კომუნიკაციების კომისიას თვითრეგულირების საკითხებისთვის მაუწყებლის დასანქცირება 1 ივნისიდან შეეძლება
20.03.2025



„ქართული ოცნების“ პარლამენტმა მედიის შემზღუდავი ის კანონპროექტი, რომელიც თვითრეგულირების მექანიზმის შემცირებასა და კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილების ზრდას ითვალისწინებს, 19 მარტს მეორე მოსმენით მიიღო.
.......................................................................................................................................................
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტით, კომუნიკაციების კომისიას, საჩივრის მიმართვის საფუძველზე, აქამდე თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა ეძლევა.

ამ ცვლილებების დაინიიცირებამდე ეს წესები „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ იყო განსაზღვრული. მოქმედი კანონით კი, მაუწყებლებს დარღვევებზე რეაგირების ვალდებულება თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში ჰქონდათ და სანქცია მათ მხოლოდ იმ შემთხვევაში უწესდებოდათ, თუ განხილვაზე უარს იტყოდნენ.

დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ მოქმედი კანონის იმ მუხლებს შეეხება, რომელიც ფაქტის ჯეროვან სიზუსტესა და პასუხის უფლებას; სამართლიანობასა და მიუკერძოებლობას; ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებს; პროგრამულ შეზღუდვებს; საჩივრებსა და წინასაარჩევნო დებატებს არეგულირებს. 
.......................................................................................................................................................

განახლებული კანონის პროექტით, რომელსაც „ქართული ოცნების“ პარლამენტმა მხარი მეორე მოსმენით უკვე დაუჭირა, დაგეგმილი ცვლილებები მაუწყებლების ვებგვერდებსა და სოციალური ქსელების მეშვეობით გავრცელებულ ინფორმაციასაც შეეხება. 

„მაუწყებელს ამ კანონის 52-ე, 54−54(2) , 55(2), 55(3), 56−56(4) მუხლების მოთხოვნათა დარღვევისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება აგრეთვე მის მიერ მასობრივი ინფორმაციის საქართველოს სახელმწიფო ენაზე ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილ ინტერნეტდომენისა ან/და ინტერნეტჰოსტინგის საშუალებით, ასევე, თავის აპლიკაციაში ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე (მათ შორის, სოციალურ ქსელში) ინფორმაციის განთავსებისთვის“, - დაემატება ჩანაწერი მოქმედი კანონის 59(1) მუხლს. 

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტში, პირველი მოსმენის შემდეგ, გაჩნდა ჩანაწერიც, რომლითაც პირს ცილისწამების თაობაზე  დამატებით სასამართლოსთვის მიმართვა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა არ ეზღუდება:

„ეს მუხლი არ ზღუდავს პირის უფლებას ცილისწამების თაობაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სარჩელით მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება“.

იმ მუხლის ახალი რედაქციით კი, რომელიც ფაქტის ჯეროვან სიზუსტესა და პასუხის უფლებას შეეხება, კომუნიკაციების კომისიას, ფაქტის ჯეროვანი სიზუსტის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებასთან ერთად, შეეძლება მაუწყებელს დაავალოს, რომ დაინტერესებულ პირს პასუხის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა მისცეს. 

„დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია, ფაქტის ჯეროვანი სიზუსტის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებასთან ერთად მაუწყებელს დაავალოს დაინტერესებული პირისათვის ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობის მიცემა“, - დაემატება ჩანაწერი მოქმედი კანონის 52-ე მუხლს. 

პირველი მოსმენის შემდეგ შეიცვალა ის ჩანაწერიც, რომელიც სამართლიანობასა და მიუკერძოებლობას ეხება და რომლითაც საავტორო პროგრამის წამყვანმა „არ უნდა გამოიყენოს საკუთარი მდგომარეობა საკუთარი მოსაზრების იმ ფორმით გავრცელებისათვის, რომელმაც შეიძლება ხელყოს პროგრამის მიუკერძოებლობა“.

54-ე ახალი რედაქციით, „საავტორო პროგრამის გადაცემისას, უშუალოდ პროგრამის დაწყების წინ, აუდიტორიას უნდა ეცნობოს, რომ პროგრამა საავტოროა. საავტორო პროგრამაში აუდიტორიას უნდა მიეწოდოს მოსაზრებათა ფართო სპექტრი, თავიდან უნდა იქნეს აცილებული ფაქტების დამახინჯება და განსხვავებული აზრის არასწორი ინტერპრეტირება. საავტორო პროგრამის წამყვანმა არ უნდა გამოიყენოს საკუთარი მდგომარეობა საკუთარი მოსაზრების იმ ფორმით გავრცელებისათვის, რომელმაც შეიძლება ხელყოს პროგრამის მიუკერძოებლობა“.

მეორე მოსმენით მიღებულ კანონპროექტში გაჩნდა გარდამავალი დებულებაც, რომლითაც კომუნიკაციების კომისიას მაუწყებლების დასანქცირება 2025 წლის 1 ივნისიდან შეეძლება. 

„მაუწყებლის მიერ ამ კანონის 52-ე, 54-ე, 54(1), 54(2), 55(3), 56, 56(4) მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების 2025 წლის პირველ ივნისამდე დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით და უფლებამოსილია შეუფარდოს ამავე კანონით გათვალისწინებული სანქციები, რომლებიც არ მიექცევა აღსასრულებლად. მაუწყებლის მიერ ამ კანონის 52-ე, 54-ე, 54(1), 54(2), 55(3), 56, 56(4) მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების 2025 წლის პირველ ივნისის შემდეგ დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს და შესაბამის სანქციას შეუფარდებს კანონით გათვალისწინებული წესით“. 

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების ამ პროექტს მხარი მხოლოდ სოზარ სუბარმა არ დაუჭირა. სუბარმა პროექტის განხილვის დროს, 19 მარტის პლენარულ სხდომაზე თქვა, რომ მაუწყებლებისთვის მაგალითად, მიუკერძოებლობის, ბალანსის დაცვის დავალდებულება „შეუძლებელი და არასწორიც“ ჰგონია და „ქიმერებს ეკიდებიან“.

„იერიში კრიტიკულ მედიაზე“- რა ცვლილებებს იღებს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში „ქართული ოცნება“- ვრცლად წაიკითხეთ „მედიაჩეკერის“ სტატია.

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ