბი წონა დაბალი ეკონომიკური შემოსავლების ქვეყნებს და ოჯახებს აწუხებთ, და ასეთ დროს ბავშვები განსაკუთრებით დაუცველები არიან.

გარდა ამისა, ჭარბი წონა და სიმსუქნე დაკავშირებულია კვებითი აშლილობის სხვადასხვა ფორმასთან. გამუდმებით დიეტაზე, ფიზიკურ აქტივობაზე და პირად პასუხისმგებლობაზე საუბარი ისედაც სტრესულია კვებითი აშლილობის მქონე ადამიანისთვის. აღარაფერს ვამბობ ამ ძალიან საფრთხილო საკითხის იუმორის, თანაც ასეთ ვულგარული იუმორის, პერსპექტივით გაშუქებაზე. როგორც სიმსუქნესთან დაკავშირებული საკითხების მკვლევარი, პროფესორი არაია შარმა აღნიშნავს, მსუქანი ადამიანისთვის იმის თქმა, რომ ნაკლები ჭამოს და მეტი იმოძრაოს, იგივეა, დეპრესიაში მყოფ ადამიანს უთხრათ, რომ გამხიარულდეს. ეს თანაგრძნობის და გაგების ნაკლებობაზე მიანიშნებს.

იუმორისტული გადაცემები რომ ხშირად პრობლემურია, ახალი არ არის. ისინი ხშირად, სავსეა უხამსი ხუმრობებით ადამიანებზე და დანაშაულებზეც კი. ბილ კლინტონისა და მონიკა ლევინსკის სკანდალის გაშუქებისას, ამერიკული ტელევიზიების წამყვანი სახეები დაუზოგავად ამცირებდნენ ლევინსკის. მათი ხუმრობები მიზოგინური და შეურაცხმყოფელი იყო. ეს შემთხვევა კიბერბულინგის ლამის პირველ და ქრესტომათიულ მაგალითადაც ითვლება. მაიკლ ჯექსონის მიმართ პედოფილიის უმძიმეს ბრალდებასაც სიცილ-ხარხარით შეხვდნენ იგივე წამყვანები.

ამ ადამიანების უმეტესობა დღესაც ეკრანიდან გველაპარაკება, მაგრამ ქართული მედიისგან განსხვავებით, მათთვის დრო გავიდა, კონტექსტი შეიცვალა, შესაბამისად, დღეს ვეღარავინ გაბედავს 25 წლის წინანდელ უხამსობას. კონტექსტის ცვლილების შედეგია ისიც, რომ „ნეტფლიქსმა“ შეწყვიტა სატელევიზიო სერიალის გადაღება, რომელიც, მაყურებლების შეფასებით, აძლიერებდა სტიგმას ჭარბწონიანი და მსუქანი ადამიანების მიმართ. სერიალი გაუმაძღარი 2018 წელს გამოვიდა. მაყურებლის უკმაყოფილება პირველივე ტრეილერის გავრცელებას მოჰყვა. შოუს მთავარი გმირი, პატი, წარსულში ჭარბწონიანი გოგოა, რომელიც წონის დაკლების შემდეგ ცდილობს, შური იძიოს იმ ადამიანებზე, ვინც სიმსუქნის გამო ამცირებდა. სერიალის შეწყვეტის მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ასი ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

ამ მაგალითების ფონზე ქართული სატელევიზიო სივრცე, დრომოჭმული იუმორისტული გადაცემებით ღრმა კრიზისში მყოფად გამოიყურება. იმედის საფუძველი მაინცდამაინც არ ჩანს, მაგრამ ალბათ უფრო ადრე, ვიდრე გვიან, შესაძლებელია, ვიხილოთ გადაცემები, რომლებიც სიმსუქნეზე დაცინვის ნაცვლად, სიმსუქნის სიძულვილს დასცინებს.
კატეგორია - საქართველო

მედიამ კიდევ ერთხელ დაუთმო ეთერი არაკომპეტენტურ ადამიანებს ვაქცინაციაზე სასაუბროდ.


1 თებერვალს, მას შემდეგ, რაც მთავრობამ “მწვანე პასპორტის” მოთხოვნის ვალდებულება გააუქმა, ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა” და „TV პირველმა” საღამოს ეთერი ვაქცინის მოწინააღმდეგეებსა და მომხრეებს შორის დებატებს დაუთმო. ტოქშოუებში საკითხში კვალიფიციურ ადამიანებს ცნობილი მსახიობები, მომღერლები, მწერლები, რეჟისორები და სხვები სჭარბობდნენ.

რა პრობლემაა?

  • ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც მედია ტრიბუნას უთმობს საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მქონე ცნობილ ადამიანებს, რომლებიც სამეცნიერო ფაქტებს, ამ შემთხვევაში, ვაქცინაციას, ეწინააღმდეგებიან. ტელევიზიებში მათ ხშირად ისეთ თემებზე სასაუბროდ იწვევენ, რომლებზეც კომპეტენცია არ აქვთ.
  • ცხადია, ცნობილი ადამიანის ეთერში გამოჩენა უფრო მაღალი რეიტინგის მომტანია, მაგრამ, საკითხავია, რა სარგებელს იღებს და რამდენად ინფორმირებული რჩება მაყურებელი მსგავსი შოუების ნახვის შემდეგ?

დეტალები:

  • „რუსთავი 2-ისა” და „TV პირველის“ ეთერში ერთი მხარე დაჟინებით ამტკიცებდა, რომ არ უნდა ავიცრათ, საუბრობდა კონსპირაციულ თეორიებზე, ავრცელებდა დაუდასტურებელ და ცრუ ინფორმაციებს
  • მეორე მხარე ცდილობდა აცრის სიკეთეების შესახებ ესაუბრა და დაერწმუნებინა მაყურებელი, რომ პანდემიის დასამარცხებლად ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს.
  • გადაცემის არცერთი წამყვანი არ იყო მზად იმისთვის, რომ ეთერში ნათქვამ დეზინფორმაციას სანდო და გადამოწმებული ფაქტებით დაპირისპირებოდა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

  • პანდემიის პერიოდში, მაშინ, როდესაც საქართველოში კორონავირუსით ყოველდღიურად ათობით ათასი ადამიანი ინფიცირდება, ათობით მათგანი იღუპება და ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედიის როლი.
  • განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ეხება, მედია ვალდებულია, რესპონდენტები შეარჩიოს მათი კვალიფიციურობის და არა „ცნობადობის“ მიხედვით.
  • ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც რესპონდენტი ეთერში დეზინფორმაციას ავრცელებს, ჟურნალისტი ვალდებულია, რომ ეს უაპელაციოდ არ გაატაროს და თავის აუდიტორიას მიაწოდოს ზუსტი და მართალი ინფორმაცია.

ზოგადად, რა შემთხვევაშია გამართლებული ცნობილი ადამიანების მოსაზრებების გაშუქება?

„რაც უფრო დიდ სიყვარულს, აღფრთოვანებას ან პატივისცემას იმსახურებს საზოგადოების ან მისი ნაწილის მხრიდან, მას კიდევ უფრო მეტი ზეგავლენა აქვს ადამიანების აზრზე, ქცევაზე. სრულიად შესაძლებელია, რომ ამ ადამიანის პირად მოსაზრებას სერიოზული გავლენა ჰქონდეს ვიღაცის ცხოვრებაზე.“ - ამბობს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე, თამარ რუხაძე.

რუხაძის განმარტებით:

  • მედიამ სხვადასხვა სპეციალობის ადამიანს ისეთ თემაზე არ უნდა ჰკითხოს აზრი, რომელიც სპეციფიკურად მის სფეროს არ ეხება, განსაკუთრებით მაშნ, როდესაც საქმე გვაქვს საზოგადოების კეთილდღეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებთან.
  • ერთადერთი მიზანი კი, რის გამოც შეიძლება, მედიამ მასთან [დეზინფორმაციის გამავრცელებელ ადამიანთან] ინტერვიუ ჩაწეროს ან პირდაპირ ეთერში მოისურვოს მისი მოყვანა, უნდა იყოს ის, რომ გააბათილოს არასწორი და ხშირად მავნე ინფორმაცია.
„თუკი არ გაქვს შესაძლებლობა, რომ წინააღმდეგობა გაუწიო დეზინფორმაციას, სულერთია ვისგან მოდის ის, მაშინ შენ თვითონ ხდები არასწორი ინფორმაციის გავრცელების ხელშემწყობი და, შესაბამისად, შენ თვითონ მოდიხარ წინააღმდეგობაში საკუთარ მოვალეობასთან და საერთოდ - ფუნქციასთან“, - ამბობს თამარ რუხაძე.

დამატებითი მასალა ამ თემაზე:

კატეგორია - საქართველო
ე.წ. „ანტივაქსერობის“ ფენომენი პირველი ვაქცინის გამოგონებისთანავე გაჩნდა. ანუ, ანტივაქსერებიც იმდენი ხანია არსებობენ, რამდენ ხანსაც ვაქცინა არსებობს. უბრალოდ, თუკი თავიდან, „ანტივაქსერებს“ სჯეროდათ, რომ ვაქცინის გაკეთების შემთხვევაში მათ რქები და კუდი ამოუვიდოდათ, დღეს, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, შიშებიც განახლდა - ძროხის თავი ჩიპებმა და 5G-მ ჩაანაცვლა.

თუმცა, ანტივაქსერობის ბუნებას და შიშების საფუძვლებს (თუ უსაფუძვლობას) ცოტა ხნით თავი რომ დავანებოთ, ალბათ, იმასაც უნდა გავუსწოროთ თვალი, რომ პანდემიამ, სხვა პრინციპულად ახალ ეთიკურ და პროფესიულ კითხვასთან ერთად, გარკვეული დილემა ჟურნალისტიკაშიც გააჩინა.

უნდა დავუთმოთ ანტივაქსერებს საინფორმაციო სივრცე? რა დოზით? შეგვიძლია თუ არა ამ ადამიანთა ჯგუფს, და მოდით ისიც ვაღიაროთ, რომ ეს ჯგუფი საკმაოდ დიდია - საერთოდ უარი ვუთხრათ საინფორმაციო სივრცეში გამოჩენაზე?

ნინო თარხნიშვილი - რადიო თავისუფლების ჟურნალისტია, რომელიც პანდემიის თემას მისი დაწყებიდან დღემდე აქტიურად აშუქებს. ის მიიჩნევს, რომ ანტივაქსერების გზავნილების ტრანსლირება მედიაში მიუღებელია:

„საზოგადოებრივ მაუ ჰქონდა 2 პირდაპირი ეთერი, სადაც მთავარ როლში იყვნენ ანტივაქსერული ჯგუფის ცნობილი წარმომადგენლები. რომ ვუყურებდი არც მჯეროდა - რანაირად შეიძლება რედაქციამ მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება და ეს ადამიანი დასვას პირდაპირ ეთერში?“

„ანტივაქსერული“ ჯგუფები ეთერში სხვა ტელეკომპანიებსაც ხშირად ჰყავთ. მათი განმარტება ძირითადად ისაა, რომ ბალანსი დაცული უნდა იყოს. „ეს ის შემთხვევაა, როცა, მე მგონია, რომ არ არის საჭირო ბალანსის დაცვა. ეს არ არის ის თემა, რომელსაც აქვს მეორე მხარე“ - ამბობს ნინო თარხნიშვილი.

მაგრამ რა ვუყოთ იმას, რომ მეორე მხარე საკმაოდ აქტიურად ითხოვს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას მედიაში? მაგალითად, ოქტომბერში ანტივაქსერულად განწყობილმა ჯგუფებმა აქციაც გამართეს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან. მათ „თავისი წილი“ საეთერო დრო მოითხოვეს. მოლაპარაკებებს არხის ხელმძღვანელობისთან მათ შორის სასულიერო პირები აწარმოებდნენ.

„საუბრის საგანი ისაა, რომ შედგეს გარკვეული სახის დებატები, ან მოხერხდეს იმ პოზიციის წარმოჩენა, რომელიც ამ ხახლს აქვს ვაქცინაციის და პანდემიის პროცესთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ჩვენ საზოგადოებრივი მაუწყებელი ვართ და ვთვლით, რომ როდესაც არსებობს განსხვავებული პოზიცია, მიდგომა, პროცესის მართვაზე (იმიტომ რომ საკითხი მათ შორის შეეხებოდა იმას, თუ რამდენად სწორად იმართება პანდემია) - ამ პერსპექტივიდან ჩვენ მზად ვართ ვუმასპინძლოთ მსგავს შეხვედრას“, - ამბობდა მაშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის ხელმძღვანელმა გიორგი გვიმრაძემ.

მეორე მხარის წარმოჩენის არგუმენტით საინფორმაციო სივრცეში ხვდებიან სრულიად არარელევანტური, საკითხში არაგათვიცნობიერებული პირები, ამბობს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ გოგოსაშვილი. ეს კი, თავის მხრივ, კიდევ უფრო ცუდ გავლენას ახდენს მძიმე ეპიდემოილოგიურ ვითარებაზე:

„როდესაც საკითხი ეხება ჯანმრთელობას არ შეიძლება გაშუქდეს იმ პირების მოსაზრებები, რომელიც არ ეყრდნობა მეცნიერულ კვლევებს. იმ დროს როცა ჩვენ, თუნდაც დღეს, გვყავს ქვეყანაში 15 ათასზე მეტი ინფიცირებული, ყოველდღიურად იღუპება ათობით ადამიანი - ამის წახალისებას მედიამ ხელი არ უნდა შეუწყოს“.

რა ხდება, როცა ანტივაქსერულად განწყობილი ჯგუფები აქციას მართავენ ქალაქში? მაგალითად, კოვიდ-პასპორტების გაუქმების მოთხოვნით. როგორც წესი, ამ მოთხოვნის მიღმა ისევ და ისევ ვაქცინის საწინააღმდეგო გზავნილები იმალება, ამბობს მარიამ გოგოსაშვილი. აქცია, ერთი მხრივ, არის მედიის ინტერესის საგანი, მაგრამ ამ გზავნილების გავრცელებისგან, მისი თქმით, მედიასაშულებებმა თავი უნდა შეიკავონ.

რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა ნინო თარხნიშვილმა ერთ-ერთი აქციის დროს ასეთ ტაქტიკას მიმართა:

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წასულიყო ოპერატორი, აეკრიფა მხოლოდ კადრები ამ აქციიდან, არანაირი კომენტარი და ინტერვიუ არ ჩაეწერა არავისთან. ეს კადრები რომ მოიტანა მე დავადე ტექსტი, სტატისტიკა - რამდენი არავაქცინირებული ადამინიანი იღუპება კოვიდით, რამდენად დაბალია ვაქცინირებულებში გარდაცვალების მაჩვენებლი, ინფიცირების მაჩვენებლი, ჰოსპიტილაზიის მაჩვენებლი. მათი კადრები გადავფარეთ ამ ტიპის ტექსტით, რომ თან ისიც გვეჩნებინა მაყურებლისთვის, რომ ეს ხალხი, ანტივაქსერები არსებობენ და აქციებს აწყობენ, მაგრამ შევეცედათ რომ მაქსიმალურად დაგვეფარა მათი მესიჯები იმ დადებითით, რაც ვაქცინაციას მოყვება“.

მარიამ გოგოსაშვილი მიიჩნევს, რომ პანდემიასთან დაკავშირებით მომზადებული მასალები მაქსიმალურად ინფორმაციული ხასიათის უნდა იყოს. გადამოწმებული, სანდო ინფორმაციის ნაკლებობა ხელს უწყობს ანტივაქსერული განწყობების გავრცელებას. „ბევრი ადამიანი, რომელიც ვაქცინაციას ეწინააღმდეგება სწორადაც არის ინფორმაციის ნაკლებობის მსხვერპლი“, ამობს ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი.
კატეგორია - საქართველო
NDI-ის გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ საქართველოში სიტყვის თავისუფლების მიმართულებით სიტუაცია არ შეცვლილა ან გაუარესდა.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC-საქართველო საზოგადოების განწყობის შესახებ კვლევას აქვეყნებს.

დეტალები: გამოკითხულთა უმეტესობა (40%) მიიჩნევს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში სიტყვის თავისუფლება გაუმჯობესდა, თუმცა მათი ერთობლიობა ვინც ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით მდგომარეობა არ შეცვლილა (28%) და გაუარესდა (27%) გამოკითხულთა ნახევარზე მეტს შეადგენენ.

alt
კვლევის მიხედვით, ეროვნული საკითხების მიმართ დამოკიდებულებას პარტიული სიმპატიები განაპირობებს.
  •  მმართველი პარტიის მხარდამჭერების უმრავლესობა ამბობს, რომ სიტყვის თავისუფლება გაუმჯობესდა.
  •  ოპოზიციის მხარდამჭერების უმეტესობის აზრით კი პირიქით, სიტყვის თავისუფლება გაუარესებულია.
alt
პანდეემის შესახებ
გამოკითხვის მიხედვით, კი მოსახლეობის უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის შესახებ საკმარისი ინფორმაცია აქვს.

alt
კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).
  • გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარია +/- 1.3%. ინტერვიუები ქართულ , აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე ჩატარდა. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევა ჩაატარა CRRC-საქართველომ. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.
კატეგორია - საქართველო
22 იანვარს მედიით გასაჯაროვდა ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ყოფილი ცოლის, ნელი დოროყაშვილის საუბრის ჩანაწერი. აუდიოჩანაწერი მხარეებს შორის სასამართლო დავის მტკიცებულებაა და ჩოგბურთელის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის ნიშნებს შეიცავს.


რატომ არის მნიშვნელოვანი: აუდიოჩანაწერის გასაჯაროება ერთ მხრივ მაღალ საჯარო ინტერესს შეიცავს, თუმცა მასში ნახსენებია ბასილაშვილისა და დოროყაშვილის მცირეწლოვანი შვილიც. უფლებადამცველების შეფასებით, კომუნიკაციის გასაჯაროება ბავშვის ინტერესებს აზიანებს.

როგორ უნდა მოიქცეს მედია, როდესაც საქმე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმესა და საჯარო პირს ეხება, მეორე მხრივ კი საფრთხეში ბავშვის ინტერესებია?

დეტალები: ნიკოლოზ ბასილაშვილს პროკურატურა ოჯახში ძალადობაში ედავება.

  • სპორტსმენი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. ჩოგბურთელს ბრალი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის მუხლით წარუდგინეს. ნოკოლოზ ბასილაშვილი ბრალდებას უარყოფს. ის სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ 2020 წლის 24 მაისს გაათავისუფლა. საქმის განხილვა გრძელდება.
  • სისხლის სამართლის საქმის გარდა, ბასილაშვილსა და დოროყაშვილს შორის სასამართლოში სამოქალაქო დავაც მიმდინარეობს, რომელიც ალიმენტს უკავშირდება. "ტვ პირველის" ინფორმაციით, ჩოგბურთელმა 13 იანვარს სწორედ ალიმენტის გადახდის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

აუდიოჩანაწერის გასაჯაროებას განსხვავებული რეაქციები მოჰყვა.

სისხლის სამართლის საქმეში ნელი დოროყაშვილისა და მისი შვილის ინტერესების დამცველმა ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, თქვა, რომ ჩანაწერის გასაჯაროება აზიანებს დაზარალებულების, განსაკუთრებით ბავშვის ინტერესებს და მედიას საჯარო სივრციდან ჩანაწერების აღებისკენ მოუწოდა.

„ჩანაწერში ისმის ინფორმაცია ბავშვის შესახებ, ნელი დოროყაშვილი დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი ფრაზებითაა მოხსენიებული. დაზარალებულებისთვის ტრავმის მიმყენებელი და დამთრგუნველია, ყოველდღიურად უსმინონ მათთვის დამამცირებელ ინფორმაციას“, - ამბობს დაზარალებულების ადვოკატი ანა თავხელიძე.

მისი განმარტებით, ამ ინფორმაციაზე მცირეწლოვანს ხელი არ მიუწვდება, თუმცა მისთვის მომავალში სხვა რისკებს შეიძლება შეიცავდეს. ასევე დაზარალებული მხარის ინტერესში არ შედის, რომ მოსამართლეზე მტკიცებულების გამოკვლევის „პირველი ეფექტი დაიკარგოს“.

ბასილაშვილის ადვოკატები კი ამბობენ, რომ ჩანაწერი სპორტსმენის დისკრედიტაციის მიზნით გავრცელდა და არასრულწლოვნის შესახებ შემცველი ინფორმაციის გავრცელებით მცირეწლოვნის კანონიერი ინტერესები შეილახა.

ადვოკატებმა "ტვ პირველი" მასალის სოციალურ ქსელში დასპონსორებაშიც დაადანაშაულეს. რასაც სიცრუეს უწოდებს ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე.

"ეს ერთი ორად ზრდის საფრთხეს, რომ არასრულწლოვანი ლუკას ბასილაშვილი გახდეს შესაძლო ბულინგის, ან სხვაგვარი ვიქტიმიზაციის მსხვერპლი, დაზიანდეს მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა და არასრულწლოვნის ჯანმრთელობას შეექმნას საფრთხე." - წერენ ბასილაშვილის ადვოკატები.

ჩოგბურთელის უფლებადამცველებმა აუდიო ჩანაწერის გავრცელებაზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასა და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას დაუყოვნებლივ მოკვლევისა და" კანონით გათვალისწინებული ყველა საჭირო ღონისძიების" გატარებისკენ მოუწოდეს.

მაგრამ ნელი დოროყაშვილის ინტერესების დაამცველი ანა თავხელიძე ამბობს, რომ „ტვ პირველზე“ აუდიო ჩანაწერის გასვლამდე რამდენიმე საათით ადრე სხვა ფარული ჩანაწერი გაავრცელა ინტერნეტ გამოცემა „პრაიმტაიმმა“.

მისი აზრით, თუ ქარტია საქმეს განიხილავს, მაშინ თვითრეგულირების ორგანომ ეს ნაწილიც უნდა შეისწავლოს. მცირეწლოვნისა და დოროყაშვილის ნაწილში კი პროცესში „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვისაც“ ჩაერთვება.

„ტვ პირველის“ სარედაქციო დასაბუთება

საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე ამბობს, რომ როდესაც მედია სავარაუდო სისხლის დანაშაულის შესახებ ინფორმაციას და მტკიცებულებებს მოიპოვებს, მისი ვალდებულებაა ამაზე საჯაროდ საუბარი. მით უმეტეს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმესთან დაკავშირებით:

„საზოგადოებას მხოლოდ მესამე პირების და თავად ფიგურანტების მიერ მოყოლილი ინფორმაცია ჰქონდა მტკიცებულებების გარეშე, როცა ჩვენთვის ხელმისაწვდომი აღმოჩნდა ასეთი მასალა და შეგვეძლო საზოგადოებისათვის უტყუარი ინფორმაცია მიგვეწოდებინა, ამ მასალის ეთერში გაშვება საჭიროდ ჩავთვალეთ.“

  • „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის აზრით, ჩანაწერის გასაჯაროებამ საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახა „პრობლემა, რომლის შესახებაც, სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი საჯაროდ არ საუბრობს. ან უჭირს თვალი გაუსწოროს იმ რეალობას, რომელშიც ვართ“ - „როდესაც არსებობს, პრობლემები ამ თემებზე საჯაროდ უნდა ვილაპარაკოთ და პრობლემა თვალის დახუჭვით, გაჩუმებით და არ შემჩნევით არ მოგვარდებაო.“ - ამბობს ნოდარ მელაძე.
  • მელაძე არ ეთანხმება აზრს, რომ გასაჯაროებული ჩანაწერი არასრულწლოვნის შესახებ მისთვის დამაზიანებელ ინფორმაციას შეიცავდა: „რომელმა ინფორმაციამ მიაყენა არასრულწლოვანს ზიანი? როდესაც ღია სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, საქმე სასამართლოს დავის საგანია, ნიკოლოზ ბასილაშვილმა თავად უჩივლა, [სარჩელში] წერია, რომ მოპასუხე არის ლუკას ბასილაშვილი. ანუ მამამ უჩივლა შვილს.“
ფართოდ თუ შევხედავთ: ჟურნალისტიკაში არსებობს ბავშვთა საკითხების, კრიმინალის, პირადი ცხოვრების გაშუქების ეთიკური წესები.
  • საჯარო პირის მიმართ ინტერესი ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ მისი ოჯახის წევრები, განსაკუთრებით მცირეწლოვანი შვილები იმავე ხარისხით უნდა გაშუქდნენ. მათი პირადი ცხოვრება უფრო მეტად უნდა იყოს დაცული, ვიდრე მათი მშობლების.
  • მეორე მხრივ, ჟურნალისტის მიერ პირის პირად ცხოვრებაში შეჭრა გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც მოპოვებული ინფორმაციის მიმართ არსებობს საჯარო ინტერესი, როდესაც გამჟღავნებულ ფაქტებს საზოგადოებისთვის უფრო მეტი სიკეთის მოტანა შეუძლია, ვიდრე ერთი კონკრეტული პირისთვის ზიანის მიყენებაა.
  • რაც უფრო მაღალია საზოგადოებისათვის ინფორმაციის ღირებულება, მით უფრო ნაკლები მნიშვნელობა შეიძლება მიენიჭოს პირის პირად ინტერსს და პირიქით.

ასევე მნიშვნელოვანია: მედიამ ყურადღების მიღმა არ დატოვოს ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევები და სათანადო აქცენტის დასმით წარმოაჩინოს არსებული პრობლემები. ამასთან, ისე უნდა გააშუქოს ეს თემა, რომ არ მიაყენოს ზიანი მსხვერპლს, მის შვილებს, ახლობლებს. მედიამ არც მსხვერპლის რეტრავმირებას უნდა შეუწყოს ხელი.
კატეგორია - საქართველო
ტელეკომპანია "მთავარში" ცვლილებებია. არხის გენერალური დირექტორის მოადგილე და საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი გაბუნია გახდა. 

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, ინფორმაციით, არხი ახალ სეზონს განახლებული საეთერო ბადით იწყებს:
  • გადაცემა "პოსტ ფაქტუმს" ჟურნალისტი მიხეილ სესიაშვილი წაიყვანს. გადაცემის გუნდს შეემატა ჟურნალისტი ბექა ყორშია. 
  • დაიხურა შაბათის ფორმატი აქამდე არსებული სახით, მის ნაცვლად ახალი ამბების გამოშვება გავა, რომელსაც თამარ ბაღაშვილი წაიყვანს. 
  • დაიხურა თოქ-შოუ "დებატები თამარ ბაღაშვილთან" და პროექტი "ხალხის ხმა". 
  • შეიცვალა ნიკა გვარამიას გადაცემის ეთერში გასვლის დრო. "მთავარი აქცენტები" ხუთშაბათობით 22:00 საათზე გავა.

კატეგორია - საქართველო
საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით, დეკემბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ყველაზე მეტი ტელემაყურებელი “იმედს” და “პირველ არხს” ენდობა, ყველაზე ნაკლები კი ტელეკომპანია “ფორმულას”.

ამავე ანგარიშის მიხედვით, ყველაზე მეტი ადამიანი არ ენდობა “მთავარ არხს”(30%) და “ტვ პირველს” (27%). უნდობლობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი “პირველ არხს” აქვს.

alt


ინტერვიუერები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ სრულწლოვან მოსახლეობას უსვამდნენ კითხვას თუ „რომელი ქართული ტელევიზიის ახალ ამბებს და პოლიტიკურ ინფორმაციას ენდობიან ყველაზე მეტად?” რესპონდენტები კი ჩამოთვლილ ტელევიზიებს 5-ბალიანი შკალით აფასებდნენ.

18-დან 24 დეკემბრის ჩათვლით, მკვლევარებმა ტელეფონით გამოჰკითხეს 1 501 რესპონდენტი.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად, შესადარებლად შერჩეული იყო კიდევ ხუთი ტელევიზია: “იმედი”, “რუსთავი 2”, “ფორმულა”, “მთავარი არხი” და “ტვ პირველი”.

კვლევამ აჩვენა ისიც, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების, სიახლეების შესახებ ინფორმაციის ძირითადი წყარო ტელევიზია და სოციალური მედიაა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით, კვლევა შპს SONAR-მა ჩაატარა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კომპანიასთან ერთ წლიანი ხელშეკრულება 2020 წლის 7 აგვისტოს გააფორმა და SONAR-ს სოციალური და მარკეტინგული კვლევების მომსახურებაში 80 000 ლარი გადაუხადა.

აქედან 32 400 ლარი ტელეაუდიტორიის კვლევისთვის იყო გამოყოფილი. რაც ითვალისწინებდა, რომ კვლევით ორგანიზაციას 1500 სატელეფონო ინტერვიუ 9 ეტაპად (ჯამში 13 500 ინტერვიუ) უნდა ჩაეტარებინა. თუმცა, როგორც კომპანიის დირექტორმა ნინელი იშხნელმა განგვიმარტა, პანდემიის გამო, საზოგადოებრივი მაუწყებლის პრიორიტეტების გათვალისწინებით, ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა. მათ შორის, ცვლილება შეეხო ტელეაუდიტორიის რაოდენობრივ კვლევასაც და მხოლოდ 3 ეტაპად ჩატარდა.
კატეგორია - საქართველო
„2021 წელს საქართველომ ადამიანის უფლებათა რიგ სფეროებში უკუსვლა განიცადა. შეშფოთებას იწვევდა თავდასხმები ჟურნალისტებზე, მედიაპლურალიზმის შეზღუდვის მზარდი საფრთხე.“ - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოში 2021 წლის მოვლენებს აჯამებს. მათ შორისაა მედიის თავისუფლების საკითხი.

ორგანიზაციის შეფასებით, „გადაუჭრელ პრობლემად დარჩა სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე არასათანადო პასუხისმგებლობა.“

რა წერია მედიაზე Human Rights Watch-ის ანგარიშში?

უფლებადამცველი ორგანიზაცია მედიასთან მიმართებით გასულ წელს მომხდარ რამდენიმე შემთხვევას გამოყოფს:

• „ფორმულას“ წამყვანის ვახო სანაიას თავდამსხმელების თებერვალში დაკავება. აგვისტოში კი მათი დამნაშავედ ცნობა და პატიმრობის ზუსტად იმ ვადით შეუფარდება, რამდენიც უკვე წინასწარ პატიმრობაში ჰქონდათ გატარებული.

• 5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმა. ანგარიშში წერია, რომ ძალადობის დროს პოლიცია ხშირად ადგილზე იყო, მაგრამ ძალადობრივი ინციდენტების აღკვეთა ვერ შეძლო. სახალხო დამცველმა ხელისუფლება გააკრიტიკა იმის გამო, რომ ძალადობის არც ერთი ორგანიზატორი არ დაუსჯია.

• „ტვ პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალება 5 ივლისის მოვლენებიდან რამდენიმე დღეში.

• ლაშქარავას გარდაცვალების მომდევნო დღეს, „ექსპერტიზის შუალედური დასკვნის“ საფუძველზე, ხელისუფლების მიერ ლაშქარავას გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ნარკოტიკული საშუალებით ზედოზირების დასახელება.

• დაჩქარებულად გამოქვეყნებულ შედეგებში ლაშქარავას ოჯახისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ ეჭვის შეტანა და შსს-ს მიერ საქმეზე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით გამოძიების დაწყება.

• 22 ივლისს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ ოპოზიციურად განწყობილი ტელეკომპანიის „მთავარი არხის“ ჟურნალისტისთვის მიკროფონის „წაგლეჯვა და აღარ დაბრუნება“. [წულუკიანმა "მთავარ არხს" მიკროფონი ოქტომბერში დაუბრუნა.]

• 2021 წლის სექტემბერში, სავარაუდოდ, სუს-დან გაჟონილ მასალებში ჟურნალისტების, ოპოზიციური პოლიტიკოსების, საჯარო მოხელეებისა და უცხოელი დიპლომატების საუბრებიც იყო. ანგარიშში წერია, რომ ინფორმაცია, სავარაუდოდ, უკანონო თვალთვალის და მიყურადების გზით იყო მოპოვებული.
კატეგორია - საქართველო
2021 წელს მომხდარ შემთხვევებთან დაკავშირებით „იუნესკო“ ხელისუფლებას 2022 წლის გაზაფხულზე დაუკავშირდება, ხოლო ინფორმაცია შემოდგომაზე გასაჯაროვდება.

2021 წლის 13 ივლისს „იუნესკოს“ გენერალურმა დირექტორმა განცხადება გაავრცელა და ხელისუფლებას ლაშქარავას სიკვდილის ფაქტის გამჭვირვალედ და სრულყოფილად გამოძიებისკენ მოუწოდა. 

ამ ინფორმაციის "იუნესკოს" "მოკლული ჟურნალისტების" სიაში გადატანის შემდეგ, ლაშქარავას გარდაცვალების თარიღად 5 ივლისი იყო მითითებული, რაც მოგვიანებით 11 ივლისით შეიცვალა.

alt

„იუნესკოს“ გამოხატვის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების განყოფილების ხელმძღვანელმა გილერმე კანელამ „მედიაჩეკერს“ უთხრა, რომ  სიაში ლაშქარავას გარდაცვალების თავდაპირველი თარიღი შეცდომით იყო მითითებული.

ორგანიზაციაში განგვიმარტეს, რომ „იუნესკო ჟურნალისტების მკვლელობებს სანდო პარტნიორებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გმობს.“

სიაში მითითებული „სასამართლო გამოძიების სტატუსი“ კი აღწერს მიაწოდა თუ არა ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფომ “იუნესკოს“ ჟურნალისტის სიკვდილთან დაკავშირებით სასამართლოს შემდგომი პროცესების შესახებ ინფორმაცია.

ლექსო ლაშქარავა 2021 წელს მოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეიყვანა მედიის თემებზე მომუშავე რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ: „რეპორტიორებმა საზღვრებს გარეშე“ (RSF), ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციამ (IFJ) და „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა“ (CPJ). ამ უკანასკნელს ვრცელი ინფორმაციაც უდევს ლაშქარავასთან დაკავშირებით და აღნიშნული აქვს, რომ მისი გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ამ დროისთვის დადასტურებული არ არის.

შესწორება: მასალის თავდაპირველ ვერსიაში ეწერა: „იუნესკოს“ გამოხატვის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების განყოფილების ხელმძღვანელმა გილერმე კანელამ „მედიაჩეკერს“ უთხრა, რომ სიაში „იუნესკოს“ გენერალური დირექტორის მიერ ლაშქარავას გარდაცვალების თავდაპირველი თარიღი შეცდომით იყო მითითებული",  რაც "მედიაჩეკერმა" შეასწორა.

კატეგორია - საქართველო
  • ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე ექსპერტიზის დასკვნა მისი ოჯახის უფლებადამცველებს კითხვის ნიშნებს უჩენს.
  • დასკვნის მიხედვით, “ტვ პირველის” ოპერატორის გარდაცვალება ნარკოტიკულმა საშუალებამ გამოიწვია და არა 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად მიღებულმა დაზიანებებმა.
  • დასკვნის ნაწილი შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 იანვარს, მას შემდეგ გაასაჯაროვა, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ UNESCO-მ ლაშქარავა 2021 წელს მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა.
  • “ტვ პირველის” დაქირავებული ექსპერტი ამბობს, რომ იანვრის დასაწყისში ექსპერტიზის დასკვნის ასლი უკვე ჰქონდა, თუმცა "ტვ პირველს" არ აცნობა, რადგან საშობაო დღეებში „სადღესასწაულო განწყობა“ არ გაეფუჭებინა.

რა წერია ექსპერტიზის დასკვნის ფრაგმენტებში?

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მიერ 30 დეკემბერს მიღებული 37-გვერდიანი დასკვნიდან მედიისთვის მიწოდებული ნაწილით ირკვევა:

• გვამის სასამართლო სამედიცინო და ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური მონაცემებით, ალექსანდრე ლაშქარავას სიკვდილის მიზეზია ნარკოტიკული საშუალება ჰეროინით ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა (ინექციის უბნები ორივე საზარდულის მიდამოში).

• ორმხრივ საზარდულის მიდამოს კანში და კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები, მარცხნივ ხანდაზმულობით სიკვდილამდე 5 წუთი - 1 საათი, მარჯვნივ 30 წუთი - 1 საათი.

• ლაშქარავას სიკვდილიდან გვამის გამოკვლევამდე გასული უნდა იყოს დაახლოებით 14 საათი. ჰეროინის ინექციიდან სიკვდილამდე გასული უნდა იყოს საშუალოდ 10 წთ - 3 საათის შუალედი.

ექსპერტიზის დასკვნაში ნახსენებია დაზიანებები, რომლებიც ოპერატორმა 5 ივლის ჟურნალისტებზე თავდასხმის დროს მიიღო. თუმცა, ეს დაზიანებები ნაკლებად მძიმედაა შეფასებული და დოკუმენტის მიხედვით, ლაშქარავას გარდაცვალებას არ უკავშირდება.

„დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით. ცოცხალ პირთა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისას სხეულის დაზიანების ხარიხის განსაზღვრის დროს დაზიანებები ერთობლიობაში აღებული ატარებენ ნაკლებად მძიმე დაზიანების ნიშნებს და არ იმყოფებიან კავშირში დამდგარ შედეგთან“.

რაშია პრობლემა?


ლექსო ლაშქარავას ოჯახის უფლებადამცველი ორგანიზაციის, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი ექსპერტიზის დასკვნაში სამ მთავარ პრობლემას ხედავს.
  • ექსპერტიზის წარმართვა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ “საიას” 2021 წლის ივლისში საერთაშორისო ექსპერტების დასახელება შესთავაზა, რომლებიც ექსპერტიზაცში ჩაერთვებოდნენ, თუმცა, მას შემდეგ, რაც ლაშქარავას ოჯახის უფლებების დამცველმა მხარემ ამერიკელი და ბრიტანელი ექსპერტები დაასახელა, შსს-მ მათს მიწვევაზე უარი განაცხადა.

“ისინი არ მოიწვიეს იმ მიზეზით, რომ თურმე ჩვენს სახელმწიფოს არ ჰქონია აშშ-სთან და დიდ ბრიტანეტთან ამგვარი თანამშრომლობის გამოცდილება, რაც არასერიოზული არგუმენტიაო”, - ამბობს ნიკა სიმონიშვილი.

მისივე თქმით, სამართალდამცავმა უწყებამ არ მოიწვია ის შვეიცარიელი ექსპერტებიც, რომლებსაც ლაშქრავას ოჯახს თავად სთავაზობდნენ:

“როცა ისინი გვთავაზობდნენ კონკრეტულ საერთაშორისო ექსპერტებს და გაუგებარი მიზეზებით, დაუსაბუთებლად ბოლოს უარყვეს, რა თქმა უნდა, [ეს გარემოება ექსპერტიზის დასკვნის] სანდოობის ხარისხს გვიკლებს“ - განმარტავს “საიას” თავმჯდომარე.

  • „ცხედრის გატაცება“
2021 წლის 11 ივლისს, დილაადრიან, ლექსო ლაშქარავას ცხედარი სამართალდამცავებმა სახლიდან ექსპერტიზის ბიუროში ისე გადაიყვანეს, რომ მის ადვოკატებს არ დაელოდნენ. ბინიდან ცხედრის ნაჩქარევად გამოსვენების კადრები მედიაშიც ვრცელდებოდა. 

“ლექსოს ცხედარი გაიტაცეს მაშინ, როდესაც ოჯახის ადვოკატები გზაში ვიყავით და ლექსოს სახლისკენ მივდიოდით, ხოლო დაახლოებით 4 საათის განმავლობაში ჩვენთვის უცნობია, რამე მანიპულირება ხომ არ მოხდა ცხედარზე.” - ამბობს ნიკა სიმონიშვილი.

  • დასკვნის გასაჯაროების ფორმა
ნიკა სიმონიშვილი ამბობს, რომ ექსპერტიზის დასკვნის შესახებ ლაშქარავას ოჯახმა და ადვოკატებმა მედიიდან შეიტყვეს, რაც ოჯახისთვის ფსიქოლოგიურად რთულად გადასატანი იყო:

“აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელია, როცა ასეთ ინფორმაციას მედიიდან იგებენ ოჯახის წევრები იმ პირობებში, როდესაც ექსპერტიზის დასკვნა რამდენიმე დღეა უკვე მიღებულია.“

სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის ნაწილი 7 იანვარს მას შემდეგ გასაჯაროვდა, რაც გაირკვა, რომ იუნესკომ ლექსო ლაშქარავა 2021 წელს დაღუპოული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა. ნიკა სიმონიშვილის აზრით, ეს „პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლებას, სავარაუდოდ, ჰქონდა ეს დასკვნა, და ელოდებოდნენ იმ მომენტს, როდესაც ამ დასკვნის გამოყენება შეეძლებოდათ.”

დამატებით: იუნესკო ლექსო ლაშქარავას გამოძიების შესახებ. 

“საიას” თავმჯდომარე ფიქრობს, რომ ექსპერტიზის დასკვნას ჯერ ოჯახი და ადვოკატები უნდა გაცნობოდნენ, თუმცა სხვაგვარი ფორმით გასაჯაროვება ხელისუფლების მიერ „პოლიტიკური ქულების დაწერას“ უკავშირებს - „პოლიტიკური მოტივებით მოქმედება უფრო მეტ კითხვას გვიჩენს ექსპერტიზის დასკვნასთან მიმართებითო”, - დასძენს სიმონიშვილი.

“საიაში” მიიჩნევენ, რომ მართებული არ იყო არც სრული დოკუმენტის და არც მისი ნაწილის გასაჯაროვება და ინფორმაცია ისე უნდა გავრცელებულიყო, რომ გარდაცვლილის პერსონალური მონაცემები სათანადოდ დაეცვათ.

“თუმცა აქაც საინტერესოა, რომ გასაჯაროვდა ის ნაწილი, რომელიც რეალურად ხელისუფლებას აწყობდა საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისთვის.”, - გვეუბნება სიმონიშვილი.

რას ამბობს დამოუკიდებელი ექსპერტი?

ლექსო ლაშქარავას ექსპერტიზის დასკვნას დაეთანხმა და 30 დეკემბერს ხელი მოაწერა “ტვ პირველის” მიერ დაქირავებულმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ. თუმცა, ექსპერტიზის დასრულების შესახებ მას არხისთვის არ უცნობებია, რადგან „რადგან, დღესასწაულების ჩავლას ელოდა.“

„ადამიანური და მორალური თვალსაზრისით, ახლოვდებოდა შობა, განწყობა იყო სხვა და არ დავძაბე სიტუაცია. რომ დამერეკა 4-ში [როდესაც მისი თქმით, დასკვნის ასლი ჩაბარდა] და მეთქვა, დასკვნა ხელში მაქვს, მაგრამ ვერაფერს გეტყვით, წარმოიდგინეთ, რა რეაქცია იქნებოდა“, - გვითხრა ალექსანდრე გეჯაძემ.

გეჯაძე ამბობს, რომ შინაარსის გასაჯაროების უფლება არ ჰქონდა, თუმცა, ექსპერტიზის დასრულების შესახებ “ტვ პირველისთვის” ინფორმაციის მიწოდებას შობის მეორე დღეს აპირებდა: „მე რა ვიცოდი რომ გამოძიება გამოაქვეყნებდა. პოლიტიკურ სიმულაციებში მე ვერც ვერკვევი და არც მაინტერესებს“.

8 იანვარს “ტვ პირველის” დირექტორმა ვატო წერეთლმა ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა, რომ მათთვის ალექსანდრე გეჯაძეს არც ექსპერტიზის დასრულების და არც დასკვნაზე ხელმოწერის შესახებ არ უცნობებია, რაც “ბადებს გონივრულ ეჭვს რომ "დასკვნა" სასწრაფოდ შეთხზეს, უკანა თარიღით, მას შემდეგ, რაც “იუნესკომ” ლექსო მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა“ - წერს ვატო წერეთელი.



ხელისუფლების პასუხისმგებლობა და 5 ივლისი

ნიკა სიმონიშვილი ფიქრობს, რომ ექსპერტიზის ამ დასკვნით ხელისუფლება 5 ივლისის მოვლენებთან თავისი ბრალეულობის გაწყვეტას ცდილობს.

“რაც უნდა იყოს ლექსოს გარდაცვალების მიზეზი, ხელისუფლების ბრალი 5 ივლისს ჟურნალისტების ჯანმრთელობის დაზიანებისა და უსაფრთხოების დაუცველობის საკითხში პირდაპირ იკვეთება“ - ამბობს ნიკა სიმონიშვილი.

“საია” გარდაცვალების ფაქტთან მიმართებით ექსპერტიზის დასკვნას შეისწავლის და ლაშქარავას ოჯახთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვეტს გაასაჯაროვებენ თუ არა სრულ დოკუმენტს.

მანამდე კი ლაშქარავას ჯანმრთელობის დაზიანების ნაწილში სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. „ყველა დამნაშავე პირი გამოკვეთილი და დასჯილი არ არის, არც მოძალადეებისა და არც ორგანიზატორების ნაწილში, ასევე მნიშვნელოვანია შესაბამისი თანამდებობის პირების ბრალი გამოიკვეთოს, რომლებსაც უნდა ემოქმედათ და არ იმოქმედეს, ამ ნაწილში ვაგრძელებთ მუშაობას.”, - ამბობს “საიას” თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი.

კონტექსტი

"ტვ პირველის" ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს გამთენიისას საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. იგი ერთ-ერთია მედიის 53 წარმომადგენელს შორის, რომელსაც 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი "ღირსების მარშის" წინააღმდეგ გამოსული ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში სახის ძვლის მოტეხილობითა და თვალის დაზიანებით გადაიყვანეს. ალექსანდრე ლაშქარავა სამედიცინო დაწესებულებიდან 8 ივლისს გაწერეს. ოპერაციის შემდეგ იგი მკურნალობას სახლში განაგრძობდა.