სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „აჭარა თაიმსის“ დამფუძნებელი გამოკითხვაზე დაიბარა
20.03.2025


სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ონლაინგამოცემა „აჭარა თაიმსის“ დამფუძნებელი და დირექტორი, სულხან მესხიძე გამოკითხვაზე დაიბარა. 

ჟურნალისტმა მასზე განხორციელებული თავდასხმის შემთხვევების გამოძიების მოთხოვნით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს 19 მარტს, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დახმარებით, მიმართა. 

სულხან მესხიძე უწყებისთვის წარდგენილ საჩივარში წერს, რომ მასზე თავდასხმის ერთი შემთხვევა „ოცნების ქალაქში“, 15 თებერვალს, მოხდა, როცა დასახლებაში ორი ბავშვის ტრაგიკულ დაღუპვას აშუქებდა.

„გაშუქების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობა გამოირჩეოდა აგრესიულობით, რასაც ადასტურებს ჩემს მიერ გადაღებული არაერთი კადრი. მაგალითად, ერთ-ერთ ვიდეოში დანიელ თურაძე, რომელიც გახლავთ ბათუმის ბულვარის თანამშრომელი ხელის დარტყმით ძირს აგდებს „აჭარა თაიმსის“ ტექნიკას - ისვრის მიკროფონს და მანამდე მეუბნება შემდეგ ფრაზებს : „ ... ეს გახარებთ თქვენ და ამიტომ აკეთებთ ამას. სიხარულისთვის აკეთებთ ამას, გაჭირვებისთვის ამას არ აკეთებთ.“ ვიდეოში ისმის ასევე რეპლიკა: „უნამუსო კაცი„“.

მესხიძე აღწერს მასზე თავდასხმის სხვა შემთხვევებსაც: „ჩემზე თავდასხმა ამით არ ამოწურულა. "ოცნების ქალაქში" კორპუსის სახურავის ჩამონგრევის შესახებ ინფორმაციას პირდაპირ ეთერში ვაწვდიდით საზოგადოებას, რა დროსაც ერთ-ერთი პირი გადაღების შეწყვეტასა და "აჭარა თაიმსის" ადგილიდან გაძევებას მოითხოვდა. თუმცა, ერთ-ერთი დაზარალებულის დახმარებით აგრესიულად განწყობილმა პირმა თავისი განზრახვა ვერ განახორციელა. ამ პერიოდში განსაკუთრებით, "ოცნების ქალაქში" მცხოვრები რამდენიმე პირი, რომლებიც ხელისუფლების მხარდამჭერები არიან, "აჭარა თაიმსის" მიმართ აგრესიული ქმედებებით გამოირჩეოდნენ. ისინი "ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან კრიტიკული კითხვების დასმა გვიკრძალავდნენ.

რაც შეეხება თავდასხმის მესამე ეპიზოდს ეს მოხდა 2025 წლის 15 თებერვალს, რის დამადასტურებელი კადრები აგრეთვე გადაღებულია ჩემს მიერ. ამ ვიდეოში ჩანს თუ როგორ ცდილობდა "ქართული ოცნება" ხალხის გაჩუმებასა და კრიტიკული განწყობების ჩახშობას. კერძოდ, „ოცნების ქალაქში“ აჭარის ეკონომიკის მინისტრი და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამდენიმე მხარდამჭერთან ერთად მივიდნენ, რის შემდეგაც მედიასა და მოქალაქეებზე თავდასხმა დაიწყო. აღსანიშნავია, რომ მმართველი გუნდის მხარდამჭერების მხრიდან გამოვლენილ აგრესიასა და ძალადობაზე ჯაბა ფუტკარაძეს, ასევე ირაკლი თავდგირიძეს რეაქცია არ ჰქონდათ.

აგრეთვე, ბათუმის მერიის თანამშრომელმა, გიორგი გიორგაძემ Facebook-ზე გამოაქვეყნა შემდეგი შინაარსის პოსტი: „უღირსი და უსაქციელო არაკაცი ხარ ფურთხსაც რომ ვერ გავიმეტებ შენთვის…“.

„აჭარა თაიმსის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა „მედიაჩეკერთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ „ოცნების ქალაქში“ მომხდარი ტრაგედიის გაშუქებისას, მისმა ჟურნალისტურმა საქმიანობამ სერიოზული წინააღმდეგობა და აგრესია გამოიწვია:

„ადგილზე მყოფი მოქალაქეები, მათ შორის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და ბათუმის ბულვარის თანამშრომელი დანიელ თურაძე, მიზანმიმართულად ცდილობდნენ ჩემი საქმიანობის შეზღუდვას – ისინი მავიწროებდნენ, ხელს მიშლიდნენ მუშაობაში და ცდილობდნენ ტექნიკის დაზიანებას.

ამ ფაქტმა ცხადყო, რომ საქმე გვაქვს არა მხოლოდ ცალკეულ პირების აგრესიასთან, არამედ გაცილებით სერიოზულ პრობლემასთან – მედიაზე ზეწოლის მორიგ მცდელობასთან. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ ადგილზე მყოფი პოლიციელები, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ დაეცვათ ჟურნალისტის უსაფრთხოება, ამ სიტუაციაში სრულიად უმოქმედონი იყვნენ.

კიდევ ერთი საგანგაშო დეტალი არის ის, რომ მომხდარს ესწრებოდნენ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი თავდგირიძე, დეპუტატები და უმაღლესი საბჭოს წევრი რამაზ ჯინჭარაძე, თუმცა მათ არანაირი რეაქცია არ ჰქონიათ. ეს ქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ აღნიშნული ქმედებები არ იყო მხოლოდ სპონტანური, არამედ გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან მართული პროცესის ნაწილი“.

სულხან მესხიძის თქმით, ამ ყველაფერს სოციალურ ქსელებში ორგანიზებული კამპანია მოჰყვა და დღემდე ვრცელდება მუქარის შემცველი შეტყობინებები და სიძულვილის ენა, მათ შორის საჯარო მოხელეების მხრიდან. 

„19 მარტს ოფიციალურად მივმართე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რათა მოხდეს ამ ფაქტების სრულფასოვანი გამოძიება და პასუხისმგებელი პირები პასუხისგებაში მიეცნენ. 

მე არ ვაპირებ შევეგუო ჟურნალისტების შევიწროებას. კრიტიკული მედიის გაჩუმება ვერ გახდება ნორმა და მიუხედავად ნებისმიერი ზეწოლისა, სიმართლის თქმა ჩემი პროფესიული ვალდებულებაა,“ - ამბობს მესხიძე.

„მედიაჩეკერი“ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც დაუკავშირდა. უწყებისგან პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა შესაბამისად განახლდება. 

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ