AINews.ge - პირველი ქართულენოვანი AI მედია



პირველი ქართულენოვანი, ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული AI მედია უკვე ხელმისაწვდომია. AINews.ge „ჟურნალისტიკის რესურსცენტრის“ პროექტია, რომელიც ქართველ დეველოპერებთან კოლაბორაციით შეიქმნა. 

როგორც პლატფორმის ავტორმა და „ჟურნალისტიკის რესურსცენტრის“ თავმჯდომარემ, ნათია კუპრაშვილმა აღნიშნა, AINews.ge-ზე ხელოვნური ინტელექტის მიერ, მსოფლიოს ყველაზე სანდო და პოპულარულ მედიებზე დაყრდნობით, ქართულ ენაზე მომზადებული მედია პროდუქტი განთავსდება.

„პლატფორმის ღრუბელი, რომელსაც აქვს უნარი ათეულობით რესპექტაბელურ, აღიარებულ საერთაშორისო მედიის მიერ მომზადებულ მასალებზე დაყრდნობით ქართულად შექმნას და თავი მოუყაროს შეუმცდარ, არამანიპულირებად მედიაპუბლიკაციებს, ხელმისაწვდომი იქნება პარტნიორი რეგიონული მედიებისთვის,  რაც დაზოგავს ადამიანურ რესურსებს და რა გზითაც AI News-ის მასალებს მათ მედიასაშუალებებზეც ნახავთ. თავად AINews.ge-ს ღია გვერდები, ვებსა და სოც მედიებში ოპერატიულად მოგაწვდით ამბებს ყველა სფეროდან, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ,“ - განაცხადა კუპრაშვილმა.

კრემლისტური დეპეშები ქართულ ტელეგრამზე


IWPR-ის მიერ OSINT-ით ჩატარებული გამოძიება აჩვენებს, რომ ქართულენოვანმა Telegram-მა მიზნობრივ აუდიტორიაში 2024 წლის არჩევნებამდე კრემლისგან მხარდაჭერილი დეზინფორმაციით შექმნილი სურათი შეავსო და გაამყარა. 

კვლევის - კრემლისტური დეპეშები ქართულ Telegram-ზე“ მიხედვით, Telegram-ზე საინფორმაციო ოპერაციები დეზინფორმაციას ისეთ სენსიტიურ სოციალურ საკითხებთან აკავშირებს, როგორიცაა დემოგრაფია, ოჯახური ღირებულებები, განათლება. 

„ეს ნარატივები იმეორებს, ან პირიქით ამ ნარატივებს იმეორებენ, მმართველობაში მყოფი პარტიის, ,,ქართული ოცნების” ლიდერები.  ეს მიდგომა ეხმარება აქტორებს მიაღწიონ ფართო აუდიტორიას და გამოიყენონ სოციალური დაყოფა ქართული საზოგადოების პოლარიზაციისთვის“.

როგორც ავტორები აღნიშნავენ, პლატფორმაზე ადგილობირივი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ნაკლებჩართულობის ფონზე, კრემლი ქართულენოვან ტელეგრამს ეფექტურად იყენებს და მაგალითად, გენდერსა და იდენტობაზე დაფუძნებული დეზინფორმაციით, ახერხებს სოციალური დაძაბულობის შექმნასა და შენარჩუნებას ადგილობრივ საზოგადოებაში.

სტატიის მიხედვით, პროკრემლისტურმა არხებმა, რომელიც გამოძიებამ გამოავლინა, მაინც შეძლო 62 000-ზე მეტ ქართველ გამომწერზე გასვლა, 17 არხის გამოყენებით, იმ ფონზე, როცა მიიჩნევა, რომ საქართველოში Telegram-ს  შეზღუდული გამოყენება აქვს.   

რომელი არხები გამოავლინა გამოძიებამ, ვინ დგას მათ უკან და რა საკითხებით კვებავენ პროპაგანდას, წაიკითხეთ ვრცლად ნათია კუპრაშვილისა და ნინა ხელაძის კვლევა - კრემლისტური დეპეშები ქართულ Telegram-ზე

 
ინფორმაციის თავისუფლება: მედია და საზოგადოება სისტემური უკანონობის პირისპირ - IDFI-ის ანგარიში


„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ ანგარიშის - „ინფორმაციის თავისუფლება: მედია და საზოგადოება სისტემური უკანონობის პირისპირ“ მიხედვით, განვლილი 2 წლის განმავლობაში საქართველოში დემოკრატიის ხარისხის მკვეთრმა უკუსვლამ საჯარო დაწესებულებების ანგარიშვალდებულებაზე არსებითი მნიშვნელობის ნეგატიური გავლენა იქონია.

„2022-2024 წლების განმავლობაში საქართველოში დემოკრატიის ხარისხმა მკვეთრი უკუსვლა განიცადა. რუსული კანონის მიღება, მედიის სხვადასხვა მეთოდით შევიწროება და საქმიანობაში ხელშეშლა 2024 წლის 26 ოქტომბრის არადემოკრატიულად ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებითა და დემოკრატიულ სახელმწიფოთა მიერ ამ დრომდე არაღიარებული პარლამენტისა და მთავრობის არაკონსტიტუციური გადაწყვეტილებით გაგრძელდა. ამ ფონზე, არსებითად დამძიმდა მედიისა და ჟურნალისტების უფლებრივი მდგომარეობა. რუსული კანონიდან მომდინარე საფრთხეებს, ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე სასტიკი ფიზიკური ძალადობა დაემატა. დემოკრატიის უკუსვლამ ბუნებრივად განაპირობა საჯარო დაწესებულებების ანგარიშვალდებულების შემცირება“. 

IDFI-ის კვლევის მიხედვით, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით მკვეთრად გაუარესებული მდგომარეობის გამომწვევი არა მოქმედი კანონმდებლობა, არამედ  მისი სრული და სისტემური  უგულებელყოფაა.

„მედიის წარმომადგენლების მიერ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისას, უმეტეს შემთხვევაში, სახეზეა საჯარო დაწესებულებების მხრიდან ყველაზე საბაზისო კანონისმიერი ვალდებულებების უგულებელყოფა. მოთხოვნილი ინფორმაციის კანონით დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით მიღება არის უკიდურესად საგამონაკლისო შემთხვევა“.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, საჯარო ინფორმაციის განცხადებათა დაახლოებით 60% საჯარო დაწესებულებებმა რეაგირების გარეშე დატოვეს, რაც საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის უხეში დარღვევაა. საჯარო ინფორმაციის 204 განცხადებიდან კი 10-დღიანი პერიოდის განმავლობაში მხოლოდ 12 (6%) დაკმაყოფილდა.  

„საჯარო დაწესებულებები, როგორც წესი, ხელოვნურ დაბრკოლებებს უქმნიან განმცხადებლებს, რათა თავი აარიდონ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემას“.

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ შეფასებით, პრაქტიკაში, როგორც წესი, ადმინისტრაციული საჩივრის მექანიზმი თავის ფუნქციას არ ასრულებს, რაც, მათ შორის, საჯარო დაწესებულებების მიერ მათი განხილვის არათანმიმდევრული პრაქტიკით არის განპირობებული. ადმინისტრაციული ორგანოები უფლების შემზღუდველ დანაწესებს არასწორად/ფართოდ განმარტავენ, რაც, ხშირ შემთხვევაში, საჯარო ინფორმაციის გაუცემლობას  იწვევს, მისი გაცემისთვის საჭირო საკანონმდებლო წინაპირობების არსებობის შემთხვევებშიც. 

IDFI-ის კვლევის მიხედვით, საქართველოში არ არსებობს დამოუკიდებელი გარე საზედამხედველო მექანიზმი, რომელიც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხებზე დროული და ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელებას შეძლებდა. 

„საერთო სასამართლოებში, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე სამართალწარმოება წლების განმავლობაში გრძელდება. სასამართლო დავის წარმატებით დასრულების შემთხვევაშიც კი, არსებობს რისკი იმისა, რომ იმავე/მსგავსი შინაარსის ინფორმაცია საჯარო დაწესებულებამ კვლავ არ გასცეს“.

როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე IDFI-ის მიერ დასრულებული და მიმდინარე საქმეები მოწმობს, რომ მედიას საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის პროცესში არსებითი, როგორც წესი, უკანონო სამართლებრივი და პრაქტიკული დაბრკოლებები ექმნება. 

„მთლიანობაში, მედიის ლეგიტიმური მოლოდინი, რომ ჟურნალისტს მიეცემა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა, ფაქტობრივად არ არსებობს. საჯარო დაწესებულებების მიერ კანონის სისტემური დარღვევების მიღმა, არსებობს სხვადასხვა ტიპის გამოწვევები, რომლებიც უშუალოდ კანონიდან ან/და კანონის არასწორი ინტერპრეტაციიდან მომდინარეობს“. 

IDFI-ის შეფასებით, სასამართლო სისტემა სისტემურ უკანონობაზე ეფექტიანად ვერ რეაგირებს და სასამართლოში რამდენიმე წელი გრძელდება, მათ შორის, ისეთი დავების განხილვა, სადაც სახელმწიფოს მიერ კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნების სრული უგულებელყოფა აშკარაა. 

 

 
„სამხრეთის კარიბჭისა“ და TOK TV-ის გადამღები ჯგუფები ახალციხის მერის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე არ შეუშვეს
ფოტო: „სამხრეთის კარიბჭე"



ახალციხის მერის მრჩეველთა საბჭოს 26 მარტის სხდომაზე „სამხრეთის კარიბჭისა“ და TOK TV-ის გადამღები ჯგუფები არ შეუშვეს. 

„სამხრეთის კარიბჭის“ ჟურნალისტის, თემო ინასარიძის თქმით, მრჩეველთა საბჭოს სხდომის გამართვის შესახებ ადგილობრივმა მედიამ საკუთარი რესურსით შეიტყო. ახალციხის საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობასთან მისულ ჟურნალისტებს კი დაცვის სამსახურმა განუცხადა, რომ სხდომაზე ნებართვის გარეშე ვერ შეუშვებდნენ. 

„ახალციხის მერის მრჩეველთა საბჭო, რომელიც მოქალაქეთა მიმართ გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მიზნით შეიქმნა, მედიისგან დახურულ რეჟიმში ჩატარდა. რუსული კანონის ხელახლა ინიციირებისა და მიღების შემდეგ, მერია ადგილობრივ მედიას დაგეგმილი სხდომების შესახებ ინფორმაციას აღარ გვაწვდის, გუშინ კი, საბჭოს არსებობის მანძილზე, მედიას პირველად შეეზღუდა მისი გაშუქებაც,“ - განაცხადა ინასარიძემ.

როგორც TOK TV-ის ჟურნალისტმა, ინგა ირიციანმა „მედიაჩეკერთან“ საუბრისას აღნიშნა, მერიის პრესსამსახურთან ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ, დაცვის თანამშრომელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ პრესსამსახურმა მედიის შეშვებაზე უარი განაცხადა.

„მერის მრჩეველთა საბჭოს გაშუქებაზე მსგავსი პრაქტიკა არ მახსენდება. პირიქით, წინა წლებში თვითონვე გვირეკავდნენ და გვატყობინებდნენ ხოლმე აღნიშნულ სხდომაზე. თუმცა, ბოლო ორი წელია დაგეგმილი სხდომების შესახებ აღარ გვატყობინებენ.

ვფიქრობ, სისტემამ გადაწყვიტა, რომ არ სჭირდება დამოუკიდებელი, თავისუფალი მედია და ისინი ნელ-ნელა რაც უფრო მეტ კარს ჩაკეტავენ, მათთვის მით უფრო კომფორტული გარემო შეიქმნდება. მედიისგან შორს ყოფნა, მთლიანად, ავტოკრატიზაციის ნაწილია“, - ამბობს TOK TV-ის ჟურნალისტი.

ინგა ირიციანის თქმით, მათ პრობლემა მერიიდან საჯარო ინფორმაციის მიღებაზეც ჰქონდათ, რაზეც სახალხო დამცველსაც მიმართეს.

„საჯარო ინფორმაციებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველს მივმართეთ. სახალხო დამცველმა მათ რეკომენდაციები გაუგზავნა და უთხრა, რომ აუცილებლად უნდა მოეწოდებინათ საჯარო ინფორმაცია, თუმცა ამას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია“.

მრჩეველთა საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ, „სამხრეთის კარიბჭისა“ და TOK TV-ის ჟურნალისტები შეეცადნენ ახალციხის მერისთვის, ირაკლი ლაზარაშვილისთვის ეკითხათ, რა გახდა სხდომის დახურვის მიზეზი, რაზეც მან უპასუხა: „სამუშაო შეხვედრა მქონდა და ვალდებული არ ვართ ყველა შეხვედრაზე დაესწროთ. გვაქვს რაიმე ვალდებულება, დავარღვიეთ რაიმე კანონი?! შეხვედრა არ იყო დახურული, უბრალოდ დღეს ესე ჩავთვალეთ საჭიროდ რომ გვემუშავა“.

27 თებერვალს ახალციხის მერმა TOK TV-ს ჟურნალისტებს მიშო დარბაიძესა და ინგა ირიციანს „მხარე“ უწოდა და დარბაიძის მიერ დასმული კითხვები გამარტივებული შესყიდვების და ამ მიმართულებით კორუფციული რისკების შესახებ „მავნებლურად“ და „ჭორაობად“ შეაფასა. ირაკლი ლაზარაშვილმა  „მხარედ“  მოიხსენია „სამხრეთის კარიბჭის“ ჟურნალისტი ნუკა სტეფნაძეც, რომელიც კოლეგებს გამოექომაგა და ირაკლი ლაზარიშვილს კორექტულობისკენ მოუწოდა.  

ჟურნალისტების სხდომაზე არ შეშვების მიზეზის გასარკვევად „მედიაჩეკერი“ ახალციხის მერიის პრესასახურსაც დაუკავშირდა. პრესამსახურის ხელმძღვანელმა, ია გოგატიშვილმა კითხვის მოსმენის შემდეგ ტელეფონი გათიშა და რედაქციის ზარებს აღარ პასუხობს. „მედიაჩეკერის“ ზარებს არ პასუხობენ პრესამსახურის სხვა თანამშრომლებიც, რომლებსაც მოკლე ტექსტური შეტყობინებებიც გავუგზავნეთ. მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა შესაბამისად განახლდება. 

მზია ამაღლობელის გახანგრძლივებული წინასწარი პატიმრობა გაუმართლებელია - ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი



ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ო’ფლაჰერტიმ საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარში გამოაქვეყნა, სადაც გამოხატულია მისი შეშფოთება და რეკომენდაციები შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების დაცვისა და ლგბტი ადამიანების უფლებებთან დაკავშირებით.

ქვეთავში - „საპროტესტო აქციების დროს ადამიანის უფლებების დარღვევა“ აღნიშნულია, რომ პროევროპულ აქციებზე მომიტინგეები და ჟურნალისტები უპრეცედენტო მასშტაბის ძალადობას შეხვდნენ სამართალდამცავებისა და უცნობი ნიღბიანი პირების მხრიდან, რომლებიც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით მოქმედებდნენ.

როგორც კომისარი წერს, მან მიიღო ინფორმაცია ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის 91 შემთხვევის შესახებ, საიდანაც ათზე მეტ ჟურნალისტს პოლიციელებმა ან დაუდგენელმა, ნიღბიანი ადამიანების ჯგუფებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ხოლო სხვები გახდნენ წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზის, თვითნებურად დაკავებისა და აღჭურვილობის დაზიანების სამიზნეები. ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმის თანახმად კი, საქართველომ 2024 წელს განიცადა ჟურნალისტებზე თავდასხმებისა და შეზღუდვების შესახებ განგაშის ყველაზე მკვეთრი ზრდა - სამჯერ მეტი წინა წელთან შედარებით - ძირითადად საპროტესტო აქციების დროს ჟურნალისტებზე თავდასხმების გამო.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 28 ნოემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწყებული საპროტესტო აქციები აბსოლუტურად მშვიდობიანი იყო და „საქართველოს ხელისუფლებამ გამოიყენა არაპროპორციული ძალა მათ დასაშლელად და, შესაბამისად, ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება მშვიდობიანი შეკრების უფლების დაცვის შესახებ“.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ყურადღებას ამახვილებს მზია ამაღლობელის საქმეზეც, რომელსაც მედიის თავისუფლებაზე თავდასხმად აფასებს და მის გახანგრძლივებულ წინასწარ პატიმრობას გაუმართლებლად მიიჩნევს. კომისარი შეშფოთებას გამოთქვამს ამაღლობელისადმი მხარდაჭერის გამოცხადების შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების წამყვანის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის ეთერიდან მოხსნისა და „ქართული ოცნების“ მიერ მედიის შემზღუდავი კანონპროექტების ინიციირების გამოც. 

 მაიკლ ო’ფლაჰერტი რეკომენდაციებში აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს ვალდებულება - პატივი სცეს და დაიცვას გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების, მათ შორის ჟურნალისტების უფლება, თავისუფლად და უსაფრთხოდ გააშუქონ საპროტესტო აქციები და სხვა საზოგადოებრივი შეკრებები.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ასევე „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს:

  • დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები ჟურნალისტ მზია ამაღლობელის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების მიზნით და უზრუნველყონ მისი ყველა უფლება სამართალწარმოებასა და უდანაშაულობის პრეზუმფციაზე.
  • დაუყონებლივ და უპირობოდ გაათავისუფლონ ყველა პირი, რომლებიც გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების ლეგიტიმური გამოყენების გამო არიან დაკავებულები.

ანგარიში ეფუძნება საქართველოში კომისრის ვიზიტს, რომელიც 2025 წლის 21-23 იანვარს გაიმართა, რაც გამოწვეული იყო 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში საპროტესტო აქციების დროს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებებით, მათ შორის, ძირითადად მშვიდობიანი საპროტესტო აქციების წინააღმდეგ ძალის გამოყენებით.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ კომისარი საქართველოში შეხვდა როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, ისე სახალხო დამცველს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაშავებულ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო პირებს. მაიკლ ო’ფლაჰერტი საპატიმროში შეხვდა მზია ამაღლობელსაც. 

 
შეერთებული შტატების ფედერალურმა სასამართლომ „რადიო თავისუფლების“ დაფინანსების შეწყვეტის ბრძანება დროებით შეაჩერა


„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, შეერთებული შტატების ფედერალურმა სასამართლომ „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების“ მოთხოვნა დააკმაყოფილა და აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM-ის) მიერ საგრანტო ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მოქმედება დროებით შეაჩერა:

„სასამართლოს 25 მარტით დათარიღებული განჩინების თანახმად, რომ USAGM-ის მიერ რადიო თავისუფლებისათვის საგრანტო ხელშეკრულების შეწყვეტა, - რაც ორგანიზაციის დახურვის პროცესის დაწყების წინაპირობაა, - სავარაუდოდ, თვითნებური და დაუსაბუთებელი იყო და სავარაუდოდ, არღვევს ადმინისტრაციული პროცედურების აქტსა და აშშ-ის კონსტიტუციას. თუმცა ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ არის და საქმის განხილვა გრძელდება“.

„რადიო თავისუფლება“ წერს, რომ მოსამართლემ ასევე უნდა გადაწყვიტოს, საბოლოოდ დააკმაყოფილებს თუ არა „რადიო თავისუფლების“ მოთხოვნას, რომ კონგრესის მიერ გამოყოფილი 77 მილიონი დოლარი (რაც 30 სექტემბრამდეა გათვალისწინებული) ორგანიზაციას სრულად გადასცეს.

„რადიო თავისუფლება“ მიიჩნევდა, რომ დროებითი შეჩერების მექანიზმის ამოქმედების გარეშე, ორგანიზაციას გამოუსწორებელი ზიანი მიადგებოდა. ეს არგუმენტი მოსამართლემ გაიზიარა.

„კოლუმბიის ოლქის მოსამართლე როის ლამბერთი 25 მარტით დათარიღებულ განჩინებაში წერს:

„კონგრესს დადგენილი აქვს, რომ „ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაა, ხელი შეუწყოს აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას“ და „ინფორმაციისა და იდეების ღია მიმოცვლა მსოფლიოს ხალხებს შორის ხელს უწყობს საერთაშორისო მშვიდობასა და სტაბილურობას“ (ამონარიდები აშშ-ის 1973 წელს მიღებული საერთაშორისო მაუწყებლობის აქტიდან). რადიო თავისუფლება ათწლეულებია ფუნქციონირებს, როგორც ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც კონგრესის მიერ კანონით განსაზღვრულ ამ პოლიტიკას ახორციელებს. USAGM-ის ხელმძღვანელობას არ შეუძლია, ერთი წინადადებით, - რაც, პრაქტიკულად, ახსნა-განმარტებას არ მოიცავს, - აიძულოს რადიო თავისუფლება, დახუროს, - მაშინაც კი, თუკი ეს მას ასე უთხრა პრეზიდენტმა„“.

„რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ორგანიზაციას გრანტი შეუწყვიტეს წერილით, რომელსაც ხელს აწერდა კერი ლეიკი, როგორც „USAGM-ის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მთავარი მრჩეველი, რომელსაც უფლებამოსილება აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისგან აქვს მინიჭებული“.

წერილში ნათქვამი იყო, რომ გრანტი USAGM-ის პრიორიტეტებს აღარ წარმოადგენდა. 

„სხვა ახსნა-განმარტება წერილში არ ყოფილა მითითებული. მოსამართლემ ბრძანა, რომ: 

  • დაკმაყოფილდეს მომჩივნის, ანუ „რადიო თავისუფლების“ მოთხოვნა დროებითი შეჩერების მექანიზმის ამოქმედების თაობაზე;
  • ცალკე აღარ განიხილავს 1-14 მარტის პერიოდისათვის გათვალისწინებული $7,46 მილიონის გამოყოფის საკითხს, - რამეთუ მოპასუხემ წინა დღეს თქვა, რომ უკვე დაიწყო ამ თანხის გადახდა მომჩივნისათვის“;
  • USAGM-სა და მის წარმომადგენლებს აუკრძალა ნებისმიერი ქმედების განხორციელება ან ვალდებულებების შექმნა, რაც გამოიწვევს მომჩივნის გრანტის შეფერხებას.

ეს გადაწყვეტილება - USAGM-ის გადაწყვეტილების დროებითი შეჩერება - ძალაშია მანამ, სანამ მოსამართლე არ დაასრულებს დავის განხილვას“.

როგორც „რადიო თავისუფლება“ აღნიშნავს, მორიგი სასამართლო პროცესი 26 მარტს გაიმართება და სასამართლო USAGM-ის მხარეს მოუსმენს.

15 მარტს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დოლანდ ტრამპა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ითვალისწინებს შვიდი ფედერალური სააგენტოს შემცირებას. მათ შორისაა აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტო, რომელიც ზედამხედველობას უწევს როგორც „რადიო თავისუფალ ევროპა/რადიო თავისუფლებას“, ისე „ამერიკის ხმას“ და სხვა ფედერალურ მაუწყებლებს.

 
სასამართლო აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციის დასაშვებობაზე დღეს იმსჯელებს

სქრინი - TV პირველი


დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო აფგან სადიგოვის ექსტრადიციის დასაშვებობაზე იმსჯელებს. თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საექსტრადიციო საქმის განხილვა 28 ნოემბერს, 15:00 საათზეა ჩანიშნული. საქართველოს გენერალური პროკურატურა სასამართლოსგან სადიგოვის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობას ითხოვს. 

აფგან სადიგოვი და მისი დამცველები გენერალური პროკურატურის შუამდგომლობას არ ეთანხმებიან და სასამართლოს წინაშე ასაბუთებენ, რომ მისი აზერბაიჯანში ექსტრადიცია პოლიტიკურ და თვითნებურ დევნას ისახავს მიზნად, რაც მის ჟურნალისტურ საქმიანობასა და წლების განმავლობაში ხელისუფლების დანაშაულებისა და კორუფციული საქმიანობის კრიტიკას უკავშირდება.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, დაცვის მხარე სასამართლოს წარუდგენს მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებს, რომ აზერბაიჯანში ექსტრადიციის შემთხვევაში სადიგოვი დევნას, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებარება. 

„აზერბაიჯანში აქტივისტების, უფლებადამცველებისა და ჟურნალისტების დევნის რეპრესიული პრაქტიკის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ სადიგოვი აზერბაიჯანისთვის გადაცემის შემთხვევაში თვითნებური დევნისა და ფუნდამენტური უფლებების დარღვევის მსხვერპლი გახდება.

მნიშვნელოვანია, რომ სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციის დაუშვებლობის შესახებ საქართველოს სახელმწიფოს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები მოუწოდებენ, მათ შორის Amnesty International და ეუთო. ისინი მიუთითებენ, რომ სადიგოვის ექსტრადიციის შემთხვევაში საქართველო დაარღვევს საერთაშორისო დონეზე აღებულ ვალდებულებებს.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სადიგოვის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის დევნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. ამას ადასტურებს თავად აზერბაიჯანის მიერ საქართველოსთვის გაზიარებული საქმის მასალები, რომელიც სრულიად არალოგიკურ და წინააღმდეგობრივ ინფორმაციასა და მტკიცებებს ეფუძნება“.

თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ინტერესებს სწორედ „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ იცავს.

აფგან სადიგოვს შსს-ის მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე უარი 16 სექტემბერს უთხრა. 21 სექტემბრიდან კი, ჟურნალისტმა შიმშილობა დაიწყო და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორც მეუღლე, სევინჩ სადიგოვა ამბობსძალიან  მძიმეა. 

სადიგოვს საექსტრადიციო პატიმრობა კიდევ 3 თვით თბილისის საქალაქო სასამართლომ 1 ნოემბერს გაუხანგრძლივა. ის შემდგომი ექსტრადირების მიზნით 3 აგვისტოს დააკავეს. 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოში 2023 წლის 24 დეკემბრიდან იმყოფება და მას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული დროებითი ბინადრობის მოწმობა აქვს. აფგან სადიგოვი ონლაინ მედია Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორია. 

 
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ კლიმატის კონფერენციის პარალელურად, აზერბაიჯანელი ჟურნალისტების გათავისუფლებას მოითხოვს
ფოტო - geghard-saf.am


დღეს, 11 ნოემბერს აზერბაიჯანში კლიმატის ცვლილებების 29-ე კონფერენცია (COP29) გაიხსნა, რომელსაც პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში მასპინძლობენ. კონფერენციის პარალელურად  „რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ“ (RSF) განცხადება გაავრცელა და დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტების გათავისუფლება მოითხოვა.

ორგანიზაციის განცხადებით, აზერბაიჯანში, რომლის შემოსავლების 90% ნავთობისა და გაზის ექსპორტითაა უზრუნველყოფილი, ჟურნალისტებს, რომლებიც გარემოს საკითხებს აშუქებენ, აკავებენ და მათზე ფიზიკურად ძალადობენ. როგორც „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ წერს, ბოლო ერთ წელიწადში ხელისუფლებამ პროფესიული საქმიანობისთვის 15 ჟურნალისტი დააკავა, მათგან 13 ახლაც პატიმრობაში იმყოფება. ერთ-ერთი ნარგიზ აბსალამოვაა, რომელიც გარემოს დაცვის საკითხებზე საგამოძიებო მასალებს ამზადებდა.

RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის ხელმძღვანელი, ჟან კაველიე აღნიშნავს, ორგანიზაცია საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, მოსთხოვოს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, გაათავისუფლოს დაპატიმრებული ჟურნალისტები, შეწყვიტოს პრესის თავისუფლების უხეში დარღვევები და აიღოს ვალდებულება, დაიცვას დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა.

„ჟურნალისტიკის, განსაკუთრებით გარემოსდაცვითი ჟურნალისტიკის დაცვისთვის მაგალითის მიცემა გაეროს კლიმატის კონფერენციის მასპინძლობის წინაპირობა უნდა იყოს. როგორ შეგვიძლია მივიღოთ ის ფაქტი, რომ ნავთობ-სახელმწიფო, რომელიც აპატიმრებს დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, არის იმ მოლაპარაკებების მასპინძელი, რომელიც გლობალური კლიმატის მომავალს განსაზღვრავს?“

RSF-ის განცხადებით, აზერბაიჯანში გარემოზე, ჯანდაცვასა და კლიმატზე ნავთობისა, გაზისა და სამთო მოპოვების დამანგრეველი შედეგების გაშუქება ჟურნალისტებისთვის რთული და საშიშია. ორგანიზაციას ამის მაგალითად, სწორედ Abzas Media-ის ჟურნალისტის, ნარგიზ აბსალამოვას შემთხვევა მოჰყავს, რომელიც 2023 წლის 30 ნოემბერს „უცხოური ვალუტის კონტრაბანდის“ ბრალდებით დააკავეს.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ ინფორმაციით, 2023 წლის ივნისში აბსალამოვამ აზერბაიჯანის ერთ-ერთ სოფელში გამართული საპროტესტო აქცია გააშუქა, სადაც მოსახლეობა ახალი ხელოვნური ტბის იმ პროექტს აპროტესტებდა, რომელიც მიზნად სამთო ოპერაციებიდან ციანიდით და დარიშხანით დაბინძურებული ჩამონადენის შეგროვებას ისახავდა. პოლიციამ მშვიდობიანი მოსახლეობა სასტიკად დაარბია და ადგილიდან სამი ჟურნალისტი, მათ შორის ნარგიზ აბსალამოვა ძალადობრივად გააძევა. 

როგორც ორგანიზაცია წერს, აბსალამოვა, Abzas Media-ს 4 სხვა კოლეგასთან და კიდევ სხვა 8 დამოუკიდებელ ჟურნალისტთან ერთად, (რომელთა შორისაც Toplum TV-ის წარმომადგენლებიც არიან), არასათანადო მოპყრობას განიცდიან.

RSF-ის პრესის თავისუფლების რეიტინგში აზერბაიჯანი 180 ქვეყნიდან 164-ე ადგილს იკავებს.

 
თალიბანს სურს, მედიაში აიკრძალოს ყველა ცოცხალი არსების ამსახველი სურათის გამოქვეყნება


თალიბანი გეგმავს, ახალი შეზღუდვები დაუწესოს მედიას ავღანეთში. უფრო კონკრეტულად კი, მათ სურთ, რომ აიკრძალოს ყველა ცოცხალი არსების ამსახველი სურათის გამოქვეყნება. ამის შესახებ ინფორმაციას VOA ავრცელებს.

პატიოსნების ხელშეწყობისა და მანკიერების აღმოფხვრის სამინისტროს თქმით, „კანონი შეეხება ავღანეთის მთელ ტერიტორიას და ეტაპობრივად დაინერგება“.

ცოცხალი არსებების სურათების გამოქვეყნება ავღანეთში აკრძალული იყო თალიბანის წინა მმართველობის პირობებშიც, 1996 წლიდან 2001 წლამდე.

ახალი კანონი ასევე გულისხმობს რჩევას მოსახლეობისადმი „არ გადაუღონ ქუჩაში ცოცხალ არსებებს სურათები“,  თუმცა, ეს პუნქტი მედიას არ ეხება.

 
ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში - ბრიტანული მოდელი თუ გაზრდილი ადმინისტრაციული კონტროლი?

მარიამ უბერი, იურისტი

2025 წლის 24 თებერვალს, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ პარლამენტში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები დაარეგისტრირა. 19 მარტს მეორე მოსმენით მიღებული ცვლილებები განმარტებითი ბარათის მიხედვით, მიზნად ისახავს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რეგულირების არეალის გაფართოვებას, მაუწყებლის სტანდარტების ბრიტანული მოდელის საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყოფას და ხელს უწყობს მედია პლურალიზმს. 

სინამდვილეში კი, ეს ინიციატივა გარე დაფინანსების აკრძალვით სარედაქციო დამოუკიდებლობას ამცირებს, ზღუდავს მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის როლს და ზრდის ადმინისტრაციულ კონტროლს მაუწყებლობის შინაარსსზე. ამასთან, ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის“ საბაბით. დაბოლოს, არსებული ცვლილებები არ შეესაბამება გაცხადებულ ბრიტანულ სამაუწყებლო მოდელს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ნორმებს.

„უცხოური ძალა“

კანონპროექტი ე.წ. „უცხოური ძალისგან“ პირდაპირი და არაპირდაპირი დაფინანსების მიღების აკრძალვას. ამასთანავე, აკრძალულია „უცხოური ძალის“ მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა ან/და პროგრამის მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება[1]. ეს ცვლილება ასევე მოიაზრებს ტექნიკის გადაცემის, ტრეინინგების, მედიის განვითარების პროგრამებსა და სხვა დაფინანსების აკრძალვასაც. გამონაკლისია, მხოლოდ თანხის მიღება კომერციული რეკლამის, ტელეშოპინგის, სპონსორობისა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისათვის.

„უცხოურ ძალაში“ კი იგულისხმება: უცხოეთის მთავრობების წარმომადგენლები, უცხოეთის მოქალაქეები, იურიდიული პირები და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში არ არიან დაფუძნებულები, როგორებიცაა: ფონდები, ასოციაციები, კომპანიები, ქსელები ან გაერთიანებები და რომლებიც უცხოური იურისდიქციის ან საერთაშორისო სამართლის საფუძველზე შეიქმნენ. გარდა ამისა, ცვლილებების პროექტი მაუწყებელს უკრძალავს რაიმე „პირდაპირი ან ირიბი დაფინანსების“ მიღებას სოციალური რეკლამის განთავსების სანაცვლოდ. 

-------------------------------------------------------------------
[1] გარდა კომერციული რეკლამისა და პროდუქტის განთავსებისა.


მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის როლის შეზღუდვა

შემოთავაზებული ცვლილებებით, იზრდება კომუნიკაციების კომისიის როლი მაუწყებლობის შინაარსთან დაკავშირებით. მოქმედი რედაქციით, საჩივრის განხილვა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ფაქტების ჯეროვანი სიზუსტე და პასუხის უფლება, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, მაუწყებლის მიერ ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება ან/და გადაცემა, შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევის ან/და სხვა საგანგებო ვითარების გაშუქება, პროგრამაში მონაწილე არასრულწლოვანი პირის დაცვის ცალკეული საკითხები თვითრეგულირების მექანიზს ეკუთვნოდა. ცვლილებების მიღების შემდეგ კი ეს საკითხები კომისიის განსასჯელი გახდება. 

ასევე, ზემოთ მოყვანილი ნორმების დარღვევისთვის მაუწყებლებს პასუხისმგებლობა მათ მიერ სახელმწიფო ენაზე ინფორმაციის ისეთ საშუალებებზე გაზიარებისთვისაც დაეკისრებათ, როგორიცაა: ინტერნეტ მედია, აპლიკაცია ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე, მათ შორის, სოციალურ ქსელში[2]. ამ ცვლილებების მიზანი, თვითრეგულირების უფლების წართმევა და მაუწყებლის დასჯის შესაძლებლობის გაზრდაა. 

-------------------------------------------------------------------
[2] არჩილ გორდულაძე:‘‘ინტერნეტ მედია მომსახურების მიმწოდებლად ჩაითვლება მაუწყებელი ან სხვა პირი, რომელიც მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო ენაზე განსახორციელებლად ერთპიროვნულად ფლობს ან სხვასთან ერთად იყენებს ინტერნეტდომეინს და ინტერნეტჰოსტინგს". ტაბულა,17 მარტი,2025
 

სამართლიანობა და მიუკერძოებლობა

ახალი ამბების პროგრამაში მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ფაქტისა და მოსაზრების მკაფიო გამიჯვნა. საავტორო პროგრამის გადაცემისას, უშუალოდ პროგრამის დაწყების წინ, აუდიტორიას უნდა ეცნობოს, რომ პროგრამა საავტოროა და მიეწოდოს „მოსაზრებათა ფართო სპექტრი“.

საავტორო პროგრამის წამყვანს ასევე ეკრძალება გამოიყენოს საკუთარი მდგომარეობა საკუთარი მოსაზრების იმ ფორმით გავრცელებისათვის, რომელმაც შეიძლება „ხელყოს პროგრამის მიუკერძოებლობა“. ცვლილებები კრძალავს პოლიტიკური თანამდებობის პირის ან პოლიტიკური პარტიის წევრის მონაწილეობას ახალი ამბების საინფორმაციო პროგრამაში წამყვანის, ინტერვიუერის ან ჟურნალისტის ამპლუაში. ამასთან, ახალი ამბებისა და  საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დავის გაშუქებისას, მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს ბალანსის დაცვა თითოეულ გადაცემაში ან გადაცემათა ციკლის განმავლობაში. 


„პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა“ და „საჯარო ინტერესი“

„პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის“ დაცვის საფუძვლით იზღუდება საჯარო ან კერძო დაწესებულების ტერიტორიაზე ვიდეო-აუდიო ჩაწერა. მასალის  მომზადებისას აუცილებელია შესაბამისი დაწესებულების უფლებამოსილი პირის თანხმობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც „მასალის უნებართვოდ მომზადება გამართლებულია საზოგადოებრივი ინტერესით“. ფარული მეთოდებით გადაღებული ან ჩაწერილი მასალის ეთერში გაშვება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი მოქმედება „გამართლებულია“. საგულისხმოა, რომ შემოთავაზებული ახალი რედაქციით, ვითომდაც „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის“ დაცვის შესახებ განმარტება ბუნდოვანია და შეიძლება გახდეს მაუწყებლის გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვის საფუძველი. დარღვევის შემთხვევაში, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შეუძლია, მაუწყებელს დააკისროს ფულადი ჯარიმა, რომელიც შეიძლება შეადგენდეს მის წლიური შემოსავლის 0,5% -ის, 1% -ის ან 3%-მდე, ან საერთოდ შეაჩეროს და გააუქმოს მაუწყებლის ლიცენზია. 


მედია მომსახურების ბრიტანული მოდელი

BBC-ის ანალოგი საქართველოში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელია. განმარტებით ბარათში აღნიშნული მედიამომსახურების ბრიტანული მოდელის მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი (BBC guidelines) იცნობს გარე და მესამე პირისგან მიღებულ დაფინანსებასაც, მთელი რიგი გამონაკლისების ჩათვლით. შესაბამისად, საქართველოს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შემოთავაზებული ცვლილებების მსგავსად ე.წ. „უცხოური ძალისგან“ პირდაპირი და არაპირდაპირი დაფინანსების ბლანკეტურ აკრძალვას არ აწესებს. BBC-ი,სამეფო ქარტიის თანახმად, ეკონომიკური რესურსის გათვალისწინებით, ამყარებს პარტნიორულ ურთიერთობებს სხვა ორგანიზაციებთან, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ეს საზოგადოებრივ ინტერესს[3]ემსახურება. 

-------------------------------------------------------------------
[3]აღნიშნული პარტნიორობები მოიცავს,ფართო სპექტრის ორგანიზაციებს, მათ შორის კომერციულ და არაკომერციულ ორგანიზაციებს,გაერთიანებული სამეფოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ ყველა ზომის ორგანიზაციებს; ტელევიზიის, რადიოსა და ონლაინ სერვისებს.



საზოგადოებრივი მაუწყებელი მისი ლიცენზიის მოსაკრებლის მეშვეობით ფინანსდება, გარე დაფინანსების შეზღუდვებში - დასპონსორებული სარედაქციო შინაარსი და კომერციული რეკლამის განთავსება იგულისხმება. აქვე, გარე ორგანიზაციასთან დადებული შეთანხმებები არ უნდა ქმნიდეს შთაბეჭდილებას, თითქოს მაუწყებლის შინაარსი დასპონსორებულია. მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, ახალი ამბებისა და მიმდინარე მოვლენების გაშუქებაც არ შეიძლება იყოს დასპონსორირებული ან გარე დაფინანსების საგანი. გამონაკალისია კულტურის, მედიისა და სპორტის სახელმწიფო მდივანსა და BBC-ს შორის 2016 წლის გაფორმებული შეთანხმება (ჩარჩო შეთანხმება), რომელიც BBC-ის მაუწყებელის, რადიო ან ონლაინ სერვისების („BBC სერვისები“) ნაწილობრივ დაფინანსებას ალტერნატიული წყაროებიდან ითვალისწინებს[4]. კომუნიკაციების სამსახური (Ofcom), რომელიც უხეში შედარებისთვის საქართველოს ეროვნული მარეგულირებელი კომისიის ანალოგია, საჩივრებს მაუწყებელთა წინააღმდეგ, ბრიტანული მაუწყებლის კოდექსზე დაყრდნობით განიხილავს და შეუძლია მაუწყებელს ინფორმაციის სათანადო წესით გასწორება დაავალოს, ხოლო სერიოზული, ანდა განმეორებითი დარღვევების შემთხვევაში, მაუწყებელი დააჯარიმოს ან მას ლიცენზია შეუჩეროს.


აღსანიშნავია, რომ ბრიტანული მაუწყებლის კოდექსში განმარტებული ჯეროვანი მიუკერძოებლობა განსხვავდება „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებებისგან. აქ მიუკერძოებლობა არ ნიშნავს იმას, რომ ყველა შეხედულებას თანაბარი დრო უნდა დაეთმოს ან იმას, რომ ყველა არგუმენტი/მოსაზრება იქნას წარმოდგენილი. ჯეროვან მიუკერძოებლობასთან დაკავშირებული მიდგომა შესაძლოა განსხვავდებოდეს საკითხის შინაარსისა და პროგრამის ტიპის მიხედვით. ამ დროს მნიშვნელოვანია კონტექსტის, მათ შორის, სავარაუდო დარღვევით გამოწვეული ზიანის ხარისხის გათვალისწინება. მიუკერძოებლობის პრინციპის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ერთ მხარეს არ უნდა მიენიჭოს უპირატესობა მეორე მხარესთან შედარებით. [5].

-------------------------------------------------------------------
[4] ეს წყაროებია: არამომგებიანი კულტურული, ხელოვნების, სპორტული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ორგანიზაციების ან სხვა მსგავსი ინსტიტუტები; არამომგებიანი ორგანიზაციების თანადაფინანსება უმცირესობათა ენებზე კონტენტის წარმოებისთვის; არამომგებიანი ორგანიზაციების თანადაფინანსება სხვა შეზღუდულ გარემოებებში; კონკურსების პრიზები და სხვა ჯილდოები; მესამე პირის კონტრიბუცია BBC-ის კონტენტში ასახული ღონისძიებების, აქტივობების, ინფრასტრუქტურის ან ობიექტების განხორციელებისა და გამოყენების ხარჯებისთვის, ან BBC-ის კონტენტის შექმნის მხარდასაჭერად.

[5]იხილეთ,ასევე ,მაუწყებლობის შესახებ’’ კანონში ინიცირებული ცვლილებები ძირს უთხრის მედიის და გამოხატვის თავისუფლებებს. 12 მარტი.


ასევე, უფლებამოსილების მიხედვით, წამყვანის გამოხატვის თავისუფლების თანახმად, მას აქვს მოვლენების ინტერპრეტაციის უფლება იმ ფარგლებში, რომელიც არ სცდება კოდექსს. თუმცა, წამყვანმა აუცილებლად უნდა გაამახვილოს ყურადღება იმ განმარტებებზე, რომელიც კამათის საგანს წარმოადგენს, ნიუანსობრივია და შესაძლოა სხვადასხვა ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდეს [6].

Ofcom-ის პირადი ცხოვრების სახელმძღვანელო პრინციპი იცნობს, საჯარო ადგილებში პიროვნებისგან კომენტარისა და ინტერვიუს ჩაწერასა და  გადაღებას  გაფრთხილების გარეშე. „დორსტეპინგი“ - ეთერში გადაცემის მიზნით ინტერვიუს ან სატელეფონო საუბრის ჩაწერას ნიშნავს, წინასწარი გაფრთხილების გარეშე. ეს საშუალება შეიძლება გამოიყენო მაშინ, როდესაც რესპონდენტმა ინტერვიუს მიცემაზე განმეორებით თქვა უარი (ან უარის თქმის წინარე ისტორია გააჩნია) ან არსებობს რისკი, რომ აღნიშნული პიროვნება გაუჩინარდეს. ასეთ დროს ტელეარხის ჟურნალისტმა შესაძლოა ინტერვიუს ჩასატარებლად თანხმობა პასუხისმგებელი რედაქტორისგან აიღოს. საერთოდ კი, „დორსტეპინგი“ საჯარო ადგილებში, უმეტეს შემთხვევაში, მიღებულია ახალი ამბების გაშუქებისთვის, სადაც ჟურნალისტები ხშირად იღებენ ინტერვიუებს ცნობილი პირებისგან, წინასწარი შეთანხმების გარეშე. სხვა პროგრამებისთვის კი „დორსტეპინგი“ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინტერვიუს მოთხოვნა უარყოფილია, მისი მოთხოვნა შეუძლებელი იყო, ან არსებობს საფუძვლიანი მიზეზი, იფიქრო, რომ თანხმობის მოპოვებისას, გამოძიება ჩაიშლებოდა. თუმცა, როგორც წესი, მაუწყებლებს უფლება აქვთ, წინასწარი გაფრთხილების გარეშე ჩაწერონ ან გადაიღონ საზოგადოებრივი ინტერესის მქონე პირები, როდესაც ისინი საზოგადოებრივ ადგილებში იმყოფებიან.

სიზუსტის პრინციპის გათვალისწინებით, ofcom-ი აღნიშნავს, რომ მაუწყებელი ან პროგრამის შემქმნელი არ უნდა ეცადოს მიიღოს ინფორმაცია, აუდიო, გამოსახულება ან მონაწილეობაზე შეთანხმება მოტყუების გზით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საზოგადოებრივი ინტერესის დასაცავად აუცილებელია მოტყუების ან არასწორი ინფორმაციის მეშვეობით მიღებული მასალის გამოყენება ან მისი მიღება სხვა გზით შეუძლებელი ან არაპრაქტიკულია და შეიძლება გამართლებული იყოს. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“ არ განმარტავს, რას ნიშნავს საჯარო ინტერესი. ეს განსაზღვრება გვხვდება „მედიის სტანდარტების დამოუკიდებელი ორგანიზაციის“ (Independent Press Standards Organisation (IPSO)) სარედაქციო კოდექსში, რომელიც „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ ანალოგია. აქ საჯარო ინტერესს, სხვა ჩამონათვალთან ერთად, თავად გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს. საჯარო ინტერესი მოიცავს სასამართლო შეცდომის გამოვლენას, საზოგადოებრივი დისკუსიის წამოწყებას, მასში წვლილის შეტანას საზოგადოებისთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა სერიოზული გადაცდომა ან ნებისმიერი დაფარვის გამოვლენა. აქ ჩნდება იმის საშიშროება, რომ განმარტების არარსებობის შემთხვევაში, საზოგადოებრივი ინტერესის არსებობა-არარსებობის საკითხი კომუნიკაციების კომისიამ განსაზღვროს.

-------------------------------------------------------------------
[6] Section Five: Due Impartiality,11.3.


გამოხატვის თავისუფლების გარანტიები ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე 

აზრის და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით. აქვე განმტკიცებულია მასობრივი ინფორმაციის თავისუფლებაც, აკრძალულია  ცენზურა და მისი გავრცელების მონოპოლიზაციის უფლებაც. ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-10 მუხლი უზრუნველყოფს გამოხატვის თავისუფლებას და გულისხმობს, რომ სახელმწიფო ორგანოების ჩარევა მედიის თავისუფლებაში უნდა იყოს გამართლებული მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10(2) მუხლის შესაბამისად. საჯარო მაუწყებლობის წინააღმდეგ მიღებული ზომები, მათ შორის მათი დაფინანსების შეზღუდვა, ამ კონტექსტში ჩარევად განიხილება. შესაბამისად, საჯარო მაუწყებლობა დაცულია თვითნებური ან არაპროპორციული ქმედებებისგან. გარდა ამისა, საქრთველოს მთავრობას, როგორც ამ კონვენციის ხელმომწერს, აქვს პოზიტიური ვალდებულება უზრუნველყოს მედიის პლურალიზმი.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიხედვით, ნამდვილი პლურალიზმის უზრუნველსაყოფად მხოლოდ რამდენიმე არხის არსებობა არ არის საკმარისი. აქ აუცილებელია ბაზარზე ეფექტური წვდომის უზრუნველყოფა, რომელიც მოიცავს ისეთი პოლიტიკური შინაარსის გადაცემებსაც, რომლებიც  ეჭვქვეშ აყენებს სახელმწიფოს ამჟამინდელ ორგანიზაციულ წყობას, მაგრამ არ ვნებს დემოკრატიას. 

შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებებით, ფინანსური შესაძლებლობების შეზღუდვა დამოუკიდებელი მედიის შესუსტებას გულისხმობს. და საერთოდ, ბრიტანული მაუწყებლობის კოდექსისგან განსხვავებით, დაფინანსების ბლანკეტური აკრძალვა საერთაშორისო სამართლით გარანტირებული აზრის გამოხატვისა და გაერთიანების უფლებების გაუმართლებელ შეზღუდვას წარმოადგენს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაცია - 1878(2009), რომელიც საჯარო მაუწყებლობის დაფინანსებას ეხება, განმარტავს, რომ ევროპის საბჭოს წევრები ვალდებულნი არიან საჯარო მაუწყებლის სარედაქციო და მმართველობის დამოუკიდებლობა მთავრობისა და პოლიტიკური ჩარევისგან გამიჯნონ. ამისთვის კი აუცილებელია შესაბამისი და საკმარისი დაფინანსება. უფრო შორს მიდის წევრი სახელმწიფოებისთვის მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია - CM/Rec(2012)1 საჯარო მაუწყებლობის მმართველობის შესახებ, რომლის მიხედვითაც, მედიამაუწყებელს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, გამოთქვას თავისი მოსაზრება საჭირო დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომელიც აუცილებელია მისი მისიისა და მიზნების შესასრულებლად. მიღებული დაფინანსება საკმარისი უნდა იყოს მაუწყებლის შეთანხმებული როლისა და ფუნქციების შესასრულებლად. ამასთან, დაფინანსება უნდა უზრუნველყოფდეს საკმარის სტაბილურობას მომავლის გონივრული დაგეგმვისთვის.

საქართველოს კომუნიკაციების კომისიის როლის გაზრდამ და სამაუწყებლო რედაქციაში ჩარევამ შესაძლოა გამოიწვიოს ცენზურა, თვითცენზურა და დაწესდეს შინაარსობრივი კონტროლი კრიტიკული არხების პროდუქციაზე. კომუნიკაციების კომისიის წინა პრაქტიკა კი გვიჩვენებს მის მიკერძოებულობას. ევროპის საბჭოს მინისტერიალის პოლიტიკური დეკლარაცია და რეზოლუცია მედიის ახალი გაგებისკენ, რომლის ხელმომწერი საქართველოს მთავრობაცაა, ხაზს უსვამს საჯარო მაუწყებლობის სარედაქციო დამოუკიდებლობისა და ინსტიტუციური ავტონომიის მნიშვნელობას.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, ჟურნალისტები არ დგანან კანონზე მაღლა, მაგრამ საზოგადოების ინტერესის გათვალისწინება, რომელიც მაყურებლის ინფორმირებას გულისხმობს, შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, ვიდრე  ჟურნალისტის მიმართ სამართლის აღსრულება. ვიდეო-აუდიო ჩაწერის აკრძალვა საგამოძიებო ჟურნალისტისთვის მის ხელთარსებულ საგამოძიებო ფუნქციებს ასუსტებს. 

საგულისხმოა, რომ ევროპის სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ინფორმაციის შეგროვება არის ჟურნალისტიკის აუცილებელი მოსამზადებლად ნაბიჯი და წარმოადგენს მედიის თავისუფლების არსებულ, დაცულ ნაწილს“. ევროპული სასამართლო ასევე იცავს ჟურნალისტს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან ან სანქციებისგან მაშინაც, როდესაც დოკუმენტები უკანონოდ ან კონფიდენციალურობის წესის დარღვევითაა შეგროვებული. თუ ეს გარემოება გამართლებულია ე.ი. კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება ეხება საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხს. ევროპული სასამართლო ამ ჩარევას ამართლებს მაშინაც, როდესაც ჟურნალისტების მიერ დამალული კამერების გამოყენება მიმართული იყო ისეთი ინფორმაციის მიწოდებაზე, რომელიც საჯარო ინტერესის საგანს ეხებოდა. აღსანიშნავია, რომ აქ პირის პირადი ცხოვრების უფლების დარღვევამ ვერ გადაფარა საზოგადოებრივი ინტერესი. 

დაბოლოს, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ახალი ჩანაწერი - ფაქტების მოსაზრებებისგან გამიჯვნა ბუნდოვანია, რაც კომუნიკაციების კომისიას საშუალებას აძლევს, დამახინჯებად მიიჩნიოს ფაქტზე მაუწყებლის ნებისმიერი ინტერპრეტაცია. ეს კი ევროპული სამართლის მიერ დაწესებულ ისეთ პრინციპებს არღვევს, რომელსაც კანონის ხელმისაწვდომობა და წინასწარ განჭვრეტადობა ჰქვია.



 
 

 
 

ყველგან რადიკალები, არსად ივანიშვილი


არცერთი კითხვა ბიძინაზე


უწყვეტი პროტესტის 112-ე დღეს, რუსთაველზე, პარლამენტის წინ მე და გურამ როგავა ჩვენი გადაცემისთვის ინტერვიუს ვწერდით, როცა აქციის მონაწილეებმა კობახიძის ინტერვიუ ახსენეს. „დღეს საზოგადოებრივს ეყოლება... ნეტავ, სტუდიაში მივა?! თუ ვერ გაბედავს და ჩაერთვება?! ნეტავ, თუ მოვასწრებთ, შევუერთდეთ „პირველი არხის“ წინ პროტესტს?!“ - ასეთი იყო მსჯელობა. მოგეხსენებათ, „პირველი არხის“ წინ, კოსტავას 68-ში უწყვეტი აქციებია, ეთერის გახსნის მოთხოვნით. ამ დროს გაირკვა, რომ კობახიძე სხვა, ახალ მისამართზე მისულა. პომპეზურად გაიხსნა კადრი და ახალი ეთერიც. ოლიგარქის პრემიერი პირველ სტუმრად შეარჩიეს. სწორედ ამ დროს ჩემ წინ, რუსთველზე კობახიძის გამოსახულებით დროშა შევნიშნე, წარწერით: „ნუ იყურები ირანისკენ“. 



საუბარი კობახიძესთან თამთა სანიკიძემ საგარეო პოლიტიკით, ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობით დაიწყო. თემა ნამდვილად აქტუალურია...

მაგრამ აი, რა ვერ მოისმინა საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელმა, - კითხვები, რომელსაც ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედია აუცილებლად დასვამდა: 

შეუძლებელია, კობახიძეს ამერიკაზე ესაუბრებოდე და არ გაგახსენდეს ის, რაც შესაძლოა, პირველივე წითელი ხაზი გახდეს ტრამპისთვის - ირანთან დაახლოება. 

  • არ გიქმნით უხერხულობას ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ორი ვიზიტი, როცა ორივეჯერ ისეთი ტერორისტული ორგანიზაციების ლიდერების გვერდით აღმოჩნდით, როგორიცაა: „ჰამასი”, „ისლამური ჯიჰადი” და „ჰეზბოლა“. ინაუგურაციაზე კი, რომელსაც „ჰამასის“ ლიდერი, ისმაილ ჰანიაც დაესწრო, სულაც ისმოდა შეძახილები სიკვდილი ამერიკას“? 
  • რამდენად თავსებადია ამერიკასთან ურთიერთობის ნორმალიზების სურვილი და ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობის გაღრმავება? მათ შორის, მათთვის ანაკლიის პორტის გადაცემა, ბოლო-ბოლო „ესაქმებათ თუ არა ამერიკელებს შავ ზღვაში“? (ეს ივანიშვილის ცნობილი ციტატის პერიფრაზია, რაც მამუკა ხაზარაძემ გაასაჯაროვა).

„გლობალური ომის პარტია, დიფ სთეითი, აგენტები, მტრები, ჩალის ფასი“

კობახიძეს შეთქმულების თეორიების ტირაჟირების საშუალება დაუბრკოლებლად მიეცა. უკვე მერამდენედ განავითარა მითი იმის შესახებ, რომ კანდიდატის სტატუსი ომში ჩართვაზე იყო მიბმული. რა შეიძლებოდა, გეკითხა ჟურნალისტს აქ:

  • ქვეყანას მისცეს კანდიდატის სტატუსი. გამოდის, რომ ახლა ომში უნდა ვიყოთ ჩართული?
  • როგორ ჯდება თქვენს ,,ომის“ თეორიაში, რომ მოლდოვას საქართველოზე ადრე მისცეს კანდიდატის სტატუსი და მას ბრძოლაში ჩართვა არ მოუწია? 
  • ამბობთ, რომ ევროპარლამენტი მისი ბოლო რეზოლუციითაც საქართველოსა და ქართველი ხალხის დასჯას ითხოვს. სინამდვილეში, „რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, სანქცია დაუწესონ ბიძინა ივანიშვილის ხელშემწყობების ქსელს, ელიტურ გარემოცვას, კორუმპირებულ ფინანსისტებს, პროპაგანდისტებსა და იმათ, ვინც ხელს უწყობს სახელმწიფოს რეპრესიულ აპარატს“. ჩამონათვალში ხართ თქვენც და „პირველი არხის“ ხელმძღვანელობაც. 

ინტერვიუს ხანგრძლოვობა 1 საათი და 37 წუთია, სანიკიძესა და კობახიძეს არ უხსენებიათ ბიძინა ივანიშვილი. 

ოლიგარქის პრემიერი პროდასავლური აქციების სასტიკ დარბევაზე პასუხისმგებლობასაც გაექცა, თქვა, რომ გდდ-სა თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების მიერ ოპერაცია იმართებოდა მკაცრი ინსტრუქციებით, ინციდენტი კი გამოვლინდა მხოლოდ რამდენიმე. 

  • „პირველი არხის“ მაყურებელი იმსახურებდა იმის გახსენებას, სინამდვილეში, როგორ იქცეოდნენ მოგვიანებით სწორედ სისასტიკის გამო სანქცირებული ძალოვანები, მათ შორის ზვიად ხარაზიშვილი (ხარება), რომელიც პირდაპირ ჩართული იყო დარბევაში და რუპორით აგინებდა მომიტინგეებს. 
  • კობახიძისთვის წამყვანს რამდენიმე ინციდენტზე საუბრისას უნდა შეესწორებინა და მოეყვანა მშრალი ფაქტები, მათ შორის „ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი სახალხო დამცველის განცხადებიდან: 

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, 327 დაკავებულიდან, რომელსაც მისი ოფისის წარმომადგენლები შეხვდნენ, 225 აცხადებს, რომ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი იყო, მათგან 157 პირს ვიზუალური ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდათ.

არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელ ხაზზე  შემოსულია ინფორმაცია ადმინისტრაციული წესით  450-ზე მეტი პირის დაკავების თაობაზე. მათი უმრავლესობა, 300-მდე მოქალაქე წამებისა და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმების მსხვერპლია.

ირაკლი კობახიძეს მზია ამაღლობელის საქმეზეც მიეცა დემაგოგიის საშუალება, „აბა, გერმანიაში დაარტყით ხელი პოლიციელს“, - ღირდა კითხვის შებრუნება, - აბა გერმანიაში იძალადოს პოლიციელმა ჟურნალისტზე, როგორი იქნება რეაგირება?! (აქვე ჟურნალისტს შეეძლო, მაყურებლისთვის აეხსნა, რეალურად რაზეა ლაპარაკი და შეიძლება თუ არა მზია ამაღლობელის რეაგირება პოლიციელის ქმედებაზე, დანაშაულებრივ ძალადობად ჩაითვალოს )

აქვე უმძიმესი სტატისტიკა და ისევ მშრალი ფაქტები:

2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, პროევროპულ აქციებზე მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 147 შემთხვევა დაფიქსირდა.

არ დასჯილა და არც კი გამოვლენილა მედიის წარმომადგენლებზე მოძალადე პირები. რეაგირება - ნული!

„მოსყიდულები, დაფინანსებულები, კოლექტიური ნაცები, აგენტები“...

ოლიგარქის პრემიერი აქციის მონაწილეებს თავს არაერთხელ დაესხა. ჟურნალისტს მეტი ეცოდინებოდა პროტესტის შინაარსსა და აქციის მონაწილეების მოტივაციაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერი უფრო მეტ დროს რომ უთმობდეს პროტესტს, რეჟიმის პატიმრების დედებს, რომლებმაც თავადაც არაერთხელ ითხოვეს პირდაპირ ეთერში საუბარი. ამაზე რეალური სივრცის რადიოეთერში დაკავებული თორნიკე გოშაძის დედამ, მარიზი კობახიძემ აღნიშნა.

აქვე, ბონუს კითხვა საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს, როდის დაუბრუნებს სატელევიზიო სტუდიას „რეალურ სივრცეს“, როდის მოიძებნება ახალ შენობაში ადგილი ნინო ზაუტაშვილისთვის?

ივანიშვილის პრემიერი რეპრესიულ კანონებზე დასმული კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ ეს ყველაფერი პროპორციულია. 

მხოლოდ ერთი მაგალითიც კმარა ილუსტრაციისთვის: 5000-ლარიანი ჯარიმა, რომელსაც ახლა „ოცნება“ ტოტალურად იყენებს დემონსტრანტების წინააღმდეგ, 19-ჯერ მეტია საარსებო მინიმუმზე.

  • აქვე ვკითხავდი, იღებს თუ არა პასუხისმგებლობას „ოცნება“ იმ ათეულობით ბავშვის ჯანმრთელობაზე, რომლებიც „ნანუკას ფონდის“ დაყადაღების გამო გადაუდებელი და სასიცოცხლო დახმარების გარეშე დარჩნენ.

ლეგიტიმაცია

კობახიძე ირწმუნება, რომ ლეგიტიმაციის კრიზისი არ აქვს, რადგან ქვეყნის შიგნით ხმა მილიონ ასი ათასზე მეტმა ამომრჩეველმა მისცა.

  • არჩევნებამდე რატომ არ უთხრეს ამომრჩეველს, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის გაჩერებას გეგმავდნენ? ექნებოდათ ამ შემთხვევაში მხარდაჭერა?

დასჯა ევროინტეგრაციის მხარდაჭერისთვის

წამყვანს არ უხსენებია ის ე.წ. რეორგანიზაცია, რომლის შედეგადაც საჯარო სამსახურებიდან მასობრივად ათავისუფლებენ პროფესიონალ კადრებს. შეცვალეს კანონი და კომპენსაციისა თუ ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის გარეშე დატოვეს საჯარო მოხელეები, რომლებსაც ხელი აქვთ მოწერილი ევროინტეგრაციის მხარდამჭერი პეტიციისთვის. ამას წინ უძღოდა „ოცნების“ შესაბამისი მუქარა. 

ჭიათურა 

ინტერვიუს მსვლელობისას სოციალურ ქსელში წამყვანს სთხოვდნენ, ეკითხა მაღაროელების პრობლემაზე. ჭიათურაში უსამსახუროდ დარჩენილი მაღაროელების პროტესტი გამწვავდა, რაც კომპანიამ მიწისქვეშა სამუშაოები გააჩერა. კითხვა დაისვა, მაგრამ მნიშვნელოვანი აქცენტის გარეშე.

კონტექსტი

„ჯორჯიან მანგანეზი“, კომპანია, რომელიც ფლობს „ჭიათურმანგანუმს“ და ზესტაფონის გადამამუშავებელ წარმოებას, ფაქტობრივად ისედაც სახელმწიფო მართვაშია. საწარმოში 2017 წლიდან სახელმწიფოს მიერ დანიშნულია დროებითი მმართველი იმ მოტივით, რომ კომპანია გარემოს აყენებდა ზიანს. ფაქტობრივ მმართველად მივლენილია ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე, იგივე „რიჟა“, რომელსაც „რუსთავი 2“-ის დაფინანსებას უკავშირებენ. მისი დანიშვნის შემდეგ ვითარება გაუარესდა, ღია კარიერული წესით მადნის მოპოვება საგანგაშოდ გაიზარდა, საწარმო კი გაკოტრებამდე მივიდა. 

ამ ინტერვიუს არ უნდა ჩაევლო „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე კითხვების გარეშე. „ოცნების“ ახალი რეგულაცია კრიტიკულ მედიას უკიდურესად ზღუდავს, მაგრამ გამოდის, რომ ჩანაწერის რამდენიმე პუნქტი სამთავრობო მედიასაც ვერ აუვლის გვერდს. 

მაგალითად:

მსგავსი ინტერვიუ კობახიძესთან მომავალში სტანდარტის დარღვევად ჩაითვლება, რადგან სანქციაა გათვალისწინებული: „თუ პროგრამაში აქტუალურ საკითხზე მხოლოდ ერთი სტუმარი იქნება მიწვეული და ამას გამოიყენებენ იმ პირზე თავდასხმისთვის, რომელიც პროგრამაში არ მონაწილეობს“. 

აქ კი კობახიძე თავს დაესხა ყველას: აქციის მონაწილეებს, ოპოზიციას, მეხუთე პრეზიდენტს, ფონდებს, ენჯეოებს, ევროპარლამენტს, ევროკავშირს, უკრაინას, ამერიკის წინა ადმინისტრაციას, მოკლედ, ყველას - ივანიშვილის, პუტინის, ორბანის, ფიცოს გარდა. 



P. S. 

ბოლოს, მხოლოდ ერთი კითხვის დასმის შესაძლებლობა რომ მქონდეს, სინამდვილეში, კობახიძეს ვკითხავდი იმავეს, რაზეც მთავრობის კანცელარიაში პასუხი არ გამცა: ვინ მიიღო ქვეყნის დასავლური კურსის გადახედვისა და ამით აღშფოთებული ახალგაზრდების დასახიჩრების გადაწყვეტილება, - ბიძინა ივანიშვილმა მოსკოვის დაკვეთით თუ ოლიგარქი თვითინიციატივით ებრძვის ხალხს?!

 
როგორ შევასრულოთ პარტიის დაკვეთა „ნეიტრალური ტონით“


„პირველი არხის“ ჟურნალისტების მეთოდია მუდმივად ციტატებით საუბარი. მაგალითად, გადაცემის წამყვანი დაიწყებს უზარმაზარი ტექსტის კითხვას და სულ ბოლოს დააყოლებს: „განაცხადა ქვეყნის პრემიერმა“, „განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ“ ან სხვ.  ეს ტექსტი იმდენად დიდი ხნის წინ არის დაწყებული, რომ წარმოუდგენელია მსმენელმა გაარჩიოს კონკრეტულად რომელი სიტყვა ეკუთვნოდა „პრემიერს“ და რომელი „მოამბის“ წამყვანს. არის კიდევ ერთი მეთოდი, როდესაც გინდა პარტიის გზავნილი ისე გააჟღერო, რომ „ნეიტრალურად“ დარჩე. აი, მაგალითად, 18 მარტის „მოამბის“ მთავარ გამოშვებაში გასული სიუჟეტი „დაყადაღებული ფონდების“ შესახებ, რომლის ავტორებიც არიან: 



ინფორმაცია ამგვარია: 17 მარტს, საქართველოს პროკურატურამ ვატო შაქარიშვილის მიმართვის საფუძველზე 5 საქველმოქმედო ფონდი დააყადაღა. 

დავალება ასეთია - მაყურებელს გავაგებინოთ, რომ 5 ფონდი ქვეყანაში ძალადობრივ წინააღმდეგობას აფინანსებს და სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს. ახლა მივყვეთ სიუჟეტს ქრონოლოგიურად და ვნახოთ, როგორ ასრულებს ამ დავალებას პროპაგანდისტული მედია, რომელსაც კანონი ავალდებულებს იყოს დაბალანსებული და წარმოაჩინოს საქმის მეორეც მხარეც. 

სიუჟეტი იწყება სიტყვებით, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცეს: „რაში დაიხარჯა 5 ორგანიზაციის: „ნანუკას ფონდის“, ნიკა გილაურის ფონდის - “ფროსფერითი ჯორჯია”, ფონდი „ერთმანეთსთვის“, „სირცხვილიასა“ და „ადამიანის უფლებათა სახლის“ მიერ 2 მილიონ ლარზე მეტი? პროკურატურა ამტკიცებს, რომ დიდი ნაწილი - ძალადობრივი აქციების ორგანიზებისთვის და ამ ფონდების ანგარიშების დაყადაღებაც, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოხდა”. 

ამას ამტკიცებს პროკურატურა. ჟურნალისტის მიზანი უნდა იყოს, გაიგოს რაც შეიძლება მეტი და გაარკვიოს რამდენად შეესაბამება პროკურატურის ბრალდება სიმართლეს. რას აკეთებს ამისთვის? 

პირდაპირ ეთერში კითხულობს ერთ-ერთი ფონდის დამფუძნებლის, გუგა ხელაიას ფეისბუკ პოსტიდან აი ამ ფრაგმენტს: „პროკურატურის განცხადება არის ჩვეულებრივი ცილისწამება! ჩვენს ფონდს ერთი ტრანზაქციაც კი არ აქვს შესრულებული იმ დანიშნულებით, რაც მაგალითებად მოიყვანეს. „ერთმანეთისთვის“ მაგიტომ დაერქვა, რომ ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფ ინდივიდებსა და ოჯახებს დავდგომოდით გვერდით. აბსოლუტურად ყველა ტრანზაქციაზე იმავე წამს გვაქვს გადახდილი ყველა სახელმწიფო გადასახადი. პლუს დეკლარაცია შევსებული მაქსიმალური სიზუსტით და ყველაფერთან ერთად, არც ერთ ჩვენს თანამშრომელს, ჩემი ჩათვლით, ერთი თეთრიც კი არ მიუღია 3 თვის განმავლობაში”. 

გუგა ხელაიას პოსტში არის სიტყვებიც, რომელიც პირდაპირ პასუხობს ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას - რაში დაიხარჯა ფული? თუმცა, ეს ნაწილი სიუჟეტში ვერ მოხვდა: „ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარეთ, საბანკო ვალდებულების, ქირის, საკვების, მედიკამენტების, ექიმის მომსახურების და ელემენტარული თვითგადარჩენისთვის საჭირო რეალობის მისაღწევად“.

შემდეგი რესპონდენტი ნანუკა ჟორჟოლიანია, რომელიც სატელეფონო კომენტარს აკეთებს და ადასტურებს, რომ შეძენილი აქვს აირწინაღებიც მაშინ, როდესაც მისი გამოყენება არ იყო აკრძალული. სხვა არანაირი ინფორმაცია „ნანუკას ფონდის“ შესახებ არ ჩანს. ჟურნალისტი მაყურებელს არ უყვება იმის შესახებ, თუ რამდენი ხანია, რაც ეს ფონდი არსებობს, რომ ის ეხმარება ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს, სოციალურად დაუცველ ადამიანებს და უკანასკნელ პერიოდში, გარდა აირწინაღებისა, ეხმარება პროტესტში მონაწილე ადამიანებს, რომ დაიცვან საკუთარი ჯანმრთელობა და გაუმკლავდნენ ადმინისტრაციულ ჯარიმებს. მოკლედ, ძირითადი მესიჯი „ნანუკას ფონდის“ შესახებ იყო, რომ კი, აირწინაღები ნამდვილად შეიძინა. 

მთავარ კითხვაზე პასუხს, თუ სად დაიხარჯა „სინამდვილეში“ 2 მილიონი ლარი, ფონდების დაყადაღების საქმის მთავარი ფიგურანტი, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი სცემს: „ამაზრზენია ის ტყუილები, რასაც ავრცელებენ, თითქოს, ეს თანხები, რომელიც აკუმულირდებოდა, ხმარდებოდა ვინმე გაჭირვებულს. ეს არის დიდი ტყუილი. ეს ფული პირდაპირ ხმარდებოდა ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ მიმართულ კანონგარეშე ქმედებებს”. 

ამის შემდეგ თათია მაყაშვილი ნიკა გვარამიას კადრების ფონზე, გვიამბობს: „ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს ფონდები არა თუ კანონს არღვევდნენ, არამედ პირიქით, უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ. ამიტომ 5 ფონდისთვის ანგარიშების დაყადაღება პოლიტიკურ ინტერესს ატარებს“. არც ამ სიტყვებში ჩანს, რა ფუნქცია ჰქონდა გილაურის ფონდს. ოპოზიციის განცხადებიდან ამოღებული ციტატა პრაქტიკულად მტკიცებულებაა იმისა, რომ დიახ, „უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ“. ამას ელენე ხოშტარიას სიტყვებიდან ამოღებული ფრაგმენტიც ადასტურებს: „უკვე აქტივისტებმა გამოაცხადეს, რომ ინდივიდუალურად შეიკრიბა თანხები. ამიტომ გარანტიას გაძლევთ, რომ სოლიდარობის და თანადგომის ფორმები იქნება მოძებნილი, როგორც ამ ფონდების მიმართ, ნანუკას მიმართ, ასევე ყველა იმ პროტესტის მონაწილის მიმართ, რომელიც უკვე 111-ე დღეა იბრძვის საქართველოს ევროპული მომავლისთვის”. აქ სადმე ჩანს კონკრეტულად რაში მდგომარეობს დახმარება, იმ კითხვაზე პასუხი, რომელიც სიუჟეტის დასაწყისში დასვა ჟურნალისტმა? არა. 

ამას მოჰყვება კიდევ ორი ოპოზიციონერის კომენტარი. პაატა მანჯგალაძე, „სტრატეგია აღმაშენებელი“: „მათ უჭირთ, რადგან ვერ აჩერებენ გულწრფელ პროტესტს, „ნანუკას ფონდის“ დაკავება არის 21-ე საუკუნის ჩვეულებრივი ინკვიზიცია“. ფიქრია ჩიხრაძე, „ლელო“: „პროტესტი, რომელიც ხელს და ნერვებს უშლის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, ცდილობს, რომ სხვადასხვა მეთოდით ამოქოლოს. ამოქოლოვის ერთ-ერთი გზა იყო სწორედ ესეც, რომ დააყადაღეს ფონდები, რომ ამ მიმართულებით ამდაგვარი პრობლემების მოგვარების შესაძლებლობა სულ უფრო და უფრო მცირე იყოს”. პასუხი მთავარ კითხვაზე არც აქ ჩანს. 

სიუჟეტის მეორე ნახევარი ცხადია, მთლიანად „ქართული ოცნების“ წევრების შეფასებებს მოიცავს, სადაც ისინი გვარწმუნებენ, რომ „ხელისუფლებაში არც იმას გამორიცხავენ, რომ სხვადასხვა ფონდების მიერ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობები ფინანსდებოდა”, - ამბობს სიუჟეტის ავტორი და თავის სიტყვებს გურამ მაჭავარიანის სინქრონით ამყარებს. მას მოჰყვებიან გიორგი ვოლსკი და ირაკლი კირცხალია. საინტერესოა, რომ სადაც მომჩივანი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოა“, საქმეს პროკურატურა იძიებს და მოპასუხეები ფონდების წარმომადგენლები არიან, რატომ გადის სიუჟეტში მმართველი პარტიის 3 წევრის კომენტარი, თანაც დასკვნით ნაწილში? ამაზე პასუხს თავად ირაკლი კირცხალია სცემს: „ასე რომ მათი ფიქრები ჩვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით პროკურატურისთვის, იმიტომ რომ საქმე არის აღძრული”.

დასასრულს თათია მაყაშვილი ვრცელ ციტატას გვიკითხავს პროკურატურის განცხადებიდან და სიუჟეტს ამ სიტყვებით ასრულებს: „პროკურატურის განცხადებით, დაყადაღებული ფონდებიდან ფინანსდებოდა დანაშაულებრივი მოქმედებების ორგანიზება და საჭირო ინვენტარის შეძენა”. 

ერთი სიტყვით, კითხვას, რომელიც დასაწყისში დაისვა - რაში იხარჯებოდა საქველმოქმედო ფონდების ფული,  პასუხი ისევ პროკურატურამ და ვატო შაქარიშვილმა გასცეს, დანარჩენი რესპონდენტები უარყოფდნენ პროკურატურის ბრალდებას, მაგრამ „არ გვითხრეს“, რაში მდგომარეობდა სიმართლე. უფრო სწორედ გვითხრეს, მაგრამ ეს სიუჟეტში არ მოხვდა. 

მაგალითად, ფონდი „ერთმანეთისთვის“ დარეგისტრირდა 2024 წლის 23 დეკემბერს, თუკი ჟურნალისტი დაინტერესდებოდა, მიიღებდა პასუხს, რომ ფონდი ყოველთვიურად ურიცხავდა პოლიტპატიმრებს თანხებს, მათ ოჯახებს ეხმარებოდა საჭიროებისამებრ და რამდენიმე პატიმარს, რომლებიც ოჯახის მარჩენალი იყო, ბანკის სესხი დაუფარეს.

„თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ ფონდი 2010 წელს დაარსდა და მისი დამფუძნებლები არიან: „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი GCRT“, „უფლებები საქართველო“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ და „საფარი“. მიმდინარე მოვლენების პერიოდში ფონდი საპროტესტო აქციებში მონაწილეებს მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდაში ეხმარებოდა.

ფონდი „ფროსფერითი ჯორჯია“ შემოსული თანხის განაწილების დეტალებს (2024 წლის 6 დეკემბრიდან 2025 წლის 7 მარტის ჩათვლით) ფეისბუკის საკუთარ გვერდზეც აქვეყნებს. აქ ამომწურავი პასუხია კითხვაზე, რომელიც სიუჟეტის დასაწყისში დაისვა, მაგრამ „მოამბის“ ჟურნალისტს ის არ აინტერესებს. 

შემდეგ განცხადება გაავრცელა მოძრაობა „სირცხვილიამაც“:   

„ნანუკას ფონდის“ შესახებ ზემოთაც აღვნიშნე და მის მიერ გაწეული დახმარებები იმდენად საჯაროა, მასზე ინფორმაციის მოძიება მინიმალურ მონდომებას საჭიროებს, იმ მონდომებას, რომელიც „მოამბის“ ჟურნალისტებს არ გააჩნიათ. 

იქიდან გამომდინარე, რომ სტატიის, ბლოგისა თუ სიუჟეტის დასაწყისი და დასასრული სიტყვები თუ კადრები მნიშვნელოვანია და ყველაზე მეტად მაყურებელი თუ მკითხველი სწორედ ამას იმახსოვრებს, მეც მინდა, მკითხველის ყურადღება იმ დეტალზე გავამახვილო, რომელიც მთელ სიუჟეტს ლაიტმოტივად  სდევდა თან. მოგეხსენებათ, სატელევიზიო სიუჟეტში გამოსახულებას არანაკლები დატვირთვა აქვს, ვიდრე სიტყვებს, ამიტომ მნიშვნელოვანია როგორი კადრებით აფორმებს „მოამბის“ ჟურნალისტი თავის სიტყვებს. 

ეს არის მთავარი პასუხი, ასე უნდა იმუშაოს სამთავრობო მედიამ, რომელსაც დაავალეს, რომ ხალხს გააგებინოს - ფონდები მომიტინგეების შეიარაღებას ემსახურებოდა და სახელმწიფო გადატრიალებისთვის შეიქმნაო. ეს არის პარტიის შეკვეთა და ამას ზედმიწევნით ასრულებს „საზოგადოებრივი მაუწყებელის“ საინფორმაციო გამოშვება და მისი ჟურნალისტები. 

სათაურში ჩვენ დავსვით კითხვა, როგორც შევასრულოთ პარტიის დაკვეთა „ნეიტრალური ტონით“? ძირითადად, სხვადასხვა მონიტორინგის შედეგებით, რომელიც მედიის ტონს ზომავს, „პირველი არხი“ ნეიტრალურობით გამოირჩევა, რადგან „მოამბეში“ იშვიათად ისმის ჟურნალისტის მიერ პირველ პირში გაკეთებული შეფასებები, მაგალითად, ისე, როგორც ეს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ხდება. თუმცა, დასმული კითხვები, პასუხებიდან ამოღებული ციტატები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - კადრები მაინც ჟურნალისტის სუბიექტური შეფასებაა, სადაც სუბიექტი უმეტესწილად არა თავად ის, კონკრეტული ჟურნალისტი, არამედ ქვეყნის მმართველი პარტიაა.