2019 წლის მიწურულს ჩინეთის პატარა პროვინციაში აღმოჩენილმა ვირუსმა
2020 წელს მსოფლიოს დღის წესრიგი სრულად შეცვალა და ადამიანების
ცხოვრების ჩვეული წესი თავდაყირდა დააყენა. კოვიდ-19-ის პანდემიად
გამოცხადების შემდეგ, მსოფლიო ლიდერებმა ვირუსის გავრცელების
პრევენციის მიზნით არაერთი შეზღუდვა და რეგულაცია აამოქმედეს, რომელთა
დიდი ნაწილი ამ დრომდე ძალაშია და თითოეული მოქალაქის ყოველდღიურ
ყოფაზე აისახება.
ვირუსის ფართომასშტაბიან გავრცელებას მის შესახებ სხვადასხვა
კონსპირაციული თეორიებისა და ყალბი ამბების უზარმაზარი ნაკადი მოჰყვა,
რამაც ინფორმაციის რიგითი მიმღებისთვის რეალობის გამოგონილი
სინამდვილისგან გარჩევა გაართულა. „მედიაჩეკერმა“ 2020 წლის
განმავლობაში, მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის საქართველოში,
კოვიდ-19-ის შესახებ, 9 ყველაზე ფართოდ გავრცელებულ მითს მოუყარა
თავი.
ვირუსის შესახებ დამსახურებულ პირველ ადგილს ადამიანების
დაჩიპვის მითი იკავებს. ვიდეო იმის შესახებ, რომ ჩიპებს
ადამიანებს ვაქცინის გზით ჩაუდგამდნენ, სოციალურ მედიაში ათასობით
მომხმარებელმა გააზიარა. ამ მასალას მოჰყვა მსჯელობა იმის შესახებ,
რომ ვირუსი სწორედაც ამ მიზნით, ხელოვნურად შეიქმნა.
მსგავსი მასალები ვირუსის გავრცელებიდან ერთი წლის შემდეგად ვირუსულად
ვრცელდება. ვიზუალურ მასალად ის ჩიპია გამოყენებული, რომელსაც
ამოცნობის მიზნით ცხოველებს უკეთებენ. ბოლო პერიოდში ჩიპების
კონტექსტში დეზინფორმაცია თავად ტესტებსაც შეეხო, თითქოს მისი
ადამიანის ორგანიზმში მოთავსება, კოვიდ-19-ზე ტესტირების დროს
ხდება;
2020 წელი იმის ძიებასაც მიეძვნა, თუ ვისი დადანაშაულება
შეიძლებოდა კოვიდ-19-ის პანდემიაში. ბრალდებების ეპიცენტრში
კომპანია მაიკროსოფტის დამფუძნებელი ბილ გეითსი მოექცა. მის
შესახებ გავრცელებული კონსპირაციული თეორიის მიხედვით, იგი
კორონავირუსის პანდემიას კოვიდ-19-ის მწარმოებელ ერთ-ერთ ფარმაცევტულ
კომპანიასთან და ვუჰანის ლაბორატორიასთან ერთად 8 წლის განმავლობაში
გეგმავდა. სოციალურ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გეითსს
ადამიანების მასობრივი კონტროლისთვის ერთგვარი სოციალური
საკონცენტრაციო ბანაკების შექმნა სურდა;
2020 წელმა მსოფლიოსთვის სოციალური იზოლაციისა და კარანტინის
პირობებში ჩაიარა, ბევრმა ქვეყანამ საზღვრებიც ჩაკეტა. შესაბამისად,
კარანტინი ყალბი ამბების ჩამონათვალშიც მოექცა და საპატიო მესამე
ადგილიც დაიკავა. მაგალითაც, ამ კონტექსტში გავრცელდა
ინფორმაცია, რომ კარანტინის გახანგრძლივება 2025 წლის მარტამდე
იგეგმებოდა. ასევე, ვრცელდებოდა ცნობები, რომ ვირუსის
დაძლევა კარანტინისა და სოციალური დისტანციის გარეშეც იყო შესაძლებელი
და ამის მაგალითად ბელარუსი მოჰყავდათ, რომლის ლიდერიც ვირუსს
არასერიოზულად აღიქვამდა და მისი პრევენციისთვის განსაკუთრებული
ზომები არც მიუღია;
კოვიდ-19-ის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციის ჩამონათვალში
პირბადის შესახებ ყალბი ამბებიც მოხვდა. ამ
უკანასკნელის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დეზინფორმაცია ის
იყო, რომ ის ადამიანებს ვირუსისგან არ იცავდა და პირიქით, თითქოს
ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების უმეტესობა სწორედ ისეთები
იყვნენ, რომლებიც პირბადეს ატარებდნენ. ამასთან, ამტკიცებდნენ, რომ
პირბადე არაერთი ინფექციის გადამტანიც იყო;
დეზინფორმაციამ გვერდი ვერც, 5G ტექნოლოგიებს
აუარა. გასულ წელს დღის განმავლობაში არაერთი ყალბი ამბავი
ვრცელდებოდა, რომ თითქოს 5G ტექნოლოგიებს, დასხივების გზითს მწერების,
ხეებისა და ადამიანების განადგურებაც კი შეეძლო. შედეგად, ახალი
ტექნოლოგიების წინააღმდეგ მსოფლიო მასტაბით არაერთი საპროტესტო აქცია
მოეწყო. ბევრგან მოქალაქეებმა შესაბამისი ინფრასტრუქტურის დაწვაც
სცადეს;
დეზინფორმაციია ჩამონათვალში კოვიდ-19-ის დამდგენი PCR
ტესტებიც მოხვდა. მას როგორც გლობალურ ტრიუკად
მოიხსენიებდნენ, რომლის საშუალებითაც მოქალაქეებისგან მათ სამართავად
დნმ-ის ნიმუშს იღებდნენ. ამასთან, PCR ტესტის შესახებ ერთ-ერთი
ყველაზე გავრცელებული ცრუ ამბავი ის იყო, რომ თითქოს ანტიკურ ეპოქაში
ტესტის აღების მეთოდიკა მონების დასჯის მიზნით გამოიყენებოდა;
კოვიდ-19-ის შესახებ გავრცელებულ მითებში მოხვდა ხალხური
მედიცინაც. სოციალურ მედიაში ვირუსული ვიდეობის სახით
არაერთი ჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც ვირუსის მკურნალობის ტრადიციული
მეთოდები იყო უარყოფილი და მხსნელად ხალხური მედიცინია იყო
შეთავაზებული. მაგალითად, კოვიდ-19-ისგან განკურნების ყველაზე
ეფექტიან საშუალებად მოქალაქეებს სოდას სთავაზობდნენ. რეკომენდაციას
მისი ინჰალაციის მიზნით გამოყენეას უწევდნენ ან სოდის ცხელ წყალში
გაზავებასა და ლიმონთან ერთად დალევას ურჩევდნენ. ცხადია, აღნიშნულ
საოჯახო რეცეპტს მეცნიერული დადასტურება არ ჰქონია;
ვარსკვლავური არა, თუმცა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ
ბიოლოგიური ომის გამოცხადება კოვიდ-19-ის შესახებ
გავრცელებული მითების ჩამონათვალის საპატიო ადგილზე მოხვდა. ვირუსს
ბიოლოგიურ იარაღად წარმოაჩენდნენ, რომლის საშუალებითაც ქვეყნის
ლიდერები არსებული წესრიგის შესაცვლელად იყენბდნენ;
კოვიდ-19-ის შესახებ გავრცელებული ყალბი ამბებიდან ასევე ყველაზე
თვალსაჩინო მისი, როგორც სრულიად უსაფრთხო ვირუსად წარმოჩენის
მცდელობა იყო. ვრცელდებოდა ამბები, რომ ახალი კორონავირუსი
მომაკვდინებელი სულაც არ არის და რომ ისი რიგითი სეზონური გრიპის
ტოლფასი იყო. მეტიც, ამტკიცებდნენ, რომ გარდაცვლილთა სხეულებში
ვირუსის კვალი ვერ აღმოაჩინეს. ამასთან, მიუთითებდნენ, რომ ვირუსით
არავინ არასდროს მომკვდარა და, შესაბამისად, არც ვაქცინის საჭიროებაა,
რადგანაც ვირუსი თავისით გაქრება.
ონლაინგამოცემა hotnews-ის მიერ 15 ივნისსს გავრცელებული ინფორმაცია,
თითქოს „პანდემია არ არსებობს“, რაც ვითომ, ჯანდაცვის მსოფლიო
ორგანიზაციის ეპიდემიოლოგის „სკანდალურმა აღსარებამ“ ცხაყო - ყალბია
და ის სიმართლეს არ შეესაბამება.
ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ ვითომდა ჯანმო-ს კოვიდ-19-თან ბრძოლის
ჯგუფის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ინფექციური დაავადებების
ეპიდემიოლოგმა მარია ვან კერხოვმა „სენსაციური“ გაცხადება გააკეთა,
რომლის თანახმადაც „კარანტინისა და კომენდანტის საჭიროება არ არსებობს
და ყველაფერი ეს ხელისუფლების მოთხოვნას წარმაოდგენდა
ჩანასახშივე“.
„პანდემია არ არის. ეპიდემია არ არსებობს. არავითარი ვაქცინა არ არის
საჭირო. ჯანმრთელ ადამიანს არ სჭირდება ხელთათმანები, პირბადე და სხვა
დამცავი საშუალებები. არ იყო აგრეთვე არც კარანტინის და კომენდანტის
საათის საჭიროება და არც ე.წ კონტაქტების გამოკვლევა, ვირუსი
ზედაპირზე ვერ ცოცხლობს - ამგვარი იზოლაცია მხოლოდ მთავრობების
მოთხოვნა იყო. ნებისმიერ ორგანიზაციას, ფიტნეს-კლუბს, თეატრებსა და
რესტორნებს/კაფე-ბარებს საშუალება აქვთ, იმუშაონ სრული დატვირთვით“, -
ციტირებს გამოცემა ვითომდა მარია ვან კერხოვის სიტყვებს.
გამოცემა აგრეთვე ამბობს, რომ ეპიდემიოლოგის მთავარი რეკომენდაცია
სიცხის გაზომვაა და თითქოს, მისივე თქმით, „სხვა სახის ვირუსებით
საგრძნობლად მეტი ადამიანი კვდება ყოველწლიურად ვიდრე
კორონავირუსით“.
ინფორმაციის ნამდვილობის დასტურად მასალას ჯანდაცვის მსოფლიო
ორგანიზაციის ვიდეო ახლავს, რომელშიც მარია ვან კერხოვი კოვიდ-19-ის
შესახებ ნამდვილად საუბრობს, თუმცა იგი მასალაში მოტანილი ინფორმაციის
აბსოლუტურად საპირისპიროს ამბობს. თანდართულ ვიდეოში, კერხოვი
კოვიდ-19-ის მქონე ასიმპტომურ პაციენტებსა და მათ მიერ ვირუსის
გავრცელებისა და სხვა ადამიანისთვის მისი გადადების შესაძლებლობაზე
მსჯელობს.
ვიდემასალას ზედა მარცხენა კუთხეში აღწერილობაც აღლავს, სადაც შემდეგს
ვკითხულობთ: „ჯანმო-ს განცხადებით, კოვიდ-19-ის მქონე ასიმპტომური
პაციენტებისგან ვირუსის გადადება იშვიათია“.
ვიძიებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ გამოვლინდა ასიმპტომური
შემთხვევები? მათი უმეტესობა ინფიცირებული პაციენტების კონტაქტებიდან
გამოვლინდა. იგი სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკისა დაგამოცდილების
გათვალისწინებით, დასძენს, რომ კვლევებისა და დაკვირვების მიხედვით,
აღმოჩნდა, რომ ასიმპტომური პაციენტიდან კოვიდ-19-ის გავრცელების
შემთხვევები „იშვიათია“.
„ფოკუსირება სიმპტომების მქონე პაციენტებზე უნდა მოხდეს. თუკი ასე
მოვიქცევით, ასევე გამოვიკლევთ მათ კონტაქებს და მათ იზოლაციას
მოვახდენთ, ვირუსის გადაცემის რისკები მნიშვნელოვნად შემცირდება.
არსებული მონაცემების მიხედვით, ასიმპტომური პაციენტებიდან ინფექციის
გადაცემის შემთხვევები იშვიათია“, - ამბობს იგი.
ვიდეოდან, რომელიც მასალას ახლავს, ნათლად ჩანს, რომ მარია ვან
კერხოვი არც ეპიდემიის არარსებობაზე საუბრობს და პირიქით, ინფექციის
გავრცელების რისკების შესამცირებლად, იგი ინფიცირებული პაციენტების
კონტაქტების გამოკვლევისა და მათი იზოლაციის მნიშვნელობაზე მიუთითებს.
ალტერნატივის სახით, სხვა წყარო, რომელიც მასალაში ავტორის მსჯელობის
ნამდვილობას დაადასტურებდა, მასალაში არ იძებნება.
ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ აღნიშნულის შესახებ, არც რომელიმე
სოლიდურ გამოცემას დაუწერია და დამატებითი კომენტარები არც ჯანდაცვის
მსოფლიო ორგანიზაციაში გაკეთებულა, რაც მოწოდებული ინფორმაციის
რეალურობას ცალსახად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
აღსანიშნავია, რომ ონლაინგამოცემის ვეგვერდზე, თავად hotnews-ის
რედაქციის, მფლობელებისა და გამოცემის საქმიანობის მიზნების შესახებ
ინფორმაცია არ იძებნება. ამასთან, მასალაზე მუშაობის მომენტში
გამოცემის (16 ივნისი, 01:40 სთ) ვეგვერდიდან წინამდებარე მასალა
გაქრა და მასალის ლინკზე გადასვლისას მხოლოდ შეცდომა 404 იძებნება.
Hotnews-ზე დაყრდნობით მასალა იდენტური ტექსტით tinp.ge-მ და qartuliazri.reportiori.ge -მ
გადააკოპირა. ორივე მათგანმა ამბის პირველწყაროდ სწორედ hotnews.ge
მიუთითა.
რამდენიმე დღეში, 11 ივნისს, ზუსტად სამი თვე გახდება იმ დღიდან,
როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად
გამოაცხადა. დღეის მდგომარეობით,
მსოფლიოს მასშტაბით, ოფიციალურად ინფიცირების 7 მლნ-მდე შემთხვევაა
აღრიცხული, გარდაცვლილთა რიცხვი კი 400 000-ს აღწევს.
პანდემიის მასშტაბების პარალელურად, არნახული სისწრაფით ვრცელდება
დეზინფორმაცია ვირუსის შესახებ და პანდემიის მართვასთან ერთად,
გამოწვევად იქცა ე.წ. ინფოდემიის მართვაც.
ბოლო 6 თვეში, ვირუსის პირველი შემთხვევების დაფიქსირებიდან დღემდე,
ინტერნეტსივრცეში არაერთი კონსპირაციული თეორია გავრცელდა ვირუსის
წარმოშობის შესახებ და ამ თეორიებმა ბანანებიდან „მსოფლიოს
მოსახლეობის დაჩიპვამდე“ მიაღწია. სოციალური ქსელის სხვადასხვა
ჯგუფებში ასობით მომხმარებელი დღემდე თავგამოდებით ამტკიცებს, რომ
კორონავირუსი ხელოვნურად გამოგონილი იარაღია ადამიანებზე კონტროლის
დასამყარებლად, ან/კიდევ ვირუსი მაღალსიჩქარიანი უკაბელო ინტერნეტის 5
G-ს ანტენებიდან ვრცელდება. ეს ჯგუფები ხალხს მასობრივი პროტესტის
ორგანიზებისკენ მოუწოდებენ.
ინფოდემია -
მოზღვავებული ინფორმაცია, დიდი მოცულობის საინფორმაციის ტალღა,
რომელსაც ხშირად თან ახლავს დამახინჯებული და მცდარი ცნობები
გაჩენილი/შექმნილი კორონავირუსის პანდემიის ფონზე.
„მედიაჩექერმა“ კორონავირუსის შესახებ ყველაზე ფართოდ გავრცელებულ
კონსპირაციებს მოუყარა თავი.
❌ კონსპირაციული თეორია
#1- კორონავირუსი ბიოლოგიური
იარაღია
✅ფაქტი - ეს
ასე არ არის, გენეტიკური
გამოკვლევებით დასტურდება, რომ ვირუსი თავდაპირველად ცხოველებში
გაჩნდა
კონსპირაციული თეორია, რომ ახალი კორონავირუსი ბიოლოგიური იარაღია და
ის ხელოვნურად შეიქმნა, ერთ-ერთი პირველი იყო ვირუსის შესახებ
გავრცელებულ მითებს შორის. ეს თეორია Covid-19-ის გაჩენიდან მალევე
გაჩნდა, ვირუსულად გავრცელდა და პერიოდულად დღესაც აქტიურდება.
ეს თეორია, დასაწყისიდანვე, ორი
მიმართულებით ვრცელდებოდა. კონსპიროლოგების ერთი ნაწილი ამტკიცებდა,
რომ ახალი კორონავირუსი ვუჰანის ლაბორატორიაში შეიქმნა, მეორე ნაწილი
კი ირწმუნებოდა, რომ Covid-19 „ამერიკულ ლაბორატორიებშია“ შექმნილი.
ამ ნარატივში არაერთხელ მოხვდა საქართველოში მოქმედი რიჩარდ ლუგარის
სახელობის ლაბორატორიაც.
საინტერესოა, რომ გარდა რუსული პროპაგანდისტული მანქანისა, რომელიც
ძალიან წარმატებით იყენებს კორონავირუსის პანდემიას დეზინფორმაციის
კამპანიისთვის, ამ თეორიის გამავრცელებლებს შორის ხშირად იყვნენ
პოლიტიკოსებიც. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკელი
სენატორი, ტომ კოტონი, რომელმაც არ გამორიცხა, რომ ვირუსის
წარმოშობა შეიძლება დაკავშირებული იყოს ვუჰანის ლაბორატორიასთან. ამის
საპირისპიროდ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის
დეპარტამენტის სპიკერმა ლიიან ჟაომ თქვა, რომ COVID-19-ის
გამავრცელებელი შესაძლოა იყოს ამერიკული არმია, რომელმაც "ვირუსი
უჰანში მიიტანა".
თუ საქართველოს დავუბრუნდებით, ამ თეორიის გამავრცელებელი,
დასაწყისიდან დღემდე, კრემლისტური გამოცემები არიან, ისეთები,
მაგალითად, როგორიცაა „ნიუს ფრონტი“ , „საქართველო და მსოფლიო“,
„სპუტნიკი“. ამგვარ თეორიებს აქტიურად ავრცელებდა გადაცემებსა და
სიუჟეტებში ტელეკომპანია „ობიექტივიც“.
რა იმალება ამგვარი ნარატივის უკან, ადვილი ამოსაცნობია -
ანტიდასავლური გზავნილების გავრცელებას კრემლისტური მედია მხოლოდ ამ
ტიპის მასალებით არ ცდილობს.
სინამდვილეში,
სრული პასუხი კითხვაზე - რამ გამოიწვია კორონავირუსი, მეცნიერებს ჯერ
ისევ არ აქვთ. თუმცა, გენეტიკური გამოკვლევებით დასტურდება, რომ
ვირუსი თავდაპირველად ცხოველებში გაჩნდა. აშშ-ის ალერგიისა და
ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი
უარყოფს მოსაზრებას, რომ კორონავირუსი ხელოვნურად არის შექმნილი ან
ჩინეთის ლაბორატორიიდან შემთხვევით გავრცელდა: „თუ შეხედავთ ვირუსის
ევოლუციას ღამურებში, კვლევა ძლიერად იხრება იმისკენ, რომ ამ ვირუსით
ხელოვნურად ან მიზანმიმართულად მანიპულირება შეუძლებელი იყო, რადგან
მუტაციები ვითარდებოდა ბუნებრივი გზით. ბევრი ძალიან კვალიფიციური
ბიოლოგი-ევოლუციონისტი აცხადებს, რომ ყველაფერი, რაც ეტაპობრივ
ევოლუციას ეხება, მტკიცედ მიუთითებს, რომ ის განვითარდა ბუნებაში“, –
განაცხადა ფაუჩიმ „ნეიშენალ ჯეოგრაფიკთან“.
❌კონსპირაციული
თეორია #2 - კორონავირუსის გავრცელებას 5 G ტექნოლოგია
იწვევს
✅ფაქტი
- ეს ასე არ არის, არ
არსებობს არცერთი კვლევა, რომელიც ამბობს, რომ 5G ტექნოლოგია შესაძლოა
საფრთხის შემცველი იყოს ადამიანებისთვის
მითი, რომ კორონავირუსის
გავრცელება მაღალსიჩქარიანი უკაბელო ინტერნეტის ანძებს უკავშირდება,
ახლა ყველაზე სწრაფად და ფართოდ გავრცელებადი თეორიაა. ამ თეორიის
გამავრცელებლებს შორის არიან როგორც სხვადასხვა არასანდო გამოცემები,
ასევე ცნობილი პირები. მკვლევრები ამ კონსპირაციის გავრცელებაში
კოორდინირებული დეზინფორმაციის ნიშნებსაც ხედავენ. 5G-ის
მოწინააღმდეგეთა მთავარი არგუმენტი არის ის, რომ „მაღალი გამოსხივება,
რომელიც ამ ანტენებს აქვთ, ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს იწვევს.
მაგალითად, ანგრევს ადამიანის იმუნურ სისტემას“. სოციალურ ქსელში,
მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მოწინააღმდეგეთა უკვე მარავლაათასიანი
არაერთი ჯგუფი იძებნება და ამ ჯგუფებში უამრავი დეზინფორმაცია
ვრცელდება.
ეთო ბუზიაშვილი, „ატლანტიკური საბჭოს“ „ციფრული გამოძიების კვლევის
ლაბორატორიიდან“ „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ
თეორიას 5G ტექნოლოგიის მიერ ვირუსის გამოწვევის შესახებ „ფეისბუქზე“
ათასობით ადამიანი განიხილავდა: „ასეთი დეზინფორმაციის გამო ხალხმა
ბრიტანეთსა და ნიდერლანდებში ანძები დაწვა. ეს ჯგუფები საქართველოშიც
მოუწოდებენ ხალხს მასობრივი პროტესტის ორგანიზებისეკენ. ესაა ნათელი
მაგალითი იმისა, როგორ გადაიზრდება-ხოლმე ონლაინ, ციფრული
დეზინფორმაცია რეალურ ზიანად. შეიძლება საქართველო იყოს კიდეც
შემდეგი“.
„თეორია, რომ 5G ტექნოლოგია იწვევს სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის
გართულებებს ჯერ კიდევ 2016 წლიდან ცირკულირებს საინფორმაციო
სივრცეში. თავდაპირველად ამგვარი მოსაზრებები გაჩნდა ფორუმებსა და
YouTube-ზე, თუმცა მალევე აიტაცეს ისეთმა წყაროებმა, როგორებიცაა
Infowars, ამერიკული რადიკალური მემარჯვენე ვებგვერდი,
რომელიც აქტიურად ავრცელებს კონსპირაციის თეორიებსა და ყალბ ნიუსებს,
და RT, რუსეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული
საერთაშორისო სატელევიზიო ქსელი. RT აქტიურად ავრცელებდა ინფორმაციას,
რომ 5G შეიძლება გლობალურ კატასტროფად იქცეს, რადგან იწვევს სიმსივნეს
ადამიანებსა და ცხოველებში“, - ვკითხულობთ მცირე კვლევაში, რომელიც 27
მაისს, ინფორმაციის განვითარების ინსტიტუტმა გამოაქვეყნა.
IDFI წერს, რომ მსგავს შეთქმულების თეორიას შემდეგი ქართული წყაროები
ავრცელებენ: iTv.ge, geomediatv.ge, wnews.ge, pirveli.site,
Facebook-გვერდი „დედაქალაქი“. თუმცა, ყველაზე საშიში და საყურადღებო
Facebook-ზე შექმნილი ჯგუფია - STOP 5G GEORGIA, რომელიც უკვე 22
500-მდე მომხმარებელს აერთიანებს. არსებობს მეორე ამგვარი ჯგუფიც -
„შევაჩეროთ 5G საქართველოში“, 7300-ზე
მეტი წევრით.
„გარდა სხვადასხვა სახის არაავთენტური მასალისა და კონსპირაციის
თეორიებისა, ჯგუფებში აქტიურად ზიარდება ინფორმაცია იმგვარი
წყაროებიდან, რომლებიც რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ადრეც
ყოფილან შემჩნეული. ასეთებია, მაგალითად, tvalsazrisi.ge,
geoworld.ge, რომლებიც განსაკუთრებული სიხშირით აშუქებენ რუსეთის
ფედერაციასთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას , Sputnik და თავად RT“, -
ვკითხულობთ IDFI-ს სტატიაში.
სინამდვილეში,
5G არის მაღალსიჩქარიანი უსადენო კავშირი. როგორც BBC წერს, მართალია,
5G წინამორბედებისგან განსხვავებულ რადიო სიხშირეებს იყენებს, მაგრამ
გამოყენებული რადიოტალღები არაა იონიზებადი, შესაბამისად, ის
ადამიანის უჯრედებს ვერ დააზიანებს. ამ დრომდე არ არსებობს არცერთი
კვლევა, რომელიც ამბობს, რომ 5G ტექნოლოგია შესაძლოა საფრთხის
შემცველი იყოს ადამიანებისთვის.
❌კონსპირაციული
თეორია #3 - ბილ გეიტსმა კორონავირუსის შესახებ წინასწარ იცოდა
და მას ხალხის „დაჩიპვა“ სურს
✅ფაქტი
- ეს ასე არ არის, სინამდვილეში ამერიკელი ბიზნესმენი და ფილანთროპი
მილიონებს ხარჯავს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში
მესამე შეთქმულების თეორია,
რომელიც ვირუსის დაწყებიდან დღემდე არანაკლები ინტენსივობით
ვრცელდება, ვიდრე პირველი ორი, კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელს,
ამერიკელ ბიზნესმენ ბილ გეიტსს ეხება. მისი დაკავშირება ვირუსთან
იანვრიდანვე დაიწყო. The New York Times-ი აპრილში წერდა, რომ ახლა აშშ-ში
კორონავირუსის შესახებ გვრცელებულ ცრუ ინფორმაციებს შორის, ყველაზე
ფართოდ გავრცელებული ბილ გეიტსთან დაკავშრებული დეზინფორმაციებია.
64 წლის ფილანტროპს, ფეისბუკში, ტვიტერსა და იუთუბზე ხშირად
მოიხსენიებენ როგორც „სპეკულიანტს, რომელსაც მოსახლოების დაჩიპვა და
ამ გზით მათზე კონტროლის დამყარება სურს“.
ამ თეორიის მიმდევრები ირწმუნებიან, რომ ბილ გეიტსმა პანდემიის
შესახებ წინასწარ იცოდა და ამ მოსაზრების გასამყარებლად 2015 წელს,
ბიზნესმენის TED-ზე გამოსვლას იმოწმებენ. ამ ვიდეოს 65 მლნ-ზე მეტი
ნახვა აქვს.
ამ
გამოსვლაში გეიტსი ებოლას ეპიდემიის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ
არ არის გამორიცხული რომელიმე უფრო გადამდებმა დაავადებამ მსოფლიო
პანდემია გამოიწვიოს. იგი ხაზს უსვამს, ერთი მხრივ მსოფლიოს
მოუმზადებლობას რომელიმე ასეთი ვირუსისადმი, და მეორე მხრივ ვერსიას,
რომ შესაძლოა ვირუსი დასაწყისში უსიმპტომო მიმდინარეობის იყოს. ბილ
გეიტსზე შექმნილი კონსპირაციების ავტორები ირწმუნებიან, რომ
კორონავირუსის პანდემია „საუკეთესო საბაბია იმისათვის, რომ ხალხს ბილ
გეიტსის მიერ შექმნილი მიკროჩიპები ჩაუყენონ. ამ გზით კი ადამიანების
გაკონტროლებას შეძლებენ“.
ქართული გამოცემებიდან ამ ვერსიას აქტიურად ავრცელებენ ისეთი
გამოცემები, როგორიცაა „თვალსაზრისი“,„ალია“, „რეზონანსი“, „ჰოთ ნიუსი“. ეს გამოცემები
მეტწილად ასტროლოგ მიხეილ ცაგარელს ეყრდნობიან.
სინამდვილეში,
ბილ გეიტსი უზარმაზარ ფულად რესურსს ხარჯავს პანდემიასთან ბრძოლაში.
BBC-ის ინფორმაციით, მისმა
საქველმოქმედო ფონდმა, ახალი ვაქცინის შემუშავებისა და პრევენციული
ზომების მიღებისთვის 300 მილიონი დოლარი გამოყო.
„ასეთ დროს, როდესაც მსოფლიო ჯანდაცვისა და ეკონომიკის უპრეცენდენტო
კრიზისის წინაშეა, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ არიან ადამიანები,
რომლებიც დეზინფორმაციას ავრცელებენ. მაშინ, როდესაც ჩვენ უნდა
ვეძებდეთ თანამშრომლობის გზებს სიცოცხლის გადასარჩენად. ახლა ყველაზე
მნისვნელოვანი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ შევაჩეროთ Covid-19-ის
გავრცელება, ფაქტების გავრცელებაა“, - განაცხადა ბილ გეიტსმა BBC-სთან ინტერვიუში, მასზე
გავრცელებული დეზინფორმაციების პასუხად.
სტატია
მოამზადა "მედიაჩეკერმა" აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის
(EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭერით ამერიკის შეერთებული შტატების
საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის
შინაარსზე პასუხისმგებელია "მედიაჩეკერი". ის შესაძლოა არ
გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და
EWMI-ს შეხედულებებს.
ახალი კორონავირუსის მსოფლიო მასშტაბით გავრცელების პარალელურად,
COVID-19-ის შესახებ არაერთი კონსპირაციული თეორია გაჟღერდა
გთავაზობთ 5 ყველაზე გავრცელებულ კონსპირაციას
ამავე თემაზე იხილეთ: ყველაზე გავრცელებული კონსპირაციული თეორიები
კორონავირუსის შესახებ
ვიდეო
მოამზადა "მედიაჩეკერმა" აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის
(EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭერით ამერიკის შეერთებული შტატების
საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის
შინაარსზე პასუხისმგებელია "მედიაჩეკერი". ის შესაძლოა არ
გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და
EWMI-ს შეხედულებებს.
“მეცნიერების საგანგაშო დასკვნა - კორონავირუსი მელოტებში ყველაზე
მძიმე ფორმებით მიმდინარეობს”, - ამ და მსგავსი სათაურით, 5 ივნისს,
რამდენიმე ონლაინ გამოცემამ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ნათქვამია,
რომ “ეპიდემიოლოგების სენსაციური დასკვნით, მელოტი ადამიანები
Covid-19-ისგან გარდაცვალების ყველაზე დიდი რისკის ქვეშ იმყოფებიან”.
გამოცემები ამ ინფორმაციას აქვეყნებენ ერთ-ერთ პროფესორზე დაყრდნობით
და მტკიცებით ფორმაში, თუმცა არ უთითებენ, რომ ეს დასკვნა მხოლოდ
მცირერიცხოვან პაციენტებზე დაკვირვებას ემყარება.
გამოცემები წერენ, რომ ამ აღმოჩენის ერთ-ერთი მთავარი ავტორია
პროფესორი ვინმე კარლო უემბიერი, რომელმაც “ტელეგრაფთან” ინტერვიუში
განაცხადა, რომ სიმელოტე ინფიცირებულ პაციენტებს შორის ხშირ
შემთხვევაში დაავადების რთული ფორმების გამომწვევია. ამას იგი იმით
ხსნის, რომ “უთმო მამაკაცებს ორგანიზმში ისეთ ჰორმონები უვითარდებათ,
რომლის შემდეგაც ვირუსული ნაწილაკებისთვის უფრო მარტივდება ორგანიზმის
დასნებოვნება”.
მსგავსი შინაარსის ინფორმაცია
იძებნება ონლაინ გამოცემებზე: რეზონანსზე,ნიუპოსტსზე და ნიუსრეპორტზე. ამ უკანასკნელის
მასალა კი სოციალური ქსელის გვერდზე გაზიარებული აქვს ტელეკომპანია
კავკასიასაც. ტექსტები ყველგან
იდენტურია.
“ერთ-ერთი კვლევის თანახმად დადასტურდა, რომ ესპანეთში 122 კოვიდ
ინფიცირებული პაციენტიდან 79% მელოტი იყო. მეორე კვლევაში კი მადრიდში
ერთ-ერთი საავადმყოფოში მყოფი 41 დაავადებული პაციენტიდან 71% მელოტი
იყო”, - ვკითხულობთ ამ სტატიებში.
გამოქვეყნებული სტატიების მიხედვით, არცერთ შემთხვევაში არ ჩანს
მცდელობა დამატებითი ინფორმაციის ან წყაროს მოძიების, რაც ავტორს ამ
მსჯელობის ასეთ, მტკიცებით ფორმაში განვითარების სრულ შესაძლებლობას
მისცემდა.
მსგავსი შინაარსის ინფორმაცია The Telegraph-ზე ნამდვილად იძებნება.
ავტორი წერს, რომ მელოტი მამაკაცები შესაძლოა იყვნენ მაღალი რისკის
ქვეშ, რომ მათ უფრო მწვავე სიმპტომები ექნებათ კორონავირუსის.
სტატიაში ასევე ნამდვილად არის საუბარია ჰორმონ ანდროგენზე, რაც
ორგანიზმს შესაძლოა ხდიდეს მოწყვლადს კორონავირუსის მიმართ, თუმცა
მნიშვნელოვანია, რომ ამ სტატიას არ აქვს იმგვარი მტკიცებითი ტონი,
როგორც ეს ზემოთდასახელებულმა ქართულმა გამოცემებმა გამოიყენეს და
ტექსტი გაჯერებულია სიტყვებით: “შესაძლებელია”, “ვარაუდოებენ” და
ა.შ.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც
Covid-19-ით დაინფიცირებას, სიმპტომების სიმწვავეს ან გარდაცვალების
რისკს სხვადასხვა ფაქტორს უკავშირებენ - მაგალითად, სქესს, ფიზიკურ
მახასიათებელს, კანის ფერს, გენს, ასევე ქცევასაც, მაგალითად,
ნიკოტინის მოხმარება და ა.შ.
ინტერნეტ სივრცეში არაერთი მასალა იძებნება სათაურით - ”რატომ კლავს
კორონავირუსი უფრო მეტ კაცს, ვიდრე ქალს”, ბევრგან ყურადღება კანის
ფერზეა გამახვილებული - “შავკანიან ბრიტანელებში კორონავირუსით
გარდაცვალება 4-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე თეთრკანიანებში”. ვრცელდებოდა
ვარაუდიც, რომ ორგანიზმში D ვიტამინის ნაკლებობა სიკვდილიანობის მაღალ
მაჩვენებელს იწვევს. ერთ-ერთი, ყველაზე ვირუსულად გავრცელებული ყალბი
ამბავი კი შეეხებოდა კვლევას, თითქოსდა, “ნიკოტინი კორონავირუსს
ბლოკავს”, რაც სინამდვილეში ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.
“კაქტუს-მედიის” დამფუძნებელი ჟურნალისტი ცირა
გვასალია,რომელიც საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის
საკითხებს აქტიურად აშუქებს, ამბობს, რომ ინფორმაციის
გამოქვეყნებისას, მითუმეტეს, როდესაც ეს სამედიცინო თემას ეხება,
ძალიან მნიშვნელოვანია ამბავმა გაიაროს ე.წ. რეცენზიები, რაც
გულისხმობს, რომ კვლევას სანდოობის უფრო მაღალი ხარისხი ჰქონდეს.
“ძალიან ბევრი კვლევა ძალიან ბევრი კუთხით შუქდება, ზოგი მაღალი
ხარისხის, ე.წ.”პიარ რევიუ” ჟურნალებში, რაც გულისხმობს იმას, რომ
სტატიები რომლებიც იქ ქვეყნდება, რეცენზიებს გადის და რა თქმა უნდა,
ის მაღალი სანდოობის არის. თუმცა არსებობსსხვა ჟურნალები და ონლაინ
პლატფორმები, რომლებიც აქვეყნებს ისეთ ვერსიებს, რომელთაც რეცენზია
გავლილი არ აქვთ და ნაკლები სანდოობისაა”, - ამბობს იგი და ამატებს,
რომ ასეთ კვლევებში ზოგჯერ მონაწილეობს მხოლოდ 10, 20 , 30, ან თუნდაც
100-მდე ადამიანიც, მაგრამ ათასზე ნაკლები. ამ კვლევებს კი ახლავს
შეზღუდვები და სწორედ ეს შეზღუდვებია ძალიან საინტერესო, - “როდესაც
ესა თუ ის მონაცემი ქვეყნდება შეზღუდვებით, მაგალითად, არ ყავს
საკონტროლო ჯგუფი, ასეთი კვლევის განზოგადება არ შეიძლება”.
საკონტროლო ჯგუფი კი, მისი განმარტებით, იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ
როდესაც კვლევის დიზაინი დგება, კარგ შემთხვევაში, იქმნება ორი ჯგუფი:
თვით გამოსაცდელი მედიკამენტის და საკონტროლო ჯგუფი. მედიკამენტის
ჯგუფი იღებს იმ მედიკამენტს ან მედიკამენტების კომბინაციას, რაც
გამოიცდება, ხოლო საკონტროლო ჯგუფი იღებს პლაცებოს, რაც არ არის
მედიკამენტი. საბოლოოდ, კვლევის შედეგების შეჯამების დროს, ორი ჯგუფის
შედეგები დარდება ერთმანეთს და განსხვავებაში გამოიხატება
მედიკამენტის უსაფრთხოება და ეფექტურობა.
ცირა გვასალიას, რომელიც აქტიურად წერს კორონავირუსის შესახებაც, იმის
საილუსტრაციოდ, რომ მედიამ დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს სამედიცინო
მასალების გავრცელებისას, ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნებული კვლევის
მაგალითი მოჰყავს.
ცირა გვიყვება, რომ სამედიცინო და სამეცნირო ჟურნალმა Lancet-მა
მაისში გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც ამბობდა, რომ პრეპარატი
პლაქვენილი ახალი კორონავირუსის სამკურნალოდ არაეფექტურია, რის გამოც
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ის დროებით თავისი გლობალური
კვლევიდან ამოიღო. მათ შორის, როგორც სამკურნალო საშუალება,
გამოყენებიდან ამოიღო საქართველომაც. ამის შემდეგ კი დაახლოებით
ასამდე მეცნიერმა დაწერა სტატია, საჩივრის წერილის ფორმით ჟურნალ
Lancet-ის მისამართით, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მათ მიერ
გამოქვეყნებულ კვლევას პრეპარატ პლაქველინზე არ ჰქონდა საკმარისი
მონაცემები და ეჭვი შეიტანეს გამოქვეყნებული მონაცემების
სიზუსტეში.
“მათი განმარტებით, აუცილებელი იყო, რომ გამოექვეყნებინათ მონაცემები
იმის შესახებ სად და რომელ კლინიკებში ჩატარდა ეს კვლევები, როგორ და
რა პირობებში, ვინაიდან ამ მონაცემების გარეშე კვლევა არ არის
ვალიდური. 5 ივნისს, ჟურნალმა ეს სტატია გავრცელებიდან ამოიღო და
გამოქვეყნებული მასალის გამო ბოდიში მოიხადა”, - ამბობს იგი.
მისივე განმარტებით, გამოცემის რედაქტორმა, რიჩარდ ჰორტონმა
გარდიანთან საუბრისას განმარტა, რომ “ეს არის კვლევის წესების
გადაცდომის შოკისმომგვრელი მაგალითი ჯანდაცვის გლობალური საგანგებო
მდგომარეობის მიმდინარეობისას.” ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი
პრეპარატი პლაქვენილი 3 ივნისს “სოლიდარობის კვლევაში” დააბრუნა.
“ეს შემთხვევა კარგია იმის საილუსტრაციოდ რომ, როდესაც ვკითხულობთ
ნებისმიერ სტატიას, აუცილებლად უნდა ვნახოთ კვლევის დიზაინი,
მონაცემები თუ არის ხელმისაწვდომი და ამის მიხედვით უნდა შევაფასოთ ეს
კვლევა. და უკვე ეთიკის ამბავიცაა, რომ კვლევაშივე იყოს მითითებული
შეზღუდვები, ანუ საკონტროლო ჯგუფი ჰყავდა თუ არა მაგალითად”,- ამბობს
ცირა გვასალია.
მონაცემებისა და ასევე კვლევის მიგნებების გამოყენება არის ერთ-ერთი
იმ მნიშვნელოვან დილემებს შორის, რის წინაშეც მედია დადგა
კორონავირუსის პანდემიის გაშუქებისას.
„როდესაც მონაცემებს ვიყენებთ, ერთი, მნიშვნელოვანია სანდო წყაროს
შერჩევა და მეორე, წყაროს ღიად მითითება, რათა აუდიტორიამ თავად
შეძლოს მისი სანდოობის შეფასება. სანდოობა და მასთან ერთად
გამჭვირვალობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ახლა, ამ ვითარებაში,
როდესაც ინფორმაცია ფრაგმენტულია, არასრული და ხანდახან სანდო
წყაროებიც კი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მათი მონაცემები ამ კონკრეტულ
ეტაპზე შსაძლებელია ვერ წარმოაჩენდნენ ტენდენციებს”, - ვკითხულობთ
რადიო თავისუფლების ქართულენოვანი სამსახურის მმართველი რედაქტორის
ნინო ჯაფიაშვილის კომენტარს გზამკვლევში, რომელიც საქართველოს
ურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ არის მომზადებული.
მაღალკვალიფიციური, სანდო წყაროების შერჩევა, სამეცნიერო
დოკუმენტაციის გაცნობა მიაჩნია სიზუსტის დაცვისთვის მნიშვნელოვნად
ზვიად ქორიძეს, მედიაექსპერტს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის
ქარტიის საბჭოს წევრს.
„როდესაც ვსაუბრობთ ისეთ სერიოზულ თემაზე, როგორიც არის პანდემია,
საჭიროა ძალიან ბევრი წყაროს მოძიება, ბევრი დოკუმენტის გაცნობა დ
გააზრება. გვჭირდება მაღალკვალიფიციური ადამიანების: მეცნიერების,
ექიმების, მკვლევრების პოზიციების მოძიება და, თავისთავად,
მნიშვნელოვანია, რომ როცა ამას ვიძიებთ, ვეძებოთ საკმაოდ
მაღალრეიტინგულ და გავლენიან სამეცნიერო ჟურნალებში”, - ვკითხულობთ
ზვიად ქორიძის რეკომენდაციას ამავე გზამკვლევში.
„შეარჩიეთ ექსპერტები ყურადღებით. მეცნიერების ერთ დარგში ნობელის
პრემიის მიღება არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანი მეცნიერების ყველა
დარგში ერკვევა. არც დოქტორის ხარისხი და პრესტიჟულ სამედიცინო
სკოლაში სწავლება არ აქცევს მას სხვა კონკრეტულ საკითხში კომპეტენტურ
და ავტორიტეტულ მეცნიერად. დაურეკეთ ოთხ ან ხუთ დამოუკიდებელ
მეცნიერს, თუ ისინი ერთსა და იმავე პასუხს გაგცემენ კონკრეტულ
საკითხზე, მაშინ თქვენს მასალაში ამ ინფორმაციის გამოყენება ღირს“, ‐
ამბობს ჰარვარდის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი, პროფესორი ბილ
ჰენეჯი.
სტატია
მოამზადა "მედიაჩეკერმა" აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის
(EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭერით ამერიკის შეერთებული შტატების
საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის
შინაარსზე პასუხისმგებელია "მედიაჩეკერი". ის შესაძლოა არ
გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და
EWMI-ს შეხედულებებს.
3-4 ივნისს ონლაინ მედიაში, სხვადასხვა ტიპის საიტებზე და სოციალურ
ქსელში ვირუსულად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, პირბადის დიდხანს
ტარება ჯანმრთელობის არაერთ პრობლემას იწვევს. გამოცემები სათაურებში,
დიდი ასოებითა და ძახილის ნიშნებით, მტკიცებით ფორმაში წერენ, რომ
პირბადის დიდხანს ტარება გონების დაკარგვას, კომას, კრუნჩხვებს,
ჰიპერვენტილაციას, კუნთების მოდუნებასა თუ ჯანმრთელობის სხვა არაერთ
პრობლემას იწვევს. ზოგი იმასაც ამტკიცებს, რომ დიდი ხნით პირბადის
ტარება მომაკვდინებელია. შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის
გამავრცელებლებისთვის ერთადერთი წყარო სოციალურ ქსელში მომხმარებლის
მიერ გამოქვეყნებული სტატუსია.
პირველ ივნისს სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა, ხათუნა
ჯანჯალიამ, რომელსაც მითითებული აქვს, რომ ბიოსამედიცინო კორპორაციის
Calypte-ს ჟენევის ფილიალის პრეზიდენტია, ფეისბუკის პირად გვერდზე
გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც წერს, რომ პირბადის დიდი დროით ტარება
ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ხათუნა ჯანჯალია თავის პოსტში
“ხანგრძლივად ნიღბის (პირბადის) ტარების მქადაგებლებს და მატარებლებს”
მიმართავს და წერს:
“გარდა იმისა, რომ ჩვენს ცხვირხახაში თანამცხოვრები არაპათოგენური ან
პირობითპათოგენური მიკროორგანიზმები ანაერობულ პირობებში შეიძლება
პათოგენურად გადაიქცნენ და ეს უკანასკნელი მომაკვდინებელ მტრად
მოევლინოს შინაგან ორგანოებს და უკურნებელი პათოლოგიები გამოიწვიოს,
ასევე, კოვიდთან დაკავშირებული ნიღბების ხანგრძლივი ტარება იწვევს
ჯანმრთელობის პრობლემებს დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგის ჩასუნთქვის
გამო, ვითარდება ჰიპოქსია, რაც თავის მხრივ იწვევს თავბრუსხვევას,
დაღლილობას, ძილად მიგდებას, ოფლიანობას, კანის გამოშრობას და
სუნთქვის უკმარისობას. სხვადასხვა პათოლოგიების მქონე ადამიანებში
შეიძლება გამოიწვიოს გონების დაკარგვა, კომაში ჩაგდება,
ჰიპერვენტილაცია, კუნთების მოდუნება და კრუნჩხვები!!!”
პოსტში განმარტებული არ არის და გაუგებარია, რას გულისხმობს ავტორი
“კოვიდთან დაკავშირებულ ნიღბებში”, რადგან კორონავირუსის გავრცელების
პრევენციის მიზნით, რეკომენდებულია ჩვეულებრივი სამედიცინო პირბადის
საჭიროებისამებრ გამოყენება და რაიმე სპეციფიური ნიღაბი, რომელიც
მხოლოდ COVID-19-თანაა დაკავშირებული, არ არსებობს.
ექიმი იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე განმარტავს, რომ ნახშირორჟანგი
პირბადის ქვეშ არ გროვდება და, შესაბამისად, პირბადის ტარების დროს
დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგის ჩასუნთქვა არ ხდება:
“ნახშირორჟანგის დაგროვება პირბადის ქვეშ არანაირად არ ხდება, ასეთი
ფენომენი არ არსებობს. ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის ცვლა ზუსტად
ისევე ხდება, როგორც ჩვეულებრივ პირობებში. პირბადე არანაირად არ არის
არაგამტარი ისეთი მცირე მოლეკულებისთვის, როგორიც არის ჟანგბადი და
ნახშირორჟანგი”, - ამბობს გიორგი კამკამიძე.
რაც შეეხება “უკურნებელი პათოლოგიების” გამოწვევის საფრთხეს, ექიმი
იმუნოლოგი ამბობს, რომ ეს გაზვიადებულია და მძიმე დაავადებები
პირბადის ტარებასთან პირდაპირ კავშირში არ არის:
“უკურნებელი და კატასტროფული დაავადებები, რასაკვირველია, არ არის
ამასთან კავშირში. პრობლემა შეიძლება იყოს, მაგალითად, ასთმიანი
პაციენტის შემთხვევაში, როდესაც პროვოცირება შეიძლება მოხდეს ასთმის
ან შეტევა, იმის გამო, რომ პაციენტს ტენიანი ჰაერი არ მიეწოდება, თუ
მუდმივად ატარებს და არ იხსნის.
თუმცა, ასეთი მძიმე პრობლემების გამოწვევა გაზვიადებულია. როდესაც
არასწორადაა გამოყენებული პირბადე და ხდება ერთი და იგივე პირბადის
მუდმივად ტარება და, მაგალითად, ხდება მისი დასველება, ამ შემთხვევაში
ის შეიძლება წარმოადგენდეს ინფექციის წყაროსაც. ამიტომ არის
რეკომენდებული პირბადის ხშირი ცვლა. ზოგადი რეკომენდაციაა, რომ
როდესაც არ არის საჭირო, როდესაც არ არის ახლო კონტაქტი სხვა
ადამიანებთან, პირბადის ტარება აუცილებელი არ არის”.
3-4 ივნისს, ხათუნა ჯანჯალიას ფეისბუკ პოსტზე დაყრდნობით, არასწორი
ინფორმაცია, მანიპულაციური და შეცდომაში შემყვანი სათაურებით
გაავრცელეს შემდეგმა გვერდებმა: ალია,რეზონანსი, ნიუს ფრონტი, თვალსაზრისი, itar.ge, wnews.ge, epicentri.club. აღნიშნულმა
გვერდებმა სოციალური ქსელის მომხმარებლის ვარაუდი (რომ პირბადის დიდი
დროით ტარებამ, სხვადასხვა პათოლოგიების მქონე ადამიანებში, შეიძლება,
გამოიწვიოს გონების დაკარგვა, კომაში ჩაგდება, ჰიპერვენტილაცია,
კუნთების მოდუნება და კრუნჩხვები) უაპელაციოდ, გადამოწმების გარეშე,
სანდო, დაზუსტებულ ამბად გაავრცელეს და სათაურში, მტკიცებით ფორმაში
დაწერეს, რომ პირბადის ტარება ზემოთჩამოთვლილ ჯანმრთელობის პრობლემებს
იწვევს.
უფრო მეტიც, ზემოხსენებული გამოცემებიდან, News Front-მა მეტი
დამაჯერებლობისთვის, მასალის ბოლოს მიაწერა, რომ ექიმთა უმრავლესობა
პირბადის ტარებასთან დაკავშირებულ რისკებზე აღნიშნულ ვარაუდს
იზიარებს. “პ.ს. ჩვენთვის ცნობილია, რომ ასე ფიქრობს ექიმთა
უმრავლესობა” - წერს News Front. ამ განცხადების სანდოობას ეჭვქვეშ
აყენებს ის ფაქტი, რომ ამ ფრაზის დამადასტურებლად მასალაში არც ერთი
წყარო არ არის მოყვანილი. ავტორი არ განმარტავს, ვის/რას ეყრდნობა და
არ აკონკრეტებს რომელი ექიმები იზიარებენ ხათუნა ჯანჯალიას
მოსაზრებებს.
არასწორი აქცენტებითა და იდენტური
მითითებით (თითქოს, იმავეს ფიქრობს ექიმთა უმრავლესობა), შეცდომაში
შემყვან ინფორმაციას სხვადასხვა ჯგუფებში ავრცელებენ სოციალური ქსელის
მომხმარებლებიც. მაგალითად, ერთ-ერთმა მომხმარებელმა აღნიშნული
ინფორმაცია გააზიარა ჯგუფში “აკადემია / Academy” , რომელსაც ამ
დროისთვის 245 ათასამდე წევრი ჰყავს. გავრცელებიდან რამდენიმე საათში
მისი პოსტი 400-მდე ადამიანმა გააზიარა. კომენტარების ველში გამართული
დისკუსიიდან თუ ვიმსჯელებთ, მომხმარებლთა ნაწილმა არასწორი ინფორმაცია
მარტივად დაიჯერა.
„შეარჩიეთ ექსპერტები ყურადღებით. მეცნიერების ერთ დარგში ნობელის
პრემიის მიღება არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანი მეცნიერების ყველა
დარგში ერკვევა. არც დოქტორის ხარისხი და პრესტიჟულ სამედიცინო
სკოლაში სწავლება არ აქცევს მას სხვა კონკრეტულ საკითხში კომპეტენტურ
და ავტორიტეტულ მეცნიერად. დაურეკეთ ოთხ ან ხუთ დამოუკიდებელ
მეცნიერს, თუ ისინი ერთსა და იმავე პასუხს გაგცემენ კონკრეტულ
საკითხზე, მაშინ თქვენს მასალაში ამ ინფორმაციის გამოყენება ღირს“, ‐
ამბობს ჰარვარდის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი, პროფესორი ბილ
ჰენეჯი.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, კორონავირუსული პანდემიის
გაშუქებისთვის მედიისთვის მომზადებულ სახელმძღვანელო წესებში,
კორონავირუსის პანდემიის გაშუქებისას, სანდო, გადამოწმებული, პანიკისა
და სენსაციურობისგან მაქსიმალურად დაცლილი ინფორმაციის მნიშვნელობაზე
ამახვილებს ყურადღებას. ქარტია მედიის წარმომადგენლებს ურჩევს, რომ
გამოიყენონ სანდო, რელევანტური წყაროები და შეარჩიონ
მაღალკვალიფიციური რესპონდენტები.
„როდესაც ვსაუბრობთ ისეთ სერიოზულ თემაზე, როგორიც არის პანდემია,
საჭიროა ძალიან ბევრი წყაროს მოძიება, ბევრი დოკუმენტის გაცნობა დ
გააზრება. გვჭირდება მაღალკვალიფიციური ადამიანების: მეცნიერების,
ექიმების, მკვლევრების პოზიციების მოძიება და, თავისთავად,
მნიშვნელოვანია, რომ როცა ამას ვიძიებთ, ვეძებოთ საკმაოდ
მაღალრეიტინგულ და გავლენიან სამეცნიერო ჟურნალებში, ან, თუნდაც,
პოპულარულ მედიაში, ოღონდ სანდოობის მაღალი ხარისხის მქონე მედიებში.
ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია, რომ საზოგადეობას ჰქონდეს ინფორმაცია
და ეს ინფორმაცია იყოს ზუსტი. ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე სერიოზული
დილემა დღეს“, ‐ ამბობს მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე.
სტატია
მოამზადა "მედიაჩეკერმა" აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის
(EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭერით ამერიკის შეერთებული შტატების
საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის
შინაარსზე პასუხისმგებელია "მედიაჩეკერი". ის შესაძლოა არ
გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და
EWMI-ს შეხედულებებს.
ეს ვიდეოგზამკვლევი გასწავლით რას უნდა მიაქციოთ ყურადღება
კორონავირუსის შესახებ მომზადებული მასალების გაცნობისას, იმისათვის,
რომ დეზინფორმაციის მსხვერპლი არ გახდეთ.
გახსოვდეთ, არ ენდოთ ბრმად სამედიცინო რჩევებსა და შემოთავაზებულ
პრეპარატებს, თუ წყაროს სანდოობაში დარწმუნებული არ ხართ.
სტატია
მოამზადა "მედიაჩეკერმა" აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის
(EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭერით ამერიკის შეერთებული შტატების
საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის
შინაარსზე პასუხისმგებელია "მედიაჩეკერი". ის შესაძლოა არ
გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და
EWMI-ს შეხედულებებს.
მითები და ყალბი ამბები, რომლებიც კორონავირუსის შესახებ
საქართველოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში გავრცელდა
და ადგილობრივების ქცევა შეცვალა.
სამცხე-ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა რამდენიმე
ოჯახმა, პირუტყვის გამოსაკვები თივა სპეციალური კარვებით მას შემდეგ
დაფარა, რაც სოციალური ქსელის
მომხმარებლები ცრუ ინფორმაციამ მოიცვა, რომლის თანახმადაც ახალი
კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ კონკრეტულ დღეს 23:00 საათიდან
დილის 5 საათამდე ჰაერში შესაწამლი ნივთიერება უნდა გაეფრქვიათ.
ნინოწმინდის სათემო რადიო „ნორის“ დირექტორი ამბობს, რომ ამ ყალბმა
ამბავმა ადგილობრივები დააბნია: „ხალხმა დაიწყო უზარმაზარი კარვების
შეძენა, რომ საქონლისთვის განკუთვნილი თივისათვის გადაეფარებინათ და
ცხოველები დაეცვათ“.
კარვებით დაფარული თივა. ნინოწმინდა.
ფოტო: რადიო "ნორი"
ეს ცრუ ინფორმაცია, მთელი ქვეყნის მსგავსად ძალიან სწრაფად
გავრცელდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონში, შესაბამის
რუსულ და სომხურენოვან თარგმანებთან ერთად.
„ყველაზე მოწყვლად საზოგადოებად საქართველოში ეთნიკური უმცირესობები
რჩებიან, ენობრივი ბარიერის გამო ყველამდე არ მიდის სწორი ინფორმაცია.
ადგილობრივი მედია ვმუშაობთ აქტიურად ამ სიტუაციის შესაცვლელად,
მაგრამ რთულია ყველა ასაკობრივ კატეგორიას მისწვდე,“ - ამბობს რადიო
„ნორის“ დირექტორი არარატ თთთიანი.
სწორედ ენობრივ ბარიერს განიხილავენ ექსპერტები იმ მონაცემების
საფუძვლად, რასაც NDI-ს 2019 წლის აპრილის კვლევაში ვკითხულობთ.
კითხვაზე „ადევნებთ თუ არა თვალს გადაცემებს პოლიტიკისა და მიმდინარე
მოვლენების შესახებ არაქართულენოვან სატელევიზიო არხებზე?“ პასუხი
„დიახ“ ეთნიკურად სომეხ მოსახლეობაში 40 %-ს შეადგენს, რაც ამ კითხვის
პასუხების კატეგორიებში ყველაზე მაღალია.
ამავე კვლევაში
მოყვანილია არაქართულენოვანი არხების ყურებადობის რეიტინგი, რომლის
პირველ 4 პოზიციაზე რუსეთის ტელევიზიებია.
რუსეთს, კორონავირუსის პანდემიის დასაწყისში ოფიციალურ მონაცემების
შეცვლაში ადანაშაულებდნენ. მათ მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია კი
რუსეთის ტელევიზიების მაყურებლების ქცევაზე ნეგატიურად აისახებოდა.
ცრუ ინფორმაციის ზეგავლენის ქვეშ მყოფ მოსახლეობას არ სჯეროდა
საფრთხის ნამდვილობის.
ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე, ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი
რუსული ცრუ ინფორმაცია ОРТ-ს რუსეთის სამთავრობო არხზე 5 თებერვალს
გავიდა. რეპორტაჟს დაეთმო მთავარ
გამოშვებაში 6 წუთზე მეტი. მასალის ავტორი ავითარებს ვერსიას, რომ
ვირუსი არის ამერიკის სპეცსამსახურების ან ამავე ქვეყნის ფარმაცევტული
კომპანიების შექმნილი.
აქვე, ამერიკის გვერდით, ავტორი რუსული პროპაგანდის ერთ-ერთ სამიზნეს
საქართველოში ლუგარის ლაბორატორიას ახსენებს და მისი
დისკრედიტაციისთვის კვლავ იგორ გიორგაძეს იყენებს. საინფორმაციო
გამოშვების წამყვანი რეპორტაჟის წარდგენისას, ხოლო ავტორი მისი
დასრულებისას თითქოსდა იუმორისტულ ტონში პარალელს ავლებს სიტყვა
„კორონას“ თარგმნილ ვერსიას გვირგვინსა და ვირუსს შორის და აქვე კვლავ
ამერიკამდე, დონალდ ტრამპამდე მიდის, რომელიც ავტორის თქმით, წლების
განმავლობაში ფლობდა სილამაზის კონკურსს „მის მსოფლიოს“ და არიგებდა
გვირგვინებს.
მსგავსი, ერთი შეხედვით მდარე ხარისხის დეზინფორმაციის შედეგად
შეიძლება ჩაითვალოს დამოკიდებულება, რომელზეც ტოკ ტვ-ს ჟურნალისტი
სედა სარქისიანი საუბრობს: „ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე ხშირად
გვესმოდა ხალხისაგან, რომ ეს ყველაფერი თამაშია, გამოგონილია; ან
გაუგიათ, რომ ეს ვირუსი ადრეც ყოფილა და მის სამკურნალოდ სპეციალურ
მცენარეებს იყენებენ“.
სამცხე-ჯავახეთში ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ძლიერ გავრცელებული მითი
ეხება შეთქმულების თეორიას, რომლის თანახმადაც თითქოსდა ვირუსის
შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სხვა მიზნებთან ერთად, ხმარებიდან
ქაღალდის ფულის ამოღებას ისახავს. 17 000-მდე ნახვის მქონე ვიდეოს ავტორი ასკვნის, რომ
„არანაირი ვირუსი არ არსებობს“.
კორონავირუსთან დაკავშირებული ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირების
მიზნით, ევროკავშირის პლატფორმა, EUVSDisinfo, უწყვეტ რეჟიმში
აქვეყნებს ანგარიშს ყალბი ამბების შესახებ ქვეყნების მიხედვით. ამ
ანგარიშის მიხედვით, 22 იანვრიდან 19 მარტის ჩათვლით, 110
პრო-კრემლისტური ნარატივის 110 ყალბი ამბავი გამოქვეყნდა.
მათი სამიზნე, ცხადია, არ შემოიფარგლება საქართველოთი, პრო-პუტინისტურ
ნარატივს აკვირდებიან ბალტიისპირეთშიც. ლატვიაში კოვიდ 19-ის რეჟიმში
კიდევ უფრო გააქტიურდა მესიჯი რომ „ლატვია როგორც სახელმწიფო
ჩავარდა“, „მან ვერ გაართვა კრიზისს კარგად თავი და ამიტომ
აუცილებელია რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენა.“
ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი საუბრობს და იღებს
ინფორმაციას რუსულად, ყალბი ამბებიც ძალიან ხშირად სწორედ ამ ენაზე
ვრცელდება, ლატვიურთან ერთად.
„დეზინფორმაცია რუსულ ენაზე ბევრად უფრო აქტიურია და მკაფიოდ
გამოხატული,“- გვეუბნება მარცის ბალოდისი, აღმოსავლეთ ევროპის
პოლიტიკის სწავლების ცენტრის მკვლევარი. განსხვავებულ ტონს კი იმ
კონკურენციას უკავშირებს, რომელშიც ლატვიურენოვან მედიაგრემოში
მოხვდერილი რუსულეოვან მედიას უწევს ყოფნა.
ლატვიური საგამოძიებო მედიის RE:Balticas ჟურნალისტი საბინ
ბერზინა ამბობს, რომ ქვეყენაში გავრცელებული დეზინფორმაციის შედეგი
უკვე აისახა საზოგადოების განწყობაზე. ლატვიის ტელევიზიის LTV-ს
დაკვეთით კვლევითი ცენტრის SKDS-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის
თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის თითქმის 28 % არ სჯერა ვირუსის შესახებ
ოფიციალური ვერსიის.
ამავე კვლევითი ორგანიზაციის დირექტორის თქმით კი, რუსულენოვან და
ლატვიურენოვან მოსახლეობაში შეინიშნება განწყობების განსხვავება,
რომლის თანახმად ლატვიის რუსულენოვან მოსახლეობაში უფრო ხშირად
მიიჩნიათ რომ COVID-19 მედიის და პოლიტიკოსების მიერ ატეხილი
აურზაურია.
საქართველოში და მის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში
მოსახლეობის განწყობების კვლევა ჯერ არავის ჩაუტარებია. იქ კი, სადაც
ახალ ინფორმაციებს კვლავ ORT- სგან და სხვა რუსული არხებისგან ელიან,
კრიზისის ფონზე სუსტად მხარდაჭერილი გაღარიბებული ადგილობრივი მედიები
რთულად უწევენ წინააღმდეგობას.
სტატია
მოამზადა "მედიაჩეკერმა" აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის
(EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭერით ამერიკის შეერთებული შტატების
საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის
შინაარსზე პასუხისმგებელია "მედიაჩეკერი". ის შესაძლოა არ
გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და
EWMI-ს შეხედულებებს.
“ვირუსის გამო შესაძლოა მთელი ზაფხული ზღვაში ბანაობა აიკრძალოს” -
მსგავსი სათაურით, ბოლო რამდენიმე დღეა, სხვადასხვა საიტებზე
ვირუსულად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ზაფხულის
მოსვლასთან ერთად კორონავირუსი უფრო სწრაფად გავრცელდება. ერთ-ერთი
მოსაზრებით კი ამას ზღვაზე და აუზზე ადამიანების ხშირი ბანაობა
შეუწყობს ხელს". ამავე საიტებზე, სრულიად დაუდასტურებელ წყაროებზე
დაყრდნობით, წერენ იმასაც, რომ “პარლამენტში რამდენიმე ადამიანი
გამოვიდა ინიციატივით, მთელი ზაფხულის განმავლობაში აიკრძალოს ზღვაში
ბანაობა”.
მსგავსი ტექსტები იძებნება საიტებზე: geonewest.com, izolacia.club, epicentri.club. ასევე, აქტიურად
ავრცელებს ფეისბუკის გვერდი -“უბრალოდ ძალიან საინტერესო”,
რომელსაც სოციალურ ქსელში 40 ათასამდე გამომწერი ჰყავს. ტექსტები
ყველგან იდენტურია და არსად გვხვდება რაიმე წყარო, მტკიცებულება, რის
საფუძველზეც ეს საიტები მსგავს მსჯელობას ავითარებენ. გაურკვეველია
ისიც, რას გულისხმობენ პარლამენტის წევრების ინიციატივაში, ვინაიდან
მსგავსი განცხადება ამ დრომდე არცერთ პარლამენტარს არ გაუკეთებია.
მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი მსჯელობის დამადასტურებელი არანაირი
წყარო არ მოიპოვება, სოციალურ ქსელში, მომხმარებლების კომენტარებზე
დაკვირვება აჩვენებს, რომ მათ გარკვეულ ნაწილს ამ ამბის სჯერა.
მკითხველები წერენ, რომ ასეთი აკრძალვა მათთვის გაუგებარია.
სინამდვილეში, ამ დრომდე არ არსებობს არანაირი მტკიცებულება
იმის შესახებ, რომ ზღვაში ბანაობა ვირუსის გავრცელებას შეუწყობს
ხელს.
ვრცელდება თუ არა ვირუსი წყალში -
რა ვიცით ამ დროისთვის
აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ოფიციალურ
ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ ამ დროისთვის არ
არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ კორონავირუსი შესაძლოა
გავრცელდეს წყალში, აუზზე, აბაზანებსა თუ წყლის დინების სხვა
ადგილებში.
რაც შეეხება ბანაობისას გასათვალისწინებელ რეკომენდაციებს, CDC წერს,
რომ:
ყველამ უნდა დაიცვას ის მითითებები, რომელსაც დაადგენს
კონკრეტული სახელწიფო ქვეყნის საჭიროებიდან გამომდინარე, - როდის და
როგორ შეიძლება ფუნქციონირდეს წყლის ობიექტები.
ინდივიდებმა კი უნდა გააგრძელონ საკუთარი თავისა და
სხვების დაცვა ასეთ ადგილებში, როგორც წყალში, ისე მის გარეთ -
მაგალითად, სოციალური დისტანციისა და ჰიგიენის მკაცრი წესების
დაცვით.
ამერიკული ჟურნალი WebMD, რომელიც სამედიცინო თემატიკაზე მუშაობს,
წერს, რომ სანაპიროზე გასვლის
შემთხვევაში, ზღვის წყალი სანერვიულო არ არის. მთავარი ვირუსის გამო
დაწესებული სხვა რეკომენდაციებისა და შეზღუდვების გათვალისწინებაა:
“კერძოდ, სოციალური დისტანციის დაცვა უფრო შორ მანძილზე იქნება
საჭირო, ვიდრე ჩვეულებრივადაა დაშვებული, ვინაიდან სანაპიროზე, ნიავის
დროს შხეფების გადაადგილება უფრო შორ მანძილზეა შესაძლებელი”.
ზღვის წყალი რისკად რომ არ მოიაზრება, ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის
მინისტრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის
აჭარის ტელევიზიასთან ისაუბრა. მისი განცხადებით, სარიკსო მხოლოდ
სანაპიროზე რუჯის მიღებაა: "ზღვაში ბანაობასა და ინფიცირებას შორის
კავშირი დადასტურებული არ არის და ასეთი არც ერთი შემთხვევა არ
გამოვლენილა. შესაბამისად, ზღვაში ბანაობა რისკის შემცველი არ არის.
რისკი მოიაზრება ბანაობის შემდეგ, როცა რუჯის მისაღებად წვება
ადამიანი, აუცილებელია, რომ ამ დროს იყოს დაცული სოციალური დისტანცია,
ორმეტრიანი მანძილი და დაყოვნება არ იყოს ხანგრძლივი".
მინისტრის მოადგილე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაციის
გაუარესების შემთხვევაში, შეზღუდვები სავარაუდოდ გამკაცრდება, ეს
გამკაცრება შეეხება გარუჯვის წესებსაც, თუმცა, რაც ამ ეტაპზე
დადასტურებულია და რაც ზუსტად ვიცით, ზღვაში ბანაობა არ
აიკრძალება.
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ
დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის
განმარტებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი მუშაობს რეკომენდაციებზე,
რაც საზღვაო სეზონთან იქნება დაკავშირებული. იგი განმარტავს, რომ
ისინი აქტიურად აკვირდებიან იმ ქვეყნების გამოცდილებას, რომელთაც
საზღვაო კურორტები აქვთ.
“ბანაობასა და კოვიდს შორის პირდაპირი კავშირის რისკები ჯერ არავის
დაუდგენია. სამხრეთის ქვეყნებში, სადაც ზღვის სეზონმა უკვე გაიარა,
იქაც გარკვეულ წესებს მიმართავდნენ და ეს იყო ისევ და ისევ ფიზიკური
დისტანცირება, რაც გულისხმობდა იმას, რომ პლაჟებზე თავშეყრა და
სიმჭიდროვე კონტროლირებადი იყო”, - აცხადებს ხათუნა ზახაშვილი.
რა საერთო აქვთ იმ საიტებს, რომლებიც ამ
დეზინფორმაციას ავრცელებენ
ინფორმაცია, რომ ზაფხულში ზღვაში ბანაობა აიკრძალება, თავდაპირველად
epicentri.club-მა გაავრცელა, მოგვიანებით გამოჩნდა იდენტური ტექსტები
geonewest.com-სა და izolacia.club-ზე.
“ჩვენ შესახებ” განყოფილება, რომელშიც გამოცემის მისიის შესახებ
ამოვიკითხავდით, არცერთ საიტს არ აქვს;
სამივე საიტზე მეწტილად სენსაციურ სათაურებს ვხვდებით, რაც აჩენს
განცდას, რომ სამივე საიტი კლიქბაითია;
სამივე საიტი რუსეთშია რეგისტრირებული. ამათგან, ორი -
epicentri.club და izolacia.club - ბოლო ერთ თვეში.
სტატია
მოამზადა "მედიაჩეკერმა" აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის
(EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭერით ამერიკის შეერთებული შტატების
საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის
შინაარსზე პასუხისმგებელია "მედიაჩეკერი". ის შესაძლოა არ
გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და
EWMI-ს შეხედულებებს.
კორონავირუსის პანდემიიდან დღემდე, ვირუსთან დაკავშირებით არაერთი
დეზინფორმაცია გავრცელდა, ისევე სწრაფად, როგორც თავად ვირუსი.
მოგიყვებით, სამ ფართოდ გავრცელებულ მითზე Covid-19 შესახებ,
რომლებმაც მსოფლიო მოიცვა და ადამიანების სიცოცხლესაც შეუქმნა
საფრთხე.
საშიში მითები
1. მითია, რომ სუნთქვის
შეკავებით გაიგებთ გაქვთ თუ არა კორონავირუსი
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს სუნთქვის შეკავებით
კორონავირუსის დიაგნოსტირებაა შესაძლებელი, ჯერ კიდევ მარტში
გავრცელდა. სოციალურ ქსელში ასეთი ინფორმაციის წყაროდ ძირითადად
იაპონელი ან ტაივანელი ექიმები, ზოგ შემთხვევაში სტენფორდის
უნივერსიტეტის მკვლევრები არიან დასახელებული.
მითის თანახმად, თუ ადამიანი ღრმად ჩასუნთქვის შემდეგ სუნთქვას 10 და
მეტი წამის განმავლობაში ისე შეიკავებს, რომ არ დაახველებს, მაშინ მას
Covid-19 არ აქვს. ხშირად ამ მითს თან ახლავს რეკომენდაცია, რომ
დასახელებული მეთოდით თავი ყოველ დილით სუფთა ჰაერზე უნდა
შეიმოწმოთ.
დეზინფორმაცია ისე სწრაფად გავრცელდა, რომ სოციალურ ქსელ TikTok-ზე
გამოწვევად იქცა, - მომხმარებლები ჰეშთეგებით #Corona10secchallenge და #NoCoronaTestChallenge ვიდეოებს ტვირთავენ,
რომელშიც სუნთქვას 10 წამის განმავლობაში იკავებენ. ასეთ ვიდეოებს
საერთო ჯამში 10 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
მერილენდის უნივერიტეტში ინფექციური დაავადებების მიმართულების
ხელმძღვანელის ფაჰიმ იუნესის განმარტებით, Covid-19-ის მქონე
ახალგაზრდა პაციენტების უმრავლესობას სუნთქვის შეკავება 10 წამზე მეტ
ხანს შეუძლია, ხოლო მოხუცები, რომელთაც ვირუსი არ აქვთ, დიდი
ალბათობით, ვერ შეძლებენ სუნთქვა დიდხანს შეიკავონ, შესაბამისად
ვირუსის დადგენა ამ მეთოდით არასწორია.
გავრცელებულ მითს Twitter-ზე გამოეხმაურა სტენფორდის უნივერსიტეტიც და
გავრცელებულ დეზინფორმაციასთან უნივერსიტეტის კავშირი უარყო.
2. მითია, რომ ცხელი წყლის
დალევა კორონავირუსისგან დაგიცავთ
Covid -19-ის გამომწვევი ვირუსის Sars-CoV-2-ის პრევენციისა
და მისი დამარცხების მიზნით ცხელი წყლის დალევა რეკომენდებული არ
არის. "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" ინფორმაციით, SARS კორონავირუსი
(Sars-CoV-2-ის მსგავსი ვირუსი) მინიმუმ 56C-ზე კვდება.
საკვების მაღალ ტემპერატურაზე მომზადებით, ვირუსი მოკვდება,
თუმცა ეს ტემპერატურა იმდენად მაღალია ადამიანის ორგანიზმისთვის, რომ
მისი პირდაპირ მიღება დამწვრობას გამოიწვევს.
მითი, საქართველოს შემთხვევაში, სოციალურ ქსელსაც გასცდა და
მედიასაშუალებები მოიცვა. მაგალითად, 22 მარტს “მთავარი არხის”
გადაცემა “მთავარ აქცენტებში” წამყვანმა მაყურებელს ცხელი სითხის 20
წუთში ერთხელ დალევა ურჩია.
გავრცელებული დეზინფორმაციის დაჯერების გამო რამდენიმე
ადამიანი დამწვრობის ცენტრშიც მოხვდა. 16 აპრილს თბილისის
დამწვრობის ცენტრის დირექტორი გუგა ქაშიბაძე "ნეტგაზეთთან" აცხადებდა, რომ კორონავირუსის
წინააღმდეგ პროფილაკტიკის მიზნით რამდენიმე მოქალაქემ ადუღებული წყალი
დალია, რის შედეგადაც მათი ნაწილს პირის ღრუს დამწვრობის გამო
ამბულატორიული მკურნალობა დასჭირდა.
ექიმ-ინფექციონისტის მაია ბუწაშვილის განმარტებით, არ არსებობს
სამეცნიერო მტკიცებულებები, რომ დიდი რაოდენობით თბილი წყლის დალევა
ვირუსით ინფიცირებით რისკს ამცირებს.
3. სახიფათო მითია, რომ
მეთილის სპირტის გამოყენება კორონავირუსის პრევენციის ან/და
მკურნალობის საშუალებაა
მეთილის სპირტის იგივე მეთანოლის შესახებ გავრცელებულმა
დეზინფორმაციამ ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა. გამოცემა
Time-ის ინფორმაციით, Covid-19-ის
მკურნალობის მიზნით მეთილის სპირტის მიღების გამო ირანში 700-ზე მეტი
ადამიანი დაიღუპა.ალკოჰოლური ინტოქსიკაციის გამო
100-მდე პირმა კი მხედველობა დაკარგა.
"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" განმარტებით, მეთანოლი
სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერებაა, მას არ შეუძლია კორონავირუსის
დაავადების განკურნება და მისი მიღება საფრთხეს უქმნის ადამიანის
სიცოცხლეს.
cc: stopcov.ge
Covid-19-ის „ინფოდემია“ -
როგორ დავიცვათ თავი დეზინფორმაციისგან
პანდემიის პარალელურად ადამიანებისთვის საფრთხეს Covid-19-ის
"ინფოდემიაც" წარმოადგენს. დეზინფორმაცია კლავს და ამის ნათელი
მაგალითი ირანის ზემოთხსენებული შემთხვევაა. სწორედ ამ
"ინფოდემიისგან" თავის დასაცავად Poynter-ი ახალი ამბების
აუდიტორიას რამდენიმე მარტივ რჩევას სთავაზობს.
1. ნუ გააზიარებთ Covid-19-ის შესახებ ინფორმაციას მაშინვე,
როგორც კი ნახავთ, განსაკუთრებით თუ ის სკანდალურია.
აუცილებელად გადაამოწმეთ რამდენად რეალურია ამბავი.
2. შეამოწმეთ წყარო
მნიშვნელოვანია რაზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია. კორონავირუსის
შესახებ სანდო წყაროებია "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია", აშშ-ის
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი, ასევე ჯანდაცვის
ადგილობრივი ოფიციალური ორგანოები.
3. უფრო მეტად ენდეთ მეცნიერებს, ვიდრე
პოლიტიკოსებს
უკვე არაერთი შემთხვევა დაგროვდა, როდესაც პოლიტიკოსებმა
კორონავირუსთან დაკავშირებით შეცდომაში შემყვანი განცხადებები
გაავრცელეს. ამის მიზეზი შესაძლოა პოლიტიკური მიზნები ან უბრალოდ ამ
საკითხთან დაკავშირებით არაკომპეტენტურობა იყოს. თუ ინფორმაციის წყარო
პოლიტიკოსია, იყავით სკეპტიკურები და გადაამოწმეთ მათი ნათქვამი.
4. დააკვირდით თქვენს ემოციებს
თუ ინფორმაციის მიღებისას გაქვთ ძლიერი ემოცია, ეს კიდევ ერთი ნიშანია
იმისა, რომ სხვებისთვის გაზიარებამდე, ეს ინფორმაცია უნდა
გადაამოწმოთ.
5. შეამოწმეთ ფოტოები და ვიდეოები
დეზინფორმაცია ხშირად ვიზუალური მასალით ვრცელდება. ფოტოებისა და
ვიდეოების გადასამოწმებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ First Draft-ის
რესურსები, InVid-ი და RevEye. ფაქტების გადამმოწმებელი ქსელის
Vishvas News-ის ამ ფაილში კი დეტალურადაა აღწერილი
ფოტოებისა და ვიდეოების შემოწმების გზები.
6. ვირუსთან დაკავშირებით განახლებული ინფორმაცია სანდო
წყაროებიდან მიიღეთ.
კორონავირუსთან დაკავშირებით სხვა მითებისა და არსებული გამოწვევების
შესახებ მასალებს შეგიძლიათ ამ ბმულზე გაეცნოთ.
სტატია
მოამზადა "მედიაჩეკერმა" აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის
(EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭერით ამერიკის შეერთებული შტატების
საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის
შინაარსზე პასუხისმგებელია "მედიაჩეკერი". ის შესაძლოა არ
გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და
EWMI-ს შეხედულებებს.
არის თუ არა რუსეთში კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა 1%-ზე
დაბალი - ბოლო პერიოდში მედიაში აქტიურად განიხილება ეს საკითხი.
მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური მოსკოვი ამას უარყოფს, საერთაშორისო
მედია წერს, რომ რუსეთის ხელისუფლება კორონავირუსით ინფიცირებულების
რეალურ რაოდენობას მალავს. პრორუსული გამოცემები კი ამტკიცებენ, რომ
რუსეთის გამოქვვეყნებული ოფიციალური სტატისტიკა რეალურია და მოსკოვს
კორონავირუსი “სრული კონტროლს ქვეშ აქვს” აყვანილი.
კრემლისტური გამოცემები განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდნენ, რაც
რუსეთის მიერ მონაცემების დამალვაზე გავლენიანი საერთაშორისო
გამოცემები ალაპარაკდნენ. 11 მაისს The New York Times-მა მკითხველს
აცნობა, რომ მოსკოვში
“კორონავირუსის საიდუმლო ამოხსნილია”. გამოცემა წერს, რომ აპრილში
მიღებული ბუნდოვანი მონაცემები რუსეთის მიერ გაცხადებულ დაბალი
სიკვდილიანობის მაჩვენებელს ეჭვქვეშ აყენებს.
“პარასკევს მოსკოვის ქალაქის მთავრობამ გამოაქვეყნა მონაცემები,
რომელიც აჩვენებს, რომ აპრილში რუსეთის დედაქალაქში რეგისტრირებულ
გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1,700-ით აღემატებოდა იმავე პერიოდის
ხუთწლიან საშუალო მაჩვენებელს. ეს რიცხვი ბევრად მეტია, ვიდრე
კორონავირუსისგან გარდაცვლილთა ოფიციალური რაოდენობა - 642”, - წერს
The New York Times.
გამოცემა დამოუკიდებელ დემოგრაფს ეყრდნობა და ამბობს, რომ საერთო
ჯამში, მოსკოვში კორონავირუსთან დაკავშირებული სიკვდილიანობის
დაახლოებით 70% დაფიქსირებული არ არის. ასევე, ექსპერტებზე დაყრდნობით
The New York Times წერს, რომ უფრო ნათელი სურათი, სავარაუდოდ, მაისის
თვის მონაცემების გამოქვეყნებისას გამოვლინდება.
არასწორ სტატისტიკაზე და მონაცემების დამალვაზე წერს Financial
Times-იც. “რუსეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 70 %-ით მეტია,
ვიდრე ოფიციალური მაჩვენებელი” - ამ სათაურით მასალა გამოცემამ 11
მაისს გამოაქვენა.
Financial Times-ის სტატიას სპეკულაცია უწოდა რუსულმა სააგენტო News
Front-მა, რომელიც ანტიდასავლური გზავნილების გავრცელებით
გამოირჩევა
12 მაისს News Front-მა მოსკოვის მერზე დაყრდნობით დაწერა, რომ განგაშის საფუძველი
არ არსებობს და რუსეთს კორონავირუსთან დაკავშირებული პრობლემები სრული
კონტროლის ქვეშ აქვს მოქცეული. მოგვიანებით კი, როდესაც14 მაისს
რუსეთის ხელისუფლება საერთაშორისო მედიაში გავრცელებულ ბრალდებას
გამოეხმაურა, News Front-მა გამოაქვეყნა მასალა სათაურით -
“დასავლეთის პროპაგანდა შეშფოთდა – რატომ არის რუსეთში “კოვიდით”
გამოწვეული სიკვდილიანობა მხოლოდ 1%?”
მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლება გარდაცვლილთა რეალური რიცხვის
დამალვაში დაადანაშაულეს, მოსკოვის ჯანდაცვის უწყებამ ოფიციალური
განცხადება გაავრცელა და განმარტა, რომ პაციენტის
გარდაცვალების შემთხვევების 60% სხვა დაავადებამ გამოიწვია და ამიტომ
მათ კორონავირუსით გარდაცვლილებს არ მიაკუთვნებენ.
რუსეთის ხელისუფლების აღნიშნული განცხადების შემდეგ, News Front
მოსკოვის გამართლების პარალელურად, ანტიდასავლური გზავნილების
გავრცელებას და გავლენიანი საერთაშორისო გამოცემების დისკრედიტაციას
შეეცადა. რუსული სააგენტო წერს, რომ რუსეთის მთავრობა ლაკონურად და
გასაგებად გადმოსცემს ფაქტებს, ამის საპირისპიროდ კი, ეჭვქვეშ აყენებს
Financial Times-ის სანდოობას, “რადიო თავისუფლებას” კი ამერიკულ
პროპაგანდისტულ გამოცემად მოიხსენიებს.
“რუსეთის დედაქალაქის ჯანდაცვის უწყებამ უარყო ბრიტანულ “ფაინენშენლ
ტაიმსში” გამოქვეყნებული “გამოთვლები” და სპეკულაციები იმის შესახებ,
რომ თითქოს მოსკოვში (და, სავარაუდოდ, მთელ რუსეთში) კორონავირუს
19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა სტატისტიკურად არ აისახება და, ეს
რაოდენობა, სულ მცირე, 72%-ით მეტი უნდა იყოს. “ფტ”-ს კვერი დაუკრა
ამერიკულმა პროპაგანდისტურმა “რადიო თავისუფლებამაც”. კონკრეტული
ეჭვები მათ ქალაქ მოსკოვის სტატისტიკის მოხმობის საფუძველზე
გამოთქვეს, სადაც, გასული წლის აპრილთან შედარებით, მიმდინარე წლის
აპრილში 1800-ით მეტი გარდაცვალებაა დაფიქსირებული. დასავლური
მასმედიის აზრით, ეს “ზედმეტი” რაოდენობა სწორედ “კოვიდ19”-ით
გამოწვეული სიკვდილის შემთხვევები უნდა იყოს”, - წერს News-Front და
ამის საპირწონედ მოსკოვის ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადებას ვრცლად
ციტირებს.
დასასრულს კი, მკითხველს კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ რუსეთში
COVID-19-თან დაკავშირებული სიკვდილიანობა 1 პროცენტს არ აღემატება და
“როგორც ჩანს, დასავლეთი ამ ფაქტით ძალზე “შეშფოთებულია”.
ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მაია ბუწაშვილი
რუსეთში კორონავირუსით სიკვდილობის დაბალი მაჩვენებელს სხვადასხვა
ქვეყანაში სიკვდილობის სტატისტიკის რეგისტრაციის განსხვავებული
მეთოდოლოგიით ხსნის:
“რუსეთში გარდაცვლილთა დაახლოებით 70%-ის აუტოფსია („გაკვეთა“)
ტარდება, მაშინ როდესაც, მაგალითად, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში,
საშუალოდ, მხოლოდ 10%-ის. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინის
მიხედვით, კოვიდით გარდაცვლილად რეგისტრირდება მხოლოდ ის შემთხვევა,
როდესაც აუტოფსიით დგინდება ამ დაავადების შესაბამისი პათოლოგიური
ცვლილებები (მაგალითად, ფილტვის დაზიანება), ხოლო ევროპის ბევრ
ქვეყანაში და აშშ-ში, თითქმის ყველა სიკვდილის შემთხვევა, როდესაც
გარდაცვლილს ჰქონდა დადასტურებული კორონავირუსი, კვალიფიცირდება,
როგორც კოვიდ ასოცირებული სიკვდილი... თუ რუსეთმა მიიღო
გადაწყვეტილება სტატისტიკური აღრიცხვის ამ მეთოდის შეცვლის შესახებ,
მკვეთრად მოიმატებს კოვიდ სიკვდილობის მაჩვენებელი და მსოფლიოში
ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იქნება.” - წერს მაია ბუწაშვილის ფეისბუკის
პირად გვერდზე.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც News Front პრორუსულ მესიჯებს
ავრცელებს და დასავლეთის დისკრედიტაციას ცდილობს. გამოცემა დიდი ხანია
შემჩნეულია რუსულ პროპაგანდაში. 30 აპრილს Facebook-მა სააგენტო
News-Front-ის ქსელი სოციალური ქსელიდან წაშალა.
„ნიუს-ფრონტი“და მასთან კოორდინირენული არაავთენტური ანგარიშები
სხვადასხვა ტაქტიკის გამოყენებით ავრცელებდნენ ანტიდასავლურ,
პრო-რუსულ გზავნილებს და ქმნიდნენ არაავთენტურ ინტერაქციას
„ფეისბუქის“ აუდიტორიის შეცდომაში შეყვანის მიზნით”, - ნათქვამია
ISFED-ის სოციალური მედიის მონიტორინგის ანგარიშში.
სტატია
მოამზადა "მედიაჩეკერმა" აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის
(EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭერით ამერიკის შეერთებული შტატების
საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის
შინაარსზე პასუხისმგებელია "მედიაჩეკერი". ის შესაძლოა არ
გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და
EWMI-ს შეხედულებებს.
ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდა
ის საფრთხეები, რისი გამოწვევაც შეუძლია მედიას დაუდასტურებელი, ყალბი
ამბების, მითებისა თუ კონსპირაციული თეორების ტირაჟირებით.
რამდენიმე კვირის წინ თბილისის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა
განაცხადა, რომ რამდენიმე ადამიანმა კორონავირუსის პრევენციის მიზნით
ადუღებული წყალი დალია, რის შედეგადაც პირის ღრუს დამწვრობის
მკურნალობა დასჭირდათ. ეს მყისიერად ხილული შედეგია იმ არაერთი
ინფორმაციისა, რომელიც მედიაში COVID-19-ის საპრევენციო რჩევების
სახით გავრცელდა. ერთ-ერთი ასეთი რჩევა იყო ის, რომ ყოველ 20 წუთში
ერთხელ ცხელი წყლის
მიღება რეკომენდებული იყო ახალი კორონავირუსის პრევენციის
მიზნით.
ბოლო პერიოდში საქართველოში აქტიურად დაიწყეს მოქალაქეთა ჯგუფებმა
მსოფლიოში გავრცელებული კონსპირაციული თეორიის პოპულარიზაცია, რომ
ახალი კორონავირუსის გავრცელება 5G ინტერნეტის
დანერგვამ გამოიწვია. ამ თეორიას ზურგს არც ერთი დადასტურებული
მეცნიერული არგუმენტი არ უმაგრებს, შესაბამისად, უსაფუძვლოა. ამასთან,
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას გამოქვეყნებული აქვს ინფორმაცია, რომლის მიხედვით,
ვირუსები არ მოგზაურობენ რადიოტალღებითა და მობილური ქსელებით და რომ
Covid -19 გავრცელებულია ბევრ ისეთ ქვეყანაში, სადაც საერთოდ არ
არსებობს 5G ქსელები.
ამის მიუხედავად, მედიასაშუალებების ნაწილი საქართველოში კვლავაც
ტირაჟირებს იმ მოქალაქეების შეხედულებებსა და ინიციატივებს, რომლებიც
ეწინააღმდეგებიან საქართველოში 5G-ის დანერგვას. მაგალითად, გამოცემა
“პრიამ ტაიმი” აუდიტორიას აუწყებს, რომ საქართველოში მრავალრიცხოვანი
საპროტესტო აქციის გამართვა იგეგმება 5G ანტენების დამონტაჟების
წინააღმდეგ, სათაურშივე აანონსებს აქციის თარიღს და მკითხველს აწვდის
აქციის ორგანიზატორის განცხადებებს, რომელიც გაჯერებულია უსაფუძვლო
კონსპირაციული თეორებით, რომ “5G ანტენების გამოსხივება იწვევს
ადამიანის დაავადებას, კიბოსა და უშვილობას”.
მსოფლიო მედიაში, ისე როგორ ჩვენთან, არაერთი სტატია თუ რეპორტაჟი
მიეძღვნა ახალ კორონავირუსთან 5G ტექნოლოგიის დაკავშირების
კონსპირაციულ თეორიას, თუმცა პასუხისმგებლიანი მედია ამ შემთხვევაში
კონსპირაციული თეორიის პოპულარიზაციას კი არ ეწევა, არამედ მის
უსაფუძვლობას ამტკიცებს. უფრო მეტიც, პასუხისმგებლიანი მედია
სათაურშივე უთითებს, რომ ყალბია ცნობა 5G-ის კავშირზე კორონავირუსთან.
მაგალითად, “ნიუ-იორკ ტაიმსი” სათაურშივე
აწვდის აუდიტორიას ინფორმაციას, რომ “უსაფუძვლოა ანტენების
დაკავშირება ვირუსთან”; “გარდიანის” სათაურში
გამოყენებულია ტერმინი “ყალბი ცნობები”, როდესაც აშუქებს მითებს
იმაზე, თუ რამდენად სარისკოა 5G-ის ტექნოლოგია ჯანმრთელობისთვის და
ა.შ.
5G-ისთან დაკავშირებული კონსპირაციული თეორების ფართოდ გავრცელების
შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არაერთი ფაქტი დაფიქსირდა,
როდესაც მობილური კავშირგაბმულობის ანტენები დაწვეს ან დააზიანეს.
საქართველოში ჯერ მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა, თუმცა სოციალურ
ქსელებში 5G-ის მოწინააღმდეგე ჯგუფებში პერიოდულად აქვეყნებენ
მობილური კავშირგაბმულობის ანძების ფოტოებს და აცხადებენ, რომ არ
დაუშვებენ 5G ანტენების დამონტაჟებას საქართველოში. ამ მოწოდებების
ტირაჟირება მედიაში კი ცალსახად იქნება სწორედ ასეთი კრიმინალური
აქტივობების წამახალისებელი საზოგადოებაში.
ზოგადად, მობილური კავშირგაბმულობის ანტენეტების ირგვლივ
კონსპირაციული თეორები ახალი მოვლენა არ არის, მათ შორის არც
საქართველოში. 2000-ანი წლების დასაწყისიდან მოქალაქეებს არაერთი
საპროტესტო აქცია გაუმართავთ ამ ანტენების მონტაჟის გამო, რომ თითქოს
ისინი საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას, იწვევს კიბოს და ა.შ. თუმცა
დროთა განმავლობაში აქციების მასშტაბურობამაც და სიხშირემაც იკლო.
ახალი კორონავირუსის პანდემიამ ანტენებთან დაკავშირებული
კონსპირაციული თეორია კვლავაც აქტუალური გახადა, ასეთივე აქტუალობა
შეიძინა “დაჩიპვის” თემამ.
ჩიპიანი პირადობის მოწმობებისა და პასპორტების წინააღმდეგ გააფთრებული
ბრძოლის საკმაოდ მსუყე გამოცდილება აქვს საქართველოს. ამ ბრძოლას
სათავეში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები
ედგნენ. საქმე საკონსტიტუციო სასამართლომდეც მივიდა. მოსარჩელეების შეფასებით, ე.წ. ჩიპიანი პირადობის
მოწმობა და პასპორტი “ადამიანების ტოტალური კონტროლის საშუალებაა და
უკავშირდება აპოკალიფსის შესახებ ბიბლიურ წინასწარმეტყველებას”. ამ
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, საკონსტიტუციო
სასამართლომ გასული წლის 26 დეკემბრიდან დასაშვები გახადა რელიგიური
შეხედულების გამო ისეთი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა,
რომელსაც ელექტრონული მატარებელი ანუ “ჩიპი” არ ექნება.
კონსპიროლოგების კიდევ ერთი ფავორიტი თემაა ვაქცინაცია, რომლის
მიხედვით, ვაქცინაცია არ ემსახურება დაავადებების პრევენციას და მისი
საშუალებით, პირიქით, ხელოვნურად ხდება სხვადასხვა დაავადების
გამოწვევა.
Covid-19-ის პანდემიის პირობებში კონსპირაციული თეორია ჩიპიზაციისა და
ვაქცინაციის კომბინაციით ჩამოყალიბდა. ამ კონსპირაციის ტირაჟირებას
ტელეკომპანია “კავკასიამ” ერთსაათიანი ეთერი დაუთმო. გადაცემა
“ჰოროსკოპის” ავტორმა მიხეილ ცაგარელმა ვრცლად ისაუბრა ახალი
კორონავირუსის პანდემიის ირგვლივ კონსპირაციულ თეორიებზე და ვირუსის
მთავარ შემქმნელებად IT ტექნოლოგიების დარგში მსოფლიო ლიდერები - ბილ
გეითსი და ილონ მასკი დაასახელა: მასკი მასობრივი დაჩიპვის გეგმის
განხორციელებაში “ამხილა”, გეიტსი კი - მასობრივი ვაქცინაციის:
“არავის არაფერს არ კითხავენ, უკეთებენ ვაქცინას, სადაც არის შიგნით
მიკროჩიპი ჩადებული და ის მერე იქიდან იწყებს მთელი სხეულის
კონტროლს”, - განაცხადა ცაგარელმა “კავკასიის” ეთერში.
მოგვიანებით ტელეკომპანია “კავკასია” სპეციალური განცხადებით გაემიჯნა მიხეილ
ცაგარელის განცხადებებს:
“დღეს, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია ადამიანების რეალური ცოდნით და
ინფორმაციით შეიარაღება გლობალური საფრთხის წინააღმდეგ, რაციონალური
ქმედებები და გააზრებული ბრძოლა. ვფიქრობთ, რომ ამ საქმეში მედიის
როლი განუზომლად დიდია. სწორედ ამიტომ ვწუხვართ, რომ ჩვენი ეთერის
გამოყენება მოხდა სრულიად საპირისპირო მიზნით”, - ვკითხულობთ
განცხადებაში.
ამის მიუხედავად, ტელეკომპანიის ოფიციალურ იუთუბ არხზე კვლავაც
ხელმისაწვდომია ამ გადაცემის ჩანაწერი ისე, რომ არ არის იქვე
აღბეჭდილი ტელევიზიის საპირისპირო პოზიცია.
“ბილ გეითსმა გაავრცელა პანდემია”, “ამ ვაქცინაში არის შესული
მიკროჩიპი, სადაც თქვენი ყველა მონაცემი ჩაიდება – მიხეილ ცაგარელი
ბილ გეითს პანდემიის გავრცელებაში ადანაშაულებს” - ამ და მსგავსი
სათაურებით ქართულ მედიაში არაერთი ნიუსია გამოქვეყნებული, რომლებშიც
უაპელაციოდ არის შემოთავაზებული ცაგარელის განცხადებები და არსად არ
არის აღნიშნული, რომ ამ განცხადებებს არ გააჩნია არანაირი მეცნიერული
ან რაიმე სხვა დამადასტურებელი სანდო მტკიცებულებები.
კორონავირუსთან მიმართებაში ვაქცინაცია-ჩიპიზაციის კომბინაციით
კონსპირაციული თეორია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი
იერარქების ნაწილის მხარდაჭერითაც სარგებლობს.
ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მიტროპოლიტმა საბა გიგიბერიამ
ქადაგების დროს განაცხადა, რომ ვირუსი არის ეშმაკის ხელში საშუალება,
რომ ადამიანები თავისი გავლენის ქვეშ მოაქციოს. მას გეითსი-მასკის
გვარები არ დაუსახელებია, თუმცა განაცხადა, რომ შემოთავაზებული იქნება
ვაქცინა, რომელიც “ადამიანებს დაიმონებს”.
მიტროპოლიტის ეს განცხადებაც, რომელიც უსაფუძვლოა, ყოველგვარი
კონტრარგუმენტების გარეშე გამოაქვეყნა ქართული მედიის ნაწილმა. მათ
შორის, იყვნენ მაგალითად “რეზონანსი”, ფორტუნა და ა.შ.
ინფექციური დაავადებები, რომლებითაც გასული საუკუნეების მანძილზე
მილიონობით ადამიანი იხოცებოდა მსოფლიოში, სრულად აღმოიფხვრა ან
სრულიად მართვადი გახდა ვაქცინაციის შედეგად. შესაბამისად, მედიას
კარგად უნდა ესმოდეს, რომ როცა ტირაჟირებას უწევს ანტივაქსერების, ანუ
ვაქცინაციის მოწინააღმდეგეების კონსპირაციულ მოსაზრებებს, საფრთხეს
უქმნიან მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, საქართველოს დაავადებათა კონტროლის
ცენტრი მოქალაქეებს არაერთ ინფორმაციას აწვდიან Covid-19-ის
გავრცელების გზებზე. ვირუსი მათ შორის ვრცელდება წვეთოვანი გზით,
რომლის რისკი თან ახლავს ერთი კოვზით ზიარების პროცესს.
ამის მიუხედავად, მედიის ნაწილმა ყოველგვარი ბექგრაუნდის და
ახსნა-განმარტებების გარეშე შესთავაზეს აუდიტორიას საქართველოს
ჯანდაცვის მინისტრის განცხადება, რომ სამეცნიერო კვლევა არ არსებობს
იმაზე, არის თუ არა ერთი კოვზით ზიარება კოვიდ ინფექციის
გამავრცელებელი.
ზოგიერთი მედია კიდევ უფრო შორს წავიდა ამ საკითხში. მაგალითად,
ონლაინ-გამოცემა “კვირამ” ფაქტად შემოგვთავაზა (არ ყოფილა სხვა ფაქტი
მოცემული, რომელიც ალტერნატიულ ინფორმაციას მიაწვდიდა აუდიტორიას)
მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტრის წინამძღვრის განცხადება, რომ
კორონავირუსიანი ადამიანი აზიარა, რომლის შემდეგ იგივე კოვზით ეზიარა
თვითონაც და აზიარა სხვაც და არ მოხდა ამ შემთხვევებში Covid-19-ის
დადასტურება.
გარდა იმისა, რომ ეს ცალკეული ფაქტი საჭიროებს დადასტურებას
(მაგალითად, აუცილებელი იყო ინფექციონისტების, ეპიდემიოლოგების
ცნობების მოძიება ამ შემთხვევაზე), პრობლემური იქნებოდა მისი
უაპელაციოდ გაშუქება დადასტურების შემთხვევაშიც კი.
გასულ პერიოდში საქართველოში იყო ისეთი შემთხვევაც, როდესაც ცოლს
დაუდასტურდა კორონავირუსი და ქმარს არ აღმოაჩნდა, რომელსაც ჰქონდა
ფიზიკური კონტაქტი ინფიცირებულთან. ამის მიუხედავად, ეს ცალკეული
შემთხვევა არ ადასტურებს იმას, რომ ფიზიკური კონტაქტი არ არის ამ
ვირუსის გავრცელების რისკი და რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
დისტანცირების რეკომენდაციის დაცვა.
სტატია
მოამზადა "მედიაჩეკერმა" აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის
(EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭერით ამერიკის შეერთებული შტატების
საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის
შინაარსზე პასუხისმგებელია "მედიაჩეკერი". ის შესაძლოა არ
გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და
EWMI-ს შეხედულებებს.