საქართველო

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირებმა “აჭარა TV-ზე” კრიტიკული ანგარიში გამოაქვეყნა
ავტორი : მედიაჩეკერი;
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირების შეფასებით, აჭარის ტელევიზიაში ბოლო ორი წელია კრიტიკისგან დაცლილი და ხელისუფლების მიმართ ლოიალური სარედაქციო პოლიტიკა, უთანასწორობა, რეპრესიული და მტრული შრომით პირობებია.

რა მოხდა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფესიული გაერთიანებამ აჭარის მაუწყებელში გიორგი კოხრეიძის დირექტორობის “2 წლიანი პერიოდის ალტერნატიული/კრიტიკული ანგარიში” გამოაქვეყნა. კვლევა 2019 წლის 22 ნოემბერდან 2021 წლის 22 ნოემბრის პერიოდს მოიცავს.

ანგარიშში მიმოხილულია გიორგი კოხრეიძის დირექტორად არჩევამდე მაუწყებელში მიმდინარე მოვლენები და შეჯამებულია ბოლო 2 წლის განმავლობაში აჭარის ტელევიზიაში მომხდარი მნიშვნელოვანი ამბები.

ვის აერთიანებს აჭარის მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირები

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირები არხის 65-მა თანამშრომელმა 2020 წლის 28 იანვარს დააფუძნა. მათი თქმით, ისინი საკუთარი უფლებების დასაცავად გაერთიანდნენ.

ანგარიშის ძირითადი მიგნებები:


ალტერნატიული პროფკავშირების დაკვირვებით, აჭარის ტელევიზიაში ახალი კადრების მიღება, ხშირ შემთხვევაში ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს ემყარებოდა. “კარიერული წინსვლის შესაძლებლობა, ხშირ შემთხვევაში, არ არის დაკავშირებული კომპეტენციის ზრდასთან და შემოფარგლულია მენეჯმენტთან სიახლოვის კრიტერიუმით”. პროფკავშირების შეფასებით, ამგვარი მიდგომა და პრაქტიკა სრულიად უპერსპექტივოს ხდის თანამშრომელთა დიდი ნაწილისთვის მაუწყებელში საკუთარი საქმიანობის პირნათლად შესრულებას და გულგრილ, უიმედო მდგომარეობაში ამყოფებს მათ.

ანგარიშში საუბარია პანდემიის პერიოდში მაყურებლის ინფორმირების პრობლემაზეც: აჭარის მაუწყებელმა “არათუ ახალი და შეცვლილ რეალობაზე მორგებული გადაცემები ვერ შესთავაზა მაყურებელს, არამედ - რადიკალურად შეამცირა არსებული საეთერო ბადეც კი; ამასთანავე, კვირაში მხოლოდ ერთი დღე დაუთმო სამედიცინო გადაცემას და ამით, ინფორმაციული სიმწირის შევსების ნაცვლად - გააღრმავა ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღების პროცესი რიგითი მოქალაქეებისთვის”.



კონტექსტი

გიორგი კოხრეიძის დირექტორად დანიშვნის შემდეგ ცვლილებები აჭარის ტელევიზიის არაერთ თანამშრომელს შეეხო. ახალი ხელმძღვანელობის პირობებში, კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების ნაწილი სამსახურიდან გაათავისუფლეს, ზოგიერთმა მათგანმა კი თავად დატოვა მაუწყებელი.

ბოლო ორი წლის განმავლობაში, აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების მხარდასაჭერად და დირექტორის გადადგომის მოთხოვნით არაერთი აქცია გაიმართა.

მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებს კრიტიკულად აფასებდნენ გავლენიანი ორგანიზაციებიც. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე მმართველი პარტიის გავლენის შესახებ რამდენიმე საერთაშორისო ანგარიშში, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლისა და „რეპორტიორების საზღვრებს გარეშეს“ 2021 წლის ანგარიშებშია საუბარი.
24.11.2021
ბეჭდვა