„ქართულმა ოცნებამ“ მედიის შემზღუდავი კანონები მიიღო - ComCom-ს მაუწყებლების დასანქცირება 1 ივნისიდან შეეძლება
01.04.2025


„ქართული ოცნების“ პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ის ცვლილებები, რომლებიც მაუწყებლებისთვის „უცხოეთიდან დაფინანსების“ აკრძალვას, თვითრეგულირების მექანიზმის შემცირებასა და კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილების ზრდას ითვალისწინებს.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებებით, კომუნიკაციების კომისიას, საჩივრის მიმართვის საფუძველზე, აქამდე თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა შეეძლება.

ამ ცვლილებებამდე ეს წესები „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ იყო განსაზღვრული. კანონის ძველი რედაქციით კი, მაუწყებლებს დარღვევებზე რეაგირების ვალდებულება თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში ჰქონდათ და სანქცია მათ მხოლოდ იმ შემთხვევაში უწესდებოდათ, თუ განხილვაზე უარს იტყოდნენ.

ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის იმ მუხლებს შეეხო, რომელიც ფაქტის ჯეროვან სიზუსტესა და პასუხის უფლებას; სამართლიანობასა და მიუკერძოებლობას; ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებს; პროგრამულ შეზღუდვებს; საჩივრებსა და წინასაარჩევნო დებატებს არეგულირებს. 

ცვლილებები მაუწყებლების ვებგვერდებსა და სოციალური ქსელების მეშვეობით გავრცელებულ ინფორმაციასაც შეეხება, მათი დასანქცირება კი კომუნიკაციების კომისიას 2025 წლის 1 ივნისიდან შეეძლება. 

კომისიას 1 ივნისიდან შეეძლება მაუწყებლების დაასანქცირება „უცხოური ძალისგან“ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსებისა და სოციალური რეკლამის განთავსების სანაცვლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღებისთვისაც. 

მიღებული ცვლილებებით მაუწყებლებს „უცხოური ძალისგან“ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების (ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის) მიღება აეკრძალათ, დაუშვებელი გახდა სოციალური რეკლამის განთავსების სანაცვლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღებაც. 

აიკრძალა „უცხოური ძალის“ მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა (გარდა კომერციული რეკლამისა და პროდუქტის განთავსებისა) ან/და პროგრამის მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსებაც. 

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ