„მიუღებელია, რომ EBU-ს წევრი მაუწყებლის ხელმძღვანელობა დევნიდეს კოლეგებს პროფესიული მოვალეობის შესრულების გამო,“- „მედიის ადვოკატირების კოალიცია“.
23.03.2025


„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს იმ წევრების მიერ, რომელებიც „ქართული ოცნებისადმი“ ლოიალობით გამოირჩევიან, არხის „ჟურნალისტების დევნას“ მკაცრად გმობს და აღნიშნავს, რომ საბჭოს წევრების მოწოდება პროკურატურისადმი, რომ მან პროფესიონალი და კეთილსინდისიერი ჟურნალისტების საქმე მათი კრიტიკული განცხადებების გამო შეისწავლოს, საგანგაშოა.

„ეს არის უპრეცედენტო ზეწოლა მედიის თავისუფლებაზე და პირდაპირი მუქარა იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც საკუთარ პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას და ივანიშვილის რეჟიმს პროპაგანდასა და ძალადობაში ამხელენ“.

ორგანიზაციის განცხადებით, მიმდინარე წლის 21 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ცალკეულმა წევრებმა მათი ჟურნალისტების – ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის, ნინო ზაუტაშვილის, კახა მელიქიძისა და გია იმნაიშვილის კრიტიკულ განცხადებებზე იმსჯელეს და ჟურნალისტების მიერ გავრცელებულ სარწმუნო ინფორმაციაზე შესაბამისი რეაგირების ნაცვლად, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა საბჭოს წევრებმა, პროკურატურის ჩართულობა და აღნიშნული ჟურნალისტების საქმის შესწავლა მოითხოვეს. 

„ივანიშვილი რეჟიმის ლოიალური საბჭო უსაფუძვლოდ ამტკიცებდა, რომ ჟურნალისტები „ფინანსური ან პოლიტიკური ინტერესებით” მოქმედებდნენ. „შთაბეჭდილება მაქვს, რომ ამ ყველაფერში მასონური ლოჟაა ჩარეული”- განაცხადა საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა თამილა დოლიძემ“.

„მედიის ადვოკატირების კოალიციის“ შეფასებით, ეს შემთხვევა „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული სისტემური პოლიტიკის ნაწილია და მიზნად პროფესიონალი, დამოუკიდებელი და პროევროპელი ჟურნალისტების დევნას ისახავს.

„“ქართული ოცნების” გავლენის ქვეშ მყოფი მმართველი პირების ხელმძღვანელობით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა მიკერძოებულია ივანიშვილის რეჟიმის სასარგებლოდ, რაც დადასტურებულია სხვადასხვა დამოუკიდებელი მონიტორინგის შედეგებით.

არსებობს მრავალი შემთხვევა, მოქმედი თუ ყოფილი ჟურნალისტების ჩვენებები, რომლებიც ააშკარავებენ მაუწყებლის პროპაგანდისტულ და დეზინფორმაციულ პოლიტიკას. ევროპარლამენტი მოითხოვს სანქციების დაწესებას სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძისა და დირექტორ თინათინ ბერძენიშვილის მიმართ პროპაგანდის გავრცელებასა და რეპრესიული რეჟიმის მხარდაჭერისთვის.

აღსანიშნავია, რომ უწყვეტ აქციებთან ერთად, მიმდინარეობს პროტესტი საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, სადაც მოქალაქეები ითხოვენ, რომ მაუწყებელმა შეასრულოს თავისი მისია, უზრუნველყოს სათანადო გაშუქება და ხალხის ხმის საზოგადოებამდე მიტანა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი დემოკრატიისთვის, და სწორედ ამ დამოუკიდებელი და პროფესიონალი ჟურნალისტების წყალობით, ჯერ კიდევ არსებობს საზოგადოებაში რწმენა საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის მიმართ. მიუხედავად ზეწოლისა, ეს ჟურნალისტები აგრძელებენ პროფესიული სტანდარტების დაცვას და ცდილობენ ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას საზოგადოებისთვის“.

„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ საზოგადოებრივი მაუწყებლის კეთილსინდისიერი და პროფესიონალი ჟურნალისტების მიმართ სრულ სოლიდარობას გამოხატავს და საერთაშორისო საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ევროპის მაუწყებელთა კავშირს (EBU) მოუწოდებს, არსებულ სიტუაციაში აქტიურად ჩაერთოს.

„მიუღებელია, რომ EBU-ს წევრი მაუწყებლის  ხელმძღვანელობა დევნიდეს კოლეგებს პროფესიული მოვალეობის შესრულების გამო და პროპაგანდის და დეზინფორმაციის გამავრცელებელი იყოს,“- აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ