როგორ დავთვალოთ ხალხი აქციაზე?
26.02.2022
ხალხმრავალი აქციების შემდეგ ხშირად გვესმის სპეკულაციები დემონსტრაციაზე დამსწრეთა რაოდენობის შესახებ.

ქუჩაში, მრავალათასიან აქციებზე დამსწრეთა ზუსტი რაოდენობის დათვლა შეუძლებელია, მაგრამ არსებობს მეთოდები, რომლითაც შეგვიძლია, მიახლოებითი რაოდენობა გამოვთვალოთ.


ამ სტატიაში აგიხსნით, როგორ დათვალოთ მარტივად, უძრავ აქციაზე მდგომი ადამიანების რაოდენობა.

ამისთვის ორი რამ უნდა ვიცოდეთ:

  1. რა ფართობზე არიან განაწილებული ადამიანები.
  2. როგორია აქციაზე ხალხის დგომის სიმჭიდროვე.
  3. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ აქციის ცენტრში ყოველთვის ბევრად დიდია სიმჭიდროვე, ვიდრე პერიფერიებში.

მეტი დეტალი შეგიძლიათ ნახოთ ამ სტატიაში: როგორ ითვლიან აქციებზე მონაწილეების რაოდენობას


აქ კი გაჩვენებთ აქციაზე ხალხის დათვლის ძალიან მარტივ გზას:

ამისთვის დაგჭირდებათ:

  • დრონით, ან მაღალი წერტილიდან გადაღებული კადრები, სადაც ჩანს ხალხის გადანაწილება ტერიტორიაზე.
  • ან თქვენი საკუთარი დაკვირვება, დაახლოებით როგორია ხალხის სიმჭიდროვე.
  • კომპიუტერი ინტერნეტით, სადაც გადახვალთ ვებგვერდზე, Mapchecking.com.
ეს პლატფორმა ავტომატურად ითვლის ხალხის რაოდენობას მითითებული ტერიტორიისა და ხალხის სიმჭიდროვის მიხედვით.

მაგალითისთვის გამოვთვალოთ ხალხის რაოდენობა 25 თებერვალს, უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე საქართველოს პარლამენტის წინ.

ფოტო: დათუნა ჭიჭინაძე

დრონის კადრებში ჩანს, რომ ყველაზე მეტი ხალხი პარლამენტის წინ, ცენტრშია.

ამიტომ პირველ რიგში მოვნიშნოთ ეს ტერიტორია და მივუთითოთ მაქსიმალური სიმჭიდროვე.

რადგან ზუსტ ციფრს ვერ დავითვლით, უმჯობესია ვნახოთ,
  • რამდენი ადამიანი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ კვადრატულ მეტრზე 4 დემონსტრანტი იდგებოდა და
  • შევამოწმოთ მაქსიმალური რიცხვიც, რაც, საიტის მიხედვით, ხუთია, კვადრატულ მეტრზე.

alt

პლატფორმა გვეუბნება, რომ ასეთი სიმჭიდროვის დროს პარლამენტის წინ ამ ტერიტორიაზე 9-დან 10 ათასამდე ადამიანი დგას.


ნახეთ ვიდეო:



გადავიდეთ პერიფერიებზე

იმავე ფოტოს მიხედვით, ყველაზე გადატვირთული ნაწილიდან ჭიჭინაძის ქუჩამდე ხალხი საშუალო სიმჭიდროვით არის გადანაწილებული. ანუ კვადრატულ მეტრზე დაახლოებით, 2-3 ადამიანი.

ცენტრიდან 9 აპრილის ქუჩამდე სიმჭიდროვე ამდენივეა, თუმცა რადგან 9 აპრილის ქუჩა ჭიჭინაძის ქუჩაზე ორჯერ ფართოა, აქ ოდნავ მეტი ადამიანი ეტევა.

ამგვარად, Mapchecking.com-ის მიხედვით:

  • ცენტრიდან ჭიჭინაძის ქუჩამდე დაახლოებით 4-4,5 ათასი ადამიანი იყო შეგროვებული.
  • ცენტრიდან 9 აპრილის ქუჩამდე კი 5.5-6 ათასი.

alt

ფოტოზე ასევე ჩანს, რომ ხალხი კანტიკუნტად იდგა პერიფერიებზე მოსწავლეთა სასახლის და თბილისის კლასიკური გიმნაზიის წინაც.

თუ რუკაზე ამ ტერიტორიას მოვნიშნავთ და Light-ს ანუ დაბალ სიმჭიდროვეს მივუთითებთ,
  • კლასიკური გიმნაზიის წინ, დაახლოებით ილიას და აკაკის ძეგლის ჩათვლით, ტერიტორიაზე 500-600 ადამიანი იდგა
  • მოსწავლეთა სასახლის წინ კი - 150-200-მდე.

alt


მთავარია მუდამ გახსოვდეთ, რომ აქციებზე ხალხის ზუსტი რაოდენობის დასახელება შეუძლებელია, მაგრამ ამ საიტის მიხედვით, შეგვიძლია თავისუფლად ვივარაუდოთ, რომ 26 თებერვალს, პარლამენტთან გამართულ აქციაზე უკრაინის მხარდასაჭერად, დაახლოებით 20 ათასი ადამიანი იყო შეკრებილი.

ავტორი : გიორგი გოგუა; 64;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ