ყველაფერი კანონის ფარლგებშია. როგორ გაანადგურა და დაიმორჩილა ალიევმა მედია
10.03.2025
ავტორი : სოფო ბუკია, კავკასიური ვებგვერდის, JAMnews-ის რედაქტორი

ვარდისფერ ღამის პერანგში ჩაცმული სამი წლის გოგონა მამას ფეხზე ეხვევა, ტირის და ცდილობს არ გაატანოს ნიღბიან პოლიციელებს, რომლებსაც ბინიდან გაჰყავთ. მამა ემშვიდობება ქალიშვილს და ფორმაში ჩაცმულ მამაკაცებს მიჰყვება. 

ეს დრამატული ეპიზოდი 2023 წლის ნოემბერში, ბაქოში, ჟურნალისტ აზიზ ორუჯევის სახლში მოხდა. ორუჯევის დაკავება აზერბაიჯანში ჟურნალისტების წინააღმდეგ რეპრესიების ახალი ტალღის ათვლის წერტილად იქცა. 

დღეს ორუჯევი პატიმრობაში იმყოფება გამოგონილი ბრალდებებით, მისი პატარა ქალიშვილი კი მამის გარეშე იზრდება.

აზერბაიჯანი არასოდეს ყოფილა ქვეყანა, სადაც ჟურნალისტები კარგად გრძნობდნენ თავს, თუმცა 2023 წლის ნოემბერში დაწყებული რეპრესიები დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე უპრეცედენტო აღმოჩნდა ამ ქვეყნისთვისაც კი. 

ამ დროიდან მოყოლებული სხვადასხვა ბრალდებით 100-ზე მეტი ჟურნალისტი, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი, უფლებადამცველი, საზოგადოებრივი და პოლიტიკური აქტივისტი დააკავეს. 

2025 წლის თებერვალში უფლებადამცველებმა აზერბაიჯანში პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული 357 ადამიანი დაითვალეს. ეს რეკორდული მაჩვენებელია ბოლო 25 წლის განმავლობაში. პოლიტპატიმრების რიცხვის ყველაზე მეტად გასულ წელს გაიზარდა და დაკავებულებს შორის სწორედ ჟურნალისტები ჭარბობდნენ. 

დაკავებული ჟურნალისტების უმრავლესობა ხელისუფლებამ კონტრაბანდაში დაადანაშაულა – მათ ბრალი წაუყენეს აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 206.3.2 მუხლით (კონტრაბანდა, რომელიც ორგანიზებული ჯგუფის მიერაა ჩადენილი). რეჟიმი ამტკიცებს, რომ ჟურნალისტებს უკანონოდ შემოჰქონდათ აზერბაიჯანში ფინანსური სახსრები დონორი ორგანიზაციებისგან.

მედია სფეროში წმენდა იმდენად მასშტაბური აღმოჩნდა, რომ ამ ქვეყანაში დღეს ფაქტობრივად არ დარჩა არც ერთი (!) კრიტიკული მედიასაშუალება და არც ერთი (!) დამოუკიდებელი ჟურნალისტი. 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტები დღეს ან ემიგრაციაში არიან, ან ციხეში, ან მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული და შინაპატიმრობაში იმყოფებიან. ვინც დევნას  გადაურჩა და ქვეყანაში დარჩა, პროფესიიდან წავიდა ან რეჟიმის მიმართ ლოიალური გახდა. 

ერთი მაგალითი - ჩემი ნაცნობი ჟურნალისტი 25-წლიანი სტაჟით, რომელიც წლების განმავლობაში ერთ-ერთი საერთაშორისო გამოცემის რედაქტორი იყო, მარტიდან საბავშვო ბაღში აღმზრდელად იმუშავებს.  მისი კოლეგა, ასევე დიდი სტაჟის მქონე აზერბაიჯანელი რედაქტორი, უძრავი ქონების სააგენტოში იწყებს მუშაობას. 

„ადრე შეგვეძლო, ასე ვთქვათ, აფიშირების გარეშე გვემუშავა. მასალებს სახელსა და გვარს არ ვაწერდით, როცა საერთაშორისო მედიასთან ვთანამშრომლობდით. ჰონორარების აღებასაც ვახერხებდით, იყო ლავირების საშუალება. თუმცა, უკვე ეს ყველაფერი გამორიცხულია.  ფრილანსერობაც გამორიცხულია.  ყველა გზა მოჭრეს და ყველა ხვრელი ამოავსეს. ან უნდა გაიქცე ქვეყნიდან ან უნდა წახვიდე პროფესიიდან. მე ვერ გავიქცეოდი, მოხუცი მშობლები მყავს“, - მითხრა მან. 


როგორ მოახერხა ალიევმა ეს?

კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“ აზერბაიჯანულად 

ალიევს არ გამოუგონებია ველოსიპედი და მოიქცა ისე, როგორც ყველა სხვა ავტორიტარი მმართველი იქცევა, რომელსაც ხელისუფლების დათმობა და გაზიარება არავისთვის უნდა - მიიღო რეპრესიული კანონები - ყბადაღებული „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის აზერბაიჯანული ანალოგები. 

გადამწყვეტი გახდა 2014 წელი, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და გრანტების შესახებ კანონებში შესწორებები შევიდა. ცვლილებები მკაცრად ზღუდავდა უცხოურ დაფინანსებას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პრესისთვის.

ამ ცვლილებებით სახელმწიფომ აიძულა არასამთავრობო ორგანიზაციები დაერეგისტრირებინათ გრანტები იუსტიციის სამინისტროში, ხოლო საკუთარ თავს უფლება მისცა უარი ეთქვა მათ რეგისტრაციაზე.

შედეგად საერთაშორისო დონორებმა აზერბაიჯანიდან მასობრივი გასვლა დაიწყეს. აზერბაიჯანი 50-ზე მეტმა საერთაშორისო ორგანიზაციამ დატოვა.

თუმცა, კულმინაცია აღმოჩნდა „მედიის შესახებ“ კანონი, რომელსაც ალიევმა 2022 წლის თებერვალში მოაწერა ხელი და რომელიც უშუალოდ ჟურნალისტებს შეეხო.

ჟურნალისტებს აეკრძალათ ყველანაირი უცხოური ფულის მიღება - გრანტის, ჰონორარის, ხელფასის და ა.შ. ახალი კანონი მათ ავალდებულებდა რეგისტრაციას ერთიან სახელმწიფო რეესტრში, რა დროსაც სახელმწიფოსთვის უნდა მიეწოდებინათ პერსონალური მონაცემების გრძელი სია. 

ასევე კანონი არეგულირებს, თუ ვის შეუძლია იმუშაოს ჟურნალისტად -  აწესებს პროფესიაში მიღების მკაცრ კრიტერიუმებს. მაგალითად, მედიასაშუალების ფლობა მხოლოდ აზერბაიჯანის მოქალაქეს შეუძლია (ყოველგვარი უცხოური მონაწილეობის გარეშე). ხოლო ჟურნალისტად დარეგისტრირებულ ადამიანს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება, არ იყოს ნასამართლევი და ჰქონდეს შრომითი ხელშეკრულება. ანუ ფრილანსერები (ასეთები კი აზერბაიჯანში ძალიან ბევრნი იყვნენ - ძირითადად სწორედ ფრილანსერები თანამშრომლობდნენ საერთაშორისო მედიებთან) ავტომატურად კანონგარეშედ გამოცხადდნენ.  

მეტიც, ახალი კანონის მიხედვით, სახელმწიფო მარეგულირებელს შეუძლია ნებისმიერ მედიასაშუალებას ლიცენზია გაუუქმოს მოვლენების ე.წ. „მიკერძოებული“ გაშუქების გამო. 

ამ ჩანაწერით, ფაქტობრივად, ცენზურა დაკანონდა. მთავრობა წყვეტდა - რა არის ჟურნალისტიკა და რა - არა, რა არის ახალი ამბავი და რა - არა.

როგორც ვარაუდობდნენ, ეს კანონი ალიევის ხელისუფლების ხელში რეპრესიების მძლავრ იარაღად გადაიქცა.  

ყველას ერთ დღეს როდი მიადგნენ, თუმცა, დროთა განმავლობაში რეპრესიებს ვერავინ გადაურჩა. აზერბაიჯანში დაიწყო დამოუკიდებელი მედიის ფიზიკური განადგურების ხანა  – ეკონომიკური ჩახშობის, ძალოვანი სტრუქტურების რეიდების და სასამართლო აკრძალვების გზით. 


რეპრესიები: დაპატიმრებები და დევნა 


2024 წელს აზერბაიჯანი ჟურნალისტების ციხეში გამომწყვდევის თვალსაზრისით მსოფლიოს ათეულში მოხვდა.

ბოლო წლებში ჟურნალისტებს უფრო ხშირად აკავებენ არა „ცილისწამებისთვის“, როგორც ადრე, არამედ ფალსიფიცირებულ ეკონომიკურ და სისხლის სამართლის ბრალდებებს უსადაგებენ – „კონტრაბანდა“, „გადასახადებისგან თავის არიდება“, „ვალუტის უკანონო შენახვა“.

შედეგად, 2025 წლის დასაწყისისთვის, რამდენიმე ათეული ჟურნალისტი აღმოჩნდა წინასწარ პატიმრობაში „ვალუტის კონტრაბანდის“ ბრალდებით.

ამ ბრალდებით ცალკეული ჟურნალისტები კი არა, მთელი რედაქციები დააკავეს. 

მაგალითად, პირველი ასეთი მასობრივი დაკავება იყო 2023 წლის ნოემბერში -  პოლიცია შეიჭრა დამოუკიდებელი გამოცემა Abzas Media-ს ოფისში, სადაც „აღმოაჩინა“ დიდი ოდენობით ნაღდი ფული (ევრო). 

დააკავეს გამოცემის ხელმძღვანელები: ულვი ჰასანლი და სევინჯ ვაგიფგიზი.  დაკავებულების კოლეგები დარწმუნებულები არიან, რომ ფული პოლიციამ ჩადო. ამის შემდგომ, ამავე გამოცემის კიდევ სხვა ჟურნალისტები დააკავეს, ასევე კონტრაბანდის ბრალდებით. ბევრ მათგანს 8-12 წელი ემუქრება. 

უფრო ცხადი რომ გახდეს - უბრალოდ ჰონორარის აღება შესრულებულ საქმეში საერთაშორისო ფონდისგან უკვე შეიძლება ჩაითვალოს სამართალდარღვევად. 

როგორც დამოუკიდებელი აზერბაიჯანელი ექსპერტები აღნიშნავენ, კრიტიკული, მაგრამ შედარებით პატარა ონლაინ გამოცემების ჟურნალისტების დაკავება დემონსტრაციული ხასიათის იყო და ზოგადად ჟურნალისტების დასაშინებლად იყო მიმართული:

„მათ დევნიან არა იმდენად იმის გამო, რაც კონკრეტულად თქვეს მათ მასალებში, არამედ იმისთვის, რომ სხვებს ასწავლონ ჭკუა და სხვებისთვის იყოს გაკვეთილი. ამ თვალსაზრისით, რაც უფრო უვნებელი და უდანაშაულოა მსხვერპლი, მით უფრო დიდია მიღწეული ფსიქოლოგიური ეფექტი“, - ამბობს უფლებადამცველი და ჟურნალისტი ელდარ ზეინალოვი. 

საერთაშორისო გამოძიებამ ასევე გამოავლინა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება ჟურნალისტებს სპეციალური ჯაშუშური პროგრამის, Pegasus-ის მეშვეობით უთვალთვალებდა - ამ პროგრამით ჟურნალისტების ტელეფონები დაავირუსეს, რათა თვალი ედევნებინათ მათი მიმოწერისთვის. 

კიდევ ერთი დეტალი - 2014 წელს, როდესაც „რადიო თავისუფლების“ აზერბაიჯანული ბიუროს გამომძიებელი ჟურნალისტი, ხადიჯა ისმაილოვა დააკავეს, ქალი ჟურნალისტი გისოსებს მიღმა ამ ქვეყნისთვის „ეგზოტიკა“ იყო. დღეს აზერბაიჯანის ციხეები გავსებულია დატყვევებული ქალი ჟურნალისტებითა და აქტივისტებით.


ემიგრანტი ჟურნალისტები


ბევრმა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა იძულებით დატოვა ქვეყანა, რათა დაპატიმრებას გადარჩენოდა. (თუმცა, არც ემიგრაციაში გრძნობენ ისინი თავს უსაფრთხოდ – სპეცსამსახურები მათ იქაც უთვალთვალებენ - შორს რომ არ წავიდეთ, აფგან მუხტარლის შემთხვევა გავიხსენოთ. ხოლო აზერბაიჯანში დარჩენილ მათ ოჯახის წევრებზე ალიევის რეჟიმი ზეწოლას ახდენს). 

ემიგრაციაში აზერბაიჯანელმა ჟურნალისტებმა რამდენიმე ონლაინ მედია დააფუძნეს და აგრძელებდნენ ჟურნალისტურ საქმიანობას ქვეყნის შიგნით მყოფი ფრილანსერი ჟურნალისტების დახმარებით. 

ერთ-ერთი ასეთი პლატფორმაა Meydan TV-ი, რომელიც  გერმანიაში ემიგრირებულმა ჟურნალისტმა გამომძიებლებმა დააფუძნეს. 

ამ გამოცემას დიდი ფრილანსერების ქსელი ჰყავდა აზერბაიჯანში - ისინი, როგორც წესი, სახელისა და გვარის გაუმჟღავნებლად წერდნენ, თუმცა, აქტიურად მუშაობდნენ და ამ წლების განმავლობაში ბევრი კრიტიკული რეპორტაჟი და გამოძიება მოამზადეს. 

თუმცა, ამიერიდან, Meydan TV-ი უკვე ვეღარ იმუშავებს აზერბაიჯანში ფრილანსერების დახმარებით - გასული წლის შემოდგომიდან დღემდე Meydan TV-ის ცხრა კორესპონდენტი დააკავა ალიევის ხელისუფლებამ აზერბაიჯანში. ამის შემდეგ, გამოცემამ საბოლოოდ უარი თქვა ადგილობრივ კორესპონდენტებთან თანამშრომლობაზე მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე.

იგივე მოხდა სხვა საერთაშორისო მედიების შემთხვევაშიც - თუკი აქამდე აზერბაიჯანელი ჟურნალისტები რისკავდნენ და მაინც თანამშრომლობდნენ საერთაშორისო მედიებთან, 2025 წლიდან უკვე ეს შესაძლებლობაც დაიხურა. 


მსოფლიოს რეაქცია: დუმილი და შეშფოთება


საერთაშორისო საზოგადოება, ერთი მხრივ, მუდმივად გამოხატავს შეშფოთება იმის გამო, რაც აზერბაიჯანში ხდება, თუმცა, მეორე მხრივ, როგორც კრიტიკოსები აღნიშნავენ, არასაკმარისად მკაცრია და დიპლომატიურ დუმილს ინარჩუნებს, რადგან აზერბაიჯანის ბუნებრივი რესურსებითაა დაინტერესებული. 

სულ ბოლო მაგალითი -  2024 წლის ბოლოს აზერბაიჯანმა უმასპინძლა მსხვილ საერთაშორისო ფორუმს - გაეროს კლიმატის კონფერენციას (COP29). ანუ მსოფლიო საზოგადოება, რომელიც ფორუმს დაესწრო, არ შეაფერხა იმან, რომ ამ ქვეყანაში რამდენიმე ასეული პოლიტპატიმარი ჰყავთ ციხეში გამომწყვდეული.

ამიტომაც, აზერბაიჯანში ხშირად ამბობენ, რომ ამ ქვეყნის მთავარი უბედურება ნავთობია და ალიევის ხელისუფლება ბუნებრივ რესურსებსა და ნავთობზე დგას. 

დამკვირვებლები ასევე აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში ყოველ ჯერზე ვითარება კიდევ უფრო მძიმდება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ეს დაუწერელი კანონია - ალიევის ყოველი მორიგი „გადარჩევის“ შემდეგ რეპრესიები განსაკუთრებულ მასშტაბებს იძენს. 

გარდა ამისა, ექსპერტების თქმით, ალიევმა გლობალურადაც კარგი მომენტი აირჩია წმენდისთვის - აშშ საარჩევნო კამპანიით იყო დაკავებული, ევროპა კი - უკრაინის ომით. 

ხოლო, დღეს, როდესაც მსოფლიო წესრიგში ერთი დიდი გაურკვევლობა სუფევს, ალიევი კიდევ უფრო თამამად მიუყვება აღებულ კურსს, რადგან მის შესაჩერებლად არავის სცალია. 


რა ხდება დღეს?

ილჰამ ალიევი, რომელიც 2003 წლიდან შეუჩერებლად მართავს ქვეყანას, აგრძელებს ძალაუფლების ვერტიკალური სისტემის გამაგრებას. 

დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ათწლიანი ბრძოლის შედეგები უკვე აშკარაა და საგრძნობლად აისახება აზერბაიჯანის მოქალაქეებზე. 

ქვეყანაში დამყარდა საინფორმაციო მონოპოლია – მოქალაქეების უმეტესობა ახალ ამბებს მხოლოდ პროსახელისუფლებო ტელეარხებიდან იღებს, სადაც აზერბაიჯანი წარმოჩენილია როგორც აყვავებული ქვეყანა, ყოველგვარი პრობლემების გარეშე. მედიაში დომინირებს ოფიციალური პროპაგანდა – ყოველდღიურ ეთერში ტრიალებს რეპორტაჟები ყარაბაღის დაბრუნებული მიწების, გრანდიოზული ინფრასტრუქტურული პროექტებისა და თავად ალიევის ოჯახის შესახებ. 

კორუფციული სკანდალები და ხელისუფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევები გაშუქებას არ ექვემდებარება. ოპოზიცია ან იგნორირებულია, ან „სახელმწიფოს მტრად“ არის გამოცხადებული. 

ნებისმიერი საპროტესტო გამოსვლა, იქნება ეს სოციალური თუ ეკოლოგიური, ან საერთოდ არ შუქდება, ან მიზანმიმართულად წარმოჩინდება, როგორც მარგინალური მოვლენა.

დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის გარეშე კორუფციამ და ჩინოვნიკების განუკითხაობამ კიდევ უფრო ღრმად გაიდგა ფესვები. არავინ დარჩა, ვინც გამოიძიებს ალიევის ოჯახისა და მისი გარემოცვის ოფშორულ სქემებს, მიწის თაღლითობებს, პოლიციის თვითნებობას, ციხეებში წამებასა და ბიუჯეტის სახსრების ფლანგვას. 

საჯარო კონტროლის არარსებობის პირობებში, ხელისუფლების წარმომადგენლები დარწმუნებულნი არიან, რომ მათზე კრიტიკული სიტყვა არც ონლაინ მედიაში გამოქვეყნდება და არც ტელევიზიით გაჟღერდება. 

საერთაშორისო მასშტაბის გახმაურებული კორუფციული გამოძიებები, რომლებიც პირდაპირ ბაქოს ხელისუფლებას ეხება, შიდა სივრცეში საერთოდ არ განიხილება, რადგან ამაზე მედია დუმს.

ხელისუფლებასა და ხალხს შორის კავშირი პრაქტიკულად გაწყვეტილია. დამოუკიდებელი მედიის გარეშე მოქალაქეებს აღარ აქვთ შესაძლებლობა თავიანთი პრობლემების შესახებ საჯაროდ ისაუბრონ. 

„ეს კანონი ართმევს უფლებებს არა მხოლოდ დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, არამედ მთელ საზოგადოებას“, – ამბობს ერთ-ერთი ჟურნალისტი.

ამ პროცესის კიდევ ერთი მძიმე შედეგია აზერბაიჯანიდან ე.წ. „ტვინების გადინება“. ჟურნალისტები, ანალიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები იძულებულნი არიან, ემიგრაციაში წავიდნენ, რადგან ქვეყნის შიგნით მათ არ აქვთ განვითარების პერსპექტივა. 

მრავალწლიანი ბრძოლა დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, აშკარად უთანასწორო აღმოჩნდა. ოპოზიცია დასუსტებული და დაქუცმაცებულია, სამოქალაქო საზოგადოება კი – განადგურებული. ქვეყანაში დუმილია, რომელსაც მხოლოდ ხელისუფლების ოფიციალური განცხადებები არღვევს.








ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

linked icon styling WI

ასევე იხილეთ