„ევროპის ფონდმა“ საგამოძიებო ჟურნალისტიკის 2025 წლის გამარჯვებულები გამოავლინა
11.04.2025


„ევროპის ფონდმა“ საგამოძიებო ჟურნალისტიკის კონკურსის 2025 წლის გამარჯვებულები გამოავლინა და საგამოძიებო ჟურნალისტიკისა და მედიის მაკონტროლებელი ფუნქციის გამორჩეული ერთგულებით შესრულებისთვის „აი, ფაქტი“, „ბათუმელები“, „პუბლიკა“, „სამხრეთის კარიბჭე“, „საქართველოს ამბები (მთის ამბები)“, „სტუდია მონიტორი“ და „ტელეკომპანია პირველის“ გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდი დააჯილდოვა.

ფონდის განცხადებით, კონურსის მიზანი იმ მედიაორგანიზაციების დაჯილდოება იყო, რომლებიც დაუღალავად აშუქებენ მნიშვნელოვან მოვლენებს და სისტემური კორუფციისა და არაეფექტიანი მმართველობის შემთხვევებს ამხელენ.

„ეს მედიასაშუალებები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დემოკრატიის დაცვაში. ისინი აშუქებენ მნიშვნელოვან მოვლენებს, ამხელენ სისტემურ კორუფციას და საჯარო პირების ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად, აქვეყნებენ მტკიცებულებებზე დამყარებულ ინფორმაციას. ფონდმა ამ კონკურსით კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მედიის მრავალფეროვნებისა და საგამოძიებო ჟურნალისტიკის გაძლიერების მნიშვნელობას. დაჯილდოებული ორგანიზაციები მოიცავენ როგორც ეროვნულ, ისე რეგიონულ მედიას, მათ შორის ტელევიზიასა და ონლაინ პლატფორმებს. ფონდი აღიარებს ამ მედიასაშუალებების წვლილს საზოგადოებისთვის ობიექტური და კრიტიკული ინფორმაციის მიწოდებასა და მნიშვნელოვანი საკითხების გაშუქებაში.  ჯილდო აღიარებს მათ მიღწევებს და ხელს უწყობს მათ მნიშვნელოვანი საგამოძიებო საქმიანობის გაგრძელებაში“, - წერს „ევროპის ფონდი“. 

მარკ ჰორვიტის, მისურის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სკოლის პროფესორის შეფასებით, რომელიც კონკურსის ჟიურის ერთ-ერთი წევრი იყო, ეს მედიასაშუალებები თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება საგამოძიებო ჟურნალისტიკამ მოახდინოს რეალური გავლენა, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომლის წინაშეც დგანან ჟურნალისტები საქართველოში. 

„გარემოსდაცვითი საკითხებიდან დაწყებული, საარჩევნო სისტემაში არსებული დარღვევების გამოძიებით დასრულებული,  მათი მასალები უშიშრად ამხელენ უსამართლობას. მათი საქმიანობა შთააგონებს მთელ მსოფლიოში ჟურნალისტებს, რომლებსაც უწევთ მსგავს სირთულეებთან გამკლავება. ისინი ამტკიცებენ, რომ მიუხედავად ყველა წინააღმდეგობისა, სიმართლის დაუღალავი ძიება საბოლოოდ მოიტანს სასურველ შედეგს“.

გლობალური საგამოძიებო ჟურნალისტიკის ქსელის (GIJN) თანადამფუძნებელი და ილინოისის უნივერსიტეტის პროფესორი, ბრანტ ჰიუსტონი კი ამბობს, რომ ჟურნალისტები, მათზე გახშირებული ფიზიკური თავდასხმებისა და მედიის შეზღუდვისკენ მიმართული კანონმდებლობის გამკაცრების მიუხედავად, უშიშრად განაგრძობენ საქართველოს დემოკრატიის განადგურებისკენ მიმართული ქმედებების მხილებას:

„ეს მედიასაშუალებები სრულად იმსახურებენ ამ ჯილდოებს, რადგან მათ გაბედულად და შეუპოვრად გამოამჟღავნეს სახელმწიფო უწყებებსა და საჯარო პირებში გავრცელებული კორუფციული პრაქტიკები. მიუხედავად ჟურნალისტებზე გახშირებული ფიზიკური თავდასხმებისა და მედიის შეზღუდვისკენ მიმართული კანონმდებლობის გამკაცრებისა, ისინი უშიშრად განაგრძობენ საქართველოს დემოკრატიის განადგურებისკენ მიმართული ქმედებების მხილებას“. 

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ