„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ საბა სორდიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს
07.04.2025


გამოცემა „ინდიგოს“ ჟურნალისტ საბა სორდიას, რომელიც პოლიციამ გუშინ, 6 აპრილს, მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, „პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის“ ბრალდებით დააკავა, იზოლატორში ყოფნის ვადა 24 საათით გაუხანგრძლივეს. სორდია დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

„ინდიგოს“ ჟურნალისტის ადვოკატის, მარიამ ყველაშვილის თქმით, საბა სორდიამ დაკავებისა და პოლიციის მანქანაში ჩაჯდომის დროს არ იცოდა, რომ ის ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული და ამის შესახებ მხოლოდ პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის დროს გაიგო. გზაში კი, პოლიციის მანქანაში, მის მიმართ ჰომოფობიურ კომენტარებს ჰქონდა ადგვილი.

„საბა იმყოფებოდა მარჯანიშვილის მეტროს სიახლოვეს, რა დროსაც მასთან 2 პოლიციელი მივიდა და გადამოწმების მიზნით, პირადობის მოწმობა მოთხოვა. საბამ პირადობის მოწმობა გადასცა. შემდეგ პოლიციამ უთხრა, რომ ჩანთა გაეხსნა. ჩანთის დათვალიერება უნდოდათ, რაზეც დათანხმდა საბა, თუმცა მოგვიანებით, პოლიციას თავად უნდოდა გაეხსნა ჩანთის ერთ-ერთი ჯიბე, რაზეც საბამ უთხრა, რომ თვითონვე გახსნიდა ამ ჯიბეს და მისცემდა შესაძლებლობას პოლიციელს, რომ დაეთვალიერებინა ჩანთა. ამ შელაპარაკების დროს, ჩასვეს პოლიციის მანქანაში და დააკავეს…ასევე, საბა ამბობს, რომ მანქანაში ყოფნის დროს პოლიციელების მხრიდან იყო ჰომოფონიური სიტყვები გამოყენებული, რადგან საყურე ეკეთა. ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ პოლიციელები ადამიანების მიმართ ასეთი სიტყვების გამოყენებას ცდილობენ“. 

როგორც ყველაშვილმა აღნიშნა, ადმინისტრაციული პატიმრობის კიდევ 24 საათით გახანგრძლივება დაუსაბუთებელია. ასევე, უცნობია როდის ჩაინიშნება სორდიას სასამართლო პროცესი.

„შსს ვადას აგრძელებს ხოლმე იმ საფუძვლით, რომ საქმეთან დაკავშირებით დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებაა საჭირო, თუმცა ეს ძირითად შემთხვევაში ფორმალური საფუძველია და დამატებით პირისთვის ფორმალურად ითვალისწინებს 24 საათით პატიმრობის ვადის გაგრძელებას.

სამწუხაროდ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეში პირებს არც ადვოკატთან წვდომის შესაძლებლობა აქვთ ხოლმე და მათ შორის სასამართლოში, როცა პროცესი ინიშნება, ჩვენთვის მაშინაც უცნობია ხოლმე, რომელ საათზე და რომელი მოსამართლე განიხილავს პირის საკითხს. ჩვენ ჩვენი ძალებით, მათ შორის იზოლატროში დარეკვით, სასამართლოს ცხელ ხაზზე დარკვით, ვცდილობთ დავადგინოთ, ხომ არ ჩაინიშნა შემთხვევით პროცესი, ხომ არ გადაჰყავთ პირი სასამართლოში, რომ ჩვენ დაცვის უფლება განვახორციელოთ, რაც გარკვეულწილად, ამ უფლების შემზღუდავია როგორც ადვოკატისთვის, ასევე დაცვის ქვეშ მყოფი პირისთვის“.

„ინდიგოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ნატა ძველიშვილის თქმით, საბა სორდიას დაკავებისა და იზოლატორში გადაყვანის შესახებ შსს-ს მათთვის არაფერი უცნობებია. ჟურნალისტის დაკავების შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სორდიას მეგობრებმა მისი მიტოვებული სკუტერი იპოვეს და დაკავებულის ძებნა დაიწყეს. 

„მე დამირეკეს და მე პრესსამსახურს დავურეკე და ასე გავიგე, რომ თურმე ადამიანი დაკავებულია. ეს არის ადამიანის მოტაცება. არავის არაფერს რომ არ აცნობებ და არც ადვოკატის მიყვანის შესაძლებლობას აძლევ, ეს რომ ნორმალური ამბავი გახდა, წარმოუდგენელია. არ მიკვირს, რომ საბას ასე მოექცნენ, რადგან ყველას ასე ექცევიან“. 

ძველიშვილმა „მდიაჩეკერთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ დღეს საქართველოში ჟურნალისტად მუშაობა საფრთხის შემცველია. ხოლო, სორდიას დაკავება არის კიდევ ერთი მცდელობა იმისა, რომ ადამიანებს ქუჩაში გადაადგილების ეშინოდეთ.

„ცხადია, ის რომ დღეს საქართველოში ჟურნალისტად მუშაობა უსაფრთხო არ არის. თითქმის ყოველდღიურად ჟურნალისტები თავდასხმისა და სხვადასხვა ტიპის ძალადობის მსხვერპლები ხდებიან. ამიტომ გუშინ, საბა როდესაც დააკავეს, პირველი რაზეც ვდარდობდით და პირველი რაც ვიკითხეთ, იყო ის, რომ მასზეც ხომ არ იძალადეს, იმიტომ რომ ეს აბსოლუტურად დასაშვებია დღევანდელ რეალობაში. 

მიუხედავად იმისა, რომ იმ მომენტში საბა ჟურნალისტურ საქმიანობას არ ასრულებდა, მას თან ჰქონდა კამერა. დარწმუნებული ვარ, ეტყოდა კიდევაც, რომ ჟურნალისტია. მიუხედავად ამისა, არა თუ გადაიყვანეს იზოლატროში, არამედ ვადაც გაუხანგრძლივეს და 48 საათი ტოვებენ. 

თვალსაჩინოა, რომ საბა დამნაშავე არაა. იმის მიუხედავად, რომ ის პოლიციას წინააღმდეგობას არ უწევდა, 2 ღამე ამყოფებენ იზოლატორში, რაც თავისთავად ცხადია, რომ არის კიდევ ერთი მცდელობა იმისა, რომ ადამიამენებს ამ ქვეყანაში ეშინოდეთ გადაადგილების“.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებით, ბოლო პერიოდში მოქალაქეების თვითნებური და უსაფუძვლო ჩხრეკა და შემდგომ მათი დაკავება პოლიციის ხელში ადამიანების დაშინებისა და რეპრესიის კიდევ ერთ იარაღად იქცა:

„ბოლო თვეების განმავლობაში სამართალდამცავი უწყებების მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულები, რომლებიც ამ დრომდე გამოუძიებელი რჩება, ძირს უთხრის სამართლებრივი და ადამიანის უფლებების დაფუძნებული სახელმწიფოს პრინციპებს“.

„მედიის ადვოკატირების კოალიციის“ განცხადებით, საბა სორდიას დაკავება მედიის წინააღმდეგ მიმართული სისტემური რეპრესიული პოლიტიკის კიდევ ერთი შემთხვევაა:

„დამოუკიდებელი მედია “ქართული ოცნების” რეჟიმის მთავარი სამიზნეა. საბა სორდიას დაკავება არის კიდევ ერთი შემთხვევა მედიის წინააღმდეგ მიმართული სისტემური რეპრესიული პოლიტიკისა, რომლის მასშტაბი დღითი დღე იზრდება. ჟურნალისტების დაკავება ისეთი მოსახერხებელი საბაბით, როგორიცაა “პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა”,  სამართალდამცავი ორგანოების უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაა. ეს არის გააზრებული ტაქტიკა მედიის თავისუფლებაზე შემაკავებელი ეფექტის შესაქმნელად და სხვა ჟურნალისტების დასაშინებლად.

„ქართული ოცნების” რეჟიმი სხვადასხვა მეთოდით აგრძელებს დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის ჩახშობას, რაც მოიცავს სამართლებრივი დევნის მექანიზმებს, ფიზიკურ ძალადობას, მძიმე ფინანსურ სანქციებს, რეპრესიული საკანონმდებლო ინიციატივების მიღებას და დაუსჯელობის პოლიტიკას ძალადობის შემთხვევაში“.

სორდიას დაკავებას გამოეხმაურა პრესის საერთაშორისო ინსტიტუტიც (IPI), რომელიც ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. 



კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ