საქართველო
კატეგორია - საქართველო

ფოტო: „საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები"


„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” განცხადებით ეხმაურება საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორთა საბჭოს მიერ მთავარი საინფორმაციო გამოშვების, „მოამბის“, წამყვანის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის და გადაცემა „რეალური სივრცის“ წამყვანის, ნინო ზაუტაშვილის, საზოგადობრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებასა და საზოგადობრივი მაუწყებლის ოთხი თანამშრომლის - გადაცემა „რეალური სივრცის“ კორესპონდენტის, თამარ მშვენიერაძის, ამავე გადაცემის წამყვანის, იოსებ კაციტაძის, პულტის რეჟისორისა და შეთავსებით სპორტული გადაცემების რეჟისორის, კახაბერ მელიქიძის, ბრენდინგისა და პრომოციის რეჟისორის, ირმა ჩუბინიძის - მიმართ დისციპლინარული სანქციების გამოყენებას.

ქარტია საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორთა საბჭოს ამ გადაწყვეტილებას კრიტიკული აზრისთვის დევნად და კრიტიკულად განწყობილ თანამშრომლებზე შურისძიებად აფასებს, მას უმკაცრესად გმობს და ექვსივე კოლეგას სოლიდარობას უცხადებს.

„ნინო ზაუტაშვილის თქმით, 11 აპრილს დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ ისე აცნობეს, რომ მისთვის დისციპლინური მოკვლევის შედეგები არ გაუცნიათ. ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს უთხრეს, რომ მას დასაბუთებული გადაწყვეტილება მოგვიანებით ჩაბარდება.

გაუმჭვირვალე დისციპლინური მოკვლევა საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა კრიტიკული აზრის ჩასახშობად და თანამშრომლების დასაშინებლად გამოიყენა.

მანამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლები ტელევიზიის ხელში ჩაგდების მიზნით კოორდინირებულად მოქმედებაში ყოველგვარი დასაბუთების გარეშე დაადანაშაულა და პროკურატურას მათი ქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ერთი ნაწილი უკვე თვეებია, პროტესტს გამოთქვამს ტელევიზიის მიერ „ქართული ოცნების“ მიმართ აშკარად მიკერძოებული პოლიტიკის გატარებისა და სარედაქციო პოლიტიკაში უხეში ჩარევის გამო, მათ შორის, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის, მხრიდან. თანამშრომლები წუხდნენ იმის გამო, რომ პრო-ევროპულ აქციებს საზოგადოებრივი მაუწყებელი საკმარის ყურადღებას არ უთმობდა და ფაქტებს ჩქმალავდა და რომ ტელევიზიამ დროულად და სათანადოდ არ გააშუქა პოლიციის მიერ ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტები, მათ შორის, მათივე თანამშრომელზე ძალადობის ფაქტი და ჟურნალისტსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” თანამშრომელზე, ზვიად ქორიძეზე, თავდასხმა.

ნინო ზაუტაშვილი 40 წელია პირველი არხის თანამშრომელია. მას წლების განმავლობაში მიჰყავდა გადაცემა „რეალური სივრცე“, რომელიც პრაქტიკულად ბოლო გადაცემა იყო საზოგადოებრივ მაუწყებელზე, სადაც მწვავე სოციალურ პრობლემებზე მსჯელობდნენ, სადაც ისმოდა განსხვავებული აზრი, და სადაც იწვევდნენ იმ ექსპერტებს, რომლებთანაც პრო-სამთავრობო მედია არ თანამშრომლობდა. ბოლო თვეებში გადაცემა მხოლოდ რადიოს ეთერში გადიოდა.

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის შეფასებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკი თავისი სარედაქციო პოლიტიკით არ პასუხობს საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებს. ის მზია ამაღლობელს ყოველი საინფორმაციო გამოშვების დაწყებისას, პირდაპირი ეთერით უცხადებდა სოლიდარობას. ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ეთერს 4 თებერვლიდან ჩამოაშორეს, რის მიზეზადაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თანამშრომლებთან დაძაბულობის პრევენცია დაასახელა.

პროევროპული აქციების პარალელურად, საზოგადოებრივ მაუწყებელთან პრაქტიკულად ყოველდღიურად იკრიბებიან მოქალაქეები, სხვადასხვა პროფესიული ჯგუფის წარმომადგენლები, და საზოგადოებრივ მაუწყებელს თავისი მოვალეობის შესრულებისკენ მოუწოდებენ. საზოგადოების მოთხოვნას ხმას უერთებდნენ ვასილ-ივანოვ ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი.

ქარტია საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებულ არაჯანსაღ ვითარებაზე სრულ პასუხიმგებლობას აკისრებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს, ვასილ მაღლაფერიძეს, და საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს, თინათინ ბერძენიშვილს. მათ მიერ გატარებულმა რეპრესიულმა პოლიტიკამ დააპირისპირა თანამშრომლები, ტელევიზიაში შექმნა მტრული გარემო, სადაც ჟურნალისტებს და ტექნიკურ პერსონალს არ აქვთ საკუთარი აზრის გამოთქმისა და პროფესიული სტანდარტების დაცვით მუშაობის შესაძლებლობა.

საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა ემსახურებოდეს ხალხს და ასახავდეს საზოგადოებაში არსებულ მრავალფეროვნებას. ამის საპირისპიროდ, სამეურვეო საბჭომ და მენეჯმენტმა ტელევიზია გადააქცია პარტიულ ორგანოდ და დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული ნარატივების წყაროდ.

ქარტიის მეორე პრინციპის თანახმად, „დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ''', - ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.
კატეგორია - საქართველო


„ევროპის ფონდმა“ საგამოძიებო ჟურნალისტიკის კონკურსის 2025 წლის გამარჯვებულები გამოავლინა და საგამოძიებო ჟურნალისტიკისა და მედიის მაკონტროლებელი ფუნქციის გამორჩეული ერთგულებით შესრულებისთვის „აი, ფაქტი“, „ბათუმელები“, „პუბლიკა“, „სამხრეთის კარიბჭე“, „საქართველოს ამბები (მთის ამბები)“, „სტუდია მონიტორი“ და „ტელეკომპანია პირველის“ გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდი დააჯილდოვა.

ფონდის განცხადებით, კონურსის მიზანი იმ მედიაორგანიზაციების დაჯილდოება იყო, რომლებიც დაუღალავად აშუქებენ მნიშვნელოვან მოვლენებს და სისტემური კორუფციისა და არაეფექტიანი მმართველობის შემთხვევებს ამხელენ.

„ეს მედიასაშუალებები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დემოკრატიის დაცვაში. ისინი აშუქებენ მნიშვნელოვან მოვლენებს, ამხელენ სისტემურ კორუფციას და საჯარო პირების ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად, აქვეყნებენ მტკიცებულებებზე დამყარებულ ინფორმაციას. ფონდმა ამ კონკურსით კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მედიის მრავალფეროვნებისა და საგამოძიებო ჟურნალისტიკის გაძლიერების მნიშვნელობას. დაჯილდოებული ორგანიზაციები მოიცავენ როგორც ეროვნულ, ისე რეგიონულ მედიას, მათ შორის ტელევიზიასა და ონლაინ პლატფორმებს. ფონდი აღიარებს ამ მედიასაშუალებების წვლილს საზოგადოებისთვის ობიექტური და კრიტიკული ინფორმაციის მიწოდებასა და მნიშვნელოვანი საკითხების გაშუქებაში.  ჯილდო აღიარებს მათ მიღწევებს და ხელს უწყობს მათ მნიშვნელოვანი საგამოძიებო საქმიანობის გაგრძელებაში“, - წერს „ევროპის ფონდი“. 

მარკ ჰორვიტის, მისურის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სკოლის პროფესორის შეფასებით, რომელიც კონკურსის ჟიურის ერთ-ერთი წევრი იყო, ეს მედიასაშუალებები თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება საგამოძიებო ჟურნალისტიკამ მოახდინოს რეალური გავლენა, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომლის წინაშეც დგანან ჟურნალისტები საქართველოში. 

„გარემოსდაცვითი საკითხებიდან დაწყებული, საარჩევნო სისტემაში არსებული დარღვევების გამოძიებით დასრულებული,  მათი მასალები უშიშრად ამხელენ უსამართლობას. მათი საქმიანობა შთააგონებს მთელ მსოფლიოში ჟურნალისტებს, რომლებსაც უწევთ მსგავს სირთულეებთან გამკლავება. ისინი ამტკიცებენ, რომ მიუხედავად ყველა წინააღმდეგობისა, სიმართლის დაუღალავი ძიება საბოლოოდ მოიტანს სასურველ შედეგს“.

გლობალური საგამოძიებო ჟურნალისტიკის ქსელის (GIJN) თანადამფუძნებელი და ილინოისის უნივერსიტეტის პროფესორი, ბრანტ ჰიუსტონი კი ამბობს, რომ ჟურნალისტები, მათზე გახშირებული ფიზიკური თავდასხმებისა და მედიის შეზღუდვისკენ მიმართული კანონმდებლობის გამკაცრების მიუხედავად, უშიშრად განაგრძობენ საქართველოს დემოკრატიის განადგურებისკენ მიმართული ქმედებების მხილებას:

„ეს მედიასაშუალებები სრულად იმსახურებენ ამ ჯილდოებს, რადგან მათ გაბედულად და შეუპოვრად გამოამჟღავნეს სახელმწიფო უწყებებსა და საჯარო პირებში გავრცელებული კორუფციული პრაქტიკები. მიუხედავად ჟურნალისტებზე გახშირებული ფიზიკური თავდასხმებისა და მედიის შეზღუდვისკენ მიმართული კანონმდებლობის გამკაცრებისა, ისინი უშიშრად განაგრძობენ საქართველოს დემოკრატიის განადგურებისკენ მიმართული ქმედებების მხილებას“. 

 
კატეგორია - საქართველო


პრესის თავისუფლების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) საქართველოში ორი ფრანგი ჟურნალისტის არშემოშვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და გმობს საქართველოს ხელისუფლების შემაშფოთებელ ტენდენციას, ხელი შეუშალოს დამოუკიდებელი მედიის მიერ მიმდინარე საპროტესტო აქციების გაშუქებას.

„საქართველოში სადავო არჩევნების შემდგომ მიმდინარე პროტესტების გაშუქებით ცნობილი ორი ფრანგი ჟურნალისტისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვა მედიის დაშინებისკენ მიზანმიმართული სტრატეგიის ნაწილია. RSF მკაცრად გმობს ასეთ შეურაცხმყოფელ გაძევებებს, მოუწოდებს მმართველ პარტიას, დაიცვას საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები მედიის თავისუფლების კუთხით და ამავდროულად, მოუწოდებს საფრანგეთსა და ევროკავშირს ზეწოლა მოახდინონ საქართველოს ხელისუფლებაზე,“ - განაცხადა RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის ხელმძღვანელმა, ჟანა კავლიემ.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ ინფორმაციით, ჟურნალისტი კლემენტ ჟირარდო, რომელიც საერთაშორისო გამოცემებისთვის: Le Monde, Society და Al Jazeera მუშაობს, საქართველოში მიმდინარე პროევროპულ აქციებს ​აშუქებდა. 12 თებერვალს კი, როცა ის საფრანგეთიდან საქართველოში ბრუნდებოდა, საპასპორტო კონტროლზე გააჩერეს, შემდეგ კი ახსნა-განმარტების გარეშე უკან გააბრუნეს.

ჟირარდომ 10 აპრილს Facebook-პოსტიც გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ ქვეყნიდან გაძევების ზუსტი მიზეზი არ იცის, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს:

„2012 წლიდან ვწერ საქართველოზე. ამ წლების განმავლობაში შევხვდი სხვადასხვა პროფესიისა და სოციალური ფენის ადამიანებს. თითქმის ყველა კუთხეში ვიმოგზაურე და ყველგან თბილად მიმიღეს. 28 ნოემბრის შემდეგ, ჩემი სამუშაო ძირითადად კონცენტრირდა რეპრესიების მსხვერპლებზე — მჯერა, რომ როგორც ჟურნალისტმა და როგორც საქართველოს მეგობარმა, ჩემი მოვალეობა შევასრულე.

ქართული ოცნების ხელისუფლებამ ამიკრძალა საქართველოში შემოსვლა, რადგან სურს, რომ თავისი ავტორიტარიზმისკენ სწრაფვა საზოგადოების თვალისგან მოშორებით განახორციელოს. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ შორს ვარ, ქართული ოცნება ვერ მიაღწევს მიზანს. მე გავაგრძელებ საუბარს ქართველი ხალხის ბრძოლასა და მათ ტკივილზე. და, რა თქმა უნდა, იმედს ვიტოვებ, რომ რაც შეიძლება მალე დავბრუნდები თბილისში“.

მეორე ჟურნალისტი ჟერომ შობო იტალიური სააგენტო NurPhoto-ს ფოტოგრაფია. როგორც RSF-ის განცხადებაში ვკითხულობთ, შობო საფრანგეთში დაბრუნებამდე, თითქმის ორი თვის განმავლობაში, საქართველოში მიმდინარე პროევროპულ აქციებს აშუქებდა. ის 30 მარტს საქართველოში ხელახლა შემოსვლას ცდილობდა, რა დროსაც ჯერ აეროპორტში რამდენიმე საათის განმავლობაში გააჩერეს, შემდეგ კი ათენში გააძევეს.

კატეგორია - საქართველო


„არ იქნება მედია - არ იქნება თავისუფალი სიტყვა, სიმართლე და სამართლიანობა!“ - ამ ლოზუნგით 8 აპრილს მედიის სოლიდარობის მარში გაიმართა. ჟურნალისტები, მედიის წარმომადგენლები და დამოუკიდებელი მედიის მხარდამჭერები ფილარმონიასთან შეიკრიბნენ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველ შენობასთან გამართული აქციის მონაწილეებთან ერთად, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მსვლელობით მივიდნენ.

მარშის დაწყებამდე დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებმა ფილარმონიასთან შეკრებილებს ერთობლივი განცხადება გააცნეს: „მედიის ბრძოლა თავისუფლებისთვის, გრძელდება. ჩვენ არ შევწყვეტთ სიმართლის თქმას, უკანონობის მხილებას და კრიტიკას. ჩვენი ეთერებიდან და პლატფორმებიდან გახმიანებულ სიმართლეს არასოდეს ჩაანაცვლებს სიჩუმე“.



მედიამენეჯერებმა და ჟურნალისტებმა „ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ მიღებულ მედიის შემზღუდავ კანონებზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ გადარჩენისთვის ბრძოლას აპირებენ. 

„ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკა არის მედიის განადგურება…ახლა რაღაც ფინალურ სტადიამდე მივიდნენ, რომ ჩაგვიკეტონ არსებობის საშუალება, ყველანაირი წყარო გადაგვიკეტონ, რეკლამა ისედაც გადაკეტილია. დიდად ტელევიზიები გრანტებს ისედაც ვერ ვიღებდით, მაგრამ თეორიული ალბათობაც კი გამორიცხეს და ახლა ყველას ყველაფერი აუკრძალეს. მათი მიზანი ვიცით, ჩვენ რას ვაპირებთ, ის უნდა ვთქვათ. მე ვაპირებ, რომ არ დავემორჩილო მათ გადაწყვეტილებებს და ვიბრძოლო გადარჩენისთვის,“ - განაცხადაTV კავკასიის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ჯანგირაშვილმა.

„TV პირველის“ გამომძიებელი ჟურნალისტი, მაკა ჩიხლაძე კი დარწმუნებულია, რომ მედიის წინააღმდეგ „ოლიგარქის რეჟიმის“ ბრძოლის მიუხედავად, არ არსებობს არცერთი მისი კოლეგა კრიტიკულ და დამოუკიდებელ მედიაში, რომელსაც ეშინია:

„წარმოუდგენელ ამბებს იგონებენ, ოღონდ ჩვენ არ ვიყოთ, ოღონდ დისკომფორტი არ შეექმნათ და ვინმემ კრიტიკული კითხვა არ დაუსვას, მაგრამ ჩვენ ვარსებობთ და ვიდრე ვარსებობთ, ამ ქვეყანაში ყოველთვის იქნება დამოუკიდებელი მედიის ხმა, ყოველთვის იქნება ოლიგარქიის გავლენებისგან თავისუფალი ხმა, რომელსაც ვერ გააკონტროლებს ერთი მდიდარი კაცი…ჩვენს წინააღმდეგ იბრძვის ოლიგარქის რეჟიმი და იბრძვის პირდაპირი მნიშვნელობით. ისინი ცდილობენ, რომ ფიზიკურად აღარ ვარსებობდეთ ბევრ შემთხვევაში. არ გამოუვიდათ, არავის შეეშინდა ამისი და დარწმუნებული ვარ, რომ ახლა არ არსებობს არცერთი ჩემი კოლეგა კრიტიკულ, დამოუკიდებელ მედიაში, რომელსაც ეშინია“.

„სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტის, ქეთი თუთბერიძის შეფასებით, „ქართული ოცნება“ არის ხისტი ავტოკრატია, სადაც დამოუკიდებელი მედიის ადგილი არ არის. 

„რუსმა ინსტრუქტორებმა ვერ გათვალეს ქართული ხასიათი. ჩვენ სხვანაირი ხალხი ვართ და საქართველოს ისტორია თუ რამეს ადასტურებს, ესაა მუდმივად თავისუფლებისთვის ბრძოლა. ამის ნაწილი ვართ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი ჟურნალისტებიც. რამდენი კანონიც არ უნდა მიიღონ, ჩვენ არ გავჩერდებით, არ შევწყვეტთ მუშაობას და არ შევწყვეტთ სიმართლის ლაპარაკს და მხილებას. ვერ გაგვაჩუმებენ“.

„რეალურად, ეს არის „ქართული ოცნების“ იმ რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც წლებია უკვე თანმიმდევრულად ახორციელებს… პირველად მივედით, ალბათ, ბოლო 30 წლის მანძილზე იმ ზღვარზე, როცა შეიძლება ხვალ, ერთ თვეში, კრიტიკული, დამოუკიდებელი მედია საერთოდ აღარ იყოს და შეწყვიტოს არსებობა“, - მბობს „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ საბჭოს თავმჯდომარე და „სტუდია მონიტორის“ რედაქტორი, ნანა ბიგანიშვილი.

ჟურნალისტთა საქმიანობის უსაფრთხოების ხარისხის გაუარესებაზე გაამახვილა ყურადღება ჟურნალისტმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა „მოამბის“ წამყვანობიდან 4 თებერვალს მოხსნა: 

„არსებულ გაუარესებულ ვითარებაში აუცილებელია, ჟურნალისტებმა ერთმანეთს გამოვუცხადოთ სოლიდარობა. აუცილებელია, ჩვენ ერთმანეთი გავამხნევოთ და შევჯერდეთ იმაზე, რომ ჩვენ, იმ ადამიანებს, რომლებმაც პროფესიად მეტი ჟურნალისტიკა ავირჩიეთ, ვერავინ შეგვიზღუდავს საშუალებას, კეთილსინდისიერად ვიმუშაოთ სიტყვის თავისუფლებისთვის და ვემსახუროთ სიტყვის თავისუფლებას. ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველას ვაჩვენოთ, მოქალაქეებსაც, რომ ჩვენ აქ ვართ მათი სიტყვის თავისუფლებისთვის“.

მედიის სოლიდარობის მარშის მონაწილეებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელსაც, რომელიც თითქმის სამი თვეა პატიმრობაში იმყოფება. 

----------------------------------------------------------------------------------------------------------

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი 11-12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად მზია ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე მეორედ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, დაკავების შემდეგ, მზია ამაღლობელს ირაკლი დგებუაძე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და აგრესიულად ეპყრობოდა, მან ამაღლობელს სახეშიც შეაფურთხა. 

„ბათუმელებისა“ და ,,ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი დაკავების დღიდან, 38 დღე შიმშილობდა. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

----------------------------------------------------------------------------------------------------------




„ქართული ოცნების“ პარლამენტმა 1 აპრილს მესამე მოსმენით მიიღო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ის ცვლილებები, რომლებიც მაუწყებლებისთვის „უცხოეთიდან დაფინანსების“ აკრძალვას, თვითრეგულირების მექანიზმის შემცირებასა და კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილების ზრდას ითვალისწინებს.

1 აპრილსვე მიიღეს FARA-ც, რომელსაც „ქართული ოცნება“ აშშ-ში, 1938 წელს მიღებული კანონის პირდაპირ თარგმანს უწოდებს. 100-ზე მეტი სამოქალაქო და მედია ორგანიზაციის შეფასებით, აშშ-ში მოქმედი „ფარა“ დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგაზაციებისა და თავისუფალი მედიის საქმიანობას არ უპირისპირდება, ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას კი სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ მიღებული რუსული კანონის გადაფუთვა სურს.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები გამოეხმაურნენ დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებსაც, რომელიც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში, „გრანტების შესახებ“ კანონში, „კორუფციის შესახებ" კანონსა და ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. 

 
კატეგორია - საქართველო

ფოტო: „აი, ფაქტი“


სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები „ქართული ოცნების“ მიერ გუშინ, ბიუროს სხდომაზე დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში, „გრანტების შესახებ“ კანონში, „კორუფციის შესახებ" კანონსა და ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს, ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან: 

„საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ არალეგიტიმური პარლამენტი აგრძელებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებას. უახლოეს დღეებში „ქართული ოცნება“ აპირებს დაჩქარებული წესით მიიღოს ცვლილებები, რომლის ძალითაც, საქართველოს მეგობარ ქვეყნებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე აეკრძალებათ მხარდაჭერის გაწევა  საქართველოს მოქალაქეებისთვის..

დღეს, როდესაც სახელმწიფო უწყებები პარტიულ დანამატად არის ქცეული, ადამიანების დაცვის ერთადერთ საშუალებას სამოქალაქო სოლიდარობა და აქტიურობა წარმოადგენს, აღნიშული კანონი თავისი არსით და მოსალოდნელი შედეგით არის ხალხის დევნის აქტი და მიზნად ისახავს მოქალაქეების მმართველი პარტიის სადამსჯელო სისტემის  პირისპირ   დატოვებას და საერთაშორისო საზოგადოებისთვის მათი თანადგომის აკრძალვას.

„ქართული ოცნების“ ეს ინიციატივა არის საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების და ხალხის  დახმარების სისტემის განადგურების სტრატეგიის გაგრძელება იმ პირობებში, როდესაც „რუსული კანონების” მიღების, დევნის, სამოქალაქო სოლიდარობის ფონდების დაყადაღების მიუხედავად, ამ მიზანს ვერ მიაღწიეს.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს კანონი მიზნად ისახავს საქართველოს ჩაკეტილ, იზოლირებულ სახელმწიფოდ გადაქცევას, სადაც საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფერო უნდა დაექვემდებაროს პარტია „ქართული ოცნების“ ტოტალიტარული სტილის კონტროლს და გამოირიცხოს საზოგადოებისთვის საჭირო თანადგომის მიღება საერთაშორისო პარტნიორებისა და მეგობრებისაგან. ეს კანონი ასევე მიზნად ისახავს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შეწყვეტას, რომლებიც ქართველ ხალხს აწვდიან  ინფორმაციას სახელმწიფო უწყებების მხრიდან ქართველი ხალხის უფლებების დარღვევის, კორუფციული გარიგებების, მოხელეთა მიერ თანამდებობების პირადი მიზნებისთვის გამოყენების შესახებ, რაც ,,ქართული ოცნებისთვის“ ძალიან ორგანული გახდა.

არალეგიტიმური პარლამენტი ცდილობს ქართველ ხალხს ჩამოაშოროს მეგობრების მხარდაჭერა და თანადგომა და დაუცველი დატოვოს  - ბავშვები, ქალები, სტუდენტები, ხანდაზმულები, უკანონო პატიმრები, სამსახურებიდან უკანონოდ გათავისუფლებულები, უკანონოდ დაჯარიმებულები, ძალადობის მსხვერპლები, შშმ პირები, ჟურნალისტები, კულტურის, ბიზნესის და სხვა სფეროს წარმომადგენლები. უიმედოდ აქციოს თითოეული მოქალაქე, რომელიც რაიმე ფორმით საჭიროებს მიიღოს დასავლური ცივილიზაციის სიკეთე.

ჩვენ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება კვლავაც მტკიცედ ვაცხადებთ: არ ვაპირებთ რუსული კანონებით ცხოვრებას და ბოლომდე წინააღმდეგობას გავუწევთ ქართველი ხალხის დევნის აქტს.

ჩვენ არ დავუშვებთ ივანიშვილის არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ გადაწყვიტოს როდის და როგორ დაეხმარება ქართველი ხალხი ერთმანეთს და კვლავ გამოვხატავთ ერთგულებას საქართველოს კონსტიტუციის, მოქალაქეების უფლებებისა და ღირსების დაცვის მიმართ“.




კატეგორია - საქართველო


ფოტო: „რადიო თავისუფლება"


გამოცემა „ინდიგოს“ ჟურნალისტ საბა სორდიას, რომელიც პოლიციამ გუშინ, 6 აპრილს, მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, „პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის“ ბრალდებით დააკავა, იზოლატორში ყოფნის ვადა 24 საათით გაუხანგრძლივეს. სორდია დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

„ინდიგოს“ ჟურნალისტის ადვოკატის, მარიამ ყველაშვილის თქმით, საბა სორდიამ დაკავებისა და პოლიციის მანქანაში ჩაჯდომის დროს არ იცოდა, რომ ის ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული და ამის შესახებ მხოლოდ პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის დროს გაიგო. გზაში კი, პოლიციის მანქანაში, მის მიმართ ჰომოფობიურ კომენტარებს ჰქონდა ადგვილი.

„საბა იმყოფებოდა მარჯანიშვილის მეტროს სიახლოვეს, რა დროსაც მასთან 2 პოლიციელი მივიდა და გადამოწმების მიზნით, პირადობის მოწმობა მოთხოვა. საბამ პირადობის მოწმობა გადასცა. შემდეგ პოლიციამ უთხრა, რომ ჩანთა გაეხსნა. ჩანთის დათვალიერება უნდოდათ, რაზეც დათანხმდა საბა, თუმცა მოგვიანებით, პოლიციას თავად უნდოდა გაეხსნა ჩანთის ერთ-ერთი ჯიბე, რაზეც საბამ უთხრა, რომ თვითონვე გახსნიდა ამ ჯიბეს და მისცემდა შესაძლებლობას პოლიციელს, რომ დაეთვალიერებინა ჩანთა. ამ შელაპარაკების დროს, ჩასვეს პოლიციის მანქანაში და დააკავეს…ასევე, საბა ამბობს, რომ მანქანაში ყოფნის დროს პოლიციელების მხრიდან იყო ჰომოფონიური სიტყვები გამოყენებული, რადგან საყურე ეკეთა. ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ პოლიციელები ადამიანების მიმართ ასეთი სიტყვების გამოყენებას ცდილობენ“. 

როგორც ყველაშვილმა აღნიშნა, ადმინისტრაციული პატიმრობის კიდევ 24 საათით გახანგრძლივება დაუსაბუთებელია. ასევე, უცნობია როდის ჩაინიშნება სორდიას სასამართლო პროცესი.

„შსს ვადას აგრძელებს ხოლმე იმ საფუძვლით, რომ საქმეთან დაკავშირებით დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებაა საჭირო, თუმცა ეს ძირითად შემთხვევაში ფორმალური საფუძველია და დამატებით პირისთვის ფორმალურად ითვალისწინებს 24 საათით პატიმრობის ვადის გაგრძელებას.

სამწუხაროდ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეში პირებს არც ადვოკატთან წვდომის შესაძლებლობა აქვთ ხოლმე და მათ შორის სასამართლოში, როცა პროცესი ინიშნება, ჩვენთვის მაშინაც უცნობია ხოლმე, რომელ საათზე და რომელი მოსამართლე განიხილავს პირის საკითხს. ჩვენ ჩვენი ძალებით, მათ შორის იზოლატროში დარეკვით, სასამართლოს ცხელ ხაზზე დარკვით, ვცდილობთ დავადგინოთ, ხომ არ ჩაინიშნა შემთხვევით პროცესი, ხომ არ გადაჰყავთ პირი სასამართლოში, რომ ჩვენ დაცვის უფლება განვახორციელოთ, რაც გარკვეულწილად, ამ უფლების შემზღუდავია როგორც ადვოკატისთვის, ასევე დაცვის ქვეშ მყოფი პირისთვის“.

„ინდიგოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ნატა ძველიშვილის თქმით, საბა სორდიას დაკავებისა და იზოლატორში გადაყვანის შესახებ შსს-ს მათთვის არაფერი უცნობებია. ჟურნალისტის დაკავების შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სორდიას მეგობრებმა მისი მიტოვებული სკუტერი იპოვეს და დაკავებულის ძებნა დაიწყეს. 

„მე დამირეკეს და მე პრესსამსახურს დავურეკე და ასე გავიგე, რომ თურმე ადამიანი დაკავებულია. ეს არის ადამიანის მოტაცება. არავის არაფერს რომ არ აცნობებ და არც ადვოკატის მიყვანის შესაძლებლობას აძლევ, ეს რომ ნორმალური ამბავი გახდა, წარმოუდგენელია. არ მიკვირს, რომ საბას ასე მოექცნენ, რადგან ყველას ასე ექცევიან“. 

ძველიშვილმა „მდიაჩეკერთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ დღეს საქართველოში ჟურნალისტად მუშაობა საფრთხის შემცველია. ხოლო, სორდიას დაკავება არის კიდევ ერთი მცდელობა იმისა, რომ ადამიანებს ქუჩაში გადაადგილების ეშინოდეთ.

„ცხადია, ის რომ დღეს საქართველოში ჟურნალისტად მუშაობა უსაფრთხო არ არის. თითქმის ყოველდღიურად ჟურნალისტები თავდასხმისა და სხვადასხვა ტიპის ძალადობის მსხვერპლები ხდებიან. ამიტომ გუშინ, საბა როდესაც დააკავეს, პირველი რაზეც ვდარდობდით და პირველი რაც ვიკითხეთ, იყო ის, რომ მასზეც ხომ არ იძალადეს, იმიტომ რომ ეს აბსოლუტურად დასაშვებია დღევანდელ რეალობაში. 

მიუხედავად იმისა, რომ იმ მომენტში საბა ჟურნალისტურ საქმიანობას არ ასრულებდა, მას თან ჰქონდა კამერა. დარწმუნებული ვარ, ეტყოდა კიდევაც, რომ ჟურნალისტია. მიუხედავად ამისა, არა თუ გადაიყვანეს იზოლატროში, არამედ ვადაც გაუხანგრძლივეს და 48 საათი ტოვებენ. 

თვალსაჩინოა, რომ საბა დამნაშავე არაა. იმის მიუხედავად, რომ ის პოლიციას წინააღმდეგობას არ უწევდა, 2 ღამე ამყოფებენ იზოლატორში, რაც თავისთავად ცხადია, რომ არის კიდევ ერთი მცდელობა იმისა, რომ ადამიამენებს ამ ქვეყანაში ეშინოდეთ გადაადგილების“.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებით, ბოლო პერიოდში მოქალაქეების თვითნებური და უსაფუძვლო ჩხრეკა და შემდგომ მათი დაკავება პოლიციის ხელში ადამიანების დაშინებისა და რეპრესიის კიდევ ერთ იარაღად იქცა:

„ბოლო თვეების განმავლობაში სამართალდამცავი უწყებების მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულები, რომლებიც ამ დრომდე გამოუძიებელი რჩება, ძირს უთხრის სამართლებრივი და ადამიანის უფლებების დაფუძნებული სახელმწიფოს პრინციპებს“.

„მედიის ადვოკატირების კოალიციის“ განცხადებით, საბა სორდიას დაკავება მედიის წინააღმდეგ მიმართული სისტემური რეპრესიული პოლიტიკის კიდევ ერთი შემთხვევაა:

„დამოუკიდებელი მედია “ქართული ოცნების” რეჟიმის მთავარი სამიზნეა. საბა სორდიას დაკავება არის კიდევ ერთი შემთხვევა მედიის წინააღმდეგ მიმართული სისტემური რეპრესიული პოლიტიკისა, რომლის მასშტაბი დღითი დღე იზრდება. ჟურნალისტების დაკავება ისეთი მოსახერხებელი საბაბით, როგორიცაა “პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა”,  სამართალდამცავი ორგანოების უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაა. ეს არის გააზრებული ტაქტიკა მედიის თავისუფლებაზე შემაკავებელი ეფექტის შესაქმნელად და სხვა ჟურნალისტების დასაშინებლად.

„ქართული ოცნების” რეჟიმი სხვადასხვა მეთოდით აგრძელებს დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის ჩახშობას, რაც მოიცავს სამართლებრივი დევნის მექანიზმებს, ფიზიკურ ძალადობას, მძიმე ფინანსურ სანქციებს, რეპრესიული საკანონმდებლო ინიციატივების მიღებას და დაუსჯელობის პოლიტიკას ძალადობის შემთხვევაში“.

სორდიას დაკავებას გამოეხმაურა პრესის საერთაშორისო ინსტიტუტიც (IPI), რომელიც ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. 



კატეგორია - საქართველო


ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა დღეს, 7 აპრილს განახლდება. 

ამ ეტაპზე პროკურატურის მიერ დასახელებული მოწმეების დაკითხვა გრძელდება. თუმცა, უცნობია კონკრეტულად ვის დაკითხავენ დღევანდელ სასამართლო პროცესზე.

მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს ჩვენება უნდა მისცეს ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემაც, რომელიც სილის გაწვნის გამო პროკურატურის მიერ დაზარალებულადაა მიჩნეული.

ამაღლობელის საქმეს მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს.

ნინო სახელაშვილი ესტონეთმა 3 მარტს, სწორედ ამაღლობელის საქმის გამო,  ჟურნალისტის მიმართ ადამიანის უფლების დარღვევისთვის დაასანქცირა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდის მონაცემებით, ნინო სახელაშვილი სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლეა და მას სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს. 

„ბათუმელების“ ცნობით, ნინო სახელაშვილი, რომელიც 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით იყო დანიშნული, 10 მარტს უვადოდ განაწესეს.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი 11-12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად მზია ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე მეორედ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს. 

15 იანვარს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავების შემდეგ, მზია ამაღლობელს ირაკლი დგებუაძე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და აგრესიულად ეპყრობოდა, მან ამაღლობელს სახეშიც შეაფურთხა. 

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მოსამართლე სალიხ შაინიძემ ადმინისტრაციულ საქმეზე 18 მარტს სამართალდამრღვევად ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა.

პოლიცია მზია ამაღლობელს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდა, თუმცა როგორც „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ აღნიშნა, საქმეში შესაბამისი ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ იყო და მზია ამაღლობელის წინააღმდეგ პოლიციას ყალბი ადმინისტრაციული დაკავების და სამართალდარღვევის ოქმები ჰქონდა შედგენილი.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი დაკავების დღიდან, 38 დღე შიმშილობდა. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 
კატეგორია - საქართველო

9 აპრილს მაუწყებლობას იწყებს ახალი YouTube-არხი „მისმინე”, რომელიც რამდენიმე გადაცემას გააერთიანებს.  



„მისმინე” West Vector Production სტუდიის ბაზაზე მზადდება, რომლის ხელმძღვანელიც ლევან ყუბანეიშვილია. ყუბანეიშვილი სხვადასხვა დროს იყო როგორც “მეორე არხის”, ისე “საზოგადოებრივი მაუწყებლის” დირექტორი, ტელეკომპანია “მზის” და TBC TV-ის დამფუძნებელი.  

ახალი YouTube-არხის შექმნის იდეაც ლევან ყუბანეიშვილსა და ჟურნალისტ ეკა კვესიტაძეს ეკუთვნის. 

„მედიაჩეკერის” კითხვის საპასუხოდ, თუ საიდან და რატომ გაჩნდა ინტერნეტ ტელევიზიის გახსნის იდეა, კვესიტაძე ამბობს: „ბოლო პერიოდია მე თვითონ ვარ ინგლისურენოვანი YouTube- არხების ძალიან აქტიური მომხმარებელი, რომელსაც მსოფლიოში მზარდი გავლენა აქვს. ნაწილობრივ ის უკვე ტელევიზიებსაც უსწრებს. მაგალითად, ამერიკაში ცნობილ პოტკასტერებს უფრო დიდი გავლენა აქვთ, ვიდრე ტელევიზიის ცნობილ წამყვანებს. ასე რომ ტენდენცია ნამდვილად შეცვლილია YouTube-ის სასარგებლოდ და ვფიქრობ, უკვე დადგა დრო ჩვენც დავიწყოთ პოტკასტები პოლიტიკურ თემებზე და ამ საქმეს სერიოზულად მივჰყვეთ. 

ცხადია, მას შემდეგ რაც ტელეკომპანია “მთავარი” შეჩერდა, უფრო გავაქტიურდი ამ მიმართულებით. შევხვდი ლევან ყუბანეიშვილს, რომელიც უზომოდ გამოცდილი ადამიანია სატელევიზიო სფეროში და ერთად დავიწყეთ ამ არხის შექმნაზე ფიქრი. შემდეგ შემოვიკრიბეთ თანამოაზრეები და დავგეგმეთ, როგორი ტიპის გადაცემები უნდა გვქონდეს. უკვე მზად არის 5 გადაცემა და ნელ-ნელა კიდევ დავამატებთ. ყველა გადაცემას ექნება მიმართულება, თავისი ფიქსირებული დღე და ეთერში გასვლის დრო. პრაქტიკულად ეს იქნება YouTube-არხი, ტელევიზია “ახალი ამბების” გარეშე. მე თვითონ ასე ვარ, ინფორმაციას ვუსმენ BBC-ის, CNN-ის, DW-ისა და სხვადასხვა ტელევიზიის ეთერში, მაგრამ ანალიზს ვეძებ და ვუსმენ YouTube-ზე.” 



ახალ არხზე - „მისმინე” გადაცემა ექნება ტელეკომპანია „მთავარის” ყოფილ ავტორს, ბექა ყორშიას. 

„ეს ახალი გადაცემა თემატურად შეზღუდული არ იქნება. ვეცდები, უფრო სერიოზული ვიყო, ვიდრე ზოგადად ვარ ხოლმე. ხშირად ის ამბები, რომლებზეც სოციალურ ქსელებში გვეცინება  (რადგან სიცილი ჯობია ტირილს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ორივე ამაოა), სინამდვილეში, სასაცილო სულაც არ არის, მაგრამ პირადად ჩემთვის, სიცილი თავდაცვის მექანიზმია, რომელიც მეხმარება ფსიქიკური მდგრადობა შევინარჩუნო. ამიტომ შიგადაშიგ ვიხუმრებ, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს არ იქნება იუმორისტული გადაცემა” - ამბობს ყორშია “მედიაჩეკერთან” საუბრისას.


არხის დამფუძნებლების თქმით, ჯერჯერობით მხოლოდ არხის ამუშავების ფინანსური საშუალება არსებობს, რომელიც თავისუფალი მედიის მხარდამჭერმა ბიზნესმენებმა გამოჰყვეს. 

9 აპრილს, პირველად ეთერში ისტორიკოს ბექა კობახიძის საავტორო გადაცემა „აქტუალური ისტორია” გავა. შაბათს - ეკა კვესიტაძის „აქცენტები”, კვირას კი - ბექა ყორშიას „არაფერი სასაცილო”. 


მომდევნო კვირიდან არხს ქეთი დევდარიანი, ლაშა ბუღაძე და ზურაბ ფარჯიანიც შეუერთდებიან. 

გადაცემები პირდაპირ ეთერში გავა და ის ყოველ დღე, საღამოს 9 საათზე დაიწყება. 

 
კატეგორია - საქართველო

ფოტო : info imereti


ტელეკომპანია „ფორმულას“ რეგიონული კორესპონდენტის, ეკა ფხაკაძის თქმით, „ფორმულას“, „TV პირველისა“ და „მთის ამბების“ გადამღები ჯგუფები ჭიათურის საკრებულოს სხდომაზე არ შეუშვეს. 

„საკრებულოს სხდომაზე დაცვამ არ შეგვიშვა. ასევე, ვესაუბრე საკრებულოს აპარატის უფროსს, რომელმაც მითხრა, რომ ბევრი ხალხია და ვერ შეგიშვებთო. თუმცა, შემდეგ როგორც გავიგე, ჩვენს შეშვებასთან დაკავშირებით სხდომაზე დააყენეს საკითხი და თავმჯდომარემ თუ ვინ, ზუსტად ვერ გეტყვით, თქვა, რომ არ ვენდობით ამ მედიასაშუალებებს და ამიტომ არ იქნებიან დაშვებულებიო,“ -თქვა ფხაკაძემ „მედიაჩეკერთან“ საუბრისას.

ჟურნალისტების სხდომაზე არ შეშვების მიზეზის გასარკვევად „მედიაჩეკერი“ ჭიათურის საკრებულოს პრესამსახურთან დაკავშირებას ცდილობს. საკრებულოს აპარატის უფროსმა კი გვითხრა, რომ სხდომას ესწრება და საუბარი არ შეუძლია.

ბოლო ათი დღის განმავლობაში ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც მედიის წარმომადგენლებს საჯარო სხდომებზე დასწრების შესაძლებლობა ეზღუდებათ. 26 მარტის ახალციხის მერის მრჩეველთა საბჭოს  სხდომაზე არ შეუშვეს  „სამხრეთის კარიბჭისა“ და TOK TV-ის გადამღები ჯგუფებიც. 



კატეგორია - საქართველო


საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვო საბჭოს თავმჯდომარედ ისევ ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს. მაღლაფერიძის კანდიდატურას ლაშა ტუღუშის, ზაზა აბაშიძისა და ლიკა ბასილაია-შავგულიძის გარდა, მხარი საბჭოს რვავე წევრმა დაუჭირა. 

კენჭისყრის პროცესი „პირველი არხის“ ახალ შენობასთან მიმდინარე პროტესტის ფონზე ჩატარდა, სხდომაზე არ შეუშვეს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებიც.




„მე, როგორც თანამშრომელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი სახე და პლიუს, საზოგადოების წევრი, გავაგზავნე 5-კაციანი სია, ამ ხუთ თანამშრომელს გვინდოდა შემოსვლა ბორდის სხდომაზე და კითხვების დასმა. რადგან ვნახეთ, რომ დღის წესრიგში პირველი იყო არჩევნები, დავრეკე ბორდის მდივანთან და ვუთხარი, მოდით, ჯერ აირჩიეთ თავმჯდომარე, რადგან უფრო ლეგიტიმური იქნება ჩვენი კითხვები და მერე შემოვალთ ჩვენთქო. კი ბატონო, შევედით და უცებ მესმის, რომ დაიხურა კრება და ვასიკო მაღლაფერიძე გამოდის გარეთ…ჩემთვის სრულიად გაიშიფრა ყველაფერი, ეს ადამიანი და მთელი ბორდი, რა თქმა უნდა, ერიდებოდა იმ შეკითხვებს, რომლებსაც უსათუოდ დავუსვამდით და ეს შეკითხვები არ იქნებოდა მათთვის სასიამოვნო. ადამიანს, რომელსაც ყველა კითხვაზე პასუხი აქვს, შეიძლება რამის შეეშინდეს?“ , - ნინო ზაუტაშვილი

სამეურვეო საბჭოს წევრებს ვასილ მაღლაფერიძის გარდა, თავმჯდომარეობის სხვა კანდიდატურა არ დაუსახელებიათ. საკუთარ თავს ხმა მისცა მაღლაფერიძემაც: „მეც მივცემ საკუთარ თავს ხმას, რომ ესე არ დავიმალო ბუჩქებში და არ გამოვიდეს, რომ „იცი, რა ხალხის თხოვნით არი“. მე ვარ მომხრე, თუ ამირჩევთ“. 

ვასილ მაღლაფერიძე საბჭოს თავმჯდომარედ პირველად 2022 წლის 21 აპრილს, 3 წლის ვადით აირჩიეს. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ერთი და იგივე პირის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ არჩევა 2 ვადაზე მეტი ხნით არ შეიძლება. კანონში 2023 წელს შესული ცვლილების მიხედვით კი, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს 6 წლის ვადით ირჩევენ. 

ვასილ მაღლაფერიძე 2017-2020 წლებში „პირველი არხის“ გენერალური დირექტორი იყო. 2021 წელს კი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე და პოლიტსაბჭოს წევრი გახდა და რამდენიმე თვე, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ არჩევამდე, ამ პოზიციას იკავებდა.  

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო 11 წევრისგან შედგება. ახლა მეურვეები არიან: გია იაკობაშვილი, იზაბელა ოსიპოვა, სოსო სტურუა, გია კოხრეიძე, თამილა დოლიძე, ზაზა აბაშიძე, ბონდო მძინარაშვილი, ლაშა ტუღუში, ლიკა ბასილაია-შავგულიძე, ვასილ მაღლაფერიძე და გია მურღულია, რომელიც 2024 წლის 1 თებერვლიდან თავმჯდომარის მოადგილეა.

სამეურვეო საბჭოს შემადგენლობის ერთი მესამედი 2 წელიწადში ერთხელ, როტაციის წესით იცვლება. სამეურვეო საბჭოს თითოეულ წევრს კი 6 წლის ვადით ირჩევენ. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ჰონორარი 8 817 ლარია (დარიცხული), მისი მოადგილის - 6 798 ლარი (დარიცხული), საბჭოს სხვა წევრების კი - 6 085 ლარია (დარიცხული). 

ჰონორარების ოდენობის განსაზღვრის გადაწყვეტილება ვასილ მაღლაფერიძის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ არჩევიდან მალევე, 2022 წლის 9 ივნისის სხდომაზე მიიღეს.

მანამდე, 2021 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ჰონორარი 7 424 ლარი იყო, თავმჯდომარის მოადგილის -  5 724, საბჭოს წევრების კი - 5 124 ლარი. 

 
კატეგორია - საქართველო
ფოტო: 

 

„გზა დიქტატურისკენ: „ქართული ოცნების“ რეპრესიული ცვლილებები კანონმდებლობაში“ - „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ 2024 წლის დეკემბერი - 2025 წლის მარტის პერიოდში „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ „არაერთ რეპრესიულ საკანონმდებლო პაკეტზე“  ანგარიში გამოაქვეყნა. 

ორგანიზაციის შეფასებით, ყველა ის რეპრესიული კანონი, რომელიც უმოკლეს დროში, მხოლოდ ბოლო 4 თვის განმავლობაში იქნა ინიცირებული ან/და მიღებული, უხეშად არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, მიმართულია გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების, მედიის თავისუფლების, პოლიტიკური საქმიანობისა და სამოქალაქო აქტივიზმის შეზღუდვისკენ ან სულაც მოსპობისკენ და ქმნის საკანონმდებლო ბაზას ქვეყანაში დიქტატორული რეჟიმის საბოლოოდ ჩამოსაყალიბებლად.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ანგარიშში მოხვდა ფარა ანუ „რუსული კანონი 3“ და მედიის შემზღუდველი ცვლილებებიც.  


ფარა, ანუ „რუსული კანონი 3”: მორიგი თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოებაზე

TI - ის შეფასებით, როგორც თავად „ქართული ოცნებაც“ მიუთითებს, ეს კანონი, რომელიც 1 აპრილს მესამე მოსმენით დაამტკიცეს, არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული და მთავარ იარაღად იქცევა დიქტატურის ჩამოყალიბებისკენ მიმსწრაფი ხელისუფლების ხელში. 

„არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიები, როგორც კრიტიკული ხმა, დიდი ხანია „ქართული ოცნების“ სამიზნეს წარმოადგენენ. სწორედ მათი რეპრესირების და საბოლოოდ მათი სრულად გაუქმების სურვილით დააინიცირეს რუსული კანონის პირველი ვერსია 2023 წლის გაზაფხულზე, ხოლო მეორე ვერსია 2024 წლის გაზაფხულზე. აღნიშნული სახით ამ კანონის შემოღება მხოლოდ ამ გზის გაგრძელებას წარმოადგენს“.

მედიის შემზღუდველი ახალი ცვლილებები

1 აპრილს „ქართულმა ოცნებამ“ მხარი დაუჭირა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების ორ პაკეტსაც, რომლებიც TI - ის შეფასებით, აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით უზრუნველყოფილ გამოხატვის თავისუფლებას.

„პირველი მათგანის ამოცანაა გადაუკეტოს კრიტიკულ სამაუწყებლო მედიას საერთაშორისო დონორების მხრიდან დაფინანსების წყაროები[47] იმ პირობებში, როდესაც სარეკლამო ბაზრის ობიექტური სიმცირისა და სხვა ფაქტორების გამო მხოლოდ სარეკლამო შემოსავლების ხარჯზე კრიტიკულ სამაუწყებლო მედიას არსებობის შენარჩუნება გაუჭირდება.

მეორე პაკეტის ამოცანაა გააფართოვოს და უფრო შემზღუდველი გახადოს დამოუკიდებელ სამაუწყებლო მედიაზე კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციული ზემოქმედების შესაძლებლობები[48], რაც საბოლოო ჯამში, საფრთხეს ისევ კრიტიკული მედიიის ფინანსურ მდგრადობას შეუქმნის.

მიღებული ცვლილებით თითქმის გაუქმების დონემდე მცირდება მაუწყებლობის თვითრეგულირების მექანიზმის როლი. ისეთ საკითხებს როგორიცაა, მაგალითად, მედიაში გავრცელებული ფაქტების სიზუსტე და მიუკერძოებლობა, უმეტეს წილად, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია განიხილავს“.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ განმარტავს, „მაუწყებლობის შესახებ“ მოქმედი კანონის თანახმად, როდესაც საქმე ეხება ფაქტის ჯეროვან სიზუსტეს და მასზე პასუხის უფლებას, ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქების ვალდებულებას, ომის პროპაგანდას და საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების გადაცემას, მაუწყებლების წინააღმდეგ საჩივარი პირმა შეიძლება წარადგინოს მხოლოდ მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში, რომლის გადაწყვეტილების სასამართლოში, კომისიაში ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება დაუშვებელია. კანონში შეტანილი ცვლილებათა მეორე პაკეტის თანახმად კი, ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის და სხვა  საკითხებზე საჩივრის შეტანა შეიძლება როგორც მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში, ისე კომუნიკაციების კომისიაში. 

„ეს კი ნიშნავს, რომ თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში ნებისმიერი პირის მიერ საჩივრის შეტანა დე იურე კვლავ შესაძლებელი იქნება, მაგრამ ფაქტიურად ეს ფუნქცია კომუნიკაციების კომისიას გადაეცემა, რადგან თუ მიზანი მაუწყებლის დასჯაა, თითქმის ნულის ტოლია იმის შესაძლებლობა, რომ პირმა საჩივარი თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში შეიტანოს და არა კომისიაში.

დარღვევის დადგენის შემთხვევაში კომისიას შეუძლია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, გარემოებების შესაბამისად, წლიური შემოსავლის 0,5%-ის, 1%-ის ან 3%-ის ოდენობით, შეაჩეროს ან გააუქმოს მაუწყებლის ლიცენზია.

ამასთანავე, ცვლილებათა მეორე პაკეტის თანახმად, ფართოვდება მოთხოვნები ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის საკითხებში.

ცვლილების თანახმად, „დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა.“

ეს ნორმა სხვა არაფერია, თუ არა კომუნიკაციების კომისიის აღჭურვა უფლებამოსილებით, ჩაერიოს მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაში, რაც აუცილებლად გამოიწვევს შედეგად ცენზურას ან თუნდაც თვითცენზურას.

ასევე დამატებულია მოთხოვნა, რომ საავტორო პროგრამაში ადეკვატურად იქნეს წარმოდგენილი „ყველა საგულისხმო ალტერნატიული მოსაზრება“. თავიდან უნდა იქნეს აცილებული ფაქტის ან აზრის დამახინჯება და განსხვავებული აზრის არასწორი ინტერპრეტირება.

ეს ბუნდოვანი ნორმა საშუალებას მისცემს კომუნიკაციების კომისიას „ფაქტის ან აზრის“ დამახინჯებად მიიჩნიოს მაუწყებლის ნებისმიერი ინტერპრეტაცია“.

ორგანიზაციის შეფასებით, „ქართული ოცნების” მიერ ინიციირებული ცვლილებები ცალსახად ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლების სფეროში მოქმედ საერთაშორისო სტანდარტებს და კრიტიკული მედიის მდგომარეობას საქართველოში კიდევ უფრო დაამძიმებს. 

„მათი მთავარი მიზანია, დაასუსტოს ან მთლიანად მოსპოს დამოუკიდებელი სამაუწყებლო მედია მისი ფინანსური შემოსავლების წყაროების შეზღუდვის გზით.

ამ რეპრესიული წესების მიზანია, მედიაში შემოღებულ იქნეს ცენზურა ან თვითცენზურა და დაწესდეს შინაარსობრივი კონტროლი კრიტიკული არხების პროდუქციაზე. ცენზორის ფუნქცია ჩაბარდება კომუნიკაციების კომისიას, ორგანოს, რომელმაც წლების განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცა თავისი მიკერძოებულობა ხელისუფლების სასარგებლოდ და დამოუკიდებელი მედიის საზიანოდ. როგორც ჩანს, ხელისუფლება უკმაყოფილოა წარსულში მისი მცდელობებით, გაეკონტროლებინა კრიტიკულ არხებზე გასული ინფორმაცია და კომენტარი. სწორედ ამით უნდა იყოს განპირობებული ეს ახალი შემზღუდველი ნორმები“. 

 

საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ვრცლად წაიკითხეთ „მედიაჩეკერის“ მასალებში: 

 
კატეგორია - საქართველო


სახალხო დამცველის 2024 წლის ანგარიშში ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლისა და მედიის წარმომადგენლების დევნის შემთხვევებიც მოხვდა. 

გაზაფხულისა და ზამთრის საპროტესტო აქციები - არასათანადო მოპყრობა და სხვა უფლებადარღვევები

სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2024 წლის გაზაფხულისა და ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან მოქალაქეთა ცემისა და ძალადობის გარდა, ადგილი ჰქონდა უცნობი პირების მხრიდან სამოქალაქო აქტივისტების, საჯარო ფიგურებისა და ჟურნალისტების დევნასა და ძალადობას, ორგანიზებულ სატელეფონო მუქარებს და სხვადასხვა სახით გამოხატულ ძალადობრივ შეუწყნარებლობას. 

„სამწუხაროდ, დღემდე, წლის განმავლობაში გამართული აქციების კონტექსტში, არცერთი სამართალდამცავის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა, მაშინ როდესაც ძალადობის ორ ეპიზოდში, რომლებიც სხვადასხვა ვიდეოჩანაწერში იყო აღბეჭდილი, მოძალადე სამართალდამცავი პირები შეუნიღბავები იყვნენ და შესაძლებელი იყო მათი ამოცნობა. ამის საპირისპიროდ, საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების რაოდენობამ რამდენიმე ასეულს მიაღწია. დამატებით, დაკავებულთა გადმოცემით, მათთვის ტელეფონებისა და პირადი ნივთების კანონსაწინააღმდეგო ჩამორთმევის მასშტაბური შემთხვევებიც იკვეთება“. 

როგორც ომბუდსმენი წერს, 2024 წლის შემოდგომა-ზამთრის აქციების დროსაც სამართალდამცველების განსაკუთრებული აგრესიის მსხვერპლები, აქციის მონაწილეებთან ერთად, ჟურნალისტებიც გახდნენ, რომელთა მიმართაც ადგილი ჰქონდა როგორც არასათანადო მოპყრობას, ასევე, მათ პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას.

„2024 წლის შემოდგომა-ზამთრის აქციების მიმდინარეობისას, სხვადასხვა დროს მასმედიით გავრცელდა ინფორმაცია და ვიდეოჩანაწერები ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელების, სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების, საქმიანობაში ხელშეშლისა და ტექნიკის დაზიანების თაობაზე; ასევე, დაშავების შესახებ, მათ შორის, ცრემლსადენი გაზის გამოყენებით. აქციების დროს, სამწუხაროდ, არაერთი ჟურნალისტი თუ მედიის წარმომადგენელი დაშავდა, რამდენიმე მათგანს სამედიცინო დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურება დასჭირდა, მათ ფიზიკურ უსაფრთხოებას და სიცოცხლეს შეექმნა საფრთხე“. 

გასული წლის ანგარიშში, რომელშიც გურამ როგავაზე, მარიამ გაფრინდაშვილზე, გიორგი შეწირულზე, მაკა ჩიხლაძესა და სხვა ჟურნალისტებზე თავდასხმის შემთხვევებზეც არის საუბარი, აღნიშნულია, რომ საჭიროა მათი ეფექტიანი გამოძიება, შესაბამისი პირების პასუხისგებაში მიცემა და სახელმწიფოს მხრიდან ჟურნალისტების საქმიანობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის უზრუნველყოფა. 

„სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ჟურნალისტების მიმართ ჩადენილ არცერთ დანაშაულებრივ ფაქტზე გამოვლენილი და დასჯილი არ არის შესაბამისი დამნაშავე“. 

უფლებები და გამოხატვის თავისუფლება

სახალხო დამცველის გასული წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2024 წლის საპროტესტო აქციები უფლებადარღვევის კონტექსტში განსაკუთრებით მძიმე და დასამახსოვრებელი იყო, რაც, პირველ რიგში, კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გარანტირებული ღირსების ხელშეუვალობის უფლების, წამებისა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობის აკრძალვის პრინციპის დარღვევის ინტენსივობამ განაპირობა. 

„მძიმე უფლებადარღვევათა წყობა, ძირითადად, 2024 წლის აპრილი-მაისის საპროტესტო აქციებზე დაიწყო. სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან მოქალაქეთა ცემისა და ძალადობის გარდა, ამ პერიოდში ადგილი ჰქონდა უცნობი პირების მხრიდან სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტების, საჯარო ფიგურების დევნასა და მათზე ძალადობას, ორგანიზებული სატელეფონო მუქარებს და სხვადასხვა სახით გამოხატულ ძალადობრივ შეუწყნარებლობას“.

ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს, მედიისა და გამოხატვის თავისუფლების მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედა შემზღუდავმა საკანონმდებლო ცვლილებებმა. ასევე, პრობლემური იყო მედიის წარმომადგენლების მიმართ ქვეყანაში არსებული საფრთხის შემცველი გარემო, რაც განსაკუთრებული სიმწვავით საპროტესტო შეკრებების მიმდინარეობისას გამოვლინდა. 

„ამ ნაწილში ასევე საგულისხმოა, რომ ჟურნალისტების საქმიანობას აფერხებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მარეგულირებელი მოძველებული კანონმდებლობა, რომელიც არ უზრუნველყოფს უფლების ეფექტიანად დაცვის შესაძლებლობას. დამატებით, ევროკომისიის შეფასებით, მედიის თავისუფლებას, პლურალიზმს და ჟურნალისტების უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნა მაღალი თანამდებობის პირებისა თუ პოლიტიკოსების მხრიდან წარმოებულმა ნეგატიურმა რიტორიკამ. ამავე დროს, ევროკომისიამ ქართული მედიისთვის ერთ-ერთ დიდ გამოწვევად პოლარიზაცია დაასახელა. ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია საქართველოს პარლამენტში ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვის რეგულირება, რაც ნაწილობრივ პრობლემურად მიიჩნია სახალხო დამცველმა“.

ჟურნალისტური საქმიანობის გამოწვევები საქართველოს პარლამენტში

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ 2024 წელს არაერთხელ გამოიკვეთა ჟურნალისტებისთვის პარლამენტის ტერიტორიაზე მუშაობის შეზღუდვის პრაქტიკა. პარლამენტში რამდენჯერმე ამოქმედდა ე.წ. „უსაფრთხოების ყვითელი დონე“, რომლის მოქმედების პერიოდშიც, ონლაინ მედიის წარმომადგენლებს პარლამენტის სასახლეში შესვლა შეეზღუდათ. 

„მაშინ, როდესაც ინტერნეტმა, ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით, მოსახლეობის დიდი ნაწილის ყოველდღიურობაში, ფაქტობრივად, განუყოფელი ადგილი დაიკავა, შეიძლება ითქვას, სწორედ ონლაინ გამოცემებმა შეითავსეს საზოგადოებისთვის ინფორმაციის სწრაფი და ეფექტიანი გზით მიწოდების არსებითი როლი. ამის გათვალისწინებით, მაშინ, როდესაც, როგორც შესაფასებელი პრაქტიკის დანერგვის პერიოდში თავად პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავდა, საქართველოს პარლამენტში აკრედიტებული 340 ჟურნალისტიდან 290 ტელევიზიის წარმომადგენელი იყო, ხოლო ონლაინ გამოცემების ჟურნალისტები - „სულ რამდენიმე ათეული“. ამგვარი მცირე რაოდენობა, ერთი მხრივ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის მათი მხრიდან პარლამენტში მიმდინარე პროცესების ინტერნეტ მომხმარებელზე მორგებული ფორმით გაშუქებას, ხოლო, მეორე მხრივ, ნაკლებად სავარაუდოდ წარმოაჩენს მათი მხრიდან საპარლამენტო საქმიანობის უსაფრთხოების რისკის ქვეშ დაყენების პერსპექტივას. ამასთანავე, ერთეულ შემთხვევებში, პროტესტის გამოხატვა ან/და რესპონდენტისთვის დისკომფორტის შექმნა, რაც ნებისმიერი მედიის წარმომადგენელმა შეიძლება განახორციელოს, ქმედების საქმიანობის პლატფორმის მიხედვით (მხოლოდ ონლაინ მედიაზე) განზოგადებას ვერ გაამართლებს“. 

სახალხო დამცველის აპარატის წარმოებაშია ასევე „ფორმულას“, „მთავარი არხისა“ და „ტვ პირველის“ ცალკეული წარმომადგენლებისთვის ერთი თვით ან ექვსი თვით საქართველოს პარლამენტში ჟურნალისტის აკრედიტაციის შეჩერების საქმეები, პარლამენტის წევრის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის მიუხედავად, ინტერვიუს ჩაწერის მცდელობის გაგრძელების საფუძვლით. 

„სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ჟურნალისტების მიმართ გატარებული ნებისმიერი ღონისძიება თანასწორობის პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს და იმედოვნებს, რომ მომავალ საანგარიშო წელს საქართველოს პარლამენტში ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვის პრაქტიკა, რომელიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, სრულად აღმოიფხვრება“.

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

2024 წლის განმავლობაში საქართველოს სახალხო დამცველმა გამოავლინა მედიასაშუალების/ჟურნალისტების (“TOK TV”-ის ჟურნალისტების, შპს ,,გაზეთი ბათუმელების” და შპს ,,საინფორმაციო ცენტრების ქსელის” და შპს ,,საქართველოს ამბების”) და უფლებადამცველი ორგანიზაციების საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების დაუსაბუთებელი შეზღუდვის ფაქტებიც.

ომბუდსმენის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საჯარო დაწესებულებებმა გარკვეულ შემთხვევებში უპასუხოდ დატოვეს მედიასაშუალებებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით. რიგ შემთხვევებში კი, უფლებადამცველ ორგანიზაციებს/ჟურნალისტებს დაუსაბუთებლად ეთქვათ უარი მოთხოვნილი ინფორმაციის დამუშავება/გაცემაზე, ან არასრულყოფილად/თვეების დაგვიანებით მიეწოდათ მოთხოვნილი ინფორმაცია. 

„არასამთავრობო ორგანიზაციების საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვა მათი „საზოგადოებრივი მეთვალყურის“ ფუნქციის შესრულების ხელშეშლაა, ვინაიდან მათი მუშაობა ხელს უწყობს ცალკეულ საკითხებზე ინფორმირებული საჯარო დებატების გამართვას. ქვეყანაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები საფრთხეს უქმნის მედიასაქმიანობის ეფექტიანობასაც.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ 2024 წელს შესწავლილი საჩივრების შედეგად გამოვლენილი გამოწვევები კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ქვეყანაში ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი კანონმდებლობის რეფორმის დაწყებისა და ეფექტიანი საზედამხედველო ინსტიტუტის შექმნის აუცილებლობას“. 

სახალხო დამცველი პარლამენტს მიმართავს, იმსჯელოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშსა და წინამდებარე თავში წარმოდგენილ საკითხებზე და უფლების დაცვის სათანადო გარანტიების შესაქმნელად, განახორციელოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები. ხოლო, საჯარო დაწესებულებებს მოუწოდებს, ყველა დაინტერესებული პირისთვის, განსაკუთრებით კი მედიასაშუალების/ჟურნალისტის და უფლებადამცველი ორგანიზაციებისთვის, მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის სრულყოფილი და დროული მიწოდება უზრუნველყონ.

დაწყებული გამოძიება

სახალხო დამცველის წლიური ანგარიშის მიხედვით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2024 წელს, მედიის წარმომადგენელთა მიმართ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების 17 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება, რაც მოიცავდა, მათ შორის, პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას, ძალადობას და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას. მათგან გამოძიება 1 საქმეზე შეწყდა დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა 5 საქმეში წარიმართა. დევნა არ დაწყებულა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების არცერთ შემთხვევაზე.

„საგულისხმოა, რომ სტატისტიკური მონაცემები, შესაძლოა, არ იყოს ყოვლისმომცველი და არ ასახავდეს იმ გამოძიებათა მიმდინარეობას, რომლებიც არა ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის (სსკ-ის 154-ე მუხლი) ან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული სხვა დანაშაულების ჩადენის ფაქტებზე მიმდინარეობს, არამედ მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ დანაშაულებთან დაკავშირებით წარიმართა (მაგალითად, ეს მუხლებია სსკ-ის 126-ე (ძალადობა) და 151-ე (მუქარა) მუხლები, თუ ის ჩადენილი არ არის სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ და 187-ე მუხლი (ნივთის დაზიანება ან განადგურება)“. 

საზოგადოებრივი მაუწყებელი

როგორც ომბუდსმენი წერს, 2024 წელს, წინა წლების მსგავსად, საზოგადოებრივი მაუწყებელი „პირველი არხის“ მთავარი საინფორმაციო გამოშვების, სინქრონულ თარგმანს აზერბაიჯანულ და სომხურ ენაზე უზრუნველყოფდა. ასევე, არხი აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე ყოველდღიურად ოთხ საინფორმაციო გამოშვებას ამზადებდა. ეს საინფორმაციო გამოშვებები კი, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ტელევიზიებს უსასყიდლოდ გადაეცემოდათ. თუმცა, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ეროვნული უმცირესობებისთვის წარმოებული პროდუქტის შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, მისი პოპულარიზაცია კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. 

„აქვე უნდა ითქვას, რომ, როგორც სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლების მიერ ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში ჩატარებული სამუშაო შეხვედრების ფარგლებში გამოვლინდა, მოსახლეობის ნაწილისთვის ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის შეთავაზებული შესაძლებლობების შესახებ ან მთლიანად უცნობია ან მხოლოდ ნაწილობრივ არის ცნობილი“. 

სახალხო დამცველი საზოგადოებრივ მაუწყებელს მოუწოდებს: 

▪ ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ყველა ტერიტორიულ ერთეულში გააძლიეროს ეროვნული უმცირესობების ენებზე მთავარი საინფორმაციო და ანალიტიკური გამოშვებების პოპულარიზაცია აუდიტორიის გასაზრდელად; 
▪ ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ყველა ტერიტორიულ ერთეულში ხელი შეუწყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებული მედიაპროდუქტების (მათ შორის, ეთნიკური უმცირესობების ენებზე მომზადებული მედიაპროდუქტების) ხელმისაწვდომობას ტრანსლაციის ყველა არსებული საშუალებით, აგრეთვე უზრუნველყოს ამ საქმიანობის პოპულარიზაცია.

ექსტრადიციის დასაშვებობა

როგორც ანგარიშში წერია, გასულ წელს სახალხო დამცველის აპარატმა 2024 წლის აგვისტოში, თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის  აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებობის თაობაზე საერთო სასამართლოების განჩინებები შეისწავლა და შედეგად, სასამართლო მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრებით საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიმართა.

როგორც ანგარიშში აღნიშნულია, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ჟურნალისტთა უფლებების დარღვევისა და ჟურნალისტური საქმიანობის გამო უსაფუძვლო სისხლისსამართლებრივი დევნის თაობაზე ინფორმაცია ხელმისაწვდომია საჯარო წყაროებში და ასევე მითითებული იყო სახალხო დამცველის სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაშიც, საერთო სასამართლოებმა დასაშვებად მიიჩნიეს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სადიგოვის ექსტრადირება ისე, რომ არ უმსჯელიათ იმაზე, „რამდენად შესაძლებელი იყო, მის მიმართ ადგილი ჰქონოდა სისხლისსამართლებრივ დევნას მისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო და ხომ არ იყო, ამ მხრივ, სახეზე ექსტრადიციის გამომრიცხველი გარემოება“.