პროკურატურამ ქორიძე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან თავდასხმის ფაქტზე დაზარალებულად ცნო
22.01.2025


„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერსა და ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. საქმე 14 იანვარს, ღამით, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ მომხდარ ინციდენტს, „ქართული ოცნების” წარმომადგენლების მხრიდან თავდასხმის ფაქტს ეხება.

TI-იმ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში გაასაჩივრა ვიდეომონიტორინგის ჩანაწერების გადმოცემაზე სასტუმრო “შერატონის“ უარიც.

„შსს-ს მიერ საგამოძიებო ქვემდებარობის წესის დარღვევით დაწყებული გამოძიება პროკურატურამ  გადაიბარა. ზვიად ქორიძე აპირებს მიმართოს პროკურატურას განცხადებით, რათა მიაწოდონ მას ინფორმაცია საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ.

გარდა ამისა, დღეს ზვიად ქორიძემ საჩივრით მიმართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს და ბათუმის სასტუმრო „შერატონის“ ხელმძღვანელობის მიერ ზვიად ქორიძისთვის სასტუმროს ფოიეში განლაგებული ვიდეომონიტორინგის კამერების ჩანაწერების გადაცემის შესახებ მოთხოვნის რეაგირების გარეშე დატოვების კანონიერების შესწავლა მოითხოვა”, - ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.

15 იანვარს, ღამით, დაახლოებით ბათუმში, სასტუმრო „შერატონის“ ლობიში,  მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“ დიმიტრი სამხარაძე, წინა მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე, ამჟამად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე და მასთან მყოფი სხვა პირები თავს დაესხნენ ზვიად ქორიძეს. 

როგორც ქორიძემ განაცხადა, დიმიტრი სამხარაძემ მას უთხრა, რომ იცნო ის და უკმაყოფილება გამოხატა ზვიად ქორიძის ბათუმში ყოფნის მიზეზის მიმართ. ყოფილი დეპუტატი იგინებოდა და იქცეოდა აგრესიულად. ამის შემდეგ დიმიტრი სამხარაძესთან მყოფი ადამიანები ქორიძეს ჯგუფურად დაესხნენ თავს. ერთ-ერთმა მათგანმა ჟურნალისტს საფეთქელთან მოარტყა რაღაც  ნივთი, რის შედეგადაც სათვალე დაიმსხვრა და მან სახის არეში დაზიანებები მიიღო. თავდამსხმელთა შორის იყო გიორგი მანველიძე, რომელიცTI-ის რეგიონული ოფისების მენეჯერს ცოტა ხნით ადრე გაეცნო. მან ზვიად ქორიძის მიმართულებით ისროლა მიწით სავსე კერამიკის ქოთანი, რომელიც ჟურნალისტს ასცდა და დაიმსხვრა. 

ქორიძე ბათუმში  „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე დასასწრებად იმყოფებოდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებით,  ისინი „ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურისგან მოითოვენ, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები თავდამსხმელების წინააღმდეგ და უმოკლეს ვადებში დააკავონ დიმიტრი სამხარაძეს, გიორგი მანველიძე და თავდასხმაში მონაწილე სხვა პირები. 

„მათ ქმედებაში იკვეთებასისხლის სამართლის კოდექსის 156-ე (დევნა სიტყვის, აზრის ან პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით), და 225-ე მუხლით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები“.

TI სასტუმრო შერატონის ხელმძღვანელობასაც მიმართავს,  საქმის მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე გაასაჯარონ ვიდეო ჩანაწერები.

„ჩვენ დაუყოვნებლივ მივაწვდით ინფორმაციას საერთაშორისო პარტნიორებს, რათა ადეკვატური პასუხი გაეცეს როგორც უშუალოდ ივანიშვილს, ასევე მისი ზონდერ ჯგუფების ამ ქმედებას,“ - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ