TV 24-ის დამფუძნებელსა და დავის ინიციატორებს, უხელფასოდ დარჩენილ
თანამშრომლებს შორის მედიაციის პროცესი დასრულდა. ტელეკომპანიამ
მოპასუხე მხარის მოთხოვნები არ დააკმაყოფილა. შრომითი უფლებებისთვის
ბრძოლას მედიის წარმომადგენლები სასამართლოში გააგრძელებენ.
TV 24-მა საცდელი მაუწყებლობა 10 ივნისს დაიწყო. ეთერში
გასვლიდან ერთ თვეში კი, „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის,
ბიზნესმენ შოთა შალელაშვილის ოჯახის ტელევიზიამ რეორგანიზაცია
გამოაცხადა. ჟურნალისტები ამბობენ, რომ ხელფასი სრულად ჯერაც არ
აუღიათ. სწორედ ეს გახდა 33 ჟურნალისტის კოლექტიური დავის დაწყებისა
და მედიატორისთვის მიმართვის საფუძველიც.
დავის ინიციატორებმა საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს, მხარეებს შორის პრობლემის მოგვარების მიზნით, მედიატორის
დანიშვნის მოთხოვნით 2024 წლის 22 ივლისს მიმართეს. მედიატორი კი TV
24-ის საქმეში 16 სექტემბერს ჩაერთო.
მედიაცია კონფლიქტების მოგვარების ერთ-ერთი მეთოდია,
რომლის დროსაც მიუკერძოებელი მხარე (მედიატორი) მოდავე მხარეებს
ურთიერთმისაღები შეთანხმების მიღწევაში ეხმარება.
დავის დაწყების საფუძველი
როგორც „კოლექტიური დავის დაწყებისა და მედიატორის
დანიშვნის მოთხოვნის შესახებ“ განცხადებაშია აღნიშნული, დავის
დაწყების საფუძველი დამსაქმებელის მიერ დასაქმებულთა შრომითი
უფლებების დარღვევა იყო. დასაქმებულთა მოთხოვნები კი,
ასეთი:
1.დაუყოვნებლივ მოხდეს შრომის ანაზღაურების პირობის
შესრულება ყველა თანამშრომლის მიმართ;
2.შრომის ანაზღაურებასთან ერთად უზრუნველყოფილ იქნას
შრომის კოდექსითა და შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული
პირგასამტეხლოს ანაზღაურება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
3.დაუყოვნებლივ წარმოდგენილ იქნას წინადადება
ხელშეკრულებაში ქმედითი მექანიზმების ასახვის შესახებ, რომელიც
მომავალში გარანტირებულად უზრუნველყოფს ხელშეკრულების პირობების
შესრულებას დამსაქმებლის მიერ;
4.დაუყონებლივ გამოვიდეს კონტაქტზე ორგანიზაციის სახელით
მოქმედი უფლებამოსილი პირი, რომელიც ცხადად და გარკვევით
გაგვაგებინებს, რა ხდება კომპანიაში, რას ნიშნავს დასაქმებულთა
ნაწილისთვის ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი წერილები რეორგანიზაციისა
და შემდეგ უკვე შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.
დასაქმებულთა მოთხოვნებზე TV 24-ის პოზიცია,
რომელსაც ხელს ტელეკომპანიის ამჟამინდელი 100%-იანი წილის მფლობელი და
დირექტორი, ირა ფიჩხაძე აწერს ასეთია:
1. დასაქმებულთა ძირითადმა ნაწილმა შრომის
ანაზღაურება მიიღო. დარჩენილი ნაწილი კი დასაქმდა დირექტორის
[იგულისხმება ნანა ლეჟავა] ერთპიროვნული გადაწყვეტილებით
დამფუძნებელთან შეთანხმების გარეშე. დირექტორმა დაარღვია
სიტყვიერი შეთანხმება, არხი უნდა ჩართულიყო ივნისის თვეში და
ანაზღაურებად სამსახურში თანამშრომლების აყვანა უნდა მომხდარიყო ამ
თვეში. დირექტორმა შეუთანხმებლად დაიწყო ხელშეკრულებათა გაფორმება და
აიყვანა იმაზე მეტი თანამშრომელი (გამოსაცდელი ვადის გარეშე), ვიდრე
არხის დამფუძნებელს ჰქონდა გათვალისწინებული. შემდგომ დირექტორმა
შეატყობინა დამფუძნებელს, რომ 10 ივნისს არხს ვერ რთავდა, რადგან
თანამშრომელთა გარკვეულ ნაწილს სურდა წინასწარ ხელფასის აღება, რაც
შემდგომში დაკმაყოფილდა. შესაბამისად, დასაქმებულთა 1-ლი მოთხოვნის
დაკმაყოფილებაზე კომპანია უარს აცხადებს.
2. პირგასამტეხლოს მოთხოვნა არის უსაფუძვლო, რადგან იგი
არ ყოფილა გათვალისწინებული შრომით ხელშეკრულებაში.
3. ხელშეკრულებაში ქმედითი მექანიზმების ასახვის
მოთხოვნა არარელევანტურია, რადგან 9 ივლისს გამოცხადდა
რეორგანიზაცია, გათავისუფლდა თანამშრომლები და ტელევიზია ამ
ეტაპზე არ ფუნქციონირებს. რეორგანიზაციას წინ უძღოდა თანამშრომლების
ნაწილის მიერ მიზანმიმართულად საინფორმაციო გადაცემის ჩაგდება (მათი
მხრიდან დაირღვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები).
4. მეორე მოთხოვნა ინფორმირებასთან დაკავშირებით უკვე
შესრულებულია, რადგან დასაქმებულებს გაეგზავნათ რეორგანიზაციისა და
გათავისუფლების შეტყობინება, შესაბამისად მათთვის ცნობილია ტელევიზიის
უფუნქციო რეჟიმში გადასვლის შესახებ.
როგორც ტელეკომპანიის ამ პოზიციიდან ვგებულობთ, არხმა
რეორგანიზაცია 9 ივლისს გამოაცხადა. თანამშრომლებისთვის გაგზავნილ
შეტყობინებაში კი, რეორგანიზაციის თარიღად 15 ივლისია
დასახელებული.
ამ შეტყობინებიდან რამდენიმე დღეში, 19 ივლისს,
თანამშრომლებმა სამსახურიდან წასვლის შესახებ ხელმოსაწერად
გამზადებული განცხადებებიც მიიღეს.
„ჩემ ნაცვლად დაწერილი ტექსტი იყო, რომ თითქოს,
მე ვტოვებდი სამსახურს ჩემი ნებით და თანახმა ვიყავი ამ
გადაწყვეტილების სანაცვლოდ ნახევარი თვის ანაზღაურება
მიმეღო“, - ამბობს „მედიაჩეკერთან“ საუბრისას TV24-ის
ჟურნალისტი თამთა ჯანაძე, რომელსაც ივნისის ხელფასი არ აუღია. მან
ტელეკომპანიის ახალი ამბების დეპარტამენტში მუშაობა1 მაისიდან
(გამოსაცდელი ვადის გარეშე) დაიწყო.
ჯანაძის თქმით, კუთვნილი ანაზღაურება მხოლოდ ერთხელ,
მაისის თვეში აიღო და ისიც ხელშეკრულების დარღვევითა და დაგვიანებით.
ანაზღაურების დარჩენილი ნაწილის ბედი კი ამ დრომდე გაურკვეველია,
ვინაიდან ის არ დათანხმდა, 15 დღის ხელფასის სანაცვლოდ,
გათავისუფლების ბრძანებაზე ხელი მოეწერა.
როგორც ჟურნალისტი ამბობს, დირექტორის მხრიდან კადრების
თვითნებურად დასაქმებასთან დაკავშირებული ტელევიზიის არგუმენტი
„მტკნარი სიცრუეა“, რადგან სანამ თანამშრომლები ხელშეკრულებაზე ხელს
მოაწერდნენ, მათ პირადად სანდრო თოფურია (დამფუძნებლის ნდობით
აღჭურვილი პირი) ესაუბრებოდა და ინფორმირებულიც სრულად იყო რა
პოზიციაზე, რა დროიდან და რა ვადით მიდიოდნენ ისინი ტელეკომპანიაში
სამუშაოდ.
„თანამშრომლები მუშაობდნენ მანამ, ვიდრე არ
დარწმუნდნენ, რომ ტელევიზიის მენეჯმენტი გაუგებარი მიზეზებით არ
აპირებდა მათთვის კუთვნილი ანაზღაურების მიცემას. ამ დრომდე არ
მიმიღია ინფორმაცია, ვარ თუ არა TV 24-ის თანამშრომელი, ან თუ არ ვარ,
რა რიცხვიდან ვარ გათავისუფლებული,“ - აღნიშნა თამთა
ჯანაძემ.
ტელევიზიის მიერ წარდგენილ პოზიციას წარმოუდგენელ
სიცრუეს უწოდებს ნანა ლეჟავა, TV 24-ის მაშინდელი დირექტორი.
„ეს წარმოუდგენელი სიცრუეა. ხელფასები არ მიუღია
ჟურნალისტებისა და წამყვანების დიდ ნაწილს. როგორ შეიძლება
ჟურნალისტი, რომელიც მისი მოვალეობის შესრულების დროს ჩანდა ეკრანზე,
არ ყოფილიყო ხელმძღვანელობასთან შეთანხმებული. თუ არ იყო
შეთახმებული, მაშინვე დაეფიქსირებინათ პოზიცია, ეკრანზე რომ ხედავდნენ
მაგალითად, თამთა ჯანაძეს, ეს ვინ არის, ჩვენ არ მიგვიღია
სამსახურშიო. ჯიბეში ხომ არ ვისვამდი თანამშრომლებს და ჩუმად
დავატარებდი სამსახურში".
ლეჟავას თქმით, მას მხოლოდ ერთი თვის ხელფასი ჩაერიცხა
და ისიც არასრულად: „ხელფასი დამაკლეს, რაზეც ნათქვამი იყო (სანდრო
თოფურიასგან), რომ მოგვიანებით დამირიცხავდნენ და მეორე თვის საერთოდ
არ ამიღია. ეტყობა, მეც მათთან შეუთანხმებლად ვმუშაობდი. ხელფასი არ
არის იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც ის მორალური ზიანი და სტრესი,
რაც ამ ადამიანებისგან მივიღე. ეს ადამიანები თაღლითები არიან“.
სარჩელები სასამართლოში და ყადაღა არხის
ანგარიშებს
მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა სამსახურიდან წასვლის
შესახებ ხელმოსაწერად გამზადებული წერილები მიიღეს, რედაქციამ კი მათ
კითხვებს არ უპასუხა, თანამშრომლების ნაწილმა სასამართლოს მალევე
მიმართა, ნაწილი კი სამართლებრივი დავის დასაწყებად მედიაციის
პროცესის დასრულებას დაელოდა.
შორენა კახიანი, თამარ შარიქაძე, ნიკოლოზ
მეტრეველი და დარეჯან მგელიაშვილი TV 24-ის ის თანამშრომლები
არიან, რომელთა სახელზეც ტელეკომპანიის ანგარიშებს 10
ოქტომბერს ყადაღა დაედო. მათი კოლექტიური სარჩელი საქალაქო
სასამართლოში 12 სექტემბერს შევიდა. ისინი კუთვნილი ხელფასის
ანაზღაურებას ითხოვენ.
„მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მათ
საბანკო ანგარიშს ყადაღა დაადოს ჩვენი ხელფასის ერთი წლის თანხის
ოდენობით“, - ამბობს თამარ შარიქაძე.
დღის გამოშვებების პროდიუსერის, შორენა კახიანის თქმით,
მას არც შეტყობინება მიუღია იმის შესახებ, თუ როდის შეწყვიტა
კომპანიამ მათთან თანამშრომლობა.
„ერთი თვის ხელფასი აქვთ ასანაზღაურებელი,
თუმცა, შეტყობინება იმის შესახებ, რომ კომპანიამ ჩემთან თანამშრომლობა
შეწყვიტა ან რაიმე მსგავსი, არაფერი მიმიღია. ჩვენი უფლებები მათი
მხრიდან დაირღვა და ჩვენი მოთხოვნაა, შეასრულონ კონტრაქტით
გათვალისწინებული პირობები და კომპენსაცია
აგვინაზღაურონ“.
TV 24-ის წინააღმდეგ სარჩელი ინდივიდუალურად აქვს
შეტანილი ჟურნალისტ დავით ცაგარელს. მან სასამართლოს დაახლოებით ერთი
თვის წინ მიმართა და ისიც კუთვნილი ანაზღაურების მიღებას ითხოვს.
„ჩემი სარჩელი სასამართლომ წარმოებაში მიიღო და
მეორე მხარეს ველოდებით, როდის ჩაიბარებს სარჩელს. ერთ მისამართზე
გავაგზავნეთ და არ ჩაიბარეს, ახლა მეორე მისამართიდან ველოდებით
ფოსტას“.
მედიაციის პროცესის დასრულების შემდეგ ტელეკომპანიასთან
სამართლებრივი დავის დასაწყებად ემზადება ჟურნალისტი სოფო
ზედელაშვილიც.
„რეალურად, მედიაციის მიზანი ზუსტად ის იყო, რომ
სასამართლოსთვის თავი აგვერიდებინა, მაგრამ რადგან, სამწუხაროდ,
დამსაქმებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების
შესრულებაზე უარს აცხადებს, სხვა გამოსავალს უბრალოდ ვერ ვხედავ.
მომიწევს, რომ სასამართლოს მივმართო და ბუნებრივია, მოვითხოვ
დავალიანების დაფარვას“.
ზედელაშვილის თქმით, TV 24-ის თანამშრომელთა
დაღვეული უფლებების აღდგენა, როგორც პრეცედენტი, პრინციპული საკითხია,
რათა მომავალში სხვა დამსაქმებლებმა „თავს უფლება აღარ მისცენ, ასე
მოექცნენ დასაქმებულებს“.
მედიაციის პროცესის უშედეგოდ დასრულების შემდეგ,
სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს ტელევიზიის ახალი ამბების
ტოქშოუს პროდიუსერი, ირაკლი აბსანძეც.
„არხის ადმინისტრაციას მივმართეთ წერილით,
სამწუხაროდ, ვერ ჩაბარდა, ვინაიდან არც ფაქტობრივ და არც იურიდიულ
მისამართზე არ არსებობენ. საერთოდ ხელფასი არ ამიღია და წერილიც არ
მომსვლია. ფაქტობრივად, ისევ მათ თანამშრომლად ვითვლები. ჯერ საერთოდ
გაგვარკვიონ, თანამშრომლობის ხელშეკრულება მოქმედია თუ არა, როდიდან
არ არსებობს არხი. ფაქტობრივი მონაცემებით, მათ ამ დრომდე უწევთ
ხელფასის გადახდა“.
„მედიაჩეკერმა“ შოთა შალელაშვილსა და სანდრო
თოფურიასთანაც სცადა დაკავშირება. შალელაშვილმა რედაქციას მოკლე
ტექსტური შეტყობინებით უპასუხა, რომ „იურისტი შესაგებებელს ამზადებს,
შინაარსობრივად არ ვფლობ ინფორმაციას“. თოფურიამ კი მოგვწერა, რომ
არხთან შეხება არ აქვს.
შოთა შალელაშვილის მეუღლემ TV 24 მიმდინარე წლის 29
იანვარს 50 000 აშშ დოლარად იყიდა. შალელაშვილი „ქართული ოცნების“
ყოფილი დეპუტატი და მილიონერი ბიზნესმენია. მან IX მოწვევის
პარლამენტი 2019 წელს დატოვა. TV24-მა საცდელი მაუწყებლობა 10
ივნისს დაიწყო. არხის საინფორმაციო გამოშვების ხელმძღვანელად იმედა
დარსალია, ხოლო ტელეკომპანიის დირექტორად ნანა ლეჟავა დაინიშნა.
საცდელი მაუწყებლობის დაწყებიდან დაახლოებით ერთ თვეში,
TV24 დირექტორმა და მთავარი საინფორმაციო გამოშვების ერთ-ერთმა
წამყვანმა, ნანა ლეჟავამ თანამდებობა
დატოვა. ცნობილი რომ ლეჟავამ TV 24 დატოვა, 8
ივლისს გახდა, თუმცა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს
მონაცემებით, ის დირექტორობის თანამდებობიდან 6 ივლისს გათავისუფლდა
და დირექტორი ისევ ტელეკომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი, შოთა
შალელაშვილის მეუღლე, ირა ფიჩხაძე გახდა. ლეჟავამდე ტელეკომპანიის
დირექტორი სწორედ ფიჩხაძე იყო.
ამ თემაზე იხილეთ „მედიაჩეკერის“ სხვა მასალებიც: