06.06.2020
ბოლო 6 თვეში, ვირუსის პირველი შემთხვევების დაფიქსირებიდან დღემდე, ინტერნეტსივრცეში არაერთი კონსპირაციული თეორია გავრცელდა ვირუსის წარმოშობის შესახებ და ამ თეორიებმა ბანანებიდან „მსოფლიოს მოსახლეობის დაჩიპვამდე“ მიაღწია. სოციალური ქსელის სხვადასხვა ჯგუფებში ასობით მომხმარებელი დღემდე თავგამოდებით ამტკიცებს, რომ კორონავირუსი ხელოვნურად გამოგონილი იარაღია ადამიანებზე კონტროლის დასამყარებლად, ან/კიდევ ვირუსი მაღალსიჩქარიანი უკაბელო ინტერნეტის 5 G-ს ანტენებიდან ვრცელდება. ეს ჯგუფები ხალხს მასობრივი პროტესტის ორგანიზებისკენ მოუწოდებენ.
ინფოდემია - მოზღვავებული ინფორმაცია, დიდი მოცულობის საინფორმაციის ტალღა, რომელსაც ხშირად თან ახლავს დამახინჯებული და მცდარი ცნობები გაჩენილი/შექმნილი კორონავირუსის პანდემიის ფონზე.
„მედიაჩექერმა“ კორონავირუსის შესახებ ყველაზე ფართოდ გავრცელებულ კონსპირაციებს მოუყარა თავი.
❌ კონსპირაციული თეორია #1 - კორონავირუსი ბიოლოგიური იარაღია
კონსპირაციული თეორია, რომ ახალი კორონავირუსი ბიოლოგიური იარაღია და ის ხელოვნურად შეიქმნა, ერთ-ერთი პირველი იყო ვირუსის შესახებ გავრცელებულ მითებს შორის. ეს თეორია Covid-19-ის გაჩენიდან მალევე გაჩნდა, ვირუსულად გავრცელდა და პერიოდულად დღესაც აქტიურდება.

საინტერესოა, რომ გარდა რუსული პროპაგანდისტული მანქანისა, რომელიც ძალიან წარმატებით იყენებს კორონავირუსის პანდემიას დეზინფორმაციის კამპანიისთვის, ამ თეორიის გამავრცელებლებს შორის ხშირად იყვნენ პოლიტიკოსებიც. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკელი სენატორი, ტომ კოტონი, რომელმაც არ გამორიცხა, რომ ვირუსის წარმოშობა შეიძლება დაკავშირებული იყოს ვუჰანის ლაბორატორიასთან. ამის საპირისპიროდ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის დეპარტამენტის სპიკერმა ლიიან ჟაომ თქვა, რომ COVID-19-ის გამავრცელებელი შესაძლოა იყოს ამერიკული არმია, რომელმაც "ვირუსი უჰანში მიიტანა".
თუ საქართველოს დავუბრუნდებით, ამ თეორიის გამავრცელებელი, დასაწყისიდან დღემდე, კრემლისტური გამოცემები არიან, ისეთები, მაგალითად, როგორიცაა „ნიუს ფრონტი“ , „საქართველო და მსოფლიო“, „სპუტნიკი“. ამგვარ თეორიებს აქტიურად ავრცელებდა გადაცემებსა და სიუჟეტებში ტელეკომპანია „ობიექტივიც“.
რა იმალება ამგვარი ნარატივის უკან, ადვილი ამოსაცნობია - ანტიდასავლური გზავნილების გავრცელებას კრემლისტური მედია მხოლოდ ამ ტიპის მასალებით არ ცდილობს.
სინამდვილეში, სრული პასუხი კითხვაზე - რამ გამოიწვია კორონავირუსი, მეცნიერებს ჯერ ისევ არ აქვთ. თუმცა, გენეტიკური გამოკვლევებით დასტურდება, რომ ვირუსი თავდაპირველად ცხოველებში გაჩნდა. აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი უარყოფს მოსაზრებას, რომ კორონავირუსი ხელოვნურად არის შექმნილი ან ჩინეთის ლაბორატორიიდან შემთხვევით გავრცელდა: „თუ შეხედავთ ვირუსის ევოლუციას ღამურებში, კვლევა ძლიერად იხრება იმისკენ, რომ ამ ვირუსით ხელოვნურად ან მიზანმიმართულად მანიპულირება შეუძლებელი იყო, რადგან მუტაციები ვითარდებოდა ბუნებრივი გზით. ბევრი ძალიან კვალიფიციური ბიოლოგი-ევოლუციონისტი აცხადებს, რომ ყველაფერი, რაც ეტაპობრივ ევოლუციას ეხება, მტკიცედ მიუთითებს, რომ ის განვითარდა ბუნებაში“, – განაცხადა ფაუჩიმ „ნეიშენალ ჯეოგრაფიკთან“.
❌ კონსპირაციული თეორია #2 - კორონავირუსის გავრცელებას 5 G ტექნოლოგია იწვევს

ეთო ბუზიაშვილი, „ატლანტიკური საბჭოს“ „ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიიდან“ „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ თეორიას 5G ტექნოლოგიის მიერ ვირუსის გამოწვევის შესახებ „ფეისბუქზე“ ათასობით ადამიანი განიხილავდა: „ასეთი დეზინფორმაციის გამო ხალხმა ბრიტანეთსა და ნიდერლანდებში ანძები დაწვა. ეს ჯგუფები საქართველოშიც მოუწოდებენ ხალხს მასობრივი პროტესტის ორგანიზებისეკენ. ესაა ნათელი მაგალითი იმისა, როგორ გადაიზრდება-ხოლმე ონლაინ, ციფრული დეზინფორმაცია რეალურ ზიანად. შეიძლება საქართველო იყოს კიდეც შემდეგი“.
„თეორია, რომ 5G ტექნოლოგია იწვევს სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის გართულებებს ჯერ კიდევ 2016 წლიდან ცირკულირებს საინფორმაციო სივრცეში. თავდაპირველად ამგვარი მოსაზრებები გაჩნდა ფორუმებსა და YouTube-ზე, თუმცა მალევე აიტაცეს ისეთმა წყაროებმა, როგორებიცაა Infowars, ამერიკული რადიკალური მემარჯვენე ვებგვერდი, რომელიც აქტიურად ავრცელებს კონსპირაციის თეორიებსა და ყალბ ნიუსებს, და RT, რუსეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო სატელევიზიო ქსელი. RT აქტიურად ავრცელებდა ინფორმაციას, რომ 5G შეიძლება გლობალურ კატასტროფად იქცეს, რადგან იწვევს სიმსივნეს ადამიანებსა და ცხოველებში“, - ვკითხულობთ მცირე კვლევაში, რომელიც 27 მაისს, ინფორმაციის განვითარების ინსტიტუტმა გამოაქვეყნა.
IDFI წერს, რომ მსგავს შეთქმულების თეორიას შემდეგი ქართული წყაროები ავრცელებენ: iTv.ge, geomediatv.ge, wnews.ge, pirveli.site, Facebook-გვერდი „დედაქალაქი“. თუმცა, ყველაზე საშიში და საყურადღებო Facebook-ზე შექმნილი ჯგუფია - STOP 5G GEORGIA, რომელიც უკვე 22 500-მდე მომხმარებელს აერთიანებს. არსებობს მეორე ამგვარი ჯგუფიც - „შევაჩეროთ 5G საქართველოში“, 7300-ზე მეტი წევრით.
„გარდა სხვადასხვა სახის არაავთენტური მასალისა და კონსპირაციის თეორიებისა, ჯგუფებში აქტიურად ზიარდება ინფორმაცია იმგვარი წყაროებიდან, რომლებიც რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ადრეც ყოფილან შემჩნეული. ასეთებია, მაგალითად, tvalsazrisi.ge, geoworld.ge, რომლებიც განსაკუთრებული სიხშირით აშუქებენ რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას , Sputnik და თავად RT“, - ვკითხულობთ IDFI-ს სტატიაში.
სინამდვილეში, 5G არის მაღალსიჩქარიანი უსადენო კავშირი. როგორც BBC წერს, მართალია, 5G წინამორბედებისგან განსხვავებულ რადიო სიხშირეებს იყენებს, მაგრამ გამოყენებული რადიოტალღები არაა იონიზებადი, შესაბამისად, ის ადამიანის უჯრედებს ვერ დააზიანებს. ამ დრომდე არ არსებობს არცერთი კვლევა, რომელიც ამბობს, რომ 5G ტექნოლოგია შესაძლოა საფრთხის შემცველი იყოს ადამიანებისთვის.
❌ კონსპირაციული თეორია #3 - ბილ გეიტსმა კორონავირუსის შესახებ წინასწარ იცოდა და მას ხალხის „დაჩიპვა“ სურს

64 წლის ფილანტროპს, ფეისბუკში, ტვიტერსა და იუთუბზე ხშირად მოიხსენიებენ როგორც „სპეკულიანტს, რომელსაც მოსახლოების დაჩიპვა და ამ გზით მათზე კონტროლის დამყარება სურს“.
ამ თეორიის მიმდევრები ირწმუნებიან, რომ ბილ გეიტსმა პანდემიის შესახებ წინასწარ იცოდა და ამ მოსაზრების გასამყარებლად 2015 წელს, ბიზნესმენის TED-ზე გამოსვლას იმოწმებენ. ამ ვიდეოს 65 მლნ-ზე მეტი ნახვა აქვს.
ამ გამოსვლაში გეიტსი ებოლას ეპიდემიის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ არ არის გამორიცხული რომელიმე უფრო გადამდებმა დაავადებამ მსოფლიო პანდემია გამოიწვიოს. იგი ხაზს უსვამს, ერთი მხრივ მსოფლიოს მოუმზადებლობას რომელიმე ასეთი ვირუსისადმი, და მეორე მხრივ ვერსიას, რომ შესაძლოა ვირუსი დასაწყისში უსიმპტომო მიმდინარეობის იყოს. ბილ გეიტსზე შექმნილი კონსპირაციების ავტორები ირწმუნებიან, რომ კორონავირუსის პანდემია „საუკეთესო საბაბია იმისათვის, რომ ხალხს ბილ გეიტსის მიერ შექმნილი მიკროჩიპები ჩაუყენონ. ამ გზით კი ადამიანების გაკონტროლებას შეძლებენ“.
ქართული გამოცემებიდან ამ ვერსიას აქტიურად ავრცელებენ ისეთი გამოცემები, როგორიცაა „თვალსაზრისი“, „ალია“, „რეზონანსი“, „ჰოთ ნიუსი“. ეს გამოცემები მეტწილად ასტროლოგ მიხეილ ცაგარელს ეყრდნობიან.
სინამდვილეში, ბილ გეიტსი უზარმაზარ ფულად რესურსს ხარჯავს პანდემიასთან ბრძოლაში. BBC-ის ინფორმაციით, მისმა საქველმოქმედო ფონდმა, ახალი ვაქცინის შემუშავებისა და პრევენციული ზომების მიღებისთვის 300 მილიონი დოლარი გამოყო.
„ასეთ დროს, როდესაც მსოფლიო ჯანდაცვისა და ეკონომიკის უპრეცენდენტო კრიზისის წინაშეა, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ არიან ადამიანები, რომლებიც დეზინფორმაციას ავრცელებენ. მაშინ, როდესაც ჩვენ უნდა ვეძებდეთ თანამშრომლობის გზებს სიცოცხლის გადასარჩენად. ახლა ყველაზე მნისვნელოვანი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ შევაჩეროთ Covid-19-ის გავრცელება, ფაქტების გავრცელებაა“, - განაცხადა ბილ გეიტსმა BBC-სთან ინტერვიუში, მასზე გავრცელებული დეზინფორმაციების პასუხად.