კატეგორია: საქართველო
ბრიფინგებზე ჟურნალისტების ნაწილის არ შეშვების შემდეგ, ზოგიერთი მედიისთვის შეუძლებელი გახდა იმ ღონისძიებებზე მოხვედრაც, სადაც ვიცეპრემიერი და კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი იმყოფება.

“თქვენ ხართ უღირსი მედიასაშუალება”


22 მარტს ჟურნალისტებმა არასაჯარო წყაროსგან გაიგეს, რომ თეა წულუკიანი ეროვნულ გალერეაში მისვლას აპირებდა.

  • ეს ინფორმაცია კულტურის სამინისტროს პრესსამსახურს არ გაუვრცელებია.
  • თუმცა კრიტიკული მედიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ადგილზე მისულებს შენობაში დახვდნენ იმედის, ობიექტივის, POS TV-ის, რუსთავი 2-სა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები.
  • TV პირველის ჟურნალისტმა, გიორგი ხუხიამ გალერეაში შესვლა შეძლო, თუმცა არ შეუშვეს მისი ოპერატორი. ჟურნალისტი იხსენებს, რომ ურეკავდა შენობაში მყოფ პრესსამსახურის წარმომადგენელსაც და დაინახა, რომ ის ტელეფონს არ პასუხობდა.

„დაცვამ მითხრა, ყველა არხი, ვინც გადაღებაზე იყო დაშვებული, უკვე შესულია, პრესსამსახურმა მომცა სიებიო. მოვითხოვე ეს სია და არ მომცეს. მერე მითხრეს, ზეპირი სია იყოო.“ - ამბობს გიორგი სუხია.

მას შემდეგ, რაც ჩაეკითხა, რას გულისხმობდა „ზეპირი სია“ და გულისხმობდა თუ არა ეს „ოპოზიციური მედიის არშეშვებას“, სუხიას თქმით, „დაცვის თანამშრომელი დაიბნა და გაიწია“ – „ვცადე კამერის გარეშე შევსულიყავი და უშუალოდ თეა წულუკიანისგან ამეღო ნებართვა ოპერატორის შეყვანაზე“.

გიორგი ხუხიამ ტელეფონის კამერა ჩართო და ისე ცდილობდა მინისტრისგან მიეღო პასუხი, რატომ არ უშვებენ ოპერატორს შენობაში.

ვიდეოში, რომელიც TV პირველმა გამოაქვეყნა, თეა წულუკიანი ჟურნალისტს პასუხობს: „აბა მე რა ვიცი“.

შემდეგ მინისტრმა პრესსამსახურისკენ მიუთითა, რომელიც დაინტერესდა, სად არის კამერა, თუმცა რეაგირება მასალაში არ ჩანს. ჟურნალისტი კვლავ ცდილობს მინისტრისთვის კითხვის დასმას, თუმცა წულუკიანი არ პასუხობს და გალერეაში მყოფი სხვა ადამიანები მას „პროვოკატორს“, „ჭუტავიზიას“ უწოდებენ.

სხვა ჟურნალისტებთან საუბრის შემდეგ, გიორგი ხუხიას კითხვას, რატომ არ მიეცა ღონისძიების გაშუქების საშუალება, თეა წულუკიანმა ასე უპასუხა:

„იმიტომ, რომ თქვენ ხართ უღირსი მედიასაშუალება“.

“ეს ვინ არის?”


22 მარტს ეროვნულ გალერეაში შესვლა მოახერხეს ონლაინ გამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტებმა, მინდია გაბაძემ და მისმა კოლეგამ, ბასტი მგალობლიშვილმა. წულუკიანის იქ მისვლის შესახებ მათაც არასაჯარო წყაროსგან გაიგეს.

  • მინდია გაბაძე ჰყვება, რომ როცა მივიდნენ, სხვა ჟურნალისტები უკვე შენობაში იყვნენ, თუმცა მათ შორის არ იყო ოპოზიციური მედია.
  • ის გარეთ გავიდა, რათა მინისტრს დახვედროდა და გადაეღო.
  • ელოდა, რომ იქ სხვა ჟურნალისტებიც იქნებოდნენ, რადგან წულუკიანის მიმართ ინტერესი დიდია და როგორც წესი, კითხვების დასმა რომ მოახერხონ, ჟურნალისტები ორ ჯგუფად ნაწილდებიან.

„აღმოვჩნდი მარტო, რაც ჩემზე მეტად მინისტრს გაუკვირდა. აშკარად იცოდა, რომ გარეთ არავინ დახვდებოდა. ჩემს ვიდეოშიც ჩანს, რომ პირველი, რასაც თეა წულუკიანი აკეთებს, პრესსამსახურს ეკითხება, ვინ ვარ მე და შემდეგ პირადად ჩემთან იწყებს კომუნიკაციას“.

ვიდეოში, რომელიც პუბლიკამ გაავრცელა, ამ კითხვიდან მალევე ისმის, როგორ ეუბნება წულუკიანი ჟურნალისტს, რომ მასთან სალაპარაკო არაფერი აქვს.

“არ მინდა თქვენი კადრები, აბრძანდით”, — ამბობს მინისტრი.

მინდია გაბაძის თქმით, ხან მუზეუმის, ხან დაცვის თანამშრომლები მუშობაში მუდმივად უშლიდნენ ხელს.

რა ხდებოდა აქამდე

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ჟურნალისტები კულტურის სამინისტროს მიერ მედიის დაყოფაზე საუბრობენ. მაგალითად, 2021 წელს თეა წულუკიანის ბრიფინგზე მედიის ნაწილი რამდენჯერმე არ შეუშვეს.

  • ჟურნალისტები მაშინაც ამბობდნენ, რომ უწყების დაცვა მიზეზად ასახელებდა „შესაბამის მითითებას“.
  • მედიამენეჯერები კი უკვე რამდენიმე თვეა საუბრობენ ბრიფინგების შესახებ შეუტყობინებლობაზე და იმაზე, რომ კულტურის სამინისტროდან ანონსები მხოლოდ სახელისუფლებლო ტელევიზიებს ეგზავნებათ.

ფაქტებად:

  • 2021 წლის 22 ივლისს, თეა წულუკიანმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს წაართვა მიკროფონი, რომელსაც მინისტრი თვეების განმავლობაში არ აბრუნებდა. • ეს ფაქტი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch ანგარიშშიც მოხვდა.
  • მედიამანეჯერები კულტურის სამინისტროს ერთ-ერთ ყველაზე ჩაკეტილ უწყებად ასახელებენ.
  • თეა წულუკიანის თქმით, “ფეიკ ნიუსის” პირობებში გამოხატვის თავისუფლება უნდა შეიზღუდოს. ფეიკ ნიუსად კი მმართველი გუნდი ხშირად მედიის მხრიდან კრიტიკას მიიჩნევს.
  • არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდეს, რომ შეწყვიტოს მედიის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა და ყველა ჟურნალისტს მისცეს ინფორმაციაზე წვდომის თანაბარი შესაძლებლობა.

რა ამბობენ სამინისტროში?


კულტურის სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მინისტრთან დაკავშირებით ანონსების მედიაში გავრცელება შერჩევითად არ ხდება. „არ ვიცი, რა ნახეთ კადრში, მაგრამ შემოსული იყო და დებოშიც მოაწყო. რაც უნდოდა, მე მგონი გააკეთა“. - ასე უპასუხა პრესსამსახურის წარმომადგენელმა, რუსო უშიკიშვილმა კითხვას, თუ რატომ არ შეუშვეს TV პირველის გადამღები ჯგუფი გალერეაში.

მოკლე სატელეფონო საუბრის შემდეგ ტელეფონი გაითიშა, მომდევნო ზარზე კი პრესსამსახურის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ ცუდ ადგილასაა, ტელეფონი ითიშება და ხმა არ ესმის.

ამიტომ რუსო უშიკიშვილს მედიასთან თეა წულუკიანის დამოკიდებულებაზე კითხვები მივწერეთ და პასუხიც წერილობით ვთხოვეთ. მან მხოლოდ 22 დეკემბერს ჟურნალისტების ნაწილის გალერეაში არ შეშვებაზე გვიპასუხა:

„გამოფენის გახსნაზე მოწვეული იყო ის მედია, რომელიც აშუქებს კულტურულ ღონისძიებას და არა ის მედიასაშუალებები, რომლებიც მოდიან დებოშის მოსაწყობად და ღონისძიების ჩასაშლელად“.

ვერ მივიღეთ პასუხი კითხვაზე: რატომ არ ატყობინებენ კრიტიკულ მედიას წულუკიანის სხვადასხვა ღონისძიებაზე მისვლის შესახებ, სადაც ჟურნალისტები კითხვების დასმას შეძლებდნენ, რატომ არ უშვებენ მათ ბრიფინგებზე და რატომ გართულდა კულტურის სამინისტროდან სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიღება მედიისთვის.
კატეგორია: საქართველო
ჟურნალისტებს უფრო და უფრო მეტად უძნელდებათ საჯარო უწყებიდან ინფორმაციის მიღება. ეს პრობლემა ძირითადად კრიტიკულ და ოპოზიციურ მედიას ექმნება.



ორგანიზაცია საინფორმაციო ქსელების ცენტრმა 2021 წლის მეორე ნახევარში ცენტრალური ხელისუფლებიდან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაზე 220 მოთხოვნა გაგზავნა.

აქედან:

  • 12 პასუხი არასრულყოფილი იყო;
  • 38 დაგვიანებით გაუგზავნეს;
  • დანარჩენ შემთხვევებში პასუხი საერთოდ არ მიუღიათ.

„ეს არის ნერვების ომი, მივიღოთ ის, რაც გეკუთვნის. ამას როდემდე გავუძლებთ, არ ვიცი“ - ამბობს საინფორმაციო ცენტრების ქსელის ხელმძღვანელი, გელა მთივლიშვილი.

რა არის საჯარო ინფორმაცია?

  • საჯარო ინფორმაცია არის საჯარო დაწესებულებაში დაცული, ასევე, საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი და საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია.
  • ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი დოკუმენტი, მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტო, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები.
კანონით, ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია, მიუხედავად მისი ფორმისა.

მეტი დეტალი ნახეთ აქ: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

რა პრობლემაა?

ბოლო პერიოდში ჟურნალისტებისთვის განსაკუთრებით გართულდა საჯარო უწყებებიდან ინფორმაციის მიღება.

  • ხშირად, ისინი ამ ინფორმაციას არათუ დაუყოვნებლივ, არამედ, კანონით გათვალისწინებულ 10 დღის ვადაშიც ვერ იღებენ.
  • არის შემთხვევებიც, როდესაც უწყება ინფორმაციას არასრულად გზავნის პერსონალური მონაცემების მომიზეზებით ზოგ კითხვას პასუხს არ სცემს, ან მედიას უბრალოდ არ პასუხობს.
  • უწყებები უგულებელყოფენ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 40-ე მუხლის პირველი ნაწილს, რომლის მიხედვით, საჯარო ინფორმაცია უნდა გაიცეს დაუყოვნებლივ.
  • საჯარო უწყებები მედიას თითქმის არასდროს აფრთხილებენ ინფორმაციის გაცემის 10 დღიანი ვადის შესახებაც, კანონის მოთხოვნის მიუხედავად.

ონლაინ გამოცემა „პუბლიკის“ მთავარი რედაქტორი, ლიკა ზაკაშვილი საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას ორ ნაწილად ყოფს:

  • კომენტარის ან კონკრეტული ინფორმაციის მოპოვება პრესსამსახურის გავლით ან უშუალოდ რესპონდენტთან კომუნიკაციის გზით;
  • საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა.
გაუარესება ორივე ნაწილშიაო, ამბობს „პუბლიკის“ რედაქტორი.

„გვართმევენ შესაძლებლობას, აქტუალური თემები გავამყაროთ მონაცემებითა და მტკიცებულებებით. არ გვაძლევენ კომენტარს, ხოლო საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა ხშირად ავტომატურად გულისხმობს ერთთვიანი მოცდის პერიოდს.“ - გვეუბნება ლიკა ზაკაშვილი.

ტელეკომპანია „პირველი“ ბოლო ორი კვირის განმავლობაში სატყეო სააგენტოსა და სახელმწიფო ქონებით სარგებლობის სააგენტოსგან უშედეგოდ ითხოს ინფორმაციის კერძო პირებისთვის ტყის გადაცემის შემთხვევის შესახებ.

„ეს არის ერთგვარი ტრენდი — როცა საქმე ეხება სახელმწიფო ქონების სხვადასხვა პირობით გადაცემას, საჯარო ინფორმაციის მოპოვება შეუძლებელი ხდება, რაც ძალიან ცუდია, რადგან შემდეგ ძალიან გვიჭირს ინფორმაციის გადამოწმება” - ამბობს ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე. მისი თქმით, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა განსაკუთრებით მას შემდეგ გართულდა, რაც პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახდა.

მეორე მხრივ, მსგავსი პრობლემა არ ექმნება ტელეკომპანია „იმედს“. როგორც ტელევიზიის საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების ხელმძღვანელი, ირაკლი ჩიხლაძე ამბობს, კარგი კომუნიკაცია აქვთ როგორც სახელისუფლო, ისე ოპოზიციური პარტიების პრესსამსახურებთან, გარდა ნაციონალური მოძრაობის, ლელოს და ევროპული საქართველოსი. ეს პარტიები პირდაპირ ეთერს ითხოვენ და კომენტარზე უარს ამბობენო.

“ულტიმატუმია მათი მხრიდან, პირდაპირი ეთერი უნდათ, როცა სიუჟეტზეა საუბარი მაგრამ ფორმატიდან გამომდინარე, იმედის კვირა ან ქრონიკა 20:00 საათზე ვერ დასვამს სტუმარს”.

ხელისუფლების ბრალდებები მედიას, ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემდეგ

„ხშირ შემთხვევაში, უბრალოდ ფაქტის გადამოწმება გვინდა და ვუხსნით, რომ სიუჟეტისთვის [საჯარო უწყებების] პოზიცია თუ ინფორმაცია აუცილებელია,“ - ამბობს გადაცემა „შაბათის ფორმულას“ ჟურნალისტი, გიორგი ჩადუნელი - „ხოლო როცა ორი თუ სამი დღის განმავლობაში თხოვნისა და მიწერ-მოწერის შემდეგ ინფორმაციის გაცემაზე მაინც უარს გვეუბნებიან და სიუჟეტი მათი პოზიციის გარეშე გადის, დეზინფორმაციის გავრცელებაში გვადანაშაულებენ“.

ხშირად, ასეთ დროს სახელისუფლებლო ორგანოები ავრცელებენ ოფიციალურ განცხადებებსაც, სადაც უარყოფენ სიუჟეტში გასულ ინფორმაციას და ოპოზიციურ მედიას აკრიტიკებენ.

„ყოფილა შემთხვევები, როცა ამ განცხადებებში იყო მოცემული ის ინფორმაციაც, რომელსაც ჟურნალისტი უწყებისგან ითხოვდა.“ - გვეუბნება „მთავარი არხის“ ჟურნალისტი, მიშა სესიაშვილი.

ყველაზე „ჩაკეტილი“ საჯარო უწყებები, რომლებზეც ჩვენი რესპონდენტები საუბრობენ:

  • კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო;
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო;
  • მთავრობის ადმინისტრაცია;
  • პროკურატურა;

რესპონდენტების მიერ დასახელებული უწყებები, რომლებიც საჯარო ინფორმაციის გაცემას არ ერიდებიან:

  • საქსტატი;
  • ჯანდაცვის სამინისტრო და მისი ქვე-უწყებები, მათ შორის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი (NCDC);

რა პრობლემებს უქმნის მედიას უარი საჯარო ინფორმაციაზე?


საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარს, გელა მთივლიშვილი „ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას“ უწოდებს.

სხვადასხვა ოფიციალური უწყებიდან ამ ტიპის ინფორმაციის გამოთხოვა ჟურნალისტიკაში ძალიან მნიშვნელოვანი, ხშირად კი, აუცილებელია.

ხშირად, ჟურნალისტურ მასალაზე მუშაობისას რესპონდენტის კომენტარი არ არის საკმარისი, რომ დასმულ კითხვებს პასუხი ამომწურავად გაეცეს. ამისთვის, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

გელა მთივლიშვილის აზრით, საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უკიდურესი გაუარესებით ხელისუფლება მედიას აყენებს დარტყმის ქვეშ და ცდილობს, დაასუსტოს ის.

გასაჩივრების მექანიზმი


საჯარო უწყებების მხრიდან კანონდარღვევის შემთხვევაში გასაჩივრების მექანიზმები არსებობს, თუმცა ეს დროსა და რესურსს მოითხოვს, რაც მედიას ხშირად არ აქვს.

ჩვენს საჩივრებს უმეტესად არ განიხილავენო, ამბობს გელა მთივლიშვილი. ხშირად, ისინი მოთხოვნილ ინფორმაციას მხოლოდ გასაჩივრების შემდეგ იღებენ და მერე უწყება საჩივარს აღარ განიხილავს, „მიუხედავად იმისა, რომ ამ საჩივარში ვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას იმ ადამიანისთვის, ვისაც საჯარო ინფორმაციის გაცემა ევალება“.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ მედია გამონახავს რესურსს, სრულად გაჰყვეს გასაჩივრების პროცესს, ის იმდენად იწელება, რომ საქმის მოგების შემთხვევაშიც, ხშირად, უწყებისგან ბოლოს და ბოლოს მიღებულ მონაცემებს საინფორმაციო ღირებულება აღარ გააჩნია.

საბოლოოდ კი წაგებული ისევ საზოგადოება რჩება, რომელიც ასეთ დროს მედიისგან ვერ იღებს სრულ და ამომწურავ ინფორმაციას.