„ჩვენ არ შევწყვეტთ სიმართლის თქმას“ - მედიის სოლიდარობის მარში
09.04.2025


„არ იქნება მედია - არ იქნება თავისუფალი სიტყვა, სიმართლე და სამართლიანობა!“ - ამ ლოზუნგით 8 აპრილს მედიის სოლიდარობის მარში გაიმართა. ჟურნალისტები, მედიის წარმომადგენლები და დამოუკიდებელი მედიის მხარდამჭერები ფილარმონიასთან შეიკრიბნენ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველ შენობასთან გამართული აქციის მონაწილეებთან ერთად, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მსვლელობით მივიდნენ.

მარშის დაწყებამდე დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებმა ფილარმონიასთან შეკრებილებს ერთობლივი განცხადება გააცნეს: „მედიის ბრძოლა თავისუფლებისთვის, გრძელდება. ჩვენ არ შევწყვეტთ სიმართლის თქმას, უკანონობის მხილებას და კრიტიკას. ჩვენი ეთერებიდან და პლატფორმებიდან გახმიანებულ სიმართლეს არასოდეს ჩაანაცვლებს სიჩუმე“.



მედიამენეჯერებმა და ჟურნალისტებმა „ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ მიღებულ მედიის შემზღუდავ კანონებზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ გადარჩენისთვის ბრძოლას აპირებენ. 

„ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკა არის მედიის განადგურება…ახლა რაღაც ფინალურ სტადიამდე მივიდნენ, რომ ჩაგვიკეტონ არსებობის საშუალება, ყველანაირი წყარო გადაგვიკეტონ, რეკლამა ისედაც გადაკეტილია. დიდად ტელევიზიები გრანტებს ისედაც ვერ ვიღებდით, მაგრამ თეორიული ალბათობაც კი გამორიცხეს და ახლა ყველას ყველაფერი აუკრძალეს. მათი მიზანი ვიცით, ჩვენ რას ვაპირებთ, ის უნდა ვთქვათ. მე ვაპირებ, რომ არ დავემორჩილო მათ გადაწყვეტილებებს და ვიბრძოლო გადარჩენისთვის,“ - განაცხადაTV კავკასიის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ჯანგირაშვილმა.

„TV პირველის“ გამომძიებელი ჟურნალისტი, მაკა ჩიხლაძე კი დარწმუნებულია, რომ მედიის წინააღმდეგ „ოლიგარქის რეჟიმის“ ბრძოლის მიუხედავად, არ არსებობს არცერთი მისი კოლეგა კრიტიკულ და დამოუკიდებელ მედიაში, რომელსაც ეშინია:

„წარმოუდგენელ ამბებს იგონებენ, ოღონდ ჩვენ არ ვიყოთ, ოღონდ დისკომფორტი არ შეექმნათ და ვინმემ კრიტიკული კითხვა არ დაუსვას, მაგრამ ჩვენ ვარსებობთ და ვიდრე ვარსებობთ, ამ ქვეყანაში ყოველთვის იქნება დამოუკიდებელი მედიის ხმა, ყოველთვის იქნება ოლიგარქიის გავლენებისგან თავისუფალი ხმა, რომელსაც ვერ გააკონტროლებს ერთი მდიდარი კაცი…ჩვენს წინააღმდეგ იბრძვის ოლიგარქის რეჟიმი და იბრძვის პირდაპირი მნიშვნელობით. ისინი ცდილობენ, რომ ფიზიკურად აღარ ვარსებობდეთ ბევრ შემთხვევაში. არ გამოუვიდათ, არავის შეეშინდა ამისი და დარწმუნებული ვარ, რომ ახლა არ არსებობს არცერთი ჩემი კოლეგა კრიტიკულ, დამოუკიდებელ მედიაში, რომელსაც ეშინია“.

„სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტის, ქეთი თუთბერიძის შეფასებით, „ქართული ოცნება“ არის ხისტი ავტოკრატია, სადაც დამოუკიდებელი მედიის ადგილი არ არის. 

„რუსმა ინსტრუქტორებმა ვერ გათვალეს ქართული ხასიათი. ჩვენ სხვანაირი ხალხი ვართ და საქართველოს ისტორია თუ რამეს ადასტურებს, ესაა მუდმივად თავისუფლებისთვის ბრძოლა. ამის ნაწილი ვართ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი ჟურნალისტებიც. რამდენი კანონიც არ უნდა მიიღონ, ჩვენ არ გავჩერდებით, არ შევწყვეტთ მუშაობას და არ შევწყვეტთ სიმართლის ლაპარაკს და მხილებას. ვერ გაგვაჩუმებენ“.

„რეალურად, ეს არის „ქართული ოცნების“ იმ რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც წლებია უკვე თანმიმდევრულად ახორციელებს… პირველად მივედით, ალბათ, ბოლო 30 წლის მანძილზე იმ ზღვარზე, როცა შეიძლება ხვალ, ერთ თვეში, კრიტიკული, დამოუკიდებელი მედია საერთოდ აღარ იყოს და შეწყვიტოს არსებობა“, - მბობს „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ საბჭოს თავმჯდომარე და „სტუდია მონიტორის“ რედაქტორი, ნანა ბიგანიშვილი.

ჟურნალისტთა საქმიანობის უსაფრთხოების ხარისხის გაუარესებაზე გაამახვილა ყურადღება ჟურნალისტმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა „მოამბის“ წამყვანობიდან 4 თებერვალს მოხსნა: 

„არსებულ გაუარესებულ ვითარებაში აუცილებელია, ჟურნალისტებმა ერთმანეთს გამოვუცხადოთ სოლიდარობა. აუცილებელია, ჩვენ ერთმანეთი გავამხნევოთ და შევჯერდეთ იმაზე, რომ ჩვენ, იმ ადამიანებს, რომლებმაც პროფესიად მეტი ჟურნალისტიკა ავირჩიეთ, ვერავინ შეგვიზღუდავს საშუალებას, კეთილსინდისიერად ვიმუშაოთ სიტყვის თავისუფლებისთვის და ვემსახუროთ სიტყვის თავისუფლებას. ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველას ვაჩვენოთ, მოქალაქეებსაც, რომ ჩვენ აქ ვართ მათი სიტყვის თავისუფლებისთვის“.

მედიის სოლიდარობის მარშის მონაწილეებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელსაც, რომელიც თითქმის სამი თვეა პატიმრობაში იმყოფება. 

----------------------------------------------------------------------------------------------------------

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი 11-12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად მზია ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე მეორედ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, დაკავების შემდეგ, მზია ამაღლობელს ირაკლი დგებუაძე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და აგრესიულად ეპყრობოდა, მან ამაღლობელს სახეშიც შეაფურთხა. 

„ბათუმელებისა“ და ,,ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი დაკავების დღიდან, 38 დღე შიმშილობდა. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

----------------------------------------------------------------------------------------------------------




„ქართული ოცნების“ პარლამენტმა 1 აპრილს მესამე მოსმენით მიიღო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ის ცვლილებები, რომლებიც მაუწყებლებისთვის „უცხოეთიდან დაფინანსების“ აკრძალვას, თვითრეგულირების მექანიზმის შემცირებასა და კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილების ზრდას ითვალისწინებს.

1 აპრილსვე მიიღეს FARA-ც, რომელსაც „ქართული ოცნება“ აშშ-ში, 1938 წელს მიღებული კანონის პირდაპირ თარგმანს უწოდებს. 100-ზე მეტი სამოქალაქო და მედია ორგანიზაციის შეფასებით, აშშ-ში მოქმედი „ფარა“ დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგაზაციებისა და თავისუფალი მედიის საქმიანობას არ უპირისპირდება, ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას კი სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ მიღებული რუსული კანონის გადაფუთვა სურს.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები გამოეხმაურნენ დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებსაც, რომელიც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში, „გრანტების შესახებ“ კანონში, „კორუფციის შესახებ" კანონსა და ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. 

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ