კატეგორია: საქართველო


სტუდენტური მოძრაობა - „თავისუფლებისთვის“ დამფუძნებელი, ნიკო მანაგაძე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარა. 

გუშინ, 20 ნოემბერს საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 18-19 ნოემბერს, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირზე აქციის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა ტელეკომპანიის თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით დაიწყო. სამსახურმა „მედიაჩეკერთან“ განმარტა, რომ ამ ტელეკომპანიებში „იმედი“, „მთავარი არხი“ და „პირველი არხი“ იგულისხმება.

როგორც მანაგაძე ფეისბუკის პირად გვერდზე წერს: „იმედის ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში ვკითხე, გმობდნენ თუ არა მათ კოლეგაზე (“მთავარი არხის” ოპერატორზე) პოლიციის მხრიდან ძალადობას, კამერის დამტვრევას და მის უკანონოდ დაკავებას. და უთხრეს თუ არა ამის შესახებ თავიანთ მაყურებელს, გაუშვეს თუ არა ამის ამსახველი კადრები ეთერში.. (ტელევიზია, რომელიც მუდმივად 7 ნოემბერზე და თავიანთი ჟურნალისტების მიმართ არასათანადო მოპყრობაზე აპელირებს წინა ხელისუფლების კონტექსტში).

და ტრაგიკომიკური ისაა, რომ იმ “პოლიციელებზე” კი არ აღძრეს საქმე, რომლებმაც (რბილად რომ ვთქვათ) მართლა ხელი შეუშალეს მედიის წარმომადგენელს ბრუტალური მეთოდებით მუშაობაში, ფიზიკურად გაუსწორდნენ, კამერა დაულეწეს და დააკავეს, მე გამომაცხადეს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შემშლელად ამაზე კითხვა რომ დავუსვი პირდაპირ ეთერში მათ “კოლეგებს”.

საქართველო. 2024. პ.ს. ტელეკომპანია “იმედმა” მოგვმართა ამასთან დაკავშირებითო. :))“.

 

19 ნოემბერს პროფესიულ საქმიანობაში ხელი მედიის 4 წარმომადგენელს შეუშალეს:

  • პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ფიზიკურად იძალადეს და დააკავეს „მთავარი არხის“ ოპერატორი სერგი ბარამიძე; ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.




  • სამართალდამცველებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს “პუბლიკას” ჟურნალისტს მინდია გაბაძეს.



  • სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა ხელი შეუშალეს OC Media-ს ჟურნალისტს, მარიამ ნიკურაძეს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში;




  • სამართალდამცველებმა Netgazeti-ს კორესპონდენტს, გივი ავალიანს არ მისცეს გადაღების საშუალება.

 

„მთავარი არხის“ ოპერატორის დაკავების შემდეგ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, გოგა მემანიშვილმა ამავე ტელეკომპანიასთან საუბრის დროს განაცხადა, რომ „სასამართლოზე მიბრძანდება[სერგი ბარამიძე] და იქ დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ოპერატორი ან ჟურნალისტი თუ კანონს არღვევს, ხელშეუხებელია? თვითონ დაკავებულს განემარტებოდა დაკავების არსი. თუ უდანაშაულოდ ცნობს თავს, სასამართლოში იტყვის“. ტელეკომპანია „ფორმულასთან“ კი, მემანიშვილმა იკითხა: „იმუნიტეტი იცავს ოპერატორს ან ჟურნალისტს?.. კანონს თუ არღვევს და არ ემორჩილება პოლიციას, არ უნდა დავაკავოთ?“

„მედიაომბუდსმენმა“ მედიის ამ წარმომადგენლების დევნისა და დაკავების შეტყობინებებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს იმ დღესვე მიმართა. საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე დაბარებულია მინდია გაბაძე და მარიამ ნიკურაძე, გივი ავალიანი კი უწყებამ უკვე გამოკითხა. 

მედიის წარმომადგენლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლისა და ფიზიკური შეურაცხყოფის შემთხვევებს გამოეხმაურა „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ - CPJ და სამოქალაქო საზოგადოების არაერთი ქართული ორგანიზაცია. 

პოლიციის მხრიდან ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებს ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურნენ საქართველოში მომუშავე ონლაინ მედიებიც: On.ge, „პუბლიკა“, „ტაბულა“, Netgazeti, „ბათუმელები“.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს 19 ნოემბერსვე მიმართა ტელეკომპანია „იმედმაც“. „იმედი“ პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლად მიიჩნევს იმას, რომ აქციის დარბევისა და ჟურნალისტებზე ძალადობის შემდეგ პროტესტის მონაწილეები პროსამთავრობო მედიის კამერის წინ საქართველოს დროშით დგებოდნენ და „მთავარი არხის“ ოპერატორისთვის მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის დაგმობას სთხოვდნენ.

„იმედის“ მიერ საგამოძიებო სამსახურისთვის მიმართვას ბრიფინგზე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი.

 „„ნაცმედიის“ რომელიმე წარმომადგენელს ვიღაცა რაღაცას ეტყვის, გადაკრულ სიტყვას და კიოდნენ და წიოდნენ, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელს გვიშლიანო”, - თქვა მამუკა მდინარაძემ. 

ვოდეო

„იმედის“ მიმართ პატივისცემა გამოხატა „ქართული ოცნების“ კიდევ ერთმა ლიდერმა, ნინო წილოსანმა: „რაც ეხლა იმედის , საზოგადოებრივი მაუწყებლის და სხვა ობიექტური ჟურნალისტების მიმართ ხდება აქციაზე არის სიბნელე და ჩვეულებრივი ფაშიზმი..“ 

„პირველმა არხმა“ კი, 19 ნოემბერს გამოაქვეყნა მასალა სათაურით - „აქციის მონაწილეები ჟურნალისტებს მუშაობაში ხელს უშლიან“. ვიდეოში ჩანს, რომ მოქალაქე პროტესტის ნიშნად „მოამბის“ ჟურნალისტის, შალვა სუმბაძის პირდაპირ ეთერში ჩართვისას კამერასთან ევროკავშირის დროშას აფრიალებს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან მიმდებარე ტერიტორია პროტესტანტებს კარვებით გადაკეტილი 17 ნოემბრიდან ჰქონდათ. ისინი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ.

ნიკო მანაგაძეს მიმდინარე წლის 7 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ რამდენიმე ახალგაზრდა თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. ის კლინიკაშიც გადაიყვანეს. მანაგაძეს დაზარალებულის სტატუსი აქვს, თუმცა მისი ცემის ფაქტზე ჯერ გამოვლენილი არავინ არ არის. 

 
კატეგორია: საქართველო


19 ნოემბერს „პირველი არხის“ დილის ეთერში, 10:34 წუთზე, გავიდა მასალა, სადაც ჩანს, რომ მოქალაქე პროტესტის ნიშნად „მოამბის“ ჟურნალისტის, შალვა სუმბაძის პირდაპირ ეთერში ჩართვისას კამერასთან ევროკავშირის დროშას აფრიალებს. ეს ვიდეომასალა წარწერით - „აქციის მონაწილეები ჟურნალისტებს მუშაობაში ხელს უშლიან“ ტელეკომპანიამ გამოაქვეყნა ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზეც. 

„პირველი არხი“ პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლად მიიჩნევს იმას, რომ მოქალაქე „პირველი არხის“ ჟურნალისტს მიმართავს ფრაზით: „ჩვენი ფულით ფინანსდებით თქვენ და მე ძალიან არ მომწონს, რომ საზოგადოების აზრს არ აშუქებთ ობიექტურად“. შალვა სუმბაძე კი მოქალაქეს კონკრეტული მაგალითის დასახელებას სთხოვს: „მაშინ რა ვთქვი არაობიექტურად, შეგიძლიათ, რომ ამიხსნათ?“

ამავე ვიდეოში ჩანს, რომ აქციის მონაწილე საქართველოს დროშას ტელეკომპანია „იმედის“ კამერის წინაც შლის, ისმის პროტესტანტების უკმაყოფილების გამომხატველი ფრაზებიც ტელევიზიის მიმართ. 

დამატებითი ინფორმაცია: „იმედმა“ გუშინ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც მიმართა. ტელეკომპანია პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლად მიიჩნევს იმას, რომ აქციის დარბევისა და ჟურნალისტებზე ძალადობის შემდეგ პროტესტის მონაწილეები პროსამთავრობო მედიის კამერის წინ საქართველოს დროშით დგებოდნენ და „მთავარი არხის“ ოპერატორისთვის მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის დაგმობას სთხოვდნენ.



რა მოხდა 19 ნოემბერის დილას?

გამთენიისას სამართალდამცავებმა ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს. პროფესიულ საქმიანობაში კი, ხელი შეუშალეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მედიის 4 წარმომადგენელს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან მიმდებარე ტერიტორია პროტესტანტებს კარვებით გადაკეტილი 17 ნოემბრიდან ჰქონდათ. ისინი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ.

აღსანიშნავია, რომ ზემოთ განხილული მასალის „პირველი არხის“ ეთერში (10:34) გასვლამდე და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებამდე (10:47) უკვე ცნობილი იყო (08:42), რომ „მთავარი არხის” ოპერატორს, სერგი ბარამიძეს მელიქიშვილის გამზირზე ფიზიკურად გაუსწორდნენ და დააკავეს. ბარამიძე სხვა მომიტინგეების დაკავების კადრებს იღებდა.

დილის 09:17 წუთზე კი, „მედიაომბუდსმენმა“ ინფორმაცია კიდევ 3 ჟურნალისტის შესახებ გაავრცელა, რომელთაც სამართალდამცველები საქმიანობაში ხელს უშლიდნენ ანდა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მომხდარ შემთხვევებთან დაკავშირებით 10:13 წუთზე განცხადება გამოაქვეყნა „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც“. 

შალვა სუმბაძეს კი, მაგალითად, „პირველი არხის“ პირდაპირ ეთერში 09:19 წუთზე ჩართვისას, რომელიც 4 წუთი და 22 წამი გაგრძელდა, „მთავარი არხის“ ოპერატორის დაკავება არ უხსენებია. ჟურნალისტი მაყურებლებს მხოლოდ იმას უყვება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლება აქტივისტებსა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა, „იქიდან გამომდინარე, რომ ისინი არ გადადიოდნენ გზის სავალი ნაწილიდან, როგორიც იყო მოწოდება ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების და საბოლოოდ, მოხდა რამდენიმე პირის დაკავება“.




ამ ჩართვის დასასრულს ჟურნალისტი აღნიშნავს იმასაც, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კორდონის წინ აქტივისტები და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები იმყოფებიან და „რამდენჯერმე მოხდა მათ შორის ასევე, სიტყვიერი დაპირისპირებაც იქიდან გამომდინარე, რომ აქციის მონაწილეებიც და პარტიის ლიდერებიც…იყენებენ სხვადასხვა შეურაცხმყოფელ ეპითეტებს პოლიციის მისამართით“. 



შალვა სუმბაძეს „მთავარი არხის“ ოპერატორის, სერგი ბარამიძის დაკავება არც 10-საათიან ჩართვაში უხსენებია.





........................................................................................................................

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია, „უზრუნველყოს პროგრამების სარედაქციო დამოუკიდებლობა, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა; სახელისუფლებო, პოლიტიკური, რელიგიური და კომერციული გავლენისაგან თავისუფლება“. 

„საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსით“ კი, „პირველი არხი“ ისწრაფვის დაიცვას: „მიუკერძოებლობა - ვიყოთ მიუკერძოებლები. შევისწავლოთ და სამართლიანად ავსახოთ განსხვავებული პოზიციები საკამათო საკითხის შესახებ. დავიცვათ ბალანსი და არ გამოვხატოთ არც ერთი პოზიციის მხარდაჭერა. უყურადღებოდ არ დავტოვოთ არც ერთი საგულისხმო და ღირებული აზრი“. 
........................................................................................................................

კატეგორია: საქართველო

შენიშვნა: ქავერზე გამოყენებულია Ezz Gaber-ის 20 ოქტომბრის აქციის ამსახველი ფოტო.


ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს ყალბ ინფორმაციას, თითქოს „მთის ამბები“ და „ტვ პირველი“ მარშს - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ ძველი აქციების კადრებით აშუქებს. 

სამთავრობო მედიამ დღეს, 21 ოქტომბერს საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა მასალა სათაურით - „„მთის ამბები“ და „ტვ პირველი“ ოპოზიციის პრაიდზე მისული ხალხის სიმცირის გამო, ძველი აქციების კადრებს იყენებენ“. როგორც „იმედი“ წერს, „იმ მიზეზით, რომ 20 ოქტომბერს, ოპოზიციის და არასამთავრობოების მიერ დაგეგმილ მარშს მოსახლეობის მცირე რაოდენობა შეუერთდა, აღნიშნულ მედიასაშუალებებს, ხალხის სიმრავლის წარმოსაჩენად ძველი კადრების გამოყენება მოუხდათ“. 

იდენტური შინაარსით მასალა გამოაქვეყნა Postv-მაც. „იმედზე“ დაყრდნობით კი, ინფორმაცია გაავრცელეს newshub-მა, kvira.ge-მ და digest.ge-მ.  სამთავრობო მედიასაშუალებებმა შესაბამისი ინფორმაციის ამსახველი იდენტური ქარდები გამოაქვეყნეს ფეისბუკის საკუთარ გვერდებზეც. 



აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია „იმედმა“ მოგვიანებით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ქარდი შეცვალა, კოლაჟიდან „მთის ამბების“ ფოტო წაშალა და „ტვ პირველის“ საარქივო მასალის ე.წ. სქრინით ჩაანაცვლა. 



„ტვ პირველს“ მასალის - „პროტესტის გზა“ აღწერაში თავად აქვს მითითებული, რომ მაყურებელი ვიდეოში სხვადასხვა აქციის კადრებს ნახავს. ეს საკუთარ მასალაში „იმედმაც“ აღნიშნა. სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას, თითქოს „მთის ამბები” „კადრებს ძველი აქციებიდან 20 ოქტომბრის პრაიდის კადრებად ასაღებს“ გამოეხმაურა „მთის ამბებიც“.

„აუდიტორიისადმი პატივისცემის გამო, გვინდა, განვმარტოთ, რომ ვიდეომასალა, რომელიც ასახავს 20 ოქტომბერს, საქართველოს ევროპული მომავლისთვის, თბილისში, თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციას, გადაღებულია „მთის ამბების“ მიერ, 20:10 – 20:30 მონაკვეთში და მასში არცერთი ძველი კადრი არ არის გამოყენებული“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

20 ოქტომბრის მარშის - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ ამსახველი  ფოტოების ნახვა შესაძლებელია დამოუკიდებელი ფოტოგრაფის Ezz Gaber-ი ფეისბუკის პირად გვერდზე.

აქციის მონაწილეთა რაოდენობის შეფასება შესაძლებელია სხვა მედიების მიერ გავრცელებული კადრებითაც. მაგალითად, "რადიო თავისუფლების" ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებული მასალით. Visioner-ის ინფორმაციით კი, აქციას 90 ათასიდან 100 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ პირველივე პრინციპის მიხედვით, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. მე-11 პრინციპის მიხედვით კი, ფაქტის განზრახ დამახინჯება ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს. 

მედიაში შესწორების სტანდარტის სახელმძღვანელო წესებით: „გამოქვეყნებული მასალა უნდა შესწორდეს ისე, რომ აუდიტორიისთვის ცნობილი გახდეს თუ რა გასწორდა. ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია და არ უწყობს ხელს ვინმესთვის საზიანო ინფორმაციის გავრცელებას, მასალის ბოლოს შენიშვნის სახით უნდა მიეთითოს რა ეწერა მცდარ ვერსიაში“. „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ მე-5 პრინციპის მიხედვით კი, მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება. 

გუშინ, 20 ოქრტომბერს თბილისში გამართული პროევროპული მარშის - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ მონაწილეები 5 სხვადასხვა ლოკაციიდან დაიძრნენ და თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ. მსვლელობას, მოქალაქეებთან ერთად, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. 

იხილეთ „მედიაჩეკერის“ მასალები არქივიდან:

 

 
კატეგორია: საქართველო



„ქართული ოცნების“ რეკლამის - „არა ომს, აირჩიე მშვიდობა“ განუთავსებლობის გამო, 11 ოქტომბერს, სასამართლომ „მთავარი არხი“, „TV პირველი“ და „ფორმულა“ 5-5 000 ლარით დააჯარიმა და ვიდეორგოლის ტელეეთერში განთავსება დაავალა. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ComCom-ის მიერ ტელეკომპანიებისთვის შედგენილი სამართალდარღვევის ოქმების საფუძველზე მიიღო. კომუნიკაციების კომისიას კი, თავის მხრივ, საჩივრით „ქართულმა ოცნებამ“ მიმართა. მმართველი პარტია ამ ტელევიზიებისგან იმ უფასო პოლიტიკური რეკლამის („არა ომს, აირჩიე მშვიდობა“)  ეთერში გაშვებას ითხოვდა, რომელშიც საქართველოს საპირწონედ, შავ-თეთრ ფერებში რუსეთის თავდასხმების შედეგად დანგრეული უკრაინის სხვადასხვა ადგილია ნაჩვენები. 

„TV პირველის“ იურისტის, თორნიკე მიგინეიშვილის შეფასებით, კომუნიკაციების კომისიისა და „ქართული ოცნების“ პოზიცია სამარცხვინოა, ყოველგვარ სამართლებრივ ჩარჩოს არის გაცდენილი სასამართლოს შეფასებაც, რომელიც მმართველი პარტიისა და მარეგულირებლის პოზიციებს იზიარებს და კრიტიკულ მედიას აჯარიმებს. 


„უკვე მეოთხედ მოგვიწია სასამართლოში ყოფნა. მიდის ფორმალური პროცესი როგორც comcom-ში, ასევე სასამართლოში და საჩივრის შეტანისთანავე უკვე ვიცით, რა მოხდება.

დაუყოვნებლივ აღსრულების მოთხოვნა კიდევ ერთი ზეწოლის მექანიზმია. როდესაც ჩვენ გვაქვს უფლება, რომ ზემდგომ ინსტანციაში ვიდავოთ, რატომ უნდა ჩავსვათ დაუყოვნებლივ ძალადობის წამქეზებელი, ომის პროპაგანდის შემცველი რგოლი? არგუმენტი არის, რომ „ქართულ ოცნებას“ კამპანია ეზღუდება და ვერ იყენებს ეთერს, როდესაც ამ საქმეზე დავის მიუხედავად, „ოცნების“ სხვა რგოლები ეთერში გადის. ის რგოლები, რომლებიც კანონმდებლობის დაცვით არის წარმოდგენილი.

ამიტომ მრჩება განცდა, რომ „ოცნება“ წარმოადგენს ნაწილ რგოლებს ისეთს, რომლის  ეთერში გაშვებაც შეიძლება და ისინი ბადეში ზის, ნაწილს კი ისეთს, რომელსაც იციან, რომ ვერ გავუშვებთ და უნდათ, რომ დავჯარიმდეთ“.

„TV პირველი“ თბილისის საქალაქო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ისევე, როგორც წინა სხვებს, სააპელაციოში გაასაჩივრებს. 

ტელეკომპანიებმა 5 ოქტომბერს მმართველი პარტიის რეკლამასთან - „არა ომს, აირჩიე მშვიდობა“დაკავშირებით ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს. მათ გადაწყვეტილებას მხარი სამოქალაქო საზოგადოების არაერთმაორგანიზაციამ დაუჭირა. 

„მედიაომბუდსმენმა“ კი კომუნიკაციების კომისიის ის პასუხები გაასაჯაროვა, რომელიც მარეგულირებელმა ტელევიზიებს გაუგზავნა. „მთავარი არხი“, „TV პირველი“, „ფორმულა“ ითხოვდნენ, ComCom-ს მათთვის მიეწოდებინა ინფორმაცია აღნიშნული ვიდეორგოლის („არა ომს, აირჩიე მშვიდობა“) საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობისა და განთავსების შესახებ. კომუნიკაციების კომისიამ სამივე ტელევიზიას იდენტური პასუხი გასცა: „კომისია მოკლებულია შესაძლებლობას წინასწარ, ადმინისტრაციული წარმოების პროცესის მიღმა, შეაფასოს კონკრეტული მასალა და გასცეს მის ეთერში განთავსების/განუთავსებლობის შესახებ რეკომენდაცია“.

წინასაარჩევნო პერიოდში საერთო მაუწყებლებს არჩევნებში მონაწილე კვალიფიციური სუბიექტების უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების ვალდებულება აქვს, ვიდეორგოლის შინაარსზე პასუხისმგებელი კი, ტელევიზია არ არის.

ტელეკომპანიებმა „ქართული ოცნების“ რეკლამის მიერ საარჩევნო კოდექსის შესაძლო დარღვევის დასადგენად მიმართეს ცესკოსაც. საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მესამე ნაწილი გულისხმობს, რომ „საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას“.

....................................................................................................................................
დამატებითი ინფორმაცია: ComCom-მა ტელევიზიებს სამართალდარღვევის ოქმები 9 ოქტომბერს შეუდგინა, მეორე დღეს კი „იმედმა“ გამოაქვეყნა განაცხადა, რომ ოპოზიციის რეკლამებს ეთერში აღარ გაუშვებდა, სანამ ტელევიზიები („ფორმულა“, „მთავარი არხი“ და „ TV პირველი“) „ქართული ოცნების“ ვიდეოებს არ განათავსებდნენ, ეს გადაწყვეტილება გაიზიარა POSTV-მაც.
....................................................................................................................................

რა ითხოვს „ქართული ოცნება“ ტელევიზიებისგან? 

კომუნიკაციების კომისიამ „ქართული ოცნების“ საჩივრების საფუძველზე „მთავარ არხს“, „TV პირველსა“ და „ფორმულას“ 3-3 სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა სექტემბერშიც. საქალაქო სასამართლომ კი, ეს ტელევიზიები მხოლოდ წინა თვეში ჯამში 10-10 000 ლარით დააჯარიმა. 

....................................................................................................................................

ComCom-ის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები წინასაარჩევნო პერიოდში სასამართლოში იგზავნება და საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო შემჭიდროვებულ ვადაში (2 დღე) იღებს. 
....................................................................................................................................

სამოქალაქო საზოგადოების მადისკრედიტებელი რეკლამის განთავსება


11 სექტემბერს ComCom-მა „მთავარ არხს“ „ქართული ოცნების“ იმ პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობის გამოც შეუდგინა სამართალდარღვევის ოქმი, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩანან და პარალელურად ისმის ფრაზა: „უთხარი არა საზოგადოების მორალურ გადაგვარებას და აირჩიე ტრადიციული ფასეულობები“. ამავე რეკლამის ეთერიდან ამოღების გამო, კომისიამ 2 დღეში, 13 სექტემბერს სამართალდარღვევის ოქმები შეუდგინა „TV პირველს“ და „ფორმულასაც“. ამ ოქმების საფუძველზე კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ სამივე ეს ტელეკომპანია სხვადასხვა დღეს 5-5 00 ლარით დააჯარიმა. 

სანამ ეს ტელევიზიები სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებდნენ, მმართველმა პარტიამ კომუნიკაციების კომისიას ამ რეკლამის განუთავსებლობის გამო მეორედაც მიმართა. კომისიამ ამ საკითხზე განმეორებით 19 სექტემბერს იმსჯელა და ტელეკომპანიებს კიდევ ერთი სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. საქალაქო სასამართლომ კი „მთავარი არხი“, „TV პირველი“ და „ფორმულა“ 5-5 ათასი ლარით მეორედ 21 სექტემბერს დააჯარიმა და კომისიის შუამდგომლობით, სადავო ვიდეორგოლის ეთერში განთავსებაც დაავალა. 

ტელეკომპანია „ფორმულას“ იურისტის, ეთერ ქათამაძის თმით, „ქართული ოცნების“ ეს რეკლამა კანონშეუსაბამოა და არადისკრიმინაციულობის პრინციპებს ვერ აკმაყოფილებს.

„კანონშეუსაბამოა რეკლამის ის ნაწილი, რომელიც პირთა კონკრეტული ჯგუფის მიმართ აჟღერებს ფრაზას, რომ ისინი ეწევიან საზოგადოების მორალურ გადაგვარებას, რაც ჩვენი მოსაზრებით, სიძულვილის ენისა და ძალადობის წაქეზების ნიშნებს შეიცავს. ამავდროულად, გამოყენებულია იმ პირების გამოსახულება, რომლებიც არ არიან საარჩევნო სუბიექტები და მათ არ აქვთ იმავე პლატფორმის გამოყენების შესაძლებლობა საპასუხო პოზიციის გასაჟღერებლად. 

მიუხედავად ამისა, ჩვენი პოზიცია არც კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ და არც სასამართლომ (როგორც საქალაქო სასამართლომ, ასევე სააპელაციომ) არ გაიზიარა, დაგვაჯარიმა და დაგვავალდებულა, რომ ეთერში გაგვეშვა ეს რგოლი“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ შეფასებით, ამ ორგანიზაციების წარმომადგენლების „ქართული ოცნების“ საარჩევნო ვიდეოში გამოყენება მიზნად ისახავს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წინააღმდეგ მმართველი პარტიის მიერ კოორდინირებული და დაგეგმილი კამპანიის გაგრძელებას და სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეპუტაციის შელახვას. კომუნიკაციების კომისიისა და სასამართლოს გადაწყვეტილებები კი კრიტიკულ მედიას ფინანსურ დარტყმას აყენებს.

TI-ის განცხადებაში  ვკითხულობთ:  


„ქართული ოცნების“ საჩივრები სხვა პარტიებისთვის გამოყოფილი დროის გადანაწილებაზე

12 სექტემბერს კომუნიკაციების კომისიამ „ქართული ოცნების“ მორიგ საჩივარზე იმსჯელა, რომელიც ამჯერად ტელევიზიების მიერ სხვა პარტიებისთვის გამოყოფილი დროის გადანაწილებას შეეხებოდა. ComCom-მა მმართველი პარტიის მოთხოვნა დააკმაყოფილა, თუმცა, სასამართლოს მაუწყებლების პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა. 

ამ შემთხვევაში საქმე ეხებოდა ტელევიზიების მიერ „ევროპული საქართველოს“, „კი ევროპასა“ და „მოქალაქეების“ უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსებას და უფასო სარეკლამო დროის გადანაწილებას 2 სხვადასხვა ბლოკში ( „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „ახალ ერთობა გვარამია მელია“) შემავალ პარტიებზე.  

„ქართული ოცნების“ საჩივარში აღნიშნული იყო, რომ საარჩევნო სუბიექტებს: „ევროპული საქართველო“, „კი ევროპას“, „მოქალაქეები“ საჯაროდ ჰქონდათ განცხადებული, რომ ისინი დამოუკიდებლად არ მონაწილეობდნენ არჩევნებში და ეს პარტიები არ აწარმოებდნენ საკუთარი არჩევის ხელშემწყობ წინასაარჩევნო კამპანიას. მმართველი პარტია გულისხმობდა იმას, რომ „ევროპულმა საქართველომ“ და „კი ევროპას“ განაცხადეს, რომ 2024 წლის არჩევნებში „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთიანდებოდნენ, „მოქალაქეები“ კი - „ლელოსთან“. 

....................................................................................................................................
დამატებითი ინფორმაცია: საარჩევნო სუბიექტებს პროპორციული სიების წარსადგენად დრო  26 სექტემბრის ჩათვლით ჰქონდათ. საარჩევნო კოდექსის მიხედვით, საარჩევნო პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარედგინოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა (115 მუხლი.7. ) საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება კი, კოდექსის 113 მუხლის 12 მუხლით განსაზღვრულია ასე: „პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით: ე) თუ მან არ წარადგინა პარტიული სია ან წარდგენილი პარტიული სია რეგისტრაციაში არ გატარდა“;
....................................................................................................................................


„ოცნების“ განმარტებით, როდესაც სუბიექტი არ აწარმოებს საკუთარი არჩევის ხელშემწყობ კამპანიას, მის მიერ განთავსებული სხვისი ხელშემშლელი რეკლამა, არა მის, არამედ სხვა საარჩევნო სუბიექტების სააგიტაციო მიზნებს ემსახურება, რითიც საქართველოს კანონმდებლობა ირღვეოდა. შესაბამისად, მმართველი პარტია ტელევიზიებისგან ამ სამი პარტიის უფასო პოლიტიკური რეკლამის ამოღებას მოითხოვდა.

როგორც „მთავარი არხის“ იურისტი, თამთა მურადაშვილი „მედიაჩეკერთან“ ჰყვება, ტელევიზიამ ახალი სეზონის დაწყებამდე ცესკოსა და კომუნიკაციების კომისიისგან იმ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების სია გამოითხოვა, ვისაც უფასო სარეკლამო დრო ეკუთვნოდა. კომისიისგან გამოგზავნილ სიაში კი „კი ევროპას“, „ევროპული საქართველო“ და „მოქალაქეებიც“ იყვნენ, შესაბამისად ტელევიზიამ დრო ამ პარტიებსაც დაუთმო.

„მოგვიანებით „ქართულმა ოცნებამ“ კომუნიკაციების კომისიაში შეიტანა საჩივარი იმ საბაბით, რომ მედიები ისეთი სამი პარტიის რეკლამას უშვებდნენ, რომლებიც გაერთიანდნენ სხვა პარტიებში ( „მოქალაქეები“ - „ლელოსთან“, „კი ევროპას“ და „ევროპული საქართველო“ - „ნაციონალურ მოძრაობასთან“) და მათ თითქოს არ ეკუთნოდათ უფასო სარეკლამო დრო. არადა, ეს პარტიები რეგისტრირებულები იყვნენ ოფიციალურად და კომისიასაც წერილობით დადასტურებული ჰქონდა, რომ ცალკე სუბიექტები იყვნენ. ვინაიდან საარჩევნო სიების წარდგენის ვადა 26 სექტემბერს გადიოდა და ვინ გაერთიანდებოდა და ვინ დაიშლებოდა, ოფიციალურად არავინ იცოდა."

კომუნიკაციების კომისიას იმ საარჩევნო სუბიექტების სია, ვისაც უფასო საეთერო დრო ეკუთვნის, „მედიაჩეკერმაც“ სთხოვა. ComCom-მა 30 სექტემბერს რედაქციას ის სია გამოუგზავნა, რომლის ჩამონათვალშიც ეს სამი პარტიაც („მოქალაქეები“, „კი ევროპას“ და „ევროპული საქართველო“) არის. კითხვის, მაშინ რატომ დაევალათ ტელევიზიებს მათი რეკლამების ამოღება, საპასუხოდ კომისიამ 1 ოქტომბერს „მედიაჩეკერს“ შემდეგი შინაარსის წერილი გამოუგზავნა:

„კომისიის შეფასებით, მპგ „ევროპული საქართველოს“, მპგ „კი ევროპას“ და მპგ „მოქალაქეების“ პოლიტიკური რეკლამები ემსახურებოდა სხვა საარჩევნო სუბიექტების სააგიტაციო მიზნებს, რადგან თავად ეს პარტიები დამოუკიდებლად არ აწარმოებდნენ საკუთარი არჩევის ხელშემწყობ წინასაარჩევნო კამპანიას. შესაბამისად, მაუწყებლების მიერ სადავო რეკლამების განთავსება მიჩნეულ იქნა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 186-ე მუხლის მე-18 პუნქტის დარღვევად და შედგა შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. აღსანიშნავია, რომ კომისიის ეს პოზიცია გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლომ და დაადასტურა დარღვევა. ამრიგად, მპგ „ევროპული საქართველოს“, მპგ „კი ევროპას“ და მპგ „მოქალაქეებს“ კანონით მინიჭებული ჰქონდათ უფასო საეთერო დრო და ჰქონდათ შესაძლებლობა, კუთვნილი საეთერო დრო გამოეყენებინათ კანონმდებლობის შესაბამისად, საკუთარი არჩევისათვის ხელშემწყობი წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების პირობებში“.

მურადაშვილის განმარტებით, არ შეიძლება, რომ ერთმა სუბიექტმა მეორე სუბიექტის სასარგებლო რეკლამა განათავსოს, თუმცა, მას შეუძლია სხვისი ხელის შემშლელი რეკლამა განათავსოს.

„პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა – მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში (შემდგომ – მედია) გასული ისეთი შინაარსის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, ან მოწოდებას სარეფერენდუმოდ/საპლებისციტოდ გამოტანილი საკითხის გადაწყვეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ“; საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 2 (ჯ).

„სამართლიანი არჩევნებისა და  დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ნგარიშის მიხედვით, პრობლემური და რისკის შემცველია, სასამართლოსა და ComCom-ის მიერ განვითარებული მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ პირის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადება სხვა პოლიტიკურ პარტიასთან გაერთიანების თაობაზე, იმ პირობებში, როდესაც პარტიაში რეორგანიზაცია ან/და შერწყმა არ განხორციელებულა, საკმარისად შეიძლება ჩაითვალოს იმისათვის, რომ საარჩევნო სუბიექტის აქტივობა, სხვა საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ იქნას მიჩნეული.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიის შუალედურ ანგარიშში კი ვკითხულობთ: 



უფასო სარეკლამო დროის გადანაწილება ბლოკებში შემავალ პარტიებზე

რაც შეეხება ბლოკებისთვის უფასო სარეკლამო დროის გადანაწილებასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის საჩივრის ნაწილს, კომუნიკაციების კომისიის განცხადებით: 

"„ფორმულას“, „ტვ პირველსა“ და „მთავარ არხზე“ განთავსებული იყო „ახალი ერთობა გვარამია მელიას“ 14.8 წამიანი სარეკლამო რგოლი. ასევე, „ტელეკომპანია პირველსა“ და „მთავარ არხზე“ განთავსებული იყო 19 წამიანი „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ რგოლი და „მთავარ არხზე“ განთავსებული იყო 30 წამიანი „ახალი ერთობის“ სარეკლამო რგოლი. ვინაიდან აღნიშნულ სუბიექტებს უფასო საეთერო დრო საერთო ეროვნულ მაუწყებლებში ეკუთვნის 12.8 წმ, ამ რგოლების განთავსებით მაუწყებლებმა დაარღვიეს კანონის მოთხოვნა“.

„მთავარი არხის“ იურისტი, თამთა მურადაშვილი „მედიაჩეკერთან“ ამბობს, რომ სანამ წინასაარჩევნო კამპანია დაიწყებოდა comcom-თან კომუნიკაცია ამ საკითხზეც ჰქონდათ და ტელევიზიას უთხრეს, რომ ბლოკში შემავალ პარტიებს დრო თანაბრად ეთმობოდათ. 

„შემდეგ კომისიამ გადაიფიქრა და გვითხრა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ახლა 3 პარტია მონაწილეობს არჩევნებში, ეს დრო მაინც 5-ზე უნდა გაყოფილიყო, რადგან თავის დროზე ამ ბლოკში 5 პარტია იყოო. იმ ორ პარტიას, რომელიც ახლა არჩევნებში არ მონაწილეობს და რომელსაც არ აქვს ინტერესი, უფასო დრო მაინც მიაკუთვნეს. ამის ამოსავალი მიზანი იყო ის, რომ ამ პარტიებს („ახალი“, „ნაციონალურ მოძრაობა“, „ევროპულ დემოკრატები“ და მეორე ბლოკის პარტია - „სტრატეგია აღმაშენებელი“) ნაკლები უფასო დრო ჰქონოდათ“.

„ღია სივრცე კავკასიის“ თავმჯდომარის, ირმა პავლიაშვილის განმარტებით, მართალია კანონის მიხედვით,  ბლოკში შემავალ პარტიებზე დრო თანაბრად ნაწილდება, თუმცა კოდექსი არ იცნობს ჩანაწერს რომლის მიხედვითაც (პარტიის გამოკლების/არჩევნებში არ მონაწილეობის შემთხვევაში) დროის ბლოკზე გადანაწილება უნდა გადაიხედოს და შესაბამისად, შემცირდეს.

....................................................................................................................................
„უფასო საეთერო დრო ამ კანონით დადგენილი წესით თანაბრად ეძლევათ იმ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს, რომლებმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახეს. თუ უფასო საეთერო დრო საარჩევნო ბლოკს ეძლევა, ეს დრო მასში გაერთიანებულ პოლიტიკურ პარტიებს შორის თანაბრად ნაწილდება“; საარჩევნო კოდექსის 186.2. მუხლი;

 

დამატებითი ინფორმაცია: წინა საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე არსებობს 2 ბლოკი, ვისაც უფასო პოლიტიკური საეთერო დრო ეკუთვნის. „ნაციონალური მოძრაობის“ ბლოკი [„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“], რომელშიც 5 პარტია იყო გაერთიანებული, თუმცა, მათგან 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ 3 პარტია [„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი“ (გვარამიას პარტია, რომელიც ნიკა მაჭუტაძის პარტიის ნომერს - 4 იყენებს), „ევროპული დემოკრატები“] იღებს და მეორე ბლოკი, რომელშიც  „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „კანონი და სამართალი“ იყო გაერთიანებული. 
....................................................................................................................................


უფასო საეთერო დროის გადანაწილება საარჩევნო სუბიექტებზე 

კომუნიკაციების კომისიის 12 სექტემბრის განცხადებაში წერია, რომ მათი ინფორმაციით, „მაუწყებლები უფასო საეთერო დროს ანაწილებდნენ შემდეგი პრაქტიკით, ისინი ყოფდნენ სავალდებულო უფასო საეთერო დროს იმ რაოდენობის სუბიექტებზე, რამდენსაც ეკუთვნის უფასო პოლიტიკური რეკლამა (ამ შემთხვევაში ეს არის 7 სუბიექტი) და წარმოდგენილი პოლიტიკური რეკლამის მიხედვით თანაბრად ანაწილებდნენ მათზე. 

შესაბამისად, თუ მაუწყებელს რეკლამას წარუდგენდა მხოლოდ 3 სუბიექტი, მას რჩებოდა თავისუფალი დრო, რომელსაც თანაბრად ანაწილებდა იმ სუბიექტებზე ვინც რეკლამა წარუდგინეს (კანონით გათვალისწინებული 90 წამიანი ზედა ზღვრის გათვალისწინებით). აღნიშნული პრაქტიკა არსებობდა წინა არჩევნების მიმდინარეობისასაც“.

როგორც ComCom-ი წერს, ამ საკითხთან დაკავშირებით კომისიას აქამდე არ უმსჯელია, რადგან აღნიშნული პრობლემა დღის წესრიგში არ დამდგარა: 

„პრეცედენტულობიდან გამომდინარე კომუნიკაციების კომისიამ საკითხი საფუძვლიანად შეისწავლა და დაადგინა, რომ მაუწყებლები არასწორად ანაწილებდნენ საეთერო დროს. საარჩევნო სუბიექტებს უნდა მიეცეთ ის უფასო სარეკლამო დრო, რაც თავიდანვე კანონის მიხედვით ეკუთვნით, იმის მიუხედავად რამდენი სუბიექტი წარადგენს მაუწყებელში რეკლამას ან რამდენი მოიხსნება რეგისტრაციიდან“.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, საერთო ეროვნული საეთერო მაუწყებელი ვალდებულია საერთო არჩევნებისას საარჩევნო კამპანიის დროს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღიდან თავის ეთერში ყოველ 3 საათში გამოყოს არანაკლებ 7,5 წუთისა წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად და თანაბრად და არადისკრიმინაციულად განათავსოს თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა, იმ პირობით, რომ ამ პერიოდში ერთი საარჩევნო სუბიექტისათვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 90 წამს არ აღემატებოდეს (საარჩევნო სუბიექტს შეუძლია ეს დრო რამდენიმე ნაწილად დაყოს). არ შეიძლება საარჩევნო სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის.

როგორც „მთავარი არხის“ იურისტი ამბობს, ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ არჩევნებში მონაწილე პარტიებს უფასო რეკლამისთვის ძალიან ცოტა დრო ჰქონოდათ:




....................................................................................................................................

რა გამოვიდა ციფრებით:
უფასო პოლიტიკური რეკლამის ტელეეთერში განთავსების შესაძლებლობით სარგებლობს 4 საარჩევნო სუბიექტი: „ქართული ოცნება“, „პატრიოტთა ალიანსი“, „გირჩი“ და იმ ბლოკში შემავალი პარტიები, რომლებიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" იყვნენ გაერთიანებულები. 

მაგალითად, „მთავარი არხის“ ყოველ ბლოკში უფასო რეკლამისთვის გამოყოფილია 450 წამი. 450 წამი უნდა გაიყოს 4 სუბიექტზე თანაბრად, რაც გამოდის 112,5 წამი, მაგრამ რადგან კანონი ამბობს იმასაც, რომ მაქსიმუმი 90 წმ უნდა იყოს, ამ 4 სუბიექტს შეუძლია 90 წამით ისარგებლოს.

თუმცა, ComCom-ის გადაწყვეტილების შემდეგ, რომ დრო (450 წმ) თავიდანვე დარეგისტრირებული სუბიექტების რაოდენობაზე ანუ 7-ზე უნდა გაიყოს, თითოეულ სუბიექტი იღებს 64 წამს. ბლოკის შემთხვევაში [ ბლოკი ერთ სუბიექტად მოიაზრება]  კი, ეს 64 წამი კიდევ იყოფა მასში შემავალი პარტიების იმ რაოდენობაზე, რომელიც ბლოკში წინა არჩევნების დროს იყო. მაგალითად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბლოკში წინა არჩევნებზე 5 პარტია იყო, მათგან არჩევნებში მონაწილეობას ახლა მხოლოდ 3 [ „ახალი“, „ევროპელ დემოკრატები“, „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა“ ] იღებს, თუმცა, ბლოკისთვის განსაზღვრული 64 წამი მაინც 5-ზე იყოფა და თითოელი პარტია რეალურად 12,8 წამს იღებს. 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 19 სექტემბერს კომუნიკაციების კომისიამ „ქართული ოცნების“ საჩივარზე იმსჯელა, რომელიც ტელევიზიების მიერ მმართველი პარტიის რეკლამის განუთავსებლობის გარდა, ამ საკითხებსაც ეხებოდა. ამავე საჩივარში აღნიშნული იყო, რომ მიუხედავად იმისა, რომ კომისიამ 12 სექტემბერს უკანონოდ მიიჩნია „ევროპული საქართველოს“, „კი ევროპას“ და „მოქალაქეების“ პოლიტიკური რეკლამების ეთერში განთავსება, რაც სასამართლომაც დაადასტურა, „მთავარ არხზე“, „ტელეკომპანია პირველსა“ და „ფორმულაზე“ ეს სარეკლამო რგოლები განთავსებული მაინც იყო. ამიტომ კომისიამ ამ მაუწყებლების მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები მესამედ შეადგინა.

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) იურისტის, ვასილ ჟიჟიაშვილის შეფასებით:


„რეალურად ის საქმეები, რომლებიც კომუნიკაციების კომისიამ განიხილა, პრობლემურია იმიტომ, რომ მიკერძოება აშკარად ეტყობა. მიკერძოებას მმართველი პარტიის მიმართ ის ამყარებს, რომ მათი გადაწყვეტილებები არ არის დამაჯერებელი და დასაბუთებული. პრობლემა და ერთ-ერთი მიგნება შეიძლება ისიც იყოს, რომ რასაც კომკომი აკეთებს, მაგას სასამართლოებიც უაპელაციოდ ეთანხმებიან“. 

„მედიაომბუდსმენის“ კომუნიკაციების კომისიის საქმიანობის მონიტორინგის შუალედური ანგარიში თანახმად:

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის საბაბით, სამართლებრივი დავებისა და მედიის დასჯის მოთხოვნის ინიციატორი „ქართული ოცნებაა“. კომუნიკაციების კომისია და სასამართლო კი გახდნენ თანამონაწილენი, საარჩევნო პერიოდში კიდევ ერთხელ დასჯილიყვნენ კრიტიკული მედიასაშუალებები.

 
კატეგორია: საქართველო


ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმის პარტნიორმა ორგანიზაციებმა და მედიის თავისუფლების სწრაფი რეაგირების (MFRR) კონსორციუმის წევრებმა საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხის შესაფასებლად სპეციალურიანგარიში მოამზადეს. 

საქართველოში მყოფი ორდღიანი მისიის მიზანი იყო ინფორმაციის შეგროვება საქართველოში გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების ვალდებულებების შესრულების ნაწილში, მათ შორის, მიმდინარე საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით.

როგორც ევროპული მედიაორგანიზაციების შუალედურ დასკვნაში აღნიშნულია, „საქართველოში პრესის თავისუფლებისა და, ზოგადად, ადამიანის უფლებების მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია. ასევე, ქვეყანაში გამოიყენება მექანიზმებისა და ბერკეტების ფართო სპექტრი დამოუკიდებელი და კრიტიკული აზრის დისკრედიტაციისა და ჩახშობისათვის."


პრესის თავისუფლების მისიის მთავარ მიგნებებს გაეცანით სრულად: 



მედიაში არსებული მდგომარეობა წინასაარჩევნო პერიოდში 


ჩვენი საუბრები სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან მოწმობს დემოკრატიულ უკუსვლას და ადამიანის უფლებების უპატივცემულობას საქართველოში, ასევე მედიის პლურალიზმის ეროზიას და პრესის თავისუფლების სერიოზულ რღვევას. სამოქალაქო საზოგადოება მთლიანად დგას მზარდი ავტორიტარიზმის წინაშე, რომელიც ხასიათდება შეკავებისა და გაწონასწორების სისტემის  შესუსტებით. 


ბოლოდროინდელი კანონმდებლობა საფრთხეს უქმნის პრესის თავისუფლებას 

იმ ჟურნალისტური ორგანიზაციების, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, რომელსაც პარტნიორი ორგანიზაციები მისიის ფარგლებში შევხვდით, მწვავედ გააკრიტიკეს ბოლო დროს მიღებული კანონები “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“. მათ დაასახელეს ის დაბრკოლებები, რომლებიც მედიის და მედიის უფლებადამცველი ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას ხელს უშლის. კანონი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ავალდებულებს მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ დარეგისტრირდნენ უცხოური გავლენის გამტარ ორგანიზაციებად. ორგანიზაციებმა, რომლებსაც მისიის ფარგლებში შევხვდით, აღნიშნეს, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხოლოდ მცირე ნაწილმა  და ერთმა მედიასაშუალებამ გაიარა რეგისტრაცია. ორივე კანონი აღიქმება როგორც ძლიერი ბერკეტები ხელისუფლებისთვის მედიაზე ზეწოლის განხორციელებისთვის. 

აღნიშნულთან დაკავშირებით  მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ჩვენს შენიშვნებს სათანადოდ არ უპასუხა. მიუხედავად იმისა, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის იმპლემენტაცია ჯერ სრულად არ განხორციელებულა, მას უკვე ჰქონდა მნიშვნელოვანი მსუსხავი ეფექტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მედია საშუალებებზე.

კერძოდ, კანონი უკვე იწვევს თვითცენზურას, წნეხს ჟურნალისტების წყაროებზე და მტრულ გარემოს, რაც აფერხებს ჟურნალისტების საქმიანობას. 

ორგანიზაციები და ჟურნალისტები, რომელსაც მისიის ფარგლებში შევხვდით, წუხილს გამოთქვამდნენ  მედიის პოლარიზაციასთან დაკავშირებით. დაპირისპირებულ მხარეებს შორის პოლიტიკური დებატების ნაკლებობა ამ პოლარიზაციას ამძაფრებს. მისია რეკომენდაციას გასცემს, რომ პოლიტიკურმა აქტორებმა, საჯარო პირებმა და პარტიებმა თავი შეიკავონ პოლარიზაციის გაძლიერებისგან და თავი შეიკავონ საზოგადოებრივი ჯგუფებისა და საჯარო პირების დისკრედიტაციისგან.


ჟურნალისტების უსაფრთხოება: შიშის კლიმატი და ჟურნალისტების მიერ პროფესიოული საქმიანობისგან თავის შეკავება

ჩვენმა შეხვედრამ დაინტერესებულ მხარეებთან გააძლიერა სურათი, რომელიც წინა ანგარიშებში იყო აღწერილი. ჟურნალისტებს თავს ესხმიან ფიზიკურად, სიტყვიერ, სამართლებრივად და ფინანსურად.

 

ჟურნალისტიკა საქართველოში სახიფათო პროფესიად იქცა

ჟურნალისტები იმდენად წუხან იმ საფრთხეებით, რომლებიც მათ უსაფრთხოებას ეხება,  რომ ზოგიერთი მათგანს თანხმლები პირები ახლავს თან პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს. რამდენიმე გამოცემის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ უფრო და უფრო მეტი ჟურნალისტი ტოვებს ინდუსტრიას. ბევრი ჟურნალისტი კი ქვეყანას საერთოდ ტოვებს. გარდა ამისა, რამდენიმე მედიასაშუალებამ გვითხრა, რომ ისინი საკუთარ კომპანიას საზღვარგარეთ არეგისტრირებენ. 

ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმების გარდა, მისიამ დაფიქსირდა ჟურნალისტების დაშინების უამრავი შემთხვევა. მუქარა, მოკლევადიანი დაკავება, ადმინისტრაციული კოდექსის სავარაუდო ბოროტად გამოყენების შემთხვევები და მიზანმიმართული ცილისწამების კამპანიები სოციალურ მედიაში დაფიქსირდა თავად ჟურნალისტებისა და მედიის უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ.

აქტორები, რომლებსაც მისია შეხვდა, ასევე შეშფოთებულნი იყვნენ ჟურნალისტების და/ან მედიის “ანტიქართულად” მოხსენიებით ეროვნული სენტიმენტების ბოროტად გამოყენების გამო. მისია შეშფოთებულია, რომ “უცხოური გავლენის კანონი” ძლიერად პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს ცეცხლზე ნავთს ასხამს და ჟურნალისტების უსაფრთხოებას ძირს უთხრის.


დაუსჯელობა და ჟურნალისტების დაშინება

ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმის, მუქარის, ცილისწამების ან სხვა სახის ზეწოლის ორგანიზატორებისა და ჩამდენი პირების უმეტესობა დასჯილი არ არის. ეს დაუსჯელობა, როგორც ჩვენთვის ნათელი გახდა, მტრულ კლიმატს ქმნის ჟურნალისტების საქმიანობისთვის.

მისიის ფარგლებში შევხვდით პოლიტიკური პარტიების, სახალხო დამცველის ოფისისა და კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებს. ამ შეხვედრების დროს, ჩვენ წინ წამოვწიეთ დაუსჯელობის საკითხი, თუმცა არ მიგვიღია მკაფიო პასუხი, რა და როგორ შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ დავეხმაროთ ჟურნალისტებს თავდასხმის დროს.

2021 წლის ივლისის ტრაგიკული მოვლენებიდან მოყოლებული, ჟურნალისტებზე ძალადობის ორგანიზატორები და შემსრულებლები, ისევე როგორც სამართალდამცავი ორგანოების წევრები, რომლებიც, სავარაუდოდ, პასუხისმგებელნი არიან ჟურნალისტებზე ძალადობისთვის, პასუხისმგებაში არ ყოფილან მიცემული.


საზოგადოებრივი მაუწყებელი

2023 წელს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებით შემცირდა და საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების მექანიზმი შეიცვალა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ფიქსირებული პროცენტიდან სახელმწიფო ბიუჯეტში წლიურ ალოკაციებამდე. ცვლილებები წარდგენილი იყო წინასწარი შეფასების, საზოგადოებრივი მაუწყებლებელთან კონსულტაციებისა და დაინტერესებულ მხარეებთან და ექსპერტებთან ღია საჯარო დებატების გარეშე. საქართველოში საზოგადოებრივ მაუწყებელს სჭირდება სტაბილური და პროგნოზირებადი დაფინანსება, რაც მათ დამოუკიდებლობის დაცვას შესაძლებელს გახდის.


SLAPP-ები მედიის წინააღმდეგ

მისიაში მონაწილე აქტორებმა განაცხადეს, რომ მედიის წინააღმდეგ ცილისწამებასთან დაკავშირებული სასამართლო დავები იარაღად გამოიყენება მმართველ პარტიასთან დაკავშირებული მაღალი რანგის პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების მიერ და ნაკლებად კერძო აქტორების მიერ. სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული გამოწვევები ამ საქმეებთან დაკავშირებით შეშფოთებას აძლიერებს. ამავდროულად, იმისათვის, რომ ჟურნალისტებმა საკუთარი უდანაშაულობა დაამტკიცონ, ირიბად ექცევიან წნეხის ქვეშ, რომ საკუთარი წყაროები გაამხილონ. 


დევნილობაში მყოფი ჟურნალისტები

ზოგიერთმა მედიასაშუალებამ უკვე თავისი თანამშრომლები საზღვარგარეთ გადაიყვანა და დახარჯა რესურსი უცხოეთში დარეგისტრირებისთვის, რაც არის უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებისა და აღსრულების პირდაპირი შედეგი. 


ინფორმაციაზე წვდომა

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, კანონი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის რეგულირებაზე პასუხისმგებელი ორგანოს შექმნის შესახებ კანონპროექტად დარჩა 2014 შემდეგ. თუმცა, საჯარო უწყებების მიერ ჟურნალისტების ინფორმაციის წვდომაზე მოთხოვნის პასუხის გაცემის არსებული ნორმებიც ხშირად არ სრულდება. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, კრიტიკულ და გამომძიებელ ჟურნალისტებს ინფორმაციის წვდომაზე მოთხოვნისას პასუხის მიღება ყველაზე მეტად უჭირთ.

მისია რეკომენდაციას გასცემს, გაძლიერდეს იმ ორგანოს უფლებამოსილება, რომელიც პასუხისმგებელია ინფორმაციის თავისუფალი ხელმისაწვდომობის შესახებ კანონის იმპლემენტაციაზე. 

კანონები და წესები, რომლებიც ზღუდავს ჟურნალისტების შეშვებას პარლამენტში და აკრედიტაციის მოპოვებას და შენარჩუნებას, გამოიყენება როგორც დამოუკიდებელი გაშუქების შეზღუდვის საშუალება. 2024 წელს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის კენჭისყრის დროს ჟურნალისტები პარლამენტში არ შეუშვეს.


რეკომენდაციები:

  • ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო და თავისუფალი სამუშაო გარემო უზრუნველყოფა. ჟურნალისტებს უნდა შეეძლოთ გააშუქონ წინასაარჩევნო პერიოდი და არჩევნები ხელის შეშლისა და ჩარევის გარეშე.
  • მედიის კანონმდებლობის იმ ნაწილის გადახედვა, რომელიც არ შეესაბამება გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტებს. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ და ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახე კანონების გაუქმება. 
  • მედიის საკანონმდებლო ბაზის სათანადოდ იმპლემენტაცია, განსაკუთრებით კანონზე ინფორმაციის თავისუფალი ხელმისაწვდომობის შესახებ კანონის ნაწილში. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ორგანოების შექმნა, რათა მხარი დაუჭირონ და გააკონტროლონ ამ კანონების ეფექტიანი აღსრულება.
  • საქართველოში დევნილობაში მყოფი  უცხოელი ჟურნალისტების თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობა და ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმის პრაქტიკის დასრულება“.

ევროპული მედიაგაერთიანებების წარმოამდგენლები (ARTICLE 19 Europe, ევროპის მაუწყებელთა კავშირი (EBU), ევროპული ცენტრი პრესისა და მედიის თავისუფლებისთვის (ECPMF), ცენზურის ინდექსი, რეპორტიორები საზღვრების გარეშე (RSF), ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ), ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია (EFJ), პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI),  სამართლიანობა ჟურნალისტებისთვის) საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში მისიის წარმომადგენლები შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის სპიკერის აპარატის უფროსს, კომუნიკაციების კომისიას, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, საზოგადოებრივი მაუწყებლის, პოლიტიკური ჯგუფების და დეპუტატების წარმომადგენლებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, მაუწყებლებს, ბეჭდვითი პრესისა და ონლაინმედიის ჟურნალისტებსა და რედაქტორებს, ასევე, საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებს.

აღნიშნული განცხადების თანახმად, მისიის წარმოამდგენლებმა შეხვედრა ითხოვეს საქართველოს იუსტიციისა და კულტურის სამინისტროებთან, ასევე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან. სამინისტროებს შეხვედრა არ ჩაუნიშნავთ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სახელით კი აპარატის უფროსმა ისაუბრა.

 


კატეგორია: საქართველო


სასამართლო სხდომის გაშუქების საკითხს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს, შესაბამისი ჩანაწერი კი მხოლოდ საერთო საეთერო მაუწყებლებს ეხებათ. პროცესის გაშუქების კანონისმიერი უპირატესობით საზოგადოებრივი მაუწყებელი სარგებლობს და თუ ის ამ უფლებამოსილებას არ იყენებს, გადაღების უფლებით სარგებლობა სხვა მაუწყებელს შეუძლია. 

პროცესის ფოტო, ვიდეო გადაღების უფლების მისაღებად მედიის წარმომადგენელს განცხადების წარდგენა წერილობითი ან ელექტრონული ფორმით შეუძლია. ნებართვის გაცემა კი სასამართლო სხდომის დაწყების წინ საქმის განმხილველი მოსამართლისათვის შესაბამისი განცხადების წარდგენის საფუძველზე ხდება.

პროცესის გადაღების უფლებას, როგორც წესი, ონლაინ მედიის წარმომადგენლებიც ითხოვენ და როგორც „მედიაჩეკერთან“ საუბრისას ისინი ჰყვებიან, ხშირად იღებდნენ კიდეც. 


როგორ იცვლება სასამართლოს პრაქტიკა

ონლაინ გამოცემა „პუბლიკას“ სასამართლომ ფოტოგადაღების უფლება უკვე რამდენჯერმე არ მისცა. გამოცემის რედაქტორის, ნათია ამირანაშვილის ცნობით, ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა 16 სექტემბერს მოხდა, როდესაც რედაქციას რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ერთ-ერთი დაკავებულის პროცესზე ფოტოს გადაღების უფლება არ მიეცა. 

„ეს უარი სასამართლოს პრესამსახურმა გადმოგვცა და შემდგომ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, მაქვს ვარაუდი, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია ინდივიდუალურად, პრესსამსახურის მიერ და ამას ამყარებს ის, რომ უშუალოდ მოსამართლეს პროცესზე არ უხსენებია „პუბლიკა“ და არ განუმარტავს ჩვენთვის, თუ რა დაედო მის გადაწყვეტილებას საფუძვლად“.

ამ სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტმა მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიას წერილობითი განმარტების მისაღებადაც მიმართა. ნათია ამირანაშვილს ვარაუდს, რომ გადაწყვეტილებას, ვის მისცეს ფოტოგადაღების უფლება, პრესსამსახური ერთპიროვნულად იღებს, მეორე დღეს მომხდარი ამბავიც უმყარებს. 

როგორც ჟურნალისტი ჰყვება, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის კიდევ ერთი მონაწილის პროცესის ფოტოგადაღების უფლების მისაღებად განცხადების გაგზავნის შემდეგ, სასამართლოს პრესსამსახურის წარმომადგენელი რედაქციას დაუკავშირდა და უთხრა, რომ ამ უფლებას ვერ იღებდნენ, თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ მოსამართლეს მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღია.

„როდესაც პრესსამსახურმა დაგვირეკა, თავიდან მივიჩნიეთ, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლემ მიიღო. მოვიაზრებდით, რომ ნებართვის გაცემის პროცესი ასეთი იყო, რომ განცხადების გაგზავნის შემდეგ ის მოსამართლესთან მიდიოდა და ის იღებდა გადაწყვეტილებას, მოგვცემდა თუ არა ნებართვას. შემდეგ კი პრესსამსახური უბრალოდ გადმოგვცემდა მის მიღებულ გადაწყვეტილებას. ამ უარის შემდეგაც, სასამართლოში წერილობითი მოთხოვნა გავგზავნეთ, რომ უარის  შესახებ ინფორმაცია მოეწოდებინა, კანონის რომელი ჩანაწერით გვეუბნებოდნენ უარს და ა.შ.. 

ამ წერილის გაგზავნიდან მალევე კი, ჩვენს ფოტოგრაფს მოსამართლის თანაშემწემ დაურეკა და უთხრა, რომ ჩვენ ეს გადაწყვეტილება არ გაგვიცია; მოთხოვნა რომ ფოტოგადაღება გინდათ, არ გვინახავს და ვინ გითხრათ ამის შესახებო.

ამ კომუნიკაციიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვექმნა შთაბეჭდილება, რომ განცხადება ფოტოგადაღების მოთხოვნაზე მოსამართლემდე საერთოდ არ მისულა და პრესსამსახურმა ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო. ამ ვარაუდს ამყარებს ის ფაქტიც, რომ პროცესზე გადასაღებად მაინც მივედით და მოსამართლემ ფოტოგადაღების უფლება მოგვცა“.

ნათია ამირანაშვილმა კანონის ის მუხლი, რომელიც პროცესის გაშუქებას არეგულირებს, იცის, თუმცა, აინტერესებს, რატომ ცვლის სასამართლო დადგენილ პრაქტიკას.

„კანონის მიხედვით ნამდვილად ასეა. მათ შორის ფოტოგადაღების უფლებაც საერთო მაუწყებლებს აქვთ, თუმცა, სასამართლოს ბოლო წლების პრაქტიკა იყო ასეთი, რომ ვიდეოს ჩაწერის უფლებას აძლევდნენ მხოლოდ ტელემედიას, მაგრამ ფოტოგადაღების ნებართვას ონლაინმედიის წარმომადგენლებიც ვიღებდით.

თუ ასე გაგრძელდა და სასამართლომ მსგავსი პრაქტიკა დაამკვიდრა, რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის ძალიან ცუდი იქნება და ფაქტი სახეზეა, რომ ეს დადგენილი პრაქტიკა, რაც აქვს, ჩვენთვის უარესდება“.

რამდენიმე სასამართლო სხდომის ფოტოგადაღების უფლება არ მისცეს „რადიო თავისუფლებასაც“. ჟურნალისტი ნასტასია არაბული „მედიაჩეკერთან“ საუბრისას იმ შემთხვევას იხსენებს, როდესაც ევროპის ბიბლიოთეკებიდან რარიტეტული წიგნების ქურდობაში (ტრანსნაციონალური დანაშაული) ბრალდებული ქართველების საქმის განხილვისას ფოტოგადაღების უფლება არ მიეცა. 

„მიუხედავად იმისა, რომ განცხადებაც დაწერილი გვქონდა და ჩვენ გარდა დარბაზში სხვა მედია არც იყო, მაუწყებლების უპირატესობით რომ ახსნილიყო უარი, ფოტოგადაღების უფლება არ მოგვცეს“.

აღსანიშნავია, რომ 13 აგვისტოს სასამართლო სხდომაზე ფოტოს გადაღების უფლება არ მიეცა „რადიო თავისუფლების“ კიდევ ერთ ჟურნალისტს, გელა ბოჩიკაშვილს. 

„ეს იყო „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი მონაწილის საქმე, რომელსაც ბრალად პარლამენტის ჭიშკრის დაზიანება და ქვის სროლით მეხანძრე-მაშველის დაშავება ედება. 

სხდომაზე შესვლამდე პრესამსახურმა ზეპირსიტყვიერად გვითხრა, რომ გადაღების უფლების მიცემა მოსამართლის კეთილი ნებაა და კანონში ჩანაწერი, რომელიც ონლაინმედიას ამის უფლებას აძლევს, არ არისო. სხდომის დასრულების შემდეგ, მოსამართლესაც [ზვიად შარაძე] ვკითხე და მანაც ანალოგიურად მიპასუხა“.

როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, მანამდე, მათ შორის კორონა ვირუსის დროსაც კი, როდესაც სხდომები იმართებოდა, არსებული რეგულაციების მიუხედავად, ვინც გადაღებაზე ნებართვას ითხოვდა, სხდომაზე უშვებდნენ.

კანონში არსებულ ჩანაწერზე აკეთებს აქცენტს თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის წარმომადგენელიც, თუმცა, ქეთი ბასილაშვილი ამბობს იმასაც, რომ ყველა სხდომის მოსამართლე გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად იღებს. 

„კანონშია ეს ჩანაწერი, უბრალოდ ზოგიერთი მოსამართლე უფრო ლოიალურად უდგება, ზოგი მოსამართლე კი კანონის ჩანაწერს ზუსტად იცავს. აქამდეც ყველა არ აძლევდა [ფოტოგადაღების] უფლებას, ზოგიერთი მოსამართლე კი ფოტოსთან დაკავშირებით პრობლემას არ ქმნიდა. ყველა სხდომის მოსამართლე მის სხდომაზე გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად იღებს“.

„მედიაომბუდსმენის“ იურისტის, ილონა დიასამიძის შეფასებით, ფოტოგადაღების უფლების შეზღუდვა სასამართლოს მავნე პრაქტიკაა, რითაც ონლაინ მედიას საქმიანობა ურთულდება.

„ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით, უნდა ითქვას, რომ ეს პრაქტიკა შეიცვალა და ახლა ამის[ფოტოგადაღება] უფლებას არ აძლევენ. ეს არის მავნე პრაქტიკა, რითაც კიდევ ერთი დამატებითი მექანიზმი იქმნება, რომ ონლაინ მედიის წარმომადგენლებს როგორმე ხელი შეუშალონ და ჟურნალისტური საქმიანობა გაურთულონ. ონლაინ მედიების დევნა ბევრად უფრო ადრე დაიწყო და ამ გადაწყვეტილებითაც იგივე ტენდენცია იკვეთება“.


საკონსტიტუციო დავა

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, სასამართლო პროცესის გადაღება მხოლოდ საერთო მაუწყებლებს შეუძლიათ, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა „საინფორმაციო ცენტრების ქსელმა“. გასაჩივრებული ნორმები ონლაინ მედიას სასამართლო პროცესის გადაღებას/პირდაპირ ეთერში გაშვებას მაშინაც კი უკრძალავს, როდესაც პროცესს „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ან სხვა საეთერო მაუწყებელი არ ესწრება. 

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა საქართველოს კონსტიტუციით დაცულ ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლებას ეწინააღმდეგება. ამასთან, ინტერნეტმედიასა და სხვა საერთო საეთერო მაუწყებელს სასამართლო პროცესის ამსახველი აუდიოვიზუალური მასალის მოპოვებისა და გავრცელების მსგავსი სამართლებრივი ინტერესი გააჩნია და რადგან ეს ნორმა ინტერნეტმედიის მიერ სხდომის გაშუქების შესაძლებლობას გამორიცხავს, დისკრიმინაციულ მოპყრობას იწვევს და საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებას ეწინააღმდეგება.

„არასდროს არსად, არც საქალაქო, არც სააპელაციო და არც რაიონულ სასამართლოში არ მოუციათ ჩვენთვის, ონლაინმედიისთვის ფოტო ვიდეოგადაღების უფლება. როცა მოსამართლეს წერილობით მივმართავდით გადაღების თხოვნით, ჩვენს განცხადებას არ აკმაყოფილებდა და მიგვითითებდა, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 (პრიმა 1) მუხლით, ასეთი უფლება მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს ან მისი არყოფნის შემთხვევაში, სხვა საერთო საეთერო მაუწყებელს აქვს. ონლაინმედიას კი ლიცენზირება/ავტორიზაცია არ აქვს“, - აღნიშნავს „საინფორმაციო ცენტრების ქსელის“ ხელმძღვანელი, გელა მთივლიშვილი.

საკონსტიტუციო სასამართლომ მთივლიშვილის სარჩელი განიხილა, თუმცა, გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. 

 
კატეგორია: საქართველო


„დრაკონის ცეკვა: ჩინეთის გავლენა ქართულ მედიასა და აკადემიაზე“ „ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის“ ახალი კვლევაა, რომელიც „სამოქალაქო იდეასთან“ თანამშრომლობით განხორციელდა.  

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, სამაუწყებლო მედიის დეტალურმა ინსტიტუციურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ქართულ სამაუწყებლო მედიაში 2023 წელს, 2021-2022 წლებთან შედარებით გაზრდილია კომუნისტური ჩინეთის, ან მასთან აფილირებული ბიზნესაქტორების მხრიდან მიღებული დაფინანსების სიხშირე. ამ მხრივ ზრდა გვაქვს, როგორც პროსამთავრობო, ისე ოპოზიციურ მაუწყებლებში. როგორც პროსამთავრობო, ისე ოპოზიციურ სამაუწყებლო მედიაში გაჩნდა ჩინეთის თემის გაშუქებისადმი გარკვეული სარედაქციო მიდგომები. 2021- 2022 წლების კვლევა აჩვენებდა, რომ მედიას ჰქონდა ქაოტური და არათანმიმდევრული მიდგომა ჩინეთის შესახებ ამბების გაშუქების მიმართ. თუმცა მას შემდეგ, რაც ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა სამთავრობო ინტერესად იქცა, პროსამთავრობო მედიებში გაიზარდა ჩინეთის დადებითი გაშუქების ტონი და შემცირდა ნეგატიური გაშუქების მაჩვენებელი, ხოლო ოპოზიციურ მედიებში პირიქით.


კვლევის ავტორებს სიღრმისეულმა ინტერვიუებმა საშუალება მისცა ჩაღრმავებოდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო მიდგომებს. 

„ინტერვიუს შედეგად გამოიკვეთა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ჩინეთის თემის გაშუქების პოზიტიური მაჩვენებელი უმეტესად გამოწვეულია კონკრეტული სარედაქციო ჯგუფის მემარცხენე - სოციალისტური იდეოლოგიით. აქ არ გვხვდება გარდა იდეოლოგიური თანხვედრისა და ინტერესისა, ჩინეთის მხრიდან გავლენის მცდელობები, არც მაგალითად ტექნიკის მიწოდების (საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაიარაღების პროცესში გამოცხადებულ ტენდერში, მაგალითად ტექნიკის მიწოდების ინტერესი ჩინურ კომპანიებს არ გამოუხატავთ)“.

კვლევამ აჩვენა, რომ პროსამთავრობო მედიებში პროსამთავრობო დღის წესრიგთან ერთად, პოლიტიკურ-იდეოლოგიური მიდგომებიც ახდენს გავლენას პროჩინური და ანტიდასავლური მედიაკონტენტის ზრდაზე და ეს ნარატივები რეალურად აღწევს მიზნობრივ აუდიტორიამდე.


კვლევის მიხედვით, ერთ-ერთი ოპოზიციური არხის წარმომადგენელთან ინტერვიუმ აჩვენა, რომ ოპოზიციურ სამაუწყებლო მედიას ჯერ კიდევ არ აქვს თანმიმდევრული მიდგომა ჩინეთის თემის გაშუქების მიმართ და სიღრმისეული შინაარსების, მათ შორის კრიტიკული ნარატივების შექმნა ამ ორგანიზაციებში მომუშავე კონკრეტული ინდივიდების იდეოლოგიურ მიდგომებსა და უნარებს უკავშირდება. ფოკუსჯგუფებმა კი აჩვენეს, რომ ჩინეთის სიღრმისეული კრიტიკით შექმნილი ნარატივები მიზნობრივ აუდიტორიამდე ნაკლებად მიდის.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, კვლევამ დაადასტურა, რომ გვხვდება პრესის კიდევ ერთი განსხვავებული მოდელი: ეს არის პრესის კაპიტალისტური მოდელი/თეორია. ამ კუთხით, კვლევამ ბიზნესმედია BM.GE გამოყო, რომელიც მონიტორინგისთვის განსაკუთრებული საფუძვლების გამო შეირჩა.

„BM.GE სწორედ ბიზნეს მიდგომით ახერხებს ჩინეთის სიღრმისეულ კრიტიკასაც, პოზიტიურად მიკერძოებულ გაშუქებასაც და ნეიტრალური გაშუქებისას ისევ ბიზნესის სასარგებლოდ მიკერძოებას“.

რაც შეეხება ონლაინ მედიას, 2021-22 წლების მონიტორინგის შედეგებთან შედარებით პროჩინურ მედიაში კონტენტის რაოდენობა გაზრდილია და მკაფიოდაა ხაზგასმული ჩინეთის ეკონომიკური და პოლიტიკური როლი გლობალური მასშტაბით. 

„აღსანიშნავია, რომ ,,სინომედიაზე“ ჩინეთის გლობალური სამშვიდობო როლის წარმოჩენის პარალელურად, ვხედავთ აშშ-ის კრიტიკას, არა მხოლოდ ტაივანთან მიმართებით გატარებულ პოლიტიკასთან დაკავშირებით. გლობალურად ჩინეთის საკვანძო როლის და დასავლურ კულტურასთან უპირატესობის წარმოსაჩენად ცალკეულ შემთხვევებში გამოიყენება განათლების და კულტურის თემაც“.

პროკრემლისტური მედია „სპუტნიკ საქართველო“ კი კვლავ რჩება საქართველოში ჩინეთის პოპულარიზაციის და აუდიტორიისთვის უკიდურესად დადებით ტონში მიმწოდებელ პლატფორმად. 

„აქტიურ რუსულ პროპაგანდასთან ერთად, „სპუტნიკ საქართველო“ არის ჩინეთის ინტერესების გავრცელების აქტიური ხელსაწყო, რომელიც დასავლეთის აქტიურ დისკრედიტაციასთან ერთად, ახალი გეოპოლიტიკური ცენტრის შექმნის საკუთარ ვერსიას სხვადასხვა თემის მეშვეობით უწევს პროპაგანდას. ამ მიზნით იყენებს პოლიტიკური ანალიზის შემცველ მანიპულაციურ სტატიებთან ერთად, მსუბუქად საკითხავ კონტენტს“.

ზემოთხსენებული პროჩინური პლატფორმებისგან განსხვავდება Chinesestories. ის კვლავაც ჩინეთის შესახებ კულტურული, ტრადიციული, საგანმანათლებლო შინაარსის გამავრცელებლად რჩება, თუმცა, ოპერირებს უფრო პერსონალური ბლოგის ფორმატში, ვიდრე სტანდარტული საინფორმაციო ხასიათის მედიის. 

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, დამოუკიდებელი ინტერნეტგამოცემები მაგალითად ისეთი, როგორიცაა „ნეტგაზეთი“ პერიოდულად ამზადებენ სიღრმისეულ, ვრცელ კრიტიკულ ტექსტებს ჩინეთთან დაკავშირებით, "მაგრამ მათსავე გვერდებზე ჩინეთის შესახებ სარეკლამო მასალებს, რეკლამის სახით გამოქვეყნებულს, აუდიტორიის გაცილებით უფრო ფართო წვდომა აქვს". 

„ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის“ კვლევა 10 მედიასაშუალების:„მთავარი არხი“ „ტვ პირველი“ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ „იმედი“ „პოსტ ტვ“ BM.ge Chinesestories.ge Sinomedia.ge Sinologia.ge „სპუტნიკ საქართველო“ მედიამონიტორინგს მოიცავდა. საკვლევი დრო კი 2023 წლის 1 აპრილიდან  1 ნოემბრის ჩათვლით პერიოდია.

ნინა ხელაძე „ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის“ კვლევის შედეგებზე:

 
კატეგორია: საქართველო


სოფელ შუქრუთის მცხოვრებლების მიერ გუშინ, 11 სექტემბერს პარლამენტის შენობის წინ გამართული საპროტესტო აქცია არცერთი ტელევიზიის („საზოგადოებრივი მაუწყებელი“, „იმედი“, POSTV, „რუსთავი 2“, „ფორმულა“, „მთავარი არხი“, „TV პირველი“) ეთერში არ მოხვდა. მიმდინარე პროტესტის შესახებ მასალები კი ვებგვერდზე მხოლოდ „მთავარმა არხმა“ და „TV პირველმა“ გამოაქვეყნა. 

გუშინდელ საპროტესტო აქციაზე თითქმის 5-წუთიანი სიუჟეტი დღეს, 12:00-საათიან საინფორმაციო გადაცემაში გავიდა ტელეკომპანია „ფორმულაზეც“.

ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, POSTV-მა და „რუსთავი 2-მა“ კი, 12 სექტემბერს საპროტესტო აქციის შესახებ მომზადებულ მასალებში აქცენტი „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ მიერ საბანკო ანგარიშების ამონაწერების გასაჯაროებაზე გააკეთეს. კომპანიის მტკიცებით, 281 შუქრუთელზე 13 მილიონ ლარამდე კომპენსაცია გაიცა, შუქრუთის აქციის ორგანიზატორებს კი, საკომპენსაციო თანხები სრულად აქვთ მიღებული. 

სოფელ შუქრუთში (ჭიათურის მუნიციპალიტეტი), კოროხნალის მაღაროსთან რამდენიმე თვეა უწყვეტი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შუქრუთელების ნაწილმა პროტესტის რადიკალურ ფორმასაც მიმართა, მათ პირი ამოიკერეს და შიმშილობა დაიწყეს. დემონსტრანტების თქმით, სოფელში საცხოვრებელი სახლები ინგრევა, რაც მადნის მოპოვებით სამუშაოებთანაა დაკავშირებული. შუქრუთელები მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ.

შუქრუთელების პროტესტმა კი გუშინ თბილისში გადმოინაცვლა. საკანონმდებლო ორგანოსთან აქციის მონაწილეებმა იმ იმედით გადმოინაცვლეს, რომ მმართველი პარტია „ჯორჯიან მანგანეზთან“ არსებულ დავას მოაგვარებს. 

ტელეკომპანია „იმედმა“ დღევანდელ 11:00-საათიან „ქრონიკაში“  მიმდინარე მოვლენებს დაახლოებით 3 წუთი დაუთმო. საინფორმაციო გადაცემის წამყვანმა, ქეთი ლაცაბიძემ აქციის მონაწილეებს რადიკალური ჯგუფი უწოდა და ტელემაყურებელს ინფორმაცია შემდეგი სიტყვებით მიაწოდა:  

„შუქრუთის აქციის რადიკალურ ჯგუფს, რომელმაც ჭიათურიდან თბილისში გადმოინაცვლა, საკომპენსაციო თანხები სრულად აღებული აქვს. თანხის ჩარიცხვები საბანკო ანგარიშების ამონაწერებით დასტურდება. ჯამში, გაცემულია 13 მილიონ ლარამდე კომპენსაცია 281 შუქრუთელზე. მათ შორის, თანხა აღებული აქვთ აქციის ორგანიზატორებს, რომლებიც შანტაჟის გზით კომპანიისგან დამატებითი თანხების მიღებას ცდილობენ“.

ტელეკომპანიამ რამდენიმე საათში პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა  პაპუაშვილის კომენტარიც გამოაქვეყნა, რომლის მტკიცებითაც, ეს საკითხი პარლამენტის უშუალო კომპეტენციაა არაა. „მე ამ საკითხებს დეტალურად არ ვიცნობ, თუმცა ჩვენ კომპანიის განცხადება ვნახეთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის“ განცხადებით დაიწყო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დღევანდელი სიუჟეტიც. არხს მასალაში აქციის რამდენიმე მონაწილესთან ერთად, „იმედის“ მსგავსად, „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ მთავარი ინჟინერი და სოციალური პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჰყავდა ჩაწერილი.

POSTV-იმ კი შუქრუთელების პროტესტს დრო 13:00-საათიანი საინფორმაციო გამოშვების მე-17 წუთზე დაუთმო. აქციის ერთ-ერთი მონაწილის გარდა, POSTV-საც „იმედისა“ და „რუსთავი 2“-ის რესპონდენტები ჰყავდა ჩაწერილი. აქციის მონაწილეებს რადიკალური ჯგუფი უწოდა გადაცემის წამყვანმა, ნინო სალუქვაძემაც.

„შუქრუთის აქციის რადიკალური პროტესტის ჯგუფმა ჭიათურიდან თბილისში გადმოინაცვლა. მიუხედავად იმისა, რომ „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიისგან“ საკონპენსაციო თანხები აღებული აქვთ, პროტესტს მაინც აგრძელებენ. გაცემული თანხის ჩარიცხვები საბანკო ანგარიშების ამონაწერებიდან დასტურდება, რომელსაც კომპანია ასაჯაროვებს.“ 

აღსანიშნავია, რომ ტელემედიისგან განსხვავებით, შუქრუთის მცხოვრებლების პროტესტს აქტიურად აშუქებს ონლაინ მედია.

 
კატეგორია: საქართველო


„მედიის განვითარების ფონდის“ ფაქტების გადამოწმების პორტალმა, „მითების დეტექტორმა“ კომუნიკაციების კომისიის პლატფორმის - “მედიაკრიტიკა" 139 სტატია გააანალიზა. 2023 წლის 1 მარტი - 2024 წლის 31 ივლისის პერიოდის მონიტორინგის შედეგად აღმოჩნდა, რომ ყველაზე დიდ დროს mediacritic.ge კვლავ იმ მედიასაშუალებების კრიტიკას უთმობდა, რომლებიც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ სარედაქციო პოზიციას ატარებენ.

კვლევის შედეგად გამოკვეთილი ტენდენციები:

  • მარეგულირებელი კომისიის “მედიაკრიტიკა” ყველაზე მეტ დროს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი სარედაქციო პოლიტიკის მედიებს უთმობს;
  • დისპროპორციულად გაშუქების გარდა, იკვეთება შემთხვევები, როცა კრიტიკა ხელისუფლების პოზიციების გამართლებით ან დაცვით უფროა მოტივირებული, ვიდრე პროფესიული სტანდარტების. 
  • მარეგულირებლის პლატფორმა ზოგჯერ არა ჟურნალისტებს, არამედ მათი პოზიციის გამო რესპონდენტებსაც კი აკრიტიკებს (საქართველოს პრეზიდენტი, ოპოზიციის დეპუტატი).
  • მედიაკრიტიკა უგულებელყოფს ინფორმაციებს, რომლებიც ქართულ მედიაზე სახელისუფლებო გავლენებს და მედია გარემოს გაუარესებას შეეხება და ამავე დროს აშუქებს მასალებს, რომლებიც დასავლურ მედიაში არსებულ გამოწვევებზეა ფოკუსირებული, რაც ქმნის დიქოტომიას, რომ საქართველოში მედია სახელისუფლებო გავლენებისგან სრულიად თავისუფალია და პრობლემები მხოლოდ ტრადიციული დემოკრატიის ქვეყნებს აქვთ.
  • მედიაკრიტიკას გამჭვირვალობის პრობლემებიც აქვს.
  • წარსულში მედიაკრიტიკის პლატფორმაზე სახელისუფლებო პროპაგანდისტული მედიების ჟურნალისტები ხშირად წერდნენ, თუმცა ბოლო დროს ვებ-გვერდზე მათი პუბლიკაციები ნაკლებად გვხვდება, სამაგიეროდ იმატა სტატიებმა, რომელთა ავტორები სავარაუდოდ პუბლიკაციებს ფსევდონიმით აქვეყნებენ.
  • 2019-2022 წლებში მედიაკრიტიკის ბიუჯეტმა ჯამურად 1 678 103.65 შეადგინა, საიდანაც ყველაზე დიდი წილი შრომით ანაზღაურებაზე მოდის, თუმცა უცნობია, რა თანხები იხარჯება გარე ავტორების ჰონორარებზე.

"მედიაკრიტიკის" წელიწადნახევრიანი პერიოდის მონიტორინგის მიხედვით, იმ 109 მასალიდან, რომელიც ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიებს ეხებოდა, ყველაზე ხშირი სამიზნე “ტვ პირველი”, "მთავარი არხი" და "ფორმულა" იყო. სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მედიებიდან კი ყველაზე მეტად “მედიაკრიტიკის” სტატიებში "ტვ იმედი" და "რუსთავი 2" იყო მოხსენიებული, 1 შემთხვევაში კი – "საზოგადოებრივი მაუწყებელი". 

როგორც "მითების დეტექტორის" კვლევაში ვკითხულობთ, “მედიაკრიტიკის” ობიექტივში საერთოდ არ ფიგურირებდნენ ხელისუფლების პროპაგანდისტული PosTV ან ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი სხვა მედიები. ასევე, კრემლისტური და ულტრამემარჯვენე გამოცემები, რომლებიც პროფესიული სტანდარტების უგულებელყოფასთან ერთად, სიძულვილის ენის გაღვივების მხრივაც გამოირჩევიან.



სახელისუფლებო და სხვა მედიების დისპროპორციულად გაშუქების გარდა, “მედიაკრიტიკის" მასალების მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა ტენდენციაც, რომ ComCom-ის ერთ-ერთი პლატფორმის კრიტიკა ხელისუფლების პოზიციების გამართლებით ან დაცვით უფროა მოტივირებული, ვიდრე პროფესიული სტანდარტების. 

"მაგალითად, ერთ მასალაში გაკრიტიკებულია არა სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის ტელეკომპანია “იმედი”, არამედ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 7 ნოემბერთან დაკავშირებულ შეკითხვაზე მისი პასუხის გამო, რომლის საპირირწონედაც სტატიაში ახსნილია, თუ რატომ  არ შეიძლება და რატომ არ უნდა დაივიწყოს “იმედმა” სააკაშვილი. 

ამ შემთხვევისგან განსხვავებით, ერთ-ერთ მასალაში “იმედის” ჟურნალისტი აშშ-ის ახალ ელჩისთვის რობინ დანიგანისთვის საკმარისად მწვავე კითხვების არდასმის გამო არის გაკრიტიკებული ფსევდონომით მოქმედი ავტორის, ზვიად ლიპარტელიანის მიერ". 

მეორე სახელისუფლებო არხის, "რუსთავი 2"-ის შემთხვევაში კი კრიტიკის ადრესატ არა ჟურნალისტი, არამედ გადაცემის სტუმარი, ოპოზიციონერი დეპუტატი თინა ბოკუჩავა იყო. "მედიაკრიტიკის" მასალის მიხედვით, ბოკუჩავამ ინტერვიუს მსვლელობისას წამყვანის კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, პარტიის პოლიტიკური გზავნილები გააჟღერა. 

"სტატიაში წამყვანის დასაცავად აღნიშნულია, რომ ჟურნალისტი ინტერვიუს მსვლელობისას რამდენჯერმე ეცადა, რესპონდენტს თემიდან არ გადაეხვია, თუმცა, პასუხად მხოლოდ წინასაარჩევნო პარტიულ ლოზუნგებს იღებდა". 

კიდევ ერთი მაგალითი, როცა მარეგულირებლის “მედიაკრიტიკა” რესპონდენტის შეხედულების რევიზიით დაკავდა, საქართველოს პრეზიდენტის ფრანგული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუს და თავად ფრანგული მედიის (France 24 და Radio France) ჟურნალისტებს შეეხებოდა. საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორის შეცვლასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიმართ დასმული კითხვების გამო, "მედიაკრიტიკის" სამიზნე BBC-ის Hardtalk-ის წამყვანიც გახდა.

როგორც მედიამონიტორინგის ანგარიშში ვკითხულობთ, ქართული მედია გაშუქების კრიტიკული ანალიზის გარდა, რაც მეტწილად ხელისუფლების პოზიციების დაცვითაა განპირობებული, “მედიაკრიტიკა” დასავლურ მედიაში არსებულ გამოწვევებსა და მედიის მიკერძოებაზეც წერს, რაც შესაძლოა, იმავე ქვეყნებში ლეგიტიმური დისკურსის ნაწილი იყოს. 

"თუმცა, იმ დროს, როცა “მედიაკრიტიკა” უგულებელყოფს ისეთ თემებს, რომლებიც ქართულ მედია გარემოს და მედიაზე ხელისუფლების გავლენებს შეეხება, იქმნება დიქოტომია, რომ საქართველოში მედია სახელისუფლებო გავლენებისგან სრულიად თავისუფალია და პრობლემები მხოლოდ ტრადიციული დემოკრატიის ქვეყნებს აქვთ".

მაგალითად, “მედიაკრიტიკამ" დაწერა იმის შესახებ, თუ რატომ დატოვა ტაკერ კარლსონმა FoxNews და საერთოდ არ გააშუქა “იმედიდან” ჟურნალისტების წამოსვლის ფაქტები, რის მიზეზადაც სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა და მიუღებელი სარედაქციო პოლიტიკა დასახელდა. 

“მედიაკრიტიკამ” არც რუსული კანონის განხილვის პარალელურად, ჟურნალისტების ოფისებსა და სახლებზე განხორციელებული ვანდალიზმის შემთხვევები და პარლამენტში აკრედიტაციის წესის შეზღუდვა გააშუქა. სამაგიეროდ, Com-Com-ის პლატფორმაზე გამოქვეყნდა სტატიები, რომლებიც ბაიდენის მიერ მედიისთვის ინსტრუქციების მიცემას და ბორის ჯონსონის მაგალითზე ბრიტანული მედიის პოლიტიზირების საკითხებს ეხებოდა.

“მედიაკრიტიკა” (Mediacritic.ge) კომუნიკაციების კომისიის მიერ დაფუძნებული მედიააკადემიის” ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელსაც კომისია საკუთარი ბიუჯეტიდან აფინანსებს. “მედიააკადემიის” ხელმძღვანელი შორენა შავერდაშვილია, ხოლო “მედიაკრიტიკის”  - ირინა თევდორაშვილი.

როგორც "მითების დეტექტორი" წერს, წარსულში “მედიაკრიტიკის” დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამჟამად სახელისუფლებო პროპაგანდისტული მედიის, PosTV-ის წამყვანი ზვიად ავალიანი იყო, რომელიც მარეგულირებლამდე სიძულვილის ენით გამორჩეულ, "პატრიოტთა ალიანსთან" დაკავშირებულ ტვ “ობიექტივზე” წამყვანად და აღმასრულებელ პროდიუსერად მუშაობდა

"გარდა იმისა, რომ “მედიაკრიტიკის” სამიზნე მეტწიად ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ სარედაქციო პოზიციის მქონე მედიებია, პლატფორმის საქმიანობა სრულად გამჭვირვალე არ არის.  IDFI-ის საჩივრის საფუძველზე, რომელიც ამ უწყებიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვას შეეხებოდა, 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინებით, “მედიააკადემიას” საჯარო ინფორმაციის გაცემა უზენაესმა სასამართლომაც დაავალა".

იმის გამო, რომ “მედიაკრიტიკის” ზოგიერთი ავტორის იდენტიფიცირება ვერ ხერხდებოდა, გაჩნდა ეჭვი, რომ მარეგულირებლის პლატფორმაზე ავტორების ნაწილი ფსევდონიმით წერს და 2024 წლის მაისში “მითების დეტექტორმა” “მედიააკადემიისგან” ავტორების შესახებ საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა. მიღებული პასუხის თანახმად, “მედიაკრიტიკისთვის" მხოლოდ ორი თანამშრომელია დასაქმებული. შეკითხვაზე - იყენებდნენ თუ არა მათი ავტორები ფსევდონიმებს, "მედიაკადემიის" აღმასრულებელმა დირექტორმა პორტალს უპასუხა, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონი მათ ასეთი ინფორმაციის გაცემას უზღუდავდა. 

აღსანიშნავია ისიც, რომ წარსულში mediacritic.ge-ზე სტატიებს სახელისუფლებო პროპაგანდისტული მედიის, PosTV-ის ჟურნალისტები და სახელისუფლებო ექსპერტებიც წერდნენ. როგორც უკვე აღინიშნა, “მედიაკრიტიკას” წარსულში ზვიად ავალიანი ხელმძღვანელობდა, რომელიც ამჟამად PosTV-ის წამყვანია. მას 2019-2022 წლებში ვებგვერდზე 28 სტატია აქვს გამოქვეყნებული, მისი ბოლო სტატია კი 2022 წლის 30 აგვისტოს რიცხვით თარიღდება. 

"აღსანიშნავია, რომ ამ მოვლენიდან ორ თვეში “მედიაკრიტიკას” ახალი ავტორი, ზვიად ლიპარტელიანი შეურთდა. ზვიად ლიპარტელიანის შესახებ ინფორმაცია და ამ სახელისა და გვარის მქონე პირის შექმნილი მედია პროდუქტი “მედიაკრიტიკის” გარდა სხვა პლატფორმებზე არ იძებნება. შესაძლოა, ლიპარტელიანი ზვიად ავალიანის ფსევდონიმი იყოს, რომელიც ამჟამად სახელისუფლებო პროპაგანდისტულ PosTV-ზე წამყვანად მუშაობს და ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩევა".

რაც შეეხება ბიუჯეტს, "მედიააკადემიის" ვებგვერდზე ხელმისაწვდომი მონაცემების მიხედვით, 2019-2022 წლებში "მედიაკრიტიკის" ბიუჯეტმა ჯამურად 1 678 103.65 ლარი შეადგინა, საიდანაც ყველაზე დიდი თანხა (1 215 858.47)  შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯა. ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა თანხები იხარჯება საავტორო ჰონორარებზე, აკადემია არ ასაჯაროვებს. Meta-ს რეკლამის ბიბლიოთეკის მიხედვით კი, 2020 წლის 4 აგვისტოდან დღემდე აღნიშნულ პლატფორმაზე $33,728-ია დახარჯული.









“მითების დეტექტორის” 2020 წლის მონიტორინგის შედეგად კი გამოვლინდა, რომ “მედიაკრიტიკა” მხოლოდ იმ სტატიებს ასპონსორებდა, რომელშიც ხელისუფლების მიმართ არალოიალურად განწყობილი მედიები იყო გაკრიტიკებული.
 
კატეგორია: საქართველო



დღეს, 10 სექტემბერს თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილმა ჟურნალისტებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა მოითხოვეს, რომ სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადირება არ მოხდეს.

აქციაზე მოქალაქეები ჟურნალისტის მხარდამჭერი პლაკატებითა და გზავნილებით იყვნენ მისულები: „სოლიდარობა აფგან სადიგოვს“, „შეწყდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია“, „საქართველო გაზზე არ იყიდება“.

დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლის, სევინჩ სადიგოვას თქმით, სადიგოვის დაკავების შემდეგ, მუქარის ადრესატი მცირეწლოვან შვილებთან ერთად, თვითონაც გახდა.

„მოლოდინები აღარ მაქვს, რადგან მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომელმა პირველ ინტერვიუზე აფგანს არაფრის მოყოლის საშუალება არ მისცა. მას ჰქონდა კითხვები, რომელზეც კონკრეტულ პასუხებს ითხოვდა. მას აქ საფრთხე ემუქრება, მისი სოცოცხლე და ოჯახი საფრთხის ქვეშაა. ცხადია, მათი მხრიდან სამართლიანობის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რადგან ისინი ბრძანებებს ასრულებენ. არაფერს არ ველოდები, უბრალოდ მოვითხოვ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ მიიღოს ალიევის დაკვეთა, რადგან მთელმა სამყარომ იცის, რომ ალიევი არის დიქტატორი. მე, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქე ვამბობ, რომ ალიევი არის დიქტატორი.

მოვითხოვ, რომ შეწყვიტონ რეპრესიები, გაანთავისუფლონ ჩემი ქმარი და ნუ მემუქრებიან ჩემი შვილებით. ორი ქალიშვილი მყავს, რომლებიც სკოლაში ვერ შემყავს, რადგან მემუქრებიან, რომ თუ ბავშვები სკოლაში წავლენ, უკან ვეღარ დაბრუნდებიან. ფსიქოლოგიურად ძალადობენ ჩემზე, მტანჯავენ. როგორ შეიძლება ასე? მე აქ არავინ მყავს, კარგად ვიცი, მაგრამ ბოლო დღემდე (წუთამდე) ვიბრძოლებ, რომც მოვკვდე, მთელი სამყარო ნახავს, რომ ალიევი არის დიქტატორი და საქართველო დიქტატორის ბრძანებებს ასრულებს. მთელს მსოფლიოს დავუმტკიცებ ამას, თუნდაც გაგვანადგუროს დიქტატორმა ალიევმა“.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელის, თამთა მიქელაძის თქმით, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ადამიანების ექსტრადიცია დაუშვებელია, რადგან იქ კონსოლიდირებული ავტორიტარიზმია და ძალიან ხშირად პოლიტპატიმრები არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლები არიან. ამასთან, მათ არ აქვთ წვდომა მართლმსაჯულების საბაზისო უფლებებზე.

„ამავდროულად, ამ საქმეს აქვს პოლიტიკური განზომილება. ბოლო წლებია საქართველოს ხელისუფლება ლოიალობას იჩენს აზერბაიჯანის მიმართ…ჩვენ ვხედავთ რაღაც ტიპის უკანონო თანამშრომლობას და ალიანსებს ორ სისტემას შორის და სამწუხაროა, რომ საქართველო რეგიონში დემოკრატიული ქვეყნის იმიჯს კარგავს.

მთლიანობაში უნდა ითქვას, რომ შემობრუნება ავტორიტარიზმისკენ, რაც ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში ჩანს, ეხება არამხოლოდ ქართველ უფლებადამცველებს, რომლებიც რეპრესიების, მუდმივი უკანონო მოსმენებისა და შევიწროების მსხვერპლები არიან, არამედ აქ მყოფ დისიდენტებსაც სხვადასხვა ავტორიტარული რეჟიმებიდან“.

მიქელაძის განცხადებით, დღევანდელი სიმბოლური აქციის მთავარი მოწოდება აფგან სადიგოვის გათავისუფლებაა, რადგან მისი ექსტრადირება აზერბაიჯანში, დაარღვევს ადამიანის საბაზისო და აბსოლიტურ უფლებებს და ამავდროულად, საერთაშორისო ვალდებულებებს, რომელიც საქართველოს არაერთი კონვენციით აკისრია. 

როგორც „მედიის ადვოკატირების კოალიციის“ თავმჯდომარემ, მამუკა ანდღულაძემ განაცხადა, აღნიშნული აქცია ჟურნალისტის მიმართ სოლიდარობის გამოხატვის გარდა, ემსახურებოდა ხელისუფლებისთვის იმის შეხსენებას, რომ უზრუნველყოს, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების უფლებების დაცვა. 

„ქართული ოცნების“ პოლიტიკის ერთ-ერთი გამოხატულებაა მათ შორის ეს შემთხვევა, როდესაც ის არ იცავს ჟურნალისტების უფლებებს. სამწუხაროდ, მმართველი პარტია პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ ევროპულ მისწრაფებებსა და სტანდარტებს, რომლებიც საქართველოს მოსახლეობას უნდა. „ქართული ოცნება“ ღიად უარს ამბობს იმ პრინციპების დაცვაზე, რომლებიც კონსტიტუციითა და ევროპული კანონმდებლობით გარანტირებულია“.

„ნეტგაზეთის“ რედაქტორის, დათო ქოქოშვილის შეფასებით, ეს არ არის იზოლირებული შემთხვევა და მომხდარი იმ კონტექსტში უნდა განვიხილოთ, რაც ბოლო წლების განმავლობაში არსებობს.

„როდესაც არაერთი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი გაიტაცეს საქართველოდან, მათ შორის აფგან მუხთარლი, რომლის საქმეზეც რამდენიმე დღის წინ, სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა (საქართველოს დაუდგინდა დარღვევა). ცალსახად, ერთმნიშვნელოვანია, რომ არ უნდა გადაეცეს აფგან საფიგოვი აზერბაიჯანს და ის უნდა გათავისუფლდეს“.

როგორც  „მთის ამბები / საქართველოს ამბების“ დამფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორმა, გელა მთივლიშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობას მჭიდრო კავშირები (მათ შორის არაოფიციალური) აქვს აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან და მის ექსტრადირებას ყველანაირად შეეცდებიან. სწორედ ამიტომ, სადიგოვის დასაცავად ყველა საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტი უნდა იქნას გამოყენებული.

„ადამიანის უფლებების დამცველების, ჟურნალისტების, სამოქალაქო აქტივისტების უფლებრივი მდგომარეობის კუთხით, ვიცით, რა მდგომარეობაცაა აზერბაიჯანში. კატეგორიულად ვთხოვთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ არ მოხდეს ჩვენი დაკავებული კოლეგის, აფგან სადგოვის აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის გადაცემა, ვინაიდან ალბათობა იმისა, რომ ის იქ არაადამიანურ მოპყრობას, წამებას დაექვემდებაროს ან ვერ მიიღოს სამართლიანი სასამართლო, არის ძალიან დიდი და ამას ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიში მოწმობს, ვინც კი აზერბაიჯანში ადამიანის უფლებრივ მდგომარეობას აფასებს“.

OC Media-ს რედაქტორმა, მარიამ ნიკურაძემ კი აღნიშნა, რომ ჟურნალისტებს აზერბაიჯანში რთულ ვითარებაში უწევთ მუშაობა. დაკავებების სერია კი, გასული წლის ნოებერ-დეკემბერში დაიყო, როდესაც abzas media-ში შევიდნენ და 10-ზე მეტი ჟურნალისტი დააკავეს. ნიკურაძეს მოლოდინი აქვს, რომ ხელისუფლება აფგან სადიგოვს აზერბაიჯანულ მხარეს გადასცემს. 

„ჩვენ ვიცით, რომ აზერბაიჯანს ჰქონდა სადიგოვის ექსტრადირება მოთხოვნილი და რაღაც ეტაპზე, გარკვეული პროცედურის შემდეგ, მგონია, რომ საქართველოს ხელისუფლება ამას იზამს და აფგანს აზერბაიჯანულ მხარეს გადასცემს“.

აფგან სადიგოვი შემდგომი ექსტრადირების მიზნით თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს, მეორე დღეს კი მას 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა. საქალაქო სასამართლოს 4 აგვისტოს განჩინება უცვლელი დატოვა სააპელაციო სასამართლომაც. 

აფგან სადიგოვის შესახებ ვრცლად იხილეთ „მედიაჩეკერის“ მასალებში: 

კატეგორია: საქართველო


გუშინ, 4 სექტემბერს „მედიაჩეკერის“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა მასალა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ტელეკომპანია „იმედისა“ და „Postv“-ის სატელევიზო ეთერში ინფორმაცია რკინიგზის 2 თანამშრომლის გარდაცვალების შესახებ არ მოხვდა. მათ გეგმიური სამუშაოს შესრულებისას ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მიმავალი მატარებელი დაეჯახა. ამ ორი ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვებებში დრო არც ზუგდიდში, ხანძრის შედეგად დაღუპული 2 მცირეწლოვანის ამბავს დაეთმო.  

მედია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მოქალაქეების ინფორმირებას უზრუნველყოფს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მაშინ არის, თუ მომხდარ ამბებში სახელმწიფოს პასუხისმგებლობაც იკვეთება, ისე როგორც წინა 2 შემთხვევაში იყო. 

თუმცა, როგორ დღეს კიდევ ერთხელ გაირკვა, ტრაგიკული შემთხვევების გაშუქებაც შეიძლება შერჩევით მოხდეს. 

5 სექტემბერს, დილის 09:36 წუთზე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ტელეკომპანია „იმედმა“ დაწერა, რომ "წყალტუბოში, ოპოზიციის აქტივისტმა როლანდ ნუცუბიძემ „ქართული ოცნების“ წევრს, ერმილე გიგიაძეს მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გიგიაძე ადგილზე გარდაიცვალა.“ პოსტს თან ხმის გარეშე ჩაწერილი სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებული 34-წამიანი ვიდეოც ახლავს. კადრებში მოქალაქეებს შორის მომხდარი სიტყვიერი შეკამათება ჩანს, შემდეგ კი ერთ-ერთი მათგანი შეუძლოდ ხდება და ქვაფენილზე ვარდება. ვიდეო მალევე „იმედის“ მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ტექსტით ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გაავრცელPOSTV-მაც. 

ტელეკომპანია იმედის“ 11-საათიანი გამოშვება კი „ქართული ოცნების“ წევრის, გივი მიქანაძის ბრიფინგით გაიხსნა, რომელიც დეპუტატმა ამ სიტყვებით დაიწყო: „გუშინ, წყალტუბოში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, როლანდ ნუცუბიძე ჩვენი პარტიის ოფისში მივარდა და ერმილე გიგიაძეს არაერთგზის სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც, ნერვიულობის ფონზე, ეს ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა.“ 

„ქრონიკის“ ამავე გამოშვებაში გავიდა შესაბამისი ამბავიც. გადაცემის წამყვამა, ქეთი ლაცაბაძემ მასალა ამ სიტყვებით წარადგინა: „წყალტუბოში, სოფელ გეგუთის მიკროშტაბში კარდაკარის მიმდინარეობისას, ოპოზიციის აქტივისტი, როლანდ ნუცუბიძე „ქართული ოცნების“ წევრებს მიუვარდა და მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ურთიერთშელაპარაკების დროს ნუცუბიძემ მმართველი პარტიის წევრს, ერმილე გიგიაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გიგიაძე ნერვიულობის ნიადაგზე შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება“. 

ერმილე გიგიაძის გარდაცვალება 12-საათიან სააინფორმაციო გამოშვებებში გააშუქეს ტელეკომპანია რუსთავი 2-მა და მთავარმა არხმაც.“ 

„მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მიხედვით, პირის გარდაცვალების შემთხვევაში, მასალის გადაღებასა და გავრცელებაზე ოჯახის წევრების თანხმობაა საჭირო. 

„მაუწყებელმა არ უნდა გადაიღოს ან გაავრცელოს მასალა, რომელშიც ასახულია უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულები ან პიროვნება პირადი ტრაგედიის ან მწუხარების დროს, მათ შორის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ან დაკრძალვაზე, როდესაც ეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ხელყოფს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მიღებულია პირის თანხმობა. პირის გარდაცვალების შემთხვევაში, გადაღებასა და მასალის გავრცელებაზე საჭიროა ოჯახის წევრების თანხმობა“.

გარდა ამისა, რეპორტაჟი არ უნდა შეიცავდეს გვამების ან დაჭრილთა ტანჯვის ამსახველ 15 წამზე მეტი ხანგრძლივობის კადრებს. 

„ამბის გადმოსაცემად შეიძლება საჭირო გახდეს გარდაცვლილთა შორი ხედით ჩვენება, ახლო ხედების გამოყენება თავიდან უნდა იქნეს აცილებული, გარდა საზოგადოების ინტერესის არსებობის შემთხვევისა“.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ მიერ შემუშავებული კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელო წესების მიხედვით, მედია სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ისეთი ვიზუალური მასალის ჩვენებას, რომელზეც ასახულია ადამიანთა ტრაგედია და ტანჯვა.

„მიზანშეწონილი არ არის დაზარალებულის, გვამისა ან დასახიჩრებული სხეულის, სისხლისა და სხვა მსგავსი სცენების ჩვენება მნიშვნელოვანი სარედაქციო დასაბუთების გარეშე. მათი გადაღება უნდა მოხდეს მხოლოდ გარკვეული მანძილიდან, რათა შეუძლებელი იყოს დაზარალებულის იდენტიფიცირება“.

ამავე წესებით მიხედვით, კი პირი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით არ დამტკიცდება.

„მედიამ არ უნდა მოიხსენიოს პირი დამნაშავედ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელი არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას“.

ტელემედიის ნაწილმა კი, მმართველი პარტიის მსგავსად, ერმილე გიგიაძის გარდაცვალების მიზეზისა და „დამნაშავის“ ძებნაც დაიწყო. 

A close up of textDescription automatically generated

A close up of textDescription automatically generatedA close up of a signDescription automatically generated

„იმედმა“ გაავრცელა როლანდ ნუცუბიძის კომენტარიც, რომელმაც დაადასტურა, რომ ამერიკის მოქალაქეა. 

მომხდარს ფეისბუკის პირად გვერდზე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარეც. შალვა პაპუაშვილმა დაწერა, რომ „ენმ-მ და ენჯეოებმა ზიზღის ნორმალიზება მოახდინეს, შემდეგ კი საქებარ საქმედ აქციეს, რამაც ასეთ ტრაგიკულ შემთხვევამდე მიგვიყვანა”. პაპუაშვილის ეს განცხადება გააშუქა მედიის ნაწილმაც


A screenshot of a person in a suitDescription automatically generated

„ნაციონალურ მოძრაობა“ კი აცხადებს, რომ პირი, ვისაც „ქართული ოცნება“ ადამიანის გარდაცვალებაში ადანაშაულებს, პარტიის წევრი ან მათთან დაკავშირებული არ არის.

კატეგორია: საქართველო


დაახლოებით 20 წლის წინ, საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაცია „ბი-ბი-სი უორლდ სერვის ტრასტმა“ (BBCWST) ევროკავშირის მხარდაჭერით, „სტუდია რე“-სთან ერთად, სათემო რადიოების პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც მარნეულისა და ნინოწმინდის რადიოები გაჩნდა. 

სათემო რადიო ეროვნულისგან იმით განსხვავდება, რომ კონკრეტული თემის ინტერესებს ემსახურება და მისი წევრების მოსაზრებების გაშუქებას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ სათემო რადიოს მაუწყებლობის პროცესში სწორედ იმ საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობენ, რომლისთვისაც ის შეიქმნა და მიზნად მოგების მიღება არ აქვს.

სათემო რადიოს მაუწყებლობისთვის ლიცენზიას მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, კომუნიკაციების ეროვნული კომისია გასცემს.

საქართველოში სათემო რადიოებს ძირითადად მცირერიცხოვანი რედაქცია მართავს, გადაცემების დიდ ნაწილს კი სწორედ ადგილობრივები ამზადებენ. ჩვენთან სათემო რადიოები ფინანსურად ძირითადად დონორ ორგანიზაციებზე არიან დამოკიდებულები და, შესაბამისად, რუსული კანონიც ეხებათ. რადიო „მარნეულსა“ და „ნორს“ „უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“ ნებაყოფლობითი რეგისტრაცია არ გაუვლიათ. 

რადიო „მარნეული“ 2006 წელს დაარსდა, თუმცა, სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზია 2016 წელს მიიღო. „მარნეული“ მულტილინგვისტური რადიოა, მას საინფორმაციო გადაცემები ქართულის გარდა, აზერბაიჯანულ ენაზეც აქვს, ვებგვერდზე კი ახალი ამბები სომხურ ენაზეც ქვეყნდება. რადიოში სულ 12 ადამიანი მუშაობს. 

რადიო „მარნეულის“ დირექტორის, ჟურნალისტ კამილა მემედოვას თქმით, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონში არაქართულენოვანი მოსახლეობის ინტეგრაციის პროცესში სათემო რადიოს ძალიან დიდი წვლილი შეაქვს. 

„ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ყოველთვის იყო არაქართულენოვანი მოსახლეობის ინტეგრაციისა და სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი აქტიური ჩართულობის პრობლემა. მარნეულსა და ქვემო ქართლში არასდროს ყოფილა ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი, თავისუფალი მედია, რომელიც ადგილობრივების ენაზე ისაუბრებდა. თემის ინტეგრაციის პრობლემები განპირობებული იყო იმით, რომ მათ არასდროს, არავინ თვლიდა სრულფასოვან მოქალაქეებად, ყოველთვის გარიყულები იყვნენ.

რადიო „მარნეულის“ შექმნის იდეა სწორედაც რომ თემის გაძლიერება, ინფორმირებულობა და მათი ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვა იყო, რათა ისინი მეტად ინტეგრირებულები ყოფილიყვნენ“.

როგორც კამილა მამედოვამ განაცხადა, მარნეულის მცხოვრებლებს აღარ უწევთ საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის რუსული, აზერბაიჯანული და სომხური მედიებიდან მიღება და „პროპაგანდის მსხვერპლად“ ქცევა, ვინაიდან მარნეულის სათემო რადიო მათ ინფორმაციას „საქართველოს პრიზმიდან“ მათთვის გასაგებ ენაზე აწვდის.

„ის, რომ საკრებულოს კარი ღიაა და ყველა მოქალაქეს შეუძლია მივიდეს, თავისი პრობლემა გააჟღეროს და ა.შ. ეს ყველაფერი რადიო „მარნეულის“ აქტიური მუშაობის შემდეგ დაიწყო. ის რომ საკრებულო ჩასატარებელ სხდომას, კანონის გათვალისწინებით, 5 დღით ადრე აანონსებს და მათი სოციალური მედია არამხოლოდ ქართულ ენაზე მუშაობს, ჩვენი რადიოს დამსახურებაა. 

მას შემდეგ, რაც მუშაობა დავიწყეთ, ქალთა ჩართულობაც გაიზარდა. მარნეულის მერია შეხვედრების დროს სპეციალურად ჩვენთვის იღებს ფოტოებს, სადაც ქალები ჩანან. იციან, რომ ჩვენ ამას დიდ ყურადღებას ვაქცევთ“.

როგორც „მარნეულის“ დირექტორმა აღნიშნა, ორგანიზაციას რუსული კანონი პირდაპირ ეხება, ვინაიდან ის დონორების დაფინანსებით ფუნქციონირებს. 

„ცხადია, რუსული კანონი ჩვენ გვეხება. ის გვავალდებულებს, რომ ჩვენი ხელითვე დავრეგისტრირდეთ და დაგვიძახონ აგენტები. ამ კანონის მთავარი მიზანი ესაა, თუმცა, არ ვაპირებთ დარეგისტრირებას. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. ვფიქრობ, რომ ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ. საშიშროება არის, რომ ჩვენ ვეღარ ვიარსებებთ, შეიძლება ლიცენზია წაგვერთვას და ა.შ. მაგრამ პრინციპული საკითხია, ჩვენი ხელით ჩვენ არ დავრეგისტრირდებით. არ ვეთანხმებით ამ კანონს, მისი ფუნქცია არ არის გამჭვირვალობა. 

ჩვენ ყოველთვის ვიყავით გამჭვირვალეები. გარდა ამისა, კომუნიკაციების კომისია გვყავს, როგორც ზედამხედველი. ვინაიდან ლიცენზიის მფლობელები ვართ, ყოველ თეთრზე გვაქვს ანგარიში გაკეთებული. ყოველ კვარტალში ვაკეთებთ აუდიტს, მაგრამ რეალურად ეს მათ არაინტერესებთ. მათ კრიტიკული მედიის დისკრედიტაცია უნდათ. მედიის, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვას ითხოვს და ნეპოტიზმსა და კორუფციას ებრძვის“.


მამედოვას თქმით, თუ რუსული კანონი არ შეჩერდა, თემი სიტყვის თავისუფლებასა და იმ კრიტიკული აზრის მოსმენის შესაძლებლობას დაკარგავს, რომელსაც ამ წლების განმავლობაში მათ რადიო სთავაზობდა.

„უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“ არ დარეგისტრირდა რადიო „ნორიც“.

„ნორიც“ 2006 წელს დაარსდა, თუმცა, მას სამაუწყებლო ლიცენზია კომუნიკაციების კომისიამ 2015 წელს მისცა. 

მულტილინგვისტურია ნინოწმინდის ეს სათემო რადიოც, რომლის მაუწყებლობისთვისაც 10 ადამიანი მუშაობს. რადიოში საინფორმაციო გადაცემები ქართულ, სომხურ და რუსულ ენებზე გადის. ახალი ამბები ამ სამ ენაზეა ხელმისაწვდომი რადიოს ვებგვერდზეც. საავტორო გადაცემებთან ერთად, რადიო მსმენელს მუსიკალურ და იუმორისტულ პროგრამებსაც სთავაზობს. 

„ნორის“ დირექტორის, არარატ თთთიანის განცხადებით, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონში რადიო მოსახლეობის ინფორმირებულობისთვის მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. გარდა ამისა, „ნორი“ თითოეულ მოქალაქეს საშუალებას აძლევს, საკუთარი პრობლემის შესახებ გააჟღეროს და გამოთქვას აზრი ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით.

თთთიანის თქმით, რადიოში ხშირად მოვისმენთ ახალგაზრდების, დიასახლისების, პედაგოგების, სტუდენტების, რეგიონის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების, დუხობორებისა და აჭარელი ეკომიგრანტების შეფასებებს. როგორც ის აღნიშნავს, როცა მოსახლეობას რაიმე პრობლემა აქვს (მაგ: წყლის, გზების, სოციალური და ა.შ), „ნორს“ მიმართავენ და ჟურნალისტები მათ ამ საკითხების მოგვარებაში ეხმარებიან. 

რადიო „ნორის“ დირექტორის განცხადებით, ორგანიზაციას რუსული კანონი პირდაპირ ეხება, ვინაიდან ისიც დონორების დაფინანსებით ფუნქციონირებს. თთთიანის შეფასებით, თუ რუსული კანონი არ გაუქმდა, „თემი დაკარგავს თავისუფალ, მიუკერძოებელ მედიას, რომელიც მის პრობლემებს აშუქებდა და  დაკარგავს პლატფორმას, საიდანაც ხელისუფლებისთვის ხმის მიწვდენა შეეძლო“.

მარნეულისა და ნინოწმინდის სათემო რადიოების დაარსებაში მონაწილეობა „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლია ჩახუნაშვილმაც მიიღო. მისი განცხადებით, რომ არა დასავლური გამოცდილება და დონორების ფინანსური ხელშეწყობა, საქართველოში სათემო რადიოები არ იარსებებდა. 

„ეს იყო დასავლური გამოცდილებითა და ფინანსებით განხორციელებული პროექტი. იდეა დონორებისგან მოდიოდა, მაგრამ ის ადგილობრივმა თემმა აიტაცა. 

ის, რომ ორივე რადიომ ბევრს მიაღწია, ადგილობრივი გუნდის დამსახურებაა. ისინი მათ წლების მანძილზე ძალიან დიდი სიყვარულით, თავდადებით, შრომითა და ძალისხმევით ქმნიდნენ.

მიმაჩნია, რომ ამ ორმა რადიომ საქართველოში უნიკალური გამოცდილება და რესურსი შექმნა, რომლის ადაპტირება სხვა ქვეყნებსა და გარემოშიც შეიძლება“.

ჩახუნაშვილის შეფასებით, სათემო რადიო თემის განვითარების ხელშესაწყობად გამორჩეულად კარგი საშუალებაა. ეს რადიოები საქართველოში მცხოვრები ორი ყველაზე მრავალრიცხოვანი ეთნიკური უმცირესობის განვითარებას და ქვეყნის სოციალურ ქსოვილში უფრო მჭიდროდ ინტეგრაციას უწყობენ ხელს.

„ეს პროექტები ძალიან დიდი სახელმწიფოებრივი ამოცანებითა და მიზნებით დაიწყო. მათ შექმნეს უნიკალური, ძალიან ძვირფასი გამოცდილება, რომლის გაქრობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რადგან ეს ქართული სახელმწიფოსთვის ძალიან დიდი დანაკარგი იქნება.

სათემო რადიოები ხელს უწყობენ ადგილობრივი კულტურის შენარჩუნებასა და დაცვას. ისინი წარმოადგენენ თემის ხმას და აადვილებენ კომუნიკაციას თემსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის“.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ აღმასრულებელი დირექტორის თქმით, სათემო რადიოებმა ბევრი ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალეს.



------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული კანონი საქართველოში 3 ივნისიდან მოქმედებს. კანონი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს, მათ შორის მედიასაშუალებებს „უცხო ძალის ინტერესების გამტარებლის“ სტატუსს ანიჭებს და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“ რეგისტრაციას ავალდებულებს. შესაბამის ორგანიზაციებს ნებაყოფლობითი რეგისტრაციის ვადა 2 სექტემბერს ამოეწურათ და რუსული კანონით გათვალისწინებული იძულებითი რეგისტრაციის, მონიტორინგისა და დაჯარიმების მექანიზმები ძალაში შევიდა. 

 
კატეგორია: საქართველო


გუშინ, 3 სექტემბერს თბილისში, ფეიქრების ქუჩასთან, დაახლოებით 13:00 საათზე ბათუმიდან თბილისში მომავალი მატარებელი ლიანდაგზე სამუშაო პლატფორმას დაეჯახა, სადაც გეგმიური სამუშაოები მიმდინარეობდა. შემთხვევის ადგილზე საქართველოს რკინიგზის 2 თანამშრომელი გარდაიცვალა. 

მგზავრებს შორის არავინ დაშავებულა, თუმცა, მათ დახურულ მატარებელში ყოფნა 2 საათზე მეტ ხანს მოუწიათ. სოციალურ ქსელში არაერთი ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ მგზავრები მატარებლის დატოვებას ითხოვენ. 

საქართველოს რკინიგზამ ფეისბუკის გვერდზე განცხადება დაახლოებით სამ საათზე გამოაქვეყნა, სადაც ეწერა, რომ მომხდარის შესახებ დეტალური მოკვლევა მიმდინარეობს.

ტელემედიის ნაწილმა: „რუსთავი 2“, „ფორმულა“ „პირველი არხი“, „მთავარი არხი“ გუშინდელი საინფორმაციო გამოშვებები სარკინიგზო შემთხვევის გაშუქებით დაიწყო. 

ტელეკომპანია „იმედმა“ და Postv-იმ საქართველოს რკინიგზის 2 თანამშრომლის გარდაცვალების ამბავი არ გააშუქეს. imedinews.ge-ზე კი, მხოლოდ საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებული განცხადება გამოქვეყნდა სათაურით: „საქართველოს რკინიგზა“ თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის შესახებ განცხადებას ავრცელებს“.

ტელეკომპანია „იმედისა” და Postv-ის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში ვერ მოხვდა 13 აგვისტოს, ზუგდიდში, ხანძრის შედეგად გარდაცვლილი არასრულწლოვნების ამბავიც.


„იმედის“ მიერ გამოტოვებული სხვა თემების შესახებ იხილეთ „მედიაჩეკერის” მასალები:

 
კატეგორია: საქართველო


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კანონის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების განხილვა დაიწყო.  

კანონის, ოფიციალური სახელწოდებით "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობა სადავო მათ შორის, 122-მა მედია და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციამ და ორმა მედიაორგანიზაციამ, „საინფორმაციო ცენტრების ქსელმა" და „სტუდია მონიტორმა" გახადეს.

დღევანდელ განმწესრიგებელ სხდომაზე 2 მედიაორგანიზაციის წარმომადგენელი „მთის ამბები / საქართველოს ამბების“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, გელა მთივლიშვილი იყო. მისი განცხადებით, არც ერთი მათგანი ღირსების შემლახავ რეესტრში არ დარეგისტრირდება. მთივლიშვილმა ის მიზეზებიც განმარტა, თუ რატომ არ აქვთ ამ მედიაორგანიზაციებს კომერციული, სარეკლამო შემოსავლები.

„იმის გამო, რომ საგამოძიებო ჟურნალისტიკას ვაკეთებთ და ხშირად, ხელისუფლების პირველ პირებს ან სხვა მაღალჩინოსნებს შესაძლო დანაშაულებრივ საქმიანობაში ვამხელთ, არ გვაქვს კომერციული, სარეკლამო შემოსავალი. პოტენციური დამკვეთები, ხელისუფლებისგან მოსალოდნელი წნეხის შიშით, ასეთ მედიებთან თანამშრომლობას თავს არიდებენ.“

„მთის ამბების“ რედაქტორმა ყურადღება სადავო კანონის მიღებამდე მოსარჩელე ორგანიზაციების დევნაზეც გაამახვილა.

„მოსარჩელეები, ისევე როგორც სხვა დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციები, ნებაყოფლობით არ აპირებენ სადავო კანონით განსაზღვრული, შეურაცხმყოფელი, მასტიგმატიზებელი და მადისკრედიტებელი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი  ორგანიზაციის“ სტატუსის მიღებას და იმ რესპონდენტების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებას, რომლებმაც კონფიდენციალობის დაცვით მიაწოდეს საგამოძიებო სიუჟეტებისთვის ან მამხილებელი რეპორტაჟისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია. მოსარჩელეთა მსგავსი ქმედება აუცილებლად გამოიწვევს მათ დაჯარიმებას, რაც თავის მხრივ, აუცილებლად გამოიწვევს ამ ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვას ან შეწყვეტას.

ვითხოვ, რომ სადავო კანონის მოქმედება შეჩერდეს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, რაც შესაძლებელს გახდის იმ ზიანის თავიდან აცილებას, რომელიც დაკავშირებული იქნება ამ კანონის მოქმედებასთან. ამავდროულად, სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით, კანონის შეუჩერებლობის შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება კანონის მოქმედების პირობებში დამდგარი ზიანის თავიდან აცილება“, - თქვა გელა მთივლიშვილმა.

122 მოსარჩელის მომხსენებელმა, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" ( IDFI) იურისტმა, გიორგი დავითურმა ყურადღება ტერმინის - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარი“ უარყოფით შინაარსზე გაამახვილა. არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, საკონსტიტუციოს ყოფილმა მოსამართლემ, ქეთი ერემაძემ კი მოხსენებისას თქვა, რომ "ვიცავთ ქართული სამოქალაქო საზოგადოების 145-წლიან ტრადიციას".

ამ ორი სარჩელის გარდა, რუსულ კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციოს საქართველოს პრეზიდენტმა და 38-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმაც მიმართეს. 

განმწესრიგებელ სხდომაზე სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა, გიორგი ბურჯანაძემ ამ კანონით მედიაორგანიზაციებისთვის გამოუსწორებელი ზიანის მიღების კომპონენტებზე ისაუბრა. 

ბურჯანაძის განცხადებით, ყველა ჩვენთაგანს აქვს უფლება, ჟურნალისტებს ინფორმაცია კონფიდენციალურად მივაწოდოთ. ამ კანონის პირობებში კი, ყოველი ჩვენთაგანი სწორედ ამ უფლებას კარგავს, რადგან მოქალაქის კონფიდენციალურობა დაცული აღარ იქნება.



საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით, "წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელებით სადავოდ არის გამხდარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ადგენს სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის წესსა და აწესრიგებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

მოსარჩელეთა არგუმენტაციით, სადავოდ გამხდარი კანონი, მასში გამოყენებული ტერმინოლოგიითა თუ სხვადასხვა რეპრესიული მექანიზმის გათვალისწინებით, იწვევს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების სტიგმატიზაციას, მათი საქმიანობისთვის ხელშეშლას, დასახული მიზნების მიღწევის შეუძლებლობას და, საბოლოო ჯამში, მათი ფუნქციონირების შეფერხებას ან სულაც შეწყვეტას".

კონსტიტუციური სარჩელების ავტორები აგრეთვე შუამდგომლობენ, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავოდ გამხდარი ნორმების მოქმედების შეჩერებას.

საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქმეს, რომელიც ხვალაც გაგრძელდება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს. სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწრება მოსამართლე ირინა იმერლიშვილი.

საკონსტიტუციო სასამართლოში საკანონმდებლო ორგანო "ქართული ოცნების" დეპუტატებს უნდა წარმოედგინათ, თუმცა, მათ მაგივრად სხდომას საქართველოს პარლამენტს აპარატის თანამშრომლები: ლევან კასრაძე, ლევან ღავთაძე და ქრისტინე კუპრავა ესწრებიან.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული კანონიაქართველოში 3 ივნისიდან მოქმედებს. კანონი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს, მათ შორის მედიასაშუალებებს „უცხო ძალის ინტერესების გამტარებლის“ სტატუსს ანიჭებს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება კი "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა" რეესტრის წარმოების, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს  საკანონდებლო მაცნეზე პირველ აგვისტოს გამოქვეყნდა. 

ორგანიზაციებს ნებაყოფლობითი რეგისტრაციის ვადა 1 სექტემბერს ეწურებათ. შემდეგ კი იუსტიციის სამინისტრო მონიტორინგს დაიწყებს, აღმოჩენილ და დაურეგისტრირებელ „უცხო ძალის ინტერესების გამტარებელს" 25 000 ლარით დააჯარიმებს და მისი ნების მიუხედავად დაარეგისტრირებს.

 
კატეგორია: საქართველო

დღეს, 16 აგვისტოს დამოუკიდებელი საგამოძიებო მედიების „მთის ამბები / საქართველოს ამბებისა“ და „სტუდია მონიტორის“ სახელით რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში ერთობლივი სარჩელი შევიდა.
 
„მთის ამბები / საქართველოს ამბების“ დამფუძნებლისა და მთავარი რედაქტორის, გელა მთივლიშვილის ინფორმაციით, სარჩელი რუსული კანონის საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამობის 3 მუხლს: დისკრიმინაცია, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასა და გაერთიანების თავისუფლებას შეეხება.
 
„სარჩელით რუსულ კანონს სადავოდ ვხდით საქართველოს კონსტიტუციის მე-11, მე-17 და 22-ე მუხლებთან მიმართებით. ამასთან, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ვითხოვთ რუსული კანონის მთელი რიგი მუხლების შეჩერებას.
სარჩელში განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ იმ ეგზისტენციალურ საფრთხეებს, რასაც რუსული კანონი უქმნის გამომძიებელ ჟურნალისტებსა და საგამოძიებო ჟურნალისტიკას,“ - წერს მთივლიშვილი სოციალურ ქსელში. 
 
„სტუდია მონიტორის“ რედაქტორის, ნინო ზურიაშვილის თქმით, რუსული კანონი გამოხატვის თავისუფლებას ებრძვის და იმ საზოგადოებრივი ორგანიზაციების დისკრიმინაციას ახდენს, ვინც კრიტიკულ კონტენტს ქმნის და ხელისუფლებისგან თავისუფალია.

„დიდი მოლოდინი არ გვაქვს. მგონია, რომ ეს საკონსტიტუციო სასამართლო მაინც სისტემის ნაწილია. თუნდაც დავის მოგების შანსი 0.001% იყოს, არ გვაქვს უფლება არ გამოვიყენოთ. ამ კანონის უკან იმხელა უფსკრულია არა მხოლოდ მედიისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის, რომ ყველა ძალისხმევა უნდა გამოვიყენოთ,“- განაცხადა ზურიაშვილმა.
 
რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე ოთხი სარჩელი შევიდა.

17 ივლისს საკონსტიტუციოს სამოქალაქო სექტორმა მიმართა. 120-ზე მეტი არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია რუსული კანონის გაუქმებასა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ამ კანონის არაკონსტიტუციური ნორმების ამოქმედების შეჩერებას ითხოვს. 

რუსულ კანონთან დაკავშირებით 18 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის სარჩელიც დარეგისტრირდა.
 
ეს საქმე პრეცედენტულია, რადგან პრეზიდენტს აქამდე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის არასდროს მიუმართავს და ასევე, მოსამართლეებს აქამდე არასდროს უმსჯელიათ კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევაზე, რომლის მიხედვით, კონსტიტუციურმა ორგანოებმა „ყველა ზომა უნდა მიიღონ ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგიანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“.

ამავე მუხლის თანახმად, კონსტიტუციურ ორგანოებს შორის საკონსტიტუციო სასამართლოც მოიაზრება და „სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც კონსტიტუციური კონტროლის განმახორციელებელი ინსტიტუტის ფუნქციაში შედის არაკონსტიტუციურად ცნოს ყველა ნორმატიულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 78-ე მუხლს და საფრთხეს უქმნის და ხელს უშლის საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“.
 
29 ივლისს კი საკონსტიტუციო სასამართლოს 38-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიმართა.
 
რუსული კანონი საქართველოში 3 ივნისს ამოქმედდა. კანონი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს, მათ შორის მედიასაშუალებებს „უცხო ძალის ინტერესების გამტარებლის“ სტატუსს ანიჭებს.
 
კატეგორია: საქართველო


კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „მთავარი არხი“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენისა და „რუსულად" მოხსენიებისთვის 2500 ლარით დააჯარიმა. 

“„მთავარი არხის“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებულ პოლიტიკური შინაარსის ვიდეორგოლებში, ნეგატიურ კონტექსტშია წარმოჩენილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც მოხსენიებულია საზოგადოების ყველა ნაწილისთვის საფრთხის შემცველ „რუსულ“ კანონად.

„აღნიშნული ვიდეორგოლები განაწყობს საზოგადოებას იმ პოლიტიკური გაერთიანებებისა და მათი წარმომადგენლების საწინააღმდეგოდ, რომლებმაც მხარი დაუჭირეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებას. აქედან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიამ მიიჩნია, რომ ვიდეორგოლების მიზანია აღნიშნული კანონის მხარდამჭერი პოლიტიკური გაერთიანებების არჩევის ხელშეშლა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში,“ - განმარტავს კომისია.

ვინაიდან „მთავარი არხი“ ანალოგიური დარღვევისთვის გასულ თვეში კომისიამ წერილობითი გაფრთხილება, ახლა ComCom-მა მაუწყებელს კანონით გათვალისწინებული მინიმალური ჯარიმა დააკისრა და ვიდეორგოლის სამაუწყებლო ბადიდან ამოღება დაავალა. 
კომისიის სხდომაში მონაწილეობა მიიღეს „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ წარმომადგენლებმაც, რომლებმაც განმარტეს, რომ ვიდეორგოლები კანონმდებლობით გათვალისწინებული პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის ცნებაში არ ექცეოდა და ის სოციალურ რეკლამას წარმოადგენდა. 

„მიგვაჩნია, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მედიებისათვის ცენზურის დაწესება „რუსული კანონის“ ხსენებისათვის, არის ავტორიტარული რეჟიმის კიდევ ერთი გამოვლინება იმ მთავარი გზავნილით, რომ მაუწყებლებმა აღარ გააკრიტიკონ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, მათ შორის რუსული კანონის მიღება, მიუხედავად იმისა, რომ კანონი ერთი მხრივ უშუალოდ მაუწყებლებს ეხება, მეორე მხრივ კი მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.  გარდა ამისა, ჩვენი აზრით, კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილება არის მინიშნება იმისა, რომ კომუნიკაციების კომისია წინასაარჩევნოდ მმართველი პარტიის ინტერესების გატარებასა და რუსული კანონის ირგვლივ არსებული კრიტიკის ჩახშობის პროცესში ერთ-ერთი მთავარი აქტორი იქნება. 

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ბოლო დროის განმავლობაში, წინასაარჩევნოდ, განსაკუთრებით აქტიურად იყენებს მის ხელთ არსებულ ბერკეტებს მაუწყებლების წინააღმდეგ, რაც აშკარას ხდის კრიტიკული მედიის მიმართ დაწყებულ სრულმასშტაბიან შეტევას ავტორიტარული ხელისუფლების კიდევ ერთი ინსტიტუტის მხრიდან,“ - ნათქვამია GDI-ის განცხადებაში. 
 
საქმე „მთავარი არხის“ ეთერში განთავსებულ  ორ ვიდეორგოლს ეხება. პირველ რგოლში ნახსენებია, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია ნაკლებად პოპულარული იყო ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში, თუმცა, სამოქალაქო სექტორის კვლევით დამტკიცდა, რომ ეს ყველა რეგიონზე არ ვრცელდება და სტერეოტიპების დარღვევას ეთნიკურად აზერბაიჯანული მედია ებრძვის. ვიდეორგოლის ბოლოს აღნიშნულია: „რამდენადაც მარტივია მაგალითების პოვნა რა სიკეთე მოუტანა დასავლურმა ცოდნამ და დახმარებამ სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში, იმდენად მარტივია დანახვა რა საფრთხე დაემუქრა საზოგადოების ყველა ნაწილს „რუსული კანონის“ ამოქმედებით.“ 


 
მეორე ვიდეორგოლში კი, ნიაზ დიასამიძის სიმღერის ფონზე ნაჩვენებია კადრები რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციებიდან, რის შემდეგაც ჩანს ლოგო: „კი - ევროპას, არა- რუსულ კანონს“.

 
„მთავარი არხის“ განმარტებით, სადავო ვიდეორგოლები განთავსებული იყო არა პოლიტიკური, არამედ სოციალური რეკლამის სტატუსით, რომლის მიზანიც იყო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხზე, განსაკუთრებით კი ევროინტეგრაციაზე ყურადღების გამახვილება. 
 
„მათი მოსაზრებით ვიდეორგოლები ვერ ჩაითვლება პოლიტიკურად ვინაიდან მასში არაა  ნაჩვენები/ნახსენები არც ერთი პოლიტიკური პარტია. “მთავარი არხის” წარმომადგენლემა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ კანონი თავად მას, მაუწყებელსაც ეხება და შესაბამისად მაუწყებელს სრული უფლება აქვს დააფიქსიროს საკუთარი სარედაქციო პოზიცია/აზრი ამ კანონთან დაკავშირებით, მათ შორის მას უწოდოს „რუსული“, ხოლო დაუშვებელია კომუნიკაციების კომისია ჩაერიოს გამოხატვის შინაარსში“, - წერს GDI
 
კომუნიკაციების კომისიამ ივლისში "მთავარი არხი" რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატებზე ვიდეორგოლის ეთერში გაშვების გამოც გააფრთხილა. 
 
„მიგვაჩნია, რომ კომუნიკაციების კომისიის მსგავსი აქტიურობა და ცენზურის შემცველი გადაწყვეტილებები, მიზნად ისახავს სამაუწყებლო სივრცეში კანონის “რუსულ კანონად” მოხსენიების ცენზურას, რათა  მედიასივრცეში გაქრეს რუსული კანონის ირგვლივ არსებული დისკუსია და ზოგადად ხელისუფლების კრიტიკა, ამჯერად კომუნიკაციების კომისიის გამოყენების გზით. აღნიშნული ტენდენცია კიდევ უფრო საფრთხისშემცველია კრიტიკული მედიის წინააღმდეგ არსებული ისეთი გამოწვევების ფონზე, როგორიც არის რუსული კანონის ამოქმედება, ჟურნალისტებზე ფიზიკური/სიტყვიერი თავდასხმები, SLAPP სარჩელების მზარდი ტენდენცია, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დისკრედიტაციული განცხადებები და სხვა", - აცხადებს „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“.
ComCom-მა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური რეკლამის არაწინასაარჩევნო პერიოდში გავრცელებისთვის 15 აგვისტოს წერილობით გააფრთხილა POSTV-იც. 

"„პოსტვ“-ის ეთერში გავიდა ვიდეორგოლები, სხვადასხვა საწარმოებისა და მეწარმეების შესახებ, რომლებიც სახელმწიფო პროგრამების დახმარებასა და პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ მიერ მეწარმეობის სფეროში წარმატებული პროექტების შესახებ საუბრობენ. ამასთან, ვიდეორგოლებს მითითებული აქვს წარწერა: „ქართული ოცნების“ დაფინანსებული 100-ზე ბევრად მეტი ქარხანა“. ეთერში განთავსებული პოლიტიკური შინაარსის ვიდეორგოლების მიზანი არის არა მხოლოდ მეწარმეებისა ან სახელმწიფო პროგრამის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, არამედ პოლიტიკური მოძრაობის „ქართული ოცნების“ არჩევის ხელშეწყობა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე,“ - ვკითხულობთ ComCom-ის განცხადებაში.
 
იმის გამო, რომ POSTV ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევისთვის არ დასანქცირებულა, კომისიამ მაუწყებელი წერილობით გააფრთხილა.
 
ივნისის თვეში ComCom-მა არაწინასაარჩევნი პერიოდში პოლიტიკურ რეკლამად „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის საკუთარ წიგნზე საუბარიც მიიჩნია და 4 ტელეკომპანია: „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“ ,„ფორმულა“ და  „კავკასია“ დაასანქცირა.

9 აგვისტოს კომისიამ პოლიტიკური რეკლამის გავრცელებისთვის დაასანქცირა „ალტ-ინფოც“.

ComCom-მა ყველა ეს გადაწყვეტილება მონიტორინგის საფუძველზე მიიღო. მათი განმარტებით, ყველა ტელემაუწყებლის მონიტორინგს კომისია წელიწადში არანაკლებ ორჯერ ატარებს. ამასთან, წლის განმავლობაში რამდენჯერმე დამატებით ხორციელდება ყველაზე რეიტინგული, TOP 10 ტელემაუწყებლის მონიტორინგიც.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება,  წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) კი საარჩევნო კოდექსის მიხედვით, კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე იწყება.
 
რისთვის ასანქცირებს ComCom-ი ტელემედიის ნაწილს - ვრცლად გაეცანით „მედიაჩეკერის“ მიერ მომზადებული მასალას. 
 
კატეგორია: საქართველო


როგორ უნდა გააშუქოს მედიამ ტრაგედია ისე, რომ ამბავიც სრულად მოყვეს და არც ეთიკური პრინციპები დაარღვიოს, ამაზე არაერთი სახელმძღვანელო წესი არსებობს. არაერთი მასალა დაწერილა იმაზეც, მათ შორის "მედიაჩეკერზეც",  როგორ არ უნდა მოიქცეს ჟურნალისტი ტრაგიკული ამბების გაშუქებისას.

თუმცა, საზოგადოებრივ ინტერესსა და ეთიკურ პრინციპებს შორის ბალანსი ქართულმა მედიამ ვერ დაიცვა ზუგდიდში, ერთ-ერთ კორპუსში გვიან ღამით გაჩენილი ხანძარის შედეგად ბავშვების დაღუპვის ამბის გაშუქების დროსაც. 

ამბავი მოკლედ: ოჯახი, რომლის ორი წევრიც - ექვსი წლის ტყუპები ხანძარს ემსხვერპლა, სოციალურად დაუცველი აღმოჩნდა. დაღუპულები და-ძმასა და დედასთან ერთად დაქირავებულ ბინაში ცხოვრობდნენ. მეზობლების თქმით, 5-წევრიან ოჯახს დავალიანების გამო ელექტროენერგია გათიშული ჰქონდა და, სავარაუდოდ, სანთლის გამოყენების მიზეზით გაჩენილი ხანძრის დროს ბავშვები სახლში მარტო იმყოფებოდნენ. უფროსმა და-ძმამ ბინიდან დროულად გამოსვლა შეძლო, ადგილზე მისულ მაშველებს კი ტყუპები გარდაცვლილები დახვდათ. მეზობლების თქმითვე, რადგან დედას ოჯახის სარჩენად ფიზიკური შრომა უწევდა, ბავშვები მარტო ხშირად რჩებოდნენ. მომხდარს განცხადებით გამოეხმაურა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოც. 

ზუგდიდში, ბუკიას ქუჩაზე, მრავალსართულიან კორპუსში ხანძარი 12 აგვისტოს, ღამით გაჩნდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია. 
 
როგორ წესი, მედია მაყურებელსა თუ მკითხველს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ასე შეიძლება არ მოხდეს მაშინაც კი, როდესაც საქმე არასრულწლოვნების გარდაცვალებას ეხება. 

"მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით, საერთო მაუწყებელი ვალდებულია, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები საუკეთესო დროს განათავსოს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ აუდიტორიის დროული ინფორმირება უზრუნველყოს. კანონი საუკეთესო დროდ 19.00 სთ-დან 24.00 სთ-მდე პერიოდს განსაზღვრავს - "როდესაც შესაძლებელია მაუწყებლის პროგრამებს უყუროს ან უსმინოს მისი მომსახურების ზონის აუდიტორიის პიკურმა რაოდენობამ".

ზუგდიდში მომხდარი ტრაგედიას ტელეკომპანია "იმედმა" 13 აგვისტოს მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში, რომელიც 20:00 საათზე იწყება, დრო საერთოდ არ დაუთმო. სამაგიეროდ, ამავე "ქრონიკის" ეთერში მოხვდა, საბერძნეთში ტყის ხანძრებს მსხვერპლი რომ მოჰყვა. ხანძრის შედეგად არასრულწლოვნების გარდაცვალების ამბავი ვერ მოხვდა ტელეკომპანია POSTV-ის მთავარ, 19:00-საათიან საინფორმაციო გამოშვებაშიც.  
 
სამაგიეროდ, POSTV-ის ვებგვერდზე იძებნება 2 ამბავი: "ნინო ფოჩხუა ზუგდიდში მომხდარი ტრაგედიის შესახებ რადიკალების გამოხმაურებებზე: “სახელმწიფოსგან ყოველ თვე 1500 ლარს და თითო ბავშვზე ცალკე დახმარებას იღებდნენ. ადამიანმა არ უნდა იკადრო ყველაფერი, მაგრამ გვარამიას, მაქარაშვილს და მათ კლასტერს ადამიანობის არაფერი სცხიათ და "ნინო კვარაცხელია ზუგდიდის ტრაგედიის შესახებ: “მარტივია დააბრალო მთავრობას, უბრალოდ, რომ ირაზმებით, ათას სისაძაგლეს იგონებთ, ან ღმერთის არ გეშინიათ, ან საკუთარ სინდისთან ღამე მარტო დარჩენის? გლოვაც რომ არ შეგიძლიათ, რამე წმინდა დარჩა თქვენთვის?” 

 
"სამოქალაქო აქტივისტის", ნინო კვარაცხელიას ფეისბუკ პოსტი გამოქვეყნებულია ტელეკომპანია "იმედის" ვებგვერდზეც. როგორც "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" წერს, პროსახელისუფლებო ექსპერტის, ნინო ფოჩხუას პოსტი პროსახელისუფლებო მედიებიდან „იმედმაც“ გაავრცელა, თუმცა, მოგვიანებით ეს სიახლე წაიშალა და ის ვებგვერდზე აღარ იძებნება. 
 
აღსანიშნავია, რომ ფოჩხუასა და კვარაცხელიას ფეისბუკ პოსტები ზუგდიდში ხანძრის დროს გარდაცვლილი ტყუპების დედის დისკრედიტაციის კამპანიის ნაწილად იქცა. 
 
ზუგდიდში, ბუკიას ქუჩაზე, მრავალსართულიანი კორპუსის მეექვსე სართულზე ხანძარი 12 აგვისტოს, გვიან ღამით გაჩნდა. ადგილზე მისული ჟურნალისტები მომხდარში გარკვევას იქ მყოფი ადამიანებისგან, მეზობლებისგან ცდილობდნენ და ყველა საჭირო და არასაჭირო, ინფორმაციული ღირებულების მქონე თუ ცნობისმოყვარეობის დამაკმაყოფილებელ კითხვას სვამდნენ. 
 
"როდესაც საქმის გარემოებები  რთულია, საჯარო ინტერესი კი მაღალი, ამბის მეორეხარისხოვანი დეტალების გაშუქების ვნება ქმნის რეალურ საფრთხეს  შეიქმნას ბრალდებულების და მათი ახლობლების  "დევნის" პრეცენდენტი, რისი თავიდან აცილებაც შეიძლება მხოლოდ ძირითადი, განსაკუთრებით  მნიშვნელოვანი, გადამოწმებული ფაქტების გაშუქებით, რაც ამცირებს  სპეკულაციებისა და საზოგადოებაში  მცდარი შეხედულებების შექმნის საშიშროებას", - ვკითხულობთ "საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" მიერ მომზადებულ კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელოში.  

"როდესაც ფაქტი ახალი მომხდარია, ემოციური ფონი გამძაფრებულია და ხშირად ჟურნალისტები მისი ზეგავლენის ქვეშ ექცვიან. ჟურნალისტი უნდა შეეცადოს, შეინარჩუნოს ნეიტრალურ ტონი და არ მოექცეს ამბის მონაწილეთა ემოციური გავლენის ქვეშ".

Palitravideo.ge-იმ გაავრცელა ვიდეო - "რას ამბობს ზუგდიდში ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების დედა?", რომელშიც ისმის ჟურნალისტების კითხვა - "სად მუშაობ?" და მძიმე ემოციურ მდგომარეობაში მყოფი დედის ფიცი, რომ თხილზე სამუშაოდ იყო წასული. ამავე მედიასაშუალების მეორე მასალაში -"მამობას ვუწევდი" - რას ამბობს კაცი, ვისთან ერთადაც ტყუპი ბავშვი ხანძრის გაჩენამდე ცხოვრობდა", კი ვხედავთ, რომ ტელეკომპანია "მთავარი არხისა" და "ფორმულას" ჟურნალისტები ტრაგედიის ადგილზე მისულ მამაკაცს უკან მიჰყვებიან და ეკითხებიან: "სად მუშაობდით შუაღამე? გვითხარით, სად მუშაობდით?", "არასრულწლოვანი ბავშვები როგორ დატოვე", "თქვენ მამობილი ხართ თუ მამა ხართ ამ ბავშვის". 
 
"მაუწყებელმა არ უნდა გადაიღოს ან გაავრცელოს მასალა, რომელშიც ასახულია უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულები ან პიროვნება პირადი ტრაგედიის ან მწუხარების დროს, მათ შორის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ან დაკრძალვაზე, როდესაც ეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ხელყოფს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მიღებულია პირის თანხმობა. პირის გარდაცვალების შემთხვევაში, გადაღებასა და მასალის გავრცელებაზე საჭიროა ოჯახის წევრების თანხმობა", - ვკითხულობთ "მაუწყებელთა ქცევის კოდექსში". 

„დაუშვებელია მაუწყებლის მიერ გასაჭირში მყოფი ადამიანების მიმართ ზეწოლის განორციელება იმისათვის, რომ მათ პროგრამაში მიიღონ მონაწილეობა ან დათანხმდნენ ინტერვიუზე."

მწუხარებისა და ტრაგიკული მოვლენების გაშუქებას ცალკე ქვეთავი ეთმობა  "საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსშიც", სადაც ვკითხულობთ, რომ "ჟურნალისტმა უნდა დაიცვას ბალანსი მწუხარებისა და ტრაგიკული მოვლენებისადმი საზოგადოებრივ ინტერესსა და პიროვნების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას შორის".
 
აღსანიშნავია, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" 13 აგვისტოს მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ზუგდიდში მომხდარ ტრაგედიას 70 წამი 21:34 წუთზე დაეთმო და მასალაში (გადაფარვა) აქცენტი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე იყო.
 
გარდაცვლილების დედის ფიცისა და კადრების ჩვენებით დაიწყო ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გასული სიუჟეტი - "ხანძარი ზუგდიდში". 
 
მომხდარის კიდევ უფრო დრამატიზებას შეეცადა ტელეკომპანია "მთავარი არხი", რომლის მთავარი საინფორმაციო გამოშვებაც 13 აგვისტოს სწორედ ამ ამბის გაშუქებით დაიწყო: "უმძიმესი ტრაგედია ზუგდიდში, რომელიც თვითმხილველების თვალწინ განვითარდა", "შემზარავი ტრაგედია", "საზარელი სურათი".
 
"კორპუსში, მე-6 სართულზე, ცეცხლმოკიდებული სახლის აივნიდან სახლში მარტოდ დარჩენილი ბავშვები დახმარებას ითხოვდნენ, მათი გადარჩენა ვერავინ შეძლო", - ჟურნალისტის ამ ფრაზას თან გარდაცვლილი ტყუპების ფოტოც ახლავს. 
 
ტელეკომპანია "მთავარი არხის" მსგავსად სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხზე გააკეთა აქცენტი ტელეკომპანია "ფორმულამაც", რომლის მთავარი საინფორმაციო გამოშვებაც ამ თემის გაშუქებით დაიწყო, სიუჟეტი "ტრაგედია ზუგდიდში და პასუხისგაუცემელი შეკითხვები" კი - გარდაცვლილი არასრულწლოვანი ძმების ფოტოების, სახელებისა და გვარის დასახელებით. მასალაში ვხვდებით ტყუპების ვიდეოსაც. 
 
როგორც "საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" მიერ მედიისთვის შექმნილ ეთიკურად გაშუქების სახელმძღვანელოში ვკითხულობთ, მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მცხოვრები ბავშვების დახმარების ერთადერთი გზა ხშირ შემთხვევაში მედიაა. ამ თემაზე მასალის მომზადებისას კი:
  • ეცადეთ ჟურნალისტური მასალის მთავარი მიზანი სისტემური პრობლემის მხილება იყოს - რატომ არის საჭირო საზოგადოების დახმარება ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად და რატომ ვერ უზრუნველყოფს მის მკურნალობას სახელმწიფო. გახსოვდეთ, რომ მასალის გმირი ბავშვის გარდა იმავე მდგომარეობაში კიდევ არაერთი ადამიანია და მათ თქვენთან დაკავშირება ვერ მოახერხეს.
  • მნიშვნელოვანია, ბავშვთა სიღარიბე და სოციალური პრობლემები გააშუქოთ თანმიმდევრობით. კონკრეტული ისტორიები გამოიყენეთ ზოგადი, სისტემური პრობლემის წარმოსაჩენად.
 
კატეგორია: საქართველო


აზერბაიჯანელი ჟურნალისტისთვის საექსტრადიციო პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება აფგან სადიგოვის ადვოკატმა დღეს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ამის შესახებ ინფორმაცია „მედიაჩეკერს“ დიმიტრი ნოზაძემ მიაწოდა. სააპელაციომ საჩივარი 5 დღის განმავლობაში უნდა განიხილოს.

თბილისში დაკავებულ სადიგოვს საქალაქო სასამართლომ 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა 4 აგვისტოს შეუფარდა. ჟურნალისტი წინა დღეს, შემდგომი ექსტრადირების მიზნით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმადააკავა.3 აგვისტოს შსს-ში განაცხადეს, რომ სადიგოვი აზერბაიჯანის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულისთვის იძებნებოდა.


სადიგოვის ქართული საქმე

დიმიტრი ნოზაძემ აფგან სადიგოვის საქმეზე „მედიაჩეკერთან“ საუბრისას ყურადღება იმ მნიშვნელოვან დეტალებზე გაამახვილა, რაც სასამართლომ, ამ შემთხვევაში, არ გაითვალისწინა. როგორც მან აღნიშნა, აფგან სადიგოვი თბილისში 2023 წლის დეკემბრიდან იმყოფება, ხოლო მის წინააღმდეგ საქმე აზერბაიჯანში 2024 წლის 9 მაისს აღიძრა, ქვეყნის დატოვებიდან რამდენიმე თვის შემდეგ.

ნოზაძის განცხადებით, აზერბაიჯანის სასამართლომ სადიგოვის პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილება მეორე დღესვე მიიღო, 11 მაისს კი უკვე ძებნილად გამოაცხადა. ადვოკატის თქმით, საერთაშორისო თანამშრომლობიდან გამომდინარე,  აღნიშნული ინფორმაცია ქართველ სამართალდამცველებსა და საქართველოს პროკურატურას უკვე ჰქონდა. „16 ივლისს აქვთ უკვე ყველანაირი ინფორმაცია, რომ პირი არის იქ ძებნილი და არის თხოვნა აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, რომ პირი დააკავონ საექსტარდიციო პატიმრობისათვის“.

როგორც დიმიტრი ნოზაძე განმარტავს, შუამდგომლობაში დაკავების საფუძვლად მითითებულია, რომ სადიგოვი გამოძიებას თავს არიდებდა, რის შესახებაც  ის ინფორმირებული არ იყო. 

„ამ ადამიანისთვის არც აეროპორტში განუმარტიათ, არც ჩვენი პროკურატურა დაკავშირებია, არც შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავშირებია, არც აზერბაიჯანულ მხარეს უზრუნია, მით უმეტეს, იცოდა სად იმყოფებოდა, საზღვრის კვეთა იყო გადამოწმებული… მე თუ არ ვიცი, თავისთავად, თავის არიდებაც გამორიცხულია“.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის წინააღმდეგ მაისში აღძრული საქმის მიუხედავად, სადიგოვის ოჯახს აზერბაიჯანული მხარის მიერ ივნისის თვეში გაცემული დოკუმენტი აქვს, რომლის თანახმადაც, მის წინააღმდეგ საქმე აღძრული არ არის.

„ოჯახს აქვს ეს დოკუმენტი და ველოდებით, რომ ითარგმნოს. ესაა ივნისის თვეში აღებული, რომ მის წინააღმდეგ საქმე აღძრული არაა. თვითონ აზერბაიჯანის მიერ არის ეს დოკუმენტი გაცემული, თუმცა, 9 მაისს საქმეა აღძრული. თუ 9 მაისს საქმეა აღძრული, ივნისის თვეში ესეთი დოკუმენტი როგორაა გაცემული?“

დიმიტრი ნოზაძის განცხადებით, სასამართლომ ეს არგუმენტები არ გაითვალისწინა და სადიგოვს საექსტრადიციო პატიმრობა მაინც შეუფარდა. ამასთან, მისთვის უცნობია, რეალურად რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით აღიძრა საქმე. აღნიშნული ინფორმაცია ადვოკატისთვის არც პროკურატურას გადაუცია და არც სასამართლოში ყოფილა წარდგენილი. 

„რადგან უკვე საექსტრადიციო წარმოება დაწყებულია, აზერბაიჯანულ მხარეს ვალდებულება ექმნება სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მიაწოდის მის ხელთ არსებული ყველა დოკუმენტაცია [ქართულ მხარეს]. აზერბაიჯანულ ენაზეა და რა თქმა უნდა, ისიც უნდა ითარგმნოს, რა მტკიცებულებებია იქ, რეალურად რა არის, როგორ არის, რომ ამის შემდგომ უნდა მოხდეს დაწყება, იუსტიციის სამინიტრო და პროკურატურა საექსტრადიციო საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართავს. ჯერ დასაშვებობა უნდა გადაწყდეს, ამის გასაჩივრებაც შეგვიძლია და მერე უკვე სასამართლომ უნდა იმსჯელოს საექსტრადიციო წარმოების დაწყებასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით ჩვენც მოლოდინის რეჟიმში ვართ“.

აღსანიშნავია ისიც, რომ აფგან სადიგოვმა მესამე ქვეყნიდან თავშესაფარი ნორვეგიის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის საელჩოებს სთხოვა.

„მივამართინეთ საერთაშორისო თავშესაფრის მოთხოვნით. ამ შემთხვევაში, ესეც საფუძველია იმის, რომ სანამ გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, საექსტრადიციო წარმოება შეჩერდეს, თუმცა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს მხარე ამასთან დაკავშირებით, ამაზე მიჭირს პასუხი“.

სადიგოვის ოჯახი აფგანის დაკავებას ილჰამ ალიევის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნას უკავშირებს. როგორც მისი მეუღლე, ჟურნალისტი სევინჩ სადიგოვა „მედიაჩეკრთან“ საუბრისას აღნიშნავს, ამ საქმეში აზერბაიჯანის ხელისუფლებისა და ილჰამ ალიევის ხელი ურევია. 

სადიგოვას თქმით, მაშინაც კი, როცა ჟურნალისტი ოჯახთან ერთად თბილისის აეროპორტიდან თურქეთში არ გაუშვეს, მათთვის არავის განუმარტავს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის წინააღმდეგ საქმე აღძრული იყო. ისინი სვამდნენ კითხვებს ქვეყნიდან არ გაშვების მიზეზებზე, მაგრამ ეუბნებოდნენ, რომ არ იცოდნენ, თუ რა პრობლემა იყო.

„რა და როგორ იქნება ამ ეტაპზე, არაფერი არ ვიცი. ძალიან მინდა, რომ აქ სამართლიანი სასამართლო შედგეს და აფგანი გაუშვან. იმედი მაქვს, რომ სამართალს ვიპოვით და აფგანს აზერბაიჯანულ მხარეს არ გადასცემენ“.


სადიგოვის პატიმრობის საქმეები აზერბაიჯანში

აფგან სადიგოვი, მისი პროფესიული საქმიანობის გამო, აზერბაიჯანში დაპატიმრებული 2-ჯერ იყო. [პირველად 23.11.2016-დან 25.05.2018-მდე პერიოდში, მეორედ კი - 13.05.2020-დან 28.05.22-მდე]

„ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის“ მიერ გავრცელებულიინფორმაციით, რომელიც სადიგოვის მეორედ დაკავებას ეხება, 2020 წლის გაზაფხულზე ის სახლიდან სასურსათო მაღაზიაში გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. რამდენიმე საათის შემდეგ, მის სახლში პოლიციელები მივიდნენ და ცოლს შეატყობინეს, რომ აფგან სადიგოვი დაკავებული იყო. ერთი დღის შემდეგ, სადიგოვს ბრალი გამოძალვის მუხლით წაუყენეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამოძიება ამბობდა, რომ ის ერთ-ერთ მაღალჩინოსანს ჰპირდებოდა, რომ ფულის სანაცვლოდ მის შესახებ კრიტიკულ სტატიას არ გამოაქვეყნებდა.

აფგან სადიგოვის ადვოკატი მაშინ ამბობდა, რომ ჟურნალისტი უდანაშაულო იყო და ის ხელისუფლებამ შურისძიების მიზნით, მას შემდეგ დააკავა, რაც აფგანმა გამოაქვეყნა სტატია პოლიციელების მიერ სექსუალური ძალადობის ფაქტებსა და ძალადობის მსხვერპლთა დაშინებაზე.

2020 წლის ნოემბერში ჟურნალისტს  სასამართლომ შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2021 წელს მას პატიმრობის ვადა უზენაესმა სასამართლომ 4 წლამდე შეუმცირა და თითქმის, ორწლიანი პატიმრობის შემდეგ ის ამნისტიის საფუძველზე გაათავისუფლეს.

მანამდე კი, 2016 წელს აფგან სადიგოვი დამნაშავედ სისხლის სამართლის საქმეზე ცნეს.

გარდა ამისა, როგორც სევინჩ სადიგოვას მიერ „მედიაჩეკერისთვის“ გამოგზავნილი მეუღლის ჩანაწერიდან ირკვევა, აფგანი 3-ჯერ ჰყავდათ დაკავებული ადმინისტრაციული წესითაც. [07.07.2018-ში - 30 დღით; 27.11.2018-ში - 30 დღით და 03.01.2019-ში - 22 დღით] სადიგოვამ რედაქციას მეუღლის ის კომენტარიც მიაწოდა, რომელიც მან ერთ-ერთ მედიასთან თბილისში დაკავებამდე გააკეთა და მის დევნას ეხება. 

„2018 წლის 7 ივლისს მე გამიტაცეს პოლიციის თანამშრომლებმა. ერთ-ერთი განყოფილების სარდაფში მომათავსეს და ფიზიკურად მისწორდებოდნენ. ჩემი გამოძიების ფარგლებში, მე აღმოვაჩინე სახელმწიფო უშიშროების ხელმძღვანელის დაახლოებით 10 მილიარდის ღირებულების აქტივები. მე განვაცხადე, რომ ილჰამ ალიევი დიქტატორია და სახელმწიფო ბიუჯეტის ძარცვაში ფაქტებით დავადანაშაულე.

ილჰამ ალიევი ხალხს ემუქრება, აშანტაჟებს და შიშში ამყოფებს. ის ყველაზე დაუნდობელი ხერხებით ცდილობს დამოუკიდებელი მედიის გაჩუმებას. ახლა აზერბაიჯანში 300-ზე მეტი პოლიტპატიმარია. 

ჩემი მეორე პატიმროების პერიოდში, პროტესტის ნიშნად 242 დღე ვიშიმშილე, რის შედეგადაც მთელი სხეული დამიავადდა. ტუბერკულოზი დამემართა, რის შედეგადაც 2022 წელს სახლში გამომიშვეს.

საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, ჩამოვედი საქართველოში, ჩავიტარე კვლევები და ვმკურნალობდი. ჩემზე და ჩემს ოჯახზე დაიწყო სეროზული ზეწოლა და მუქარა. ჩემი მცირეწლოვანი შვილების მოკვლითაც კი გვემუქრებოდნენ.

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ განსაკუთრებული ზეწოლა გასულ წელს წამოიწყო, რის გამოც, ჩემი ოჯახი, ამ ანგარიშწორების თავიდან ასაცილებლად, საქართველოში წამოვიყვანე. 

ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის გამო, ჩემი ოჯახი ყოველთვის ღელავდა. ჩემს ოჯახს ურეკავდნენ, ემუქრებოდნენ და ეუბნებოდნენ, წამეშალა ჩანაწერები.

ივნისში ოჯახი საქართველოში ჩამოვიყვანე. მას შემდეგ, რაც დავინახე, რომ საქართველოშიც საშიში იყო, გადავწყვიტე ბოსნიაში წავსულიყავით. პოლიციამ თბილისის აეროპორტში გამაჩერა და ასე მითხრა, საქართველოდან გასვლის უფლება არ გაქვსო. შეგიძლიათ მხოლოდ აზერბაიჯანში დაბრუნდეთო“.


გამოხმაურებები აფგან სადიგოვის საქმეზე

აფგან სადიგოვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეფერხებასგამოეხმაურა აფგან მუხთარლი. მუხთარლი ის აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტია, რომელიც ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობდა, 2017 წელს კი უცნობმა პირებმა თბილისიდან გაიტაცეს და აზერბაიჯანში გადაიყვანეს, სადაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებით სასჯელს ციხეში იხდიდა. მას აზერბაიჯანის სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

2020 წლის მარტში აფგან მუხთარლი აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გაათავისუფლა და სპეციალური ავიარეისით გაამგზავრა გერმანიაში, სადაც 2019 წლიდან მისი ცოლ-შვილი ცხოვრობდნენ. გერმანიამ მუხთარლის ოჯახს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.

„საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, რომ ალიევის ხელისუფლებას ჟურნალისტის დაკავება სურს. ამ ეტაპზე ისინი ცდილობენ აიძულონ სადიგოვი დაბრუნდეს ბაქოში, სადაც დააკავებენ. თუ ის არ დაბრუნდება, დიდი ალბათობით, ივანიშვილის ხელისუფლება მას ნებისმიერი გზით გადასცემს ბაქოს. ივანიშვილი მთავარი ფიგურაა, განსაკუთრებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის.  მზად არიან ფულზე მთელი საქართველო გაყიდონ, ამის დავიწყება არ შეიძლება.  2020 წელს თბილისში ბლოგერი ჰუსეინ ბაკიხანოვი მოკლეს და მათ დანაშაული დაფარეს.

მოვუწოდებ აზერბაიჯანელ უფლებადამცველებს, დაინტერესდნენ აფგანის საქმით. იმასაც ვიტყვი, რომ ბოლო 1 წელიწადში საქართველოს მთავრობამ თბილისიდან 2 რუსი აქტივისტი გაიტაცა და რუსეთს გადასცა. ორივე აქტივისტი აწამეს და ამჟამად ციხეში არიან. ბოლო თვეების განმავლობაში აფგანს და მის მეუღლეს შსს მუდმივად ემუქრება“.

მუხთარლი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ამ პოსტში იმ ოპოზიციურად განწყობილ აზერბაიჯანელ აქტივისტს, ჰუსეინ ბაკიხანოვს ახსენებს, რომელიც თბილისში, 2021 წლის 14 ივლისს დაიღუპა. ბლოგერის გარდაცვალების საქმეზე მაშინ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, აფგან სადიგოვის დაკავება საგანგაშო შემთხვევაა. მისი თქმით, საქართველო ვალდებულია საერთაშორისო სტანდარტები დაიცვას და თბილისში დაკავებული ჟურნალისტი აზერბაიჯანულ მხარეს არ გადაეცეს.

„ასეთ დროს საქართველოს, როგორც ქვეყანას, რომელიც ხელმომწერია საერთაშორისო ხელშეკრულებების და იმ პასუხისმგებლობას იღებს, რომ პირი, რომელიც შეიძლება დაექვემდებაროს იმ ქვეყანაში, რომელიც მის ექსტრადირებს ითხოვს, არასათანადო მოპყრობას, ან თუ არის იმის რისკი, რომ ეს ადამიანი იდევნება იმ ქვეყანაში მისი შეხედულებების, პოლიტიკური საქმიანობის ან სხვა ტიპის საქმიანობის გამო, ან თუ არის იმის შესაძლებლობა, რომ პირი, რომელიც გადაეცემა ვთქვათ აზერბაიჯანს, იქ ვერ ისარგებლებს სამართლიანი სასამართლოს უფლებით, არ შეიძლება ქვეყანამ პირი იმ ქვეყანას გადასცეს, რომელიც მის ექსტრადირებას ითხოვს“.





„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლია ჩახუნაშვილის შეფასებით კი, დიდი სირცხვილი იქნება საქართველოსთვის და დიდი უსამართლობა, თუ ჩვენი ხელისუფლება აზერბაიჯანს გადასცემს დევნილ გამომძიებელ ჟურნალისტს, რომელმაც თავი საქართველოს იმ იმედით შეაფარა, რომ აქ თავისუფლად და უსაფრთხოდ შეძლებდა პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას.

ჩახუნაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება არ უნდა დაეხმაროს აზერბაიჯანის ხელისუფლებას კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტის სამაგალითოდ დასჯაში პროფესიული საქმიანობის გამო.

„აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში, სავარაუდოდ, ვერ ისარგებლებს სამართლიანი სასამართლოს უფლებით. ის იქ შეიძლება გახდეს არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლი. საქართველოს ხელისუფლებამ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს საექსტრადიციო პატიმრობიდან და მისცეს მას მესამე ქვეყანაში გამგზავრების საშუალება. ამას ითხოვს საქართველოში ჟურნალისტური თემი, რომელიც სოლიდარობას გამოხატავს დაკავებული ჟურნალისტის მიმართ და საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო სამართლის პრინციპების თანახმად მოქმედებისა და როგორც ქართველი, ისე უცხოელი ჟურნალისტების უფლებების დაცვისაკენ მოუწოდებს“.

აფგან სადიგოვის მხარდასაჭერად მისი დაკავების დღეს შსს-ის შენობასთან შეიკრიბნენ ქართველი ჟურნალისტები. ანა გვარიშვილი კი ერთ-ერთი მათგანი იყო:

„იმ ფონის გათვალისწინებით, რაც აქვთ აზერბაიჯანში ჟურნალისტებს და რა რეპრესიებიც არის მათ მიმართ, თავად სადიგოვისა და მისი ცოლის მიმართ წარსულში გამოყენებული არაერთი დასჯის მეთოდი, მათ შორის პატიმრობა, თითქმის, ასპროცენტიან მტკიცებულებას გვაძლევს, რომ მას ალიევის რეჟიმი სდევნის სიმართლის თქმისთვის და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფო, საქართველო ავტორიტარულ რეჟიმს ამაში ეხმარება. 

სწორედ ამიტომ, სადიგოვს ისევე, როგორც მის ცოლს, რომელიც ასევე ჟურნალისტია და მათ ორ მცირეწლოვან შვილს ვუცხადებ სრულ სოლიდარობასა და მხარდაჭერას. მოვუწოდებ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, დაგვეხმარონ ჟურნალისტებს, რომ ამ საქმეს მეტი რეზონანსი ჰქონდეს, ვიდრე ახლა აქვს. ყველა ასე გაწირული ერთი ჟურნალისტი საბოლოოდ, მთლიანად მედიაზე დარტყმაა და რუსული კანონის ამოქმედების პირობებში, უკვე ისედაც ძალიან მოწყვლადები ვართ“.

აფგან სადიგოვის დაკავებას არაერთი ქართული და საერთაშორისო ორგანიზაცია გამოეხმაურა. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა Amnesty International-მა და „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა“. ამ მოთხოვნას შეუერთდნენ „ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია“ (EFJ)  და მისი წარმომადგენლობა საქართველოში (IAGJ).

სადიგოვის საქმეს გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, რომლის კომენტარიც ჟურნალისტმა, ალექს რაუფოღლუმ გაავრცელა.

„ღრმად შეშფოთებულნი ვართ თბილისში აფგან სადიგოვის დაკავების ცნობებით. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს ადამიანის უფლებებს და ფუნდამენტურ თავისუფლებებს და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს სადიგოვი“, – ციტირებს რაუფოღლუ სახდეპის წარმომადგენელს.

თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მოსანახულებლად იმყოფებიან სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები. ვიზიტის შესახებ დეტალები ჯერ უცნობია.

 

 

კატეგორია: საქართველო

გუშინ, 5 აგვისტოს, 21:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტის პრესკონფერენცია გაიმართა, რომელიც დაახლოებით 2 საათი გაგრძელდა. სალომე ზურაბიშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრას რამდენიმე ტელევიზია არ დაესწრო. 
 
კითხვა-პასუხის დაწყებამდე, პრეზიდენტმა ყურადღება "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" გაამახვილა და თქვა, რომ არხისგან უარი მესამედ მიიღეს. 
 
„სამწუხარო არის ის, რაც ხდება ამ ქვეყანაში მედიის კუთხით. არ ვიტყვი იმას, რომ ორი არხი აქ არ ესწრება, ეს მათი გადაწყვეტილება არის. ყველა იყო, აბსოლუტურად ყველა დაპატიჟებული რეგიონებიდან, როგორც თბილისიდან…
[საზოგადოებრივი მაუწყებელი] რომელიც მესამეჯერ მოვიწვიეთ სხვადასხვა ფორმატში. ერთხელ გვიპასუხეს, რომ არ შეიძლებოდა მათი მონაწილეობა, თუ არ იქნებოდა ეს ყველასთვის ღია ფორმატი. მეორეჯერ – ცალკე ინტერვიუ და მესამეჯერ - დღეს, რომელიც არის ნამდვილად საყოველთაო ფორმატი. სამივეჯერ უარი მივიღეთ. მემგონი ეს არის დაღვევა მათი ქარტიის… 
ძალიან მნიშვნელოვანი არის, ქვეყანაში რა ხდება მედიასივრცეში ჩვენი მომავლისთვის და ჩვენი უფლებების დაცვისთვის". 
 
 
 
 
სალომე ზურაბიშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ქარტიაში, სავარაუდოდ, ტელევიზიის ქცევის კოდექსი იგულისხმა, რომელიც მაუწყებლის პროგრამებისთვის პროფესიულ სტანდარტებსა და ეთიკის პრინციპებს განსაზღვრავს. 

აღსანიშნავია, რომ მიუკერძოებლობა და სარედაქციო დამოუკიდებლობა "საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსის" პირველივე გვერდზეა განმარტებული.
 
მიუკერძოებლობა - ვიყოთ მიუკერძოებლები. შევისწავლოთ და სამართლიანად ავსახოთ განსხვავებული პოზიციები საკამათო საკითხის შესახებ. დავიცვათ ბალანსი და არ გამოვხატოთ არც ერთი პოზიციის მხარდაჭერა. უყურადღებოდ არ დავტოვოთ არც ერთი საგულისხმო და ღირებული აზრი. 
სარედაქციო დამოუკიდებლობა - დავიცვათ სარედაქციო დამოუკიდებლობა და მივიღოთ პოლიტიკური, კომერციული თუ სხვა ინტერესებისგან თავისუფალი გადაწყვეტილებები. ჩვენი ქმედებით არ შევლახოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა. 
 
 
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ: "რადიო და ტელეპროგრამების შემქმნელებმა არ უნდა უგულებელყონ ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელსაც პირადად არ ეთანხმებიან". ტელევიზიის შინაარსობრივი ვალდებულებები განსაზღვრულია "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონითაც. 

„საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ვალდებულია, უზრუნველყოს პროგრამების სარედაქციო დამოუკიდებლობა, სამართლიანობა, მიუკერძოებლობა და მათ შორის, სახელისუფლებო და პოლიტიკური გავლენისაგან თავისუფლება.

კანონში წერია ისიც, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებელი, მისი თანამდებობის პირი და თანამშრომელი საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისას დამოუკიდებელნი არიან და ემორჩილებიან მხოლოდ კანონს. მათ საქმიანობაზე უკანონო ზემოქმედება და ამ საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია, ხოლო ამგვარი ზემოქმედებისა და ჩარევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება – ბათილი".

აღსანიშნავია, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გუშინდელ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში, რომელიც 21:00 საათზე იწყება, პრეზიდენტის პრესკონფერენციას დაახლოებით 3 წუთი დაეთმო. "მოამბის" წამყვანის, ნიკა მუკბანიანის თქმით, სალომე ზურაბიშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრა 1 საათის დაგვიანებით დაიწყო. მასალაში კი მხოლოდ "აჭარის ტელევიზიის" წამყვანის, ვახო ხუზმიაშვილის კითხვა და ზურაბიშვილის პასუხი მოხვდა. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციას 50-მდე ჟურნალისტი დაესწრო. რატომ არ იყო მათ შორის "საზოგადოებრივი მაუწყებელი" - ამის გარკვევა "მედიაჩეკერმა" ტელევიზიის რამდენიმე წარმომადგენელთან უშედეგოდ სცადა. 
 
სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე უარი თქვა ტელეკომპანია "იმედმა" და POSTV-იმ. რედაქციამ პასუხის მიღება სცადა ამ ტელევიზიებისგანაც. აღსანიშნავია, რომ გუშინ, პრეზიდენტის პრესკონფერენციის დაწყების დროს ორივე არხის ეთერში სერიალი გადიოდა. 
 
სამივე ტელეკომპანიისგან პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა შესაბამისად განახლდება. 
 
კატეგორია: საქართველო


„სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2024 წლის მეორე კვარტალში ფეისბუქსა და ინსტაგრამზე ქართული აუდიტორიისთვის 358 035 აშშ დოლარის ღირებულების პოლიტიკური და სოციალური რეკლამა განთავსდა, საიდანაც 75 023 აშშ დოლარი მედიასაშუალებებმა დახარჯეს.



„საერთო ჯამში, გაორმაგდა მედიასაშუალებების მიერ „მეტას“ რეკლამებისთვის გადახდილი თანხის ოდენობა. თუმცა, პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებმა რეკლამებში 6.7-ჯერ მეტი თანხა დახარჯეს, ვიდრე ერთად აღებულმა ყველა სხვა ქართულმა მედიასაშუალებამ,“ - აღნიშნულია ISFED-ის ანგარიშში.

ქართული მედიასაშუალებებიდან კი სარეკლამო დანახარჯებით POSTV,  „ტვ იმედი“ და „ნიუსჰაბი (pia.ge)“ ლიდერობს.

POSTV -იმ Facebook და Instagram რეკლამებისთვის 29 846 აშშ დოლარი დახარჯა, „ტვ იმედმა” - 21 975 აშშ დოლარი, „ნიუსჰაბმა“ კი 9 760 აშშ დოლარის ღირებულების რეკლამები განათავსა. აღნიშნავია, რომ სოციალურ ქსელებში რეკლამისთვის ტელეკომპანია „იმედმა“ 1 აპრილიდან 29 ივნისის ჩათვლით პერიოდში წინა კვარტალთან (1 იანვარი - 30 მარტი) შედარებით - დაახლოებით 3-ჯერ მეტი თანხა, „ნიუსჰაბმა“ კი 8 149 დოლარით მეტი დახარჯა. 


„საანგარიშო პერიოდში ქართული მედისაშუალებების ფეისბუქისა და ინსტაგრამის რეკლამებს შორის ძირითადი დანახარჯი პროსახელისუფლებო მედიებზე - „პოს ტვ“-ზე, „იმედსა“ და „ნიუსჰაბზე“ (ყოფილი Pia.ge) მოდის…ამასთან ერთად, „პოს ტვ“-მ და „იმედმა“ აპრილ-ივნისში „მეტას“ პლატფორმების რეკლამებზე 2-3-ჯერ მეტი თანხა დახარჯეს, ვიდრე წლის პირველ კვარტალში. „ნიუსჰაბის“ ბოლო კვარტლის დანახარჯი კი წინას 6-ჯერ აღემატება,“ - წერს ISFED-ი.

ტელეკომპანია POSTV ლიდერობს სოციალურ ქსელებში ყველაზე მეტი პოლიტიკური/ სოციალური რეკლამის განთავსების მაჩვენებლითაც - 2 049.


“„მეტას“ პლატფორმებზე მონიტორინგის პერიოდში დასპონსორებულ პოსტებს ყველაზე აქტიურად პროსახელისუფლებო მედიასაშუალებები აქვეყნებდნენ, რაც მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ტენდენციის მსგავსია. ამ მხრივ, კვლავაც გამოირჩეოდა გვერდი „POSTV - ახალი ამბები“, რომელმაც მიმდინარე წლის აპრილი-ივნისის პერიოდში ფეისბუქსა და ინსტაგრამზე რეკორდულად მრავალრიცხოვანი, 1 298, რეკლამა გამოაქვეყნა. „პოს ტვ“-ის კიდევ ერთი ფეისბუქგვერდი - „POSTV - ანალიტიკა“, 751 რეკლამით, ყველაზე აქტიურად დამრეკლამებელ გვერდებს შორის რიგით მეორეა,“ - აღნიშნულია „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშში. 

როგორც ISFED-ის ანგარიშში ვკითხულობთ, ტელეკომპანია „პოს ტვ“-ის ერთ-ერთ ფეისბუქგვერდზე - „POSTV - ახალი ამბები“ რეკლამების უდიდესი ნაწილი ე.წ. ქარდების სახით განთავსდა, რომლებზეც დატანილი იყო საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი პოლიტიკური პარტიების - „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ წარმომადგენლების, აგრეთვე, პროსახელისუფლებო ექსპერტების მოსაზრებები სხვადასხვა საზოგადოებრივ საკითხთან დაკავშირებით. ასევე, დიდი ადგილი დაეთმო ე.წ. „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციების დისკრედიტაციას, მათ მიმართ ჰომოფობიური და შეურაცხმყოფელი შინაარსის განცხადებების გავრცელებას. 




რაც შეეხება ტელეკომპანია „პოს ტვ“-ის მეორე ფეისბუკ გვერდს - „POSTV - ანალიტიკა", რომელმაც საანგარიშო პერიოდში რეკლამებზე 17 790 აშშ დოლარი დახარჯა, ამ შემთხვევაშიც რეკლამების დიდი ნაწილი მიზნად ისახავდა მმართველი პარტიის მიერ ინიციირებული კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციების მონაწილეთა და ორგანიზატორთა დისკრედიტაციას. 

"ამასთან ერთად, გავრცელებული გზავნილები ხშირად უშუალოდ მედიასაშუალების სახელით ვრცელდებოდა. მათ შორის, სპონსორდებოდა კარიკატურები, ჰომოფობიური და სექსისტური შინაარსის პოსტები. ხშირი იყო მშვიდობიანი აქციების ძალადობრივად წარმოჩენის მცდელობაც. რეკლამების მნიშვნელოვანი ნაწილი შეიცავდა ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ღიად მადისკრედიტირებელ გზავნილებსაც".

„სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშის მიხედვით, „ქართული ოცნების“  ოფიციალურ გვერდზე განთავსდა პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, მიერ „კრისტის“ აუქციონზე შეძენილი იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის ეროვნული მუზეუმისთვის გადაცემის შესახებ რეკლამებიც. ამ თემას არაერთი რეკლამა დაეთმო სხვა გვერდებზეც.

„დასპონსორებულ პოსტებში ივანიშვილი დიდ მეცენატად მოიხსენიებოდა და/ან ხაზი ესმებოდა მის დამსახურებას ქვეყნისა და ერის წინაშე“.

როგორც ISFED-ი წერს, იმ გვერდებს შორის, რომლებმაც ამ თემაზე ფეისბუქზე ან/და ინსტაგრამზე რეკლამა განათავსეს, არიან პროსახელისუფლებო მედიასაშუალებების („იმედი“, „პოს ტვ“ და „ნიუსჰაბი“) ფეისბუქგვერდებიც არიან. 




რეკლამების რეგიონული განაწილება

ISFED-ის ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის აპრილი-ივნისის პერიოდში „მეტას“ პლატფორმებზე სარეკლამო დანახარჯების ნახევარზე მეტი კვლავ დედაქალაქ თბილისის აუდიტორიაზე მოდიოდა. მას იმერეთისა და აჭარის რეგიონები მოჰყვებიან, რომელთა წილი საანგარიშო პერიოდის მთლიან დანახარჯებში 10-11 პროცენტი იყო.

რას მიიჩნევს „მეტა“ პოლიტიკური და სოციალური საკითხების შესახებ რეკლამებად?

„მეტა“ პოლიტიკური და სოციალური საკითხების შესახებ რეკლამებად  მიიჩნევს ყველა იმ რეკლამას, რომელიც: 

  • ეხება ან ეკუთვნის პოლიტიკოსს, პოლიტიკურ პარტიას, კანდიდატს, პოლიტიკურ სამოქმედო კომიტეტს ან მიზნად ისახავს არჩევნების შედეგებზე ზემოქმედებას;   
  • ეხება არჩევნებს, რეფერენდუმს ან სხვა ტიპის კენჭისყრას, მათ შორის ამომრჩეველთა ინფორმირებისა და მობილიზების კამპანიებს;   
  • ეხებასოციალურ საკითხებს, რაც განიმარტება, როგორც მგრძნობიარე თემები, რომლებზეც მწვავე კამათი მიმდინარეობს, შეიძლება გავლენა იქონიოს არჩევნების შედეგებზე ან უკავშირდება არსებულ ან შემოთავაზებულ კანონმდებლობას;  
  • რეგულირდება, როგორც პოლიტიკური რეკლამა. 

„მეტას“ წესების თანახმად, სოციალური და პოლიტიკური შინაარსის მქონე რეკლამის განმათავსებლებს აქვთ ვალდებულება, მიუთითონ, რომ პოსტი არჩევნებს, პოლიტიკურ ან/და სოციალურ საკითხებს ეხება. ამასთან ერთად, პლატფორმა იტოვებს უფლებას, ამ წესის დარღვევის შემთხვევაში, რეკლამას მოქმედება შეუჩეროს. 

რეკლამების ბიბლიოთეკა მოიცავს ინფორმაციას „მეტას“ კუთვნილ პლატფორმებზე განთავსებული ყველა იმ რეკლამის შესახებ, რომელიც განმათავსებლის მიერ მონიშნული იქნა სოციალურ/პოლიტიკურ რეკლამად ან თავად პლატფორმამ მიიჩნია ასეთად. მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ისინი ბიბლიოთეკის არქივში 7 წლის განმავლობაში ინახება. აღსანიშნავია, რომ ის რეკლამები, რომლებიც არ იყო მონიშნული სოციალური/პოლიტიკური შინაარსის მქონედ, მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ბიბლიოთეკიდან ქრება და მათი განმათავსებლებისა და დახარჯული თანხების შესახებ ინფორმაციაც ხელმიუწვდომელია.

 
კატეგორია: საქართველო


კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „მთავარი არხი“ რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატებზე ვიდეორგოლის ეთერში გაშვების გამო დაასანქცირა და მიზეზად  არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის გავრცელება დაასახელა

როგორც კომისიამ 25 ივლისს განაცხადა, ვიდეორგოლები 26 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში პოტენციურად მონაწილე პოლიტიკური გაერთიანებებისა და მათი წარმომადგენლების არჩევის ხელშეშლას ემსახურებოდა და შესაბამისად, პოლიტიკურ რეკლამას წარმოადგენდა. 

რადგან „მთავარი არხი“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევისთვის დასანქცირებული არ ყოფილა, კომისიამ ტელეკომპანია წერილობით გააფრთხილა და ვიდეორგოლების სამაუწყებლო ბადიდან დაუყოვნებლივ ამოღება დაავალა.

„მთავარი არხის“ იურისტის, თამთა მურადაშვილის განცხადებით, ტელეკომპანია დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, რაც არხს ჯერ არ ჩაბარებია, კომუნიკაციების კომისიის ამ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს. 

მურადაშვილის განმარტებით მარეგულირებლის ეს გადაწყვეტილება პრეცედენტია, როდესაც კომისიამ პოლიტიკურ რეკლამად საინფორმაციო გამოშვების შემადგენელი ნაწილი მიიჩნია. 

„ადრე გვქონდა შემთხვევები, როდესაც პოლიტიკურ რეკლამებად სარეკლამო ჭრებში გასულ სოციალურ კლიპებს აფასებდნენ. თითქოს, არაწინასაარჩევნო პერიოდში მათი გაშვება არ შეიძლებოდა და ამიტომ გვასანქცირებდნენ, რაც ტყუილი იყო. მაგრამ ამ შემთხვევაში, უშუალოდ საინფორმაციო გადაცემის მასალაზე ამბობენ ამგვარ რამეს და ეს არის პირველი პრეცედენტი, რაც თავის მხრივ ცენზურაა. თითქოს, ეს არის „ქართული ოცნებისთვის“ ხელშემშლელი კლიპი, არადა მასში უბრალოდ ინფორმაციაა, რომ კონკრეტულმა პარლამენტარებმა ამ კანონს მხარი დაუჭირეს, რაც ფაქტია“.

ვიდეორგოლი - „იცნობდეთ რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატებს“ „მთავარი არხის“ ეთერში, თითქმის, ორი თვეა, რუსული კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, ყველა საინფორმაციო გადაცემის ბოლოს გადის.



როგორც ტელეკომპანიის იურისტი აღნიშნავს, მათ კომისიის სხდომაზე დასწრების საშუალება არ მიეცათ, არ ჰქონდათ წერილობითი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობაც, ვინაიდან ის ძალიან სწრაფად ჩაინიშნა.

„ჩვენ გონივრული ვადის მოცემა ვითხოვეთ, თუმცა, ეს არ დაგვიკმაყოფილეს. რა თქმა უნდა, მათთვის სასურველი იქნებოდა ცარიელ მოედანზე დავესანქცირებინეთ და ჩვენი წარმომადგენელი არ ყოფილიყო. 

ასევე, ჩვენ ვაცნობეთ, რომ ეს საინფორმაციო მასალა ისედაც სეზონის ბოლომდე (თვის ბოლომდე) იყო ჩართული, მეტი აღარ გავიდოდა და არ იყო ასეთი სისწრაფე საჭირო, რაღაც კრიტიკული მომენტი არ იდგა. ამის მიუხედავადაც, საქმე მაინც განიხილეს“.

კომუნიკაციების კომისიის განმარტებით, „მთავარი არხის“ ეთერით იმ ვიდეორგოლების გასვლა, რომელშიც პარლამენტის წევრები ნეგატიურ კონტექსტში იყვნენ ნაჩვენები, მედიამონიტორინგის შედეგად დადგინდა.

თამთა მურადაშვილის შეფასებით, იმ ლოგიკით, თუ საინფორმაციო გადაცემაში გასული მასალა პოლიტიკურ რეკლამად შეფასდა, მაშინ კომისიამ „იმედისა“ და POSTV-ის მონიტორინგიც უნდა განახორციელოს და პოლიტიკური რეკლამის კვალიფიკაცია მათ საინფორმაციო გადაცემებში გასულ მასალებსაც უნდა მიანიჭოს.

„იმიტომ, რომ სახელისუფლებო მედიები მხოლოდ ოპოზიციური პარტიების ხელშეშლაზე არიან ორიენტირებულები. ვინაიდან კომისიამ გვითხრა, რომ ეს ინფორმაცია „ქართულ ოცნებას“ უშლიდა ხელს, მაშინ იგივე ლოგიკით, კომისიამ საინფორმაციო გადაცემების მონიტორინგიც უნდა დაიწყოს“.

რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატებზე ვიდეორგოლის ეთერში განთავსების მიზეზით „მთავარი არხის“ დაასანქცირებას გამოეხმაურა ჰელსინკის კომისიაც.

სოციალურ პლატფორმა x-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ:  "„ქართული ოცნება“ იყენებს კიდევ ერთ რუსულ მეთოდს მათი ავტორიტარული სტრატეგიიდან, რათა მოახდინონ ოპოზიციის ცენზურა და ქართველ ხალხს წაართვან ის დემოკრატიული მომავალი, რომლისთვისაც ისინი იბრძვიან“.

პოლიტიკური რეკლამის არაწინასაარჩევნო პერიოდში გავრცელებისთვის კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხის“ გარდა, წინა თვეში, 27 ივნისს წერილობით გააფრთხილა ტელეკომპანია „კავკასიაც“. ამ შემთხვევაში მარეგულირებელმა პოლიტიკურ რეკლამად „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის საკუთარ წიგნზე საუბარი მიიჩნია და განმარტა, რომ ამავდროულად, ხაზარაძე ქვეყნისთვის გაკეთებულ საქმეებს უსვამდა ხაზს და წინასაარჩევნო დაპირებებს იძლეოდა. 

„მონიტორინგის შედეგად, კომუნიკაციების კომისიამ დაადგინა, რომ ვიდეორგოლის შინაარსის, არსებული კონტექსტისა და სარეკლამო კამპანიის მიზნების გათვალისწინებით, რეკლამა ემსახურება არამხოლოდ წიგნის პოპულარიზაციას, არამედ პოლიტიკური ლიდერის არჩევის ხელშეწყობას. 

აქედან გამომდინარე, დადგინდა, რომ სახეზეა პოლიტიკური რეკლამა, რომელიც ეთერში განთავსდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების წესებისა და ნორმების დარღვევით. კერძოდ, დაუშვებელია პოლიტიკური რეკლამის საარჩევნო კოდექსითგათვალისწინებული პერიოდისა და პროცედურის მიღმა განთავსება,“
- ვკითხულობთ ComCom-ის განცხადებაში.

ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის შეფასებით, კომუნიკაციების კომისია არასახელისუფლებო მედიებზეა ჩასაფრებული და რასაც მოისურვებს, ყველაფერს პოლიტიკურ რეკლამად „ასაღებს“.



„ხაზარაძის წიგნის რეკლამაზე ყველა დაგვასანქცირა და თქვა, რომ ეს არის პოლიტიკური რეკლამა. მე კი ვხედავდი რისკს, რომ კომისიას შეიძლებოდა რაღაც საქმის წარმოება დაეწყო, რადგან ყველაფერზე ჩასაფრებულია, მაგრამ ჩავთვალე, რომ წიგნის რეკლამაზე უარი არ უნდა მეთქვა“.

როგორც ჯანგირაშვილმა "მედიაჩეკერთან" საუბრისას აღნიშნა, მას სახელისუფლებო მედიების მონიტორინგის შესაძლებლობა არ აქვს, თუმცა, სრულიად შემთხვევით POSTV-ზე „ქართული ოცნების“ პოლიტიკური რეკლამა აღმოაჩინა და ამის შესახებ ფეისბუკის პირად გვერდზეც დაწერა.

„რა რეაქცია აქვს ამაზე კომუნიკაციების კომისიას? შეიძლება მას შემდეგ, რაც  facebook-ზე „მოვთაგე“, დაიწყეს საქმის წარმოება", - ამბობს „კავკასიის“ დირექტორი.

გარდა ამისა, როგორც ჯანგირაშვილი ამბობს, არაწინასაარჩევნო პერიოდში ტელევიზიებისთვის პოლიტიკური რეკლამის განთავსების აკრძალვა გაუგებარია და  ტელემედიას დისკრიმინაციულ პირობებში აყენებს, ვინაიდან ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას პოლიტიკური რეკლამის განთავსება, ტელევიზიის გარდა, სოციალურ ქსელებსა თუ ონლაინ მედიაში შეუძლია.

„კავკასიამდე“ რამდენიმე დღით ადრე, 21 ივნისს კომუნიკაციის კომისიამ „ლელოს“ იმავე რეკლამის ეთერში გასვლა კანონმდებლობის დარღვევად ჩაუთვალა ტელეკომპანიებს: „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“ და „ფორმულა“.

კომისიამ „ტელეკომპანია პირველი“ და „ფორმულა" იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევა არ ჰქონიათ, წერილობით გააფრთხილა და ვიდეორგოლის სამაუწყებლო ბადიდან დაუყოვნებლივ ამოღება დაავალა. „მთავარი არხი“ კი ComCom-მა მხოლოდ სამართალდამრღვევად ცნო და პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა, რადგან არხმა რეკლამის განთავსება მალევე შეწყვიტა. 

ტელეკომპანია „ფორმულას“ იურისტის, ეთერ ქათამაძის განმარტებით, კომუნიკაციების კომისიამ კომერციული რეკლამა არასწორად განმარტა და წინასაარჩევნოდ მიიჩნია. 

„სრულად კომერციული სახის რეკლამა კომისიამ არასათანადოდ მიიჩნია და გადაწყდა, რომ  წინასაარჩევნო რეკლამის ნიშნებს შეიცავს. მაშინ, როდესაც კანონმდებლობაში წერია, რომ არაწინასაარჩევნო პერიოდზე საარჩევნო კოდექსი საერთოდ არ ვრცელედება, კომისია მსგავს განცხადებებს მაინც აკეთებს“.

არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის განთავსების გამო კომუნიკაციების კომისიამ დაასანქცირა თუ არა სხვა ტელეკომპანიები მაგალითად, „იმედი“, „რუსთავი 2“, „POSTV“ და სხვ. ან როგორ ხორციელდება მონიტორინგი და როგორ ირჩევა მისი სუბიექტები - ამ და სხვა კითხვებით „მედიაჩეკერმა“ კომუნიკაციების კომისიას გუშინ, 29 ივლისს მიმართა და შესაბამისი ინფორმაცია დღეს მიიღო.

კომუნიკაციების კომისიის განმარტებით, ყველა ტელემაუწყებლის მონიტორინგს კომისია წელიწადში არანაკლებ ორჯერ ატარებს. ამასთან, წლის განმავლობაში რამდენჯერმე დამატებით ხორციელდება ყველაზე რეიტინგული, TOP 10 ტელემაუწყებლის მონიტორინგიც.

„ყველა ტელემაუწყებლის მონიტორინგი წელს განხორციელდა ერთხელ, ხოლო მეორე გეგმიური მონიტორინგი, ასევე ყველა მაუწყებლის, წლის მეორე ნახევარში ჩატარდება.

შერჩევითი მონიტორინგის ფარგლებში რეიტინგული მაუწყებლები შეიძლება შემოწმდნენ ნებისმიერ დროს. როდის და რომელ მაუწყებელს დაამონიტორინგებს კომუნიკაციების კომისია წინასწარ ამის გასაჯაროება არ ხდება.

კომუნიკაციების კომისიის მონიტორინგის გარდა, ასევე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მომართოს კომუნიკაციების კომისიას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ჩათვლის, რომ მაუწყებელი არღვევს კანონს და კომისია ყველა განცხადებას და საჩივარს კანონმდებლობის შესაბამისად შეისწავლის“, - ვკითხულობთ კომისიისგან მიღებულ წერილობით პასუხში.

„მედიაჩეკერმა“ კომუნიკაციების კომისიას ისიც ჰკითხა, მედიამონიტორინგის შედეგად სხვა ტელევიზიებიც: „იმედი“, „რუსთავი 2“, „POSTV“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ თუ დაუსანქცირებიათ.

აღსანიშნავია, რომ კომისიის მიერ გამოგზავნილი ამ მაუწყებლების დასანქცირების შემთხვევებიდან მიმდინარე, 2024 წლის არცერთი არ არის. ეს ტელევიზიები სხვადასხვა მიზეზით 2020, 2022-2023 წლებში დასანქცირდნენ.

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარის, ედუარდ მარიკაშვილის შეფასებით, საარჩევნო პერიოდში კომუნიკაციების კომისიის კიდევ ბევრ მსგავს გადაწყვეტილებას უნდა ველოდოთ, ეს კი მედიის თავისუფლებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ჩარევაა.

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარის, ედუარდ მარიკაშვილის შეფასებით, საარჩევნო პერიოდში კომუნიკაციების კომისიის კიდევ ბევრ მსგავს გადაწყვეტილებას უნდა ველოდოთ, ეს კი მედიის თავისუფლებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ჩარევაა. 


როგორც მარიკაშვილი აღნიშნავს, კომისია ცდილობს წინასაარჩევნო პერიოდში, განსაკუთრებით ოპოზიციურად განწყობილ ტელევიზიებსა და ოპოზიციასთან დაკავშირებულ გარკვეულ საკითხებზე, ერთგვარად, საინფორმაციო ველი გაწმინდოს. 

„ეს არის მხოლოდ დასაწყისი. როგორც კი წინასაარჩევნო პერიოდი ოფიციალურად დაიწყება [კენჭისყრამდე 60 დღით ადრე], კომუნიკაციების კომისიას კიდევ უფრო მეტი მექანიზმი და ბერკეტი ექნება, რომ წინასაარჩევნო გარემოზე გარკვეული გავლენა მოახდინოს, მათ შორის ხელისუფლების სასარგებლოდ“.

აღსანიშნავია საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებაც, რომელიც არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის  განთავსება ეხება. 

კომუნიკაციების კომისიის ძველი სანქციების გამო საკონსტიტუციო სასამართლოს სახალხო დამცველმა 2022 წლის ბოლოს მიმართა და სადავო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა გახადა, რომელიც არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის განთავსებას კრძალავს.

სახალხო დამცველის აპარატის განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2 მოსამართლის პოზიცია - მაუწყებლისთვის არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის განთავსების აკრძალვაზე, კოლეგიის დანარჩენმა 2 წევრმა (გიორგი თევდორაშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე) არ გაიზიარა. 

„საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2 მოსამართლის (ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი) აღნიშნული პოზიცია არ გაიზიარა კოლეგიის დანარჩენმა 2 წევრმა. მათი აზრით, სადავო ნორმა, „მსუსხავი ეფექტის“ გავლენით, ზემოქმედებს გამოხატვის თავისუფლების რეალიზაციის პროცესზე და, შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას არაკონსტიტუციურად უნდა ეცნო სადავო ნორმა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-2 პუნქტთან მიმართებით.

განხილულ შემთხვევაში, ვინაიდან, კოლეგიის მოსამართლეთა ხმები შუაზე გაიყო, შესაბამისად, სასამართლოს მიერ ერთმნიშვნელოვნად არ იქნა დადგენილი სადავო ნორმის კონსტიტუციასთან შეუსაბამობა, რის გამოც, სადავო ნორმა დარჩა ძალაში. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ერთმნიშვნელოვნად არც სადავო ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობა განუსაზღვრავს,“ - ვკითხულობთ ომბუდსმენის აპარატის წერილში. 

 
კატეგორია: საქართველო


„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ მე-5 პრინციპის მიხედვით, მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. 

ქარტიის განმარტებით, „ამ მუხლით ჟურნალისტები და რედაქტორები პასუხისმგებლობას იღებენ, რომ პატიოსნად განაცხადონ არაზუსტი ინფორმაციის გამოქვეყნების შესახებ და შეასწორონ ის. მიუღებელია შესწორება იმგვარად, რომ თავიდან გაკეთდეს სიუჟეტი ან სტატია, სადაც არაზუსტ ინფორმაციას ჩაენაცვლება ზუსტი ინფორმაცია, მაგრამ არ იქნება გაცხადებული უკვე დაშვებული შეცდომის შესახებ“.

28 ივლისს, დილით ტელეკომპანია „იმედმა“ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ „ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის ნაციონალურ დევიზს სიტყვა პრაიდი დაამატა“.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა წინა დღეს, 27 ივლისს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ტვიტი: „თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა, სიამაყე.“ „იმედმა“ კი ფრანგული სიტყვა Fierté, ინგლისურად - Pride, რაც „სიამაყეს“ ნიშნავს, „პრაიდად“ თარგმნა და დაწერა: „თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა, „პრაიდი““.

იმის მაგივრად, რომ ტელეკომპანიას გავრცელებული ინფორმაცია შესწორების სტანდარტის მიხედვით გაესწორებინა, „იმედმა“  შესაბამისი პოსტი მოგვიანებით სოციალური ქსელიდან წაშალა. 


რას გულისხმობს შესწორების სტანდარტი მედიაში

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ სახელმძღვანელო წესების მიხედვით, შესწორების სტანდარტის დარღვევად მიიჩნევა შემთხვევა, როდესაც დასტურდება, რომ მასალის გამოქვეყნების შემდეგ რედაქციამ სწორი ინფორმაცია მიიღო, თუმცა, ის არ შეასწორა.

  • აუდიტორიამ უნდა იცოდეს რა გასწორდა, შესაბამისად ცხადად და მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული რა იყო არასწორი და რა არის სწორ
  • სასურველია შეცდომაზე ერთ რედაქტორთან ანდა ჟურნალისტთან ერთად პასუხისმგებლობას რედაქციამაც აიღოს. თუ შესაძლებელია, ახსენით შეცდომის გამომწვევი მიზეზიც.
  • მასალა უნდა შესწორდეს გონივრულ ვადაში, გონივრული ვადა განისაზღვრება მედიის ტიპის, აუდიტორიის მოცულობის, შესაბამისად ინდივიდუალურად, კონტექსტის გათვალისწინებით.

რაც შეეხება გამოქვეყნებული მასალის წაშლას, ონლაინ მედიისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელო წესების მიხედვით, სასურველია რედაქციამ ამ გადაწყვეტილების მიზეზი ახსნას.

  • მასალა სრულად მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება წაიშალოს. მაგალითად მაშინ, როდესაც საჯარო ინტერესის არარსებობის შემთხვევაში ის ზიანს აყენებს, ლახავს სხვათა უფლებებს და განსაკუთრებით უხეშად არღვევს ეთიკურ სტანდარტებს
  • მასალა შესწორების ნაცვლად როგორც წესი, მაშინ შეიძლება წაიშალოს, როდესაც მხოლოდ თქვენ ხართ ინფორმაციის გამავრცელებელი ერთადერთი ღია წყარო. თუკი ინფორმაცია სხვების მიერაც არის გავრცელებული, მაშინ ჩამოხსნის ნაცვლად იმავე ბმულზე შესწორება სჯობს

შესწორების სტანდარტის გამოყენების ნაცვლად, რატომ წაშალა „იმედმა“ ემანუელ მაკრონის სიტყვებთან დაკავშირებით გამოქვეყნებული არასწორი ინფორმაცია, „მედიაჩეკერი“ ტელეკომპანიასაც დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ განცხადებას ვებგვერდზე გამოაქვეყნებენ. 

„მედიის განვითარების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის, თამარ კინწურაშვილის შეფასებით, ჰომოფობიური კონტექსტის შექმნა სახელისუფლებო პროპაგანდის ნაწილია.

„ეს არის „იმედისა“ და სახელისუფლებო მედიის ინტერპრეტაცია და სამწუხაროა, რომ აი ამ ხელისუფლების პროპაგანდისტულ კამპანიაში, რომელიც ცდილობს, ვთქვათ, დასავლეთი მხოლოდ ამ თემატიკასთან გააიგივოს, ჩართული არის მედიაც. თვითონ ჩასწორების ფორმაც არ გულისხმობს მკითხველთან აგარიშვალდებულებას იმიტომ, რომ მედიამ თუ დაუშვა შეცდომა, მან ამის შესახებ აუდიტორიის ინფორმირებაც უნდა მოახდინოს,“ - ამბობს კინწურაშვილი. 

საფრანგეთის პრეზიდენტის სიტყვებთან დაკავშირებით ანალოგიური შინაარსის მასალა გუშინ, დილით გამოაქვეყნა ტელეკომპანია POSTV-მაც.

„მაკრონის მიერ შეცვლილი ფრანგული ნაციონალური დევიზი: თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა, „პრაიდი““ - ვკითხულობთ „POSTV - ახალი ამბებისა“ და „POSTV - ანალიტიკას“ ფეისბუკ გვერდებზე გამოქვეყნებულ ქარდზე. 

აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია POSTV-ის 52 %-იანი წილის მფლობელი პარლამენტარი, „ხალხის ძალის“ წევრი ვიქტორ ჯაფარიძეა. ჯაფარიძემ POSTV-ის საკონტროლო წილი 2022 წლის 3 ოქტომბერს ჯამში 520 000 ლარად იყიდა. ტელეკომპანიას „ხალხის ძალის“ მხარდაჭერა ღიად აქვს გაცხადებული.

კატეგორია: საქართველო



2024 წლის ივნისში „მედიაჩეკერმა“ საჯარო ინფორმაცია 3 სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან გამოითხოვა. აკრედიტაცია შეჩერებულ მედიის წარმომადგენლებთან დაკავშირებით ინფორმაცია პარლამენტს გამოცემამ 6 ივნისს სთხოვა, თუმცა, პასუხი ჯერაც არ მიუღია. მედია გამოცემამ 17 და 18 ივნისს საჯარო ინფორმაცია იუსტიციის სასწავლო ცენტრიდან და ანტიკორუფციული ბიუროდანაც მოითხოვა. ორივე უწყებამ რედაქციას არასრული განცხადებით უპასუხა. ამასთან, სასწავლო ცენტრმა კანონიც დადგენილი ვადაც დაარღვია. 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, „საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია, მათ შორის, ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა“.

„მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი“ ის ორგანიზაციაა, რომელიც მედიის თავისუფლებისა და მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობისთვის  საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის სტატისტიკას აგროვებს და საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს. 

 

ამ მონაცემების მიხედვით, 2023 წლის სექტემბრიდან 2024 წლის 17 ივლისის ჩათვლით, მედია ორგანიზაციებმა სხვადასხვა საჯარო უწყებას ინფორმაციის მიღების მოთხოვნით 1539 განცხადებით მიმართეს. მედიამ სრულყოფილი პასუხი 399 შემთხვევაში მიიღო, 472-ჯერ მას ნაწილობრივ უპასუხეს, 625 განცხადება კი პასუხის გარეშე დარჩა. 





როგორც „მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის“ დირექტორი, ეკატერინე ბასილაია „მედიაჩეკერთან“ საუბრისას აღნიშნავს, მედიის წარმომადგენლებისთვის საჯარო უწყებებიდან ინფორმაციის მიღება საგრძნობლად გართულებულია და კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფორმაციაზე წვდომა წლიდან წლამდე რთულდებოდა, რაც სტრუქტურების გაუმჭვირვალობაზე მიუთითებს.

„ჩვენი, თითქმის, ერთწლიანი დაკვირვებისა და საქმის შესწავლის შედეგად, რაც  მედიისთვის საჯარო უწყებებიდან მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას გულისხმობს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მედიისთვის მსგავსი ინფორმაციის მოპოვება ძალიან რთულია.

ისეთ კითხვებზეც კი, თუ რამდენი ადამიანია დასაქმებული, ვინ არიან დასაქმებულები და ა.შ. ამ თემაზეც კი, რომელსაც შეიძლება განსაკუთრებული ანალიზი არ სჭირდებოდეს, ათდღიან ვადასაც ვერ ასრულებენ. ეს ყოველივე მიუთითებს იმაზე, თუ როგორია გამჭვირვალობა საჯარო უწყებებში“.

ეკატერინე ბასილაიას თქმით, სტატისტიკის შექმნამ ეს პრობლემები ციფრებში ასახა, რამაც უფრო გაამარტივა აღქმა, თუ რამდენად კრიტიკული ვითარებაა საჯარო უწყებების გამჭვირვალობის კუთხით. 


მედიის გამოცდილება

ერთ-ერთი მედიასაშუალება, რომელსაც გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის დროულად ან/და სრულად მიღებასთან დაკავშირებით პრობლემები ექმნება, საგამოძიებო მედია - „სტუდია მონიტორია“.

როგორც „სტუდია მონიტორის“ რედაქტორი, ნინო ზურიაშვილი აღნიშნავს, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ძალიან შეიზღუდა.

„ჩვენთვის ინფორმაციის მიუღებლობა დიდი პრობლემაა, ვინაიდან როცა რაღაცას აკეთებ, ინფორმაციის შევსება გჭირდება. გარდა ამისა, ზოგიერთ ინფორმაციას ბალანსისთვის კი არ ვითხოვთ, არამედ იმიტომ, რომ არასწორი ინფორმაცია არ გავიდეს და ინსტიტუციას პასუხის უფლება ჰქონდეს. ისინი ამით არც სარგებლობენ და არც გვეთანამშრომლებიან. ეს თავისუფალი ჟურნალისტიკისთვის მთავრობის მხრიდან შეგნებულად პრობლემების შექმნაა“.

ზურიაშვილმა „მედიაჩეკერთან“ საუბრისას ის შემთხვევაც გაიხსენა, როდესაც  ჯანდაცვის სამინისტრომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს "სტუდია მონიტორისთვის" უკვე მომზადებული საჯარო ინფორმაცია მიწოდება აუკრძალა. მედია გამოცემამ NCDC-ის პრესსამსახურის წარმომადგენლის, ნინო მამუკაშვილის შესაბამისი მეილის მიმოწერა მოიპოვა. 



სახელმწიფოს წარმოუდგენელ გაუმჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულების დაბალ დონეზე საუბრობს „პუბლიკას“ რედაქტორი, ლიკა ზაკაშვილიც. როგორც ის აღნიშნავს, „პუბლიკას“ გამოცდილება იმ საერთო პრაქტიკისგან არ განსხვავდება, რაც დამოუკიდებელ მედიას საჯარო ინფორმაციის მიღების კუთხით აქვს. 

„როდესაც კონკრეტული საკითხის მიმართ ინტერესი არსებობს, აუცილებელია, რომ მტკიცებულებები, ფაქტები, მონაცემები დროულად იქნეს მიწოდებული. როცა მედიისთვის ინფორმაციის დროული გადაცემა არ ხდება, საზოგადოების სრულფასოვანი ინფორმირება ფერხდება და ხანდახან შეუძლებელიც კი ხდება.

ინფორმაცია დროულად როდის მივიღეთ, აღარც კი მახსოვს, მაგალითის მოყვანაც კი გამიჭირდება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რუსული კანონის პირველად ინიციირებიდან დღემდე, დამოუკიდებელი მედიიებისთვის საჯარო უწყებებიდან ინფორმაციის მიღება შეუძლებელი გახდა“.

ლიკა ზაკაშვილის განცხადებით, ძალიან გართულებულია საჯარო უწყებების მედიასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლებთან ურთიერთობაც. 

„დარეკვა და პასუხი სახვეწარი გახდა. როდესაც მედიებთან ეს სამსახურები ასეთი დაბალი ანგარიშვალდებულებით მუშაობენ, ეს დიდი პრობლემაა დემოკრატიისთვის, მედიისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის“.

საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა პრობლემურია „ნეტგაზეთისთვისაც“. როგორც მედია გამოცემის რედაქტორი, თაზო კუპრეიშვილი „მედიაჩეკერთან“ საუბრისას აღნიშნავს, წლების მანძილზე არასრულყოფილ ან დაგვიანებულ პასუხებს მაინც იღებდნენ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი, საჯარო უწყებები ინფორმაციას ფაქტობრივად არ გასცემენ. ყველაზე ჩაკეტილი უწყება კი, კულტურის სამინისტროა.

„მათთან ელემენტარული სახის კომუნიკაციაც შეუძლებელია, თუნდაც პრესსამსახურის გავლით. სხვა სამინისტროებთან, ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია. რომ დარეკავ, რაღაც ზოგად პასუხს მაინც გაგცემენ, რომ მოიკვლევენ, მოიძიებენ, თუმცა, თანდათანობით, ჩაკეტილობის მხრივ სხვა უწყებებიც უთანაბრდებიან“.

კუპრეიშვილით თქმით, როდესაც ისინი ინფორმაციას არ ავრცელებენ, მათ თავის მართლება არ უწევთ და გაცილებით გაუმჭვირვალედ, თავიანთ ნება-სურვილზე ხარჯავენ თანხებს და ხშირ შემთხვევაში, დანაშაულსაც კი მალავენ. 

„ინფორმაციის გაუსაჯაროებლობის მიზანია, დამალონ საკუთარი დანაშაული, დამალონ ბიუჯეტის არაეფექტიანი და უმიზნო ხარჯვა. არსებობს საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვი, რომ ფული მიზნობრივად არ იხარჯება“.


გასაჩივრების შესაძლებლობა

ინფორმაციის გაცემაზე საჯარო დაწესებულების უარის გასაჩივრება მედიას იმავე ადმინისტრაციულ ორგანოში საჩივრის შეტანისა და სასამართლოსთვის მიმართვის გზით შეუძლია. ჟურნალისტებს ამ პროცესში „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ ეხმარება.

IDFI-ის იურისტის, ნიკა ბოლქვაძის შეფასებით, დაწესებულებები კანონს სისტემურად არღვევენ და ისინი ხშირ შემთხვევაში, განმცხადებლების გამოუცდელობით სარგებლობენ. მისი თქმით, საჯარო უწყებებიდან ინფორმაციის გამოთხოვა განსაკუთრებით პრობლემური ბოლო ორ წელში გახდა. 

„თავიდან ცენტრალური უწყებებით, მთავრობის, სამინისტროების დონეზე დაიწყო და ტენდენცია უკვე ადგილობრივ დონეზეც შეიმჩნევა“.

ნიკა ბოლქვაძის განმარტებით, ადმინისტრაციული წესით გასაჩივრება ეფექტური საშუალება არაა, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში ეს საჩივრები იმავე უწყების უფრო მაღალი თანამდებობის პირების მიერ  განიხილება და დაკმაყოფილების მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია.

როგორც ბოლქვაძე აღნიშნავს, ბოლო ორი წლის განმავლობაში 300-მდე ადმინისტრაციული საჩივარი გააგზავნეს, საიდანაც პროცედურის სრული დაცვით განხილული საჩივრები იშვიათობაა.

„ზოგიერთ შემთხვევაში დე-ფაქტო აკმაყოფილებენ ხოლმე, ანუ როცა გავუსაჩივრებთ, შემდეგ მოგვაწვდიან ინფორმაციას და იმავე საჩივარზე საქმის წარმოებას წყვეტენ ან ჩვენ გამოგვაქვს. ეს მეტყველებს იმაზე, რომ თუ დაწესებულებას არ გაუსაჩივრე, იქამდე ის თავს ანგარიშვალდებულად არ თვლის“.

თუ ადმინისტრაციულმა საჩივარმა შედეგი არ გამოიღო, შემდეგ IDFI-ი დავას სასამართლო წესით იწყებს.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში სასამართლოში 50-მდე სარჩელი შევიტანეთ და აქედან 6 შემთხვევაში, სარჩელის შეტანის შემდგომ, საჯარო დაწესებულებამ  ინფორმაცია შესაგებლის სახით ან სხვა ფორმით მოგვაწოდა. სხვა შემთხვევებში, ეს საქმეები დღემდე მიმდინარეა, რაც პრობლემაა. გაწელილი ვადები სასამართლოს გზით უფლების დაცვის ეფექტიანობას ამცირებს“.


რას წერს სახალხო დამცველი

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები, რაც მედიასაქმიანობის ეფექტიანობას საფრთხეს უქმნის, სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიშშიც მოხვდა. 

ომბუდსმენი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების დაცვის ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებად მოძველებულ კანონმდებლობასა  და ეფექტიანი საზედამხედველო ინსტიტუტის არარსებობას მიიჩნევს. 

„დღემდე არ არის სავალდებულოდ აღიარებული „ოფიციალურ დოკუმენტაციასთან დაშვების შესახებ“ ევროპის საბჭოს 2009 წლის 18 ივნისის კონვენცია, რომლის მე-8 მუხლი ითვალისწინებს, რომ განმცხადებელს საჯარო ინფორმაციის გაუცემლობაზე გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს ან სასამართლოში ან დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ორგანოში და ეს პროცედურა უნდა იყოს სწრაფი და იაფი“.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს ომბუდსმენისთვის ცნობილი გახდა ინფორმაციის კანონით დადგენილ ვადაში გაცემაზე უარის თქმის 100-ზე მეტი შემთხვევის შესახებ. მას საჩივრებით უმეტესად უფლებადამცველი ორგანიზაციები და ჟურნალისტები მიმართავდნენ. საჩივრების უმრავლესობა კი, საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით წარგენილ განცხადებებზე საჯარო დაწესებულებების მხრიდან თვეების განმავლობაში გამოვლენილ უმოქმედობას შეეხებოდა. 

აღსანიშნავია, რომ განმცხადებლების ნაწილმა პასუხი მას შემდეგ მიიღო, რაც სახალხო დამცველის აპარატმა შესაბამის უწყებებს კორესპონდენციითა და განმარტების მოთხოვნით მიმართა. ანგარიშის მიხედვით,  ეს ფაქტი ადასტურებს, რომ საჯარო დაწესებულებების მხრიდან, არაერთ შემთხვევაში, უფლებადამცველ ორგანიზაციებს საჯარო ინფორმაციაზე წვდომა დაუსაბუთებლად შეეზღუდათ.



კატეგორია: საქართველო



რა მოხდა სინამდვილეში

 

13 ივლისს კახეთში წნორში „ცოდნის კაფემ“ უფროსი და ახალგაზრდა თაობების წინასაარჩევნო განწყობების კვლევის პრეზენტაციაზე ადგილობრივი მოსახლეობა და პოლიტიკური პარტიები მიიწვია. შეხვედრის მეორე ნაწილში სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებმა მოქალაქეებს მათი გამოწვევების საპასუხოდ, საკუთარი პროგრამები გააცნეს.

როგორც „ცოდნის კაფე“ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე წერს, პრეზენტაციას 8 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ, თუმცა, მას არ დაესწრნენ "ქართული ოცნება“, "ხალხისთვის" და "მოქალაქეები". 

პოლიტიკოსებისა და მოქალაქეების  შეხვედრის ბოლოს დისკუსიაც გაიმართა, რომელსაც ფასილიტაციას "პირველი არხის"ჟურნალისტი, გადაცემა „რეალური სივრცის“ წამყვანი, ნინო ზაუტაშვილი უწევდა. 

რა ამბავი გაავრცელა „ლელომ?“

იმავე დღეს, 13 ივლისს  პოლიტიკურმა პარტიამ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ლელოს“ ლიდერები, მედეა მეტრეველი და ანა ნაცვლიშვილი წნორში კახეთის რეგიონის მცხოვრებლებს შეხვდნენ. ამბავს თან ახლა შეხვედრის ამსახველი ფოტო მასალაც, სადაც როგორც სხვა პარტიების ლიდერები, ისე "ცოდნის კაფეს" წარმომადგენელი, ნანა ბაგალიშვილი და პრეზენტაციის მოდერატორი, ნინო ზაუტაშვილი ჩანდნენ. 

"ლელომ" განცხადებაში ნანა ბაგალიშვილსა  და NDI-ის მასპინძლობისა და მოსახლეობასთან საინტერესო დისკუსიის შესაძლებლობისთვის მადლობა გადაუხდა, თუმცა, ღონისძიებაში სხვა პოლიტიკური პარტიების მონაწილეობაზე არაფერი უთქვამს. 

 

რა გვიამბო "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა"? 

13 ივლისსვე, 23:45 წუთზე „პირველი არხმა“ საკუთარ ვებგვერდზე „ლელოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია სრულიად და უცვლელი სახით გამოაქვეყნა. "ლელოს" ალბომიდან ტელევიზიამ მასალის მთავარ ფოტოდ ის შეარჩია, რომელზეც ანა ნაცვლიშვილი, ნანა ბაგალიშვილი, ნინო ზაუტაშვილი და  დეა მეტრეველი ჩანან. ახალ ამბავს სათაურად კი დაურთო: "„ლელოს“ ლიდერები წნორში მოსახლეობას შეხვდნენ". 

 

აღსანიშნავია, რომ "პირველი არხი" ამ ამბის გაშუქებისას მხოლოდ "ლელოს" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დაეყრდნო. ტელევიზიამ შეხვედრის დამატებითი დეტალები არც „ცოდნის კაფეს“, არც NDI-ის, არც ფოტო მასალაში ასახულ სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან და არც თავად ნინო ზაუტაშვილთან არ მოიძია და გადაამოწმა.

A group of women smilingDescription automatically generated

ამბიდან მეორე დღეს, 14 ივლისს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" წამყვანმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც თქვა, რომ არასწორად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, ის "ლელოს" ლიდერია და წესით, ამის შესახებ მისთვის უნდა ეკითხათ. 


A screenshot of a computerDescription automatically generated



"მედიაჩეკერთან" საუბრისას კი ზაუტაშვილმა თქვა, რომ მისთვის ძალიან გასაკვირია, როდესაც "საზოგადოებრივი მაუწყებლი" ამ ფოტოთი და ამ სათაურით აქვეყნებს მასალას, ისე რომ მისთვის არც კი უკითხავთ, თუ რა მიზეზით იყო  კახეთში მიწვეული.

"ეს იყო მოქალაქეებისა და 8 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების შეხვედრა, რომელსაც მოდერაციას ვუწევდი. სხვადასხვა დროს არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ფორუმისთვის თუ დისკუსიისთვის გამიწევია მოდერაცია. არანაირი პარტიის ლიდერი არ გახლავართ და არც ვაპირებ. თუ დავაპირებ, უსათუოდ და პირველ რიგში ამას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" გაიგებს“. 

"პირველი არხის" ეს მასალა ფოტო მანიპულაციად და ნინო ზაუტაშვილზე "თავდასხმად" შეაფასა "მედიაჩეკერთან" საუბრისას მედიის მკვლევარმა, ნინო დანელიამ.

"ვფიქრობ, ძალიან მარტივია იმ მიზეზების ახსნა, რა მიზეზითაც "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" ფოტოთი მანიპულაციის საშუალებით საკუთარი წამყვანი ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წევრად ან თუნდაც მხარდამჭერად წარმოაჩინა. ამ არხს, სამწუხაროდ, არ აქვს და არც ერთი ხელისუფლების პირობებში არ ჰქონია გამოცდილება, იყოს კრიტიკული ხელისუფლების მიმართ, აკონტროლოს ძალაუფლება და იყოს ანგარიშვალდებული სწორედ, საზოგადოების წინაშე, რაც "საზოგადოებრივი მაუწყებლის" უპირველესი ვალდებულებაა. 

რაკი ეს გამოცდილება არ აქვს, ის ცდილობს, ყველაფერი შეფუთოს სწორედ ისე, როგორც ეს ხელისუფლებას მოეწონება და იყოს ლოიალური მის მიმართ. ამიტომ როდესაც მისი ერთ-ერთი წამყვანი, რომელიც ცდილობს მისი გადაცემების მეშვეობით საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული იყოს, გაახმოვანოს საზოგადოებაში არსებული პრობლემები და გაუწიოს ადვოკატირება სწორედ ხმაწართმეულ ადამიანებს და მათ, ვისაც უფრო მეტი ყურადღება ხელისუფლების მხრიდან სჭირდება, მისთვის ასეთი ტიპის წამყვანი არხზე, ბუნებრივია, არაკომფორტულია. ამიტომ მათ გადაწყვიტეს, ამ ფორმით თავს დაესხნენ ნინო ზაუტაშვილს და საზოგადოებას უთხრან, რომ ეს წამყვანი ხელისუფლების მიმართ კრიტიკული იმიტომ  კი არ არის, რომ ის ობიექტური და დამოუკიდებელი ჟურნალისტია, არამედ იმიტომ რომ პოლიტიკური პოზიციის მატარებელია, ის არის მხარე. ჩვენ ვიცით, რომ ხელისუფლება სწორედ ასე ესხმის თავს დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, ცდილობს, რომ ისინი მხარედ წარმოაჩინოს და მათ მიმართ ნდობა შეამციროს. 

მაგალითად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში საჭირო იყო ინფორმაციის გადამოწმება, უნდა დაერეკათ საკუთარ თანამშრომელთან, ასევე პარტია „ლელოში“ და უბრალოდ გაეგოთ, რა ღონისძიება იყო.

აქვე უნდა აღვნიშნო, როდესაც ასეთ მტრულ გარემოში უწევთ მუშაობა დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, უმჯობესია ისინიც მეტად ფრთხილად იყვნენ და არავის მისცენ იმის საშუალება, მსგავსი ფოტო თუ ვიდეო მასალა მათ წინააღმდეგ გამოიყენონ”. 

მეორე დღეს, 14 ივლისს „პირველი არხმა" "ლელოს" მიერ გავრცელებული იმავე ინფორმაციის შესახე სიუჟეტიც მოამზადა, რომლის სათაურიც ამჯერად იყო: "NDI-ს და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა წნორში".

A person in a beige suitDescription automatically generated

"ოპოზიციური პარტიების ლიდერები და „ენ-დი-აი“-ს წარმომადგენლები წნორში მოსახლეობას შეხვდნენ. ინფორმაციას პარტია „ლელო“ ოფიციალურ „ფეისბუქ-გვერდზე“ აქვეყნებს, " - ამბობს საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, მარიამ სეთურიძე მასალის წარდგენისას.   

აღსანიშნავია, რომ გამართული შეხვედრა „მოამბემ“ კადრსინქრონში მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, ირაკლი ზარქუასა და თენგიზ შარმანაშვილის  შეაფასებინა.

„ცალსახად, ნათლად ჩანს როგორ არი ჩართული NDI და IRI აი ამ  წინა პოლიტიკურ ესე იგი საარჩევნო კამპანიაში. უკვე უფინანსებს კიდეც ამ რადიკალებს აი ამ შეხვედრებს მოსახლეობასთან, რომ დეზინფორმაცია გააგრძელონ, დეზინფორმაცია ავრცელონ და ამაში მონაწილეობს, მე შეგახსნებეთ, შემდეგ ეს NDI და IRI და ეს ორგანიზაციები იქნებიან ის ორგანიზაციები, რომელბიც დამკვირვებლის სტატუსით არიან წინასაარჩევნო გარემოს შემუშავებაში და შემდეგ დასკვნები უნდა დადონ. ყველგან ვიტყვით, სადაც საჭიროა, ჩვენს მოსახლეობასთან შეხვედრის დროს და მათ შორის ფაქტები გვაქვს, როგორ თქვენ მიერ საფინანსებულ ღონისძიებაზე, როგორ ხდება პოლიტიკური განცხადებების გაკეთება, დეზინფორმაციის გავრცელება, ჩვენი ლიდერების შეურაცხყოფა", - თქვა ზარქუამ.

 
უცხოეთიდან პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისა და  საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევაზე გააკეთა აქცენტი შარმანაშვილმაც. 

შეხვედრის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ნანა ბაგალიშვილმა "მედიაჩეკერს" "ქართული ოცნებისთვის" გაგზავნილი მოსაწვევიც აჩვენა.

„ჩვენ მოსაწვევი ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მისამართზე „ქართულ ოცნებასაც“ გავუგზავნეთ. ასევე, ინფორმაცია მივაწოდეთ წერილობითაც და მოვიწვიეთ მაჟორიტარი დეპუტატები, ირაკლი ქადაგიშვილი და დავით სონღულაშვილი. "ქართული ოცნება" არ გამოგვხმაურებია, არც მეილზე გვიპასუხეს და არც ტელეფონზე. დავით სონღულაშვილმა გვითხრა, რომ საქართველოში არ იმყოფებოდა, ირაკლი ქადაგიშვილმა კი წერილს არ უპასუხა".

A screenshot of a computerDescription automatically generated


„რაც შეეხება NDI-ს წარმომადგენლებს, შეხვედრას გიორგი კაკაბაძე და მარიამ ბარამიძე ესწრებოდნენ, რომელმაც მხოლოდ მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს. კვლევის პრეზენტაცია კი, რომელიც დისკუსიის ერთ-ერთი საგანი იყო, "სამოქალაქო ინიციატივის" სახელით ქეთევან მოლაშვილმა გააკეთა“ - განმარტავს ბაგალიშვილი.  

გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების მიზნებზე საუბრობს "მედიაჩეკერთან" მედიის ექსპერტი, ზვიად ქორიძე.


"გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებას ერთადერთი მიზანი აქვს - მოატყუო აუდიტორია და ამ ტყუილით შეეცადო მის მართვას. დღეს საკმაოდ ბევრი დეზინფორმაციული ტალღა გვაქვს საქართველოში. საკმაოდ დიდი დრო და რესურსი მიაქვს მათ მხილებას და ამ დეზინფორმაციისგან მიღებული ზიანის აღმოფხვრას. ეს აზარალებს დემოკრატიას. სამწუხაროა, რომ ამ კამპანიაშია ჩართული "საზოგადოებრივი მაუწყებელი", რომელიც მმართველი პარტიის ვიწროპარტიული მიზნების განსახორციელებლად საჯარო ფინანსებს იყენებს. 

დიდად არ გამკვირვებია, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ცდილობს თავისი წამყვანის, ნინო ზაუტაშვილის პროფესიულ დისკრედიტირებას. ნინო "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" ისეთი საზოგადოებრივი ღირებულების მქონე გადაცემას აკეთებს, რომელიც ჩვენს საზოგადოებას ძალიან სჭირდება და რომელიც  ხელისუფლებას აღიზიანებს. მაუწყებლის ხელმძღვანელობა მას კონტრაქტს დღესვე სიამოვნებით  გაუწყვეტდა, თუმცა კარგად იცის, რომ ეს დიდ საჯარო უკმაყოფილებას გამოიწვევს. ამიტომ კონტექსტის გარეშე ასეთი ფოტოების გამოქვეყნებით ცდილობს, რომ ნინოს პოლიტიკური მიუკერძოებლობის მიმართ ეჭვი გააჩინოს".  

 
 

ამბავი მოკლედ

"საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" 13-14 ივლისს მხოლოდ "ლელოს" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამბის გადამოწმების გარეშე, განსხვავებული აქცენტებით, 2 მასალა მოამზადა.

ერთ შემთხვევაში, "პირველმა არხმა" ვებგვერდზე გამოქვეყნებული ამბისთვის შერჩეული სათაურისა და ფოტოს ერთობლიობით მანიპულაციის შესაძლებლობა გააჩინა - თითქოს, ნინო ზაუტაშვილს "ლელოსთან" კავშირი აქვს.


„მოამბეში“ გასული მასალა კი "ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" დისკრედიტაციის შესაძლებლობად იქცა.






"საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის
კოდექსის" პირველივე პრინციპი სიზუსტეა.  

„ჩვენ ვისწრაფვით დავიცვათ: სიზუსტე - დავადგინოთ სიმართლე და ზუსტად ავსახოთ მიმდინარე მოვლენები. დავეყრდნოთ უტყუარ ფაქტებს, ზუსტ მონაცემებს და სანდო წყაროებს. არ შევიყვანოთ შეცდომაში აუდიტორია შეუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებით.“ 

"მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის" 52-ე მუხლით კი, "საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობის ლიცენზიების მფლობელები, აგრეთვე საზოგადოებრივი და სათემო მაუწყებლები ვალდებულნი არიან მიიღონ ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწორონ შეცდომები".

"მედიაჩეკერი" განმარტებისა და საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად "საზოგადოებრივ მაუწყებელსაც" დაუკავშირდა, რომელმაც ამბავში გასარკვევად დრო ითხოვა. ტელევიზიის პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა შესაბამისად განახლდება. 

 
კატეგორია: საქართველო



მე-10 მოწვევის პარლამენტის მეოთხე საგაზაფხულო სესიის დახურვის დღეს, 28 ივნისს საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის შესაძლებლობა მხოლოდ ტელემედიის აკრედიტებულ ჯგუფებს მიეცათ. 

ამ დღეს პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ანგარიში წარადგინა. წინა დღეს, 27 ივნისს კი პარლამენტმა უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ ოფიციალური განცხადება კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა, პრემიერის მოხსნებისთვის შენობაში უსაფრთხოების ყვითელი დონე აამოქმედა და პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, საკანონმდებლო ორგანოში ონლაინ მედიის, რადიოსა და პრესის ჟურნალისტები არ დაუშვა. 


უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის შენობაში შესვლა


2024 წლის საგაზაფხულო სესიის პერიოდში [თებერვალი-ივნისი] პარლამენტმა  უსაფრთხოების დამატებითი ზომების ამოქმედებასთან დაკავშირებით 20-მდე განცხადება გამოაქვეყნა. შალვა პაპუაშვილის ბრძანებით ამოქმედებული უსაფრთხოების ყვითელი დონე მედიასაშუალებების წარმომადგენლებს პირველად აპრილი-მაისის პერიოდში შეეხოთ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული კანონის საკანონმდებლო განხილვების დროს ონლაინ მედიის ჟურნალისტები პარლამენტში არ დაუშვეს. აღსანიშნავია, რომ ეს კანონი მედია ორგანიზაციების ნაწილს პირდაპირ ეხება და მათ „უცხო ძალის ინტერესების გამტარებლად" მოიხსენიებს. 

ონლაინ მედიის, რადიოსა და პრესის ჟურნალისტები საქართველოს პარლამენტში პირველად 15 აპრილს, „ქართული ოცნების“ მიერ ხელმეორედ ინიციირებული რუსული კანონის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განხილვის დღეს არ შეუშვეს. მეორე დღეს, 16 აპრილს კი პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ ონლაინ მედიის წარმომადგენლებს პარლამენტში შესვლა არა ჟურნალისტური საქმიანობისთვის, არამედ პროტესტის დასაფიქსირებლად სურდათ და მედიას ჟურნალისტური აკრედიტაციით ბოროტად არ უნდა ესარგებლა.

შალვა პაპუაშვილმა  ონლაინ მედიის შეზღუდვაზე საუბრისას 8 აპრილის ბიუროს სხდომაც გაიხსენა, როდესაც მედია გამოცემა „პუბლიკას” ჟურნალისტმა, ნათია ამირანაშვილმა საპროტესტო ბანერი - „არა რუსულ კანონს“ გაშალა. პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ ამოცანა მსგავსი შემთხვევების პრევენცია იყო. რუსული კანონის ბიუროზე განხილვას ვერ დაესწრნენ ის ჟურნალისტებიც, რომლებსაც მუდმივმოქმედი აკრედიტაციაც ჰქონდათ.


რუსული კანონის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განხილვის გასაშუქებლად პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტმა  საშვები არ დაუშვა ონლაინ გამოცემა „მედიაჩეკერისთვისაც". მაშინ მედია გამოცემას მიზეზი ოფიციალური მეილით ასე განემარტა: „ჩვენი დეპარტამენტი საშვებს უშვებს მხოლოდ იმ მედიასაშუალების ჟურნალისტებზე, რომლებიც პარლამენტის საქმიანობას აშუქებენ“. ამავე დეპარტამენტის წარმომადგენლის, თამარ ჯანელიძის განცხადებით, კი „მედიაჩეკერისთვის“ საშვები მისი ერთ-ერთი ჟურნალისტის, ნინია კაკაბიძის გამო არ დაუშვეს. 

რუსული კანონი „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელსაც წარადგინა, თუმცა, მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ფონზე კანონპროექტი უკან გაიწვია და  მთელი წლის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ მას აღარ მიუბრუნდებოდა. პროტესტი - „არა რუსულ კანონს" 2023 წელს სწორედ ჟურნალისტებმა დაიწყეს.  ისინი 2023 წლის მარტში პარლამენტში ბანერებითა და სასტვენებით მივიდნენ.





„პუბლიკას“ მთავარი რედაქტორის, ლიკა ზაკაშვილის შეფასებით, პლატფორმების მიხედვით მედიის შეზღუდვა დემოკრატიულ და ცივილიზებულ სამყაროში არ ხდება.

„არგუმენტი ან დასაბუთება, რომელიც ახსნიდა ამ გადაწყვეტილების ვალიდურობასა და საჭიროებას არ არსებობს…შესაბამისად, მათი ერთ-ერთი მიზანი ისაა, რომ მაქსიმალურად შეზღუდონ იმ ჟურნალისტების რაოდენობა პარლამენტში, რომლებსაც კონკრეტული კრიტიკული კითხვები აქვთ…შესაბამისად, ამ ინსტრუმენტს, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ წარმოგვიდგინა, როგორც წესი, რომელიც, თითქოს, უსაფრთხოებას არეგულირებს, იყენებენ ბოროტი მიზნებისთვის და ეს მიზანი მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების მუშაობის შეზღუდვაა“.

როგორც „პუბლიკას“ მთავარმა რედაქტორმა „მედიაჩეკერთან“ საუბრისას აღნიშნა, ყვითელი დონის ამოქმედება მოხდება ყოველთვის, როდესაც მმართველი პარტიის დეპუტატები გადაწყვეტენ, რომ ონლაინ მედიის წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოში არ უნდა დაუშვან.



„სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის“ მიზნით ამოქმედებულ რეგულაციებს მედიების დაცენზურების საშუალებად მიიჩნევს „ნეტგაზეთის“ რედაქტორი, თაზო კუპრეიშვილი.

„ეს იყო ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ონლაინ მედიას მთლიანად აუკრძალეს მუშაობა, ვინაიდან მათთვის ძალიან მარტივია მხოლოდ ტელევიზიების გარემოცვაში მუშაობა. ტელეკომპანიების ძირითადი ნაწილი სახელისუფლებოა, ხოლო თითზე ჩამოსათვლელია ტელევიზიები, რომლებიც თავიანთი შეზღუდული რესურსით ადგილზე მუშაობენ, მათი დადანაშაულება პოლიტიკურ აფელაციებში კი ძალიან  მარტივია.  მათთვის იოლია ამის გაკეთება, რასაც ვერ იზამენ ონლაინ მედიის შემთხვევაში. ვერ იტყვიან, რომ ჩვენ ან სხვა ონლაინ მედია, მაგ. „პუბლიკა“,  რომელიმე კონკრეტულ პარტიასთან ასოცირდება და  შეზღუდვისა და ცენზურის ასეთი ფორმა მოიფიქრეს“. 

კუპრეიშვილის თქმით, ბევრჯერ ჰქონდათ სურვილი, ადგილიდან გაეშუქებინათ პარლამენტში მიმდინარე მოვლენები, დაესვათ კითხვები და მათი აუდიტორიისთვის დეტალური ინფორმაცია მიეწოდებინათ, თუმცა, ამის შესაძლებლობა არ მიეცათ.

„საკმარისი არაა ის ონლაინ პირდაპირი ეთერი, რომელიც პარლამენტის გვერდზე გადაიცემა. არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც პარლამენტის დარბაზში მომხდარა დაპირისპირება, მათ შორის ფიზიკურიც. ამ დროს, პარლამენტის ლაივი ითიშება, რის შემდეგაც არ ვიცით, თუ რა ხდება. მოქალაქეებს კი აქვთ იმის უფლება, იცოდნენ, თუ რა ხდება საკანონმდებლო ორგანოში, როგორ იქცევა მათ მიერ არჩეული კანონმდებელი."

ნათია ინაური დაახლოებით 20 წელია საპარლამენტო კორესპონდენტია. ინაური ერთ-ერთია, რომელსაც ოფიციალური საპარლამენტო აკრედიტაციის მიუხედავად, უსაფრთხოების ყვითელი დონის მოქმედებით გათვალისწინებული რეგულაციები შეეხო. ჟურნალისტის თქმით, ეს მედიისთვის, რა თქმა უნდა, პრობლემაა.

„ყველა მედია ცდილობს, რომ საკუთარი წარმომადგენელი ჰყავდეს პარლამენტში. შესაბამისად, როცა ამის შესაძლებლობა არ ხერხდება და თან იმ ფონზე, როცა აკრედიტაციები აქვთ ჟურნალისტებს, მაგრამ მათი ერთი ნაწილი შედის (ტელევიზიების), ხოლო სხვებს ეუბნებიან უარს, გამოარჩევენ დისკრიმინაციული მიდგომით, ეს არის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა. დიდი ხანია ვაშუქებ საპარლამენტო საქმიანობას და ასეთი პრაქტიკა ნამდვილად არ მახსენდება“.

რადიო „პალიტრას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ანა მარშანიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში რადიოს ჟურნალისტებს აკრედიტაციის აღების საჭიროება არ ჰქონიათ, საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის შესაძლებლობა ყველა ჟურნალისტს უნდა მიეცეს.

„ვინაიდან ჩვენ ინტეგრირებული ნიუსრუმი გვაქვს, როგორც „ინტერპრესნიუსის“, ისე „პალიტრანიუსის“ წარმომადგენლები ჩვენი ჟურნალისტებიც არიან და მათ მიერ მოწოდებული მასალებით ვხელმძღვანელობთ. ბუნებრივია, მას შემდეგ, რაც „ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტი პარლამენტში აღარ დაუშვეს, ამ მიმართულებით მუშაობა გამიჭირდა. როცა ჟურნალისტი პარლამენტში იყო და ჩართვა მინდოდა, ადგილიდან ვრთავდი. როცა ეს შეზღუდვები ამოქმედდა და ონლაინ მედიის წარმომადგენლებთან ერთად, ისიც არ დაუშვეს, ბარიერები მეც შემექმნა“.





ონლაინ მედიის წარმომადგენლებმა უსაფრთხოების ყვითელი დონით გამოწვეული შეზღუდვა და მათი არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება დისკრიმინაციად მიიჩნიეს და ამის დასადგენად 16 აპრილს სახალხო დამცველს მიმართეს. წინა დღეს, ლევან იოსელიანმა მხოლოდ ის თქვა, რომ პარლამენტში ყოფნის საშუალება ყველა აკრედიტებულ მედიას უნდა ჰქონდა. ომბუდსმენს ამ საკითხის შესწავლა ჯერ არ დაუსრულებია.


საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის შეჩერება

სახალხო დამცველს დისკრიმინაციის დასადგენად მიმართე აკრედიტაცია შეჩერებულმა ჟურნალისტებმაც. ომბუდსმენის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმდინარეობს ამ საქმის შესწავლაც. 

მაისი-ივნისის პერიოდში „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ დეპუტატების მოთხოვნით, საპარლამენტო აკრედიტაცია „მთავარი არხის“, „ფორმულასა“ და „ტვ პირველის“ ოთხ ჟურნალისტს შეუჩერდა. აღსანიშნავია, რომ ოთხივე მათგანისთვის გაგზავნილ პარლამენტის აპარატის უფროსის ოფიციალურ წერილში აკრედიტაციის შეწყვეტის მიზეზი ერთნაირად იყო განმარტებული: „მიუხედავად პარლამენტის წევრის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმისა, თქვენ კვლავ აგრძელებდით ინტერვიუს ჩაწერის მცდელობას და არ შეწყვიტეთ ვიდეოჩაწერა“.

პარლამენტის აკრედიტაციის წესით, აკრედიტებული ჟურნალისტი ვალდებულია, საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ინტერვიუ შეწყვიტოს.

ტელეკომპანია „ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნანა ინწკირველის თქმით, სოფო გოზალიშვილს გარდა, აკრედიტაცია შეუჩერდა გიორგი კიკაბიძესაც, რაც რედაქციისთვის ძალიან რთული „სასჯელია". 

„შეიძლება, ეტაპობრივად რამდენჯერმე გამოგიწერონ ეს „ბილეთი“ და აღმოჩნდეს, რომ საკანონმდებლო ორგანოში ჯგუფი არ გყავს წარმოდგენილი და არ გაქვს შესაძლებლობა, შენთვის საინტერესო კითხვა დასვა და მასალა მოიპოვო. თუმცა, ამ შეზღუდვით, საინტერესო შეკითხვებს მაინც ვერ სვამ. შენ მხოლოდ იმ მასალას იღებ, რასაც გთავაზობენ. იმის საშუალება არ გაქვს, რომ იკითხო ის, რაც გაინტერესებს, რადგან „ქართლი ოცნების“ რომელიმე დეპუტატი თუ ჩათვლის, რომ ეს არის ადევნება, მას შეუძლია გამოგიწეროს საშვი, რომლის შემდეგაც პარლამენტში ვეღარ მოხვდები“.

„მედიაჩეკერთან“ საუბრისას ინწკირველმა აღნიშნა, რომ მისი 40-წლიანი ჟურნალისტური გამოცდილების განმავლობაში, მსგავსი შეზღუდვა არცერთი მთავრობის პირობებში არ უნახავს. მისი შეფასებით, საშემოდგომო სესიაზე მედიისთვის მუშაობა კიდევ უფრო გართულდება. 




„მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, თეონა გილიგაშვილის განცხადებით, კრიტიკული მედიის მიმართ უხეში და ცინიკური დამოკიდებულება  ტრადიციად იქცა.

„ამ დაწესებულ რეგულაციებს შედეგად მოყვა ის, რომ არ გვაქვს თავისუფლად მოძრაობის საშუალება და თუ დასმული კითხვა არ მოეწონებათ, აკრედიტაციას გვიწყვეტენ. ამჟამად, ჩვენ ერთი ჟურნალისტი გვყავს, რომელსაც აკრედიტაციაზე შეზღუდვა დაუწესეს“.


სასამართლო სარჩელები


პარლამენტში ჟურნალისტების აკრედიტაციის წესი, როგორც გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის დამაბრკოლებელი საკითხი სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიშშიც მოხვდა. ლევან იოსელიანის შეფასებით, ამ წესებმა მედიის ნაწილს მოვლენების გაშუქების შესაძლებლობა შეუზღუდა.





პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი „ტელეკომპანია პირველმა“ და ნატალია ქაჯაიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს და მისი ნაწილობრივ ბათილად ცნობა მოითხოვეს. ქაჯაიას განცხადებით, პაპუაშვილის ბრძანება დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ გაასაჩივრეს, მაგრამ პროცესი გაყინულია. 

„ერთი სასამართლოც სხდომაც კი არ ჩანიშნულა. როგორც ჩანს, არც განიხილავენ მას, რადგან „ოცნება“ პარლამენტის თავმჯდომარის გამოცემულ ბრძანებას/ ჩანაწერს სათავისოდ იყენებს, ვიტყოდი ბოროტადაც, რადგან პარლამენტიდან აძევებენ ყველა იმ ჟურნალისტს, ვისი კითხვებიც დისკომფორტს უქმნით. ზუსტად გუშინ ამოეწურა ვადა ჩემს სანქციას, დღეს დავბრუნდი პარლამენტში. სოზარ სუბარის გადაწყვეტილებით, ერთი თვის განმავლობაში არ მქონდა შესაძლებლობა მემუშავა საკანონმდებლო ორგანოში. ეს არის ძალიან მავნე პრაქტიკა, რომელიც ხელს გვიშლის მუშაობაში და ვფიქრობ, რომ ის აუცილებლად უნდა გაუქმდეს".

ომბუდსმენმა ამ საქმის მოსამართლეს, ციცინო როხვაძეს „სასამართლო მეგობრის მოსაზრებაც“ (Amicus Curiae) წარუდგინა. სახალხო დამცველის განმარტებით, „სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად „აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში“ ჟურნალისტებისთვის დაწესებული ვალდებულება, შეწყვიტოს ინტერვიუ საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში. ასევე, სასამართლომ უნდა შეაფასოს სადავო მზღუდავი ღონისძიებების პროპორციულობის საკითხიც“.

ტელეკომპანია „ფორმულას“ აკრედიტაცია შეჩერებულმა ჟურნალისტმა, გიორგი კიკაბიძემ და ოპერატორმა, გიორგი ქვაჩახიამ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ დახმარებით, აკრედიტაციის წესით გათვალისწინებული ნორმა, რესპონდენტის უარის მიუხედავად, კითხვების დასმის გამო აკრედიტაციის შეჩერება, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს. GDI-იმ საკონსტიტუციოში გაასაჩივრა „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესიც“, რომელიც უსაფრთხოების მოტივით ნივთების შეტანას ზღუდავს. სასამართლომ ორივე საქმე არსებითად განსახილველად მიიღო. 



„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარის“, ედუარდ მარიკაშვილის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის ორივე ბრძანება არაკონსტიტუციურია. გარდა ამისა „უხეშად არღვევს გამოხატვისა და მედიის თავისუფლებას და გარკვეულწილად, არის დისკრიმინაციული პრაქტიკებიც, როცა საქმე ეხება მაგალითად, მხოლოდ ონლაინ მედიის შეშვების შეზღუდვას პარლამენტში“. 



 „ირღვევა ყველა მოქალაქის უფლება, ინფორმაცია მისთვის სანდო წყაროსგან  მიიღოს“


„მედიაომბუდსმენის“ იურისტის, ილონა დიასამიძის განცხადებით, 2024 წლის პირველი ნახევარი ჟურნალისტებისათვის განსაკუთრებით რთული იყო.

„ონლაინ მედიის ჟურნალისტებს, თითქმის, წართმეული ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ პარლამენტიდან გაეშუქებინათ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, რადგან მათ დისკრიმინაციული რეგულირების საფუძველზე ეკრძალებოდათ პარლამენტსა და მის ეზოში დაშვება. რა საკვირველია, ეს არის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა, რითაც საბოლოოდ, ირღვევა ყველა მოქალაქის უფლება, ჰქონდეს შესაძლებლობა მისთვის სანდო წყაროსგან მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე“.

დიასამიძის შეფასებით, ბევრად უფრო რთული წლის მეორე ნახევარი იქნება, რადგან წინ გველოდება უკვე მოქმედი რუსული კანონით დაკანონებული რეპრესიები, დევნა და უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო არჩევნები.



„საქართველოს ჟურნალისტური ქარტიის“ დირექტორის, ლია ჩახუნაშვილის განცხადებით, ძალიან სამწუხაროა, რომ პარლამენტი, რომელიც სხვა საჯარო უწყებებს გამჭვირვალობისა და ღიაობის მაგალითს უნდა აძლევდეს, თვითონ აწესებს ხელოვნურ ბარიერებს ჟურნალისტებისთვის, რომ გაურთულოს წვდომა ინფორმაციაზე და შესაძლებლობა, კომენტარი მიიღონ ხალხის არჩეული პარლამენტის წევრებისგან.

„ასეთი დამოკიდებულება გაუგებარია, თუ რას შეიძლება ემსახურებოდეს. საზოგადოებას აქვს უფლება, რომ იცოდეს რა პროცესები ვითარდება პარლამენტში, რის შესაძლებლობასაც ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე არ აძლევს. კიდევ უფრო უცნაურია ამ ყველაფრის მეორე ნაწილი - შეზღუდვები დაწესებულია დისკრიმინაციულად“.  

„მედიაჩეკერმა“ საქართველოს პარლამენტისგან მიმდინარე წელს აკრედიტაცია შეჩერებული ჟურნალისტების რაოდენობასა და საფუძვლებთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაცია 6 ივნისს გამოითხოვა, თუმცა, 10-დღიანი ვადის გასვლის მიუხედავად, პასუხი რედაქციას ამ დრომდე არ მიუღია.

შალვა პაპუაშვილის 2023 წლის 6 თებერვლის ბრძანებამდე კი პარლამენტში უვადო აკრედიტაციების წესი არსებობდა.

 



კატეგორია: საქართველო


თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმის - "გიორგი კაპანაძე (რიჟა) 4 მედიასაშუალებისა და 8 ჟურნალისტის წინააღმდეგ“ წარმოება დაიწყო. მოსამზადებელი სხდომა გუშინ, 27 ივნისს გაიმართა და კონკრეტული თარიღის განსაზღვრის გარეშე გადაიდო. Მოსარჩელე მხარე, ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე  სხდომაზე არ გამოცხადდა. მოსამართლე არჩილ კოჭლამაზაშვილმა მიზეზად მისი ახლო ნათესავის გარდაცვალება დაასახელა. "მედიაჩეკერი" კაპანაძის ადვოკატს, გიორგი ყავლაშვილსაც დაუკავშირდა, თუმცა, მან დროის უქონლობის გამო კომენტარზე უარი თქვა.

ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე ტელეკომპანია „ფორმულას“, „მთავარი არხის“, „ტვ პირველის“, „რადიო თავისუფლებისა“ და 8 ჟურნალისტის წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელით, პატივისა და ღირსების შემლახავი ინფორმაციის/ცნობების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით უარყოფას ითხოვს.

„რადიო თავისუფლებისა“ და გიორგი მგელაძის ადვოკატის, მარიამ გაბროშვილის თქმით, კაპანაძის სარჩელი 2020 წლის მასალას ეხება და აქედან გამომდინარე, მას ხანდაზმულობის ვადა გასული აქვს. 

ჟურნალისტ გიორგი მგელაძის განმარტებით, მასში ორ ბიზნეს ჯგუფს შორის დავაა აღწერილი. ერთი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ძმის შვილიშვილი, მამუკა შევარდნაძე, მეორე კი "დეზერტირების ბაზრის" მფლობელი ჯგუფია.

"დეზერტირების ბაზრის" დაზარალებულები მოვიდნენ ჩემთან და თქვეს, რომ მათი მოწინააღმდეგე მხარის, შევარდნაძის უკან გავლენიანი ბიზნესმენი, გიორგი კაპანაძე იდგა, რომელსაც ქართული საზოგადოება იცნობს, როგორც „რიჟას“ და ის ეხმარებოდა მათ წინააღმდეგ დავაში.

დაახლოებით 2-3 თვის განმავლობაში ვიძიებდი ამ თემას. Მოვკრიბე ყველა მტკიცებულება, რაც მათ მონათხობს ადასტურებდა, ან აბათილებდა. Რაც საჭიროდ ჩავთვალე, რომ იყო მეტ-ნაკლებად გადამოწმებადი, დამტკიცებადი, მრავალ წყაროზე დაყრდნობით ჩემს ჟურნალისტურ პროდუქტში მოხვდა.

გამოქვეყნებამდე რამდენიმე მცდელობა მქონდა, რომ დავკავშირებოდი თავად ადრესატს (კაპანაძეს). Მისი დეიდა არის ცნობილი ქართველი ჟურნალისტი, თამარ ფხაკაძე, რომელიც დღეს "რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი მმართველია. თამარ ფხაკაძესთან მქონდა ორი საუბარი და ორივე საუბრის აუდიო ჩანაწერი წარვუდგინე სასამართლოს, როგორც მტკიცებულება. საბედნიეროდ, ამ დრომდე მქონდა შენახული ყველა მტკიცებულება, სადაც მას ვთხოვდი, რომ ბატონ გიორგი კაპანაძეს მოეცა ინტერვიუ და კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით.

მე მოვამზადე მასალა, ავსახე ინტერვიუები, მტკიცებულებები, დოკუმენტები და, რა თქმა უნდა, სტატიის თავშივე აღვნიშნე, რომ ამ ყველაფერთან კავშირს გიორგი კაპანაძე უარყოფს. 

ჩვენ, ჟურნალისტებმა ვიცით, რომ თვითრეგულირების სიმძიმე უფრო მეტია ჩვენთვის, ვიდრე კანონი. Მე თუ მკითხავ, კანონი ბევრად მსუბუქია, ვიდრე ეთიკური პრინციპები და ვთვლი, რომ ეს სტატია მომზადებული იყო ეთიკური პრინციპების დაცვით და ყველა შესაძლო ხერხის გამოყენება ვცადე, რომ მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაცია მიმეტანა აუდიტორიამდე", - ამბობს ჟურნალისტი "მედიაჩეკერთან" საუბრისას.

გიორგი მგელაძის შეფასებით, ეს არის მედიის წინააღმდეგ ერთგვარი კამპანიის ნაწილი.

"თვითონ სარჩელი იმდენად სუსტია, იმდენად ქაოტურად შერჩეული მოპასუხეებია, იმდენად ხანდაზმული საქმეებია, ჩვენი შემთხვევა განსაკუთრებით, რომ ვერ ვხედავ სხვა მიზანს გარდა იმისა, რომ ე.წ. SLAPP-ის ეფექტი ჰქონდეს. სწორი სამართლებრივი შეფასების შემთხვევაში, სამართლებრივად მოგების არანაირი შანსი არ აქვთ. მგონია, რომ გავლენიანი ადამიანები მსგავსი სარჩელებით მსუსხავი ეფექტის მოხდენას ცდილობენ ხოლმე".

„ტვ პირველის" იურისტის, ვასილ ჟიჟიაშვილის განცხადებით, წარდგენილი სარჩელით, სადავო არა ტელეკომპანიის, არამედ რესპოდენტის განცხადებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტელევიზია სათანადო მოპასუხე საერთოდ არ არის.

„საქმე ეხება ტელეკომპანიის ვებგვერდზე განთავსებულ კონკრეტულ სტატიას და მითითებულია ამ სადავო განცხადებაში, რომ ეს სიტყვები კონკრეტულ რესპოდენტს, ბესო დონაძეს ეკუთვნის, რომელიც კორუფციის მკვლევარია.

აქედან გამომდინარე, ამ საქმესთან „ტვ პირველს“ არანაირი შემხებლობა არ აქვს. დავამატებდი იმასაც, რომ სარჩელი ხანდაზმულია, რადგან ცილისწამების დავებზე  მისი შეტანის ვადა 100 დღეა. ამ შემთხვევაში სარჩელი 3 წლის შემდეგ არის შეტანილი, ამიტომ მას პრობლემა ამ ნაწილშიც აქვს“, - განმარტავს ჟიჟიაშვილი. 

ტელეკომპანია "მთავარი არხისა“ და გიორგი გაბუნიას იურისტის, ლიკა მეტრეველის თქმით, დავა მათ შემთხვევაშიც ცილისწამებაზეა და ხანდაზმულობის ვადის ამოწურვის გამო ის ვერ აღსრულდება.

„რეალურად, აღსრულების ნაწილი ვერ დადგება, ვინაიდან ამაზე პრაქტიკა გვაქვს და ვიცით, რომ  ხანდაზმულობის ვადა 100 დღიანია. მივყვებით დინებას, როგორ და რანაირად ცდილობს სასამართლოს მეშვეობით, ცენზურის დაწესებასა და თავისუფალი სიტყვის შეზღუდვას ბატონი გიორგი კაპანაძე.

2021-2022 წლების სიუჟეტებია. აქამდე მას არ მომუმართავს, არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა. თვითრეგულირების ორგანო არსებობს მაუწყებელში, კანონით განსაზღვრული და გათვალისწინებული, რომელიც საკმაოდ აქტიურია ჩვენს შემთხვევაში. განვიხილავთ, სხდომებს ვატარებთ და შესაბამისი გადაწყვეტილებებიც გვაქვს. ანუ, ამ კუთხითაც შეეძლო,  თუ სასამართლო არ სურდა იმ ეტაპზე და ეს საქმე თვითრეგულირებაში განიხილებოდა", - განმარტავს "მედიაჩეკერთან" საუბრისას ლიკა მეტრეველი. 

ტელეკომპანია "ფორმულას" იურისტის, გვანცა ხარშილაძე განცხადებით, ასეთი დავები მათთვის უცხო არ არის და ბოლო პერიოდში, ეს უკვე მედიასთან ბრძოლის მეთოდად იქცა. ხარშილაძის თქმით, 2020 და 2022 წლის სიუჟეტებზე ხანდაზმულობის ვადები გასულია, თუმცა,  სხვა მედიებისგან განსხვავებთ Ერთ-ერთი  სიუჟეტი 2023 წლის ოქტომბრისაა. 

"ჩვენ ამ ნაწილში არსებითად დავა მოგვიწევს და უკვე შინაარსობრივ ნაწილზე უნდა გადავიდეთ, იყო თუ არა ეს ცილისწამება. ცილისწამებად კვალიფიკაციისთვის კანონით დადგენილი არცერთი კრიტერიუმი სახეზე არ არის. Უშუალოდ ამ პირის მიმართ უნდა იყოს გავრცელებული ინფორმაცია. 1 ქუთი და რამდენიმე წამი გრძელდება სიუჟეტი, რომელიც საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა. Მასში ეს ადამიანი მოხსენიებული მხოლოდ ერთხელაა და ისიც ზოგად კონტექსტში. Საკითხი შესაძლო კორუფციულ გარიგებებს ეხებოდა.

მეეორე კრიტერიუმით, ინფორმაცია არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი უნდა იყოს და ესეც არაა სახეზე და არც ზიანის მიმყენებელი არაა მისთვის. 

გარდა ამისა, არსებობს კიდევ ერთი კრიტერიუმი. Ესაა, როდესაც საჯარო პირის მიმართ ხდება ინფორმაციის გავრცელება და თმენის ვალდებულება ამ შემთხვევაში უფრო მაღალია. Მიუხედავად იმისა, რომ გიორგი კაპანაძე, კლასიკური გაგებით, კანონმდებლობის ჩანაწერით, საჯარო პირი არაა, მის მიმართ მაინც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს. მნიშვნელოვანი ფიგურაა საზოგადოებაში და ხშირად ხდება ამ საკითხებთან დაკავშირებით მისი სახელის მოხსენიება, ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ კერძო პირთან მიმართებით, მისი თმენის ვალდებულება უფრო მაღლია", - ამბობს "მედიაჩეკერთან" საუბრისას ადვოკატი.


"გიორგი კაპანაძე 4 მედიასაშუალებისა და 8 ჟურნალისტის წინააღმდეგ" - ერთ-ერთი ის საქმეა, რომელსაც "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" SLAPP დავად მიიჩნევს. ორგანიზაციის იურისტის, ეკატერინე სუბელიანის შეფასებით, კრიტიკული მედიების წინააღმდეგ სარჩელი გავლენიანი პირის, ბიზნესმენის მიერ არის შეტანილი.

"როდესაც მოსარჩელეს ცალსახად ხანდაზმული სარჩელი შემოაქვს, არც უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ მისი მოთხოვნა აღსრულდება. Ასეთ დროს სხვა მიზანი, გარდა იმისა, რომ რესურსი გახარჯოს მედიების, ჟურნალისტების, დაღალოს და შემდეგ ჩაახშოს მათი კრიტიკული აზრი, არ შეიძლება არსებობდეს.

გარდა ამისა, Საყურადღებოა, რა დროს შემოაქვს სარჩელი მხარეს. Განცხადებების უმეტესობიდან გასულია 3 წელი. როდესაც ხელისუფლებასთან დაკავშირებულ პირებს ერთი მეორეზე მიყოლებით შემოაქვთ სარჩელები, მასაც მაშინ ახსენდება, რომ 3 წლის წინანდელი მასალები გაასაჩივროს და სადავო გახადოს. 

მიგვაჩნია, რომ ამ კამპანიის ნაწილია Მედიები დაღალო, ატარო სასამართლოებში და საბოლოოდ, გაუქრო სურვილი, რომ რაიმე კრიტიკული თქვას. Სწორედ, ამ მიზეზების გამო, ესეც ერთ-ერთი იმ საქმეთაგანია, რომლებიც სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ არის მიმართული", - განმარტავს სუბელიანი.

"დემოკრატიული ინიციატივის" 2023 წლის ანგარიშის - "SLAPP საქმეები საქართველოში, ახალი საფრთხე მედიის თავისუფლებისთვის" მიხედვით, კრიტიკულად განწყობილი მედიებისა და უფლებადამცველების წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი სარჩელების რაოდენობა ბოლო წლებში გაიზარდა. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი საქალაქო სასამართლოში დაკმაყოფილდა, სააპელაციო სასამართლომ კი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებები ძალაში დატოვა. 

დღევანდელი მონაცემებით SLAPP სასამართლო დავების რაოდენობამ 42-ს მიაღწია.

რას ნიშნავს SLAPP სასამართლო დავა მედიის წინააღმდეგ -  ნახეთ "მედიაჩეკერის" სტატია არქივიდან


 

 
კატეგორია: საქართველო



„ალექსანდრე ჭიკაიძე „ტელეკომპანია პირველისა“ და სოფო ნიაურის წინააღმდეგ“ - ერთ-ერთი ის ბოლო მიმდინარე სასამართლო დავაა, რომელსაც “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ ე.წ. SLAPP საქმედ მიიჩნევს. თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ საქმის მეორე პროცესი წინა კვირაში, 19 ივნისს გაიმართა. 

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ალექსანდრე ჭიკაიძე "ტვ პირველის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის ცილისწამებად ცნობას და ტელევიზიისა და ჟურნალისტისგან 100 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. მომდევნო სასამართლო სხდომა 12 ივლისს არის ჩანიშნული. სადავო სიუჟეტი პროკურატურის მიერ 2024 წლის 3 თებერვალს თაღლითური ქოლ-ცენტრების მოწყობისა და ორგანიზების ბრალდებით, დაკავებულებს ეხებათ.

"ტელეკომპანია პირველის" ახალი ამბების სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის განცხადებით, ბოლო სასამართლო პროცესზე ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატმა თქვა, რომ ყოფილი მინისტრი მაღალი თანამდებობის დასაკავებლად ისევ ემზადება და ამ რეპორტაჟმა მას საქმიანი რეპუტაცია შეულახა. 

"როგორც ბიზნესმენმა, მან უცხოური კონტრაქტები დაკარგაო. ამ სიტყვების ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა ადვოკატმა და ისიც განაცხადა, რომ ამის არავითარი ვალდებულება არ აქვს და სიტყვაზე უნდა ვენდოთ…ჩვენი ადვოკატი [GDI-დან] ითხოვდა პროკურატურიდან იმ სისხლის სამართლის საქმეების გამოთხოვნას, რომელიც, სავარაუდოდ, ჭიკაიძის მონაწილეობას ეხება და რომელზეც საუბარი იყო ჩვენს რეპორტაჟში. თუკი აღმოჩნდებოდა, რომ ამ საქმეში არ ფიგურირებს ჭიკაიძე, ჩვენ ავიღებდით პასუხისმგებლობას და ვაღიარებდით შეცდომას. მაგრამ, ცხადია, მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა", - თქვა მელაძემ "მედიაჩეკერთან" საუბრისას.

ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატის, მარინე ცუცქირიძის განმარტებით, ეს საჩივარი იქიდან გამომდინარეობს, რომ ადამიანს სისხლის სამართლის დანაშაულის ორგანიზატორობა აბსოლუტურად უსაფუძვლოდ დააბრალეს.

"ვფიქრობ, ესეთი მძიმე ბრალდება როდესაც არის, ადამიანს ელემენტარულად შიდა კანონმდებლობითაც და საერთაშორისო კონვენციებითაც აქვს უფლება, რომ თავისი თავი დაიცვას", - ამბობს ცუცქირიძე.




ჟურნალისტი, როგორც "სათანადო მოპასუხე"


მიმდინარე წლის 10 აპრილს მოსამართლე ზაალ მარუაშვილმა საქმეზე - "ალექსანდრე ჭიკაიძე „ტელეკომპანია პირველისა“ და სოფო ნიაურის წინააღმდეგ" სათანადო მოპასუხედ ტელეკომპანიასთან ერთად ჟურნალისტიც ცნო. „მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებით, სასამართლოს მიერ ცილისწამების დავაზე ჟურნალისტის სათანადო მოპასუხედ ცნობა ცალსახად ეწინააღმდეგება „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში არსებულ ჩანაწერს. კანონი ცალსახად ადგენს სათანადო მოპასუხეთა წრეს და განმარტავს, რომ „მედიაში ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებულ ცილისწამებასთან დაკავშირებული სასამართლო დავისას მოპასუხეა მედიის მესაკუთრე“.

„მედიის ადვოკატირების კოალიციისთვის“ განსაკუთრებით შემაშფოთებელი ის გარემოებაა, რომ არაერთ მსგავს საქმეზე სასამართლოებმა კანონში არსებული ჩანაწერი უგულებელყვეს და ჟურნალისტები სათანადო მოპასუხეებად მიიჩნიეს. 

ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატის, მარინე ცუცქირიძის განცხადებით, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონს არაფერი არ ეწინააღმდეგება და ამაზე  უზენაესი სასამართლოს მიერ დამტკიცებული პრაქტიკა არსებობს.

"ჩვენ ჟურნალისტი ჩავრთეთ ახალი პრაქტიკიდან გამომდინარე, რადგან უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეზე უკვე დაადგინა, რომ თუ ჟურნალისტი ემიჯნება ამ საკითხს, ამ შემთხვევაში ჟურნალისტი არ იქნებოდა მოპასუხე, მაგრამ თუ ჟურნალისტი ბოლო წუთამდე იზიარებს ამ თავის პოზიციას, მაშინ ისიც უნდა იყოს მოპასუხე. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ უკვე არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე დავაყენეთ ეს მოთხოვნა…ეს პირველი საქმე არ არის, სადაც ჟურნალისტია მოპასუხე და რატომ უკვირთ, ვერ ვხვდები," - განმარტავს ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატი "მედიაჩეკერთან" საუბრისას.



რას ნიშნავს SLAPP საქმე


"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" დაკვირვებით, კრიტიკული მედიისა და უფლებადამცველების წინააღმდეგ ე.წ. SLAPP (Strategic Litigation against Public Paritipation) სარჩელებით სასამართლოსთვის მიმართვის ტენდენცია საქართველოში ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

SLAPP საქმედ განიხილება პოლიტიკური თუ ფინანსური თვალსაზრისით გავლენიანი პირების მიერ აღძრული, აშკარად უსაფუძვლო სარჩელები ცილისწამების შესახებ, რომელთა მიზანიც არის არა პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის დაცვა, არამედ აქტიური მოქალაქეების გაჩუმება და მათთვის ფინანსური ბარიერების შექმნა.

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" 2023 წლის ანგარიშის - "SLAPP საქმეები საქართველოში, ახალი საფრთხე მედიის თავისუფლებისთვის" მიხედვით, კრიტიკულად განწყობილი მედიების და უფლებადამცველების წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი სარჩელების რაოდენობა ბოლო წლებში გაიზარდა. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი საქალაქო სასამართლოში დაკმაყოფილდა, სააპელაციო სასამართლომ კი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებები ძალაში დატოვა. დღევანდელი მონაცემებით SLAPP სასამართლო დავების რაოდენობამ 41-ს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ სარჩელთა უმეტესობის ადრესატი სამი კრიტიკული მედია: “მთავარი არხი”, “ტვ პირველი” , ”ფორმულა” და მათი ჟურნალისტები არიან.

2024 წლის ერთ-ერთ SLAPP სასამართლო დავად "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" სწორედ „ტელეკომპანია პირველისა“ და სოფო ნიაურის წინააღმდეგ სასამართლოში წარდგენილ ალექსანდრე ჭიკაიძის სარჩელს მიიჩნევს. 

"ტელეკომპანია პირველის" ადვოკატის, ვასილ ჟიჟიაშვილის განმარტებით, სარჩელი ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ არის აღძრული. ეს ნიშნავს, რომ ის პოლიტიკურად გავლენიანი პიროვნებაა, სამიზნედ კი სწორედ ისეთი ტელეკომპანიაა არჩეული, რომელიც კრიტიკული ხედვებით არის ცნობილი. 

"საყურადღებოა ისიც, რომ მსგავსი ტიპის სარჩელები საკმარისად მომრავლდა ბოლო პერიოდში, რაც მიუთითებს გავლენიანი პოლიტიკური ფიგურების მიერ აღძრული სარჩელების კამპანიურობასა და მცდელობაზე, მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიაყენონ კრიტიკულ მედიას. გარდა ამისა, ალექსანდრე ჭიკაიძე "ტვ პირველისგან" მორალური ზიანის ანაზღურების სახით 100 000 ლარს ითხოვს, რაც აშკარად არაპროპორციული თანხაა. საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკით, ცილისწამების საქმეებზე მოსარჩელის მიერ დავის მოგების შემთხვევაში გავრცელებული ცნობების უარყოფა ხდება, მორალური ზიანის ანაზღაურების მიზანი კი სულიერი განცდებისა და ტანჯვის შემსუბუქებას უნდა ემსახურებოდეს. ამის საპირისპიროდ, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე ალექსანდრე ჭიკაიძის წარმომადგენლებმა არაერთხელ გააჟღერეს, რომ "ტვ პირველსა" და მის ჟურნალისტზე 100 000 ჯარიმის დაკისრებით მედიები და მათი ჟურნალისტები “ჭკუას ისწავლიან” და სამომავლოდ მსგავს სიუჟეტებს აღარ გააკეთებენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ალექსანდრე ჭიკაიძის სარჩელის რეალური მიზანი არა მისი პირადი ცხოვრებისა და საქმიანი რეპუტაციის დაცვა, არამედ კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების გაჩუმებაა, რაც საკმარისი პირობაა საქმის SLAPP-ად კვალიფიცირებისთვის", - ამბობს "მედიაჩეკერთან" საუბრისას ვასილ ჟიჟიაშვილი.

"ტელეკომპანია პირველის" ახალი ამბების სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის განცხადებით, მათი გადაცემა სამიზნეში ჰყავთ ამოღებული, რადგან მათ მიერ მოძიებულმა ფაქტებმა და რეპორტაჟებმა დიდი ხმაური გამოიწვიეს.

"მთავრობამ, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ ჩვენი გადაცემა აღარ არსებობდეს, გამომდინარე იქიდან, რომ რეიტინგი და შესაბამისად, გავლენა ძალიან მაღალი გვაქვს. მაგალითად, ისტორია იყო ასეთი: ჩვენ გვქონდა დადასტურებული ინფორმაცია, რომ ექსპრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მამას ჰქონდა ბიზნესი, რომელიც სხვის სახელზე იყო გაფორმებული. ამ თემაზე მოვამზადეთ ჟურნალისტური გამოძიება. მათ გვიჩივლეს და მოითხოვეს ჩემი და გამოძიების ავტორის საბანკო, სახელფასო ანგარიშებისა და საცხოვრებელი ბინების დაყადაღება, როგორც უზრუნველყოფის ღონისძიება. ამის უფლება სინამდვილეში არ ჰქონდათ. ეს მოთხოვნა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. ამასობაში, მოულოდნელად ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ქარხანა, რომელზეც გვქონდა ის ჟურნალისტური გამოძიება მომზადებული, ნამდვილად გადაფორმდა ღარიბაშვილის მამაზე. ახლა ეს საქმე, უკვე 3-4 წელია თაროზეა შემოდებული. გააჩერეს, რადგან ახლა, ცხადია, აღარ აწყობთ ამ საქმის გახმაურება. სამაგიეროდ მოძებნეს სხვა საქმეები და ახლა იმათზე დაიწყეს ინტენსიურ რეჟიმში სასამართლო პროცესები. ახლა უკვე საქმის შესვლიდან პროცესების ჩანიშვნამდე, რეკორდულად მოკლე დროში აკეთებენ ყველაფერს, როდესაც სხვა შემთხვევებში მსგავს საქმეებს 4-5 წელს ანდომებენ".

"მედიის ადვოკატირების კოალიციის" თავმჯდომარის, მამუკა ანდღულაძის შეფასებით, ეს ორგანიზებული ხასიათი ცალსახად მიუთითებს, რომ მომჩივანთა ამოსავალი წერტილი საკუთარი უფლებების აღდგენა კი არა, არამედ ჟურნალისტების დაშინება, ფსიქოლოგიური და ფინანსური წნეხი, რეპუტაციული დაზიანება და თვითცენზურის გაზრდაა.

"სტატისტიკა არის საინტერესო. მსგავსი საქმეები ცილისწამებასთან დაკავშირებით, როგორც წესი, წლების განმავლობაში განიხილება. ხოლო ეს, ჩვენ მიერ იდენტიფიცირებული, როგორც SLAPP საქმეები დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ სახეზე გვაქვს კანონმდებლობის არასწორი ინტერპრეტირება. კანონში მტკიცების ტვირთი, როდესაც საქმე ცილისწამებას ეხება, მოსარჩელეზეა. ეს სპეციალურად არის გაწერილი, რომ  ჟურნალისტის დაცულობის მაღალი ხარისხი შევინარჩუნოთ. აგრეთვე, როდესაც კერძო პირი რომელიმე რეპორტაჟის გამო ტელეკომპანიას უჩივის, მოპასუხე ტელეკომპანიის მესაკუთრეა და არა კონკრეტული ჟურნალისტი. ესეც სრულიად შეგნებულად იყო გაწერილი "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონში, როგორც დამატებითი ჩამკეტი დაცვის მექანიზმი.  სამწუხაროდ, ორივე ეს პრაქტიკა იცვლება, კანონს არ გიცვლიან, მაგრამ ცვლიან პრაქტიკას. ახლა მტკიცების ტვირთიც ჟურნალისტზეა, მოპასუხეც ჟურნალისტი და არა მედიის მფლობელია. ეს ყველაფერი არის ორგანიზებული მოქმედება კრიტიკული აზრის გამოხატვის წინააღმდეგ, რაც თვითცენზურის საფრთხეებს ქმნის", - ამბობს მამუკა ანდღულაძე "მედიაჩეკერთან" საუბრისას.

"მედიის ადვოკატირების კოალიციის" თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში საუბარი საჯარო მოხელეებზეა, რომელთაც თმენის ვალდებულება აქვთ. 

"სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონი კი მკაფიოდ განასხვავებს  საჯარო და კერძო პირს, მათ შორის ცილისწამებასთან დაკავშირებულ საქმეებზე. მტკიცების ტვირთი ყოველთვის უფრო მაღალია, როდესაც მომჩივანი საჯარო პირია, მისი როლისა და ფუნქციიდან გამომდინარე. როდესაც ასე ორკესტრირებულად მიმდინარეობს მაღალჩინოსნებისგან ჟურნალისტებზე სარჩელებით თავდასხმა, აქ ცალსახაა, რომ მიზანი არა შელახული უფლებების აღდგენა, არამედ მედიის დაშინებაა", - განაცხადა ანდღულაძემ.

"ტელეკომპანია პირველს" 2024 წლის 11 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში უჩივლა და გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათში“ გასული სიუჟეტის ცილისწამებად აღიარება მოითხოვა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახმა. სიუჟეტი შპს „ღარიბაშვილის მარანსა“ და ფრანგი ინვესტორის მიერ დაფუძნებულ კომპანიას შორის დადებულ იჯარის ხელშეკრულებას ეხებოდა. 

ყოფილი პრემიერ მინისტრის ოჯახის ადვოკატის, ამირან გიგუაშვილის მაშინდელი განმარტებით, მათი მიზანი კანონით დადგენილი წესით, ტელეკომპანიის მიერ ამ სიუჟეტის სიცრუედ აღიარებაა.

როგორც ნოდარ მელაძემ "მედიაჩეკერთან" საუბრისას განაცხადა, ხელისუფლებამ მაღალი ფინანსური კომპენსაციის მოთხოვნით ტელევიზიების წინააღმდეგ ახალი ტალღა დაიწყო. 

"პრაქტიკულად კრძალავენ ჟურნალისტის მიერ ფაქტების გაანალიზების შედეგად საავტორო გადაცემებში ვარაუდის გამოთქმას. ტერმინების - „სავარაუდოა", "შესაძლოა“ გამოყენების შემთხვევაშიც კი მე, როგორც ჟურნალისტს მზღუდავენ, გამიჩნდეს რამის ვარაუდი. ასეთია ღარიბაშვილის საქმე, რომლის მასალებიც ჯერ არ ჩაგვბარებია, მაგრამ ადვოკატის კომენტარით თუ ვიმსჯელებთ, ამ ახალი საქმის წარმოების მიზეზი ჟურნალისტის გამოთქმული ვარაუდი გახდა".  



ანტი-SLAPP საქმიანობა


ევროპარლამენტმა 2024 წლის დასაწყისში ანტი-SLAPP დირექტივა მიიღო, რომელიც მიზნად ისახავს, დაიცვას ჟურნალისტები და მედიასაშუალებები სასამართლოს ძალის ბოროტად გამოყენებისგან მათზე ანგარიშსწორებისთვის. 

დირექტივაში გაანალიზებულია SLAPP საქმეების გავლენა და მათგან თავდაცვის სამართლებრივი მექანიზმები. დირექტივის მე-9 მუხლი განსაზღვრავს სახელმწიფოების ვალდებულებასაც, შექმნან ისეთი კანონმდებლობა, რომლითაც SLAPP სარჩელების განსახილველად მიღებაზე უარის თქმა ადრეულ ეტაპზე იქნება შესაძლებელი. 

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" წარმომადგენელი, გიორგი დავითური "მედიაჩეკერთან" საუბრისას განმარტავს:

"SLAPP კანონმდებლობა ქმნის დამატებით გარანტიებს, რომ [ამ საქმეებს] სასამართლოები არ მიუდგნენ სტანდარტული სამართლებრივი მოცემულობით, როგორც უდგებიან ნებისმიერ ორ კერძო პირს შორის დავას. გაითვალისწინონ ის საჯარო ინტერესი, რასაც ჟურნალისტი ემსახურება და სარჩელის ინიციატორი მხარის ის ინტერესი, რომელიც, როგორც წესი, ლეგიტიმური საქმიანობისთვის ჟურნალისტის დასჯაა. ამისთვის ისინი სამართლიანი სასამართლოს უფლებას იყენებენ. ამ შემთხვევაში ამის გათვალისწინება ნიშნავს იმას, რომ განსახილველად მიღებამდე თუ მიღების შემდეგ, მსგავსი უსაფუძვლო სარჩელებით, რომელიც შეტანილია არა იმისთვის, რომ საკუთარი შელახული უფლებები დაიცვან, არამედ იმისთვის, რომ დასაჯონ ჟურნალისტი, მათ ამის საშუალება არ მისცენ".

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" იმ ანტი-SLAPP პლატფორმის წევრიც არის, რომელიც საქართველოში 2023 წელს დაარსდა. მისი მიზანი SLAPP საქმეებიდან მომდინარე საფრთხისგან მედიის, უფლებადამცველებისა და სხვა სუბიექტების დაცვა და გაძლიერებაა. 

"თუკი ევროპაში SLAPP საქმეების მიზანი მთავრდება იმ ეტაპით, რომ ჟურნალისტს დააკარგვინოს რესურსები, საქართველოში თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ სასამართლო ხელისუფლების მიუკერძოებლობის ნაკლებობის გამო, ეს SLAPP საქმეები ხშირად კმაყოფილდება. მარტივად რომ ვთქვათ, მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირები ან თავად პარტიის წევრები და მათი ოჯახის წევრები სასამართლოს მეშვეობით აღწევენ თავიანთ მიზანს, დასაჯონ ჟურნალისტი. ჩვენი პლატფორმის სტრატეგია და ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის ცნობიერების ამაღლება, ცოდნის გაზრდა ადვოკატებსა და იურისტებში, რომ მსგავსი საქმეები, სადაც იკვეთება არა სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობა, არამედ ამ უფლების ბოროტად გამოყენება და ჟურნალისტის დასჯის მცდელობა, იდენტიფიცირებული იყოს და შესაბამისი რეაგირება ჰქონდეთ". 

ხვალ, 24 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამზადებელი სხდომა გაიმართება კიდევ ერთ იმ საქმეზე - "გიორგი კაპანაძე 4 მედიასაშუალებისა და 8 ჟურნალისტის წინააღმდეგ", რომელსაც "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივი" ასევე SLAPP სარჩელად მიიჩნევს.
კატეგორია: საქართველო


„მთის ამბების“ წაშლილი მასალების დიდი ნაწილი აღდგა. ონლაინ მედიის Facebook გვერდიდან დაახლოებით 200 ვიდეო და ტექსტუალური მასალა 2 დღის უკან წაიშალა. წაშლილი კონტენტი კორუფციასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე მომზადებულ საგამოძიებო ფილმებსა და კრიტიკულ რეპორტაჟებს მოიცავდა. 




„მთის ამბების“ მთავარი რედაქტორის, გელა მთივლიშვილის თქმით, „შაბათსავე facebook-ის  შუამავალი კომპანიის ერთ-ერთ წარმომადგენელთან, კონკრეტულ პერსონალთან კომუნიკაციისა და გუშინ, facebook-ის ოფიციალურ „საფორთთან“ (მხარდაჭერის ჯგუფი) კომუნიკაციის შემდეგ, წაშლილი მასალების დიდი ნაწილი უკვე აღდგა. დაგვპირდნენ, რომ წაშლილი მასალები სრულად აღდგება, რისი დიდი იმედიც გვაქვს".

მედიის facebook გვერდზე მისულ შეტყობინებაში მასალის წაშლის მიზეზად Meta-მ კიბერუსაფრთხოება დაასახელა. „როგორც ჩანს, თქვენ ცდილობდით სხვებისგან სენსიტიური ინფორმაციის შეგროვებას,“ - წერია შეტყობინებაში.

კონკრეტული კონტენტის წაშლის ზუსტი მიზეზი კი მთივლიშვილისთვის უცნობია. 

„ჩვენც გვსურს, წაშლის მიზეზი ვიცოდეთ, მაგრამ ჯერჯერობით პასუხი არ გვაქვს. კომუნიკაცია გვაქვს წერილობით ელექტრონული ფოსტის საშუალებით და მიზეზების შესახებ შეტყობინება ჯერ არ მიგვიღია. გვითხრეს, რომ მუშაობას აგრძელებენ და უფრო მეტ ინფორმაციას მოგვაწვდიან, თუმცა რას და როდის ჯერ არ ვიცით.

ყველა თემატიკის კონტენტი ნამდვილად არ წაშლილა. Რაც განცხადებაში გვქონდა და როგორც გვქონდა, ერთი მთავარი ეს იყო შოვი. Ანუ, სადაც სიტყვა შოვი ეწერა, იქნებოდა ეს სათაური, „დისქრიფშენი“ (აღწერა), ბმულში სიტყვის სახით თუ ა.შ. ყველაფერი წაიშალა“, - ამბობს ის „მედიაჩეკერთან“ საუბრისას.

„მთის ამბების“ მიერ გავრცელებული განცხადების პასუხად, facebook-ის ათობით მომხმარებელმა განაცხადა, რომ გამოცემიდან გაზიარებული პოსტები მათი პირადი გვერდებიდანაც გაქრა.

 

 

 


სხვადასხვა ორგანიზაციის facebook გვერდებიდან წაიშალა ის მასალებიც, სადაც „მთის ამბები“ იყო მონიშნული. მაგალითად, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის", სტუდია „მონიტორის“ და  საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის გვერდებიდან წაიშალა ის კონტენტი, სადაც შოვის ტრაგედიაზე მომზადებული საგამოძიებო ფილმით „მთის ამბები“ ფინალისტებსა და გამარჯვებულებს შორის იყო მონიშნული.

წაიშალა Movement EDU-ს მიერ მომზადებული ვიდეოც, სადაც „მთის ამბების“ რედაქტორი, გელა მთივლიშვილი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრობლემაზე საუბრობდა.



„აგროგარემო TV“ facebook გვერდზე წვდომას ვერ იბრუნებს


„აგროგარემო TV“-ის რედაქცია კი facebook გვერდზე გამოქვეყნებულ მასალებს ისევ ვერ აკონტროლებს.

„მედიაზე უცხო პირი თავად აქვეყნებს ახალ მასალებს ან მედიის მიერ მომზადებულ ძველ მასალებს აზიარებს. მედია Meta-თან კომუნიკაციას განაგრძობს", - წერს გამოცემა.



„აგროგარემო TV“-ის გუნდმაც facebook გვერდზე წვდომა 15 ივნისს დაკარგა. 

TOK TV-ის დამფუძნებლისა და „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორის, ნათია კუპრაშვილის განცხადებით, „აგროგარემო TV“-დანაც გარემოს დაცვასთან დაკავშირებული მასალები წაიშალა.

კუპრაშვილის თქმით, გვერდის დაბრუნება ვერ ხერხდება და მათგან დამოუკიდებლად მასზე მალაიზიური კონტენტი და ძველი მასალები ზიარდება.

„პოსტების წაშლის მიზეზი არ ვიცით…ას შემდეგ, რაც ჩვენი გვერდი წაიღეს, ძველი გადაცემებიდან გადმოიტანეს ლაივში პროგრამები, სადაც დიდი დოზით იყო ნინო წილოსანი. Როგორც ჩვენ ვხვდებით, ვიდეობის ნაწილი - მალაიზიური, ხოლო ნაწილი ჩვენივე კონტენტია… საპარლამენტო სხდომებზე, როცა მიმდინარეობდა მსჯელობა კლიმატის საკითხებზე და მათ შორის გამჭვირვალობის კანონზე, ეს კონტენტი ზიარდება ლაივში".

"რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორი „აგროგარემო TV“-ისა და „მთის ამბების“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს ერთმანეთს უკავშირებს.

„აგროგარემო“ შოვის საკითხებს ძალიან ინტენსიურად და თანმიმდევრობით აშუქებდა. ზოგადად, გარემოსდაცვით გადაწყვეტილებებში ჩართულობის პრობლემებს აშუქებს მუდმივად. ამავე მიმართულებით რამდენიმე საგამოძიებო ფილმიც გვაქვს მომზადებული. ვებგვერდზე კი გვაქვს წვდომა ჩვენს მასალებთან, მაგრამ მეტაზე ვერაფერს ვერ ვაკეთებთ“.





კატეგორია: საქართველო



„ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული კანონპროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ ლგბტ უფლებების გარდა, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასაც ითვალისწინებს.

19 კანონპროექტისგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის ბიურომ ოფიციალურად ორშაბათს, 10 ივნისს დაარეგისტრირა. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, მისი პირველი მოსმენით მიღება მიმდინარე წლის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე, ანუ 28 ივნისამდე იგეგმება, მეორე და მესამე მოსმენით კი საშემოდგომო სესიაზე [3 სექტემბერს იხსნება] მიიღებენ.

მმართველი პარტიის საკანონმდებლო პაკეტი ერთი ძირითადი კანონპროექტისა და მისგან გამომდინარე 18 მოქმედ კანონში შესატანი ცვლილებებისგან შედგება.

რა ინფორმაციის გავრცელებას ზღუდავს საკანონმდებლო პაკეტი?


ძირითადი კანონპროექტი ოფიციალური სახელწოდებით, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ 13 მუხლისგან შედგება და 11 საკითხს, მათ შორის ინფორმაციის გავრცელებას არეგულირებს.

მუხლი 8. ინფორმაციის გავრცელება

1. „დაუშვებელია მაუწყებლის მიერ თავისი ეთერით ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.

ეს აკრძალვა შემოქმედებითი ნაწარმოების მაუწყებლის ეთერში განთავსების შემთხვევაზე მოქმედებს მხოლოდ იმ ფარგლებში, რომ არ იქნეს დაშვებული ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ინტიმური ურთიერთობის ან ინცესტის ამსახველი სცენის მაუწყებლის ეთერით გავრცელება.

ამ პუნქტით დადგენილი აკრძალვის დარღვევა მაუწყებელს არ შეერაცხება, თუ ის შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებაზე ფაქტობრივ კონტროლს არ ახორციელებდა“.

2. „დაუშვებელია არასრულწლოვანისთვის მასთან პირდაპირი კომუნიკაციის განხორციელების გზით ისეთი ინფორმაციის (მათ შორის, ისეთი შემოქმედებითი ნაწარმოების) მიწოდება (გაზიარება) ან/და ისეთი ინფორმაციის (მათ შორის, ისეთი შემოქმედებითი ნაწარმოების) ხელმისაწვდომობის შესაძლებლობის შექმნა, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ“.

3. „დაუშვებელია ისეთი რეკლამის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. ამ აკრძალვის დარღვევა სუბიექტს არ შეერაცხება, თუ ის შესაბამისი რეკლამის გავრცელებაზე ფაქტობრივ კონტროლს არ ახორციელებდა“.


ცვლილებები უკვე მოქმედ კანონებში

ძირითადი კანონპროექტის მე-8 მუხლიდან გამომდინარე ცვლილებები შევა „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონებსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. 

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის [შინაარსობრივი ვალდებულებები] პირველ პუნქტს დაემატება "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის 1-ელი ნაწილი, რეკლამის აკრძალვასთან დაკავშირებული ჩანაწერი 63-ე მუხლს დაემატება. ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დასაცავად კი 59² მუხლი გაჩნდება.

ჯარიმები

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის ჯარიმებსაც ითვალისწინებს.

კანონით აკრძალული რეკლამის გავრცელება "გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო იურიდიული პირისა − 2 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით“.

ინფორმაციის გავრცელება კი - "გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო იურიდიული პირისა − 3 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით". 



საქართველოს საკანონმდებლო ბაზით ნებისმიერი ტიპის სქესობრივი სცენების მაუწყებლის ეთერით გადაცემის უკვე რეგულირებაზე ამახვილებს ყურადღებას „მედიაჩეკერთან“ საუბრისას ტელეკომპანია „მთავარი არხის“ იურისტი, თამთა მურადაშვილი.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში, „მაუწყებელთა ქცევის კოდექსსა“ და „ბავშვის უფლებათა კოდექსში“ დეტალურად გაწერილი წესები და სამაუწყებლო პროგრამათა კლასიფიკაციის კრიტერიუმები ნებისმიერი ტიპის სქესობრივი სცენის ეთერით გადაცემას არეგულირებს და პრაქტიკულად შეუძლებელიცაა ნებისმიერი ინტიმური კავშირის სცენების გადაცემა და ეს ცხადია, ემსახურება არასრულწლოვანთა დაცვას და მაუწყებლები ამ კანონებს იცავენ.

მაგრამ, პარლამენტი თავად აკეთებს აქცენტს კონკრეტულად ერთსქესიანთა ინტიმური კავშირისა და ინცესტის სცენაზე და თანაც, ამას ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის სახელს არქმევს. ამიტომ, რჩება შთაბეჭდილება, რომ პარლამენტის ამ ინიციატივას პოპულისტური ხასიათი აქვს, თითქოს, ისინი ოჯახის ფასეულობების დამცველები არიან.

რომელ არხზე ნახა პარლამენტმა მსგავსი სცენები ან პოპულარიზაცია? რა საჭიროება დაინახა? ვერ ვიხსენებ მაუწყებელს, რომელიც მსგავსი სახის პროდუქციას უშვებს ეთერში, რადგან საქართველოში მოქმედი კანონები ისედაც არეგულირებენ ნებისმიერი ინტიმიური სცენების ეთერით გადაცემას“.





კანონპროექტისა და მისი დაანონსების რუსულ სტილზე საუბრობს მედია „აპრილის" თავმჯდომარე, ხატია ღოღობერიძე.

„მთლიანად, საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება ეს თუ საკანონმდებლო პაკეტი, მიმართულია ერთი მხრივ სიძულვილის გაღვივებისკენ და მეორე მხრივ, ალბათ, გათვლა არის, რომ უფრო მეტად შეიზღუდოს თემი, მედია და ამით ცდილობენ, რაღაც ქულების დაწერას წინასაარჩევნოდ.

კანონში ჩანაწერი ეხება მაუწყებლებს და ჩემთვის ამ ეტაპზე ცოტა გაუგებარია, კონკრეტულად რა ფორმით უნდა მოხდეს ამ სცენების ამოღება თუ დაფარვა, არ ჩანს და ალბათ, ამ ნაწილს შემდეგ დაამატებენ.

ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ იცოდეს, რომ ამ ჩანაწერის შედეგად, ჩვენ მივიღებთ დაცენზურებულ ფილმებს, სერიალებს, გადაცემებს და ლიტერატურას. ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ნაწარმოებს შეეხება ეს ჩანაწერი და იქნება ჩვეულებრივი ცენზურა, როგორც ეს იყო და არის რუსეთში"

ხატია ღოღობერიძის თქმით, ეს კანონი ლგბტ თემსა და მათი გაშუქების საკითხს ცალკე გამოყოფს.

„თუ კანონის მიზანია, დაიცვას არასრულწლოვნები, მაშინ მე მიჩნდება კითხვა - რა საჭიროა კანონში სექსუალური ორიენტაციის მითითება. ანუ, თუ ბავშვებს არ ვაჩვენებთ ინტიმურ ურთიერთობებს, არ ვაჩვენებთ მაგალითად, ქვიარ წყვილისას და ვაჩვენებთ ჰეტეროსექსუალი წყვილისას? ანუ, ჰეტეროსექსუალი წყვილის ინტიმური ურთიერთობების ჩვენება ნორმალურია?

„აპრილის“ თავმჯდომარის განმარტებით, Კანონში უკვე არსებული ჩანაწერით არასრულწლოვნებს ინტიმური ურთიერთობების სცენებთან ხელი ისედაც არ მიუწვდებათ და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ ცვლილებების პროექტს გადახედავს, დარწმუნდება, რომ ეს პირდაპირ ლგბტ თემის უფლებებსა და გამოხატვის თავისუფლებას ეხება და მედიას ცენზურას უწესებს.

„ინტიმურ ურთიერთობაში გულისხმობენ სექსუალურ ურთიერთობას, თუ გულისხმობენ მაგალითად, კოცნას? Როგორ გამიჯნოს ეს მედიამ? ძალიან ბუნდოვანია ეს ჩანაწერი. შესაბამისად, კანონის აღმასრულებელს ძალიან ფართო უფლებამოსილებებს აძლევს, რომ განმარტოს ისე, როგორც მას კონკრეტულ შემთხვევაში მოესურვება და გაზარდოს ტვირთი, რომელიც მედიას ისედაც აქვს რუსული კანონიდან და იმ წნეხიდან გამომდინარე, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან იღებენ“, - ამბობს ღოღობერიძე "მედიაჩეკერთან" საუბრისას.

TOK TV-ის დამფუძნებლისა და „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორის, ნათია კუპრაშვილის შეფასებით, ეს Მორიგი პრობლემური კანონია და თუ დავაკვირდებით, ბოლო პერიოდში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ყველა ცვლილება შინაარსობრივ რეგულაციასა და ჯარიმას ითვალისწინებს. 

„ეს არ არის პრობლემური კანონი მხოლოდ მედიასთან დაკავშირებით. ის თავისუფლად ვრცელდება ყველა ადამიანზე, ვინც შეიძლება პირდაპირი კომუნიკაციის დროს რამე ისეთი გააზიაროს, რაც ძალიან ბუნდოვანია ჩანაწერების დონეზე. რას ნიშნავს ვთქვათ, ერთი სქესის ადამიანებს შორის ინტიმური ურთიერთობის ამსახველი სცენა ან რაიმე ტიპის პოპულარიზაცია…მაგალითად, ძალიან მიყვარს ენძელა მაჭავარიანის ფოტო ცისარტყელის ქოლგით. ამ ფოტოს გაზიარებისთვის პირდაპირ კომუნიკაციაში ფიზიკურ პირებს შეიძლება დაეკისროთ  ჯარიმა. ასევე, ასეთი შინაარსის გაზიარებისას მედია შეიძლება დასანქცირდეს. ლამის ცისარტყელა გახდეს პრობლემური კადრში, ისეთი ტიპის ჩანაწერია. Შესაბამისად, ეს მედიისთვის და არამხოლოდ მედიისთვის პირდაპირ ცენზურის დაკანონებაა“.

ნათია კუპრაშვილი კანონპროექტის იმ ჩანაწერზეც საუბრობს, რომლის მიხედვითაც, მაუწყებელი კანონს არ არღვევს, თუ მას შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებაზე ფაქტობრივი კონტროლი არ აქვს.

„როგორი ტიპის ინტიმური სცენა შეძლება, არსებობდეს პირდაპირ ეთერში, ვერ გეტყვით. თითქოს, დიდი შეღავათია მედიისთვის, რომ მაგ ნაწილში არ ასანქცირებენ“.

TOK TV-ის დამფუძნებლისა და „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორის შეფასებით: „ეს უკვე ნიშნავს, თუ რამდენად რეპრესიული ხდება ზოგადად კანონმდებლობა მედიის მიმართ. აღარაფერს ვამბობ რუსულ კანონზე, რომელიც ასევე მიღებულია და თითოეულ მედიასაშუალებას 20 დღის ინტერვალით 55 000 ლარიანი ჯარიმით ემუქრება მარტო იმიტომ, რომ აგენტისა და უცხო ძალის ინტერესების გამტარებლის სახელს არ დაირქმევს“.







„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წარმომადგენლის
, თამთა მიქელაძის შეფასებით, ეს საკანონმდებლო ინიციატივა თავისი ლოგიკით ფაშისტური შინაარსისაა და ლგბტ ადამიანების მიმართ მტრულ სამართლებრივ მოწესრიგებას ქმნის, რომელიც მათთვის საბაზისო, პირად, ოჯახურ და  პოლიტიკურ უფლებებს აუქმებს.

„თუმცა,ამ კანონის გავლენა არ აისახება მხოლოდ ლგბტ ადამიანებზე.მას მძიმე გავლენა ექნება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებასა და აკადემიურ თავისუფლებაზე, რადგან ის ძალიან ფართო კონცეფციებით, გამოხატვის შინაარსობრივ ჩარევასა და რეგულირებას ახდენს.

ის ერთი მხრივ, შემოიტანს ისეთ ბუნდოვან ტერმინებს, როგორიცაა: პოპულარიზაცია ან პროპაგანდა და ერთსქესიანთა ცხოვრება. შინაარსი თუ რა შეიძლება გავიგოთ ამ ტერმინების უკან, Ძალიან ბუნდოვანია“.

როგორც თამთა მიქელაძე „მედიაჩეკერთან“ საუბრისას ამბობს, ამ ცვლილებებით გათვალისწინებული სეკუნდები, რომელიც რეკლამის, მაუწყებლის, შეკრების თავისუფლების, განათლებასთან დაკავშირებული ნორმების მოწესრიგებას ეხება, ცენზურის აკრძალვის კონსტიტუციურ პრინციპს მკვეთრად ეწინააღმდეგება.

„საკანონმდებლო ნორმების განხილვის დროს საუბარი იყო იმაზე, რომ მოხდება მონიტორინგი და შესაბამის მედიასაშუალებებს დაევალებათ ამგვარი გამოხატვის აკრძალვა და არგაშვება, რაც მთელი რიგი ფილმების, ტექსტებისა თუ სხვადასხვა ტიპის შინაარსების აკრძალვას გამოიწვევს და მისი გავრცელების შემთხვევაში, კანონი სხვადასხვა სუბიექტისთვის სამართლებრივ პასუხისმგებლობებსაც ითვალისწინებს. პასუხისმგებლობის ეს მასშტაბიც საკმაოდ მძიმე და რეპრესიულია. ცხადია, რომ გამოხატვის თავისუფლებისთვის ამგვარი პასუხისმგებლობების დაკისრება, რომელიც მაღალ ჯარიმებს ითვალისწინებს და ქმედების განმეორების პირობებში, მის კრიმინალიზებას უშვებს, გაუმართლებელი და მასში არაპროპორციული ჩარევაა.

ამ კანონს მედიისთვის ნადვილად ექნება ცენზურის ფუნქცია, რომელიც მთავრობას მთელ რიგ შინააარსებზე თვითნებური ჩარევისა და მძიმე რეაგირების ბერკეტებს აძლევს. სწორედ ამის გამო, მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ის ხელისუფლების მხრიდან შინაარსის კონტროლისა და ცენზურის დაწესების ტოტალიტარულ ინსტიქტებს აჩვენებს".



კონსტიტუციური ცვლილებები


ამ ახალი კანონპროექტისა და მისგან გამომდინარე ცვლილებების დაინიციირებამდე, „ქართულმა ოცნებამ“ დაახლოებით 2 თვის წინ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტები დააინიიცირა და თბილისის გარდა, საქართველოს 10 ქალაქში საყოველთაო-სახალხო განხილვებიც გამართა.

ამ განხილვების საორგანიზაციო კომისია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობდა, დედაქალაქში 16 მაისს მხოლოდ რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და ამით მუშაობა დაასრულა. 

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ამ კომისიამ ყველა მასალა იურიდიულ საქმეთა კომიტეტს გადასცა, რომელიც უკვე საკონსტიტუციო პროცესს გააგრძელებს და იქნება საკომიტეტო და შემდეგ უკვე პლენარულ სხდომაზე განხილვაც.

პაპუაშვილის თქმით, კონსტიტუციურ ცვლილებას კვალიფიციური უმრავლესობა - ხმების ¾ სჭირდება. აღსანიშნავია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად საკმარისი ხმების არ არსებობის მიუხედავად, ეს პროცესი მაინც დაიწყო. 

გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტიც ითვალისწინებს. კერძოდ, კანონპროექტის პირველი მუხლის, მე-7 ნაწილით „აკრძალულია იმგვარი შინაარსის ნაწარმოების, პროგრამის ან სხვა მასალის გავრცელება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული“.


რუსული გამოცდილება


„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მსგავსად, რუსეთში „ლგბტ პროპაგანდის“ ამკრძალავი ჰომოფობიური კანონიც არსებობს.

2013 წელს მიღებულმა „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდისგან“ არასრულწლოვნების დაცვის შესახებ კანონმა რუსეთში საბოლოოდ ისეთი სახე მიიღო, რომ აკრძალვა შეეხო ყველაფერს: სოციალურ ქსელებს, მედიას, კინოს, რეკლამას და დაწესდა ცენზურა.

ვენეციის კომისიამ რუსეთში, უკრაინასა და მოლდოვაში მიღებული მსგავსი კანონები „ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვის შესახებ“ 2013 წელს ერთობლივად განიხილა და სისტემურ სამართლებრივ ხარვეზებზეც მიუთითა.

რუსეთში გამოცემული იტალიელი რეჟისორისა და პოეტის, პიერ პაოლო პაზოლინის ბიოგრაფიული წიგნი - "პაზოლინი. მოკვდე იდეისთვის", რომელსაც ცენზურა ეეხო.


კატეგორია: საქართველო


პარლამენტარი ვიქტორ ჯაფარიძე, ვისთან შელაპარაკების გამოც მოქალაქე გუშინ აეროპორტში დააკავეს, POSTV-ის 52 %-იანი წილის მფლობელია. 

მარიამ წიწიკაშვილმა რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატს უთხრა, რომ კანონისთვის ხმის მიცემის გამო უნდა რცხვენოდეს.

„საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ განცხადებით, „[მარიამმა] შენიშვნა დააფიქსირა სიტყვისა და გამოხატვის უფლებების ფარგლებში, უცენზურო და შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოყენების გარეშე…დეპუტატის წინაშე მისი საქმიანობის გამო უკმაყოფილების დაფიქსირების წვრილმან ხულიგნობად ინტერპრეტირება არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს და წარმოადგენს მზარდი ავტორიტარიზმისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს“.

წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დაკავების შემდეგ, წიწიკაშვილის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინვე დაიწყო, თუმცა, პროცესი გადაიდო.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვიქტორ ჯაფარიძეს რუსული კანონის მხარდაჭერის გამო მოქალაქეები საჯარო სივრცეში უპირისპირდებიან. 

 

ჯაფარიძე და  POSTV


საჯარო რეესტრის მონაცემებით, რუსული კანონის მხარდამჭერმა დეპუტატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ POSTV-ის საკონტროლო წილი 2022 წლის 3 ოქტომბერს ჯამში 520 000 ლარად იყიდა.

ჯაფარიძემ ნუგზარ რუხაძის, ზვიად ბლიაძის, ანა შენგელიას, ვახტანგ კომახიძის სრული და თემურ ჭარელაშვილის 4%-იანი წილები "ხალხის ძალაში" გაერთაინების შემდეგ შეისყიდა. 24-24%-იანი წილები დარჩათ შალვა რამიშვილსა და თემურ ჭარელაშვილს.

POSTV-ის "ხალხის ძალის" მხარდაჭერა ღიად აქვს გაცხადებული.


ჯაფარიძისა და მისი ოჯახის დეკლარირებული ქონება


ვიქტორ ჯაფარიძის მიერ შევსებული ბოლო, 2023 წლის ონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიხედვით, დეპუტატს მესტიაში მემკვიდრეობით მიღებული 8 მიწის ნაკვეთი, კომერციული ფართი და საცხოვრებელი სახლი აქვს.

ჯაფარიძისა და მისი მეუღლის მფლობელობაშია რამდენიმე კომპანიის აბსოლუტური და მნიშვნელოვანი წილები და უძრავი ქონება თბილისში.

2013 წელს დეპუტატმა $180 000-ად იყიდა 131,5 კვ.მ ბინა თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე. მის საკუთრებაში არ არის ავტომობილი, თუმცა, $20 000-ად ნაყიდი ml ჰყავს მის მეუღლეს, ნათია ხვისტანს.

ვიქტორ ჯაფარიძემ მიმდინარე წლის 16 აპრილს 30 000 ლარი შესწირა „ხალხის ძალას“. 2012-2017 წლებში კი "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის" 120 000 ლარი აქვს შეწირული. 


როგორ ავსებს ქონებრივ დეკლარაციებს ვიქტორ ჯაფარიძე?


„ფლანგვის დეტექტორის" კვლევის - "ხალხის ძალის" არაკეთილსინდისიერი წევრები" მიხედვით, ვიქტორ ჯაფარიძე ქონებრივ დეკლარაციებს არაკეთილსინდისიერად ავსებს და მონაცემებს არასრულად ყველაზე ხშირად ადეკლარირებს. 

ორგანიზაციის შეფასებით, შესაბამისი ბერკეტი [საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ დაჯარიმება] არც ისე წარმატებულად მუშაობს ვიქტორ ჯაფარიძის შემთხვევაში, რადგან ის წლიდან წლამდე არღვევს ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციის შევსების წესს და არასრულ მონაცემებს ადეკლარირებს.

“ფლანგვის დეტექტორმა” მოძრაობა “ხალხის ძალის” წევრთა დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები საჯარო სამსახურის ბიუროსგან გასულ წელს გამოითხოვა. 

ბიუროს მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ვიქტორ ჯაფარიძის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები ოთხჯერ: 2018, 2019, 2020 და 2022 წლებში შემოწმდა. ოთხივე შემთხვევაში ბიუროს შეფასება უარყოფითი იყო და რამდენიმე მნიშვნელოვან ხარვეზს შეიცავდა.

საჯარო სამსახურის ბიუროს დასკვნით, ოთხივე შემთხვევაში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა/ხარვეზი ვიქტორ ჯაფარიძის მიერ უძრავი ქონების არასრულ აღრიცხვასთან იყო დაკავშირებული.

მაგალითად, თუ ერთმანეთს შევადარებთ 2018 და 2019 წლის დეკლარაციებს, თვალსაჩინოა, რომ ჯაფარიძეს უძრავი ქონება სრულად არ აქვს ასახული. გარდა იმისა, რომ 2019 წლიდან დეკლარაციაში აღარ არის მოხსენიებული შვილი, ეკატერინე ჯაფარიძე და მისი უძრავი ქონება, ამავე დეკლარაციაში ვეღარ ვხვდებით ჩანაწერს ვიქტორ ჯაფარიძის უძრავ ქონებაზე, რომელიც მან 2002 წელს 26,300 აშშ დოლარად შეიძინა. ბინა თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე მდებარეობდა. 

ასევე, საინტერესოა მესტიაში, სეტის მოედანზე მდებარე მიწის ნაკვეთის შემთხვევაც, რომელიც ვიქტორ ჯაფარიძემ მემკვიდრეობით მიიღო. 2018 წლის დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ აღნიშნული ნაკვეთი ჯაფარიძეს 2013 წელს გადაეცა მემკვიდრეობით და მისი ფართობი 693 კვ.მ იყო. 2019 წლის დეკლარაციაში კი, სავარაუდოდ, საუბარია იგივე მიწის ნაკვეთზე, თუმცა მემკვიდრეობით გადაცემის თარიღად 2011 წელია მითითებული, ფართობი კი 692 კვ.მ-ს შეადგენს. სავარაუდოა, რომ საუბარია ერთი და იგივე მიწის ნაკვეთზე, თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, თუ დავუშვებთ, რომ სხვადასხვა ნაკვეთი არის აღრიცხული, ფაქტია, რომ 2019 წლის დეკლარაციაში წინა წლის ქონებრივი მდგომარეობა სრულად არ არის აღრიცხული. 

განსხვავებულია 2019 და 2020 წლის დეკლარაციებიც. მაგალითად, 2020 წლის დეკლარაცაში ჩნდება ახალი ჩანაწერები ჯაფარიძის მეუღლის, ნათია ხვისტანის სახელზე. თუკი 2019 წელს მის სახელზე მხოლოდ ბინა და სხვენი ფიქსირდებოდა, 2020 წლის დეკლარაციაში ჩანაწერი გაჩნდა 1995 წელს შეძენილ ბინაზეც, რომელიც მანამდე არსად ფიქსირდებოდა. 

2022 წლის დეკლარაციაში ასახული ქონებრივი მდგომარეობა ასევე საკმაოდ განსხვავებულია წინა წლების ქონებრივი დეკლარაციებისგან. 2022 წლამდე არსად ფიქსირდებოდა, რომ ვიქტორ ჯაფარიძემ 2010 წელს დაბა მესტიაში მიწის ნაკვეთი მემკვიდრეობით მიიღო. ასევე, ჩნდება ჩანაწერი 2018 წელს მემკვიდრეობით მიღებულ ორ მიწის ნაკვეთზე, რომლებიც მესტიაში სხვადასხვა ლოკაციაზე მდებარეობს. თუკი, წინა წლების ქონებრივი დეკლარაციებიდან გამქრალი იყო თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ბინა, რომელიც ჯაფარიძემ 2013 წელს შეიძინა, 2022 წლის დეკლარაციაში აღნიშნული ბინა კვლავ გამოჩნდა. 

გარდა იმისა, რომ წლების განმავლობაში ვიქტორ ჯაფარიძე უძრავ ქონებას არასრულად ასახავდა დეკლარაციებში, საჯარო სამსახურის ბიურო სხვა ხარვეზებზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მისი ოჯახის წევრებს უკავშირდება.

ბიუროს წერილით, 2018 წელს ასევე ხარვეზები გამოვლინდა თანამდებობის პირისა და მისი ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშების ნაშთებში. ასევე, თანამდებობის პირისა და მისი ოჯახის წევრების სამეწარმეო საქმიანობის აღრიცხვასა და შემოსავლებში. 

ვიქტორ ჯაფარიძემ 2019 წლის დეკლარაციაც ასევე არაკეთილსინდისიერად შეავსო. ხარვეზები კვლავ უძრავ ქონებასა და საბანკო ანგარიშებს უკავშირდება. 

იგივე პრობლემა განმეორდა 2020 წელსაც. ბიუროს შეფასებით, დეკალარაციაში ჯაფარიძის მიერ არსწორად იქნა მითიებული ინფორმაცია უძრავი ქონების, საბანკო დოკუმენტაციისა, თანამდებობის პირის ანაზღაურებისა და ერთჯერადი გასავალის შესახებ, რომლიც ოდენობაც 5000 ლარს აღემატებოდა. 

2022 წელს გამოვლენილი ხარვეზებიც ამჯერადაც უძრავ ქონებას, სამეწარმეო საქმიანობასა და საბანკო ანგარიშზე ერთჯერად თანხის ჩარიცხვას შეეხება, რომლის ოდენობაც 3000 ლარს აღემატება.

 
კატეგორია: საქართველო


Გუშინ, 9 ივნისს საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ეტაპზე ამხანაგურ შეხვედრაში მონტენეგროსთან იასპარეზა და მატჩი 3:1 გაიმარჯვებით დაასრულა.

საქართველო - მონტენეგროს ამხანაგური შეხვედრა თბილისის დროით 22:45 სთ-ზე დაიწყო.

 

Გატანილი გოლები და "იმედის" ქარდები

 

საქართველო - მონტენეგროს ამხანაგური Მატჩის დაწყებიდან მე-10 წუთზე (22:56) პირველი გოლი ოთარ კიტეიშვილმა გაიტანა და ტელეკომპანია „იმედმაც“ გოლის ამსახველი ქარდი დაახლოებით 6 წთ-ში (23:02) გამოაქვეყნა;

 

 

გიორგი მიქაუტაძის მეორე გოლზე „იმედმა“ ქარდი უფრო მალე, მისი გატანიდან (23:19) დაახლოებით 4 წთ-ში (23:23) გამოაქვეყნა;

 

საქართველო - მონტენეგროს ამხანაგური Მატჩის დაწყებიდან 66-ე წუთზე სტევან იოვეტიჩის გოლით ანგარიში 1:2 გახდა. 

 

83-ე წუთზე (00:26) კი გოლი ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა და მატჩი საქართველოს გამარჯვებით 3:1, ზივზივაძის გოლიდან დაახლოებით 10 წუთში დასრულდა. 

 

კიტეიშვილისა და მიქაუტაძის გოლებისგან განსხვავებით, ტელეკომპანია „იმედს“ ზივზივაძის გოლზე ცალკე ქარდი არ გამოუქვეყნებია.

 

საქართველო - მონტენეგროს ამხანაგური შეხვედრა თბილისის დროით 00:36-ზე დასრულდა. Მატჩის დასრულებისა და „გამარჯვების“ აღმნიშვნელი ქარდი „იმედმა“ 3 წთ-ში, 00:39 სთ-ზე გამოაქვეყნდა. აღსანიშნავია, რომ ამ Ქარდზე ინფორმაცია არასწორად იყო დატანილი, თითქოს, 3:1 ანგარიშით მატჩი მონტენეგროს გამარჯვებით დასრულდა. 

 

 

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გამარჯვების ქარდით "იმედმა" შეცდომა 38 წუთში, 01:17 საათზე გაასწორა.

 

 

ტელეკომპანიამ მალევე, 01:22 წუთზე საქართველო - მონტენეგროს ამხანაგური შეხვედრის ამსახველი ფოტოკოლაჟი შემდეგი აღწერით გამოაქვეყნა:

 

 

სწორედ ამ ფოტოკოლაჟში მოხვდა Ბუდუ ზივზივაძის ფოტოც და ინფორმაციაც მის გატანილ გოლზე. აღსანიშნავია, რომ "იმედმა" ეს კოლაჟი თამაშის დასრულებიდან დაახლოებით 46 წუთში (01:22) და ზივზივაძის გოლიდან დაახლოებით 56 წუთში გამოაქვეყნა.

 

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ავსტრიის საწვრთნელი შეკრება მონტენეგროსთან მატჩის დაასრულა. 

გერმანიაში ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისს დაიწყება, საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთთან, ჩეხეთსა და პორტუგალიასთან ერთად ითამაშებს.

ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების მატჩების კალენდარი ასეთია:

 

18 ივნისი, დორტმუნდი, „სიგნალ იდუნა პარკი“ | თურქეთი – საქართველო

22 ივნისი, ჰამბურგი, „ვოლკსპარშტადიონი“ | საქართველო – ჩეხეთი

26 ივნისი, გელზენკირხენი, „არენა აუფ შალკე“ | საქართველო-პორტუგალია

 
კატეგორია: საქართველო


5 ივნისს ონლაინ მედიამ ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრის, ბუდუ ზივზივაძის „ჯაფარას პოდკასტში" ნათქვამთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სხვადასხვა ქარდი გაავრცელა. 

„ჯაფარას პოდკასტში“ სტუმრობისას ზივზივაძემ სხვა საკითხებთან ერთად „სპორტსა და პოლიტიკაზეც“ ისაუბრა და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტებით გამოყენება შეაფასა. 

მოგვიანებით, ზოგიერთმა ონლაინ მედიასაშუალებამ სოციალური ქსელებიდან ფეხბურთელის სიტყვებთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ქარდები წაშალა და განმარტება გაავრცელა. 



ზივზივაძესთან ინტერვიუს შესაბამისი ნაწილი წარწერით - "მონაკვეთი ამოღებულია სტუმრის თხოვნით“ ამოიჭრა „ჯაფარას პოდკასტიდანაც“.


მედიის არჩევანი - რატომ წაშალა და დატოვა მედიამ ზივზივაძის ქარდები 


"ტაბულა" ერთ-ერთი ის მედიასაშუალებაა, რომელმაც ფეხბურთელის ციტატა საკუთარი გვერდიდან წაშალა. გამოცემის მთავარმა რედაქტორმა, ლევან სუთიძემ  ეს გადაწყვეტილება "მედიაჩეკერთან" ასე განმარტა:

„პირველ რიგში, წაშლის გადაწყვეტილება არ მიგვიღია ვალდებულების განცდით. გაშუქება იყო სრულიად ლეგიტმური. საპირისპიროს არც ციტატის ავტორი ამტკიცებდა.

ჩვენ მას კეთილსინდისიერად განვუმარტეთ, რომ სოციალური მედიიდან პოპულარული პოსტის წაშლა ამბის მიმართ მხოლოდ მეტი ყურადღების მობილიზებას იწვევს. ასევე ისიც, რომ წაშლა მხოლოდ სიმბოლური აქტია - ქარდი ჩამოწერილი და გაზიარებული ჰქონდა მრავალ ადამიანს.

წაშლის გადაწყვეტილება მივიღეთ მხოლოდ ამ განმარტებების მიცემის და, ასევე, მას მერე, რაც ბუდუ ზივზივაძისგან მივიღეთ ნებართვა, რომ "ტაბულას" მკითხველი ინფორმირებული იქნებოდა წაშლის მიზეზების შესახებ. ჩვენ წაშლიდან რამდენიმე წუთში გამოვაქვეყნეთ განმარტება, რომელიც თავისი პოლიტიკური მნიშვნელობით საზოგადოებისთვის ინფორმირებისთვის არანაკლები მნიშვნელობის დინამიკას აჩვენებდა.

არსებობდა ორი საჯარო ინტერესი - მათგან ერთი იყო ევროპის ჩემპიონატი, რასაც თავად ბუდუ ზივზივაძე ასახელებდა თხოვნის მიზეზად. ჩვენ ამ ინტერესის დაცვაც ვცადეთ.

საბოლოოდ საზოგადოება მეტად ინფორმირებული დარჩა,“ - განაცხადა სუთიძემ.

ბუდუ ზივზივაძის სიტყვებთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ქარდი წაშალა „პუბლიკამაც“. გამოცემის დირექტორის, ზურა ვარდიაშვილის თქმით, მედიასაშუალებამ ეს გადაწყვეტილება ფეხბურთელის თხოვნის საფუძველზე მიიღო. 

„წაშლის გადაწყვეტილების საფუძველი თავად ფეხბურთელის თხოვნა გახდა. ამ შემთხვევაში ვერ ვიტყვი, რომ ერთმანეთს საჯარო და ფეხბურთელის პირადი ინტერესი დავუპირისპირეთ და გადაწყვეტილება ისე მივიღეთ. უბრალოდ, როდესაც ადამიანი თვითონვე გამოხატავს სურვილს, რომ თავისივე ნათქვამი არ იყოს გავრცელებული და ეს ადამიანი, ამ დროს, არ არის პოლიტიკოსი და არც ისეთი ფიგურა, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკურ-საზოგადოებრივ თემატიკასთან, ჩავთვალეთ, რომ მისი თხოვნის გათვალისწინება შეგვეძლო.

მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებით თავად ფეხბურთელისთვის რაიმე კრახი მოხდა. თუ  მისი მიზანი იყო, რომ ეს ციტატები და ინფორმაცია გამქრალიყო ინტერნეტსივრციდან, ეს შეუძლებელია. ჩვენ, უბრალოდ, გავითვალისწინეთ მისი ინტერესი. არ ვფიქრობ, რომ მისი და საჯარო ინტერესები ერთმანეთს უპირისპირდებოდეს. ჩვენ არჩევანი გავაკეთეთ ფეხბურთელის ინტერესზე,“ - აღნიშნა ვარდიაშვილმა.

იმ მედიასაშუალებებს შორის, რომლებსაც ზივზივაძის სიტყვები არ წაშალეს, არის „ნეტგაზეთი“. გამოცემის მთავარი რედაქტორის, ნესტან ცეცხლაძის განმარტებით, კონტენტის წაშლასთან დაკავშირებით "ნეტგაზეთს" საკუთარი სარედაქციო პოლიტიკა და მათი ეს გადაწყვეტილებაც ამ პრინციპს ეფუძნება. 

„ჩვენთვის უშუალოდ ბუდუს არ მოუმართავს. ჩვენ მოგვმართმა ბუდუს დამ, მაგრამ ოჯახის წევრი ამ შემთხვევაში ჩვენთვის არ არის არგუმენტი. კონტენტის წაშლასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც ვხელმძღვანელობთ და ამ პრინციპს ეფუძვნება ჩვენი გადაწყვეტილებაც.

ფეხბურთელის ინტერესი ჩვენთვის არ ყოფილა ცხადი, რა არგუმენტით სურდა მას წაშლა. როგორც გითხარით, ჩვენი რედაქციისთვის უშუალოდ ბუდუს არ მოუმართავს. ჩვენი სარედაქციო წესებითა და პოლიტიკით, კონტენტს ვშლით იმ შემთვევაში, თუ ეს კონტენტი არასწორია, მყისიერ საფრთხეს უქმნის ამა თუ იმ ადამიანს და ა.შ. მაგრამ ამის შემდეგაც, წესის მიხედვით, რადგან ანგარიშვალდებული ვართ ჩვენი მკითხველისა და აუდიტორიის წინაშე, ვაკეთებთ განმარტებას, თუ რატომ წაიშალა აღნიშნული კონტენტი. 

ამის გამოცდილება გვაქვს და თუკი საჭიროება დადგება ნებისმიერ ადამიანთან ან კონტენტთან დაკავშირებით, ამ წესებით ვხელმძღვანელობთ. ანალოგიურად იქნებოდა ბუდუს შემთხვევაშიც - განვიხილავდით რა არგუმენტი ჰქონდა, რამდენად საკმარისი იქნებოდა ჩვენთვის, რომ მიგვეღო წაშლის გადაწყვეტილება და შემდეგ ამაზე ჩვენი მკითველი, რომლისთვისაც ვმუშაობთ, ჩაგვეყენებინა საქმის კურსში,“ - უთხრა "მედიაჩეკერს" ცეცხლაძემ.


კონტენტის წაშლის და არ წაშლის სტანდარტი - მედიაექსპერტების შეფასება


ზვიად ქორიძის შეფასებით, ონლაინ მედიის სტანდარტი, რომ მას რაც აღარ მოუნდება, გაანადგუროს, პრინციპულად მიუღებელია, მიუხედავად იმისა, რესპოდენტს თუ ვინმეს გაუჩნდება სურვილი, რომ ის გააქროს.

„თუ მე ვაქვეყნებ ინტერვიუს და ამ ინტერვიუში დავუშვი შეცდომა, ვალდებული ვარ, შეცდომა გავასწორო და მივუთითო, რატომ ვასწორებ და რა ტიპის შეცდომა დავუშვი. მკითხველს აქვს იმის უფლება, იცოდეს ეს ინფორმაცია და არა რესპოდენტს. რესპოდენტმა თავისი სამუშაო დაასრულა მაშინ, როცა მან ინტერვიუ მისცა. ამის შემდეგ მას ამ ინტერვიუზე წვდომის უფლება არ აქვს“.

ქორიძის თქმით, თუ ჩვენ ამ მიდგომას წავახალისებთ, ამით ხელს შევუწყობთ იმ მახინჯ ზომასა თუ სტანდარტს, რომ როცა ვიღაცას ინტერვიუ არ მოუნდება, ის წაგვაშლევინოს.

„ხშირ შემთხვევაში, შესაძლოა, რომელიმე ჯგუფისთვის მიუღებელი იყოს განცხადება, მაგრამ იძულებით ვერავინ აიღებდა ინტერვიუს ბუდუ ზივზივაძესგან და მან თავისი მოსაზრება ღიად გამოთქვა.

ინტერვიუს გამოქვეყნებამდე და არც შემდეგაც, მას არ ჰქონია პროტესტი. ბუნებრივია, საზოგადოების რეაქცია ამ ინტერვიუს მიმართ იქნებოდა, ეს გარდაუვალია, რადგან თემები, მოსაზრებები შეეხებოდა ძალიან აქტუალურ საზოგადოებრივ საკითებს, რომლის მიმართაც საზოგადოებრივი ერთობა ქვეყანაში არ არის, ამიტომ ვიღაცას ეს ინტერვიუ ძალიან მოეწონებოდა, ვიღაცას ძალიან არ მოეწონებოდა.

აქ ვითარების განმუხტვის მექანიზმი არ არის აღნიშნული ინტერვიუს გაქრობა. მას ვერ გააქრობ. ვინაიდან ის გავიდა საჯარო სივრცეში, ის ხდება საზოგადოების საკუთრება."

როგორც მედიაექსპერტი „მედიაჩეკერთან საუბრისას“ ამბობს, თუ რა მოჰყვებოდა ბუდუ ზივზივაძის კომენტარს, ყველაზე კარგად თავად ფეხბურთელმა იცოდა და ის ამ კომენტარს არ გააკეთებდა, მას რომ ეს არ ნდომოდა.

„შემდეგ, როდესაც ვიღაც შეწუხდა და ჩაერია ამ საქმეში, ვიღაცისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ეს რეპლიკა და გადაწყვიტა, რომ აღნიშნული ინტერვიუ გამქრალიყო. აქ საუბარი იმაზეა, რომ ჩვენ ვანხორციელებთ ცენზურას. მათ შორის, თუ ბუდუ პირადად უკავშირდება და ეუბნება, რომ ეს ინტერვიუ აიღე, მას ეს უფლება არ აქვს, ვინაიდან მან ეს ინტერვიუ უკვე მისცა და ეს არის მედიის და მომხმარებელი უფლებამოსილია, ეს ინტერვიუ ნახოს…ეს ძალიან პრინციპული საკითხია, ვინაიდან ასე, შეიძლება, ხვალ რომელიმე ონლაინ მედიასაშუალებამ ინტერვიუ ჩაწეროს პრემიერთან ან პარლამენტის თავმჯდომარესთან, შემდეგ მივიდეს პარლამენტის თავმჯდომარე და თქვას, რომ ეს ინტერვიუ, რომელიც მან მისცა, არის რეზონანსული, საზოგადოებრივი რეაქციები ისეთია, რომელიც მას არ მოსწონს და მოდი, ავიღოთ ეს ინტერვიუ და შენც აიღებ ამ ინტერვიუს. ამ შემთხვევაში, რა პოზიცია უკავია ამ ადამიანს, რა მნიშვნელობა აქვს. ის საჯარო ადამიანია, მან თავისი მოსაზრება გამოთქვა“.

ქორიძის თქმით, მან ვერსად ვერ ნახა ბუდუ ზიბზივაძის მკაფიოდ გამოხატული ნება, რომ მას სურდა, რომ ეს ინტერვიუ აღებული ყოფილიყო და თუ მან ამ ინტერვიუს აღება მოითხოვა, მაშინ სად არის სარედაქციო დამოუკიდებლობა.

„თუ ბუდუ ამას სხვა გარემოებების გამო ითხოვს, მაშინ ეს არის დამატებითი საფუძვლები იმისა, რომ ჟურნალისტმა კვლევა და გამოძიება ჩაატაროს, რაშია საქმე და როგორ შეიძლება ადამიანი იდევნებოდეს მისი თავისუფალი მოსაზრების გამო…მე ჩვენს პროფესიულ ვალდებულებებზე ვსაუბრობ. ჟურნალისტმა არ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება გამოამჟღავნოს მომხმარებლის, აუდიტორიის მიმართ, რომლისთვისაც მან ინტერვიუ აიღო და შემდეგ გააქრო. ანუ, მან ჩათვალა, რომ სამუშაო, რომელიც გასწია მომხმარებლების ინტერესების დასაკმაყოფილებლად, შემდეგ ეს ინტერესები სრულიად უგულვებელჰყო, სრული იგნორირება გაუკეთა აუდიტორიის ამ სურვილებს და დაუმალა მათ ეს ინტერვიუ. ეს არ არის ჟურნალისტური სტანდარტი“.

მედიაექსპერტის შეფასებით, ის ჟურნალისტისა და რედაქტორის პროფესიულ საქმიანობას განიხილავს და მიმაჩნია, რომ ასეთი დამოკიდებულება აუდიტორიის მიმართ არ შეიძლება.

„ეს არის ინტერვიუ, რომელიც ამ ადამიანმა აბსოლუტურად საღ გონებაზე, საღი გადაწყვეტილებით მისცა ჟურნალისტს და მას არ აქვს არავითარი უფლება ეს ინტერვიუ გააქროს. ეს რომ არ იყოს საჯარო პირი და არასაჯარო პირის რაიმე კომენტარი იყოს ჩაწერილი, მაშინ შეიძლება, სხვადასხვა კრიტერიუმით ვიხელმძღვანელოთ“.

მედიის ექსპერტი, ნინო დანელია კი „მედიაჩეკერთან“ საუბრისას ყურადღებას სახელმწიფოს მხრიდან ცენზურის გამოყენებაზე ამახვილებს. 

„მთავარი ამბავი ისაა, რომ ჩვენი ფეხბურთელები, ისევე როგორც ამ ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე, უნდა სარგებლობდნენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებით და ცხადია, უნდა იცხოვროს ქვეყანაში, სადაც სიტყვისა და გამოხატვის უფლება კონსტიტუციით გარანტირებულია და სრულიად დაუშვებელია ცენზურა, არა თუ სიმართლის და მართალი სიტყვის, რაც ბუდუს შემთხვევაში იყო, არამედ სრულიად მიუღებელი აზრისაც კი.

ის რაც ახლა მოხდა, არის უბრალოდ კიდევ ერთი ძალიან მკაფიო მაგალითი იმის, რომ სახელმწიფო იყენებს ცენზურას. ამ შემთხვევაში, ეს ცენზურა სრულიად უკანონოა და არღვევს მედიის თავისუფლებასაც და მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებასაც - თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი“.

როგორც დანელიამ აღნიშნა, ეთიკა არის ისეთი წესებისა და პრინციპების ერთობლიობა, რომელთა დაცვის შესახებ გადაწყვეტილება ინდივიდუალურია და თითოეულმა მედიაორგანიზაციამ გადაწყვეტილება სწორედ იმ პრინციპებიდან გამომდინარე, რაც პროფესიაში არსებობს და რა კონტექსტშიც უწევს ამა თუ იმ მედიაორგანიზაციას მუშაობა, თავად უნდა მიიღოს. 

„ჩვენ თუ შევხედავთ, როგორია ჩვენი მუშაობის კონტექსტი, აქვე შეგვიძლია, გავიხსენოთ პრინციპი - არ ავნო, რომელიც მედიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ფეხბურთელებს წინ აქვთ მატჩი და მთელი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ევროპის ჩემპიონატი, ეს კონტექსტიც გასათვალისწინებელია".

მედიაექსპერტის თქმით, ბოლო თამაშმა ანახა, რომ მთელი ქვეყანა ერთ გუნდად გადაიქცა და ეს იყო ჩვენი ქვეყნის გამარჯვებისთვის და ევროპული მომავლისთვის ბრძოლა. დანელიას შეფასებით, ამ თამაშსა და შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე გასვლას პოლიტიკურ-სპორტული კონტექსტი მიეცა.

"იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რომ ადამიანს წინ აქვს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაში, ძალიან ლოგიკური მგონია, რომ რიგმა მედია ორგანიზაციებმა გადაწყვიტეს, აეღოთ მისი თხოვნის შემდეგ ინტერვიუს ეს ნაწილი.

ასევე, ძალიან კარგად მესმის იმ მედიის გადაწყვეტილება, რომელმაც ეს არ გააკეთა. როდესაც ადამიანი არის საჯარო პირი, საზოგადოებრივი ინტერესი მის მიმართ ძალიან მაღალია. მითუმეტეს, მან თქვა ისეთი რამ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის.

სწორედ ამ მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, მედია ორგანიზაციამ გადაწყვიტა, რომ არ აეღო უკვე ნათქვამი და რასაკვირველია, ეს არ არის ეთიკის ნორმების დარღვევა.

რომ შევაჯამოთ, აქ არის ორი პრინციპის ერთობლიობა. მედიაორგანიზაცია რომელს მიანიჭებს უპირატესობას, იმის მიხედვით მიიღებს სარედაქციო გადაწყვეტილებას და ორივე შემთხვევა აბსოლიტურად მისაღებია პროფესიულადაც და პრინციპიდან გამომდინარეც,“ - აღნიშნა ნინო დანელიამ "მედიაჩეკერთან" საუბრისას.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ შესწორების სტანდარტის სახელმძღვანელო წესებით, ონლაინ მედიამ მასალა უნდა წაშალოს:


  • მასალა სრულად მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება წაიშალოს. მაგალითად მაშინ, როდესაც საჯარო ინტერესის არარსებობის შემთხვევაში ის ზიანს აყენებს, ლახავს სხვათა უფლებებს და განსაკუთრებით უხეშად არღვევს ეთიკურ სტანდარტებს.
  • მასალა შესწორების ნაცვლად როგორც წესი, მაშინ შეიძლება წაიშალოს, როდესაც მხოლოდ თქვენ ხართ ინფორმაციის გამავრცელებელი ერთადერთი ღია წყარო. თუკი ინფორმაცია სხვების მიერაც არის გავრცელებული, მაშინ ჩამოხსნის ნაცვლად იმავე ბმულზე შესწორება სჯობს.
  • მასალის წაშლის შემთხვევაში სასურველია რედაქციამ ახსნას ამ გადაწყვეტილების მიზეზი.
  • თუკი მომდევნო დღეებში გამოიკვეთა მნიშვნელოვანი დეტალები, რაც არსობრივად ცვლის წინა დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს აუდიტორია, უმჯობესია ცალკე მომზადდეს ახალი მასალა, უკვე გამოქვეყნებულ სტატიაში კი ცხადად მიეთითოს ბმული და გაუკეთდეს შესაბამისი წარწერა ახლად გამოვლენილი გარემოების შესახებ.
კატეგორია: საქართველო



"საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრობის 3 ვაკანტურ პოზიციაზე პარლამენტმა 11 განცხადება მიიღო. 11-წევრიანი სამეურვეო საბჭოდან ვადა 3 წევრს: მიხეილ ჩიკვილაძეს, ბესიკ ლილუაშვილსა და იზაბელა ოსიპოვას ამოეწურა. ესენი „ქართული ოცნების“, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და სახალხო დამცველის მიერ შერჩეული მეურვეები არიან.

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატები

მეურვეობის მსურველი 11 კანდიდატიდან 3 "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრი, 2 კი - "აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის" მრჩეველთა საბჭოს წევრი ერთხელ უკვე იყო. 

მეორედ მეურვეობა სურთ მიხეილ ჩიკვილაძეს,  გიორგი იაკობაშვილს, იზაბელა ოსიპოვას, სოსო სტურუასა და თამარ წილოსანს. 

მიხეილ ჩიკვილაძ 2014 წლიდან დღემდე თბილისის 35-ე საჯარო სკოლის დირექტორია, მას მასწავლებლად მუშაობის 34-წლიანი გამოცდილება აქვს. ჩიკვილაძე "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრი 2019-2024 წლებში იყო. 

1987-1989 წლებში მიხეილ ჩიკვილაძე მე-6 საშუალო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, ვასილ მაღლაფერიძესთან ერთად, მუშაობდა. მაღლაფერიძე ამჟამად "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეა. 

მიხეილ ჩიკვილაძე პარლამენტისთვის წარდგენილ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" განვითარების კონცენფციაში "პირველ არხზე" არასაკმარისად არსებულ საგანმანათლებლო-შემეცნებით გადაცემებთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამს.

„გაუნათლებლობასთან ბრძოლა, ნამდვილად არის ის უმთავრესი ფუნქცია, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა იკისროს“- წერს ჩიკვილაძე.

მარინა გიორგაძე 2007 წლიდან საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის თანამშრომელია. ამჟამად ის დეპარტამენტის პრესცენტრის წამყვანი სპეციალისტის პოზიციას იკავებს.

დონარა (დოდო) შონავა  1977-2018 წლებში "საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის" თანამშრომელი იყო სხვადასხვა პოზიციაზე, როგორც ტელევიზიის პირველ და მეორე არხებზე, აგრეთვე რადიოშიც. დოდო შონავამ სამეურვეო საბჭოს წევრობის კონკურსში მონაწილეობა უკვე 6-ჯერ მიიღო, ის მეურვედ არც ერთხელ არ აირჩიეს. „ყველაზე ნაკლები იმედი ახლა მაქვს, მაგრამ პრინციპის საკითხია. ჩემს თავს, ცხადია, მხოლოდ ომბუდსმენის კანდიდატად მოვიაზრებ და ახლა არჩევანი მხოლოდ მასზეა“, - განაცხადა შონავამ "მედიაჩეკერთან" საუბრისას. 

გიორგი იაკობაშვილი 2010 წლიდან საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი For.ge-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორია. ის "საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრი 2017-2020 წლებში  ერთხელ უკვე იყო. იაკობაშვილი მის მიერ წარმოდგენილ მაუწყებელის განვითარების კონცეფციაში დიდ ადგილს ბრიტანული საზოგადოებრივი მაუწყებლის (BBC) განხილვას უთმობს და წერს: „არათუ ჩვენთან, ალბათ, ბრიტანეთში და სხვაგანაც არსებობს საშიშროება თუ არა, ცდუნება მაინც პოლიტიკოსებისათვის, რომ რაღაც ფორმით ჩაერიოს (მინიმუმ აკონტროლოს) გარკვეული პროცესები მაუწყებელში და მაუწყებლის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი ესეც უნდა იყოს - მუდმივი “ანტაგონიზმი“ (ცხადია, ამ სიტყვას შეგნებულად ვწერ ბრჭყალებში) პოლიტიკოსებთან სწორედ ამ საკითხში.“

იაკობაშვილი პირველად სამეურვეო საბჭოს წევრი "ქართული ოცნების" კვოტით გახდა.

"მედიის განვითარების ფონდის" ინფორმაციის მიხედვით, For.ge-ის პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკა აქვს და ამასთანავე, სხვა გამოცემებთან ერთად, საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, კელი დეგნანის წინააღმდეგ და ასევე, სხვა არაერთ დისკრედიტაციის კამპანიაში იყო ჩართული.

იზაბელა ოსიპოვა 5-წლიანი სამეურვეო საბჭოს წევრობის შემდეგ, (2018-2024წწ)  კონკურსში მონაწილეობას ისევ იღებს. ოსიპოვა სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს აღმასრულებელი მდივანია. ის სამეურვეო საბჭოს წევრი 2018 წელს, სწორედ, სახალხო დამცველის კვოტით გახდა.

იზაბელა ოსიპოვა წარდგენილ კონცეფციაში წერს, რომ 3 წელიწადში ერთხელ შექმნილ პროგრამული პრიორიტეტების დოკუმენტს, ყოველწლიური პრიორიტეტების დოკუმენტიც უნდა დაემატოს, სადაც იმ წლის გამოწვევები და მოთხოვნები იქნება ასახული. ოსიპოვა აღნიშნავს, რომ ბორდის წევრად ხელმეორედ არჩევის შემთხვევაში, ის განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს და მხარს დაუჭერს ისეთ საკითხებსა და თემებს, როგორიცაა: საქართველოს  ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია/გაწევრიანების პოპულარიზაცია, საქართველოს საგარეო პოლიტიკა და საერთაშორისო თანამშრომლობა. 

ოსიპოვამ "მედიაჩეკერს" კითხვაზე - ფიქრობს თუ არა ის, რომ ისევ ომბუდსმენის კანდიდატი იქნება, უპასუხა, რომ: “მე "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს კონკურსში ბევრჯერ მაქვს მონაწილეობა მიღებული, უმრავლეს შემთხვევაში ვერ გავედი და ერთხელ 2018 ამირჩიეს. მე არ ვიცი ეს ცუდია თუ კარგი, მაგრამ  წინასწარ არასდროს არ ვიცოდი და წარმოდგენა არ მქონდა, ვისი კვოტით გავიდოდი და ამირჩევდნენ საერთოდ თუ არა. ამ საკითხზე წინასწარ არასდროს მქონია ვინმესთან საუბარი, ამ ჯერზეც ზუსტად ასეა. მე წარმოვადგენ ჩემს პროგრამას, ჩემს ხედვას და დანარჩენი უკვე ვინც იღებს გადაწყვეტილებას ამ პროცესში, იმ ადამიანების გადასაწყვეტია.” 

გიორგი ლაზრიშვილი  მათემატიკოსია. ის 2017-2024 წლებში "საზოგადოებრივი მაუწყებელის" ტელესკოლის გადაცემას - „ცვანციკას ონლაინ გაკვეთილები“ უძღვებოდა. ლაზრიშვილი მათემატიკის მასწავლებლად იმავე მე-6 სკოლაში მუშაობდა, სადაც სამეურვეო საბჭოს ამჟამინდელი წევრი გია მურღულია, თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე და ყოფილი წევრი და ამჟამინდელი კანდიდატი მიხეილ ჩიკვილაძე. 

გიორგი ლაზრიშვილი მაუწყებლის განვითარების კონცენფციაში წერს: „"საზოგადოებრივი მაუწყებელი" ფინანსდება სახელმწიფოსგან, ანუ ხალხისგან და დაუშვებელია, მეტიც დანაშაულია, იგი სრულად არ ასახავდეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, ყველა მოქალაქის ინტერესს ფსოუდან წითელ ხიდამდე. ოპერატიულად და მიუკერძოებლად“. 

ემზარ დიასამიძე 2013 წლიდან აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობს. 2012 წლამდე ის არაერთი მედია საშუალების, მათ შორის „ბათუმელების“, გაზეთ „24 საათის“, ტელეკომპანია „მე-9 არხის“ თანამშრომელი იყო. დიასამიძე არა ერთი ჯილდოს მფლობელია, რომელთა უმეტესობა მას ადამიანის უფლებების მიმართულებით შექმნილი ჟურნალისტური ნამუშევრისათვის გადაეცა.  

ფირუზ ბოლქვაძე - "საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს" ადამიანური რესურსების მენეჯერი და გადაცემა “მთავარი ეკონიმიკაში” ავტორი, წამყვანი და პროდიუსერია. ბოლქვაძის “საზოგადოებრივი მაუწყებლობის" განვითარების კონცეფცია 22-გვერდიანია და მასში თითოეული პრობლემა და მათი მოგვარების გზებია განხილული. 

სოსო სტურუა პროფესიით ჟურნალისტი და არა ერთი სატელევიზიო დოკუმენტური ფილმის ავტორია. ის 1993 წლიდან აჭარის ტელევიზიაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. 2019-2023 წლებში კი "აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის" მრჩეველთა საბჭოს წევრი იყო. სწორედ მისი წევრობის პერიოდში აირჩიეს გენერალურ დირექტორად გიორგი კოხრეიძე. კოხრეიძის დირექტორობის დროს  ცენზურაზე მაუწყებლის არა ერთი თანამშრომელი, ჟურნალისტები გაუშვეს სამსახურიდანაც. 

სტურუას მაუწყებლის განვითარების კონცეფციაში ცალკე თავი "აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან" თანამშრომლობასა და მისი პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვას ეთმობა. 

თამარ წილოსანი ფრანგული ენის სპეციალისტია. წილოსანი 2004-2019 წლებში აჭარის უმაღლესი საბჭოს თანამშრომელი იყო. 2019-2023 წლებში კი -  "საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს" მრჩეველთა საბჭოს წევრი. წილოსანმა აჭარის ტელევიზიის მაშინდელი დირექტორის, ნათია კაპანაძის გადაყენების დროს ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.  

პაატა სურგულაძე ისტორიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის მრჩეველია. 

სამეურვეო საბჭოს 3 წევრის შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისია მეურვეობის კანდიდატებს ორ ეტაპად შეარჩევს და პარლამენტს წარუდგენს.

განსაზღვრული წესით, პირველ ეტაპზე კანდიდატები „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად შეირჩევიან. მათი შეფასების დამატებითი კრიტერიუმები საკონკურსო კომისიის დებულებით განისაზღვრება. 

მეორე ეტაპზე კი კანდიდატები მათ მიერ წარმოდგენილი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" განვითარების კონცეფციების განხილვისა და მათთან გასაუბრების შედეგად შეირჩევიან.

საკონკურსო კომისიამ შერჩეული მეურვეობის კანდიდატების მიერ წარმოდგენილი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" განვითარების კონცეფციების საჯარო განხილვა უნდა უზრუნველყოს. 

საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მეურვეების შესარჩევი კომისიის წევრები არიან: დავით მაღლაფერიძე, ერმილე მესხია, გოდერძი შარაშია, ნინო მეუნარგია, ოთარ ტატიშვილი, ნინო კაკულია, გედევან ჯინჭარაძე, მარიამ გვიდიანი და გივი აბესაძე.

ამ 9-კაციანი კომისიიდან 4 წევრი „იმედის“ თანამშრომელი: დავით მაღლაფერიძე, გოდერძი შარაშია, ნინო მეუნარგია და ოთარ ტატიშვილია.

აღსანიშნავია ისიც, რომ ოთარ ტატიშვილის ძმა, ვლადიმერ ტატიშვილი ახლა "საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს" დირექტორია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თითოეულ წევრს ექვსი წლის ვადით ირჩევენ.

 
კატეგორია: საქართველო



დღეს, 4 ივნისს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ლგბტ უფლებების შემზღუდავი ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა.

პაპუაშვილის განმარტებით, საკანონმდებლო პაკეტი ერთ ძირითად „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ პროექტს და 18 გამომდინარე კანონპროექტს მოიცავს. 

19 კანონპროექტისგან შემდგარი პაკეტი ლგბტ უფლებების გარდა, ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვასაც ითვალისწინებს. 

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ამ ინიციატივით 8 საკითხი მოწესრიგდება, საიდანაც მე-6 სწორედ ინფორმაციის გავრცელებას ეხება. ეს ნაწილი მათ შორის მაუწყებლებს შეეხებათ და დაუშვებელი იქნება მათ მიერ ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. 

პაპუაშვილის თქმით, ეს აკრძალვა მხოლოდ იმ ფარგლებში მოქმედებს, რომ არ იქნეს დაშვებული ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ინტიმური ურთიერთობის ამსახველი სცენის ან ინცესტის სცენის მაუწყებლის ეთერით გავრცელება. ასევე, აკრძალული იქნება იმავე შინაარსის რეკლამა.

დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ რადგან მმართველ პარტიას ამჟამად საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აქვს, ამიტომ ხელისუფლება ახალ კანონსა და მისგან გამომდინარე ცვლილებებს დაამტკიცებს. 

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, 2024 წლის საგაზაფხულო სესიის პერიოდში, რომელიც 28 ივნისს იხურება, ამ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ და მიიღებენ. მიმდინარე წლის საშემოდგომო სესიაზე კი, რომელიც 3 სექტემბერს გაიხსნება, მეორე და მესამე მოსმენით მიიღებენ. 

ამ ახალი კანონპროექტისა და მისგან გამომდინარე ცვლილებების დაინიცირებამდე, "ქართულმა ოცნებამ" დაახლოებით 2 თვის წინ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტები დააინიცირა და თბილისის გარდა, საქართველოს 10 ქალაქში საყოველთაო-სახალხო განხილვებიც გამართა. ამ განხილვების საორგანიზაციო კომისია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობდა, დედაქალაქში 16 მაისს მხოლოდ რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და ამით მუშაობა დაასრულა. 

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ამ კომისიამ ყველა მასალა იურიდიულ საქმეთა კომიტეტს გადასცა, რომელიც უკვე საკონსტიტუციო პროცესს გააგრძელებს და იქნება საკომიტეტო და შემდეგ უკვე პლენარულ სხდომაზე განხილვაც. პაპუაშვილის თქმით, კონსტიტუციურ ცვლილებას  კვალიფიციური უმრავლესობა - ხმების ¾ სჭირდება. 

აღსანიშნავია, რომ "ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად საკმარისი ხმების არ არსებობის მიუხედავად, ეს პროცესი მაინც დაიწყო. 

გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კონსტიტუციური კანონის პროექტიც ითვალისწინებს. კერძოდ, კანონპროექტის პირველი მუხლის, მე-7 ნაწილით, 

"აკრძალულია იმგვარი შინაარსის ნაწარმოების, პროგრამის ან სხვა მასალის გავრცელება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული". 

კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდის შეფასებით, ხელისუფლებას ამ ცვლილებებით საკუთარი ძალაუფლების უსაფრთხოების დაცვა სურს.

„პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ ხელისუფლებას ამ ცვლილებებით არა ოჯახისა და ეროვნული ღირებულებების, არამედ საკუთარი ძალაუფლების უსაფრთხოების დაცვა სურს. ეს არის სახალხო მანდატის მოპოვების მცდელობა იმისათვის, რომ შემდეგ ძალაუფლება კიდევ უფრო მონოლითური გახადოს. ცვლილების შინაარსი მარტივია, ამ თემებზე პოზიტიური პერსპექტივიდან პოზიციის დაფიქსირება წერილობითი, ვიდეო, აუდიო თუ ვიზუალური ფორმით აკრძალული იქნება. არ აქვს მნიშვნელობა, მედია გააკეთებს ამას, რეჟისორი, მწერალი, მომღერალი თუ ჩვეულებრივი ტიკტოკერი. ეს არის ცენზურა, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობას სურს ჩვენს კონსტიტუციაში ჩაწეროს“, - ამბობს მენაბდე.

საკონსტიტუციო კანონპროექტით გათვალისწინებულ ცენზურის შესაძლებლობაზე საყოველთაო-სახალხო განხილვის დროს "ქართული ოცნების" წევრებიც საუბრობდნენ. მაგალითად, მმართველი პარტიის დეპუტატებმა ფილმებიდან კონკრეტული ადგილების ამოჭრა არ გამორიცხეს. 

„რეალურად ჩვენ შეგვიძლია, მოვთხოვოთ კანონის დონეზე, რომ ასეთი ნაწილები იქნას ამოჭრილი, რაც მხოლოდ პროპაგანდა და პოპულარიზაცია იქნება“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

ანრი ოხანაშვილის თქმით, კი "იქნება დავუშვათ ტელევიზიით კონკრეტული ნაწარმოები გაშვებული, აი ეს ნაწარმოები ემსახურება თუ არა პროპაგანდას, ეს იქნება შესაფასებელი…"

აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წლის აპრილსა და მაისში მოსახლეობასთან გამართული შეხვედრები ძირითადად ჰომოფობიური შინაარსის გზავნილების ფონზე მიმდინარეობდა.

"ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კონსტიტუციური კანონის პროექტით სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე "მედიაჩეკერთან" სცენარისტმა, ქეთი დევდარიანმა ისაუბრა.

„ხელოვანისათვის ზოგადად რაიმე ტიპის შეზღუდვის დაწესება, რაზე წეროს, როგორ წეროს, რა თემას შეეხოს და რა პრობლემა იკვლიოს, საფრთხეს უქმნის სიტყვის თავისუფლებას. განსაკუთრებით სახიფათოა ცენზურა ხელისუფლების მხრიდან. არასრულწლოვნების ფსიქიკასთან რომ უკიდურესად ფაქიზი მოპყრობაა საჭირო, ეს ისედაც ცხადია და შვილები მშობლებმა უნდა დაიცვან ასაკთან შეუფერებელი კონტენტისგან და არა მთავრობამ“.

დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებები ცენზურად შეაფასა გოგი გვახარიამაც. 

„ცხადია, ეს საბჭოთა წარსულში დაბრუნებაა. ისევ შესაძლებელი გახდება ფილმების დაჭრა, დასახიჩრება. ყველა ქვეყანაში ფილმების გაქირავებას აქვს ასაკობრივი ზღვარი. მესმის, რომ ბერტოლუჩის „მთვარე“ არ უნდა აჩვენო ბავშვებს, მაგრამ მოზრდილი ადამიანი ბავშვი არაა. ჩვენი ხელისუფლება კი ხალხს ეპყრობა, სწორედ, როგორც ბავშვებს, რომელთა მოტყუება არაა ძნელი". 

კინომცოდნის აზრით, ეს ნიშნავს იმას, რომ აიკრძალება ყველა ფილმი, რომელშიც მაგალითად, ინცესტის თემა იკვეთება:

"ბერტოლუჩის „მთვარე“ ანდა ლუკინო ვისკონტის „ღმერთების დაღუპვა“. მადა ჭამაში მოდის და „ოიდიპოს მეფეც“ შეიძლება დაიჩაგროს. რაც შეეხება სქესის შეცვლას, შესანიშნავი ბელგიური ფილმია „გოგონა“, არასრულწლოვანზე, რომელიც სქესს იცვლის. ამ ფილმის არა თუ ჩვენებისთვის, ხსენებისთვისაც კი დავისჯებით“.

ონლაინ გამოცემა “პუბლიკას” რედაქტორმა, ლიკა ზაკაშვილმა კი დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილება "მედიაჩეკერთან" საუბრისას ასე შეაფასა: “ჩვენი პოზიციაა, რომ ეს ჩანაწერი ზღუდავს მედიის და გამოხატვის თავისუფლებას. უმცირესობების უფლებებთან დაკავშირებული ნებისმიერი მასალა, შესაძლოა, მონიშნოთ როგორც “პროპაგანდა”, რაც მედიის საქმიანობაში/შინაარსში გაუმართლებელი ჩარევისა და შეზღუდვის შესაძლებლობას აძლევს სახელმწიფოს".

აღსანიშნავია, რომ პროსახელისუფლებო სატელევიზიო მედია ამ თემას ჰომოფობიური შინაარსის საკონსტიტუციო ცვლილებების დაინიცირებამდეც აქტიურად აშუქებდა. ამის საილუსტრაციოდ, მაგალითად, ტელეკომპანია “იმედის” ვებგვერდზე ე.წ. თაგით - “ლგბტ პროპაგანდა” [სწორედ ასე მოიხსენიებენ ამ კანონს] 2024 წლის 26 თებერვლიდან 26 მარტამდე პერიოდში 37 მასალა იძებნება. "პირველი არხის" ვებგვერდზე კი დროის იმავე მონაკვეთში 20 მასალა გვხვდება, რომელთაგან აბსოლუტური უმრავლესობაც "ქართული ოცნების" წევრთა განცხადებებია. 

"მედიაჩეკერმა" შესადარებლად დროის იგივე მონაკვეთის მონაცემები ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიების ვებგვერდებზეც მოიძია. აღსანიშნავია, რომ “მთავარი არხის” ვებგვერდზე ამ ე.წ. თაგით არცერთი მასალა არ იძებნება, ტელეკომპანია “ფორმულას" გვერდზე კი მხოლოდ - 2. 

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მსგავსად, რუსეთში "ლგბტ პროპაგანდის" ამკრძალავი ჰომოფობიური კანონიც არსებობს.

წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე რუსეთიდან გაქცეული თეატრისა და კინოს რეჟისორის, კირილ სერებრენიკოვის ფილმის - „ლიმონოვი: ბალადას“ ჩვენების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე შემოქმედებითი ჯგუფის წევრებს ასევე რუსეთიდან გამოქცეულმა ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რას ფიქრობდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ „რუსული კანონის“ გამო ეს ფილმი რუსეთის კინოს ეკრანებზე ნაჩვენები ვერ იქნება. „ლიმონოვი: ბალადა" რუსი მწერლისა და პოლიტიკოსის, ედუარდ ლიმონოვის ცხოვრების ერთ პერიოდს ასახავს, რაც მთავარი გმირის ჰომოსექსუალური ურთიერთობის გამოცდილებასაც გულისხმობს.

ჟურნალისტმა „რუსულ კანონში“ 2013 წელს მიღებული „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდისგან“ არასრულწლოვნების დაცვის შესახებ კანონი იგულისხმა. საბოლოოდ, რუსეთში ამ კანონმა ისეთი სახე მიიღო, რომ დღეს გაყიდვიდან და გაქირავებიდან ამოღებულია, თითქმის, ყველა ის ფილმი, წიგნი, სპექტაკლი და სხვა ნაწარმოები, რომელიც პუტინის რეჟიმის მიერ „ლგბტ პროპაგანდად“ არის შეფასებული. 

 
კატეგორია: საქართველო


რუსული კანონის ხელმეორედ დაინიცირებიდან დღემდე "მედიაომბუდსმენი" 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის უფლებებს 21 საქმეზე იცავს. ორგანიზაციის შეფასებით, მედიის წარმომადგენლების პროფესიული საქმიანობის შეწყვეტის მიზნით სახელმწიფოს წარმომადგენლებმა სხვადასხვა დანაშაულებრივი მექანიზმი გამოიყენეს.

"მედიაომბუდსმენის" მიერ გამოქვეყნებული ანგარიში მიმდინარე წელს მედიის წინააღმდეგ გამოყენებული რეპრესიული ტაქტიკის შესახებ ინფორმაციას აერთიანებს და ყურადღებას სამ მათგანზე ამახვილებს.

  • მედიის წარმომადგენლების მიმართ საქართველოს პარლამენტის მიერ გატარებული რეპრესიული პოლიტიკა

"საქართველოს პარლამენტი იყენებს ყველა სადავო ინსტრუმენტს მედიისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ. ამ გზით ცდილობს საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ხელმიუწვდომელი გახდეს ინფორმაცია მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესების შესახებ", - ვკითხულობთ ორგანიზაციის ანგარიშში.

  • ჟურნალისტების და ოპერატორების დევნა, სხეულის დაზიანება და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა

რუსული კანონის საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ, “მედიაომბუდსმენმა” სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს რამდენჯერმე მიმართა.






შეტყობინებები  ჟურნალისტის უფლებების დარღვევისა და მათთვის მსხვერპლის სტატუსის მინიჭების მოთხოვნას ეხებოდა. მედიის ეს წარმომადგენლები არიან: 

1. ალექსანდრე ქეშელაშვილი, "პუბლიკა" - სცემეს სპეცრაზმელებმა;

2. გიორგი ბადრიძე, "ტაბულა" - 16 აპრილს სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 2 მაისს ის ადმინისტრაციული წესით დააკავეს და შეუდგინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ბადრიძეს 16 მაისს სახლიდან დაახლობით 100-200 მეტრის დაშორებით მისთვის უცნობი პირი დახვდა და ფიზიკური დაზიანება მიაყენა;

3. გიორგი ბასხაჯაური, "აპრილი" - სპეცრაზმელებმა სხეულის დაზიანება მიაყენეს;

4. მარიამ ნიკურაძე, OC Media - სპეცრაზმელები ხელს უშლიდნენ ჟურნალისტურ საქმიანობაში;

5. ნიკო კოკაია, “ტელეკომპანია პირველი" - სპეცრაზმელმა შეასხა წიწაკის სპრეი; 

6. ლიკა ზაკაშვილი და მამუკა მგალობლიშვილი, "პუბლიკა" - სპეცრაზმელებმა ხელი შეუშალეს პროფესიულ საქმიანობაში;

7. ნანუკა ქაჯაია, დავით ბერაძე, “ტელეკომპანია პირველი" - ხელი ეშლებოდათ პროფესიულ საქმიანობაში;

8. რობი ზარიძე, "აი, ფაქტი" - სპეცრაზმელები გაუსწორდნენ ფიზიკურად; 

9. გიგა გელხვიიძე, CNews Exclusive • ახალი ამბები - მის მიმართ გამოიყენეს ე.წ “წიწაკის სპრეი”;

10. გიორგი ჟამერაშვილი, “ინტერპრესნიუსი” - სპეცრაზმელებმა ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში. ერთ-ერთმა სამართალდამცავმა მას ხელი ჰკრა, ფეხის არეში ხელკეტი დაარტყა, მანამდე კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

  • სატელეფონო მუქარებით და სიძულვილის ენის შემცველი პლაკატებით ჟურნალისტების დაშინების მცდელობა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა “მედიაომბუდსმენის” შეტყობინების საფუძველზე გამოძიება ე. წ. სატელეფონო მუქარებისა და დაშინებების საქმეზე დაიწყო. ამ საქმეებზე გამოიკითხნენ როგორც ჟურნალისტები, ისე მედიაორგანიზაციების ხელმძღვანელები და რედაქტორები: ნათია კუპრაშვილი, „TOK TV“ დამფუძნებელი და „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორი, ნინო ზურიაშვილი, „სტუდია მონიტორის“ გამგეობის თავმჯდომარე, ნანა ბიგანიშვილი, „სტუდია მონიტორის“ მთავარი რედაქტორი, "სამხრეთის კარიბჭის” ჟურნალისტები: თეიმურაზ ინასარიძე და ნუნუ სტეფნაძე, რუსუდან გვარამაძე, “ფორმულას" ჟურნალისტი და “ტაბულას” რედაქტორი, გიორგი ბადრიძე.

"საგანგაშოა, რომ დაშინების მიზნით, 2024 წლის 10 მაისს, დილით „სტუდია მონიტორის“ დამფუძნებლის ნინო ზურიაშვილის კუთვნილი ავტომანქანა დააზიანეს და მასზე სიძულვილის შემცველი წარწერები დატოვეს. მსგავსი მეთოდები გამოყენებული იყო სამოქალაქო საზოგადოების არაერთი წარმომადგენლის მიმართ", - ვკითხულობთ ორგანიზაციის ანგარიშში.

რუსული კანონის მიღების პროცესში დაწყებული “მედიაომბუდსმენის” 21 საქმიდან 13-ზე (აქციის გაშუქებისას ზიანის მიყენება) გამოძიება "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის" 333-ე მუხლის საფუძველზე, უფლებამოსილების გადამეტების ნაწილით მიმდინარეობს. 7 საქმეზე - (სატელეფონო მუქარები და სიძულვილის ენის შემცველი პლაკატების გაკვრა) "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის" 154-ე მუხლით. 1 საქმე კი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას (მუხლები 166/173) ეხება.

"მედიაომბუდსმენის" შეფასებით, ორგანიზაციის მიერ შეგროვებული მონაცემებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის გაწეული სამართლებრივი დახმარების შედეგად შემდეგი გარემოებები გამოიკვეთა:

- მედიის წარმომადგენლების საქართველოს პარლამენტის შენობაში მუშაობა, თითქმის, შეუძლებელია. უმეტეს შემთხვევაში, ჟურნალისტებსა და ოპერატორებს არ უშვებენ საკანონმდებლო ორგანოს შენობაში ან/და არ აქვთ მუშაობის სათანადო პირობები. გამოვლენილია დისკრიმინაციული მიდგომები და ონლაინმედიასაშუალებების უფლებების არაერთხელ დარღვევის შემთხვევები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მიღებული ბრძანებების საფუძველზე;

- პარლამენტის აპარატი აგრძელებს რეპრესიულ პოლიტიკას კრიტიკული მედიასაშუალებების ჟურნალისტების მიმართ;

- “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციების გაშუქებისას, უცვლელი ტაქტიკაა

ჟურნალისტების და ოპერატორების დევნა, სხეულის დაზიანება და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა;

- მმართველი პარტიის სასარგებლო ნარატივით, დაფიქსირებულია სატელეფონო მუქარებითა და სიძულვილის ენის შემცველი პლაკატებით ჟურნალისტების დაშინების არაერთი მცდელობა;

- სამართალდამცველები ცდილობენ, არ მისცენ მედიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა, სრულად და თავისუფლად გააშუქონ საპროტესტო აქციები და იქ განვითარებული მოვლენები. შესაბამისად, საზოგადოებას ეზღუდება ხელისუფლების კონტროლისგან თავისუფალ ინფორმაციაზე წვდომა;

- როგორც 2023 წლის, ისე 2024 წლის დანაშულებრივ შემთხვევებთან დაკავშირებით, გამოძიება სწრაფი და ეფექტური არ არის. ჟურნალისტებისა და ოპერატორების დევნის, სხეულის დაზიანებისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის არაერთი შემთხვევა ისევ გამოსაძიებელია;

- ამ დრომდე არ გამოვლენილან და არ დასჯილან დამნაშავე პირები. მიუხედავად იმისა, რომ მათი იდენტიფიცირება თავად მედიის მიერ გადაღებული მასალების მიხედვით სრულიად შესაძლებელია.


ორგანიზაციის ანგარიშში შეფასებულია 2023 წლის 2-3 და 7-9 მარტს სახელმწიფოს წარმომდგენლების მხრიდან ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებზე დაწყებული გამოძიებაც:

1. გასულ წელს დაწყებული საგამოძიებო პროცესი, თითქმის, შეჩერებულია. 2023 წლის ივნისის შემდეგ გამოკითხულია მხოლოდ რამდენიმე პოლიციელი, რომელთა ჩვენებებიც საგამოძიებო პროცესისათვის არ არის მნიშვნელოვანი. პოლიციელები შაბლონური ტექსტებით განმარტავენ, რომ არ ფლობენ არავითარ ინფორმაციას ჟურნალისტებთან დაკავშირებული ძალადობის შესახებ;

2. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან სპეციალური საგამოძიებო სამსახურისათვის გადაცემულია ერთ ჟურნალისტთან დაკავშირებული სამედიცინო დასკვნა. დასკვნის მიხედვით, დადგენილია, რომ ჟურნალისტს მიღებული აქვს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება და ეს დაზიანება ხანდაზმულობით შეესაბამება 2023 წლის 08 მარტს.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის შემთხვევებთან დაკავშირებით “მედიაომბუდსმენმა” სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს 13 ჟურნალისტისა და ოპერატორისთვის სავარაუდო მსხვერპლის სტატუსის მინიჭების

მოთხოვნითაც მიმართა, თუმცა, უარი მიიღო. საგამოძიებო სამსახურმა ორგანიზაციის დაცვის ქვეშ მყოფი 21 პირი გამოკითხა და აქედან სავარაუდო მსხვერპლის სტატუსი მხოლოდ 8 ჟურნალისტს მიენიჭა.

"გასულ წელს მმართველი პარტიის მხარდაჭერილი რუსული კანონის გარშემო

არსებული ლეგიტიმური პროტესტის გაშუქებისას, მედიის წარმომადგენლებს პროფესიული მოვალეობის შესრულებასა და კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის პროცესში მიზანმიმართულად ეშლებოდათ ხელი", - ვკითხულობთ ორგანიზაციის ანგარიშში.

“მედიაომბუდსმენი”  სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს, დროულად გამოიძიოს როგორც 2023, ისე 2024 წელს ე.წ. “რუსული კანონის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციების გაშუქებისას დაზარალებული ჟურნალისტებისა და ოპერატორების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები. 

ორგანიზაცია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილსაც მიმართავს, რომ შეწყდეს პარლამენტის შენობაში ჟურნალისტთა მიმართ რეპრესიული პოლიტიკა და გააუმჯობესოს მედიის წარმომადგენლების სამუშაო გარემო.


ფოტო: "ნეტგაზეთი"

"მედიაომბუდსმენის" ანგარიში სრულად

 
კატეგორია: საქართველო

ჯოზეფ ბორელის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებაზე სამმა ტელეკომპანიამ იდენტური ქარდები გამოაქვეყნა.

„იმედის“, POSTV-ისა და „რუსთავი 2“-ის ფეისბუქის საკუთარ გვერდებზე გამოქვეყნებულ ჯოზეფ ბორელის ნათქვამთან დაკავშირებულ ქარდებზე ერთი და იგივე ტექსტია დატანილი.

„ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ მიიჩნია, რომ ეს [გამჭვირვალობის ქართული კანონი] არც თუ ისე მნიშვნელოვანია, არც თუ ისე სამწუხაროა“, - ვკითხულობთ სამივე ტელეკომპანიის ქარდზე.





აღსანიშნავია, ისიც რომ სამივე ტელევიზიამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ოთხკუთხედ ფრჩხილებში ერთნაირად - „გამჭვირვალობის ქართულ კანონად“ განმარტა. 

ტელეკომპანიების მიერ ამ ქარდების გამოქვეყნების დროებს შორის სხვაობა რამდენიმე [1 და 7] წუთია. 

გუშინ, 27 მაისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი ხელმძღვანელობდა.

საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე  ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ დაიწყეს იმის განხილვა, რა იქნებოდა შესაფერისი პასუხი ამ კანონის ამოქმედების შემთხვევაში.

"მოსაზრებები გავცვალეთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონთან“ დაკავშირებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე. ზოგიერთი წევრი სახელმწიფო მიიჩნევს, რომ ეს საკითხი არც ისე მნიშვნელოვანია, სხვები ფიქრობენ, რომ ეს კანონი ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება. იქვე ახსენეს ვენეციის კომისიის დასკვნა, რომლის მიხედვით, ჩვენ მოვუწოდებთ [საქართველოს] ხელისუფლებას, გაიწვიოს ეს კანონი.

ჩვენ დავიწყეთ იმის განხილვა, რა იქნებოდა შესაფერისი პასუხი, თუკი ეს კანონი ამოქმედდება. ამის შესახებ გადაწყვეტილებას ივნისში მივიღებთ. წევრი სახელმწიფოები მზად არიან გადაწყვეტილებისთვის, როდესაც არ სრულდება ჩვენი ღირებულებები, საერთაშორისო სამართალი, არ სრულდება ევროპული გზა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყველგან, მსოფლიოში. ჩვენ ვიმსჯელეთ მომავალ არჩევნებზე. ქართველმა ხალხმა ქვეყნის ტრაექტორიას უნდა მისცეს ხმა. მთავრობის ქმედებებმა, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს იმ ბენეფიტებზე, რომლებსაც სიამოვნებით იღებენ ევროკავშირში ინტეგრაციის შედეგად, მაგრამ ახლა გადაწყვეტილება არ მიგვიღია", - განაცხადა ბორელმა.

ჯოზეფ ბორელის განცხადების თარგმანი ეკუთვნის „რადიო თავისუფლებას“.

 
კატეგორია: საქართველო


საქართველოს პრემიერ მინისტრმა გასულ კვირას ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა. ირაკლი კობახიძის 23 მაისის განცხადება ტელეკომპანიების მთავარი საინფორმაციო გამოშვებების მთავარ თემად იქცა. 


ტელეკომპანია "იმედი" - "ქრონიკა" 20:00 საათზე


ტელეკომპანია "იმედის" მთავარი საინფორმაციო გამოშვების პირველი ამბავი საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული განცხადება იყო.  ამბავი „იმედმა“ დაასათაურა ფრაზით - „ევროკომისრისგან მუქარა ლიკვიდაციაზე“. 

ჟურნალისტმა, ლევან მორჩიაშვილმა ირაკლი კობახიძის განცხადებაზე დაყრდნობით თქვა, რომ “შანტაჟი და სიცოცხლის მოსპობით მუქარა ირაკლი კობახიძესთან სატალეფონო საუბრის დროს გაჟღერდა, ავტორი ერთ-ერთი ევროკომისარია.” 

სიუჟეტში კობახიძის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადება გრაფიკული გამოსახულებით სრულად იყო გახმოვანებული. დრო დაეთმო პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის შეფასებებსაც, თუმცა, მასში ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ იმ დღეს გაკეთებული განცხადებები ვერ მოხვდა. 


„პოსტვ" - "ახალი ამბები" 19:00-ზე


„პოსტვ"-ის საინფორმაციო გამოშვებაც ირაკლი კობახიძის განცხადებით დაიწყო. მასალის სათაური კი იყო - „მუქარა საქართველოს პრემიერ მინისტრის წინააღმდეგ“. 

გადაცემის წამყვანმა, ანა აშორდიამ ამბის თხრობა დაიწყო წინადადებით: „ცნობილი ხდება, რომ საქართველოს პრემიერს ერთ-ერთი ევროკომისარი ღიად დაემუქრა, მძიმე შინაარსის დიალოგი სატელეფონო საუბრის დროს შედგა".

ტელეკომპანიამ ამბავი ვრცლად არა სიუჟეტის სახით, არამედ ჟურნალისტის ჩართვით გააშუქა. ჟურნალისტმა, ირაკლი აკობიამ მაყურებელს პრემიერ მინისტრის განცხადება გააცნო, რასაც ამავე განცხადების გახმოვანებული გრაფიკული გამოსახულებაც მოჰყვა. ამბავი მასალაში მხოლოდ შალვა პაპუაშვილმა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა შეაფასეს. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს დრო მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში არც „პოსტვ"-მა დაუთმო.


"რუსთავი 2" - "კურიერი" 21:00 საათზე


“რუსთავი 2"-ის მთავარი საინფორმაციო გამოშვებაც ირაკლი კობახიძის განცხადებით დაიწყო. წამყვანმა, ნათია ლაზაშვილმა პირველივე წინადადებაში დასვა კითხვა: „ 27 კომისარი, რომელმა გაავლო პარალელი რობერტ ფიცოს მკვლელობის მცდელობაზე ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბარში?" 

სიუჟეტი - "პრემიერი მუქარის შესახებ" კობახიძის განცხადების გახმოვანებული გრაფიკით დაიწყო. მაყურებელმა შემდეგ შალვა პაპუაშვილის განცხადება მოისმინა, რასაც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის ამბის გახსენება და კვლავ „ქართული ოცნების“ წევრის, რატი იონათამიშვილის სინქრონი მოჰყვა. სიუჟეტში დრო დაეთმო ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებებიც, მის დასასრულს კი მაყურებელმა ისევ "ქართული ოცნების" წარმომადგენლების კომენტარები და  ირაკლი კობახიძის "საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის" მიცემული ინტერვიუს ის ნაწილი მოისმინა, სადაც კობახიძე „გლობალური ომის პარტიასთან" ბრძოლაზე საუბრობს. 

 

"საზოგადოებრივი მაუწყებელი" - "მოამბე" 21:00-ზე 


ტელეკომპანია "პირველი არხის" მთავარი საინფორმაციო გამოშვებაც ირაკლი კობახიძის განცხადებაზე მომზადებული მასალით - "მუქარა ევროკომისრის მხრიდან - პრემიერის-მინისტრის განცხადება" დაიწყო. კობახიძის განცხადების გახმოვანებული გრაფიკის შემდეგ,  ჟურნალისტმა, სალომე ქოქიაშვილმა პირდაპირი ჩართვისას მაყურებელს სლოვაკეთის პრემიერ მინისტრის ამბავიც გაახსენა. ამბის შესაფასებლად კი "პირველმა არხმა"პირდაპირ ეთერში მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის კომენტარი გაუშვა. ქოქიაშვილის ჩართვა გაგრძელდა სიუჟეტით - "უსაფრთხოების რისკები - პრემიერ-მინისტრის შეფასება".


ტელეკომპანია „ფორმულა“ - "ფორმულა" 20:00-ზე


"ფორმულამ" მთავარი საინფორმაციო გამოშვება აშშ-ის კონგრესსა და სენატში საქართველოს შესახებ განხილვების მიმდინარეობის გაშუქებით დაიწყო. ამბავი ეხებოდა ექსკლუზიურად მოპოვებულ ინფორმაციას “ქართული ოცნების” წევრებისთვის განკუთვნილ სანქციებზე. 

ტელეკომპანიამ პრემიერ მინისტრის განცხადება კი მეორე ამბად გააშუქა. მასალა სათაურით - „ ირაკლი კობახიძის კონსპირაციული გზავნილი" წამყვანმა, ელისო ჯარიაშვილმა  წარადგინა ტექსტით:

 „ირანიდან დაბრუნებულმა პრემიერმა საზოგადოების გაოგნება კიდევ ერთხელ შეძლო. ოლიგარქის პრემიერის მტკიცებით, ერთ-ერთი ევროკომისარი მკვლელობით დაემუქრა. განცხადებაში ნახსენებია სატელეფონო საუბარი და მინიშნება სლოვაკეთის პრემიერზე თავდასხმის შესახებ. კობახიძე ამტკიცებს, რომ რობერტ ფიცოს დაჭრაც გლობალური ომის პარტიას უკავშირება.“

ჩართვისას ჟურნალისტმა, ქეთი ნადიბაიძემ კი განმარტა, რომ ის ცდილობდა გაერკვია, თუ რომელ ევროკომისარს ესაუბრა ირაკლი კობახიძე, თუმცა, იმ დროისთვის ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ იყო. 

მაყურებელმა "ფორმულას" ეთერში კობახიძის განცხადების გრაფიკული გახმოვანების გარდა, მოისმინა შალვა პაპუაშვილისა და ოპოზიციის წარმომადგენლების კომენტარებიც.

 

„ტვ პირველი“ - "პირველები" 20:00-ზე


„ტვ პირველის“ მთავარი საინფორმაციო გამოშვება „ფორმულას“ მსგავსად ამერიკაში “ქართული ოცნების” წარმომადგენლებისთვის განკუთვნილი სანქციების კანონპროექზე მუშაობის ამბით დაიწყო. 

ჟურნალისტმა, ინა ცარციძემ საზოგადოებას აშშ-ის კონგრესსა და სენატში მიმდინარე მოვლენები გააცნო და ამავე ჩართვის ბოლო ნაწილში აღნიშნა, რომ „ხელისუფლება სრულ პანიკაშია". თუ რატომ ამასთან დაკავშირებით კი მაყურებელს სიუჟეტი - „კობახიძის შეთქმულების თეორიები“ შესთავაზა.

მასში პრემიერ მინისტრის განცხადება ვრცლად იყო განხილული. უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებებთან ერთად, „ტვ პირველის“ რეპორტაჟში დრო დაეთმო ენოტონი ბლინკენისა და სხვა უცხოელი მაღალჩინოსნების კომენტარებსაც.

ჟურნალისტმა ჩართვის ბოლოს დასვა კითხვაც, რომ თუ ირაკლი კობახიძეს მართლა დაემუქრნენ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება რატომ არ დაიწყო.


„მთავარი არხი“ - "მთავარი" 21:00-ზე


„მთავარი არხის“ მთავარი საინფორმაციო გამოშვება ირაკლი კობახიძის განცხადების შესახებ მომზადებული მასალით - ირაკლი კობახიძის „ახალი შეთქმულება“ დაიწყო. "მთავარის" წამყვანა, დიანა ჯოჯუმ თემის წარდგენისას განაცხადა: 

"შეთქმულების თეორიის ახალი სტანდარტი ირაკლი კობახიძისგან. საქართველოს პრემიერ მინისტრი სრული სერიოზულობით ამბობს, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი მას მკვლელობით დაემუქრა".

 ჟურნალისტმა, ნათია გოქსაძემ პირდაპირ ეთერში ჩართვისას მაყურებელს უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებების გარდა, „რადიო თავისუფლების“ ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტის კომენტარიც შესთავაზა, რომელიც ამბობდა, რომ ევროკომისარი, რომელთანაც კობახიძემ ისაუბრა, ჯოზეფ ბორელი ნამდვილად არ ყოფილა. 

23 მაისს, საღამოს გაირკვა, რომ ირაკლი კობახიძეს ტელეფონით სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი ესაუბრა.  

ვარჰეიმ კობახიძის ბრალდება, თითქოს, ევროკომისარი მას სლოვაკეთის პრემიერის, რობერტ ფიცოს ბედის გაზიარებით დაემუქრა, უარყო და მას კონტექსტიდან ამოგლეჯილი უწოდა.

რობერტ ფიცოს 15 მაისს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. მის სიცოცხლეს ახლა საფრთხე არ ემუქრება.

 
კატეგორია: ვიდეო


მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის მონაცემებით, 2023 წლის სექტემბრიდან ამ დრომდე საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სახელისუფლებო სტრუქტურებს 40-ზე მეტმა მედიაორგანიზაციამ 851-ჯერ მიმართა. 

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის 851 განცხადებიდან მედიაორგანიზაციებმა სრულყოფილი პასუხი 155 წერილზე მიიღეს, 144 განცხადებას პასუხი ნაწილობრივ გაეცა, 86-ს - დაგვიანებით. 

მედიასაშუალებების მიერ საჯარო ინფორმაციის მიღების მიზნით გაგზავნილი 520 განცხადება კი სახელისუფლებო სტრუქტურებმა უპასუხოდ დატოვეს.

მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის სტატისტიკის ამსახველ ბაზას პროექტის - „მედიის თავისუფლებისა და მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გზით“ ფარგლებში ქმნის.

მონაცემთა ბაზის შედეგებისა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობის შესახებ „მედიაჩეკერთან“ ორგანიზაციის დირექტორმა, ეკატერინე ბასილაიამ ისაუბრა. 

 
 

კატეგორია: საქართველო


"იმედმა", "რუსთავი 2"-მა და "საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა" "ქართული ოცნების" დეპუტატების შეფასებები პროსამთავრობო მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ საქართველოში დაგეგმილი ვიზიტისას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ჯიმ ო’ბრაიენი ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების პაკეტის წარდგენას გეგმავს, საკუთარ ვებგვერდებზე, თითქმის, იდენტური ტექსტებით გამოაქვეყნეს. 

"იმედის", "რუსთავი 2"-სა და "საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველის არხის" საიტებზე ირაკლი ქადაგიშვილისა და რატი იონათამიშვილის კომენტარებს, თითქმის, უცვლელი ფორმით ვკითხულობთ. მასალებს აქვთ მსგავსი სათაურებიც.

No description available.

















No description available.


მანამდე ტელეკომპანია "იმედმა" ცალკე გამოაქვეყნა ამბავიც, რომ არსებული ინფორმაციით, ჯიმ ო’ბრაიენს ივანიშვილის სანქცირების კონკრეტული პაკეტი ჩამოაქვს, თუმცა, მოგვიანებით ტელევიზიის ვებგვერდიდან მასალა გაქრა.




alt


გავრცელებული ინფორმაცია ივანიშვილის სანქცირების პაკეტზე დარჩა ტელეკომპანია „იმედის“ 5-საათიანი "ქრონიკის" ჩანაწერში.

https://www.imedi.ge/ge/video/158157/jeims-obraienis-viziti#!?page=3 

ამ ინფორმაციის მოსმენა შესაძლებელია ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის 6-საათიან "კურიერშიც". თუმცა, ტელევიზიის ვებგვერდზე ექსპერტ ზაალ ანჯაფარიძის განცხადებაზე დაყრდნობით გაქვეყნებული მასალაც აღარ იძებნება.



აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო’ბრაიენი საქართველოში შეხვედრებს ხვალ, 14 მაისს დაიწყებს. 

14 მაისს, 12:00 საათზე გაიმართება რუსული კანონის მესამე პლენარული მოსმენაც.

"კურიერი" 6 საათზე - https://rustavi2.ge/ka/video/79653?v=2

 
კატეგორია: საქართველო


როგორც წესი, ყოველ წელს, აღდგომის ღამეს ქართული ტელეარხების უმეტესობა სააღდგომო ლიტურგიას პირდაპირ ეთერში აჩვენებს. ვნახოთ, რა ნახა მაყურებელმა ტელევიზიების ეთერით ამჯერად, 2024 წლის აღდგომის ღამეს?!

„იმედი“

2024 წლის აღდგომის ღამეს „იმედმა“ სააღდგომო ლიტურგიის ნაცვლად, მაყურებელს პირდაპირ ეთერში ქართული ფილმი „ვერის უბნის მელოდიები“ შესთავაზა.

4 მაისს ტელეკომპანია "იმედს" არ გაუშუქებია აღდგომის ერთად შესახვედრად ადამიანების შეკრება 23:00 საათიდან დედაქალაქის მთავარ გამზირზე.

23:00 საათიდან არხის სატელევიზო ბადეში მოხვდა: „სტუმრად შუა ქალაქში“, „ვერის უბნის მელოდიები“, გვიან ღამით კი - მხატვრული ფილმი „გაიცანით ჯო ბლექი.“

„პოსტვ“

სააღდგომო ლიტურგია ვერ მოხვდა ტელეკომპანია „პოსტვ"-ის პირდაპირ ეთერშიც.  4 მაისს, 22:30-დან 23:48 საათამდე ტელევიზიის ეთერში რუსული სერიალი გადიოდა. 23:50 საათზე ქართული ფილმი „იმერული ესკიზები“ დაიწყო. მისი დასრულების შემდეგ კი - ისევ რუსული სერიალი.

"იმედის" მსგავსად, 4 მაისის ღამეს რუსთაველზე მიმდინარე მოვლენები არც "პოსტვ"-ის გაუშუქებია. 

ამ ტელევიზიებს მაყურებლებისთვის არ მიუწოდებიათ ინფორმაცია, რომ აქციის - „არა რუსულ კანონს“ მონაწილეები ქაშუეთის ეკლესიასა და პარლამენტის შენობასთან იყვნენ შეკრებილები, რათა აღდგომას ერთად შეხვედროდნენ. აქციის მონაწილეებმა ლოზუნგი - „მამული, ენა, ერთობა, სარწმუნოება“ სანთლებითა და ლაზერული გამოსახულებითაც დაწერეს. 

აღსანიშნავია, რომ პროტესტანტ ახალგაზრდებს რუსული კანონის მომხრეები „სარწმუნოების“ უარყოფაში ადანაშაულებდნენ.

May be an image of one or more people, heart and text

"საზოგადოებრივი მაუწყებელის პირველი არხი"

აღდგომის ლიტურგიის პირდაპირი ტრანსლაცია ჰქონდა "საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს". "პირველმა არხმა" სიონის ტაძრიდან პირდაპირი ეთერი მაყურებელს სრულად, 03:30 საათამდე შესთავაზა. 

თუმცა, აღსანიშნავია, რომ პარალელურად რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენები არც "პირველი არხის" ეთერში მოხდა. ტელეკომპანია „რუსთავი 2“

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე 4 მაისს 23:20 წუთზე საინფორმაციო გამოშვების სპეციალური ეთერი დაიწყო. "კურიერი" სიონის ტაძრიდან პირდაპირი ჩართვით გაიხსნა. შემდეგ აჩვენეს რუსთაველის გამზირი და ქაშუეთი. წამყვანმა, სანდრო კაჭახიძემ მაყურებელს მიაწოდა ინფორმაცია, ვინ და რისთვის იყო შეკრებილი ეკლესიასთან. აღნიშნა ისიც, რომ რუსთაველის გამზირი გადაკეტილი იყო. საინფორმაციო გამოშვებაში ქაშუეთის ეკლესიის ეზოდან ჩაერთო ჟურნალისტი, ბექა პატურაშვილიც. როგორც პატურაშვილმა თქვა,  ეს იყო აქციის უპრეცედენტო ფორმა, როდესაც რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნას საპროტესტო აქცია ერწყმის. 

სხვა ტელევიზიები

ტელეკომპანიებმა: „ფორმულა“, „ტვ პირველი“, „მთავარი არხი“ კი 4 მაისს პირდაპირი ეთერი აღდგომის ერთად შესახვედრად შეკრებილებსა და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს დაუთმეს.

 
კატეგორია: ბლოგი


"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონის ხელმეორედ ინიცირების შემდეგ, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ კიდევ უფრო გააძლიერა შეტევა მედიაზე, განსაკუთრებით კი - დამოუკიდებელ ონლაინ გამოცემებზე.

 

საქართველოს პარლამენტში ონლაინ მედიის წარმომადგენლების არ შეშვება, მმართველი პარტიის წევრების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილი არაეთიკური, ზოგჯერ აგრესიული და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება პოლიტიკური კამპანიის ნაწილს დაემსგავსა.

 

"ქართული ოცნების" წევრები, პარლამენტის თავმჯდომარის ჩათვლით ჟურნალისტების მიმართ ნეგატიური განწყობის ან დამოკიდებულების ღიად გამოხატვას არ ერიდებიან და ონლაინ მედიას არა მხოლოდ ვერბალური განცხადებებით, არამედ სოციალური ქსელებითაც კი უპირისპირდებიან.

 

ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა თვალსაჩინო გახადა, რომ ოცნების წევრები კრიტიკული ონლაინ გამოცემების აქტიური მკითხველები და თითოეულ სიტყვაზე ჩასაფრებული მეთვალყურეები არიან. იმის გათვალისწინებით, რომ მმართველი გუნდის წევრები კრიტიკულ მედიასთან ინტერვიუს არასდროს თანხმდებიან, ისინი მათ საპასუხოდ ან თავდასხმის საშუალებადაც კი ფეისბუქსა და სამთავრობო მედიებს ირჩევენ.


თვალსაჩინოებისთვის ვნახოთ, როგორია ბოლო პერიოდში მომხდარი ამბების ქრონოლოგია და როგორ ცდილობს ხელისუფლება და მასთან აფილირებული პროპაგანდისტული ტელევიზიები დამოუკიდებელი და კრიტიკული ონლაინ გამოცემების დისკრედიტაციას.


ნინო წილოსანი VS “პუბლიკა“

23 აპრილს ამბროლაურში, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით გამართულ საყოველთაო სახალხო განხილვაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის მიერ გაკეთებული განცხადება აბორტთან, ხელოვნურ და ინ ვიტრო განოყოფიერებასთან დაკავშირებით განხილვის საგანი გახდა.

მედიაგამოცემა „პუბლიკამ“ მამუკა მდინარაძის ნათქვამთან დაკავშირებით გამოაქვეყნა მასალა სათაურით - "მდინარაძე ინ ვიტროზე: საკამათო გახდა, მარტოხელა ქალს უნდა ჰყავდეს თუ არა შვილი“. გამოცემამ ბეჭდური სახით გაშუქებულ ამბავს, თან დაურთო მამუკა მდინარაძის სრული და უცვლელი პასუხი.

მასალაზე გამოხმაურებამ მმართველ გუნდსა და პროპაგანდისტულ მედიებში არ დააყოვნა. თავად მდინარაძემ „პუბლიკას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე და მანიპულაცია უწოდა. მან გამოცემა მისი კომენტარის დამონტაჟებაში დაადანაშაულა.

მდინარაძესთან ერთად, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აღშფოთება გამოხატა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმაც. დეპუტატმა დაწერა, რომ „პუბლიკა“ სიცრუის ტირაჟირებას ჩვეულ სტილში განაგრძობდა. წილოსანმა მასალას მორიგი ტყუილი და კონტექსტიდან ამოგლეჯილი ციტატა უწოდა. 

A screenshot of a computerDescription automatically generated


პარლამენტის წევრის ფეიბუქ პოსტს „პუბლიკა“ თავადაც გამოეხმაურა და ამბროლაურში გამართულ შეხვედრაზე მამუკა მდინარაძის გამოსვლა უკვე ვიდეოს სახით გაავრცელა. 

A screenshot of a video chatDescription automatically generated


ვიდეოს ლინკი: https://www.facebook.com/watch/?v=2356163147928303

ნინო წილოსანი ამ მასალასაც გამოეხმაურა და მისი ვებგვერდზე დადებიდან მალევე მან შემდეგი ახალი პოსტი გამოაქვეყნა:

A screenshot of a computerDescription automatically generated


დეპუტატმა “პუბლიკას” მიერ გავრცელებულ ვიდეოს არაფრისმთქმელი უწოდა და აღნიშნა, რომ მამუკა მდინარაძე უბრალოდ სხვადასხვა ჯგუფების პოზიციაზე საუბრობდა, ეს მისი პოზიცია არ იყო, “პუბლიკა” კი მანიპულირებდა. რომ მათ მიერ გავრცელებულ მასალაში ეს კონტექსტი ნახსენები არ იყო და მედიის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, თითქოს, ირონიული ტონით “პუბლიკას” დონორებსაც მიმართა.

ნინო წილოსანი ამით არ გაჩერებულა. დეპუტატის მედიაზე შეტევა ასე გაგრძელდა.

24 აპრილს “პუბლიკამ” გამოაქვეყნა ახალი მასალა სახელწოდებით -" როგორ დასაქმდა გური სულთანიშვილის ცოლი ნინო წილოსანის სამდივნოში".

სტატიაში აღნიშნულია, რომ გამოცემას წყარომ მიაწოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ პროსამთავრობო ტელევიზიის Postv-ის ტელეწამყვანის, გური სულთანიშვილის ცოლი, მედეა ჯმუხაძე წილოსანის სამდივნოში დასაქმდა. 

"პუბლიკა" ამბის გადასამოწმებლად თავად მედეა ჯმუხაძესაც დაუკავშირდა. კითხვაზე, თუ ვისგან მიიღო შემოთავაზება და ხომ არ უკავშირდება მისი დასაქმება სულთანიშვილს, რადგან საზოგადოების მხრიდან, შესაძლოა, ეს ასე ყოფილიყო აღქმული, ჯმუხაძემ აღნიშნა, რომ შემოთავაზება თავად ნინო წილოსანისგან მიიღო. 

მედია გამოცემა ნინო წილოსანსაც დაუკავშირდა. დეპუტატმა "პუბლიკას" ასე უპასუხა: „გამჭვირვალობის საპასუხოდ მეორე უდონობა მოიფიქრეთ? ანუ ქალი აუცილებლად ვიღაცის ცოლი უნდა იყოს და ქმრის გამო ასაქმებდნენ? სექსისტური განაცხადი ახალი ფურცელია თქვენს „შემოქმედებაში“. ამას მალევე მოჰყვა წილოსანიც ფეისბუქ პოსტიც.

 

A screenshot of a computerDescription automatically generated

 

"იმედისა" და "პოსტვ"-ის გამოხმაურება


მმართველი გუნდის რიტორიკა სამთავრობო მედიებმა გააგრძელეს. ტელეკომპანია "იმედმა" გამოქვეყნა მასალა ჰედლაინით: “მამუკა მდინარაძე "პუბლიკას" მიერ გავრცელებულ ტყუილზე”. 

A screenshot of a video chatDescription automatically generated

მაშინ, როდესაც არანაირი ფაქტით არ დასტურდება, რომ “პუბლიკამ” ცრუ ინფორმაცია გაავრცელა და სრული ვიდეო ჩანაწერიც ცხადყოფს, რომ გამოცემამ მხოლოდ და მხოლოდ დეპუტატის სიტყვების ციტირება მოახდინა, "იმედმა" მას მაინც დადასტურებულად ტყუილი უწოდა.


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის სრულ გამოსვლას აქტიურად აზიარებდა და პოსტავდა ტელეკომპანია Postv. პროპაგანდისტულმა მედიამ ამ ამბავს ვრცელი მიმოხილვა მიუძღვნა გადაცემაში - „სამნი და კო", რომლის ერთი-ერთი წამყვანიც გური სულთანიშვილია. შალვა რამიშვილმა თქვა, რომ ამბავი სიმართლეს შეესაბამება და სულთანიშვილის მეუღლე მართლაც წლებია პარლამენტში მუშაობს, რაშიც თავად სულთანიშვილმა შესწორება შეიტანა და აღნიშნა, რომ მისი მეუღლე ახალა გაფორმდა, თუმცა, მანამდე Fem Tech-ის პროგრამის განვითარებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი. 

როგორც "პუბლიკამ" მედეა ჯმუხაძის სოციალურ გვერდზე გადაამოწმა, მან პარლამენტში ოფიციალურად მუშაობა მიმდინარე წლის 1 მარტს დაიწყო. 

“სამნი და Co.“- ს ერთ-ერთი წამყვანი და ტელეკომპანია "პოსტვ"-ის გენერალური პროდიუსერი, ძალადობაში არაერთხელ ბრალდებული შალვა რამიშვილი „პუბლიკას“ შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს და ამბობს, რომ თითქოს, მედიას ჯმუხაძის „რაღაცაში გამოჭერა სურდა,“ მაშინ როდესაც "პუბლიკამ" მას  წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადასამოწმებლად დაურეკა. 


შალვა პაპუაშვილი VS გელა მთივლიშვილი 


"ქართული ოცნების" სხვა წევრების მსგავსად, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც აქტიურადაა დაკავებული ონლაინ მედიებისა თუ მათი დამფუძნებლების დისკრედიტაციით. 

მიმდინარე წლის შემოდგომაზე „მთის ამბების“ რედაქტორის, გელა მთივლიშვილის მასალა, რომელიც შოვში დატრიალებულ ტრაგედიას ეხებოდა კონკურსის - "ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში" ფინალში მოხვდა. როგორც აღმოჩნდა, შალვა პაპუაშვილს სტატიის შინაარსი არ მოეწონა. მან ევროკავშირის საელჩოს საქართველოში მოსთხოვა, განმარტება თუ რატომ მოხვდა გელა მთივლიშვილის საგამოძიებო სტატია ევროკავშირის პრიზის ფინალისტებში. პარლამენტის თავმჯდომარის მოსაზრებით, მთივლიშვილის სტატია „ტყუილებით სავსე“ იყო და როცა ასეთი მასალა ევროკავშირის კონკურსის ფინალში ხვდება, მნიშვნელოვანია, ამაზე პასუხისმგებლობა ევროკავშირმა აიღოს.

შალვა პაპუაშვილმა გელა მთივლიშვილის „ თვითგამოცხადებული ჟურნალისტი“ უწოდა, რომელიც ტყუილების გავრცელებით მოსახლეობაში პანიკის დათესვას ცდილობს.

პარლამენტის თავმჯდომარის თავდასხმებს "მთის ამბების" რედაქტორზე Media Freedom Rapid Response (MFRR) გამოეხმაურა. MFRR არის ევროპის მასშტაბით მოქმედი მექანიზმი, რომელიც აკვირდება და რეაგირებს პრესისა და მედიის თავისუფლების დარღვევის ფაქტებზე ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებში.

MFRR-ის პარტნიორმა ორგანიზაციებმა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ჟურნალისტის დისკრედიტაციაზე შეშფოთება გამოთქვეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს არ არის პირველი ინციდენტი, როდესაც შალვა პაპუაშვილი მედიის დისკრედიტაციას ცდილობს. MFRR-მა მაგალითად OC Media-თან დაკავშირებული შემთხვევა გაიხსენა, როდესაც 2023 წლის სექტემბერში პარლამენტის თავმჯდომარემ საჩივრის წერილით მინიმუმ ერთ დონორ ორგანიზაციას მიმართა, მას შემდეგ რაც მედიამ პაპუაშვილის თვალსაზრის გამოქვეყნებაზე უარი თქვა. 

შალვა პაპუაშვილი VS ნეტგაზეთი/ბათუმელები 

 

ეს არი იყო შალვა პაპუაშვილის მედიაზე თავდასხმის არც პირველი და არც უკანასკნელი შემთხვევა. 

ახლა, როდესაც მმართველმა პარტიამ რუსული კანონი ხელმეორედ დააინიცირა, მათი მხრიდან ონლაინ მედია განსაკუთრებული წნეხის ქვეშ აღმოჩნდა. 

შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ "ქართული ოცნების" წევრები არ ტოვებენ არცერთ სტატიასა თუ ამბავს, რომელსაც ონლაინ მედია ავრცელებს, აკომენტარებენ ყველაფერს და პროპაგანდას უწევენ მათ მიერ ინიცირებულ რუსულ კანონს, რომელიც მათი თქმით, სწორედ ამ მედიაორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობისთვისაა საჭირო. 

ამ პერიოდში შალვა პაპუაშვილის მორიგ სამიზნედ ნეტგაზეთი/ბათუმელები იქცა. ამბავი მედიის მიერ გამოქვეყნებული მასალით დაიწყო, სადაც ნათქვამი იყო, რომ პაპუაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში 1 ლარად ჰექტრობით მიწა შეიძინა.

სტატიას პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა და საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა. მან ნეტგაზეთი/ბათუმელების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას აბსოლუტური ტყუილი უწოდა.

 

ონლაინ გამოცემამ ტექნიკური, თუმცა, არა ფაქტობრივი შეცდომა გაასწორა და მკითხველს ბოდიშიც მოიხადა.

ფაქტი, რომ პაპუაშვილმა 1 ლარად მიწის ნაკვეთი ნამდვილად შეიძინა, ასახული მისივე დეკლარაციაშია.


პარლამენტის თავმჯდომარის დასავლეთ საქართველოს რეგიონულ მედიასთან შეხვედრის დროს, ნეტგაზეთი/ბათუმელების რედაქტორმა, ეთერ თურაძემ ამ თემაზეც ისაუბრა და წარადგინა დოკუმენტები, რომელიც მედიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის სინამდვილეს ადასტურებდა. თუმცა, შალვა პაპუაშვილი დაჟინებით იმეორებდა, რომ ნეტგაზეთი/ბათუმელები იტყუებოდა.

პაპუაშვილი ეთერ თურაძის გამოსვლას ფეისბუქის საკუთარ გვერდზეც გამოეხმაურა. 




პარლამენტის თავმჯდომარემ ყველაფრის მიუხედავად, თურაძის გამოსვლას ცილისწამება უწოდა და თავის პოსტში ისევ და ისევ “რუსული კანონის” მიღების აუცილებლობას გაუსვა ხაზი, რითიც მისი მტკიცებით, “ქართული ოცნება” საბოლოოდ, დაადგენს თუ ვინ აფინანსებს ამ შემთხვევაში ბათუმელებს/ნეტგაზეთს და ზოგადად, ქართულ ონლაინ მედიას.




ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

 
კატეგორია: საქართველო

საერთაშორისო მედიის გამოხმაურება თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე - „არა რუსულ კანონს“


თბილისში რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული მასშტაბური აქციები საერთაშორისო მედიის ფოკუსში მოხვდა. არაერთი ამერიკული თუ ევროპული გამოცემა წერს და ჰყვება ამბავს, თუ რა მოხდა 30 აპრილის ღამეს, როგორ და რა მეთოდებით დაარბია პოლიციამ მომიტინგეები.

ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული გამოცემა - New York Times საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ქრონოლოგიურად, საკმაოდ ვრცლად მოგვითხრობს და განმარტავს, რას ნიშნავს ახალი კანონი, რომლის მიღებასაც საქართველოს მთავრობა ხელმეორედ ცდილობს.

 New York Times-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ გასულ წელს საქართველოში ამავე კანონის ინიცირებას, ასევე მასშტაბური აქციები მოჰყვა და ხელისუფლებას კანონის უკან გაწვევა მოუწია, თუმცა, ამჯერად როგორც ჩანს, ისინი უფრო თვითდაჯერებულები არიან, რომ კანონს დაამტკიცებენ. 

სტატია რუსულ კანონთან შედარებასაც გვთავაზობს და აღწერს, თუ როგორ გახდა 2012 წელს რუსეთში ანალოგიური კანონი იარაღი კრემლისადმი ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების წინააღმდეგ. ასევე, როგორ იქცა კრიტიკული მედია ორგანიზაციების ჩასახშობ ბერკეტად. აღნიშნულია ისიც, რომ მსგავსი კანონი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ყირგიზეთმა და ყაზახეთმა მიიღო.

სტატიაში ნათქვამია, რომ სამართალდამცავებმა პროტესტის - „არა რუსულ კანონს“  მონაწილეები წიწაკის სპრეით, ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაარბიეს. 

თბილისში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა უმსხვილესი ამერიკული  ტელევიზიები: NBC NEWS და abc 



NBC NEWS-მა აქციის დარბევის კადრები გამოაქვეყნა და ამბავს ვრცელი სტატიაც მიუძღვნა სახელწოდებით: " ე.წ „რუსული კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.“

ტელეკომპანიამ გამოცემა "როიტერზე" დაყრდნობით, 30 აპრილს განვითარებული მოვლენები დეტალურად აღწერა, მათ შორის: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილზე ფიზიკური ძალადობა, დემონსტრანტების მხრიდან სხვადასხვა ხელოვნური ბარიკადებით გადაკეტილი ქუჩები და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება. მედიამ ფართოდ მიმოიხილა გასული მოვლენები, თუ რატომ და როგორ გახდა "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული კანონი პროტესტის საგანი. სტატიაში საუბარია საერთაშორისო გამოხმაურებებზეც, რომ ევროპა და ამერიკა საქართველოს მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ კანონზე შეშფოთებას გამოთქვამს, რადგან მას არაფერი აქვს საერთო ევროპულ ან ამერიკულ სტანდარტებთან. 



მსგავსი სახელწოდების მასალა გამოაქვეყნა ტელეკომპანია abc-მაც. 

“ საქართველოს დედაქალაქში პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა აქციის მონაწილეების დასაშლელად რომელბიც პარლამენტის შენობის წინ იმ კანონპროექტს აპროტესტებდნენ, რომელიც მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს უცხოური გავლენის გამტარებლებად რეგისტრაციას მოსთხოვს“ - abc news.

ამერიკული გამოცემის მიერ მომზადებულ ახალ ამბავში ნათქვამია, რომ ათასობით დემონსტანტი ქუჩაში იმ მოტივით შეიკრიბა, რომ მათი აზრით, მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი საფრთხეს უქმნის ქვეყნის დიდი ხნის მიზანსა და სურვილს - გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. 

საქართველოში მიმდინარე მოვლენები გააშუქეს ბრიტანულმა და ევროპულმა გამოცემებმაც.

ბრიტანულმა ყოველდღიურმა გამოცემა The Guardian-მა თბილისურ პროტესტზე ვრცელი ბლოგი და ვიდეო მასალა მოამზადა. ბლოგში ქრონოლოგიურად, პუნქტებად არის აღწერილი 30 აპრილის ღამეს მომხდარი ფაქტები. ვკითხულობთ, რომ სამართალდამცავებმა პარლამენტის წინ გამართული აქციის მონაწილეების დასაშლელად სხვადასხვა საშუალება გამოიყენეს. აღნიშნულია, რომ ისინი „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტს აპროტესტებდნენ, რომელიც დასავლური ქვეყნების შეშფოთების საგანია, რადგან ისინი მას ავტორიტარულ  და რუსეთის ინსპირირებით შექმნილ კანონპროექტად მიიჩნევენ. "გარდიანს" არ გამორჩენია "ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის", ლევან ხაბეიშვილის უმოწყალოდ ცემის ფაქტიც. 

გამოცემა მკითხველს საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით სხვადასხვა ევროპარლამენტარისა თუ საერთაშორისო ექსპერტის შეფასებასაც სთავაზობს.
 


ონლაინ გამოცემა Politico საქართველოს დედაქალაქში მიმდინარე მოვლენებს პროევროპულ აქციებს უწოდებს და ამბობს, რომ პროტესტის დროს ათობით ადამიანი დააკავეს. 




ევროკავშირის პოზიციასა და საქართველოს კანდიდატის სტატუსზე აკეთებს აქცენტს Al Jazeera. გამოცემა წერს, რომ ევროკავშირმა საქართველო გააფრთხილა, რომ კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა, კანდიდატის სტატუსს საფრთხე შეუქმნას. 



თბილისში მიმდინარე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები გააშუქეს ისეთმა მედიაორგანიზაციებმაც, როგორიც არის: BBC, France 24, Reuters, AP, DW, le Monde.


 
ავტორი: ანი არველაძე
კატეგორია: საქართველო


4 წლის შემდეგ "აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის" მთავარი საინფორმაციო გამოშვების ყოფილი წამყვანის, თეონა ბაკურიძის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო.
ბაკურიძე "საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს" დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შემდეგ ხელისუფლების კრიტიკის გამო ეთერიდან მოხსნეს.
აჭარის ტელევიზიის მაშინდელმა დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ ის სამსახურიდან 2020 წელს გაათავისუფლა.
ტელევიზიას გათავისუფლებული ჟურნალისტისთვის ექვსი თვის ხელფასის სახით კომპენსაციის გადახდაც დაეკისრა, სავარაუდოდ, ვერაღდგენისთვის. მოსარჩელე მხარე ბაკურაძის მიმართ დისკრიმინაციის დადგენასაც ითხოვდა, თუმცა, სააპელაციო სასამართლომ ეს ნაწილი არ დააკმაყოფილა.
თეონა ბაკურიძის განცხადებით, დისკრიმინაციისა და კომპენსაციის რაოდენობის საკითხზე დავას სასამართლოში გააგრძელებს.
"მედიაჩეკერთან" საუბრისას ბაკურიძე ამბობს, რომ „გათავისუფლების დროს მაშინდელმა დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ და მისმა იურისტებმაც იცოდნენ, რომ კანონს არღვევდნენ, მაგრამ მათთვის მთავარი დროის მოგება იყო, 4 წლის შემდეგ ბრძანების ბათილობა კოხრეიძისთვის არაფერს ცვლიდა, მთავარი იყო იმ მომენტში ჩამოვეცილებინეთ სარედაქციო პოლიტიკისთვის. სამსახურში არ აღმადგინეს, დაკისრებულ კომპენსაციას კი კოხრეიძე ჯიბიდან არ იხდის. ეს მაუწყებლის ბიუჯეტს აზარალებს".
სააპელაციომდე ჟურნალისტის სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. თეონა ბაკურიძე სამსახურიდან გათავისუფლების უკანონოდ ცნობას, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას, განაცდური თანხის ანაზღაურებასა და სამსახურში აღდგენას ითხოვდა.
ჟურნალისტის ადვოკატის განცხადებით, ბაკურიძის საქმის განხილვისას პირველი ინსტანციის მოსამართლემ, ხათუნა ბოლქვაძემ გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ მოწმეებისთვის კითხვებიც კი არ დაუსვამს.
თეონა ბაკურიძის თქმით, იმედი რომ სააპელაციო საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ბათილად ცნობდა, არ ჰქონდა, თუმცა, კეთილსინდისიერი მოსამართლეების არსებობის სჯეროდა.
„თუ ასეთ ხელში მოხვდებოდა საქმე, იყო სამართლიანი გადაწყვეტილების შესაძლებლობა. ასეთ ხელში კი იშვიათად ხვდება სისტემასთან დაპირისპირებულების საქმეები (შრომით დავებზე მაინც უწევთ ხოლმე კოდექსით იხელმძღვანელონ )“, - ამბობს თეონა ბაკურიძე.
ჟურნალისტმა "მედიაჩეკერთან" საზოგადოებრივი მაუწყებლის როლზეც ისაუბრა:
„საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა უპასუხოს იდეას, უნდა იყოს რეალურად საზოგადოებრივი. ჩვენ არ ვიყავით მაშინ იდეალურები, მაგრამ ვიდექით ამ გზაზე და ვცდილობდით, გავმხდარიყავით უკეთესები, ხალხის, მაყურებლის ინტერესებით გვეხელმძღვანელა. ხელი შეგვეწყო დემოკრატიისა და ევროინტეგრაციისთვის, ნაცვლად პარტიული ინტერესების გატარებისა“.
2019 წელს "საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს" ყოფილმა დირექტორმა, ნათია კაპანაძემ მისი თანამდებობიდან გადაყენება ხელისუფლების მიერ ტელევიზიის გაკონტროლების სურვილს დაუკავშირა. შემდეგ კი კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს ტელევიზიაში საქმიანობაც შეეზღუდათ. იმ პერიოდში სასამართლოში 9 სარჩელი შევიდა.

 
კატეგორია: საქართველო



25 აპრილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დასავლეთ საქართველოს მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან პრესკონფერენცია გამართა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში, თითქმის, 2 საათი გაგრძელდა.
შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების არაერთი კრიტიკული კითხვა მოისმინა. მედიის წარმომადგენლებმა მწვავე შეფასებებიც გააკეთეს. ყველაზე ხმაურიანი, გამოცემა “ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებლისა და რედაქტორის ეთერ თურაძის გამოსვლა აღმოჩნდა.
პარლამენტის თავმჯდომარისა და რეგიონული მედიების შეხვედრაზე ინფორმაცია მაყურებელმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" 3, 6 და 9-საათიან საინფორმაციო გამოშვებებში ვერ მოისმია. „პირველი არხის“ ვებ პლატფორმაზე კი მხოლოდ შალვა პაპუაშვილის რამდენიმე, მათ შორის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვრცელი პასუხი განთავსდა, რომელიც მან „ნეტგაზეთი/ბათუმელების“ დამფუძნებელს, ეთერ თურაძეს გასცა. საგულისხმოა, რომ ვებგვერდზე თავად ეთერ თურაძის გამოსვლა არ გამოქვეყნებულა.

 

რა მოხდა?


რამდენიმე დღის წინ "ნეტგაზეთი/ბათუმელებმა" შალვა პაპუაშვილის ქონებრივ დეკლარაციაზე დაყრდნობით, ინფორმაცია გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვეოდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ 20 ჰექტარი მიწა სახელმწიფოსგან 1 ლარად მიიღო. პაპუაშვილის განცხადების შემდეგ, რომ გავრცელებული ამბავი ტყუილი იყო, რედაქციამ მკითხველს ბოდიში მოუხადა, ინფორმაცია გაასწორა და განმარტებაც გააკეთა. [დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ:
https://netgazeti.ge/opinion/719180/?fbclid=IwZXh0bgNhZW0CMTEAAR2_TbwWxlAUvEZ8dgtSI-OZAKjwsxd-ViCxJbew7YsGgadaDwlXw4oilag_aem_AfdqrJLSHRBUYdLXwFg4YXp0N9ikIOr5KqP5eXf8_osYiYMLvtZq5bWBKCCGqVOCmpJcnA4FzK5CxpDt15HS6Xud]


შალვა პაპუაშვილთან შეხვედრისას ეთერ თურაძემ საკუთარ გამოსვლაში ეს შემთხვევაც გაიხსენა. ერთ ლარად შეძენილი 20 ჰექტარი მიწაც ახსენა და რუსული კანონის კონტექსტში "ქართული ოცნების" მისამართით არაერთი კრიტიკული მოსაზრება გამოთქვა.

 

A screenshot of a computerDescription automatically generated

"პირველი არხის" ვებ პლატფორმამ მომხდარი ცალმხრივად, პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციის სასარგებლოდ ისე გააშუქა, რომ არცერთ მასალაში მიზეზი თუ რატომ უპირისპირდება შალვა პაპუაშვილი ეთერ თურაძეს არ უხსენებია. ცხადია, დრო არ დაეთმო თავად ჟურნალისტის პოზიციასაც. ასეთი ზედაპირული გაშუქებით "პირველმა არხმა" მაყურებელს არასრული ინფორმაცია მიაწოდა და საკუთარი დასკვნის გამოტანის საშუალება არ მისცა. 

აღსანიშნავია, გამოქვეყნებული მასალების სათაურებიც, რომელიც "ნეტგაზეთი/ბათუმელების" მიმართ გამოთქმულ შალვა პაპუაშვილის მადისკრედიტებელ გამონათქვამებს ტირაჟირებს.

d88d7cba-e82f-4d2d-9336-e83147cae6d6

911b7d72-9ffc-41bb-a848-8ad56ca3d9b5

0a2815d1-7636-49ff-8f69-4f38004e6af3


"საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" მომხდარის ასე გაშუქებით, თავისივე ქცევის კოდექსით განსაზღვრული მიუკერძოებლობის პრინციპი დაარღვია.

"შევისწავლოთ და სამართლიანად ავსახოთ განსხვავებული პოზიციები საკამათო საკითხის შესახებ. დავიცვათ ბალანსი და არ გამოვხატოთ არც ერთი პოზიციის მხარდაჭერა. უყურადღებოდ არ დავტოვოთ არც ერთი საგულისხმო და ღირებული აზრი", - ვკითხულობთ "საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსში".

თუკი "პირველი არხის" საინფორმაციო გადაცემა "მოამბემ" მთლიანად შეხვედრის ფაქტი და თემა გამოტოვა, ხოლო ტელევიზიის ვებგვერდზე მხოლოდ შალვა პაპუაშვილის მედიის მიმართ გაჟღერებული ბრალდებები გამოქვეყნდა, მაშინ სად არის მედიის კიდევ ერთი - სიზუსტის პრინციპი, რომელიც მკითხველს სრულყოფილი ინფორმაციის მიღების საშუალებას აძლევს.

აღსანიშნავია, რომ მედიის პროფესიული საქმიანობის ასეთი სტანდარტი საქართველოს ხელისუფლების მიმართ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მიკერძოებულ პოზიციაზე მიანიშნებს.

ეთერ თურაძე აქტიურ ჟურნალისტურ საქმიანობას 2001 წლიდან დღემდე ეწევა, გამოცემა „ბათუმელები/ნეტგაზეთი“ კი არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი პროფესიული ჯილდოს მფლობელია.

ეთერ თურაძის გამოსვლა სრულად იხილეთ აქ: 

 


https://1tv.ge/news/shalva-papuashvili-tyuili-gaavrcela-batumelebma-da-mouwia-bodishis-mokhda-tumca-kvlav-imave-tyuils-imeorebs/ 


https://1tv.ge/news/shalva-papuashvili-batumelebis-redaqtors-mimartavs-ar-vici-ra-dzalaa-iseti-romelic-ertkhel-bodishmokhdil-ambavze-kidev-wagiyvans-adamians-ciliswamebaze-tu-ara-adamianuri-etikis/ 

 
კატეგორია: ვიდეო

25 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა დასავლეთ საქართველოს მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში, თითქმის, 2 საათი გაგრძელდა. 

ბათუმში გამართულ შეხვედრას არ დაესწრნენ დასავლეთ საქართველოში მომუშავე „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ წევრი ტელევიზიები.

ალიანსის დირექტორის, ნათია კუპრაშვილი განცხადებით, ტელევიზიების ხელმძღვანელებს შეხვედრის წინა დღით, ფაქტობრივად, შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე უკავშირდებოდნენ და მისვლას სთხოვდნენ. 

"მალევე ალიანსის საერთო შეკრებაზე ვიმსჯელეთ და მივედით საერთო გადაწყვეტილებამდე, რომ ჩვენს რეგიონებში ჩვენი მაყურებლებისთვის ამჟამად არსებულ რეალურ პრობლემებს, საერთოდ არ შეესაბამება ის თემატიკა და დღის წესრიგი, რასაც მმართველი გუნდი გვთავაზობს და გვთავაზობს მის მიერ დადგენილი წესრიგითა და ფორმატებით. ამიტომ ჩვენ ვაცნობეთ პარლამენტის აპარატს, რომ მზად ვართ შეხვედრისთვის, უპირველესად კანონის გაწვევის შემთხვევაში, როგორც რეგიონულ მედიაში, ისე რეგიონებში მცხოვრები მოსახლებისთვის არსებული, რეალურად აქტუალური საკითხების ირგვლივ მსჯელობისთვის და არა ხელოვნურად აქტუალიზებული საკითხების გარშემო. 

რეალურ პრობლემებზე მსჯელობას, რომელიც კიდევ უფრო ღრმავდება ე.წ. ,,უცხოური გავლენის" კანონით, სჭირდება რეალურად სამუშაო ფორმატი. სწორედ, ამიტომ უარი ვთქვით ამ უშედეგო შეხვედრაში მონაწილეობაზე. ცხადია, ეს არ ნიშნავდა გაშუქებაზე უარს. ჩვენი ოპერატორი მუშაობდა ადგილზე და სამთავრობო გუნდის ქმედებებს ჩვენ ყველგან, კვლავ სიღრმისეულად დავაკვირდებით," - ამბობს ნათია კუპრაშვილი.

რეგიონში მომუშავე დამოუკიდებელი ონლაინ მედიის წარმომადგენლებმა კი შალვა პაპუაშვილთან შეხვედრაზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსულ კანონზე ისაუბრეს. 

„მხოლოდ ამ ხელისუფლების პირობებში მომიწია, რომ ვიყო არა კითხვის დამსმელი, არამედ ოპონირება გაგიწიოთ იმიტომ, რომ თქვენ, თქვენი ამ კანონით ცდილობთ, გვიწოდოთ „უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი ძალა““, - მიმართა გაზეთ „ბათუმელების“ რედაქტორმა პარლამენტის თავმჯდომარეს.



რატომ "ასამარებს მედიას" რუსული კანონი - ამაზე ვრცლად "გურია ნიუსის" დირექტორმა, ია მამალაძემ ისაუბრა. მამალაძის თქმით, ხელისუფლება იღებს კანონს, რომელიც ჩვენს ქვეყნის რუსეთისკენ მიაქანებს.



„ეს კანონი დიდი რუსული კედელია ჩვენსა და ევროკავშირს შორის“, - ამ ბანერით გააპროტესტა რუსული კანონი პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე „აჭარა თაიმსის" დამფუძნებელმა, სულხან მესხიძემ. 



შალვა პაპუაშვილს დასავლეთ საქართველოს მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გამოსვლა, როგორც „ბათუმელების“ რეპორტიორი, მანანა ქველიაშვილი წერს, რუსული კანონის საპროტესტო ბანერების ფონზე მოუწია. 




 

 
კატეგორია: საქართველო
 
ტელეკომპანია „იმედისა“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის“ გასული კვირის შემაჯამებელ ანალიტიკურ გადაცემებში მაყურებელმა სიუჟეტები საქართველოს სუვერენიტეტთან დაკავშირებით ნახა და მათი შინაარსიდან გამომდინარე, შესაძლოა, იფიქრა კიდეც, რომ ბრძოლა სუვერენიტეტისთვის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე გადის. 

„იმედის კვირამ“ 21 აპრილს მაყურებელს შესთავაზა სიუჟეტი სათაურით „ბრძოლა სუვერენიტეტისთვის“. ამავე დღის „კვირის მოამბემ“ კი დასახელებით - „სუვერენიტეტი და იდეოლოგიური გავლენები“.
 
„ბრძოლა სუვერენიტეტისთვის“

 
„იმედის კვირის“ წამყვანი, ირაკლი ჩიხლაძე სიუჟეტის წარდგენისას ამბობს: „ბრძოლა სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობისთვის შეგვიძლია, პირდაპირ ვთქვათ, რომ დღეს გადამწყვეტ ფაზაშია. „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“, - დიდი ილიას ეს სიტყვები არ იცვლება არც მაშინ, როცა შენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი დიდი სახელმწიფოების ინტერესებს არ ემთხვევა“. 

სიუჟეტის დაწყებისთანავე კი ავტორი ხაზს უსვამს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში აქტიური საომარი მოქმედებების პარალელურად, ბრძოლა იდეოლოგიებს შორისაც მიმდინარეობს, იდეოლოგიური ომის ცენტრი კი მაინც ამერიკაა. 

სანდრო გამსახურდია აქცენტს რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზეც აკეთებს და ამბობს, რომ ამ პათოსს ცალკეული ევროპარლამენტარებიც იზიარებდნენ. მისი განცხადებით, ხელისუფლების ეროვნული სამშვიდობო პოლიტიკის შედეგად, ქვეყანამ მეორე ფრონტზე უარი თქვა, სწორი ქართული პოლიტიკით ევროკავშირის კანდიდატის სტატუსიც მოიპოვა და ორნიშნა ეკონომიკური ზრდაც დააფიქსირა. 

სიუჟეტში უნგრეთის პრემიერ მინისტრის, ვიქტორ ორბანი ანტიდასავლური განცხადება თანაბარუფლებიანი პარტნიორობის მაგალითადაა მოყვანილი. „სწორედ ესაა თანაბარუფლებიანი პარტნიორობა, როდესაც პოზიციები არგუმენტებით მყარდება და არა ის, რასაც საქართველოს წინააღმდეგ ვხედავთ“, - ამბობს ჟურნალისტი. მაინც რა ხდება საქართველოს წინააღმდეგ, - ამ კითხვის პასუხად „იმედი“ მაყურებელს აშშ-ის მიერ „ჭორებზე დაფუძნებული მოსაზრებების გამო“ მოსამართლეების დასანქცირების ფაქტს ახსენებს და პარალელს გამჭვირვალობის შესახებ დაინიცირებულ კანონპროექტთან ავლებს. სიუჟეტის ავტორისეული განმარტებით, ვაშინგტონიდან ბრიუსელამდე პოლიტიკოსები თუ დიპლომატები კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ, თუმცა, რატომ დააშორებს კანონი საქართველოს ევროინტეგრაციას, არავინ ამბობს.

სანდრო გამსახურდია სვამს კითხვას: „სად გადის ზღვარი სტრატეგიულ პარტნიორობას და სუვერენული ქვეყნის საქმიანობაში ჩარევას შორის. საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელმაც 2012 წლიდან მოყოლებული ყველა ჩატარებულ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა. შესაბამისად, მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების, ამ შემთხვევაში კი პარლამენტის პრეროგატივაა ამა თუ იმ კანონპროექტის დაინიცირება, მსჯელობა, ხმის მიცემა, მიღება თუ არ მიღება“.

ჟურნალისტის თქმით, დასავლეთში თბილისში მიმდინარე საპროტესტო ტალღას გულშემატკივრობენ და როდესაც მუხტი ნელდება, მათგან უარგუმენტო კრიტიკაც არ იგვიანებს: 
„დასავლელი პარტნიორების მხრიდან უარგუმენტო კრიტიკის მიღმა ვერაფერს ვხედავთ. მათ მხარეს ზუსტად ნოლი არგუმენტი და ბრტყელ-ბრტყელი ფრაზებია, რომ, თითქოს, გამჭვირვალობის კანონპროექტით ევროპას ვშორდებით“. 

სიუჟეტის ავტორის განმარტებით, წარსულში საქართველოში ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საერთაშორისო პარტნიორების კარნახით მიიღებოდა. ახლა კი მოცემულობა შეცვლილია:

„გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე უმთავრესი პრიორიტეტი საქართველოს მშვიდობიანი ეკონომიკური განვითარებაა, რისი უზრუნველყოფაც არსებულ პოლიტიკურ რეალობაში, ობიექტურად მხოლოდ მმართველ გუნდს შეუძლია“. 

აღსანიშნავია, რომ სიუჟეტის ანტიდასავლურ კონტექსტს მისი რესპონდენტების ნარატივიც კრავს. ყველა მათგანი ერთ აზრზეა და საპირისპირო მოსაზრება მაყურებელს უბრალოდ არ ესმის. 

„ცალმხრივი საჭიროება დღის წესრიგიდან მოხსნილია. ჩვენ ვჭირდებით ევროპას და ამერიკას, ისევე როგორც ისინი - ჩვენ. ამიტომაც არის საქართველოს არჩევანი ღირსებით ევროპისკენ  ანუ ნათელი მომავლისკენ და არც ერთ შემთხვევაში უკან, წარსულისკენ ანუ საბჭოთა კავშირში, როდესაც ჩვენს მაგივრად გადაწყვეტილებებს სხვა ქვეყანაში იღებდნენ“, - ასკვნის ჟურნალისტი და სიუჟეტიც ასე სრულდება. 


„სუვერენიტეტი და იდეოლოგიური გავლენები“

 
„სად გადის ზღვარი დემოკრატიის პრინციპებსა და თავისუფლების სახელით მორჩილებას შორის, სუვერენიტეტი და სადავო გამჭვირვალობა“, - ასე აანონსებს თამარ გოგესაშვილი „კვირის მოამბის“ დაწყებისას მისივე რეპორტაჟს - „სუვერენიტეტი და იდეოლოგიური გავლენები“. 

„და ახლა, როცა იმაზე ვდაობთ, ვის მოსწონს ან არ მოსწონს საპარლამენტო რესპუბლიკაში ხალხის მიერ არჩეული უმრავლესობის მომზადებული და დამტკიცებული კანონები. გვაქვს თუ არა უფლება ვიცოდეთ, ვინ რატომ იღებს და ხარჯავს ჩვენს სუვერენულ ქვეყანაში ფულს. როცა ვდაობთ, სად ვიცავთ გამოხატვის თავისუფლებას, როცა სხვის უფლებებს ვარღვევთ. ამ დროს უპირველესია, არ გადავწეროთ ქვეყნის ისტორია არასწორი შედარებებით“.

თამარ გოგესაშვილის განმარტებით, რადგან დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლების წყარო ხალხია და უმრავლესობით არჩეული ხელისუფალიც ლეგიტიმური, ქვეყნის შიგნით სუვერენიტეტის დაცვის აუცილებელი პირობაა, რომ გადაწყვეტილების მიმღებიც და აღმსრულებელიც ის იყოს. 

„ყველა ჯერზე, როცა საქართველო ერთ ნაბიჯს დგამს ევროპისკენ, რუსეთი დგამს ორს საქართველოსკენ...და როცა კრემლს მოსწონს ის, რასაც საქართველოში ქუჩაში აპროტესტებენ, ბუნებრივია, ის მიზანმიმართულად ახალისებს პროტესტს“.

სიუჟეტის მომდევნო ნაწილში კი ავტორი ყურადღებას საერთაშორისო საზოგადოებისა და პარტნიორების ხელისუფლებაზე გავლენის მცდელობაზე ამახვილებს:

„ახლა კი ხალისი აქვთ იმის, რაც წახალისებლია. წახალისებულია საერთაშორისო საზოგადოებისგან, ცალკეული პოლიტიკოსებისგან, პარტნიორებისგან. თუმცა, ამავე პარტნიორებს აღიარებული აქვთ საქართველოს სუვერენიტეტიც და მისი მთავრობის ლეგიტიმაციაც. აკრიტიკებენ საქართველოში იმას, რაც საკუთარ ქვეყნებში ან დაკანონებული აქვთ, ან აწი გეგმავენ უცხოური გავლენებისგან დასაცავად. მერე რა თუ ასე ღიად და ასეთი კრიტიკით, ცოტა ულტიმატუმის ენითაც პირდაპირ ცდილობენ გავლენა მოახდინონ საქართველოში ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების გადაწყევტილებებზე“.

გოგესაშვილის თქმით, საქართველოს არჩევანი ევროპულ ოჯახში დაბრუნებაა და ფაქტები ადასტურებს იმას, რასაც აღქმები უარყოფს. ჟურნალისტს მაგალითებად, ასოცირების შეთანხმებასა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა, უვიზო რეჟიმისა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება მოჰყავს. 

„მიზნამდე მისასვლელად საქართველოს მეგობრები სჭირდება და არა მოკარნახეები, მხარდამჭერები და არა ულტიმატუმის ენის მოსაუბრეები. და როცა აზრთა სხვაობის გამო ყველა საერთაშორისო მეგობარს, დიპლომატიურ წარმომადგებლობას, პოლიტიკურ პარტიებს, სხვადასხვა პროფესიულ წრეებსა და ახალგაზრდობას კარს უხსნი დისკუსიისთვის და მაინც ღია კარში შემოუსვლელად ისმის „არა რუსულ კანონს“, მაშინ სად არის სუვერენული სახელმწიფოს ფუნდამენტური უფლება გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების“, - კითხულობს ჟურნალისტი სიუჟეტში.

მისი აზრით, გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ განიმტკიცოს პოლიტიკური ლეგიტიმაცია, უფრო მეტად დაარწმუნოს საზოგადოება საკუთარი გადაწყვეტილებების სისწორეში და აუხსნას მათ სუვერენიტეტის დაცვის მეთოდების მართებულობა. 

„ქართველებს კი ბრძოლა არ გვიჭირს და არც სირთულე გვაკვირვებს მათ წინააღმდეგ, ვისაც, შესაძლოა, ჩვენი სუვერენიტეტის შეზღუდვა ან იდენტობის დაკარგვა უნდოდეს. ჩვენი იდენტობა ჩვენს ღირებულებებს ემყარება, ამ ღირებულებების დასაცავად კი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაა საჭირო შიდა და გარე აქტორებისგან...“, - ამბობს თამარ გოგესაშვილი.

„პირველი არხის“ ჟურნალისტი საკუთარი მოსაზრების დაფიქსირებას არც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებზე ერიდება. მისი სიტყვებით, როგორი გულწრფელიც არ უნდა იყოს ახალგაზრდების ნაწილის ცეკვა ცენტრალურ გამზირზე, ის მაინც ხელისუფლების შეცვლის სურვილით შეპყრობილი პოლიტიკური აქტორებისა და გაუმჭვირვალობის დამცველი არასამთავრობოების ჩრდილქვეშ ექცევა. 

„სუვერენიტეტს ეროვნული ფასეულობები ამყარებს და არა ილიას გადაწერა...ერთობა მნიშვნელოვანია, მაგრამ მამული, ენა და სარწმუნეობა ღვთაებრივი საუნჯეა, რომლის გარეშეც დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი ვერც ილიას წარმოედგინა“, - და ამ სიტყვებით ასრულებს ის სიუჟეტს. 
 
„კვირის მოამბის“ ამ 15-წუთიან რეპორტაჟში „პირველი არხის“ თანამშრომელი, თამარ გოგესაშვილი მაყურებელს საკუთარ მოსაზრებებს ღიად სთავაზობს. მისი ანტიდასავლური ნარატივი ეკრანიდან მეორე მხარის არგუმენტების გაჟღერების გარეშე ვრცელდება. მაყურებელი საპირისპირო მოსაზრებებს ვერც სიუჟეტის რესპონდენტებისგან ისმენს. რეპორტაჟში დრო მხოლოდ ირაკლი ბათიაშვილის (ფილოსოფიის დოქტორი), გია მურღულიასა (ფილოლოგი) და ბაქარ ბერეკაშვილის („პირველი არხის“ ანალიტიკოსი) შეხედულებებს ეთმობა.   

ამ დროს კი "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონი განმარტავს, რომ „პირველი არხი“ ვალდებულია, პროგრამებში თავისი აზრი არ გამოხატოს და საზოგადოებაში არსებული მოსაზრებათა პლურალიზმი ასახოს. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ამავე კანონით, „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ პირიქით, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პოპულარიზაცია უნდა უზრუნველყოს;

"იმედის სიუჟეტი"

კატეგორია: საქართველო
 
ხელისუფლების მსგავსად, რა სურს ტელეკომპანია "იმედს"?
 
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები წარმოაჩინოს, როგორც რადიკალური დაჯგუფების პროტესტი, რომელსაც სისხლისღვრა სურს. საზოგადოებაში დათესოს შიში და პანიკა. 
 
რა საშუალებებს იყენებს "იმედი?" 
 
21 აპრილს ტელეკომპანია "იმედის"კვირის მთავარ ანალიტიკურ გადაცემაში მაყურებელმა ნახა სიუჟეტი სათაურით "დიდი ლუსტრაცია". დაპირებისამებრ, სიუჟეტში ნათელი უნდა გახდეს, როგორ "შიფრავს" "რადიკალების" "დესტრუქციულ გეგმებს" ტელეკომპანია "იმედი".  მასალას „იმედის კვირის“ წამყვანი, ირაკლი ჩიხლაძე ასე აანონსებს: "ახლა ცოტნე გეგეჭკორი გაჩვენებთ, რამდენად თანხვედრაშია რადიკალების მოქმედებების ტაქტიკაც და სტრატეგიაც „კანვასის“ და "გირჩის" იმ ტრეინიგებთან, რომლის შესახებაც 2 წელია პერიოდულად გიყვებით“. 

„იმედის კვირის“ წამყვანი სიუჟეტის წარდგენისას ხაზგასმით ამბობს, რომ რადიკალებს მიზნად სისხლისღვრა და არეულობა აქვთ. ჩიხლაძის მტკიცებით, ამაზე ის ფაქტი მეტყველებს: "თუ როგორ მოიქცნენ მაშინ, როცა პარლამენტის შენობასთან პოლიცია არ დახვდათ და სამართალდამცველებთან დაპირისპირების პროვოცირებისთვის სპეციალურად გადაინაცვლეს მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც სასურველი სცენარისთვის ცივი იარაღიც გამზადებული ჰქონდათ“. 

438051621-1173489796982705-6008387231982965666-n

დიახ. "სასურველი სცენარისთვის ცივი იარაღიც გამზადებული ჰქონდათ", - ზუსტად ასე ამბობს. ამბობს ისე, რომ მაყურებელს არც აქციის მონაწილეების მხარეს ცივი იარაღის არსებობის ამსახველ კადრებს სთავაზობს, არც საგამოძიებო უწყების ოფიციალურ განცხადებას და არც რაიმე სხვა მტკიცებულებას. წამყვანის თქმით, ეს "ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი" კარგად დავიმახსოვროთ და დაველოდოთ, თავად სიუჟეტში თუ ვნახავთ, მაინც როგორ მოიქცნენ "რადიკალები" მთავრობის ადმინისტრაციასთან.

მანამდე გავარკვიოთ, რატომ და რა საფუძვლით დააწყვილა "იმედის კვირის" წამყვანმა ორგანიზაცია „კანვასისა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ტრეინინგები.

„კანვასი“ არის ორგანიზაცია, რომელიც 2005 წელს ბელგრადში დაარსდა და მას შემდეგ არაერთ ქვეყანაში არაძალადობრივი ბრძოლისა და შემოქმედებითი აქტივიზმის პრინციპებს ასწავლის. 6 თვის წინ კულტურის სფეროში მომუშავე ჯგუფებისთვის თბილისში ჩატარებული ტრეინინგის შემდეგ, კანვასის“ 3 სერბი ტრენერი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „რევოლუციური სცენარის“ მომზადებაში დაადანაშაულა. 

„გირჩი -მეტი თავისუფლების“ ტრეინინგებში კი "იმედი", ალბათ, პარტიის მიერ დაფუძნებული „ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის" ბანაკებს გულისხმობს, სადაც სხვადასხვა თემაზე ტრეინინგებიც ტარდება. 



რატომ დასჭირდა "იმედის კვირის" წამყვანს "კანვასისა" და "გირჩის" დაწყვილება და იმიტომ, რომ თავად სიუჟეტის ავტორს მასალაში ამ ორი სხვადასხვა ორგანიზაციის სხვადასხვა დროს ჩატარებული ტრეინინგის კადრები სათავისოდ გამოეყენებინა. მანიპულაციური ვიდეომონტაჟითა და მუსიკით მასალისთვის დამატებითი სიმძაფრე შეეძინა. ცეცხლსასროლი იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის დიდ ეკრანზე ჩვენებით მაყურებელი უფრო მეტად დაეზაფრა. და ჰო, ალბათ, სიუჟეტის წარდგენისას ირაკლი ჩიხლაძის ნათქვამი ფრაზაც - "სასურველი სცენარისთვის ცივი იარაღიც გამზადებული ჰქონდათ" როგორმე გაემართლებინა. 


 
რა ხდება?
 
სიუჟეტში - "დიდი ლუსტრაცია" ცოტნე გეგეჭკორი ამბობს, რომ მოვლენათა ეპიცენტრიდან უშედეგოდ სცადეს მათ მიერ არაკონტროლირებადი თავისუფალი მედიის გაძევება, რომ საზოგადოებას აქციის გულწრფელ მონაწილეთა შორის მყოფი "რადიკალური ჯგუფების კანონსაწინააღმდეგო ქმედებები" არ ენახა.  გეგეჭკორი კონკრეტულ კანონსაწინააღმდეგო ფაქტებს არ ასახელებს, სამაგიეროდ ამბობს: 

„ძალადობა პოლიციის წინააღმდეგ. იმ ორგანიზაციების მხრიდან, რომელთა წევრებიც პოლიტ თუ ენჯეო ძალების მიერ წინასწარ არიან გაწრთვნილი სპეციალურ ტრეინინგებზე. წინასწარ შემუშავებულია დიდი სტრატეგია, როგორ უნდა გააჯერონ ნაბიჯ-ნაბიჯ აქციები ძალადობით მთავარი მიზნისთვის - მიიტაცონ ძალაუფლება. წრთვნა და სწავლება საქართველოში სხვადასხვა ლოკაციებზე თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა ტრეინინგებზე, რომელიც დაფინანსებული იყო სხვადასხვა გავლენიანი დონორების მიერ.  მაღალი საფრთხეების გამო ერთ-ერთი ასეთი ტრეინინგის ფარული ჩანაწერი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 6 თვის წინ გაასაჯაროვა.“ 

რას ხედავს მაყურებელი ამ ტექსტის პარალელურად ეკრანზე? რას და კადრებს "ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის" რიგითი ტრეინინგებიდან, სადაც მონაწილეებს იარაღის ნაწილებსა და უსაფრთხოების ზომებს ასწავლიან. ჟურნალისტის ამ ტექსტს მოსდევს სუს-ის მიერ გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერის ნაწყვეტიც "კანვასის" ტრეინინგიდან. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ჩანაწერში იარაღი არსად ჩანს. „ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის“ ტრეინინგების ამსახველ კადრებში კი - რამდენჯერმე. ჰო და რა მოხდა მერე, თუ ცოტა მეტი შიშის დანერგვისთვის ცოტა მანიპულაციასაც მივმართავთ და მაყურებელს წვრთნად და სწავლებად რიგითი ტრეინინგის კადრებს შევთავაზებთ?! პასუხიც კითხვაზე, რატომ დააწყვილა "იმედის" კვირის მთავარმა ანალიტიკურმა გადაცემამ ორი ორგანიზაციის სხვადასხვა დროს ჩატარებული ტრეინინგი, ნათელია. 

Screenshot-2024-04-22-165919

"ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის" ერთ-ერთი დამფუძნებელი თინათინ ბოლოკაძე "მედიაჩეკერთან"განმარტავს: „ჩვენი ორგანიზაცია კლასიკური ლიბერალიზმის იდეოლოგიისაა. შესაბამისად, იარაღის ლეგალიზაციას ვემხრობით. ბანაკებში, რომელსაც ყოველთვიურად ვატარებთ, რამდენჯერმე მოწვეულნი გვყავდნენ სპეციალისტები, რომელთაც ბანაკის მონაწილეებს აუხსნეს თეორიული ნაწილი, კანონმდებლობა, რეგულაციები და ა.შ. აგრეთვე პრაქტიკულ ნაწილში სტუდენტებს იარაღის სტრუქტურა, რომელი ნაწილი რას ნიშნავს, უსაფრთხოების ზომები და სხვ. ვფიქრობთ, რომ ეს ცოდნა ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს.“ 

 
რა შედეგის მიღწევა სურდა "იმედს" "ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის" ტრეინინგების კადრების მანიპულაციური გამოყენებით?

 
"იმედის კვირამ" სიუჟეტში ამ კადრების გამოყენებით სცადა, დაესაბუთებინა  ფრაზები: "წვრთნა და სწავლება", "მიიტაცონ ძალაუფლება" და რამდენიმეთვიანი საინფორმაციო პროპაგანდა, პირდაპირი მინიშნებით რევოლუციაზე (ქართული მაიდანი) გაემძაფრებინა და მაყურებლისთვის რეალობად შეესაღებინა. 





 
 
 
 
კატეგორია: ვიდეო

ონლაინ მედიის ჟურნალისტებს მეოთხე დღეა პარლამენტში არ უშვებენ. საკანონმდებლო ორგანოში დღესაც უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს. 

ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „მთავარი არხის“ ჟურნალისტების განცხადებებით, რუსული კანონის მიღების შემთხვევაში საფრთხე შესაძლოა, მათ საქმიანობასაც დაემუქროს. 

პარლამენტში უსაფრთხოების დამატებითი ზომები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენის დღიდან, 15 აპრილიდან ამოქმედდა, რაც ვიზიტორების შეზღუდვას გულისხმობს. შეზღუდვა არ ეხება ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველი მოსმენით მიღებული რუსული კანონი იმ დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებსაც ეხებათ, რომელთა წლიური შემოსავალის 20%-ზე მეტი საზღვარგარეთიდანაა მიღებული. 

რუსული კანონის პროექტი მსგავს მედიასაშუალებებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ რეგისტრაციას ავალდებულებს. 

რუსულ კანონს დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციები 2023 წლის მსგავსად, წელსაც აპროტესტებენ. 

15 აპრილიდან პარლამენტთან სხვადასხვა დროს ორი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია იმართება. 

16 აპრილს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის გაშუქებისას, ონლაინ გამოცემების: “პუბლიკას“, “ტაბულას“ და “აპრილის“ ჟურნალისტებს შსს-ს წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. 



კატეგორია: ინტერვიუ
„რა არის კიდევ საჭირო იმისთვის, რომ დაინახონ სიმართლე სასამართლოში?“ – „პირველი არხის“ ყოფილი თანამშრომლები
 
 
29 აპრილს ორი წელი გავა მას შემდეგ, რაც „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ გადაცემა „ახალი კვირის“ წამყვანი და 2 ჟურნალისტი სამსახურიდან გაათავისუფლა. ცენზურა და ე.წ. შავი სიები „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ - ეს ის საკითხებია, რომლებზე საუბარიც ჟურნალისტებმა გათავისუფლებამდე 2 თვით ადრე ხმამაღლა დაიწყეს. 

იმედა დარსალიას, თამთა ჯანაძისა და სოფო ზედელაშვილის გათავისუფლების მიზეზად პირველი არხის დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა „საჯარო სივრცეში გავრცელებული დაუსაბუთებელი და ცრუ განცხადებები“ დაასახელა. ტელევიზიის ხელმძღვანელობამ მათი ბრალდებებიც უარყო.
 
ჟურნალისტებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მალევე მიმართეს. 2022 წლიდან ისინი გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, პოზიციაზე აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვენ. 

იმედა დარსალიას საქმე თბილისის საქალაქო სასამართლომ უკვე განიხილა და ჟურნალისტის სარჩელი არ დააკმაყოფილა. დარსალია სამართლებრივ დავას შემდგომ ინსტანციაში განაგრძობს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს პირველი სხდომა 19 აპრილს გაიმართება. განხილვის პროცესშია თამთა ჯანაძის საქმეც. თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი მოსამზადებელი სხდომა მაისშია ჩანიშნული. სოფო ზედელაშვილის საქმის განხილვა კი ჯერაც არ დაწყებულა.

„საზოგადოებრივ მაუწყებელში“ მათი მუშაობის გამოცდილებასა და მიმდინარე სასამართლო პროცესებზე „მედიაჩეკერი“ „ახალი კვირის“ ჟურნალისტებს ესაუბრა.

ინტერვიუს გამოქვეყნებამდე რედაქცია „პირველი არხის“ მთავარ პროდიუსერთან, ეკატერინე შონიასთან დაკავშირებასაც შეეცადა, თუმცა, მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა. ამ თემაზე კომენტარი არ გააკეთა კიდევ ერთმა პროდიუსერმა, თამარ გოგესაშვილმა. დაკავშირება ვერ მოხერხდება თინათინ ბერძენიშვილთანაც.
 
საუბარი ცენზურაზე
 
თამთა ჯანაძე გადაცემა „ახალი კვირის“ პოლიტიკური მიმართულების ჟურნალისტი იყო. როგორც ის „მედიაჩეკერთან“ ინტერვიუში ამბობს, „ცენზურის მწვავე მარწუხები იგრძნობოდა პოლიტიკურ სიუჟეტებთან დაკავშირებით“ .  

მედიაჩეკერის კითხვის საპასუხოდ, პირველად ყველაზე მკაფიოდ ეს როდის იგრძნო, ჯანაძე ამბობს: „მაგალითად 2018 წლის 2 დეკემბერს გასული სიუჟეტი - “გამაფრთხილებელი მანდატი” შემიძლია გავიხსენო. საპრეზიდენტო არჩევნები მოდიოდა და სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო პერიოდი იყო. გავაკეთე სიუჟეტი, ჩავაბარე პროდიუსერს, ნინი კინწურაშვილს და მან მითხრა, რომ შემეძლო აღარ დავლოდებოდი გადაცემის დასრულებას და წავსულიყავი სახლში. ზუსტად მახსოვს ის მომენტი, სანაპიროზე ვიყავი, სახლში მივდიოდი მანქანით და ნინი კინწურაშვილმა დამირეკა. მითხრა - სასწრაფოდ დაბრუნდი უკან, ეკას შენს სიუჟეტთან დაკავშირებით რაღაც პრობლემები და შეკითხვები აქვსო.

ვბრუნდები სამსახურში და ვხედავ, რომ სამონტაჟოში ეკა შონია არის შემოსული და ნათია თოიძე (რომელიც ამ დროს „მოამბეში“ მუშაობდა და ჩვენთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა) და ისინი მემონტაჟეს უთითებენ, კონკრეტულად რა ნაწილი უნდა ამოჭრას ჩემი სიუჟეტიდან. მე როდესაც დავინტერესდი და ვიკითხე, რა ხდება-თქო, მითხრეს, რომ ეს ყველაფერი იყო სისულელე და ეს რეპორტაჟი იყო ძალიან დიდი. მითხრეს, რესპოდენტები ერთსა და იმავეს იმეორებენო. ეკა შონია იყო ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიმღები პირი, რომელიც ამბობდა, მე მინდა ასე. მე ვთვლი ასე და ეს გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
 
მან მითხრა, რომ საერთოდ არ აინტერესებდა ჩემი აზრი, მითხრა ისიც, რომ დიდი სისულელე გავაკეთე და ამოჭრა სიუჟეტიდან „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ ის მონაცემები, სადაც საუბარი იყო იმაზე თუ რამდენი ამომრჩეველი დაკარგა ცხრა წლის განმავლობაში “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” და ასევე იმაზე, რომ “ქართულმა ოცნებამ” პრაქტიკულად იმდენივე ამომრჩეველი დაკარგა ექვს წელიწადში. ეს მონაცემენი იყო გრაფიკულად ჩასმული სიუჟეტში და ასევე იყო ჩემი ტექსტი, კრიტიკული ტექსტი ხელისუფლებისთვის. გარდა ამისა, სიუჟეტიდან ამოიღეს კოტე ჩოკორაიას, რამაზ საყვარელიძის და ერთ-ერთი სტუდენტი გოგონას სიტყვები, რომლებიც ასევე კრიტიკული იყო ხელისუფლების მიმართ“.
 
მაშინ, როგორც ჟურნალისტი ჰყვება, მენეჯმენტმა მისი სიუჟეტის შემოკლების მიზეზად დიდი ქრონომეტრაჟი დაასახელა. ჯანაძის თქმით კი, მასალიდან მხოლოდ ხელისუფლების მიმართ კრიტიკული შინაარსის მქონე ნაწილები ამოიღო. 

„ამის შემდეგ დრო და დრო იყო ისეთი სიუჟეტები, როცა მეუბნებოდნენ, რომ ხელისუფლების მიმართ კრიტიკული ინტერვიუები, კრიტიკული განწყობები ან შემერბლინებინა, ან საერთოდ ამომეღო. ამასთან დაკავშირებით მიწევდა ხოლმე კამათი“.

თამთა ჯანაძის საქმის მოსამზადებელ სხდომაზე, რომელიც წინა კვირაში გაიმართა, ეკატერინე შონიაც გამოიკითხა. მისი თქმით, საერთოდ ჯანაძის რეპორტაჟების შინაარსი კარგად არ ახსოვს, ჟურნალისტების ბრალდებებზე საპასუხოდ კი მან რამდენჯერმე თქვა, რომ დეტალები არ ახსოვს.
 
თამთა ჯანაძემ გაიხსენა სიუჟეტიც „ჩრდილოვან კაბინეტთან“ დაკავშირებით, რომელიც ეთერში არ გაუშვეს. მისი თქმით, მასალისთვის ნიკა მელია ჩაწერა, რომელმაც, როგორც ჯანაძე აცხადებს, უთხრა, რომ აზრი არ ჰქონდა მის ჩაწერას, რადგან ეთერში მაინც არ გააშვებინებდნენ და ასეც მოხდა. 

„მე ვუთხარი, აბა, კვირას საღამოს, 9 საათზე დაგველოდეთ და ვნახოთ ერთი, თუ არ გამაშვებინებენ-თქო. შაბათია, სიუჟეტის მონტაჟი უნდა დავიწყო და ახალი პროდიუსერი - თამარ გოგესაშვილი მირეკავს და მეუბნება, რომ ჩემი სიუჟეტი აღარ გავა ეთერში“...მე მაშინ ეს გავაპროტესტე და მთავარ პროდიუსერს ვუთხარი, რომ როდესაც მთავარი პოლიტიკური მოვლენის ამოღება ხდება კვირის ანალიტიკური გადაცემიდან, ეს ნიშნავს ორ რაღაცას: არაპროფესიონალიზმს ან ცენზურას და ვუთხარი, თავად აირჩიე ამ ორიდან რომელი ხარ-თქო“.

თამთა ჯანაძემ სასამართლოზე მტკიცებულების სახით წარადგინა ეკატერინე შონიასა და ერთ-ერთ ჟურნალისტის შორის მიმოწერაც, სადაც კოლეგა პროდიუსერს ეკითხება, გააშვებინებენ თუ არა კონკრეტულ სიუჟეტს ეთერში.

ფოტო

როგორც ჯანაძე ამბობს, სასამართლო პროცესზე ამასთან დაკავშირებით კითხვა: თუ ვის გულისხმობდა ჟურნალისტი, ვისთვის უნდა ეთხოვა მას უფლება, რომ რეპორტაჟი ეთერში გაეშვა და ხომ არ იყო ეს ხელისუფლების წარმომადგენელი,   შონიასაც დაუსვა. მან კი უპასუხა, რომ არ იცოდა, ჟურნალისტი ვის გულისხმობდა.

მედიაჩეკერი: თქვენი აზრით, რატომ იცოდა ამ ჟურნალისტმა, რომ “ვიღაც” აკონტროლებდა, რა გადიოდა ეთერში და რა არა. ისიც, რომ პროდიუსერს მასთან უნდა შეეთანხმებინა სადავო სიუჟეტები და რატომ არ იცოდით თქვენ ამის შესახებ? გაგჩენიათ იგივე კითხვა და გიკითხავთ პროდიუსერისთვის?

თამთა ჯანაძე: „რომ არ გვიკითხავს, მაგიტომ არ გვაქვს დღეს სამსახური „საზოგადოებრივ მაუწყებელში“. (იცინის)

ეკა შონიასთან დაკავშირებულ გამოცდილებს გვიზიარებს სოფო ზედელაშვილიც: „მეც მქონია შემთხვევა, როცა ინდივიდუალურად ჩემთან არჩევდა თემას ბავშვების შიმშილთან დაკავშირებით, მაგალითად. ეს თემა განსაკუთრებით არ მოეწონა, არ შიმშილობენ ბავშვები საქართველოშიო - ეს იყო მისი პასუხი. სხვადასხვანაირი ურთიერთობა ჰქონდათ ჟურნალისტებთან. მე აზრადაც არ მომივიდოდა მეკითხა, ამას გაგვაშვებინებენ თუ არა-თქო. მე ჩემს თემაზე ვამტკიცებდი, რომ პრობლემური იყო და საჭირო“. 

ზედელაშვილმა „მედიაჩეკერთან“ ინტერვიუში გაიხსენა, თუ როგორი რეაქცია მოჰყვა თამთა ჯანაძის ფეისბუქ სტატუსს, რომელიც მან 2021 წლის 11 ნოემბერს მიხელ სააკაშვილის კადრების გავრცელების შემდეგ საკუთარ გვერდზე დაწერა. 

„უცბად დაგვიბარა[შონიამ], შემოდით ოთახშიო, ასე იცოდა ხოლმე…უმეტესობას თამთას სტატუსი ნანახი არ გვქონდა და გვეკითხება, თუ ნახეთ თამთა ჯანაძის სტატუსიო, ესე დაწერა ეს ხელისუფლება უნდა წავიდესო, თამთა ჯანაძე პოლიტიკაზე სიუჟეტს აღარ გააკეთებსო“.

როგორც ჯანაძე იხსენებს, ის სამი კვირის განმავლობაში მართლაც სიუჟეტის გარეშე იყო: „მთავაზობდნენ მსუბუქ თემებს და მე უარს ვამბობდი, ვეუბნებოდი არ არის ჩემი თემა-თქო. სამი კვირა ვიყავი უსაქმოდ და შემდეგ გიორგი გვიმრაძის გადაწყვეტილებით, მომცეს პოლიტიკური სიუჟეტი. ის ხანდახან ესწრებოდა ხოლმე თემების გადანაწილების დროს და მისი გადაწყვეტილებით მომცეს პოლიტიკური სიუჟეტი. ეკა შონია არ შეწინააღმდეგებია. ეკა შონიამ მომწერა კიდეც სოციალურ ქსელში ჩემს სტატუსთან დაკავშირებით. ამის მტკიცებულებაც (სქრინიც) არსებობს. მწერდა, გულშემატკივრის როლიდან შენი საუბარი შენთვის შეინახე. მიშას გულშემატკივარი თუ ხარ, გულში დაიმარხეო“.
 
 
სოფო ზედელაშვილი: „ეს ამბავი და პოლიტიკიდან ჩამოშორება, თითქოს, ამით დამთავრდა, გიორგი გვიმრაძემ რომ დაავალა თამთას, სიუჟეტი გააკეთე ამ თემაზეო, თუმცა, ამის შემდეგ მაინც უჭირდა ხოლმე თამთას, რადგან [თამარ]გოგესაშვილი ითავსებდა ძირითადად პოლიტიკის თემებს და ცდილობდნენ, თამთა საზოგადოებრივ თემებზე გადაერთოთ“.

იმედა დარსალია: „პოლიტიკის წამყვან ჟურნალისტს ანალიტიკურ გადაცემა “ახალ კვირაში” სიუჟეტი უნდა მოემზადებინა ბორდიურების პრობლემაზე ქალაქში. ეს რომ გავიგე ჭკუიდან გადავედი. ვუთხარი, ხალხო, თქვენ ნორმალურები ხართ საერთოდ, რას კადრულობთ-თქო“.

„მედიაჩეკერთან“ ინტერვიუში თამთა ჯანაძემ უპასუხა კითხვას, თუ როგორ შეაფასებდა არგუმენტს, რომ „პირველი არხიდან“ წასული ჟურნალისტები სამსახურს ძირითადად ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ტელევიზიებში იწყებენ და მათი გათავისუფლების მიზეზიც, შესაძლოა, ოპოზიციისადმი ლოიალობა და არაობიექტურობა იყოს. ჯანაძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ წასვლის შემდეგ შექმნილი ის ფინანსური და ოჯახური პრობლემები გაიხსენა, რაც მისმა უმუშევრობამ გამოიწვია. 
 
 
თამთა ჯანაძე: „მე შემიძლია ვთქვა, როგორ დაზარალდა ჩემი ოჯახი, როცა „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ გამომიშვეს… ის არგუმენტი რომ ეს მოლაპარაკებული იყო კრიტიკულ ტელევიზიასთან და აღარ ვიყავი ობიექტური, არარელევანტური ხდება, რადგან მე მთელი ერთი წელი ვიყავი უმუშევარი. ჩემი ქმარი ემიგრაციიდან რამდენიმე თვის დაბრუნებული იყო და ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, იმის გამო, რომ მე სამსახური დავკარგე და ფინანსური პრობლემები შეგვექმნა, ჩემი ქმარი იძულებული გახდა ისევ ემიგრაციაში წასულიყო. მე კი ჩემს შვილებთან ერთად აღმოვჩნდი აბსოლუტურად მარტო.  ზუსტად ვიცოდი, რა პრობლემები შეიძლება შექმნოდა ჩემს ოჯახს ჩემი სამსახურიდან წამოსვლით, თუმცა, ახლაც იმავეს გავაკეთებდი. იმიტომ, რომ თუ ადამიანებმა დისკომფორტი არ შეიქმნეს, სინდისის სასარგებლოდ, მართლა არასდროს არაფერი გვეშველება. ცოტა იდეალისტურად კი ჩანს, ახლა რასაც ვამბობ, მაგრამ იდეალისტი ვარ, იდიოტი - არა და გადასარევად მქონდა გაცნობიერებული, რა ბრძოლაშიც შევდიოდი“.

„ახალი კვირის“ წამყვანმა იმედა დარსალიამ „მედიაჩეკერთან“ ინტერვიუში სიუჟეტი - „ალტ-ინფოს სახიფათო იდეოლოგია“ გაიხსენა. როგორც დარსალია ამბობს, მასზე ჟურნალისტი 6 თვის განმავლობაში მუშაობდა, ეთერში გასვლა კი ბევრჯერ, სხვადასხვა მიზეზის გამო, გადაიდო. სიუჟეტის გადაცემაში მოხვედრიდან 1 თვის შემდეგ კი „ახალი კვირა“ დაიხურა.

„მუქარები წამოვიდა ჩვენ მიმართ. მუქარები ჩვენ მიმართ წამოვიდა იმავე ღამეს, როცა “ალტ ინფოზე” სიუჟეტი გავუშვით ეთერში. “ალტ ინფოს” ლიდერებმა ფეისბუქზე დაწერეს და ზუსტად ერთ თვეში „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ ზუსტად აასრულა ეს მუქარები. მუქარები იყო შემდეგი: გაგვაქრობდნენ ჩვენი პროფესიიდან და დახურავდნენ გადაცემას, ერთიც და მეორეც შეასრულეს. მეტი რა უნდა გაეკეთებინათ? ხო არ მოგვკლავდნენ?“

„მედიაჩეკერის“ კითხვაზე - უკავშირებს თუ არა “ალტ ინფოზე” სიუჟეტის ეთერში გასვლას და გადაცემის დახურვას ერთმანეთს, დარსალია ამბობს: „ჩვენ ვყვებით ფაქტებს. ეს დამთხვევაა თუ რეალობა მე არ ვიცი, მაგრამ ეს არის ფაქტი. “ალტ ინფოს” ლიდერები, რომლებზეც ჩვენ რეპორტაჟი მოვამზადეთ და ეს იყო ძალიან სერიოზული სიუჟეტი, იმავე ღამეს დაგვემუქრნენ და ზუსტად ერთ თვეში „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ დახურა ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული გადაცემა. სწორედ ის გადაცემა, სადაც “ალტ ინფოზე” რეპორტაჟი გავიდა და თან ზუსტად ის გააკეთეს, რასაც “ალტ ინფოს” ლიდერები გვპირდებოდნენ“.

სოფო ზედელაშვილის თქმით, კი „ძალიან ცუდად დაემთხვა. რთულია პირდაპირი კავშირის დამტკიცება, თუმცა ეჭვის საფუძველს ნამდვილად იძლევა“.

შეგახსენებთ, რომ სიუჟეტის ავტორი, ქეთი თუთბერიძე 2021 წლის 24 დეკემბერს „კონსერვატიული მოძრაობის“ მიერ სახალხო დამცველის ოფისის წინ გამართულ აქციაზე თავდასხმის ობიექტი გახდა. მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციამ - „კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“ აღნიშნა, რომ ჟურნალისტის შევიწროების ერთ-ერთ მიზეზად მის მიერ მომზადებული მასალა „ალტ-ინფოს სახიფათო იდეოლოგია“ სახელდება. ორგანიზაციის განცხადებით, ქეთი თუთბერიძის მიმართ მუქარის შემცველი განცხადებებისა და შევიწროების ფაქტები რეალურ საფრთხეს შეიცავდა. 
 
 
კითხვები საზოგადოებრივი მაუწყებლის რეპუტაციაზე
 
თამთა ჯანაძე: „გვეუბნებიან, რომ გადაცემის დახურვის შემდეგ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ რეპუტაციას შევეხეთ და როცა შიგნით ვიყავით, ამ ყველაფერზე თვალს ვხუჭავდით. რეალურად ეს ასე არ იყო. ჩვენ ვიბრძოდით ყველა შესაძლო ხერხით“.

ჟურნალისტები „მედიაჩეკერთან“ ინტერვიუში „ახალი კვირის“ წამყვანის, იმედა დარსალიას განცხადების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს იხსენებენ. გადაცემის ფორმატის ცვლილებაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, დარსალიამ განაცხადა, რომ რეორგანიზაცია მის წინააღმდეგ დაიგეგმა, რადგან ბოლო ორი წლის განმავლობაში ცენზურას ეწინააღმდეგებოდა. მან პირველად ახსენა ე.წ. შავი სიებიც. ეს განცხადება მალავე დაადასტურეს თამთა ჯანაძემ და სოფო ზედელაშვილმა.

თამთა ჯანაძე იხსენებს, რომ მათ გადაწყვეტილებას წინ „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ გამართული თათბირი უძღვოდა, რომელიც გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა მოიწვია. 

თამთა ჯანაძე: „“ახალი კვირის” ჟურნალისტები ვიყავით და შემოიყვანა ეკა შონია, რომელთანაც უშუალოდ გვქონდა პრეტენზიები. ჯერ გაუგებარი იყო მისი ჩვენთან შემოყვანა, რადგან როდესაც ტელევიზიის ხელმძღვანელი იგებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მისი ერთ-ერთი თანამშრომელი არის ცენზორის როლში, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, დაპირისპირება რომ თავიდან აირიდო, ჯერ უნდა დაელაპარაკო ერთ მხარეს, შემდეგ - მეორე მხარეს და თუ სიმართლის გარკვევა არის მიზანი, სწორედ ასე გაარკვევს. თუმცა, ასე არ მოიქცა. მოიწვია თათბირი, შემოიყვანა გიორგი გვიმრაძე, ეკა შონია,  გადაცემის ყველა თანამშრომელი და მოგვიწყო სასამართლო პროცესი“.

როგორ იხსენებენ ჟურნალისტები თათბირს
 
სოფო ზედელაშვილი: „აბა რაშია ცენზურა, მომიყევით, დაახლოებით ეს ფორმა ჰქონდა ამ თათბირს“.
 
იმედა დარსალია: „ამ დროს მან ყველა დეტალი იცოდა, რადგან რამდენიმე დღით ადრე მე ვესაუბრე ამასთან დაკავშირებით“.
 
თამთა ჯანაძე: „თათბირზე გვითხრა, რომ ამ გადაცემამ უკვე თავი მოაბეზრა. გვეკითხებოდა, რა პრეტენზიები გვქონდა, რაში იყო პრობლემა. აბა, კარგად ამიხსენითო, ამბობდა. მე მართლა ვცადე ამეხსნა, მაგრამ ძალიან არაჯანსაღი სიტუაცია იყო. სიმართლის გარკვევა არავის არ უნდოდა. არავის აინტერესებდა. ეს იყო კომუნისტური თათბირი “ვინ გვარცხვენს?!” მისი მიზანი იყო ჩვენთვის თითის დაქნევა“.
 
სოფო ზედელაშვილი: „თამთამ დაიწყო მოყოლა, ეკა აწყვეტინებდა და აი ასე მიდიოდა თათბირი“.
 
თამთა ჯანაძე: „მე ვუთხარი, რომ ტყუილად ვიყავით, რადგან გადაცემა გაჩერდა, ჩვენ მიგვამაგრეს “მოამბეს”, რომელსაც თავისი გუნდი ჰყავს და ჩვენ უბრალოდ არაფერს ვაკეთებდით და ეს იყო შემაწუხებელი ჩვენთვის. ამის საპასუხოდ კი მივიღე: აა, არ მოგწონთ დასვენება? არ გინდათ დასვენება? დაიღალეთ? დაგასაქმებთ…არც შვებულება გექნებათ, არც ზაფხულში გაგიშვებთ არსად…ესე ძალიან გინდათ მუშაობა?. აი ასე ცინიკურად გვპასუხობდა თინა ბერძენიშვილი. იმდენად არაჯანსაღი სიტუაცია და დამოკიდებულება იყო, ერთ-ერთი ჟურნალისტი ცუდად გახდა. პანიკური შეტევა დაეწყო და გავიდა თათბირიდან“.
 
იმედა დარსალია: „თინათინ ბერძენიშვილი ტიპური ცენზორია“.
 
ხმამაღლა საუბრის გადაწყვეტილება
 
როგორც თამთა ჯანაძე იხსენებს, ამ თათბირიდან გამოსვლის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ: „მაყურებელი, რომლის წინაშეც ჩვენ თავს ვალდებულებად ვთვლიდით, ჩაგვეყენებინა საქმის კურსში, რა ხდებოდა რეალურად „საზოგადოებრივ მაუწყებელში“.

სოფო ზედელაშვილი: „ერთ დღეში თუ ორ დღეში მე და თამთამ იმედას ნაამბობი დავადასტურეთ ჩვენი წერილობითი განცხადებით. იმ დღეს, უფრო სწორედ ღამეს, ეკა შონიამ  ღამის პირველ საათზე მოაწყო თათბირი, დაიბარა ჟურნალისტები და მოსთხოვა ხელი მოეწერათ საბუთზე, სადაც ადასტურებდნენ, რომ გადაცემაში ცენზურა არ ყოფილა და ჩვენი ნათქვამი ტყუილი იყო. ორი ჟურნალისტი იყო მხოლოდ, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს. ისინი ჩვენ არ შემოგვიერთდნენ, თუმცა, არც ხელი  მოაწერეს. ერთი გიორგი მანჯავიძე იყო და მეორე ქეთი თუთბერიძე“.
 
უკვე 19 თებერვალს „პირველი არხის“ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა გადაცემა „ახალი კვირის“ განცხადება, სადაც ჟურნალისტები გავრცელებულ მოსაზრებას გადაცემაში ცენზურის არსებობის შესახებ უარყოფენ. აღსანიშნავია, რომ განცხადების გამოქვეყნების დროდ 00 სათი და 42 წუთია მითითებული. 

 
იმედა დარსალია: „ამის შემდეგ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელეს. იმ ორი განცხადების შემდეგ, ერთი თვის მერე გაახსენდათ, რომ კომისია უნდა შეექმნათ და კომისიის გარეშე არ შეიძლებოდა ჩვენი დადანაშაულება. ჯერ ხომ კომისიას უნდა გამოეკვლია, რა და როგორ მოხდა. ეს გვიან გაახსენდათ, მიხვდნენ, რომ სისულელე გააკეთეს. კომისია რას დაწერდა, ყველამ კარგად ვიცით და ზუსტად სიტყვასიტყვით გაიმეორეს სასამართლოზე“.

სოფო ზედელაშვილი: „ისე გვიმეორებდნენ რეპუტაცია, რეპუტაციაო, თითქოს, ჟურნალისტისთვის სიმართლეზე მაღალი ღირებულება რამე იყოს“.
 
სამუშაო გარემო ცენზურაზე ხმამაღლა საუბრის შემდეგ
 
ჟურნალისტები „მედიაჩეკერთან“ იმ გარემოზეც საუბრობენ, თუ რა პირობებში უწევდათ მაშ მუშაობა თებერვალში გაკეთებული განცხადებებიდან აპრილამდე, როდესაც ისინი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა.

სოფო ზედელაშვილი: „სანამ სამსახურიდან გაგვიშვებდნენ, ერთი თვე დავდიოდით. ამ პერიოდში საერთოდ არ გვაძლევდნენ საქმეს. არ გვავალებდნენ სიუჟეტებს. ვიღაცეები თავს გვესხმოდნენ კივილით“. 

თამთა ჯანაძე: „იმიტომ დავდიოდით, რომ არ ეთქვათ დისციპლინის დარღვევისთვის გაგათავისუფლეთო. ვინც ჩვენთან ერთად იყო, მათ შეურაცხყოფას აყენებდნენ: ყველას, ვინც ბუფეტში ჩვენს მაგიდასთან დაჯდებოდა, ვინც მოგვესალმებოდა, ვინც მოგვიკითხავდა. ძალიან სამარცხვინო იყო ეს ყველაფერი...ძალიან ბევრი შემთხვევა იყო ისეთი, როცა მოგვაძახებდნენ, როგორ არ გრცხვენიათ! ხან დერეფანში გვეძახდნენ. ხან ბუფეტში. ხან ოთახში გვივარდებოდნენ. იყო საქმის გარჩევები...გვამუნათებდნენ. რეალურად გულის სიღრმეში ხომ ყველამ იცოდა, რომ ეს სიმართლეა. ხომ ყველამ იცის რომ სიმართლეს ვამბობთ და სიმართლისთვის ვიბრძვით. ხომ ყველამ ვიცით, რომ ხელისუფლების გავლენები „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ აშკარაა“.
 
სოფო ზედელაშვილი: „სანიმუშოდ დაგვსაჯეს ამით. აჩვენეს ყველას, რომ თუ ვინმე კიდევ გაბედავს, რამე ხმამაღლა თქვას, აი რას ვუზამთ“.
ჟურნალისტებმა სასამართლოს ორივე ინსტანციაში მიმდინარე პროცესებიც შეაფასეს და ქართულ სასამართლოში სამართლის პოვნის იმედი გამოთქვეს. 
 
თამთა ჯანაძე: „როცა წამყვანი და ოთხი წამყვანი ჟურნალისტი ამბობს ერთსა და იმავეს. როდესაც არსებობს ამის დამადასტურებელი ფაქტები, თუნდაც მიმოწერის ფოტოსურათები. როცა არსებობს დაჩეხილი რეპორტაჟები, აი რა არის კიდევ საჭირო, რომ სასამართლომ ცენზურა დაინახოს. ცენზორი ხომ არასდროს  იტყვის, რომ ცენზორია? ცენზურა ყოველთვის ან რედაქტირებით, ან სამუშაო პროცესით ან ქრონომეტრაჟით იფუთება. რა არის კიდევ საჭირო იმისთვის, რომ დაინახონ სიმართლე სასამართლოში?“
 
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ყოფილი თანამშრომლების თქმით, ძალიან გაუხარდებათ, თუ სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვა არ დასჭირდებათ.

თამთა ჯანაძე: „ხელისუფლებას არანაირად არ აწყობს, რომ „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ ცენზურის ფაქტი დაადასტუროს სასამართლომ, რადგან წინასაარჩევნო პერიოდია. შესაბამისად, მათ ხელთ არსებულ ყველა რესურს გამოიყენებს იმისთვის, რომ სასამართლო გადაწყვეტილება იყოს ისეთი, როგორიც მათ აწყობთ. თუმცა, ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ და ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე. თუ არ ვიბრძოლეთ, ბრძოლის გარეშე არაფერი გვეშველება. მე მაქვს იმის ამბიცია, რომ ჩემი შვილები არ გაიქცნენ და აქ იცხოვრონ. ამიტომ მზად ვარ, მე შევიქმნა დისკომფორტი, იმისათვის რომ შემდეგ ჩემს შვილებს არ ჰქონდეთ დისკომფორტი“. 
 
 
 
ავტორი: ანი არველაძე
კატეგორია: საქართველო
 
„სამხრეთის კარიბჭე“ ერთ-ერთი ის მედია გამოცემაა, რომელიც ხელისუფლების მიერ ხელმეორედ ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსულ კანონს აპროტესტებს და „უცხო ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირებას არ აპირებს. 

Sknews.ge საინფორმაციო პორტალია სამცხე-ჯავახეთიდან, რომელიც გაზეთ „სამხრეთის კარიბჭეს“ ბაზაზე შეიქმნა. გაზეთის დაარსებას ხელი „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტმა“ (IWPR) შეუწყო. პორტალი კი „ფონდი ღია საზოგადოება -საქართველო“-ს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. ვებ გვერდზე გამოქვეყნებული  ხედვის მიხედვით, Sknews.ge „მხარს უჭერს სამოქალაქო ინიციატივებს; ხელს უწყობს ახალგაზრდების გააქტიურებას; ამკვიდრებს რეგიონში სამოქალაქო ჟურნალისტიკას; ხელს უწყობს რეგიონის სომხურენოვანი მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდას და მათ ინტეგრირებას ქართულ საზოგადოებაში; ხელ უწყობს მოსახლეობის წინაშე ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაზრდას და დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებას“.

„ქართული ოცნების“ „რუსული კანონი“ საფრთხეს სწორედ ისეთ დამოუკიდებელ მედია საშუალებებს უქმნის, რომლებიც უმეტესწილად საერთაშორისო დონორებისგან ფინანსდებიან. არსებობის პრობლემა ექმნებათ რეგიონულ მედიებსაც, რომლებსაც სხვა გამოწვევებიც უხვად აქვთ, არადა მათ რეგიონისა და მათი მაცხოვრებლებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭებათ. 

როგორც „სამხრეთის კარიბჭის“ რედაქტორი, თინათინ ზაზაძე „მედიაჩეკერთან“ ინტერვიუში ამბობს, პორტალი სამცხე–ჯავახეთის მოსახლეობას ახალ ამბებს ამ დრომდე როგორც ქართულ, ისე სომხურ ენაზე აწვდის. sknews.ge-ის დონორები კი სხვადასხვა წლებში სხვადასხვა იყო, ძირითადად ,,დემოკრატიის ეროვნული ფონდი“ (NED) , „ფონდი ღია საზოგადოება -საქართველო“ და Deutsche Welle (DW) . ამჯერად, მათი დამფინანსებელი BBC MA და „ევროპის ფონდია“. თინათინ ზაზაძის განმარტებით, მათ მცირე სარეკლამო შემოსავალი აქვთ.

რეგიონისა და მისი მაცხოვრებლებისთვის “სამხრეთის კარიბჭის“ მნიშვნელობაზე კითხვის საპასუხოდ ზაზაძე ამბობს: „,,სამხრეთის კარიბჭე“ იყო რეგიონში პირველი ორენოვანი გაზეთი და მახსოვს ის დღეები, როცა სოფლებში ხდებოდა გავრცელება, დღითიდღე როგორ იზრდებოდა ხელმომწერთა რიცხვი. ყოველდღიურად ცალკე სოციალურ ქსელში მოგვდის წერილები დახმარების თხოვნით, ოფისში ყოველდღიურად გვაკითხავს მოსახლეობა, რაც ნიშანია იმისა, რომ მათ სჭირდებათ „სამხრეთის კარიბჭე“ და ისინი გვენდობიან“. მან ინტერვიუს დროს ჭელის მეჩეთთან დაკავშირებული ამბავიც გაიხსენა. 

„მედიაჩეკერთან“ ისაუბრა მისმა წინამძღარმა ჯამბულ აბულაძემაც: „„სამხრეთის კარიბჭე“ ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედია პლატფორმაა. მასთან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს 2013 წლიდან, ჭელის მინარეთის გარშემო განვითარებული მოვლენების შემდეგ. მაშინ „სამხრეთის კარიბჭე“ პირველი იყო, ვინც ეს ამბავი გაახმაურა და რომ არა ისინი, შესაძლებელია მოქმედება სულ სხვაგვარად, გაცილებით უფრო მძიმედ განვითარებულიყო. სახელმწიფოს შესაძლებელია, გაცილებით უფრო მეტი, ზედმეტი ძალა გამოეყენებინა. საერთოდ დამოუკიდებელი მედია პლატფორმების როლი ძალიან დიდია, ახლანდელი ადიგენის შემთხვევას გავიხსენებ, აქაც ეს მედიები რომ არ აშუქებდნენ ამგვარ შემთხვევებს, არავინ იცის რა იქნებოდა.“
 
როგორ აისახება რუსული კანონის მიღება „სამხრეთის კარიბჭეზე“?
 
 
თინათინ ზაზაძე, რედაქტორი: „დავიწყებ იმით, რომ დარეგისტრირებას არ ვაპირებთ, ეს არის ჩვენი გუნდის ერთსულოვანი გადაწყვეტილება. ვერ წარმომიდგენია გვერქვას „უცხოური ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. 

წარმოიდგინეთ, ავდივართ მაღალმთიან სოფელში და იქ ხალხმა თავისი პრობლემების შესახებ უნდა მოგვიყვეს. ახლა დავსვამ კითხვას, რატომ უნდა გვენდონ ჩვენ უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლებს და გვესაუბრონ ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე?  შეიძლება ერთ წელში ამ კანონის შესახებ ვერ გაიგონ, მაგრამ მეორე, მესამე წელს ხომ ყველას ეცოდინება, რომ ჩვენ, ჟურნალისტები ვართ უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლები და თავიანთი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოსახლეობა ჩაიკეტება.
 
 
ახლა როცა საჯარო სამსახურებიდან ვერ ვიღებთ საჯარო ინფორმაციას თვეობით, ძალიან უხერხულია ჩვენს გამჭირვალობაზე საუბარი, რადგან სულ მცირე ოთხი კანონი არეგულირებს არასამთავრობო სექტორისა და მედიის გამჭვირვალობას. 
 
ხელმოწერა ნიშნავს, ვეთანხმებით იმას, რასაც წლების განმავლობაში ვებრძვით და ვეწინააღმდეგებით. ჩვენი ფინანსები ისედაც გამჭვირვალეა, ამას ყოველთვიურად ამოწმებს არაერთი სახელმწიფო უწყება. 
 
არ დარეგისტრირების შემთხვევაში დავჯარიმდებით, რისი გადახდის საშუალებაც მედიას არ აქვს. საბოლოოდ, რედაქციის დაკეტვა მოგვიწევს, ხელისუფლების მიზანიც სწორედ ესაა. ჩაახშოს და გააქროს რეგიონში კრიტიკული აზრი.
 
ამ ვითარებაში ბუნებრივია ვეღარ შევძლებთ იმ ადამიანების დახმარებას, ვისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი, დამოუკიდებელი და ობიექტური მედიის არსებობა.
 
ხელისუფლებამ ამისთვის მზადება დიდი ხნის წინ დაიწყო, კრიტიკული მედიისთვის ჩაიკეტა ყველა სახელმწიფო უწყება, ინფორმაციას ვერ ვიღებთ ვერც წერილობით გამოთხოვნის შემთხვევაში. მიზანმიმართული ცრუ კამპანიით ცდილობენ მოქალაქეები შეცდომაში შეიყვანონ“. 

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა ორშაბათს, 15 აპრილს გაიმართება. საკომიტეტო მოსმენის პარალელურად, თბილისში საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.

„ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი საკანონმდებლო ორგანოში მეორედ წარადგინა. ამჯერად კანონის პროექტში ტერმინი „უცხოური აგენტი“ ჩანაცვლდება ფრაზით - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. ტერმინში - „უცხოური ძალა“ კი იგულისხმება ისეთი ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი და ა.შ. რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს ან საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.

გასულ წელს მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ფონზე ხელისუფლებამ „რუსული კანონი“ უკან გაიწვია და მთელი წლის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ მას აღარ მიუბრუნდებოდა. მმართველი პარტია ამჯერად მისი მიღებას მიმდინარე სესიის ბოლომდე აანონსებს. რეგლამენტის თანახმად, კი საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლოს იხურება.

მმართველი პარტიის მიერ დარეგისტრირებული „რუსული კანონის“ პროექტის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ მედიაგამოცემებიც მიიჩნევა. მათ საჯარო რეესტრში დარეგისტრირება კანონის მიღებიდან რამდენიმე თვეში მოუწევთ. თავის არიდება ან დადგენილ ვადაში საფინანსო დეკლარაციის არ წარდგენა კი გამოიწვევს ჯარიმას 25 000 ლარით. განსაზღვრულია სხვა ოდენობის ჯარიმებიც. 

„რუსული კანონი“ იძლევა პროექტით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების მონიტორინგის შესაძლებლობასაც. მათ შორის ამის საფუძველი შეიძლება გახდეს იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი განცხადება კონკრეტულ ორგანიზაციაზე სათანადო მინიშნებით. 

„უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ განისაზღვრება მედიასაშუალებები:
  - ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, [რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ] რომელმაც 1 წლის განმავლობაში შემოსავლის 20%-ზე მეტი საზღვარგარეთიდან მიიღო.
 
  - ისეთი მაუწყებელი, რომელმაც  1 წლის  შემოსავლის 20%-ზე მეტი საზღვარგარეთიდან მიიღო.
 
  - ისეთი იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს ბეჭდურ მედია საშუალებას და 1 წლის შემოსავლის 20%-ზე მეტი საზღვარგარეთიდან მიიღო.
 
  - ისეთი იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს ან/და იყენებს მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო ენაზე გამავრცელებელი ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილ ინტერნეტდომენს ან/და ინტერნეტჰოსტინგს და რომელმაც 1 წლის განმავლობაში  შემოსავლის 20%-ზე მეტი საზღვარგარეთიდან მიიღო.
 
კატეგორია: საქართველო

5 აპრილს რუსული კანონის - ოფიციალური სახელწოდებით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" პარლამენტში დაბრუნებას არაერთი საერთაშორისო პარტნიორი და ორგანიზაცია გამოეხმაურა. გაკეთებული განცხადებები და მათი აქცენტები ასეთია: 

 ● 22 ევროპარლამენტარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსულ კანონს აკრიტიკებს და საერთო წერილით მიმართავს ევროკომისიას. მასში ნათქვამია, რომ ის საფრთხეს საქართველოს პროევროპულ გზას შეუქმნის. 

 ● აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი რუსულ კანონთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს: „ეს კანონი ძირს უთხრის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციისადმი ერთგულებას და საქართველოს ევროპული გზიდან ჩამოცილების რისკის ქვეშ აყენებს“.  

 ● „საერთაშორისო დემოკრატიის კავშირი“ IDU, რომელიც 84 სრული და ასოცირებული წევრისა და 65 ქვეყნისგან შედგება საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს უარი თქვას რუსული კანონის მიღებაზე. IDU მემარჯვენე ცენტრისტული პოლიტიკური პარტიების საერთაშორისო ალიანსია.

 ● ჩეხეთის ელჩი საქართველოში პეტრ კუბერნატი სოციალურ ქსელში წერს:" „უცხოური ძალა“ ნამდვილად არ ჟღერს ძალიან მეგობრულად, იმის გათვალისწინებით, რომ ეს დახმარება პარტნიორი ქვეყნისგან მოდის“. 

 ● 12 ევროპული ქვეყანა (დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, დანიის, ნორვეგიის, ჩეხეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, იტალიისა და ირლანდიის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები) საქართელოს მმართველ პარტიას მოუწოდებს პარლამენტიდან გაიწვიოს რუსული კანონი. 

 ● ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსული კანონის კვლავ ინიცირების გადაწყვეტილება ძირს გამოუთხრის მნიშვნელოვან ევროპულ ღირებულებებს. 

 ● ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის თანამომხსენებლები საქართველოს საკითხებში: კლოდ კერნი (საფრანგეთი, ALDE)  და ედიტე ესტრელა (პორტუგალია, SOC) "ქართული ოცნების" მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას ეხმაურებიან. ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ და ხელისუფლებას მოუწოდებენ კანონპროექტი პარლამენტის დღის წესრგიიდან ამოიღოს.

 
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის ხელმეორედ ინიცირების გამო შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი და დამოუკიდებელი მედიასაშუალებები და მას "რუსულ კანონს" უწოდებს. 

5 აპრილს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მთავარი გამოშვებაც სწორედ ამ თემით იხსნება. „მოამბის“ წამყვანი თამთა სანიკიძე სიუჟეტის წარსადგენ ტექსტში ამბობს: „ხელისუფლებაზე საერთშორისო ზეწოლა იზრდება, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროპული კანონმდებლები, ევროკავშირი, უცხოური გავლენების შესახებ ხელახლა ინიცირებული რეზონანსული კანონპროექტი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც მწვავე კრიტიკის სამიზნედ იქცა. უცხოური ოპარტნიორები მმართველ გუნდს ინიციატივის უკან გაწვევას სთხოვენ და შეფასებების დროს ტერმინ "რუსული კანონის" გამოყენებასაც აღარ ერიდებიან. მთავარი გზავნილია, რომ წარდგენილი პროექტი სამოქალაქო სექტორის საქმიანობას შეზღუდავს და ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს საფრთხეს შეუქმნის“. 

შემდეგ "მოამბის" წამყვანი ჟურნალისტ ნოდარ ჩაჩუას ასეთი კითხვით მიმართავს: „მოგესალმებით ნოდარ, უფრო კონკრეტულად რა წერია სადაო კანონპროექტში?“ მაყურებელს მოლოდინი უჩნდება, რომ ის წამყვანის ტექსტის ამ ნაწილსაც გამოეხმაურება და მისგან საერთაშორისო ზეწოლაზეც მოისმენს. თუმცა, ნოდარ ჩაჩუა ვრცელ მიმოხილვაში საერთაშორისო პარტნიორებისა და ორგანიზაციების განცხადებებს მხოლოდ გაკვრით ახსენებს:

„განცხადება გაავრცელა 12 ევროპული ქვეყნის საგარეო ურთიერთობების თავმჯდომარეებმაც. ისინი შეშფოთებას გამოხატავენ მსგავსი კანონპროექტის გამო და საქართველოს პარლამენტს მისი შეჩერებისკენ მოუწოდებენ. იგივე მოწოდებით გამოდის ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანიც“.

ჟურნალისტი არ აკონკრეტებს არც ერთი განცხადების შინაარსს, არ ხდება მათი ვიზუალიზაცია და ამ თემის გაშუქებაც მხოლოდ ამ 3 წინადადებით შემოიფარგლება.

ნოდარ ჩაჩუას 10-წუთიანი  ჩართვა, თითქმის, მთლიანად სოციალურ ქსელში გავრცელებულ ბანერს ეხება. მასზე ის 4 პუნქტია ჩამოთვლილი, რომელიც განმარტავს თუ რატომ არის ეს კანონრპოექტი რუსული. ჩაჩუა ყველა პუნქტს ცალ-ცალკე განიხილავს და მას რუსეთში მოქმედი კანონის უკანასკნელ და არა თავდაპირველ (2012 წელს მიღებული კანონის) ვერსიას ადარებს. შესაძლებელია, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტი არ ფლობს ინფორმაციას, რომ რუსეთის კანონმა პირველი ვერსიისგან დღემდე დიდი ნეგატიური ცვლილება განიცადა. თავდაპირველად პუტინის კანონიც გაცილებით ლიბერალური იყო. 

ნოდარ ჩაჩუა მაყურებელს არწმუნებს, რომ ე.წ. გამჭვირვალობის კანონი არ ეხება ფიზიკურ პირებს, არავის აკისრებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, გულისხმობს მხოლოდ 10, 20 და 25 000- ლარიან ჯარიმებს და ა.შ. ჟურნალისტი საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებს და დასძენს: „კანონს არაფერი აქვს საერთო რუსულ კანონთან და ის ვერ იქნება გამოყენებული რომელიმე ორგანიზაციის საქმიანობის შეზღუდვისთვის“. 

საგულისხმოა, რომ საინფორმაციო გამოშვების დასაწყისში თამთა სანიკიძის ნათქვამი სიტყვები: „პარტიის ("ქართული ოცნების") ლიდერებს პუნქტობრივად უწევთ მტკიცება, რომ რუსეთში მოქმედი კანონისგან მკვეთრად განსხვავებულია“  სისრულეში არა "ქართული ოცნების" ლიდერებმა, არამედ თავად "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტმა მოიყვანა. 
ამ დროს კი "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონი განმარტავს, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ვალდებულია, პროგრამებში არ გამოხატოს თავისი აზრი და ასახოს საზოგადოებაში არსებულ მოსაზრებათა პლურალიზმი.

იმავე შინაარსს იმეორებს "საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსი":

„ჟურნალისტი უნდა იყოს თავშეკავებული და კარგად ინფორმირებული, მის მიერ გადმოცემული მასალი კი ინფორმაციული და ამომწურავი. ფაქტები და შეხედულებები დაბალანსებულად უნდა გაშუქდეს. ყოველი მხარისა და პირის აზრი მიუკერძოებლად უნდა გადმოიცეს. საინფორმაციო პროგრამების მიუკერძოებლობა არა მხოლოდ საპირისპირო პოზიციების დაბალანსებულად გაშუქების, არამედ ყველა იმ გარემოების სრულფასოვანი აღწერით მიღწევაა, რომლებიც საფუძვლად უდევს ამ პოზიციებს".

შესაბამისად, ნოდარ ჩაჩუას მიმოხილვამ დაარღია როგორც "მაუწყებლობის შესახებ" კანონი, ისე "საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსი. 

5 აპრილის "მოამბეს"  სოციალურ ქსელში გამოეხმაურა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრი ლიკა ბასილაია. 
"მე და ბორდის სხვა წევრებს არაერთი შეხვედრა გვქონდა საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორთან გასული 2 წლის განმავლიობაში, თუმცა ჩანს რომ ასეთი შეხვედრები უშედეგოა. ყოველ ახალ ჯერზე ჩემს კრიტიკასსაჯაროდ მივაწვდი საზოგადოებას და ევროპის მაუწყებელთა კავშირს რეაგირებისათვის“, - წერს ის.
 
კატეგორია: საქართველო
 
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის მეორედ დაბრუნების პარალელურად ტელევიზიებში გამოიკვეთა არასამთავრობო ორგანიზაციების ნეგატიურ კონტექსტში გაშუქების მაგალითებიც. 

მმართველი პარტიის მიერ „რუსული კანონის“ საკანონმდებლო ორგანოში ხელმეორედ დარეგისტრირების მეორე დღეს, 4 აპრილს ტელეკომპანიების: „რუსთავი 2“, „იმედი“ და „პოსტვ“ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა სიუჟეტები არასამთავრობო ორგანიზაციების რეიტინგების შესახებ.
 
„კურიერი“ – „არასამთავრობო ორგანიზაციების რეიტინგი გაუარესდა

„ქრონიკა“ - „ენჯეო სექტორის დავარდნილი რეიტინგი“  

„ახალი ამბები“ - „ენჯეოსექტორი საქართველოში ნდობას კარგავს“ 

 
ამ ტელევიზიებისთვის შვედური ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“( V-Dem) მიერ გამოქვეყნებული ინდექსი სამოქალაქო საზოგადოების შესახებ  მანიპულაციის საშუალებად იქცა. მათი თქმით, ქართული არასამთავრობო სექტორის შეფასება მნიშვნელოვნად გაუარესდა და 2023 წლის განმავლობაში სარეიტინგო პოზიცია 27-ე ადგილიდან 77-ე ადგილამდე ჩამოვიდა. 

აღსანიშნავია, რომ ამ სიუჟეტებში მაყურებლებისთვის განმარტებული არ არის ინდექსის განსაზღვრის კონკრეტული კრიტერიუმები. მათ შორის არაფერია ნათქვამი ამ პროცესში მთავრობის მონაწილეობაზე. ინდექსის ან მიზეზების დეტალურად ახსნას არა, მაგრამ არასამთავრობო სექტორის საწინააღმდეგო პოლიტიკურ შეფასებებს სიუჟეტებში ნამდვილად მოისმენთ. ერთი მონაცემის გამოყენებით ტელევიზიებმა საზოგადოებისთვის ისეთი შთაბეჭდილების შექმნა სცადეს, თითქოს, უარყოფითად ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა შეფასდა.

V-DEM-ის მონაცემების ქართულ მედიაში გავრცელებას თვალი მიადევნა ფაქტების გადამოწმების პორტალმა „მითების დეტექტორი“. სტატიის მიხედვით, რეალურად გასულ წელს მაჩვენებელი გაუარესდა იმ ბოლო 2 კრიტერიუმში, რომელიც მთავრობაზეა დამოკიდებული. 

„მითების დეტექტორი“: „რეალურად, ინდექსი 3 კრიტერიუმის მიხედვით იზომება – სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობის, ასევე, მთავრობის მიერ სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიის და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ორგანიზაციების შესვლისა და გასვლის შესახებ ინდიკატორებით...V-Dem-ი საშუალებას გვაძლევს, ვნახოთ, თუ როგორ შეიცვალა კონკრეტული ქვეყნის შეფასება კრიტერიუმების მიხედვით დროის განმავლობაში. საქართველოს შემთხვევაში, 2022 და 2023 წლების შედარებით ვხედავთ, რომ 3 კრიტერიუმიდან 2 გაუარესებულია, 1 კი გაუმჯობესებული. აღსანიშნავია, რომ გაუარესებულია კრიტერიუმები, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებასთან მიმართებით მთავრობის მიდგომაზეა დამოკიდებული – კონკრეტულად, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობისა და რეპრესიის შესახებ კრიტერიუმები. 2022 წლიდან 2023 წლამდე გაუმჯობესდა მხოლოდ ერთი კრიტერიუმი – სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობის შესახებ“

[სტატია სრულად -  https://mythdetector.ge/ka/samoqalaqo-sazogadoebis-indeqsi/]
 
რას ვისმენთ „რუსთავი 2“-ის, „იმედისა“ და „პოსტვ“-ის მთავარი საინფორმაციო გამოშვებების წამყვანებისგან?
 
„რუსთავი 2“

ნათია ლაზაშვილი, „კურიერის“ წამყვანი: 
„რამდენად მტკიცედ და გამართულად ასრულებს სამოქალაქო საზოგადოება თავის მისიას და რამდენად ჯანსაღად არის გამოხატული მოქალაქეთა ინტერესები მსოფლიოს ქვეყნებში. ქართული არასამთავრობოების პოზიცია 50 ადგილითაა გაუარესებული“.

დავით კაკულია, „კურიერის“ წამყვანი:
„შედეგად ქართულ არასამთავრობო სექტორს გაუსწრო ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიცაა: სომხეთი, მოლდოვა, ბოსნია ჰერცეგოვინა და კოსოვო. ენჯეოებს საკუთარი რეიტინგების მკვეთრ გაუარესებაზე საუბარი არ სურთ. ნაწილი კითხვებს გაურბის, ნაწილი კი საერთოდ არ გამოდის კონტაქტზე. ერთდერთი ვინც საუბარი ისურვა ფონდი „ღია საზოგადოებაა“, რომელიც საერთაშორისო რეიტინგებში მესამე სექტორის დაქვეითებას ხელისუფლებას აბრალებს“. 
 
„იმედი“

ხატია ქვათაძე, „ქრონიკის“ წამყვანი:
„საერთაშორისო ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ დრამატული ვარდნის შესახებ იუწყება.  1 წელიწადში 50 პუნქტით გაუარესებული მონაცემები ასახავს არასამთავრობოთა მიმართ ხალხის ნდობასაც და იმასაც თუ რამდენად პასუხობს საზოგადოების ინტერესებეს სამოქალაქო საზოგადოება“ .
 
„პოსტვ“ 

ანა აშორდია, „ახალი ამბების“ წამყვანი: 
„საზოგადოება რომ საქართველოში ენჯეო სექტორს არ ენდობა, ამას ადასტურებს დემოკრატიის კვლევის მსოფლიო ცენტრის კვლევაც. მონაცემების მიხედვით, არასამთვრობო სექტორის რეიტინგი 1 წელში მნიშვნელოვნად გაუარესდა და 2023 წლის ინდექსის მიხედვით, 50 პოზიციით დაქვეითდა. ე.წ. მესამე სექტორს რეიტინგში უსწრებს სომხეთი, მოლდოვა, ბოსნია ჰერცოგოვინა, კოსოვო და რეგიონის სხვა ქვეყნები. ინდექსი იკვლევს რამდენად გამართულად ასრულებენ არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოებრივ მისიას და მოვალეობებს, ასევე რამდენად აქტიურად არის გამოხატული მოქალაქეთა ინტერესები არასამთავრობო სექტორში“. 

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის საკანონმდებლო პროცედურები პარლამენტის ბიურს სხდომაზე დღეს, 8 აპრილს იწყება. დღესვე საკანონმდებლო ორგანოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დაგეგმილია აქცია „არა რუსულ კანონს – თავისუფლება ლაზარეს!“ 
„ქართულმა ოცნებამ“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი მეორედ პარლამენტში 3 აპრილს დაარეგისტრირა. ამჯერად კანონის პროექტში ტერმინი „უცხოური აგენტი“ ჩანაცვლდება ფრაზით - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. 

გასულ წელს მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ფონზე ხელისუფლებამ „რუსული კანონი“ უკან გაიწვია და მთელი წლის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ მას აღარ მიუბრუნდებოდა. მმართველი პარტია ამჯერად მისი მიღებას მიმდინარე სესიის ბოლომდე აანონსებს. რეგლამენტის თანახმად, კი საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლოს იხურება. 
 
 
 
 
 
 
 
კატეგორია: საქართველო

„მედიის განვითარების ფონდმა“ სექსისტური ენისა და გენდერული დეზინფორმაციის მედია მონიტორინგის ანგარიში წარადგინა. შედეგების მიხედვით, ერთწლიან საკვლევ პერიოდში სექსისტური და ჰომოფობიური ხასიათის 5695 დისკრიმინაციული შინაარსი გამოავლინა, საიდანაც 3915 შემთხვევაში წყარო -ტრადიციული, ხოლო 1780 შემთხვევაში სოციალური მედია იყო.

კვლევის მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ ჰომოფობიისა და სექსისტური ენის ყველაზე მკაფიო გამოვლინებები პოლიტიკურად ტურბულენტურ ფაზებს უკავშირდება. მსგავსი გამოხატვა 2023 წელს ნახტომისებურად გაიზარდა „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო პროტესტის, პრაიდის კვირეულის და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების დროს.

სექსისტური სიძულვილის ენა / გენდერული სტერეოტიპიზაცია

ანგარიშის მიხედვით, სექსისტური შინაარსის შემცველი კომენტარების/პოსტების ყველაზე დიდი წილი როგორც ტრადიციულ, ასევე სოციალურ მედიაში პოლიტიკას უკავშირდებოდა და უმეტესწილად საქართველოს პრეზიდენტს და ოპოზიციონერ ქალ პოლიტიკოსებს, ასევე, ქალ აქტივისტებს და უფლებადამცველებს მიემართებოდათ. ყველაზე მეტი შემთხვევა კი მორალური კრიტერიუმებით თავდასხმას უკავშირდება და მრუშობით შერცხვენას გულისხმობს.

„გენდერული სტერეოტიპები ამკვიდრებდა აზრს, რომ ქალები ისტერიულები, სექსუალურად დაუკმაყოფილებლები არიან, პოლიტიკოსი ქალების ქცევა გაუწონასწორებელია, ქალის ნდობა არ შეიძლება და საქმე კაცთან უნდა დაიჭირო, ქართველი ქალის ადგილი კი ოჯახშია“.

მედია მონიტორინგის შედეგებით, საქართველოს პრეზიდენტის, ოპოზიციონერი ქალების, უფლებადამცველების და საპროტესტო აქციების მონაწილეების დისკრედიტაციის მიზნით, ანონიმური სახელისუფლებო, გარკვეულ შემთხვევებში კი კონსერვატიულ მოძრაობასთან დაკავშირებული გვერდები, ხშირად ვიზუალურ მანიპულაციას იყენებდნენ და დასპონსორებული სახით ავრცელებდნენ.

ჰომოფობია

კვლევის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში 3270 ჰომოფობიური კომენტარიდან/პოსტიდან ყველაზე მეტი (2558) ტრადიციულ მედიაში გვხვდება.  
„ჰომოფობიური შინაარსის ზრდა, როგორც რუსული ტიპის აგენტების შესახებ კანონს, ასევე, პრაიდის კვირეულს, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს და ჰომოსექსუალობის პროპაგანდის აკრძალვის კანონმდებლობას შეეხებოდა“.
აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ჰომოფობიური კომენტარების მთავარ წყაროს სამონიტორინგო ტრადიციული მედია (31,7%) წარმოადგენდა. გზავნილების გავრცელების მხრივ, კი კრემლისტური სარედაქციო პოლიტიკის სეზონი ტვ (527) და ონლაინ გამოცემა „საქართველო და მსოფლიო“ (115) ლიდერობს, რომელთაც სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის პოსტვ და გადაცემა პოსტ ანალიტიკა (50) მოსდევს.
 
გენდერული დეზინფორმაცია
 
2023 წელს ფაქტების გადამოწმების პლატფორმამ „მითების დეტექტორი“ 62 გენდერული დეზინფორმაცია გამოავლინა. კვლევის მიხედვით, გენდერული ნიშნით დეზინფორმაციის ყველაზე მეტი შემთხვევა დასავლეთის წინააღმდეგ იყო მიმართული (27), საიდანაც ჰომოფობია (18) დომინირებდა.
„ყველაზე ხშირად გენდერული დეზინფორმაციის და მორალური კრიტერიუმების ნიშნით თავდასხმის სამიზნე დასავლელი პოლიტიკოსები, ასევე, ქართველი ქალი პოლიტიკოსები და პოლიტიკოსებთან დაკავშირებული პირები იყვნენ. სამ შემთხვევაში სამიზნე უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა იყო. ერთ შემთხვევაში გენდერული დეზინფორმაციის სამიზნეს საქართველოში ამერიკის ელჩი, რობინ დანიგანიც წარმოადგენდა“.
კვლევა 2023 წლის 1 იანვარიდან 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს. მედია მონიტორინგის სუბიექტებად კი შეირჩა იყო როგორც ტრადიციული (12 მედია საშუალება: 7 ტელევიზია, 3 ბეჭდური და 2 ონლაინ გამოცემა), ისე სოციალური მედია, კერძოდ, ფეისბუქის ანგარიშები ( 151 ).
 
კატეგორია: საქართველო
 
მმართველი პარტიის მიერ დარეგისტრირებული „რუსული კანონის“ პროექტის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ მედიაგამოცემებიც მიიჩნევა. ამ ტერმინით ესეთ მედიასაშუალებებად განისაზღვრება: 

  - ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, [რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ] რომელმაც 1 წლის განმავლობაში შემოსავლის 20%-ზე მეტი საზღვარგარეთიდან მიიღო.

  - ისეთი მაუწყებელი, რომელმაც  1 წლის  შემოსავლის 20%-ზე მეტი საზღვარგარეთიდან მიიღო.
 
  - ისეთი იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს ბეჭდურ მედია საშუალებას და 1 წლის შემოსავლის 20%-ზე მეტი საზღვარგარეთიდან მიიღო.
 
  - ისეთი იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს ან/და იყენებს მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო ენაზე გამავრცელებელი ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილ ინტერნეტდომენს ან/და ინტერნეტჰოსტინგს და რომელმაც 1 წლის განმავლობაში  შემოსავლის 20%-ზე მეტი საზღვარგარეთიდან მიიღო.
 
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი მსგავს მედიასაშუალებებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციას ავალდებულებს. მათ საჯარო რეესტრში დარეგისტრირება კანონის მიღებიდან რამდენიმე თვეში მოუწევთ. თავის არიდება ან დადგენილ ვადაში საფინანსო დეკლარაციის არ წარდგენა კი გამოიწვევს ჯარიმას 25 000 ლარით. განსაზღვრულია სხვა ოდენობის ჯარიმებიც. 
 
„რუსული კანონი“ იძლევა პროექტით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების მონიტორინგის შესაძლებლობასაც. მათ შორის ამის საფუძველი შეიძლება გახდეს იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი განცხადება კონკრეტულ ორგანიზაციაზე სათანადო მინიშნებით. 
 
„ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი საკანონმდებლო ორგანოში მეორედ წარადგინა. ამჯერად კანონის პროექტში ტერმინი „უცხოური აგენტი“ ჩანაცვლდება ფრაზით - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. ტერმინში - „უცხოური ძალა“ კი იგულისხმება ისეთი ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი და ა.შ. რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს ან საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.

გასულ წელს მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ფონზე ხელისუფლებამ „რუსული კანონი“ უკან გაიწვია და მთელი წლის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ მას აღარ მიუბრუნდებოდა. მმართველი პარტია ამჯერად მისი მიღებას მიმდინარე სესიის ბოლომდე აანონსებს. რეგლამენტის თანახმად, კი საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლოს იხურება. 

კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ - 

იხილეთ ბმული