ფოტო ღაზის სანაპიროდან
30.08.2016
“ჩემი დღე ღაზაში დილის ექვს საათზე დაიწყო. ფოტოგრაფია ისეთივე დაუგეგმავია რამეა, როგორც თავად ომი” - იხსენებს ტაილერ ჰიკსი, “The New York Times’-ის” ფოტოგრაფი, რომელიც ომის თემაზე წლებია მუშაობს.

ორგზის პულიტცერის პრემიისა და სხვა არაერთი მნიშვნელოვანი პრიზის მფლობელი ფოტოგრაფი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთსო გამოცემისთვის მუშაობს. კონფლიქტებს აშუქებდა ავღანეთში, პაკისტანში, ლიბიაში, ჩეჩნეთში სირიასა თუ ღაზაში.

2014 წლის ზაფხულში, 12 ივლისს, ისრაელი-ღაზას ორმოცდაათდღიანი ომის გასაშუქებლად წავიდა. იმ დღესაც დილის ექვს საათზე ჰიკსი ღაზას სექტორში იმ ადგილების გადასაღებად ემზადებოდა, რომელიც წინა ღამით დაბომბეს. ემზადებოდა, გადაეღო ქალაქის მთავარი საავადმყოფოს მორგი, საიდანაც ოჯახის წევრებს საკუთარი მიცვალებულები უნდა გაესვენებინათ და დაეკრძალათ.

გადაღებიდან ზღვის ნაპირთან ახლოს მდებარე სასტუმროში დაახლოებით, 4 საათზე დაბრუნდა. ფანჯრიდან ხედავდა, როგორ თამაშობდა ოთხი პატარა ბიჭი პლაჟზე. კომპიუტერი გახსნა და ის ის იყო, ნიუ-იორკში ფოტოები უნდა გადაგზავნა, რომ მძლავრი აფეთქების ხმა მოესმა. ის და მისი მძღოლი ფანჯარასთან მიცვივდნენ. სათევზაო პორტთან ცეცხლი და კვამლი დაინახეს. ამ დროს შენიშნეს პატარა ბიჭიც, რომელიც პლაჟიდან მორბოდა.

“სასწრაფოდ დავავლე ხელი ჩემს კამერას, ჩაფხუტსა და სხვა აღჭურვილობას და გარეთ გამოვვარდი. დაახლოებით, 30 წამში მეორე აფეთქება გაისმა. ბიჭი, რომელიც მანამდე პლაჟზე მორბოდა, ახლა მკვდარი იყო და დანარჩენ სამ ბიჭთან ერთად, ქვიშაზე გაუნძრევლად იწვა” - იხსენებს ჰიკსი ჩანაწერებში.

მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ბიჭები ბიძაშვილები იყვნენ. ღაზაში მცხოვრები მეთევზეების შვილები, რომლებსაც იმ ტერიტორიაზე ყველა კარგად იცნობდა. მიუხედავად იმისა, რომ მშობლებმა გააფრთხილეს საშიშროების შესახებ, ბიჭები ფეხბურთის სათამაშოდ პლაჟზე მაინც გაიპარნენ.

რომ არა ტაილერ ჰიკსი და კიდევ რამდენიმე საერთაშორისო გამოცემის ჟურნალისტი, ალბათ, ეს ამბავი აქტუალური არ გახდებოდა. ჟურნალისტებმა მომხდარიდან მცირე ხანში ფაქტის შესახებ ტვიტერზე დაწერეს. წერდნენ, რომ ისრაელის სამხედრო ძალებმა ცარიელი სანაპირო დაბომბეს.



მოგვიანებით, ისრაელის სამხედრო საქმის ანალიტიკოსებმა სატელევიზიო განცხადებაში აღნიშნეს, რომ სანაპიროზე შეტევის მიზანი, პირველადი მოკვლევის შედეგად მიღებული ინფორმაცია იყო, რომლის მიხედვითაც პორტთან ახლოს ჰამასის ობიექტები იყო განთავსებული. თუმცა გაურკვეველი რჩებოდა, რატომ გახდა საჭირო დამატებით, 30 წამში, მეორე დაბომბვა, რომელმაც დანარჩენი სამი ბავშვის სიცოცხლეც შეიწირა. ებრაელი სამხედრო ექსპერტების ახსნით, შესაძლოა, ისრაელის შეიარაღებულ ძალებს ბავშვები სამხედროები ეგონათ. ისრაელმა იმავე დღეებში ინცინდენტის გამოძიებისა და მიუკერძოებელი გადაწყვეტილების მიღების პირობა დადო.

ღაზას სექტორზე შეტევების დროს ისრაელი გამუდმებით აცხადებს, რომ იღებს ყველა ზომას, რათა სამოქალაქო პირებში ნაკლები მსხვერპლი იყოს. მიუხედავად ამისა, გაეროს სტატისტიკური მონაცემები ამბობს, რომ თითქმის, ორთვიანი კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა 75% სამოქალაქო პირია. უდანაშაულო მსხვერპლის მიზეზად ისრაელს ჰამასი მოჰყავს, რომელიც სამოქალაქო პირებით დასახლებულ ტერიტორიაზე მოქმედებს და ხშირად სხვა გზას არ უტოვებს.

მედიაექსპერტები მიიჩნევენ, რომ ტაილერ ჰიკსის ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია, თუ როგორ გამოჰყავს ადგილობრივ მაცხოვრებელს სანაპიროზე დაღუპული ოთხი ბიჭიდან ერთ-ერთი, არის ფოტო, რომელმაც სირიისა და პალესტინის კონფლიქტი და ღაზას სექტორში მიმდინარე მოვლენები, საერთაშორისო საზოგადოებას აბსოლუტურად სხვა კუთხით აჩვენა.

ავტორი : თამარ კარელიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ