საქართველო
კატეგორია - საქართველო
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" თბილისში ძალადობრივი ჯგუფების მიერ ჟურნალისტებზე თავდასხმას გმობს.

ორგანიზაცია განცხადებას Twitter-ზე ავრცელებს და ხელისუფლებას მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმების დაგმობისკენ მოუწოდებს.

“რეპორტიორები საზღვრებს გარეშე გმობს ჟურნალისტებზე მასობრივ თავდასხმებს და ხელისუფლებას მოუწოდებს დაგმოს და ნათელი მოჰფინოს ყველა თავდასხმას", - ნათვქამია განცხადებაში.

“თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგე რადიკალური ძალადობრივი ჯგუფები დღეს ჟურნალისტებს თავს დაესხნენ. ჩვენი ინფორმაციით, დაშავებულია მედიის 40-მდე  წარმომადგენელი, განადგურებულია გადამღები ჯგუფების ტექნიკა. საავადმყოფოში  გადაიყვანეს "რუსთავი 2-ის" და "ტვ პირველის" ოპერატორები. მედიების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ აქციაზე შეკრებილები სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ ჟურნალისტებს და ტერიტორიის დატოვებას აიძულებენ.
 
 
კატეგორია - საქართველო
“მთავარის”, “ტვ პირველისა” და “ფორმულას” დირექტორები ჰომოფობიური ჯგუფების მიერ ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებს ეხმაურებიან და განცხადებას ავრცელებენ.

ტელეკომპანიების ხელმძღვანელები მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის წახალისებაში ხელისუფლებას ადანაშაულებენ.

“გომელაურმა და ღარიბაშვილმა ნადირობის სეზონი გახსნეს ჩვენს ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე. მოვუწოდებთ ყველა მედიასაშუალებას ჩვენ თვითონვე დავიცვათ ჩვენი გადამღები ჯგუფები დ განვარიდოთ ადგილს იმიტომ, რომ დღეს ჩვენი ჟურნალისტებისა და გადამღები ჯგუფების სიცოცხლე არ არის დაცული და უაღრესად საშიშია”, - ამბობს “ტვ პირველის” დირექტორი ვატო წერეთელი.

ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს უპასუხისმგებლოს უწოდებს “ფორმულას” დირექტორი და დიპლომატიურ კორპუსს მიმდინარე მოვლენებში ჩართვისკენ მოუწოდებს.

“სამწუხაროდ, ამ ვითარებაში ხელისუფლებამ მწვანე შუქი აუნთო ძალადობას. მათი უპასუხისმგებლო განცხადებები არის წამახალისებელი იმისა, რომ ცოტა ხნის წინ სასტიკად სცემეს ჩვენს ჟურნალისტს რატი წვერავას და დღეს მედია იმყოფება საფრთხის წინაშე. მოვუწოდებთ ხელისუფლებას სასწრაფოდ განახორციელონ ყველა ღონისძიება იმისთვის, რომ იყოს დაცული ყველა ჟურნალისტის და ყველა ადამიანის გადაადგილება და ჯანმრთელობა”, - თქვა ზუკა გუმბარიძემ.

ჟურნალისტების მიმართ ძალადობის დროს პოლიციის დაგვიანებულ რეაგირებაზე საუბრობს “მთავარის” დირექტორი ნიკა გვარამია. მისი თქმით, პოლიციის რეაგირება მხოლოდ პოსტ ფაქტუმ იყო და არა პრევენციული. მისივე განმარტებით, ძალადობრივი ჯგუფები უპირისპირდებიან ყველა არხის, მათ შორის სამთავრობო ტელევიზიების ჟურნალისტებს.

“თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგე რადიკალური ძალადობრივი ჯგუფები ჟურნალისტებს თავს დაესხნენ. დაშავებულია მედიის ათობით წარმომადგენელი და დაზიანებულია ტექნიკა. საავადმყოფოში არიან გადაყვანილი "რუსთავი 2-ის" და "ტვ პირველის" ოპერატორები. მედიების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ აქციაზე შეკრებილები სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ ჟურნალისტებს და ტერიტორიის დატოვებას აიძულებენ.
კატეგორია - საქართველო
“თბილისი პრაიდი” რუსთაველზე აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცლეებს და ამბობს, რომ ღირსების მარში დღეს არ შედგება:

“დღევანდელი მოვლენების გათვალისწინებით, ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ შსს ადეკვატურად შეასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, რადგან ვხედავთ, რომ ისინი არ რეაგირებენ მათ თვალწინ მომხდარ ძალადობის ფაქტებზე, სიძულვილის უზარმაზარი ტალღა კი, რომელსაც ახლა ვუყურებთ, სწორედ ხელისუფლებისა და საპატრიაქროს მიერაა შთაგონებული და მხარდაჭერილი”.

პარალელურად, რუსთაველზე შეკრებილი “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგე რადიკალური ძალადობრივი ჯგუფები ჟურნალისტებზე თავდასხმებს აგრძელებენ. დაშავებულია მედიის ათობით წარმომადგენელი და დაზიანებულია ტექნიკა. მათი ნაწილი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

“სწორედ ასეთ უმოქმედობასა და სიძულვილის ჯგუფების პოლიტიკური ძალაუფლების იარაღად გამოყენებას მოჰყვა ის, რომ დარბეულია “თბილისი პრაიდისა” და მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისები, პოლიციის თვალწინ ძალადობენ ჟურნალისტებზე, ეს უფრო მეტია ვიდრე პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა, ეს არის გამოცხადებული ნადირობა მედიაზე, აქტივისტებზე, ყველა იმ ადამიანზე, რომელსაც თანასწორობის იდეის სწამს” - ნათქვამია თბილისი პრაიდის განცხადებაში.

შსს ამბობს, რომ მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობის და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის გამოვლენილ ფაქტებზე გამოძიება დაიწყო, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და შესწავლილი იქნება ინციდენტების ამსახველი ყველა მასალა.
კატეგორია - საქართველო
ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტს და ოპერატორს გაეროს ოფისთან ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ბიუროს ხელმძღვანელის, ნინო ჯაფიაშვილის ინფორმაციით, “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტს თორნიკე მანდარიას თავი აქვს გატეხილი და კბილები ჩამტვრეული. ოპერატორ დათო ქორიძეს კი დაზიანებული აქვს თავი და სახეზე რამდენიმე ადგილას ჰემატომა. მისივე თქმით, ამ წუთებში ჟურნალისტი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას ელოდება.

“თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგე რადიკალური ძალადობრივი ჯგუფები ჟურნალისტებს თავს დაესხნენ. დაშავებულია მედიის ათობით წარმომადგენელი და დაზიანებულია ტექნიკა. საავადმყოფოში არიან გადაყვანილი "რუსთავი 2-ის" და "ტვ პირველის" ოპერატორები. მედიების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ აქციაზე შეკრებილები სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ ჟურნალისტებს და ტერიტორიის დატოვებას აიძულებენ.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებს ავრცელებს და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე დაიცვას მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელისშეშლისაგან და ძალადობისგან.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთაველის გამზირზე მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა ( სსკ-ის 154-ე) და ძალადობის (126-ე) მუხლებით დაიწყო.
კატეგორია - საქართველო
რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე, ძალადობრივი ჯგუფების მიერ დაშავებული "რუსთავი 2-ის" და "ტვ პირველის" ოპერატორები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

“კურიერის” პროდიუსერი სალომე გირკელიძე ამბობს, რომ მაუწყებლის ოპერატორი შოთა სიკინჭალაშვილი, სავარაუდოდ, ტვინის შერყევის დიაგნოზით, ავაზაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. მისივე თქმით, დაშავებულია კიდევ ერთი ოპერატორი, დაზიანებული აქვს ტუჩი და დამტვრეულია ტელევიზიის 2 კამერა.

ნაცემია “TV პირველის” ოპერატორიც. ალექსანდრე ლაშქარავას დაზიანებული აქვს თვალი. მაუწყებლის საინფორმაციოს უფროსი ნოდარ მელაძე ამბობს, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადა საათზე მეტი ხნის დაგვიანებით მივიდა და იგი ახლახანს გადაიყვანეს საავადმყოფოში.

რუსთაველზე “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგე რადიკალური ძალადობრივი ჯგუფები ჟურნალისტებს თავს დაესხნენ. დაშავებულია მედიის ათობით წარმომადგენელი და დაზიანებულია ტექნიკა. მაუწყებლების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ აქციაზე შეკრებილები სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ ჟურნალისტებს და ტერიტორიის დატოვებას აიძულებენ.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებს ავრცელებს და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე დაიცვას მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელისშეშლისაგან და ძალადობისგან.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთაველის გამზირზე მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა ( სსკ-ის 154-ე) და ძალადობის (126-ე) მუხლებით დაიწყო.
კატეგორია - საქართველო
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებს ავრცელებს და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე დაიცვას მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელისშეშლისაგან და ძალადობისგან.

რუსთაველზე “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგე რადიკალური ძალადობრივი ჯგუფები ჟურნალისტებს თავს დაესხნენ. დაშავებულია მედიის ათობით წარმომადგენელი და დაზიანებულია ტექნიკა. მაუწყებლების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ აქციაზე შეკრებილები სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ ჟურნალისტებს და ტერიტორიის დატოვებას აიძულებენ.

ვრცლად იხილეთ: ძალადობრივი ჯგუფები აქციაზე ჟურნალისტებს თავს დაესხნენ

ქარტია მიმართავს ხელისუფლებას, რომ პროფესიული საქმიანობის შესრულებისას მედიას შეუქმნას შესაბამისი სამუშაო პირობები, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმაცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. უწყების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა ( სსკ-ის 154-ე) და ძალადობის (126-ე) მუხლებით დაიწყო. შსს-ში ამბობენ, რომ რუსთაველის გამზირზე პოლიციის თანამშრომელთა რეაგირების შედეგად მედიასაშუალებების წარმომადგენლები ამ ეტაპზე უსაფრთხო ადგილზე არიან განთავსებული.
კატეგორია - საქართველო
რუსთაველზე “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგე რადიკალური ძალადობრივი ჯგუფები ჟურნალისტებს თავს დაესხნენ. დაშავებულია მედიის ათობით წარმომადგენელი და დაზიანებულია ტექნიკა. მაუწყებლების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ აქციაზე შეკრებილები სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ ჟურნალისტებს და ტერიტორიის დატოვებას აიძულებენ.

"ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე ამბობს, რომ რუსთაველზე შეკრებილმა ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა მაუწყებლის ჟურნალისტსა და ოპერატორს თავს დაესხნენ და დაუმტვრიეს აპარატურა:

„თავდასხმა მოხდა რუსუდან ჯაბანიშვილზე და მის ოპერატორზე. პოლიცია იქ იდგა, კამერას ურტყამდნენ და პოლიცია არ რეაგირებდა. ორჯერ დავრეკეთ შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომ ჟურნალისტების სიცოცხლე არის საფრთხეში. ველაპარაკეთ შსს-ს თანამშრომელს, რეაგირება მაინც არ არის და გრძელდება ჟურნალისტებზე თავდასხმები.” - ამბობს ის. 

„ფორმულას“ ინფორმაციით, ჟურნალისტ გუგა დვალიშვილს მიკროფონი წაართვეს, ხელიდან გააგდებინეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მაუწყებლის ოპერატორს. ფიზიკურად გაუსწორდნენ ფორმულას კიდევ ერთ გადამღებ ჯგუფს - გიორგი გაბუნიას და ლექსო ხომასურიძეს.

ჟურნალისეტბზე თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს “მთავარი არხიც”. მაუწყებლის თქმით, ფიზიკურად დაუპირისპირდნენ მათ გადამღებ ჯგუფს.

ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს "პირველი არხის" ოპერატორს. მისი თქმით, აქციის მონაწილეები მედიის წარმომადგენლებს ბოთლებსა და ჯოხებს ესროდნენ.

დაშავებულია "პალიტრა ნიუსის" ოპერატორიც - დაზიანებები აქვს სახეზე და დამტვრეულია მისი კამერა.

“ტაბულა” ამბობს, რომ ძალადობრივი ჯგუფის წევრებმა თავში კეტი ჩაარტყეს გამოცემის ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ეცვა მაისური წარწერით "პრესა".

დაშავებულები არიან "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტები და ოპერატორებიც. საპატრულო პოლიციამ ადგილიდან განარიდა "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტი მარიკა გოცირიძე. მისი თქმით, ძალადობა ჟურნალისტებზე უცებ დაიწყო, მძიმედ დაშავდა „რუსთავი 2-ს“ ერთ-ერთი ოპერატორი.

ჟურნალისტებზე ძალადობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ტელეკომპანია “იმედიც” - აქციის მონაწილლები „იმედის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. 

ადგილზე მუშაობის საშუალება არ მიეცა "ნეტგაზეთის" ჟურნალისტს. 

თავს დაესხნენ On.ge-ს ჟურნალსიტს, თამთა კახაბერიძეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა ( სსკ-ის 154-ე) და ძალადობის (126-ე) მუხლებით დაიწყოუწყებაში ამბობენ, რომ რუსთაველის გამზირზე პოლიციის თანამშრომელთა რეაგირების შედეგად მედიასაშუალებების წარმომადგენლები ამ ეტაპზე უსაფრთხო ადგილზე არიან განთავსებული. შსს-ის განცხადებით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტს პოლიციის მხრიდან მკაცრი და მყისიერი რეაგირება მოჰყვება.
კატეგორია - საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს.

რა მოხდა?

30 ივნისს წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში, „ტვ პირველის” ჟურნალისტ ნინო ელიკაშვილს და ოპერატორ პაპუნა ხაჩიძეს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაესხნენ თავს.

ჟურნალისტები ამბობენ, რომ ისინი სოფელში ადგილობრივების პროტესტის გასაშუქებლად იყვნენ ჩასულები და გამგებლის მიერ მიწების შესაძლო მითვისების საკითხზე მუშაობდნენ.

გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად დაუპირისპირდა სოფლის გამგებლის ნათესავი. მოგვიანებით, კი ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გამგებლის კიდევ ერთმა ოჯახის წევრმა. მომხდარის ამსახველი კადრები „ტვ პირველმა“ გაავრცელა.

გამოძიების დეტალები

ჟურნალისტების თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით: ძალადობისა (სსკ-ის 126-ე ) და ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის (სსკ-ის 154-ე) გამო მიმდინარეობს.
კატეგორია - საქართველო
ტელეკომპანია "ფორმულაში" ამბობენ, რომ ხელისუფლება არხთან ბოიკოტის რეჟიმშია. 29 ივისს ჟურნალისტმა ვახო სანაიამ გადაცემა „პოლიტმეტრში“ თქვა, რომ კრიტიკული არხების მიმართ ბოიკოტი “ქართულმა ოცნებამ“, დიდი ხანია, წესად აქცია.” მმართველ პარტიაში გვეუბნებიან, რომ გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი მიზეზი არხის დაბალი რეიტინგია.

რა მოხდა

გადაცემა „პოლიტმეტრის“ წამყვანის, ვახო სანაიას ინფორმაციით, პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა იყო მაუწყებელში მისვლასთან დაკავშირებით. ზოგიერთი მაღალი თანამდებობის პირი, მზად იყო მონაწილეობა მიეღო გადაცემებში, თუმცა ისინი “გზიდან მიაბრუნეს” და რამდენიმეკვირიანი ფიქრის შემდეგ, მმართველმა პარტიამ კვლავ უარი თქვა “ფორმულას” ეთერში მისვლაზე. Სანაიამ ამ ნაბიჯს „ქართული ოცნების“ უპასუხისმგებლო მედიაპოლიტიკა” უწოდა.

“თქვენ კი არ ირჩევთ მედიასაშუალებებს, მედიასაშუალებები ირჩევენ, ვისთანაც აქვთ შეკითხვები, რომლებზეც პასუხები არა მხოლოდ ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოებას აინტერესებს“, - ასე მიმართა ჟურნალისტმა მმართველ პარტიას “ფორმულას” ეთერიდან.

რა პასუხი აქვს ხელისუფლებას

“ქართული ოცნების“ პრესსამსახურის თანამშრომელი გრეტა წიწავა გვეუბნება, რომ გადაწყვეტილების მიღების კრიტერიუმებს შორის იყო "არხის დაბალი რეიტინგი და წამყვანი სახეების მიდგომა".

„იყო სხვადასხვა კრიტერიუმები, რაც შეფასდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მათ შორის იყო რეიტინგები, მიდგომა, არხის პოზიცია, მისი ჟურნალისტების, „ფოლოვერების“ პოზიცია - ეს ყველაფერი ფასდებოდა და ამან გამოიღო შესაბამისი გადაწყვეტილება".

დაბალრეიტინგულ ტელევიზიებს შორისაა პოსტივიც, თუმცა, მას ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად სტუმრობენ. გრეტა წიწავა ამას იმით ხსნის, რომ საუბარია მხოლოდ ოპოზიციურ არხებზე: "პოსტვ ოპოზიციური არხი არა მგონია რომ იყოს, დაბალანსებული ტელევიზიაა” - განგვიმარტავს გრეტა წიწავა.

"ფორმულას" ჟურნალისტების მიდგომის ერთ-ერთ მაგალითად კი წიწავა მიშა მშვილდაძის მიერ 24 ივნისს ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტს ასახელებს, სადაც იუმორისტული გადაცემის წამყვანი შეურაცხმყოფელად მოიხსენიებს „ქართული ოცნების“ ლიდერებს.

წიწავა ამბვობს, რომ ხელისუფლება ოპოზიციურ არხებს რეიტინგულ გადაცემებში მონაწილეობაზე შეუთანმდა და „[მათგან] არანაირი პრეტენზია არ არის“.

“ქართულმა ოცნებამ” აირჩია გადაცემის ფორმატებიც და “მთავარ არხზე” და “ტვ პირველზე” მხოლოდ წამყვანებთან პირისპირ, ოპონენტების გარეშე საუბრობს.

“ფორმულა” ამბობს, რომ “ქართული ოცნების” დისკრიმინაციული მიდგომის გამო, ხმას მიაწვდის დასავლელ პარტნიორებს.

სად მიდის და სად არ მიდის “ქართული ოცნება“?

“ფორმულას” გადაცემები ერთადერთი არ არის, სადაც მმართველი პარტია მონაწილეობას არ იღებს. 2021 წლის ივნისამდე “ქართული ოცნება” არ დადიოდა “ტვ პირველზე”, “მთავარ არხზე” და “კავკასიაზე” და უარს ამობდა სხვა ტელევიზიის ზოგიერთ გადაცემაში მონაწილეობაზე. ყველაზე ხშირად მმართველი პარტიის წარმომადგენლები “იმედსა” და “პოსტივის” სტუმრობდნენ.

ეს ტენდენცია „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ მიერ გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის ფარგლებში ჩატარებულ მედიამონიტორინგების ანგარიშებშიც არის ასახული.

“მთავარ არხზე” ხელისუფლება ერთადერთ გადაცემაში იღებს მონაწილეობას - ტოქშოუში “ინტერვიუ ხელისუფლებასთან”. ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საავტორო გადაცემა 2021 წლის 14 ივნისიდან გადის ეთერში. როგორც მთავარი არხის დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, ხელისუფლება მხოლოდ ერთი-ერთზე ინტერვიუს ფორმატს დათანხმდა და უარს ამბობს დებატებში მონაწილეობაზე.

რამდენიმე კვირაა, ქართული ოცნების წარმომადგენლებმა დაიწყეს „ტვ პირველის“ გადაცემა “რეაქციაში” სტუმრობაც, თუმცა არ დადიან ამ ტელევიზიის სხვა გადაცემებში.

ტელეკომპანია „პირველის“ ორი ტოქშოუს, “პოლიტიკური პარასკევისა” და “საჯარო პოლიტიკის” წამყვანი ეკა მიშველაძე ამბობს, რომ ბევრი მცდელობის მიუხედავად, მის გადაცემებში მმართველი პარტია არ დადის: ”სულ არაფერს, ესეც სჯობს [რომ “რეაქციაში” სტუმრობა მაინც დაიწყეს]. ალბათ, სხვა გადაცემებში მაშინ მოვლენ, როცა თავად გადაწყვეტენ. უცნაური შეხედულებები აქვთ”.
კატეგორია - საქართველო
„ტვ პირველის” ჟურნალისტ ნინო ელიკაშვილს და ოპერატორ პაპუნა ხაჩიძეს წალკაში თავს დაესხნენ. “ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ადგილზე მყოფი კაცი ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს ჟურნალისტს.

“ტვ პირველის” ჟურნალისტის თქმით, წალკის სოფელ წინწყაროში ადგილობრივების თხოვნით, მათი პროტესტის გასაშუქებლად იყვნენ ჩასულები. სოფელ ს გამგებლის ერთ-ერთი ოჯახის წევრი კი ადგილზე მივიდა და გადამღებ ჯგუფს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდა. მოგვიანებით, ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გამგებლის კიდევ ერთმა ოჯახის წევრმაც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობის) და 154-ე (ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის) მუხლებით დაიწყო.
კატეგორია - საქართველო
ორი წელი გავიდა 2019 წლის 20-21 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციის დაშლის შემდეგ, სადაც მედიის 40 წარმომადგენელი დაშავდა, თუმცა დღემდე გამოძიება არ დასრულებულა. Ბრალი არ წარდგენია არცერთ სამართალდამცავს მათ შორის იმ ჟურნალისტების შემთხვევაშიც, რომლებიც პროკურატურამ ოფიციალურად სცნო დაზარალებულად.

რა მოხდა

მედიის წარმომადგენლებმა 20 ივნისის ღამეს სამართალდამცავების მიერ ნასროლი რეზინის ტყვიებით სხეულის დაზიანებები მიიღეს. Დაშავებულების ნაწილი ამბობს, რომ მათ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეეშალათ.

20-21 ივნისის მოვლენების დროს დაშავებულების ყველა საქმეს მთავარი პროკურატურა ერთ დიდ საქმეში აერთიანებს. საქართველოს გენერალური პროკურატურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ბაია ცანავა ამბობს, რომ გამოძიება ახლაც მიმდინარეობს.

2019 წელს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია დაუკავშირდა აქციაზე დაშავებულ მედიის 40 წარმომადგენელს. მათგან დღემდე მხოლოდ 3 ჟურნალისტია დაზარალებულად ცნობილი.

ჟურნალისტების საქმე სტრასბურგში

“გურიანიუსის” ჟურნალისტ მერაბ ცაავას, “კავკაზსკი უზელის” ჟურნალისტ ბესლან კმუზოვს და დამოუკიდებელ ჟურნალისტ ზაზა სვანაძეს, დაზარალებულის სტატუსი 6 აპრილს მიენიჭა. მათი საქმე “ადამიანთა უფლებების ცენტრმა” ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნა.

“Ეს ჟურნალისტები პროკურატურამ გამოკითხვაზე მხოლოდ მას შემდეგ დაიბარა და დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა, რაც სტრასბურგის სასამართლომ ამის შესახებ სახელმწიფოსთან კომუნიკაცია დაიწყო” - ამბობს “ადამიანის უფლებათა ცენტრის” დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი.

Კიდევ თერთმეტი დაშავებული ჟურნალისტის უფლებებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს, თუმცა მათთვის პროკურატურას დაშავებულის სტატუსი არ მიუნიჭებია.

“Საიამ” ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან" (EHRAC) ერთად 20-21 ივნისს დაშავებული მოქალაქეების, მათ შორის ჟურნალისტების სახელით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2 სარჩელი გააგზავნა." სარჩელები აქციის დაშლისას დაშავებული 22 ადამიანის, მათ შორის მედიის 11 წარმომადგენლის მიმართ, სახელმწიფოს მიერ ძალის გადამეტებასა და საქმის არაეფექტურ გამოძიებას ეხება.

ორგანიზაციის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ შეტანილი საჩივრების არსებითი განხილვა 18 ივნისს დაიწყო და საქართველოს მთავრობას კითხვებით მიმართა.

როგორ აფასებენ უფლებადამცველები გამოძიებას

“საიას” შეფასებით, “აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენებისა და სამართალდამცავთა მხრიდან ფიზიკური თუ სიტყვიერი ძალადობის შედეგად დაირღვა მედიის წარმომადგენელთა უფლებები, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლება, არასათანადო მოპყრობისგან დაცვის უფლება.”

Გამოძიება არაეფექტურად მიმდინარეობსო, ამბობს ადვოკატი გიორგი ტაბატაძე, რომელიც დაშავებული ჟურნალისტების უფლებებს იცავს: “საქმის მასალებს არ გვაცნობენ და შესაბამისად, დეტალებიც არ ვიცით, როგორ მიმდინარეობს გამოძიება. ჩვენ არ გვეძლევა საშუალება, რომ დავაკვირდეთ პროცესს” - გვეუბნება ადვოკატი.

Გამოძიებას “არაეფექტურს” უწოდებს “ადამიანთა უფლებების ცენტრის” ადვოკატი დიმიტრი ნოზაძეც, მიზეზად მასაც ის მოჰყავს, რომ პროკურატურა მათ საქმის მასალების სრულად გაცნობის შესაზლებლობას არ აძლევს: “გვყავს დაზარალებულები, მაგრამ არ ვიცით, ვინ უნდა აგოს პასუხი.” - ამბობს ნოზაძე.

Როდესაც “ადამიანის უფლებათა ცენტრმა” პროკურატურისგან საგამოძიებო მასალები გამოითხოვა, როგორც ადვოკატი ამბობს, მხოლოდ გამოკითხვის ოქმები და ჯანმრთელობის ცნობები მიაწოდეს, “რაც ჩვენ მიერვე იყო წარდგენილიო”, გვეუბნება დიმიტრი ნოზაძე და დასძენს: “ვფიქრობთ, ვინმესთვის ან რამისთვის ხელის დაფარების მცდელობა ხომ არ არის, იმიტომ, რომ დღემდე არ გვყავს ბრალდებული.”
კატეგორია - საქართველო
პროდუქტის განთავსების წესების დარღვევის გამო, კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „მთავარი არხი“ და „იმედი“ 2500-2500 ლარით დააჯარიმა.

„მთავარი არხი“ ეთერში 26 აპრილს გასულ გადაცემაში - „შენი დილა“ გასული სიუჟეტის გამო დაჯარიმდა, რომელიც მაღაზია „ელიტ ელექტრონიკსის“ ფასდაკლებებსა და შეთავაზებებს ეხებოდა. კომისიის ინფორმაციით, სიუჟეტში დეტალურად იყო წარმოდგენილი კონკრეტული ბრენდების საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

“იმედს” კი 18 მაისს გადაცემაში - „იმედის დღე“, „ლილო მოლის“ შესახებ გასული სიუჟეტის გამო დაეკისრა ჯარიმა. რეპორტაჟი სავაჭრო ცენტრის 30 წლის იუბილეს ეძღვნებოდა და ფასდაკლებების კვირეულსა და ახალ აპლიკაციას ეხებოდა. სიუჟეტი “მაყურებელს აპლიკაციის ინტერფეისისა და ფუნქციების შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდიდა. სტუდიაში მოწვეული სტუმრები დეტალურად საუბრობდნენ „ლილო მოლის“ უპირატესობებზე.

კომისიის შეფასებით, გადაცემებში პროდუქტებს გადაჭარბებული მნიშვნელობა მიენიჭა, რაც გავლენას ახდენდა პროგრამის შინაარსზე:

„სიუჟეტებში მოხდა შეძენისკენ წაქეზება, სარეკლამო განცხადებების გაჟღერება, ინფორმაციის მიწოდება ხელმისაწვდომობის შესახებ და გაკეთდა პროდუქტის პოზიტიურ თვისებებზე მითითება. ასევე სიუჟეტებისთვის დათმობილი დროის ხანგრძლივობა მიუთითებს პროდუქტის განთავსების წესების დარღვევაზე, რითაც მაუწყებლების მხრიდან დაირღვა საქართველოს კანონმდებლობა“ - აცხადებს კომისია.

კომუნიკაციების კომისიის განმარტებით, მსგავსი კანონდარღვევისთვის „მთავარ არხსა” და “იმედს” იანვარ-თებერვლის პერიოდში გაფრთხილება მიღებული ჰქონდათ, სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის გამო კი მაუწყებლები დაჯარიმდნენ.