15.08.2024
როგორ უნდა გააშუქოს მედიამ ტრაგედია ისე, რომ ამბავიც სრულად მოყვეს და არც ეთიკური პრინციპები დაარღვიოს, ამაზე არაერთი სახელმძღვანელო წესი არსებობს. არაერთი მასალა დაწერილა იმაზეც, მათ შორის "მედიაჩეკერზეც", როგორ არ უნდა მოიქცეს ჟურნალისტი ტრაგიკული ამბების გაშუქებისას.
თუმცა, საზოგადოებრივ ინტერესსა და ეთიკურ პრინციპებს შორის ბალანსი ქართულმა მედიამ ვერ დაიცვა ზუგდიდში, ერთ-ერთ კორპუსში გვიან ღამით გაჩენილი ხანძარის შედეგად ბავშვების დაღუპვის ამბის გაშუქების დროსაც.
ამბავი მოკლედ: ოჯახი, რომლის ორი წევრიც - ექვსი წლის ტყუპები
ხანძარს ემსხვერპლა, სოციალურად დაუცველი აღმოჩნდა. დაღუპულები
და-ძმასა და დედასთან ერთად დაქირავებულ ბინაში ცხოვრობდნენ.
მეზობლების თქმით, 5-წევრიან ოჯახს დავალიანების გამო ელექტროენერგია
გათიშული ჰქონდა და, სავარაუდოდ, სანთლის გამოყენების მიზეზით
გაჩენილი ხანძრის დროს ბავშვები სახლში მარტო იმყოფებოდნენ. უფროსმა
და-ძმამ ბინიდან დროულად გამოსვლა შეძლო, ადგილზე მისულ მაშველებს კი
ტყუპები გარდაცვლილები დახვდათ. მეზობლების თქმითვე, რადგან დედას
ოჯახის სარჩენად ფიზიკური შრომა უწევდა, ბავშვები მარტო ხშირად
რჩებოდნენ. მომხდარს განცხადებით გამოეხმაურა
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოც.
ზუგდიდში, ბუკიას
ქუჩაზე, მრავალსართულიან კორპუსში ხანძარი 12 აგვისტოს, ღამით გაჩნდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მესამე ნაწილით
მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის დაზიანებას
გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი
გამოიწვია.
"მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით,
საერთო მაუწყებელი ვალდებულია, ახალი ამბებისა და
საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები საუკეთესო დროს განათავსოს და
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ აუდიტორიის დროული
ინფორმირება უზრუნველყოს. კანონი საუკეთესო დროდ 19.00 სთ-დან 24.00
სთ-მდე პერიოდს განსაზღვრავს - "როდესაც შესაძლებელია მაუწყებლის
პროგრამებს უყუროს ან უსმინოს მისი მომსახურების ზონის აუდიტორიის
პიკურმა რაოდენობამ".
ზუგდიდში მომხდარი ტრაგედიას ტელეკომპანია "იმედმა" 13 აგვისტოს
მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში, რომელიც 20:00 საათზე იწყება, დრო
საერთოდ არ დაუთმო. სამაგიეროდ, ამავე "ქრონიკის" ეთერში მოხვდა,
საბერძნეთში ტყის ხანძრებს მსხვერპლი რომ
მოჰყვა. ხანძრის შედეგად არასრულწლოვნების
გარდაცვალების ამბავი ვერ მოხვდა ტელეკომპანია POSTV-ის მთავარ,
19:00-საათიან საინფორმაციო გამოშვებაშიც.
სამაგიეროდ, POSTV-ის ვებგვერდზე იძებნება 2 ამბავი: "ნინო
ფოჩხუა ზუგდიდში მომხდარი ტრაგედიის შესახებ რადიკალების
გამოხმაურებებზე: “სახელმწიფოსგან ყოველ თვე 1500 ლარს და თითო
ბავშვზე ცალკე დახმარებას იღებდნენ. ადამიანმა არ უნდა იკადრო
ყველაფერი, მაგრამ გვარამიას, მაქარაშვილს და მათ კლასტერს
ადამიანობის არაფერი სცხიათ”
და "ნინო კვარაცხელია ზუგდიდის ტრაგედიის შესახებ: “მარტივია დააბრალო
მთავრობას, უბრალოდ, რომ ირაზმებით, ათას სისაძაგლეს იგონებთ, ან
ღმერთის არ გეშინიათ, ან საკუთარ სინდისთან ღამე მარტო დარჩენის?
გლოვაც რომ არ შეგიძლიათ, რამე წმინდა დარჩა თქვენთვის?”
"სამოქალაქო აქტივისტის", ნინო კვარაცხელიას ფეისბუკ პოსტი
გამოქვეყნებულია ტელეკომპანია "იმედის"
ვებგვერდზეც.
როგორც "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო
საზოგადოება"
წერს, პროსახელისუფლებო ექსპერტის, ნინო
ფოჩხუას პოსტი პროსახელისუფლებო მედიებიდან „იმედმაც“ გაავრცელა,
თუმცა, მოგვიანებით ეს სიახლე წაიშალა და ის ვებგვერდზე აღარ
იძებნება.
აღსანიშნავია, რომ ფოჩხუასა და კვარაცხელიას ფეისბუკ პოსტები
ზუგდიდში ხანძრის დროს გარდაცვლილი ტყუპების დედის დისკრედიტაციის
კამპანიის ნაწილად იქცა.
ზუგდიდში, ბუკიას ქუჩაზე, მრავალსართულიანი კორპუსის მეექვსე
სართულზე ხანძარი 12 აგვისტოს, გვიან ღამით გაჩნდა. ადგილზე მისული
ჟურნალისტები მომხდარში გარკვევას იქ მყოფი ადამიანებისგან,
მეზობლებისგან ცდილობდნენ და ყველა საჭირო და არასაჭირო, ინფორმაციული
ღირებულების მქონე თუ ცნობისმოყვარეობის დამაკმაყოფილებელ კითხვას
სვამდნენ.
"როდესაც საქმის გარემოებები რთულია, საჯარო ინტერესი კი
მაღალი, ამბის მეორეხარისხოვანი დეტალების გაშუქების ვნება ქმნის
რეალურ საფრთხეს შეიქმნას ბრალდებულების და მათი
ახლობლების "დევნის" პრეცენდენტი, რისი თავიდან აცილებაც
შეიძლება მხოლოდ ძირითადი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი,
გადამოწმებული ფაქტების გაშუქებით, რაც ამცირებს სპეკულაციებისა
და საზოგადოებაში მცდარი შეხედულებების შექმნის საშიშროებას", -
ვკითხულობთ "საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" მიერ
მომზადებულ კრიმინალის გაშუქების
სახელმძღვანელოში.
"როდესაც ფაქტი ახალი მომხდარია, ემოციური ფონი გამძაფრებულია და ხშირად ჟურნალისტები მისი ზეგავლენის ქვეშ ექცვიან. ჟურნალისტი უნდა შეეცადოს, შეინარჩუნოს ნეიტრალურ ტონი და არ მოექცეს ამბის მონაწილეთა ემოციური გავლენის ქვეშ".
"როდესაც ფაქტი ახალი მომხდარია, ემოციური ფონი გამძაფრებულია და ხშირად ჟურნალისტები მისი ზეგავლენის ქვეშ ექცვიან. ჟურნალისტი უნდა შეეცადოს, შეინარჩუნოს ნეიტრალურ ტონი და არ მოექცეს ამბის მონაწილეთა ემოციური გავლენის ქვეშ".
Palitravideo.ge-იმ გაავრცელა ვიდეო - "რას ამბობს ზუგდიდში ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების დედა?", რომელშიც ისმის ჟურნალისტების კითხვა - "სად მუშაობ?" და მძიმე ემოციურ მდგომარეობაში მყოფი დედის ფიცი, რომ თხილზე სამუშაოდ იყო წასული. ამავე მედიასაშუალების მეორე მასალაში -"მამობას ვუწევდი" - რას ამბობს კაცი, ვისთან ერთადაც ტყუპი ბავშვი ხანძრის გაჩენამდე ცხოვრობდა", კი ვხედავთ, რომ ტელეკომპანია "მთავარი არხისა" და "ფორმულას" ჟურნალისტები ტრაგედიის ადგილზე მისულ მამაკაცს უკან მიჰყვებიან და ეკითხებიან: "სად მუშაობდით შუაღამე? გვითხარით, სად მუშაობდით?", "არასრულწლოვანი ბავშვები როგორ დატოვე", "თქვენ მამობილი ხართ თუ მამა ხართ ამ ბავშვის".
"მაუწყებელმა არ უნდა გადაიღოს ან გაავრცელოს მასალა, რომელშიც
ასახულია უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულები ან პიროვნება
პირადი ტრაგედიის ან მწუხარების დროს, მათ შორის საზოგადოებრივი
თავშეყრის ადგილებში, ან დაკრძალვაზე, როდესაც ეს პირადი ცხოვრების
ხელშეუხებლობას ხელყოფს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მიღებულია
პირის თანხმობა. პირის გარდაცვალების შემთხვევაში, გადაღებასა და
მასალის გავრცელებაზე საჭიროა ოჯახის წევრების თანხმობა", -
ვკითხულობთ "მაუწყებელთა ქცევის კოდექსში".
„დაუშვებელია მაუწყებლის მიერ გასაჭირში მყოფი ადამიანების მიმართ ზეწოლის განორციელება იმისათვის, რომ მათ პროგრამაში მიიღონ მონაწილეობა ან დათანხმდნენ ინტერვიუზე."
მწუხარებისა და ტრაგიკული მოვლენების გაშუქებას ცალკე ქვეთავი
ეთმობა "საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსშიც", სადაც
ვკითხულობთ, რომ "ჟურნალისტმა უნდა დაიცვას ბალანსი მწუხარებისა და
ტრაგიკული მოვლენებისადმი საზოგადოებრივ ინტერესსა და პიროვნების
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას შორის".
აღსანიშნავია, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" 13 აგვისტოს
მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში
ზუგდიდში მომხდარ ტრაგედიას 70 წამი 21:34 წუთზე დაეთმო და მასალაში
(გადაფარვა) აქცენტი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე იყო.
გარდაცვლილების დედის ფიცისა და კადრების ჩვენებით დაიწყო
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში
გასული სიუჟეტი - "ხანძარი ზუგდიდში".
მომხდარის კიდევ უფრო დრამატიზებას შეეცადა ტელეკომპანია
"მთავარი არხი", რომლის მთავარი საინფორმაციო გამოშვებაც 13 აგვისტოს
სწორედ ამ ამბის გაშუქებით დაიწყო: "უმძიმესი ტრაგედია ზუგდიდში,
რომელიც თვითმხილველების თვალწინ განვითარდა", "შემზარავი ტრაგედია",
"საზარელი სურათი".
"კორპუსში, მე-6 სართულზე, ცეცხლმოკიდებული სახლის აივნიდან
სახლში მარტოდ დარჩენილი ბავშვები დახმარებას ითხოვდნენ, მათი
გადარჩენა ვერავინ შეძლო", - ჟურნალისტის ამ ფრაზას თან გარდაცვლილი
ტყუპების ფოტოც ახლავს.
ტელეკომპანია "მთავარი არხის" მსგავსად სახელმწიფოს
პასუხისმგებლობის საკითხზე გააკეთა აქცენტი ტელეკომპანია
"ფორმულამაც", რომლის მთავარი საინფორმაციო
გამოშვებაც ამ თემის გაშუქებით დაიწყო,
სიუჟეტი "ტრაგედია ზუგდიდში და პასუხისგაუცემელი შეკითხვები" კი -
გარდაცვლილი არასრულწლოვანი ძმების ფოტოების, სახელებისა და გვარის
დასახელებით. მასალაში ვხვდებით ტყუპების ვიდეოსაც.
როგორც "საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" მიერ
მედიისთვის შექმნილ ეთიკურად გაშუქების
სახელმძღვანელოში ვკითხულობთ, მძიმე
სოციალურ მდგომარეობაში მცხოვრები ბავშვების დახმარების ერთადერთი გზა
ხშირ შემთხვევაში მედიაა. ამ თემაზე მასალის მომზადებისას კი:
- ეცადეთ ჟურნალისტური მასალის მთავარი მიზანი სისტემური პრობლემის მხილება იყოს - რატომ არის საჭირო საზოგადოების დახმარება ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად და რატომ ვერ უზრუნველყოფს მის მკურნალობას სახელმწიფო. გახსოვდეთ, რომ მასალის გმირი ბავშვის გარდა იმავე მდგომარეობაში კიდევ არაერთი ადამიანია და მათ თქვენთან დაკავშირება ვერ მოახერხეს.
- მნიშვნელოვანია, ბავშვთა სიღარიბე და სოციალური პრობლემები გააშუქოთ თანმიმდევრობით. კონკრეტული ისტორიები გამოიყენეთ ზოგადი, სისტემური პრობლემის წარმოსაჩენად.