პოდკასტი
კატეგორია - პოდკასტი
"არ მაქვს პოლიტიკური დღის წესრიგი. ერთადერთი ამოცანა მაქვს, უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვრო", — გვითხრა დიანა ტრაპაიძემ, ჟურნალისტმა, "ტვ პირველის" წამყვანმა.

ის 30 წელზე მეტია, ქართულ პოლიტიკას აშუქებს, ბოლო წლებში — თითქმის ყოველ დღე, "დღის ამბების" საავტორო ფორმატში.

დიანა ტრაპაიძეს ვესაუბრეთ პროექტ 64-სა და მედიაჩეკერის პოდკასტში "მედიასა და პოლიტიკაზე".

ჟურნალისტმა გვიამბო პროფესიულ მიდგომაზე, რაც, არსებითად, წონასწორობის, ზომიერების დაცვას გულისხმობს: "ჩემი გადასახედით, ამას სანამ ვინარჩუნებ, ამით ხელისუფლებასაც ვუგებ და ოპოზიციასაც", — გვითხრა მან.

პოდკასტში, ასევე, მოგვიყვა ბიძინა ივანიშვილთან და სალომე ზურაბიშვილთან ინტერევიუს გამოცდილებაზე და იმ ისტორიებზე მათთან ურთიერთობიდან, რაც კადრს მიღმა დარჩა.

უყურეთ ამ პოდკასტს აქ: დიანა ტრაპაიძე მედიასა და პოლიტიკაზე 



მოკლედ, რაზე გვესაუბრა — ციტატები:


  • "ახლა რაც ხდება, კაცის კაცებისა და დუბლიორების პოლიტიკაა."
  • "რამდენიმე თითზე ჩამოსათვლელი თვითკმარი პოლიტიკოსის გარდა, ადამიანები საკუთარ თავს არ წარმოადგენენ პოლიტიკაში."
  • "დუბლიორების მიერ შემოტენილ, მდარე დისკუსიებში ვართ ჩაბმულნი."
  • "მიჭირს ნავიგაცია და სულ ვცდილობ, გავერკვე, სად არის სიმართლე, სად — ტყუილი."
  • "დღეს რომ სწორი მგონია, ხვალ აღმოჩნდება, რომ არ ყოფილა. ამაში გარკვევა რთულია."
  • "მინდა, დავარწმუნო მაყურებელი — თუკი რაიმე შემშლია, შემშლია ჩემით და არანაირად — პოლიტიკური ინტერესთა ჯგუფების გავლენით." "ზოგი მეუბნება, შენი გაფილტრული ობიექტურობა ცოტა მოსაწყენიაო."
  • "შვიდ ნოემბერზე საუბარი არ მიყვარს."
  • "ტელემედიის პრობლემას იმაში ვხედავ, ცდილობს, ფარითა და მახვილით მიიტანოს ინფორმაცია და მე სულ ვფიქრობ, ინფორმაციის ნაკადის უკუეფექტი მისი უარყოფაა".
  • "ვიდრე ჩემი გადაცემის ეთერის კომენტარებში ერთი მაყურებელი წერს, ქოცი ხარო და მეორე წერს — შენ ხარ ნაცი, ვებღაუჭები ამას, როგორც წონასწორობის საფუძველს."
  • "წესიერად, კეთილსინდისიერად უნდა მოვუყვეთ მაყურებელს ამბები და ისინი თავად გაიგებენ."
  • "თემა უნდა იცოდე, რომ დაიწრიტოს და შემდეგ, მხოლოდ საჭირო და სასარგებლო მიიტანო აუდიტორიამდე."


დღის წესრიგების ომში

დიანა ტრაპაიძე: "ყველა ცდილობს, თავისი დღის წესრიგი შემოიტანოს მედიაშიც და პოლიტიკაშიც. პროფესიულმა ცხოვრებამ ის მაჩვენა, რაღაც კონიუქტურაში რომ მოექცე, შეიძლება, სადღაც რაღაც გამოგეპაროს და "ასრიალდე". ამიტომ არსებობს მარტივი ჩარჩო — პროფესიული წესები და შინაგანი წესიერება.

ეს ორი რამ დაგიცავს ჟურნალისტს ქვეყანაში, სადაც სულ იყო და არის კიდეც, დღის წესრიგების ომი. მეც მიჭირს ნავიგაცია და სულ ვცდილობ, გავერკვე, სად არის სიმართლე, სად — ტყუილი. დღეს რომ სწორი მგონია, ხვალ აღმოჩნდება, რომ არ ყოფილა, და ამაში გარკვევა და სწორად მოძრაობა, რთულია.

ამისთვის არსებობს ამ პროფესიისთვის დაწერილი წესები და თუ მათ გაჰყვები, უკეთ დაგიცავს. შეიძლება, რაღაცები შეგეშალოს, და რა თქმა უნდა, მეც ბევრი რამ შემშლილა, მაგრამ მინდა, დავარწმულო მაყურებელი — თუკი რაიმე შემშლია, შემშლია ჩემით და არანაირად — პოლიტიკური ინტერესთა ჯგუფების გავლენით. ვცდილობ, არ მოვექცე ამ გავლენებში. ახლა მთავარი ამოცანა მაქვს, ჩემი გადარჩენის, ამ პროფესიაშიც და ამ გარემოშიც, რომ ვიყო სასარგებლო ტელემაყურებლისთვის."

თეორიების ომში

დიანა ტრაპაიძე: "როცა ხელისუფლება ამბობს, აბა, ომი გინდათ? მშვიდობაა მთავარიო, ამაზე ოპოზიციას ისეთი საპასუხო გზავნილები აქვს, მშვიდობის დემონიზება გამოსდით.

ამ გზავნილით, ხელისუფლებამ, კარგი ხაფანგი დააგო და მოიგეს, ჩემი აზრით. ამაზე მოწმობს სოციოლოგიური კვლევებიც, სადაც, ზოგიერთ შემთხვევაში, ომის შიში პირველ ადგილზე ავიდა, რაც გასაკვირი არც არის, რადგან ყველანი ვხედავთ, რა ეპოქაშიც ვცხოვრობთ.

როდესაც კალაძემ ნაძვის ხეს დააწერა "თბილისი — მშვიდობის ქალაქი", ზოგიერთმა ოპოზიციონერმა იქ აქცია გამართა, და ეს "იკითხება", როგორც მშვიდობის დემონიზება. შეიძლება, ხალხმა იფიქროს, ამათ არ უნდათ მშვიდობა და ჩვენ გვინდაო. ეს იყო ძალიან სერიოზული ხაფანგი, რომელშიც ძალიან ოსტატურად წამოეგო ბევრი."

***

 

"ქვეყანამ ერთი წელი იცხოვრა ამ ორი თეზისით: "სააკაშვილი სიმულიანტია" და "სააკაშვილს წამლავენ"; ორი, ერთმანეთისგან განსხვავებული დღის წესრიგი შეიქმნა ამ თეზისების შეჯახებით და ან ერთი მოცემულობა უნდა მიგეღო და "ქოცი" იყავი, ან მეორე და — "ნაცი". არადა, გიწევს დასვა შეკითხვა: მაჩვენეთ ლაბორატორიული დასკვნა, სადაც წერია, რომ სააკაშვილი მოიწამლა. როგორც კი ეს კითხვა შემომქონდა, "ამ ბანაკის" დინების წინააღმდეგ მოცურავე ვიყავი.

ყველა პროცესს ვუყურე, ნანახი მაქვს თავიდან ბოლომდე. ყურსასმენით დავდიოდი და 7 საათი რომ იყო პროცესი, შვიდივე საათს ვუყურებდი. ვუსმენდი არგუმენტებს, პასუხებს და ამით ვიქმნიდი აზრს, რადგან ძალიან მძიმე ამბავი იყო. მქონდა ძალიან ლოგიკური კითხვა, მაჩვენეთ ლაბორატორიული დასკვნა, სადაც წერია რა, და როგორ არის."

 

***

 

"ხანდახან მიწევს, ავყვე დღის წესრიგების ომს, რაღაც შემოგდებულ თემებს. აი, ყველა მხარე სულ შეთქმულების თეორიაში შედის, სხვათა შორის, ამ მხრივ, ოპოზიციაც. უთქვამთ, ეს თემა ხელისუფლების შემოგდებულია და საერთოდ არ ილაპარაკოთ ამაზეო. მაგალითად, ისეთ თემაზე, როგორიც პრეზიდენტი იმპიჩმენტი იყო.

მე არ შევდივარ მათ აღქმებსა და თეორიებში. მოცემულობაა, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი იწყება და რატომ არ უნდა გავაშუქო? ოპოზიცია კი ამბობს, შემოგდებული თემაა, ჩვენი აქტივობები რომ გადაიფაროსო და მე ვეუბნები, დამანახეთ თქვენი არგუმენტები, მითხარით, სად შექმენით ხელისუფლებისთვის ისეთი პრობლემა, რომ მე იმპიჩმენტის გაშუქებით ის მივჩქმალე-მეთქი.

ვერ ვიმარჩიელებ და აღქმებს ვერ წავყვები, ფაქტები ზედაპირზე დევს. მე, ამ ფაქტების ჩემი პრიორიტეტების მიხედვით დალაგებითა და მიწოდებით უნდა ვაჩვენო საზოგადოებას და ის თავად გამოიტანს დასკვნას. არავინ იფიქროს, რომ ვინმემ რაიმე არ იცის, ვინმე ვერ ერკვევა და ვინმეს აღზრდის მისია გვაქვს; ჩვენ წესიერად, კეთილსინდისიერად უნდა მოვუყვეთ მათ ამბები და ისინი თავად გაიგებენ.

 

***


ერთი ამბის შესახებ ძალიან ბევრ ამბავს რომ ვეცნობი, მერე იქიდან რამდენიმე ახალ ამბავს კი არ ვუყვები მაყურებელს, არამედ ვცდილობ, მათთვის დავალაგო ეს ამბები, და არა — აღქმები. და ეს ამბები მივაწოდო, როგორც მე ვხედავ. მე არ მაქვს სხვა დღის წესრიგი. ჩემი გადაცემის პრომოსთვისაც ასეთი ფრაზა მოვიფიქრე: არა პოლიტიკური, არამედ — პროფესიული დღის წესრიგი. არ მაქვს პოლიტიკური დღის წესრიგი. ერთადერთ ამოცანა მაქვს, რომ უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვრო, ამიტომ, ამ ამოცანიდან გამომდინარე, ისე ვალაგებ ფაქტებს, როგორც საჭიროდ მივიჩნევ, მაგრამ ამას წინ უძღვის მუშაობა.

ვცდილობ, ყოველ დღე ვიმუშაო საკუთარ თავზე, ყოველდღიურად ვკითხულობ უამრავ რამეს. თემა უნდა იცოდე, რომ დაიწრიტოს და შემდეგ, მხოლოდ საჭირო და სასარგებლო მიიტანო აუდიტორიამდე."

"ახლა რაც ხდება, კაცის კაცებისა და დუბლიორების პოლიტიკაა"

დიანა ტრაპაიძე: "ძალიან დიდი ხანია, სხვადასხვა ფორმით ვაშუქებ: ჯერ კიდევ წინა საუკუნეში "მოამბეში" ვმუშაობდი, შემდეგ "იმედში", 2003 წლის ვარდების რევოლუციისას პარლამენტის დარბაზში ვიყავი და იქიდან ვაშუქებდი ამ ამბავს, და მას შემდეგაც, სულ ეთერში ვარ, ბოლოდ როს ყოველდღე. მთავარ დაკვირვებას გაგიზიარებთ, რომ თითქმის არ მახსენდება მთელი ეს დრო ასეთი მდარე სადისკუსიო თემები და ასეთი მდარე პოლიტიკური კლასი. რატომ, იცით? — თავიდან მთავარი გმირები, გადაწყვეტილების მიმღები პირები იყვნენ პროცესის მონაწილეები, ხოლო ახლა რაც ხდება, ეს კაცის კაცების და დუბლიორების პოლიტიკაა.

ადამიანს კითხვას რომ უსვამ, გრძნობ, რომ ის, როგორც პოლიტიკოსი, არ არის გადაწყვეტილების მიმღები. რამდენიმე თითზე ჩამოსათვლელი თვითკმარი პოლიტიკოსის გარდა, ადამიანები საკუთარ თავს არ წარმოადგენენ პოლიტიკაში და დუბლიორების მიერ შემოტენილ, მდარე დისკუსიებში ვართ ჩაბმულნი.

ხელისუფლებაც, რომელიც არ დადის ჩემს გადაცემებში, მიეჩვია იმას, რომ მედიისგან მიმართული ყველა ისარი ივანიშვილისკენ მიდის და ამ დროს ავიწყდებათ, რომ ჩვენ ყველა, ჩვენივე სახელი, გვარი და ბიოგრაფია ვართ და აი, ამის გათვალისწინებით, მე უშუალოდ მათ დავუსვამდი კითხვებს."

"სანამ წონასწორობას ვინარჩუნებ, ვფიქრობ, ამით ვუგებ ხელისუფლებას, ოპოზიციასაც"

დიანა ტრაპაიძე: "ყოველ დღე, როდესაც ამ პროფესიაში ვარ, ვცდილობ, შევინარჩუნო წონაწორობა. ზომიერება ჰქვია ამას. ამის გამო, ზოგი შუაშისტს მეძახის, ზოგი მეუბნება, შენი "გაფილტრული ობიექტურობა" ცოტა მოსაწყენიაო, ბრძოლაა, ომიაო. და ვპასუხობ, როდესაც ომია, პროფესიის შენარჩუნება მაშინ არის მნიშვნელოვანი -მეთქი.

ძალიან ბევრი გამოწვევაა და სანამ წონასწორობას ვინარჩუნებ, ვფიქრობ, ამით ვუგებ ხელისუფლებას, ოპოზიციასაც. ნახეთ, რა ქნა ხელისუფლებამ: ჯერ გარნენ ჩვენი [ხელისიფლების მიმართ კრიტიკული ტელევიზიები] ეთერებიდან, რითიც, ფაქტობრივად, გაგვანახევრეს, როგორც ჟურნალისტები. შემდეგ კი დაიწყო თავდასხმების სერია.

მახსოვს, ირაკლი კობახიძე [საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე] ამბობდა, გარყვნილი ჟურნალისტებიო, და ჩამონათვალში ჩემი გვარი რომ მოვისმინე, შოკში ჩავვარდი, მაგრამ ამის მიზანი ხომ ის იყო, დამრღვეოდა წონასწორობა და შემდეგ, ძალიან იოლად გადამისვრიდნენ რომელიმე ბანაკში.

მაგრამ ვიდრე ჩემი გადაცემის ეთერის კომენტარებში ერთი მაყურებელი წერს, ქოცი ხარო და მეორე წერს, რომ შენ ხარ ნაცი, ამას ვებღაუჭები, როგორც წონასწორობის საფუძველს."

მოუსმინეთ ამ პოდკასტს აქ:

ეს არის პროექტ 64-ის და მედიაჩეკერის ერთობლივი პოდკასტი - მედიასა და პოლიტიკაზე.

პოდკასტების ამ სერიაში ვესაუბრებით მათ, ვისი როლიც გადამწყვეტია მოქალაქის სწორ ინფორმირებაში.

პოდკასტის წინა ეპიზოდის მოსმენა შეგიძლიათ აქ — სტუმარი: შორენა შავედაშვილი

კატეგორია - პოდკასტი
"სამწუხაროდ, ჩვენი სატელევიზიო მედია პარტიების გაგრძელებაა" — გვითხრა შორენა შავერდაშვილმა, მედიაჩეკერისა და პროექტ 64-ის ერთობლივ პოდკასტში "მედიასა და პოლიტიკაზე".

შავერდაშვილმა, წლების წინ დააფუძნა და ხელმძღვანელობდა მედიაპროექტებს:
  • ჟურნალი "ცხელი შოკოლადი"
  • რადიო "ცხელი შოკოლადი",
  • ჟურნალი და ონლაინ-გამოცემა "ლიბერალი".

უყურეთ პოდკასტს აქ:




ვეცადეთ, ამ საუბარში, მასთან ერთად გაგვეანალიზებინა პარამეტრები, რამაც ქართული მედიაგარემო გააუარესა 2021 წლის შემდეგ.
შავერდაშვილი ფიქრობს, რომ არსებითად, დღეს გარემო მედიისთვის უკეთესია, ვიდრე — წლების წინ, 2012 წლამდე, რადგან მედია ახლა მეტად პლურალისტურია, მრავალფეროვანია.

მოკლედ, რაზე ვესაუბრეთ:

  • ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ წაქეზებულ რიტორიკაზე, რაც მიზნად ისახავს პრესის დისკრედიტებას;
  • ჟურნალისტებზე გახშირებულ თავდასხმებზე, 2021 წლის 5 ივლისის კონტექსტში;
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის შესაძლებლობებსა და სისუსტეებზე, და "მოამბის" სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებულ პრობლემებზე;
  • მედიის როლზე, 2024 წლის არჩევნების წინ;
  • მედია და პოლიტიკა — როგორ ურთიერთქმედებს საქართველოში ეს ორი სფერო ერთმანეთზე და საბოლოოდ — რიგითი მოქალაქის ცხოვრების ხარისხზე;
  • რა არის პასუხისმგებლიანი მედია და რატომ არის მნიშვნელოვანი მედიასტანდარტი;
  • როგორ შეუძლია გააჯანსაღოს კრიტიკამ პროფესიონალური მედია.

მოუსმინეთ პოდკასტს აქ:




პროექტის შესახებ: მედია განსაზღვრავს პოლიტიკას, ისევე, როგორც პოლიტიკა — მედიას. და შენზე, ერთ მოქალაქეზე, ამ ორი სფეროს ურთიერთგავლენა, ციფრული მედიის განვითარებასთან ერთად, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

  • ეს არის პროექტ 64-ის და მედიაჩეკერის ერთობლივი პოდკასტი - მედიასა და პოლიტიკაზე.
  • პოდკასტების ამ სერიაში ვესაუბრებით მათ, ვისი როლიც გადამწყვეტია მოქალაქის სწორ ინფორმირებაში.

პოდკასტის წინა ეპიზოდის მოსმენა შეგიძლიათ აქ — სტუმარი: ნოდარ მელაძე

კატეგორია - პოდკასტი
"შესაძლოა, მაკრიტიკებდნენ, რომ ჩემი თხრობის სტილი მედიის სახელმძღვანელოს წესებში არ ჯდება, ან თეორეტიკოსი ჟურნალისტისთვის არ ვიყო მისაღები", — გვითხრა ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ, რომელიც 2020 წლიდან "ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურს მართავს და ყოველკვირეულ გადაცემას, "ნოდარ მელაძის შაბათს" ქმნის, — "კი ბატონო, გასაგებია, მაგრამ ეს მე ვარ და არ მინდა ვიყო ისეთი, როგორიც სხვები არიან; არ მინდა, ვაკეთებდე გადაცემას ისე, როგორც სხვა."

მასთან ვისაუბრეთ "მედიაჩეკერისა" და "პროექტ 64"-ის ერთობლივ პოდკასტში — "მედიასა და პოლიტიკაზე".

უყურეთ ვიდეოს აქ: 




მოუსმინეთ პოდკასტს აქ:



მოკლედ:
  • მელაძის გუნდის საგამოძიებო რეპორტაჟების "კოლექცია" გახმაურებულ საკითხებს მოიცავს. ზოგჯერ, ეს რეპორტაჟები პოლიტიკურ პროცესზეც ახდენენ გავლენას.
  • თუმცა, ის ჯერ კიდევ რჩება იმ ჟურნალისტად, რომელსაც ამბების ზედმეტად დრამატულად გადმოცემის სატელევიზიო მანერის გამო აკრიტიკებენ.
  • მისი გუნდის რეპორტაჟები ხელისუფლებას დისკომფორტს უქმნის-ხოლმე, რადგან გადაცემა ხშირად აქვეყნებს მასალებს, რომლითაც ჟურნალისტები მაღალჩინოსნების შესაძლო გადაცდომებზე საუბრობენ.
  • სანაცვლოდ, მმართველი პარტიის პოლიტიკური ელიტა “მელაძის შაბათს” ფაქტების სიზუსტის პრობლემაზე მიუთითებს და "ქართული ოცნების" დაქვემდებარებაში არსებული მედიარესურსების დახმარებით, ამ საგამოძიებო რეპორტაჟებში მოყვანილი ფაქტების საწინააღმდეგო არგუმენტებს ავრცელებს-ხოლმე.

სტრიქონებს შორის:
ნოდარ მელაძე მართავდა გავლენიანი ტელეარხის, "რუსთავი 2"-ის ახალი ამბების განყოფილებას მაშინ, როდესაც ეს არხი ჯერ კიდევ ტელეყურების რეიტინგების ლიდერი იყო.
  • 2019 წელს, "რუსთავი 2"-ზე მენეჯმენტის ცვლილების შემდეგ, ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ, მელაძე გაათავისუფლა "სამსახურებრივი მოვალეობის უხეში დარღვევის გამო."
  • 2022 წელს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მელაძის გათავისუფლება უკანონოდ ცნო და "რუსთავი 2"-ს მისთვის 80 000 ლარის გადახდა დააკისრა
  • 2019 წელსვე, ის გახდა ახლად დაარსებული "მთავარი არხის" ნიუსრუმის ხელმძღვანელი, რომლის სარედაქციო შემადგენლობა "რუსთავი 2"-დან წასული ჟურნალისტებით დაკომპლექტდა; მეტი
  • მელაძემ, ნიკა გვარამიას დაფუძნებული "მთავარი არხი" 2020 წლის აპრილში დატოვა და "ტვ პირველის" გენერალური პროდიუსერი გახდა
  • 2021 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო ნოდარ მელაძისა და მისი საავტორო გადაცემის პროდიუსერისა და ჟურნალისტის, მაკა ჩიხლაძის სიცოცხლის შესაძლო ხელყოფის სავარაუდო ფაქტზე, მას შემდეგ, რაც ედუარდ შევარდნაძის მთავრობის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ლევან მამალაძემ, სამთავრობო "იმედზე" თქვა, რომ ფლობს ინფორმაციას, თითქოს, ქვეყანაში არეულობის პროვოცირების მიზნით, ამ ჟურნალისტების ლიკვიდაცია იგეგმებოდა. მეტი

რაზე ვესაუბრეთ მელაძეს:
  • კრიტიკული მედიის როლზე;
  • პროექტზე "ნოდარ მელაძის შაბათი";
  • იმაზე, თუ მისი აღქმით, რა შინაარსს აძლევს ჟურნალისტური საქმიანობით ქართულ პოლიტიკას და რას - მედიას;
  • ფიქრობს თუ არა, რომ დრამატულობა, რაც ამბებს სენსაციურად ამძაფრებს, შესაძლოა, იყოს პრობლემა საგამოძიებო ჟურნალისტიკისთვის;
  • მისი აღქმით, რამდენად შესაბამისად რეაგირებს პოლიტიკური კლასი და საზოგადოება "ნოდარ მელაძის შაბათის" გახმაურებულ საგამოძიებო რეპორტაჟებზე;
  • რა პროფესიულ "ფილტრს" გადის საგამოძიებო რეპორტაჟი ეთერში გასვლამდე და პროფესიული შეცდომების ანალიზიც ვცადეთ.

რა გვითხრა მელაძემ:
  • მისმა გუნდმა მოიპოვა, მაგრამ არ გამოაქვეყნა დოკუმენტები, რომელიც ზოგიერთი ჟურნალისტის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან (სუს) შესაძლო თანამშრომლობაზე მიუთითებდა;
  • გაგვიზიარა, რა რისკებს უქმნის პოლიტიკური გარემო საგამოძიებო ჟურნალისტიკას საქართველოში;
  • ისაუბრა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, გიორგი გაბუნიას განცხადებაზე, რომლის მიხედვით, "ერთიან ნაციონალური მოძრაობას" ჰქონდა გავლენა "რუსთავი 2"-ისა და "მთავარი არხის" ახალი ამბების შინაარსზე;
  • "იმედზე" მუშაობის იმ პერიოდზე, როდესაც არხი, სარედაქციო კურსით მხარს უჭერდა მიხელ სააკაშვილის პოლიტიკურ გუნდს, ხელისუფლებაში ყოფნისას
  • და ნინო ჟიჟილაშვილის გადაწყვეტილებაზე, საავტორო პროექტის,"პოლიტმეტრის" გუნდთან ერთად წასულიყო "ტვ პირველიდან" მას შემდეგ, რაც არხის საინფორმაციო სამსახური ნოდარ მელაძის დაქვემდებარებაში მოექცა; მანამდე "ტვ პირველის" ახალი ამბების სამსახურს სწორედ ჟიჟილაშვილი მართავდა. ის ახლა "ფორმულასთვის" მუშაობს. მეტი

საუბარი დავასრულეთ პრობლემაზე, რაზეც, როგორც წესი, საჯარო დისკუსიები არ იმართება-ხოლმე: საქმე ეხება ტოქსიკურ სამუშაო გარემოს, რაც ზოგიერთი ტელევიზიის ნიუსრუმებისთვის მახასიათებლად იქცა.

მოუსმინეთ ამ საუბრის აუდიოჩანაწერს პლატფორმებზე:

altaltalt


პროექტის შესახებ: მედია განსაზღვრავს პოლიტიკას, ისევე, როგორც პოლიტიკა — მედიას. და შენზე, ერთ მოქალაქეზე, ამ ორი სფეროს ურთიერთგავლენა, ციფრული მედიის განვითარებასთან ერთად, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

  • ეს არის პროექტ 64-ის და მედიაჩეკერის ერთობლივი პოდკასტი - მედიასა და პოლიტიკაზე.
  • პოდკასტების ამ სერიაში ვესაუბრებით მათ, ვისი როლიც გადამწყვეტია მოქალაქის სწორ ინფორმირებაში.


პოდკასტის წინა ეპიზოდის მოსმენა შეგიძლიათ აქ — სტუმარი: გიორგი თარგამაძე

კატეგორია - პოდკასტი
ინტერვიუ გიორგი თარგამაძესთან. ნაწილი 2. პოდკასტი "მედიასა და პოლიტიკაზე"


"სამთავრობო პროპაგანდისგან იზოლირებულ აუდიტორიაში შეღწევა ჩვენი ერთ-ერთი მიზანია, თუნდაც, საინფორმაციო სივრცეში ლიბერალური მედიისთვის არაკომფორტული, ნაკლებად საყვარელი ადამიანების შემოყვანის ფასად", — გვითხრა ტელეარხ "ფორმულას" გენერალური დირექტორის მოადგილემ, ჟურნალისტმა გიორგი თარგამაძემ.

მასთან ვისაუბრეთ 2023 წლის 7 აგვისტოს, მედიაჩეკერისა და პროექტ 64-ის ერთობლივ პოდკასტში - "მედიასა და პოლიტიკაზე".

  • უყურეთ ვიდეოს აქ


  • მოუსმინეთ პოდკასტს აქ







მედიაჩეკერი: საზოგადოებრივი აზრის კვლევებში, გარკვეულწილად, ჩანს მიმღებლობა ახალი აქტორების მიმართ, პოლიტიკურ პროცესში.

ამის გათვალისწინებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, რამდენად სწორად მიგაჩნიათ ეთერის მეტწილად კვლავ იმ პოლიტიკოსებისთვის დათმობა, ვისაც აქამდეც არაერთხელ მისცემია ტელეეთერებში საკუთარ ხედვებზე საუბრის შანსი?

გიორგი თარგამაძე: ბოლო თვეებია, ახალი სახეების წინ წამოწევას ვცდილობთ და ბევრმა მათგანმა გაამართლა კიდეც. ასეა როგორც პირადად ჩემს გადაცემაში, ასევე, "ფორმულას" სხვა თოქ-შოუებში, სადაც ახალგაზრდები ძველ პოლიტიკოსებზე 3-ჯერ და 4-ჯერ ხშირად ფიგურირებენ.

მაგრამ პოლიტიკური სივრცისა და ელიტის ხელოვნური სელექცია მედიის ფუნქცია არ არის.

საჭიროა, ერთი მხრივ, ხელი შეუწყო ახლების შემოსვლასაც და მეორე მხრივ, დრო დაუთმო ძველებიდან მათაც, ვისაც სათქმელიც აქვს და უსმენს და უყურებს კიდეც მაყურებელი. მათი საინფორმაციო-ანალიტიკური სივრციდან “გაწევა” არაბუნებრივი მოვლენაა.

პრობლემაა ისიც, რომ ქვეყანაში კონსერვატიული დღის წესრიგი სრულიად მონოპოლიზებული აქვს ხელისუფლებას.

მათ, ამ მიზნისთვის, საპატრიარქო პარტიულ დანაყოფად აქციეს. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება ჩვენი სამღვდელო დასის გარკვეულ ნაწილს, მაგრამ, ვინც ეკლესიის სახელით ამბიონებიდან საუბრობს, კობახიძის გზავნილების გამავრცელებლები არიან, იმავეს იმეორებენ, რასაც კობახიძე იტყვის.


  • ამავე პოდკასტიდან: ნიკა გვარამია მედიასა და პოლიტიკაზე 


მედიაჩეკერი: რაც სულაც არ არის ახალი პრაქტიკა ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენლისთვის.


გიორგი თარგამაძე: ასეთი მასშტაბით, ეკლესიისა და საპატრიარქოს ინსტრუმენტალიზების გამოცდილება საქართველოს უახლოეს ისტორიაში არ ყოფილა.

ეს მთავარი ინსტიტუტი, ამ ნაწილში, ჩაყენებულია რუსული ჰიბრიდული ომის სამსახურში და საზოგადოების ის ნაწილი, ვინც საერთოდ არ არის კეთილგანწყობილი რუსეთის მიმართ, მაინც ამ ფლანგზეა და როგორც მინიმუმ, ხდება მათი განეიტრალება აქტიური, კრიტიკული პოლიტიკური პროცესისგან.

დაგვრჩა ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი საზოგადოება, რომელიც ბევრია ამ ქვეყანაში, მაგრამ გადამწყვეტი გარღვევის ენერგიის მატარებელი არ არის.

ნუ ველოდებით იმავე შინაარსის ცვლილებას, რაც 2012 წელს იყო. აქ სხვა ცვლილებაა, რაშიც წამყვანი როლი უკვე არა ასაკოვანმა ადამიანებმა, არამედ ახალგაზრდებმა უნდა ითამაშონ. ისინი ბუნებრივად არიან დასავლური ცივილიზაციის ღირებულებების მთავარი მატარებლები, რადგან თავისუფალ ქვეყანაში დაიბადნენ.

ჩვენ [ფორმულა] სწორედ მათთვის ხელის შეწყობისკენ ვართ მომართული და მიმაჩნია, რომ იმავე მიზნისთვის უნდა ხარჯავდეს ორგანიზაციულ, თუ ფინანსურ ენერგიას პოლიტიკური სპექტრიც. დღეს თუ რამეს აქვს აზრი, ეს სწორედ ახალგაზრდების მეტი ჩართულობაა პოლიტიკურ პროცესში — მხოლოდ ეს დემოგრაფიული და სოციალური ჯგუფი შეძლებს, უზრუნველყოს გარღვევა.


  • ამავე პოდკასტიდან: თეონა ცხომელიძე მედიასა და პოლიტიკაზე 


მედიაჩეკერი: ამ მოცემულობის გათვალისწინებით, რა არის "ფორმულას" მთავარი მიზანი?


გიორგი თარგამაძე: 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, "ფორმულას" გამოწვევაა, არ ჩავიკეტოთ რომელიმე ვიწრო, პარტიულ ჩარჩოში. ძალიან მნიშვნელოვანია ეს.

მედიაჩეკერი: არის ამის ცდუნება, თუნდაც, გარემოებების გამო?

გიორგი თარგამაძე: იმდენად ცენტრალიზებულია სახელისუფლებო პროპაგანდისტული ვერტიკალი, რომ მეორე მხარესაც საჭიროა მობილიზება, რაც ყოველთვის კარგი არ არის, რადგან დემოკრატიულ მედიაში განლადობაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ასევე, მიზანია, იმ აუდიტორიის ნაწილში შეღწევა, რომელიც დღეს სახელისუფლებო პროპაგანდას იზოლირებული ჰყავს. ეს უნდა შევძლოთ ნებისმიერი დათმობის ფასად, — მხედველობაში მაქვს, მათ შორის, საინფორმაციო სივრცეში ისეთი ადამიანების შემოყვანაც, ვინც, შესაძლოა, ლიბერალური მედიისთვის კომფორტული, ან საყვარელი არ იყოს.

ეს, ცხადია, არ ნიშნავს იმას, რომ მედიამ უნდა შეცვალოს გენერალური ხაზი, უბრალოდ, რამენაირად უნდა გავზარდოთ მოჭიდების რესურსი და არ შევიბორკოთ თავი ხელოვნურად ისე, რაც ჩაგვკეტავს სტატუს-კვოში, რადგან ასე ცვლილებას და გარღვევას ვერ მიაღწევ.

ამიტომ, ისეთი ადამიანების შემოყვანა თავისი პრობლემებით, ვინც არ არიან ლიბერალური დღის წესრიგის მთავარი მონაწილეები, იქნება უფრო მნიშვნელოვანი.

შეიძლება, ამ მიდგომამ შედარებით უფრო აქტიური სოციალური ჯგუფების ინტერესებს იმდენად არ უპასუხოს, მაგრამ, საბოლო ჯამში, სწორედ ამავე ჯგუფების ინტერესშია, რომ ქართული საზოგადოების რაც შეიძლება დიდი ნაწილი აღმოჩნდეს ჩართული ამ დემოკრატიულ პროცესში და დაინახოს, აღმოაჩინოს საკუთარი თავიც, სარგებელიც და გააცნობიეროს საფრთხეც.

არ უნდა დავრჩეთ მხოლოდ ლიბერალურ მედიად, მაგრამ ლიბერალური დემოკრატია კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დადგეს.

ლიბერალური დემოკრატია, მათ შორის, ითვალისწინებს პოლიტიკურ პროცესში სწორედ სხვა მნიშვნელოვანი იდეოლოგიური ნაკადების შემოდინებასაც. მხოლოდ ლიბერალური დღის წესრიგი, მაგალითად: ადამიანის უფლებები, თუნდაც, მედიის თავისუფლების საკითხი და ა.შ. არ უნდა იყოს წამყვანი თემები; წამყვანი თემები უნდა იყოს, ის, რაც აწუხებს ამ ქვეყნის კონსერვატიულად განწყობილი საზოგადოების დიდ ნაწილს.


  • ამავე პოდკასტიდან: თამარა ჩერგოლეიშვილი მედიასა და პოლიტიკაზე 



მედიაჩეკერი: საუბრობდით არხის მიმართ ხელისუფლების ბოიკოტზე, როგორც პოლიტიკური კორუფციის ერთგვარ სახეზე, და ამ პროცესის გავლენაზე "ფორმულას" რეიტინგებზე მაშინ, როდესაც რეიტინგის უკეთეს დინამიკას აჩვენებს მთავრობის ფრთის ქვეშ მყოფი, "ოცნების" დაქვემდებარებაში არსებული მედიარესურსები.

გიორგი თარგამაძე: როდესაც ბოიკოტზე ვსაუბრობთ, მხოლოდ მდინარაძის, ან კობახიძის სახის ნახვა კი არ მინდა "ფორმულაზე", მინდა ის ინფორმაცია, რომლის მატარებლებიც არიან გადაწყვეტილებების მიმღებები პირები მთავრობაში. ამ ნაწილშია მწვავე საკითხი პოლიტიკური კორუფციის კომპონენტი, რადგან ეს მოცემულობა რეიტინგულადაც ანიჭებს უპირატესობას სამთავრობო არხებს, და მეორე საკითხი, რაც ამ არხების რეიტინგებზე მოქმედებს, არის გასართობი კონტენტი და ასევე, დიდი ფული, რომელიც იქ ტრიალებს და ის არანაირად არ არის "მიბმული" ქართული სატელევიზიო ბაზრის ბუნებრივ დინამიკაზე.

ასევე, ხდება სპეციალური კანონების მიიღება საიმისოდ, რომ კრიტიკული არხებისთვის შემოსავლების წყაროები სხვადასხვა სფეროებიდან ხელოვნურად შეწყდეს.

მედიაჩეკერი: ვისაუბროთ ტელევიზიის დამფუძნებელის, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ფაქტორზეც.

გიორგი თარგამაძე: სიახლეა, რომ ოფიციალურმა სახელისუფლებო სისტემამ, როგორც იქნა, დაარეგისტრირა წილის გადაფორმების პროცედურა და დღეს ოფიციალურად შეგვიძლია იმის თქმა, დავით კეზერაშვილი აღარ ფლობს არხის საკონტროლო პაკეტს — მან წილის 25 % "თავისუფლების ფორმულას" გადასცა. [*მეტი]

მედიაჩეკერი: რას შეცვლის ეს, არსებითად? მაგალითად, ვეღარ მოახდენს დავით კეზერაშვილის პოლიტიკური ფავორიტი თუნდაც, ირიბ გავლენას, არხის გადაწყვეტილებებზე?

გიორგი თარგამაძე: ეს არის ჩვენი პრობლემა და ამ ეტაპზე, ამას ვერ ავცდებით. ასეთია მოცემულობა. მაგრამ კარგია, რომ ეს ყველაფერი საჯარო სივრცეში ხდება. როგორც კი დავიწყებ ხელოვნურად რაიმეს შეზღუდვას, ეს პირდაპირ იმოქმედებს ჩემს რეპუტაციაზე, ნდობაზე, რეიტინგსა და გავლენაზე.

ჩვენ არ ვართ აბსოლუტურად სტერილურები პოლიტიკური პროცესის მიმართ, მით უფრო, იმ განწყობების მიმართ, რაც შესაძლოა, არხის დამფუძნებელს [დავით კეზერაშვილს] სხვა სუბიექტების მიმართ ჰქონდეს.

აქ, მნიშველოვანია არხის ხელმძღვანელისა და სარედაქციო, ჟურნალისტური შემადგენლობის განწყობები, პრინციპულობა, თანმიმდევრობა და მნიშვნელოვანია გაგება ზოგადად, მედიის როლისაც.


  • ამავე პოდკასტიდან: მერაბ მეტრეველი მედიასა და პოლიტიკაზე 



მედიაჩეკერი: სამ ათწლეულზე მეტია, მედიაში ხართ. როგორ აღწერთ ამ გზას?

გიორგი თარგამაძე: ჩემი უპირატესობაც და ამავდროულად, გარკვეულწილად, პრობლემაც არის, რომ დიდი ხანია, საჯარო სივრცეში ვარ. ჰქონდეს 14 წლის ვიყავი, როდესაც პირველი გადაცემა მიმყავდა, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, სახელმწიფო ტელევიზიაში — "თვალსაწიერი", ეს იყო გადაცემა უფროსკლასელებისთვის.

ამას მოსდევს [საბჭოთა] სისტემის ნგრევის, სხვა ცვლილებების პერიოდი და ცხადია, ეს ჩემს პროფესიულ კარიერაზეც აისახა და დამოკიდებულებებზეც, ღირებულებების გადაფასებაზეც, ჩამოყალიბებაზეც, მაგრამ რაც ჩემთვის უცვლელია, ესაა: თუ ამ პროფესიაში ხარ, ამ პროფესიაში უნდა იყო და ამ პროფესიის მთავარი მისია და ფუნქციაა, ინფორმირება — მომხდარის მოყოლა, თუმცა, ამ მომხდარის მოყოლის ფორმები იცვლებოდა, მათ შორის, ძირეულადაც, რადგან ტექნოლოგია შემოვიდა აქტიურ მოთამაშედ.

დღეს ქართული მედია კი არა, ზოგადად, მედია არის გაცილებით უფრო მეტად დემოკრატიული, ვიდრე იყო, რადგან ტექნოლოგიები აღარ იძლევა საშუალებას, დღის წესრიგს რაღაც ერთი ცენტრი განსაზღვრავდეს, მაგრამ ამავდროულად, გაცილებით უფრო რთული გახდა სანდო ინფორმაციის მოპოვებაც და გაფილტვრაც.

ციფრული მედიის ეპოქამ ავტორიტარულ რეჟიმებს, კაცობრიობის ისტორიაში, დღემდე უნახავი შესაძლებლობა და რესურსი მისცა, რომ ხელოვნურად ქმნიდნენ და აკონტროლებდნენ საინფორმაციო ნაკადებს. ამიტომაც წინააღმდეგობრივი განცდა მაქვს, რომ რამდენადაც ეს არის პროგრესი, იმდენადვეა დიდი პრობლემაც.

ამ ბოლო დროს კი, ასეთი შინაგანი განცდა მაქვს, და ამას არ ვამბობ ხელოვნური ოპტიმიზმისთვის, ისეთ ეტაპზე ვართ, ამ ეტაპს თუ გადავლახავთ და მყარად დავდგებით სამართლებრივი, დასავლური საპარლამენტო დემოკრატიული სახელმწიფოს რელსებზე, რეგიონში არ იქნება ქვეყანა, რომელიც ისე განვითარდება, როგორც საქართველო, და ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.

ეს მოხდება ძალიან სწრაფი ტემპით, რომელიც შექმნის დინამიკას და გრავიტაციას, რომ თუ ვინმე წასულია ქვეყნიდან, მათმა უმეტესობამ კვლავ საქართველოში დაბრუნებაზე იფიქროს.

ამიტომ, ამ მხრივ ძალიან იმედიანად ვარ განწყობილი, მაგრამ საამისოდ, ამ შესაძლებლობის მომენტის გააზრებაა საჭირო საკუთარ თავებში და მობილიზება ყველა რესურსის.



მოუსმინეთ ამ საუბრის აუდიოჩანაწერს პლატფორმებზე:

altaltalt


პროექტის შესახებ: მედია განსაზღვრავს პოლიტიკას, ისევე, როგორც პოლიტიკა — მედიას. და შენზე, ერთ მოქალაქეზე, ამ ორი სფეროს ურთიერთგავლენა, ციფრული მედიის განვითარებასთან ერთად, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

  • ეს არის პროექტ 64-ის და მედიაჩეკერის ერთობლივი პოდკასტი - მედიასა და პოლიტიკაზე.
  • პოდკასტების ამ სერიაში ვესაუბრებით მათ, ვისი როლიც გადამწყვეტია მოქალაქის სწორ ინფორმირებაში.


პოდკასტის წინა ეპიზოდის მოსმენა შეგიძლიათ აქ — სტუმარი: თეონა ცხომელიძე

კატეგორია - პოდკასტი
"მედიაჩეკერისა" და პროექტ 64-ის ერთობლივი პოდკასტის მეხუთე ეპიზოდში მედიასა და პოლიტიკაზე ვესაუბრებით ჟურნალისტ გიორგი თარგამაძეს, ტელეკომპანია "ფორმულას" გენერალური დირექტორის მოადგილეს, არხის საკვირაო ტელეჟურნალის — "დროებას" ავტორს, წამყვანსა და ხელმძღვანელს.

ვიდეოს შეგიძლიათ უყუროთ აქ:



პოდკასტს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ:




მოკლედ, რაზე ვისაუბრეთ:
  • მედიის, საშინაო, საგარეო პოლიტიკის და საზოგადოებრივი ცხოვრების ძირითად გამოწვევებზე ახლა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ;
  • რუსეთის "ჰიბრიდულ ომზე" საქართველოს წინააღმდეგ — ეროვნული უსაფრთხოების დამაზიანებელ ფაქტორზე, რაც, უპირველესად, მოსახლეობაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას ისახავს მიზნად (დადასტურებულია სუს-ის კონტრდაზვერვის ოფიციალურ ანგარიშებში 2015-22 წწ);

"ფორმულას" დირექტორის მოადგილეს ვკითხეთ,
  • ამ კონტექსტის მიხედვით, რა არის ტელეარხის ძირითადი საინფორმაციო პრიორიტეტი.
და ისიც,
  • რა გავლენას ახდენს დავით კეზერაშვილის ფაქტორი ტელევიზიის შინაარსზე.

სიახლე: რეესტრმა კეზერაშვილს "ფორმულას" წილის გადაფორმების ნება დართო


მედიაჩეკერი: როგორ უყურებთ თქვენს კვალს მედიასა და პოლიტიკაში? თქვენი ხედვით, სად უფრო შთამბეჭდავია ეს "ნაკვალევი"?


გიორგი თარგამაძე: ჟურნალისტიკაში, უდავოდ, და ეს, პირადად ჩემთვის, არც არის საკამათო საკითხი. მედიაში უფრო სრულფასოვნად ვავლენ საკუთარ შესაძლებლობებს.

თუმცა უაღრესად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ პოლიტიკის როლს, განსაკუთრებით ახლა, როდესაც პოლიტიკური მიმართულებების ფორმირების, ზოგადად, პოლიტიკური სახელმწიფოს ჩამოყალიბების ეტაპია.

დიდ პატივს ვცემ ადამიანებს, ვისაც ჰყოფნის ენთუზიაზმი, შემართება, თავდადება, მოთმინება და გამბედაობა, იყოს ქართულ პოლიტიკაში, და ვისურვებდი, ამ თვისებებთან ერთად, მეტად კვალიფიციურიც იყოს პოლიტიკური კლასი.


მედიაჩეკერი: და ალბათ, მედიის მოვალეობაა, აჩვენოს აუდიტორიას პოლიტიკოსების შინაარსი, კვალიფიციურობა.

გიორგი თარგამაძე: არა მხოლოდ უნდა ვაჩვენოთ, ზოგადად, ჩვენზეა დამოკიდებული პოლიტიკური კლასის ზრდის პროცესი.

მით უფრო, გასათვალისწინებელია ქვეყანაში არსებული პოლიტიკური გარემო — ავტორიტარულ რეჟიმებში პოლიტიკაში ყოფნა დიდ თავგანწირვასაც გულისხმობს.

რეპრესიულ სისტემაში, გადაწყვეტილება — იყო პოლიტიკაში, საკუთარი თავზე პასუხისმგებლობის აღებასთან ერთად, შენი ოჯახის წევრების, ახლობლებისა და სხვა ბევრი რამეს სასწორზე დადებასაც ნიშნავს.

მედიაჩეკერი: ფიქრობთ, რომ ამავე გამოწვევის წინაშეა დღეს მედიაც? შესაძლოა, "თავგანწირვა" ძალიან დრამატულად ჟღერდეს, მაგრამ, რეალურად, ეს ხომ იმ საფრთხეების აღიარებას ნიშნავს, რაც ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ მედიაში მუშაობას თან ახლავს.

გიორგი თარგამაძე: ყველას გააზრებული გვაქვს რა საქმეშიც ვართ. ჩვენ უკვე თავგანწირვის, უფრო დაზუსტებით კი, მსხვერპლის კონკრეტული მაგალითები გვაქვს.

აქ, უპირველესად, ლექსო ლაშქარავას ვგულისხმობ. მართალია, არ შეიძლება, ლექსოს შემთხვევა სხვების ისტორიას შევადაროთ, მაგრამ ეს ოდნავადაც არ ამცირებს იმ ადამიანების მდგომარეობას, რომლებიც თუნდაც იმ დღეს [2021 წლის 5 ივლისს], "პოგრომში" (*ძალადობრივი თავდასხმა კონკრეტული სოციალური, რელიგიური, ან ეთნიკური ჯგუფის მიმართ) მოჰყვნენ.

ისინი ცოცხლები გადარჩნენ, მაგრამ რამდენჯერაც ამ საარქივო მასალების ყურება მიწევს, თუნდაც, როგორ ცდილობს ბრბოდან გამოღწევას რატი წვერავა, როდესაც მას ურტყამენ… ახლა ეს ერთი მაგალითი მოვიყვანე, მაგრამ ასეთი ხომ 50-ზე მეტი იყო.



რატი წვერავაზე თავდასხმის კადრები, არქივი - 2021 წ.

არქივი: მედიაგარემო 2021 წლის 5 ივლისიდან ორი წლის შემდეგ


გიორგი თარგამაძე: ხელისუფლებას ჟურნალისტების მსგავსად, გასანადგურებელ სამიზნედ ჰყავს მონიშნული პოლიტიკური კლასი. უნდათ, განდევნონ ისინი პოლიტიკური სივრციდან, რომ რაც შეიძლება ნაკლებ ახალ, კვალიფიციურ, პოლიტიკის მაფორმირებელი რესურსის მატარებელ ახალგაზრდას გაუქრონ პოლიტიკაში მოსვლის სურვილი.

ხელისუფლება საამისოდ ბევრ ხელოვნურ საფრთხეს აყალიბებს და იცით, ეს როგორ არის? აი, მყინვარი ხომ კვებავს მდინარეს. წარმოიდგინეთ, მყინვარი რომ აღარ არსებობდეს… ბიძინა ივანიშვილი არის უზარმაზარი მასშტაბის კლიმატური ცვლილება, გლობალური დათბობა კი არა, დასიცხვაა ქართული პოლიტიკის — მან შექმნა ისეთი გარემო, საიდანაც ახალი ძალების მოზიდვა პოლიტიკური სივრცისთვის თითქმის წარმოუდგენელია.

ამიტომაცაა, რომ პოლიტიკა ერთ ადგილზეც ტრიალებს, ერთი ადამიანების გარშემოც. მათ ირგვლივაც ძნელია კვალიფიციური რესურსის ადამიანების შემოყვანა და რომ დავაკვირდეთ, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, მედიაში მეტ-ნაკლებად ხერხდება ამ კვალიფიციურობის შენარჩუნება და ზოგჯერ ვიღებთ მოცემულობას, რომ მედიაში კვალიფიკაციური ადამიანების რაოდენობა აღემატება საშუალო სტატისტიკური პოლიტიკოსის მაჩვენებლებს, რაც ნამდვილად არ გვიხარია და არც იმას ვამბობ, რომ არ გვყავს კვალიფიციური პოლიტიკოსები, ოღონდ აქ პოლიტიკურ ოპოზიციას ვგულისხმობ, რადგან დარწმუნებული ვარ, სიტყვა "პოლიტიკოსზე" არც ჩვენი მკითხველი დაიწყებს საკუთარ თავში იმ ადამიანების გააზრებასა და ჩამოთვლას, ვინც მმართველ ძალაშია, რადგან მათ პოლიტიკოსებად არც აღვიქვამთ. ეს კი ამ ქვეყნისთვის კატასტროფაა, რადგან კვალიფიციური პოლიტიკური პროდუქტი შეიძლება შეიქმნას მხოლოდ კონკურენციაში, რომელშიც კვალიფიციური ადამიანები მონაწილეობენ.

მედიაჩეკერი: მნიშვნელოვანია "ფორმულას" როლი, "ედისონ რისერჩთან" თანამშრომლობით შესთავაზოს აუდიტორიას საზოგადოებრივი აზრის კვლევები. მაგრამ საინტერესოა, ამ მონაცემების ანალიზის მიხედვით, როგორ ფორმირდება არხის საინფორმაციო პრიორიტეტი?

გიორგი თარგამაძე: ჩვენთვის "ედისონ რისერჩი" არის დიდი ფუფუნება, კვალიფიციურად ავსახოთ სურათი და სარედაქციო პოლიტიკის პრიორიტეტების განსაზღვრისას გამოვეხმაუროთ, შევეხმიანოთ და გავამართლოთ ის მოლოდინები, რომელიც საზოგადოებაშია — როგორც ყველაზე უფრო მეტად აქტუალური, მნიშვნელოვანი, მტკივნეული თემების წინ წამოწევით, ასევე, შესაბამისი პლატფორმის შეთავაზებით იმ პოლიტიკური სუბიექტებისთვის, ვინც შესაძლოა, მანამდე აქტიურად არ ჩანდნენ თუნდაც "ფორმულაზე".

თუმცა, "ფორმულას" პოლიტიკა მაინც ყოველთვის მაყურებლისთვის მრავალფეროვნების შეთავაზებას გულისხმობდა, რასაც უბრალოდ ვერ ვახერხებთ მრავალწლიანი, უკვე ტრადიციული სახელისუფლებო ბოიკოტის შედეგად.


არქივი, 2021 წელი: როგორ ხსნის ხელისუფლება "ფორმულას" ეთერში მისვლაზე უარს 


მედიაჩეკერი: კვლავ გაქვთ მცდელობა, მონაწილეობდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები თქვენს დებატებში?

გიორგი თარგამაძე: არა მხოლოდ დებატები, ჩვენ შევთავაზეთ ყველანაირი ფორმა, რომელიც შესაძლოა, დებატიც კი არ ყოფილიყო.

რა თქმა უნდა, ნორმალურ სიტუაციაში ასეთ დათმობაზე წასვლა მიზანშეუწონელია, მაგრამ რამდენადაც ჩვენი ამოცანაა აუდიტორიის გაფართოება, ხელოვნურად იზოლირებული, "დაბაბლული", ჩაკეტილი, სტერილური სამაყურებლო აუდიტორიის გახსნა და ერთმანეთთან შერევა, მზად ვართ, წავიდეთ ასეთ მსხვერპლზე.

არადა დებატები ტელევიზიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ბასრი იარაღია, რომ გახსნა რესპონდენტი და მასთან, ოპონენტთან ერთად, მაყურებელს მეტი არჩევანის საშუალება და მეტი არგუმენტი მისცე, თუ რომლის იდეებია უკეთესი.

თანახმა ვართ, ჩავაყენოთ ისინი საქმის კურსში თემების, სალაპარაკო საკითხების შესახებ და ასევე, ეთიკის გარკვეულ ნორმებზე შევთანხმდეთ, რომლის დაცვის გარანტიასაც მათ მე ვაძლევ.

საქმე ისაა, რომ მედიები და ჟურნალისტები განვსხვავდებით სასაუბრო ეთიკითაც. ტერმინები, რომელსაც ვიყენებ, შესაძლოა, სხვა ჟურნალისტისთვის ძალიან კლასიკური იყოს და ასევე სხვა იყენებდეს ისეთ ტერმინოლოგიას, რაც არ ახასიათებს ჩემს ლექსიკას. ჩემი სასაუბრო ეთიკის ნაწილია ისიც, არ ვიყენებდე ფრაზებს, რაც, რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის აღქმით, მის ღირსებას შეურაცხყოფს.

მზად ვიყავით და ვართ, რომ ამ თვალსაზრისით შეთანხმებულად ვიმოქმედოთ სახელისუფლებო სპიკერებთან და ეს შეთავაზება დღემდე მაგიდაზე დევს.

სხვათა შორის, რა არ ვცადეთ, არა მხოლოდ პირადი კომუნიკაციით, ჩვენი იმ საერთაშორისო მეგობრების დახმარებითაც, ვინც ხშირად საუბრობს, დებატების შეთავაზებას პოლარიზაციის შემცირება შეუძლიაო.

ვის არ ვთხოვეთ, ვინ არ სცადა, მაგრამ მედიის მიმართ ხელისუფლების ბოიკოტი მათი გააზრებული პოლიტიკაა.

ისინი აღარ დადიან აღარც შედარებით შუალედურ-შუაშისტური პოზიციების მედიაში და არა მხოლოდ "ფორმულაზე", რომელიც გაყოფილი "ფრონტის ხაზზე" სადღაც ცალკე ფლანგზე ჰყავს ხელისუფლებას მონიშნული.


მერაბ მეტრეველი: ხელისუფლების წარმომადგენლები "პალიტრანიუსში" აღარ მოდიან


მედიაჩეკერი: მინდა, აუდიტორიას კარგად ავუხსნათ: უპასუხოს ხელისუფლებამ მედიისა და საზოგადოების კრიტიკულ კითხვებს, მათი მხრიდან რაიმე "წყალობად" კი არ უნდა მიგვაჩნდეს, არამედ სწორედ ეს არის ხელისუფლებაში ყოფნის "ტვირთი".

გიორგი თარგამაძე: გააჩნია რა მიზანი გაქვს და რა სივრცეში მოიაზრებ საკუთარ თავს. მიდგომა, რაზეც საუბრობთ, დემოკრატიული საზოგადოებისთვის არის დამახასიათებელი, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლება, საქართველოს წინააღმდეგ, რუსული "ჰიბრიდული ომის" იარაღად იქცა და მის ინტერესში არ არის, განსხვავებული აუდიტორიები ერთმანეთთან რაიმე შეხების წერტილს პოულობდეს;

საქართველოს მთავრობის ინტერესშია, მუდმივად ინარჩუნებდეს დაძაბულობის ტემპერატურას, კაპიტალიზებულია შიშსა და დეჰუმანიზებაზე, როგორც პოლიტიკაში, ასევე, მედიაში, რადგან მედია მათთვის ერთ-ერთი მთავარი საფრთხეა.

კონტროლი ნებისმიერ ხელისუფლებას სჭირდება და დემოკრატიულ საზოგადოებაში რამდენიმე ასეთი მექანიზმია: ეს არის არჩევნები, როდესაც შენ, მოქალაქე, ხელისუფლების მუშაობის ნაყოფს აფასებ — განსაზღვრავ, კვლავ მისცე საქმიანობის გაგრძელების საშუალება, თუ გაუშვა სათადარიგო სკამზე, მაგრამ ეს 4 წელიწადში ერთხელ ხდება.

ამავე კონტროლის ნაწილია თვითმმართველობის არჩევნებიც, როგორც გარკვეული სიგნალის მიმცემი, მაგრამ ხელისუფლების ყოველდღიური კონტროლი — მედიის როლია.

მედია, ამ შემთხვევაში, არის საზოგადოების წარმომადგენელი, საზოგადოების ხმა, მათრახი, წამახალისებელი შესაძლებლობაც. თუ მედია ამას ვერ აკეთებს, ხელისუფლებას უჩნდება დაუსჯელობის განცდა, ექცევა სრულ კომფორტში, ხდება მმართველობითი პოლიტიკური სისტემის დაჭაობება და ვიღებთ კრიზისებს ყველა მიმართულებით. არც წინა ხელისუფლება გამოირჩეოდა თავისი დემოკრატიული უნარების გამოვლინებით, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღებოდა პოლიტიკური ჯგუფის მიერ.

აქ, ჩვენ გვყავს ადამიანი, რომელიც პოლიტიკური პროცესისგან შორს დგას და ამავდროულად, არ არის მის გარდა არავინ სხვა - მივიღეთ მხოლოდ პირველი [ბიძინა ივანიშვილი] და სხვა [მმართველი პოლიტიკური ელიტა] არის ნული.

ამიტომაც, მათ შორის, კრიზისულ სიტუაციებში, შედეგის სახით ვიღებთ დაგვიანებულ რეაგირებებსა და სხვა პრობლემებს, რაც ძალიან მძიმედ აისახება ადამიანების ცხოვრებაზე.

მედიაჩეკერი: შესაძლოა, ახალმა თაობამ არც იცოდეს, რომ 2012 წელს, "ქართული ოცნება" საკმაოდ რთულ, მისთვის წინააღმდეგობრივ პოლიტიკურ და მედიაგარემოში ცდილობდა თავის დამკვიდრებას, და შესაბამისად, მათი ერთ-ერთი პირობა მედიის თავისუფლების დაცვას გულისხმობდა. რა უნდა შევახსენოთ აუდიტორიას ამ ისტორიის შესახებ?

გიორგი თარგამაძე: პირველ რიგში, მოდი, დავუზუსტოთ ახალ თაობას, რადგან ამ საკითხზე კლიშეებს ისვრიან-ხოლმე და მათ, ვინც მაშინ პატარა იყო, შესაძლოა, არც იცოდნენ: როდესაც იმ პერიოდზე ვსაუბრობთ, ორ ნაწილად უნდა დავყოთ — 2007 წლის 7 ნოემბრამდე და მას შემდეგ.

2007 წლის 7 ნოემბრამდე არათუ იყო კრიტიკული მედია, არამედ, თუნდაც ის მედია, რომელსაც მე წარმოვადგენდი (*"იმედი"), არათუ არ ჩამოვარდებოდა გავლენით სახელისუფლებო ფლანგზე კონცენტრირებულ მედია საშუალებებს, ბოლო დროს აღემატებოდა კიდეც. იმ პერიოდში, ფინანსური და ტექნიკური საშუალებით, სერიოზულად ედგა მხარში ბატონი ივანიშვილი, მაშინდელ სახელისუფლებო მედიას.

ანუ, ასე არ არის, რომ "ნაცმოძრაობას" კომფორტი ჰქონდა პირველივე დღიდან, რადგან ასე არ ყოფილა.

მახსსოვს, ვარდების რევოლუციის შემდეგ, "დროებაში" რეკავდნენ ადამიანები, და როდესაც დრო მქონდა, მეც ვპასუხობდი-ხოლმე და ძირითადად მოდიოდა კრიტიკის ტალღა, აცადეთ, რას ერჩით, საქმეს აკეთებენ და რატომ გინდათ პრობლემები შეუქმნათ ხელისუფლებას საქმის კეთებაშიო.

ეს ის პერიოდი იყო, როდესაც სწორ რაღაცებს აკეთებდნენ, მაგრამ არასწორი ფორმით: ადამიანის უფლებების დარღვევის კომპონენტები იყო, სასამართლო გადაწყვეტილების გვერდის ავლით მასობრივი შოუ-დაჭერები და ასე შემდეგ, რაც ადამიანის ღირსებას ლახავდა. მათ [ერთიანი ნაციონალური მოძრაობა] თავისი ამოცანა ჰქონდათ. ფიქრობდნენ, რომ დრო ჰქონდათ და ბევრი რამ სწრაფად უნდა გაეკეთებინათ, სისტემისგან გვერდის ავლით. ამან მოკლევადიან პერიოდში შედეგები მოიტანა იმ გაგებით, რომ მაგალითად, საფინანსო-საბიუჯეტო წესრიგი დამყარდა და ბიუჯეტი არა თუ შეივსო, გადაივსო, ჩრდილოვანი ეკონომიკა კი "გათეთრდა", გაჩნდა რესურსები იმისთვის, რომ შუქი ყოფილიყო, გზა დაეგოთ, პოლიციელს ჩაეცვა და ასე შემეგ, მაგრამ რის ხარჯზე?! — აი, ამ ნაწილს ვაკრიტიკებდით ჩვენ და ამის გამო ვიყავით კრიტიკის ქარ-ცეცხლში.

აღარაფერს ვამბობ შემდეგ პერიოდზე, როდესაც სერიოზული შეცდომები დაუშვეს და არ მიყვარს ამ თემით სპეკულირება და არსად ვახსენებ-ხოლმე, მაგრამ იქით მიდის საქმე, თითქოს ეს ყველაფერი არ ყოფილა და ვიღაცების დამსახურებაა, მაგრამ იგივე, რევაზ ცალანის ისტორია იქნება,

(*2005 წლის აგვისტოში გარდაიცვალა მოქალაქე რევაზ ცალანი მას შემდეგ, რაც 10 აგვისტოს ის სპეცრაზმელებმა სცემეს. მეტი)

თუ სანდრო გირგვლიანის მკვლელობა, ვინ გააკეთა ამ საკითხებზე რეპორტაჟები?! — დროებამ.

ჩვენ გამოვაქვეყნეთ, გავიდა ეთერში, რეზონანსი მოჰყვა. იმის თქმა, რომ "ნაცებს" ჰქონდათ კომფორტული გარემო მედიის მხრიდან, ასე არ იყო.

მაგრამ ბოლო დროს, როდესაც ციფრული მაუწყებლობის ელემენტები შემოვიდა, და შემოვიდა "მასთ-ქერი", ამან სურათი შეცვალა.


(*ე.წ. “MUST CARRY” და “MUST OFFER” არის ჩანაწერი კანონში (მუხლი 40/1) მაუწყებელთა "სავალდებულო ტრანზიტის" შესახებ. მეტი)


მედიისთვის გამოწვევები სხვადასხვა დროში სხვადასხვაგვარი იყო:

მაგალითად,
  • 90-იან წლებში, როდესაც "იბერვიზიაში" ვმუშაობდი, გამოწვევა იყო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა; მთავარი იყო, "იბერვიზია" დეციმეტრული ანტენის გამოყენებით დაგეჭირა რამენაირად. მაშინ პრობლემა იყო არა ტელემაყურებლის ყურადღების მიპყრობა, არამედ — მასთან ტექნიკურად, ინფორმაციის მიტანა.
  • დღეს სურათი აბსოლუტურად შეცვლილია და მედიას უწევს ბრძოლა ყურადღების მისაპყრობად, ეს გახდა მთავარი პრობლემა. ამ ყურადღებისთვის ბრძოლის ფაზაში კი, ისეთი მარკეტინგული მეთოდების გამოყენება გიწევს, რომელიც, თუ ზომიერად არ "მოიხმარე", აზიანებს შენს მთავარ ფუნქციასა და უპირატესობას — სანდოობას.

გიორგი თარგამაძესთან "მედიაჩეკერის" ინტერვიუს მეორე ნაწილი წაიკითხეთ აქ

მოუსმინეთ ამ საუბრის აუდიოჩანაწერს პლატფორმებზე:

altaltalt


პროექტის შესახებ: მედია განსაზღვრავს პოლიტიკას, ისევე, როგორც პოლიტიკა — მედიას. და შენზე, ერთ მოქალაქეზე, ამ ორი სფეროს ურთიერთგავლენა, ციფრული მედიის განვითარებასთან ერთად, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

  • ეს არის პროექტ 64-ის და მედიაჩეკერის ერთობლივი პოდკასტი - მედიასა და პოლიტიკაზე.
  • პოდკასტების ამ სერიაში ვესაუბრებით მათ, ვისი როლიც გადამწყვეტია მოქალაქის სწორ ინფორმირებაში.


პოდკასტის წინა ეპიზოდის მოსმენა შეგიძლიათ აქ — სტუმარი: თეონა ცხომელიძე

კატეგორია - პოდკასტი
მედიაჩეკერისა და პროექტ 64-ის ერთობლივი პოდკასტის მეოთხე ეპიზოდში, მედიასა და პოლიტიკაზე ვესაუბრებით თეონა ცხომელიძეს, ჟურნალისტს.

ცხომელიძე გვიყვება, როგორ იცვლებოდა "კურიერის" სარედაქციო პოლიტიკა სხვადასხვა დროს, არხის მენეჯმენტზე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის გავლენის კვალდაკვალ.

მოუსმინეთ პოდკასტს აქ:



  • 2006-2021 წლებში, თეონა ცხომელიძე იყო ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის, "კურიერის" კორესპონდენტი;
  • 2019-2021 წლებში "კურიერის" წამყვანი და პროდიუსერი;
  • 2021 წლის აგვისტოში, "მის ხედვებთან შეუსაბამო სარედაქციო პოლიტიკის გამო", ტელეკომპანია "რუსთავი 2" დატოვა.
  • ახლა ის რადიო "კომერსანტის" სარედაქციო ხელმძღვანელი და არასამთავრობო ორგანიზაციის, "მედიახმის" აღმასრულებელი დირექტორია.

მოკლედ, რაზე ვისაუბრეთ:
  • რა იყო "კურიერის" ძირითადი საინფორმაციო პრიორიტეტი, მისი მუშაობისას?
  • რამდენად იაზრებენ ახალი ამბების ჟურნალისტები, მათი საქმიანობის გავლენას ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესზე?
  • როგორ აღიქვამდა მოვლენებს "კურიერის" ნიუსრუმში, და როგორ აღიქვამს ახლა, როგორც დამოუკიდებელი ჟურნალისტი;
  • რა ეთიკური, მორალური და ემოციური დილემა ჩნდება მაშინ, როდესაც ჟურნალისტის საქმიანობა ერთი კონკრეტული პარტიის ხედვებსა და ინტერესს ერგება?

"არც მე ვარ ანგელოზი, ჩემს კარადაშიც ბევრი "ჩონჩხია". როდესაც სამთავრობო არხზე ვმუშაობდი, თავს ვაჯერებდი, სამაგიეროდ, რაღაც უფრო დიდისთვის — სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვნისთვის ვიბრძვი-მეთქი.

ახლა არ მგონია, რომ ასეა. პირიქით, სახელმწიფოსთვის ის არის მნიშვნელოვანი, რომ შენ ამბობდე სიმართლეს."

ნახეთ საუბრის ვიდეოჩანაწერი აქ:




"არ ვიტყვი, რომ "კურიერში" მუშაობისას მიმაჩნდა, რომ ხალხის პრობლემებზე უნდა გვესაუბრა"

თეონა ცხომელიძე: ვიდრე "რუსთავი 2"-დან წამოვიდოდი, მეგონა, სხვა სამყარო არ არსებობდა. თუმცა, აღმოვაჩინე, რომ საერთოდ არ არის ასე. სინამდვილეში, სულ სხვა რაღაცებია უფრო მნიშვნელოვანი, მათ შორის, საზოგადოებისთვისაც, ვიდრე ეს საინფორმაციო სამსახურში მუშაობისას გგონია.

მივხვდი, რა რეალური საჭიროებები აქვს საზოგადოებას, რაზეც, როგორც წესი, ტელევიზიებში არასდროს, ან ძალიან ცოტას საუბრობენ, განსაკუთრებით — რეგიონების პრობლემებზე.

სამწუხაროდ, ცენტრალური მედია იმის გაშუქებით არის დაკავებული, რომელმა პოლიტიკოსმა რომელს მიაყენა შეურაცხყოფა და რა პასუხი გასცეს ამაზე და ეს იკავებს იმ ძალიან ძვირფას საეთერო დროს, რომელიც შეიძლებოდა, საზოგადოების ცალკეული ჯგუფების პრობლემებზე საუბარს დაუთმო.

არ მოვიტყუები და არ ვიტყვი, რომ "კურიერში" მუშაობისას მიმაჩნდა, რომ ხალხის პრობლემებზე უნდა გვესაუბრა. არა, მაშინ მე "ვიხარშებოდი" იმ ყველაფერში. მით უფრო, საპარლამენტო ჟურნალისტი ვიყავი და პოლიტიკას ვაშუქებდი. ეს იყო ჩემი საქმე და დიდად არ ვიღლიდი თავს იმაზე ფიქრით, როგორი უნდა ყოფილიყო არხის ზოგადი საინფორმაციო პოლიტიკა, მებარა ჩემი სფერო და მივდევდი მას.

"დასავლური ღირებულებაა, ჟურნალისტმა იმუშაოს ეთიკურად, არ მოიტყუო და ეს მოიტანს ნდობას"

თეონა ცხომელიძე: მგონია, რომ მედიის, და ზოგადად, რიგითი ჟურნალისტების ფოკუსი სულ სხვაგან არის. ხშირად მომისმენია კოლეგებისგან, რა დროს ეთიკა და დაბალანსებული პროდუქტია, ქვეყანა თავზე გვენგრევა, რუსი ოლიგარქი საქართველოს რუსეთს აბარებსო. შეიძლება, ამ ნაწილში ეთანხმებოდე კიდეც, თუმცა, არა იმაში, რომ "რა დროს ჟურნალისტური სტანდარტია".

სწორედ დემოკრატია და დასავლური ღირებულებაა, ჟურნალისტმა ეთიკურად იმუშაოს. შესაძლებელია ხელისუფლების პრობლემები ეთიკურადაც წარმოაჩინო, არ იცრუო და ეს მოიტანს ნდობას.

ზუსტად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ შენი მაყურებელი დარწმუნებული იყოს, რომ კი არ ატყუებ, სიმართლეს ეუბნები. მაყურებელი ძალიან კარგად ხვდება, საით მიჰყავს ჟურნალისტს საუბარი, თხრობა, შესაბამისად, როდესაც მიიჩნევს, რომ შენ რაღაც პოლიტიკური მიზნები გამოძრავებს, ნდობა იკარგება.

თუ პოლიტიკური მიზანი გაქვს, ვერ მოჰყვები სიმართლეს ისე, როგორც არის. ალბათ, არ აცნობიერებენ ჟურნალისტები, რომ ღირსეულად უნდა გააკეთონ საკუთარი საქმე, მართლები იყვნენ საკუთარ თავთან და არ სჭირდებოდეთ საკუთარ თავთან გამართლება, ასე იმიტომ ვიქცევი, რომ სახელმწიფოს სჭირდებაო.

"ჩვენი და ჩვენი შვილების მთავარი მტერი რუსეთი და ყველა ის ადამიანია, ვინც ემსახურება რუსეთს"

თეონა ცხომელიძე: რუსთავი 2-ზე მუშაობისას, სხვადასხვა დონის წნეხი განმიცდია. ეს ტელევიზია იყო სამთავრობოც, მერე იყო ოპოზიციური, მერე კი — ახალი მთავრობის სამთავრობო არხი. არხზე სარედაქციო დამოუკიდებლობა გვქონდა 2012 წლის არჩევნების შემდეგ, მცირე პერიოდით.

მაშინ, როდესაც პოლიტიკური წნეხის ქვეშ ვმუშაობდით, მინახავს, როგორ აქებდნენ ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში გაკეთებული პოლიტიკური შეფასების გამო, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. როდესაც მას ამისთვის შეაქებენ, ის ცდილობს, რომ უკეთესად გააკეთოს ეს.

როდესაც ჟურნალისტი აკეთებს პოლიტიკურ შეფასებებს, მას აღარ ენდობიან. თუ მაყურებელმა ნახა, რომ მე რომელიმე პოლიტიკოსი არ მომწონს და ამას ღიად ვადასტურებ, მერე იმ პოლიტიკოსზე რაც არ უნდა მოვყვე, მაყურებლის თვალში მიკერძოებული ვარ.

რა თქმა უნდა, ყველას გვაქვს პოლიტიკური ხედვები, ვიღაც მოგვწონს და ვიღაც - არა, მაგრამ მთავარია, რომ ეს მაყურებელმა არ გაიგოს და შენ მიერ შექმნილ პროდუქტში არ იგრძნობოდეს; თანაბარ დროსა და ყურადღებას უთმობდე ყველა პოლიტიკოსს, იმის მიუხედავად, მოგწონს თუ არა ისინი.

ჩემთვის მხოლოდ პრორუს პოლიტიკოსებზე გადის წითელი ხაზი. ყოველთვის ვცდილობდი, მათი ხმა დიდი დოზით არ ყოფილიყო ჩემს მომზადებულ მასალებში, ეს ჩემი პირადი პოზიციაა და ასე იქნება ნებისმიერ დროს, რადგან ვფიქრობ, რომ ჩვენი და ჩვენი შვილების მთავარი მტერი არის რუსეთი და ყველა ის ადამიანი, ვინც ემსახურება რუსეთს. ამიტომ, ამ პოლიტიკოსებს პატივს არ ვცემ და შესაბამისად, მათ მიმართ მიკერძოებული ვარ.

"ვინც "კურიერის" დამოუკიდებლობას დამპირდა, ამის შესრულება ვეღარ შეძლეს"

თეონა ცხომელიძე: "რუსთავი 2" დავტოვე 2019 წლის მენეჯმენტის ცვლილებამდე ცოტა ხნით ადრე, ვიდრე არხს ნიკა გვარამია მართავდა. ვეღარ ვხედავდი საკუთარ თავს, რაღაცები ჩემთვის მიუღებელი იყო და მიმაჩნდა, მეც მიუღებელი ვხდებოდი მათთვის. შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება წასვლის შესახებ.

რაც შეეხება მენეჯმენტის ცვლილების შემდეგ, ჩემს არხზე დაბრუნებას, ბევრი ვიფიქრე ამაზე და ბევრი ადამიანი გავანაწყენე ამ გადაწყვეტილებით, რადგან მათთვის ეს გადაწყვეტილება ემოციურად ძალიან რთული იყო, თუმცა, ჩემთვის მთავარი იყო, მოგვეხერხებინა, შეგვექნა სივრცე, სადაც რეალური ჟურნალისტიკით დავკავდებით.

2019 წელს, როდესაც არხზე ირაკლი იმნაიშვილი მოვიდა, ასევე იყო ნინო შუბლაძე და პაატა სალია, მქონდა ძალიან ცალსახა დაპირება, რომ "რუსთავი 2" იქნებოდა თავისუფალი სივრცე.

მიზანიც ეს იყო - შექმნილიყო ნეიტრალური ტელევიზია, სამთავრობო და ოპოზიციური ტელებიზიების საპირწონედ, სადაც სიმართლეს მოვყვებით და დავკავდებოდით ნამდვილი ჟურნალისტიკით.

ალბათ, დაახლოებით ერთი წელი ასეც იყო, თუმცა, მერე ვხედავდი, როგორ სუსტებოდა არხზე იმ ადამიანების გავლენა, ვინც ეს პირობა მომცა; ვხედავდი, პირობის შესერულება აღარ შეეძლოთ. მერე ისევ მივიღე გადაწყვეტილება, წამოვსულიყავი.

ყველა ჟურნალისტისთვის ბევრად მარტივია, სიმართლე თქვას, ვიდრე "გადაფუთოს" და ქვეტექსტები "ჩააქსოვოს". არ მგონია, რომელიმე ჟურნალისტს მოსწონდეს, მიზანმიმართულად აფუჭებდეს საკუთარ ჟურნალისტურ პროდუქტს.



მოგვისმინეთ ამ პლატფორმებზე:

altaltalt


პროექტის შესახებ: მედია განსაზღვრავს პოლიტიკას, ისევე, როგორც პოლიტიკა — მედიას. და შენზე, ერთ მოქალაქეზე, ამ ორი სფეროს ურთიერთგავლენა, ციფრული მედიის განვითარებასთან ერთად, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

  • ეს არის პროექტ 64-ის და მედიაჩეკერის ერთობლივი პოდკასტი - მედიასა და პოლიტიკაზე.
  • პოდკასტების ამ სერიაში ვესაუბრებით მათ, ვისი როლიც გადამწყვეტია მოქალაქის სწორ ინფორმირებაში.


პოდკასტის წინა ეპიზოდის მოსმენა შეგიძლიათ აქ — სტუმარი: ნიკა გვარამია

კატეგორია - პოდკასტი
მედიაჩეკერისა და პროექტ 64-ის ერთობლივი პოდკასტის მესამე ეპიზოდში, მედიასა და პოლიტიკაზე “მთავარი არხის” დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას ვესაუბრებით.

მოუსმინეთ პოდკასტს აქ:

 

მოკლედ, რაზე ვისაუბრეთ:
  • როგორ აღიქვამს პოლიტიკურ პროცესს 1-წლიანი პატიმრობის შემდეგ;
  • რა საფრთხეს ქმნის საქართველოში მკვეთრად გაზრდილი რუსული პროპაგანდა;
  • ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე, რა არის "მთავარი არხის" დიდი მიზანი;
  • როგორია ტელევიზიის ფინანსური კრიზისიდან დაღწევის გეგმა;
  • მისი ხედვით, რა ინსტრუმენტების გამოყენებით ხდება საზოგადოების პოლარიზება და რა გავლენა აქვს ამ პროცესზე სამთავრობო, თუ კრიტიკულ მედიას.

უყურეთ ვიდეოს აქ: 



"ვცდილობ, არ ვიფიქრო იმაზე, რაც მოხდა", — ამბობს "მთავარი არხის" დამფუძნებელი, პატიმრობაზე საუბრისას, — "კონტრპროდუქტიულია ტრავმებზე ფიქრი, რაც, თავისთავად ცხადია, იყო. გამოსვლის შემდეგ, ცოტა გაბრუებული ვარ, რადგან ბევრი ადამიანი და გაშლილი სივრცეები ცოტა უჩვეულო გახდა, მაგრამ ნორმალურად ვარ, ვცდილობ, მივეჩვიო ტემპს და ფორმაში ჩავდგე."


"მთელი ცხოვრებაა, საკუთარ თავში ზომიერებისთვის ვიბრძვი"

ნიკა გვარამია: ვამჩნევ ცვლილებებს საკუთარ თავში და ხელს ვუწყობ ამ ცვლილებებს. ეს მოაქვს ასაკსაც, მაგრამ ვითარებისა და კონტექსტის მიხედვითაც ახდენენ ადამიანები კორექციას. თუ ამას ვერ ახერხებენ, ეს პრობლემაა.

ჩემთვის ეს ცოტა უჩვეულო ცვლილებაა, რადგან ზოგადად, ტემპერამენტიანი ადამიანი ვარ. მაგრამ საეკრანო და საზოგადოებრივი სახე, გარკვეულწილად, შექმნილია. უბრალოდ, არ უნდა დაშორდეს ერთი — მეორეს, თორემ ამ შემთხვევაში, თამაშია. არ შეიძლება ზედმეტად ნატურალისტური იყო. მე, ალბათ, ამით "ვცოდავდი", რომ ზედმეტად ნატურალისტური ვიყავი, მაგრამ ხელოვნური სახის შექმნა, რაც ახასიათებს მედიასა და პოლიტიკას, ანუ გადამლაშება, არ არის ჩემი ხასიათის თვისება, არ მიყვარს და მარტივად ვხვდები, როდესაც ამას აკეთებენ ადამიანები.

ხშირად ვიყავი ისეთი, როგორიც ვარ, თუმცა, ადამიანმა საზოგადოებრივი სახის "შექმნის" დროს არ უნდა დაკარგოს ზომიერება. მთელი ცხოვრება ვიბრძვი ზომიერებისთვის საკუთარ თავში, ეს მიმაჩნია ადამიანში მთავარ სიქველედ და ამ თვალსაზრისით, მამა იყო ჩემთვის სამაგალითო, მაგრამ ხშირად დავკარგე ეს, ჩემი ტემპერამენტის, ხშირად — შექმნილი ვითარების გამო. ახლა ვცდილობ, დავიცვა.

თეატრალიზება პრობლემაა მედიისთვისაც და პოლიტიკისთვისაც. თეატრი სიყალბეა, თამაშია, და ამით არის საინტერესო. პოლიტიკა და მედია კი არ უნდა იყოს თეატრალიზებული, განსაკუთრებით, სატელევიზიო მედია, რადგან მაყურებელი ეგრევე ხვდება სიყალბეს. და თუ ეს სჭირდება, წავა თეატრში და არ შეხედავს ტელევიზორს, არ მოუსმენს პოლიტიკოსებს.

"ხელნაწერები არ იწვის" და ეთერი არ ქრება"

ნიკა გვარამია: ტემპერამენტი, ჩემს გუნდთან, ახლაც არ დამიკარგავს. ამ თვალსაზრისით არ "გავციებულვარ", კიდევ მეტად მიყვარს ჩემი თანამშრომლები, კიდევ უფრო მეტ პატივს ვცემ და მეტად ვაღიარებ. ამან [ტემპერამენტმა], რა თქმა უნდა, საერთო საქმისთვის, "მთავარი არხისთვის", შედეგი მოიტანა, მაგრამ ჩემთვის დამაზიანებელი იყო, როგორც საზოგადოებრივი აღქმის, ასევე, ოჯახის, ჩემი ჯანმრთელობის თვალსაზრისით.

ამან მთლიანად გამომაცალა ენერგია. ძალიან კომპლექსური ამბავია: ეკრანიდან ეს არის ტელემაყურებელთან კომუნიკაცია, რაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ხოლო არხს შიგნით — ტელევიზიის მშენებლობაა, ფინანსური სახსრების მოძიება და ნერვიულობა ტექნიკური უზრუნველყოფისთვის. ეს, ასევე, არის ფორს-მაჟორთან და თავდასხმებთან გამკლავება, მათ შორის, სიტყვიერთან, ფიზიკურთან.

ამას ემატებოდა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც, როგორც არ უნდა "გაატარო", "დამოკლეს მახვილივით" ჰკიდია, არაცნობიერზე მაინც მოქმედებს და ამან მძიმე პრობლემები მომიტანა. მაგრამ ეს ღირდა იმად, ქართული მედიისა და დემოკრატიისთვის, "მთავარი არხის" სახით რაც შედგა. ამ გზას ისევ დაუფიქრებლად გავივლიდი, თუმცა, შევიტანდი ცვლილებებს, მათ შორის, ზოგიერთ რამეს — ეთერში. იყო შემთხვევები, როდესაც გადაცემის დასრულების შემდეგ მიფიქრია, ეს არ უნდა მექნა-თქო, მაგრამ ეთერის ძალაც და პრობლემატურობაც იმაშია, რომ რაღაც იმ კონკრეტულ მომენტში ხდება და მისი გამოსწორება შეუძლებელია. "ხელნაწერები არ იწვის" და ეთერი არ ქრება.

"არ შეიძლება, ომში წასული ჟურნალისტის უსაფრთხოება ნაკლებად პრობლემატური იყოს, ვიდრე — მიტინგის გაშუქება საკუთარსავე ქალაქში"

ნიკა გვარამია: 5 ივლისი სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ძალადობა იყო, რაშიც ეჭვი არავის ეპარება. ეს იყო არა წახალისებული, არამედ, პირდაპირ ორგანიზებული, ორკესტრირებული, როგორც იდეოლოგიური, ასევე, ფინანსური თვალსაზრისით. დარწმუნებული ვარ, გაირკვევა ეს, მაგრამ არა ამ ხელისუფლების პირობებში, რადგან ეს მათი დანაშაულია.

დანაშაულია ამ საქმეების გამოძიებაზე უარის თქმაც და მიჩუმათებაც. დანაშაულია კონკრეტული თანამდებობის პირების, ვისაც პასუხისმგებლობა ეკისრება სამ ფაზაზე: პრევენცია, აღკვეთა და რეაგირება. როდესაც სამივე აღუსრულებელია და როგორც ხდება, პირიქით — ინსპირირებული და ორკესტრირებულია ხელისუფლების მიერ, ეს, თავისთავად ცხადია, დანაშაულია და ამას მოჰყვება-ხოლმე კონკრეტული სასჯელები, დღეს არა - ხვალ, ხვალ არადა - ზეგ.

5 ივლისის მოვლენები, ცხადია, ლგბტქი ჯგუფების მიმართ გამოხატული აგრესიაც იყო, მაგრამ მედია სპეციალური სამიზნე ჯგუფი  იყო და ისინი დაზარალდნენ, გარდაცვლილია ლექსო ლაშქარავა.

"ქართული ოცნებისთვის" ეს დღე იყო უკანდაუხევლობის წერტილი ხელისუფლების უზურპაციისკენ, რის გარეშეც საკუთარ თავს არა მხოლოდ პოლიტიკურ სივრცეში, საერთოდ, თავისუფლებაზე ვერ ხედავს; უსაფრთხოების გარანტიებს ვერ ხედავს, ქონების შენარჩუნების გარანტიებს ვერ ხედავს. ეს არის ოლიგარქიის ყველაზე მოკლე განმარტება — პირადი უსაფრთხოების დაცვა, ამიტომ ყველაფერს გააკეთებენ ხელისუფლების უზურპაციისთვის 2024 წელს, რაც არ უნდა დავუშვათ.

მედიამ, 2021 წლის 5 ივლისს ძალიან გარისკა თანამშრომლების ჯანმრთელობით და ახლა, ვფიქრობ, ჟურნალისტები ასეთი პირდაპირი ანგარიშსწორების ცენტრში აღარ უნდა მოხვდნენ, რადგან გაშუქება მნიშვნელოვანი ინტერესია, მაგრამ ადამიანების სიცოცხლე — კიდევ უფრო მეტად.

მოგვიწევს, გავიაროთ ზღვარზე გაშუქებასა და უსაფრთხოებას შორის. გაშუქება ჟურნალისტიკის მთავარი ინტერესია, მაგრამ ჟურნალისტი უნდა იყოს ხელშეუხებელი და მისი დაზარალების რისკი — მინიმალური.

არ შეიძლება, ომში წასული ჟურნალისტის უსაფრთხოება იყოს ნაკლებად პრობლემატური, ვიდრე მიტინგის გაშუქება საკუთარსავე ქალაქში. რეალურად, ასე ხდება.

"მთავრობა, მედიასთან ასეთი მწვავე დაპირისპირით აღიარებს მას, როგორც ყველაზე ეფექტურ მოწინააღმდეგეს"

ნიკა გვარამია: მედიამ არაერთხელ აჩვენა, რომ კრიტიკული მედია გაცილებით მძლავრი და მნიშვნელოვანი პლატფორმაა, ვიდრე, თუნდაც, არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკოსები, რომლებიც ასევე აკეთებენ საქმეს.

მედიის როლი დიდია, როგორც მოქალაქეებამდე სიმართლის მიტანის, ასევე, სამწუხაროდ, იმაშიც, რაც არ არის მისი პირველადი დანიშნულება. მაგრამ რას ვიზამთ, მზარდი ავტოკრატიის მოცემულობა განაპირობებს ამას და ნებსით, თუ უნებლიედ გვიწევს ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში. ამაში არ ვგულისხმობ პოლიტიკურ ადვოკატირებას კონკრეტული პოლიტიკური პარტიებისთვის, არამედ — იმ პოლიტიკური პროპაგანდისა და გადაწყვეტილებების დაზიანებას, რაც, თავის მხრივ, ამ ქვეყანას და მის ევროპულ მომავალს აზიანებს. ამიტომ კარგად იცის ხელისუფლებამ, ვის უნდა დაუპირისპირდეს პირველ რიგში, და ეს არის მედია; მედიის მიმართ ასეთი მწვავე დაპირისპირება, არის იმის აღიარება, როგორც მთავარი და ყველაზე ეფექტიანი მოწინააღმდეგისა.

მაგრამ პოლიტიკურ პროცესებს მედია კი არა, პოლიტიკური პარტიები წარმართავენ. მედიები ქმნიან განწყობებს, აჩვენებენ კონტექსტს და მიაქვთ ინფორმაცია ადამიანებამდე, მაგრამ პოლიტიკურ ცვლილებებს ქმნიან და აფორმებენ პოლიტიკური აქტორები.

"სოციალური პოლარიზაცია ქმნის კომფორტს "ოცნებისთვის", 2024 წლის არჩევნების წინ"

ნიკა გვარამია: ის, რაც ახლა ხდება, არ არის პოლიტიკური პოლარიზაცია; ეს ავთვისებიანი, სოციალური პოლარიზაციაა, რომელმაც მთელი საზოგადოება მოიცვა, რადგან ასეთ გარემოში გაცნობიერებული, ინფორმირებული არჩევანის ნაცვლად, ე.წ. ცხოველური არჩევანის გაკეთება ხდება, რაც განპირობებულია შიშითა და თავდაცვით.

ეს, "ოცნებისთვის" ერთადერთი გამოსავალია და ამისთვის ქმნის წინაპირობებს — კოლექტიურ შიშსა და პანიკას, სოციალური დაპირისპირების კერებს.

"ჰიბრიდულ რეჟიმებში" სოციალური დაპირისპირება არ შედგება ქუჩაში გამოსული ორი ბანაკისგან და სროლით, როგორც ეს თბილისის ომისას ხდებოდა. იცვლება დრო და მეთოდები და როდესაც ქუჩაში ყოველდღიურად სცემენ ჟურნალისტებს, განსხვავებული რწმენის, სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს, ყოველდღიურია ოჯახური ძალადობის შემთხვევები ქალებზე თუ ბავშვებზე, ეს ამ ფონის შედეგია, რადგან ძალადობა არის ძალიან გადამდები; საშიში "ჯინია" და მისი ბოთლიდან გამოშვება არ შეიძლება, მაგრამ ეს უკვე მოხდა "ქართული ოცნების" პირობებში.


მოგვისმინეთ ამ პლატფორმებზე:

altaltalt


პროექტის შესახებ: მედია განსაზღვრავს პოლიტიკას, ისევე, როგორც პოლიტიკა — მედიას. და შენზე, ერთ მოქალაქეზე, ამ ორი სფეროს ურთიერთგავლენა, ციფრული მედიის განვითარებასთან ერთად, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.
  • ეს არის პროექტ 64-ის და მედიაჩეკერის ერთობლივი პოდკასტი - მედიასა და პოლიტიკაზე.
  • პოდკასტების ამ სერიაში ვესაუბრებით მათ, ვისი როლიც გადამწყვეტია მოქალაქის სწორ ინფორმირებაში.
პოდკასტის წინა ეპიზოდის მოსმენა შეგიძლიათ აქ — სტუმარი: თამარა ჩერგოლეიშვილი
კატეგორია - პოდკასტი
"ტაბულას" დაარსება იყო რეაქცია "ნაციონალური მოძრაობის" იდეოლოგიურ გარდაქმნაზე, როდესაც 2008 წლიდან, ლიბერალური რეფორმებიდან უკანდახევა დაიწყეს", — გვითხრა თამარა ჩერგოლეიშვილმა, "ტაბულას" დამფუძნებელმა — "გამოცემის მიზანი იყო, შეგვექმნა იდეოლოგიური სიმძიმის ცენტრი, რომელიც, გარკვეულწილად, თავისუფალი ბაზრის პერსპექტივიდან დაარტყამდა ხელისუფლებას."

თამარა ჩერგოლეიშვილს ვესაუბრეთ "მედიაჩეკერისა" და "პროექტ 64"-ის ერთობლივი პოდკასტის მეორე ეპიზოდში.
მოუსმინეთ აქ:



ვსაუბრობთ:
  • მის მიზნებზე მედიასა და პოლიტიკაში;
  • როგორი იყო "ტაბულას" განვითარების გეგმა დაფუძნებისას, და რა ეტაპზეა გამოცემა დღეს;
  • რა უნდა იყოს ქართული მედიის როლი მკვეთრად გაზრდილი რუსული პროპაგანდის ფონზე და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების არჩევნების წინ.
უყურეთ აქ:



ამონარიდები ჩერგოლეიშვილის მოსაზრებებიდან:
  • "ჩემი თავი შეიძლება ვიპოვო მედიაშიც და პოლიტაკაშიც, ოღონდ, მედიაში მედიის წესებს დავიცავ, პოლიტიკაში -— პოლიტიკის";
  • "ჩემი მიზანია, ვმონაწილეობდე ცვლილებებში ქვეყნის ისტორიული მისიის შესასრულებლად, გავხდეთ თავისუფალი სამყაროს სრულუფლებიანი, უსაფრთხო წევრი";
  • "მედია რომ წარმატებული იყოს, უნდა იცავდეს წესებს და გააშუქოს ის, რაც საჯარო ინტერესის საგანია და არა — პატრონის, ან დამფუძნებლის";
  • "სასოწარკვეთილება ყველაზე მავნე რამ არის, რაც შეიძლება მედიამ აფრქვიოს და ამას ვხედავთ ტელემედიიდან: შეიკრიბებიან-ხოლმე საღამოობით და აფრქვევენ სასოწარკვეთილებას";
  • "მედიის დღის წესრიგში რიგითი მოქალაქე არ ჩანს".
"ტაბულას" დამფუძნებელი ამბობს, რომ მედიის პრიორიტეტი უნდა იყოს მეტი საუბარი ქართულ ღირებულებებზე, რადგან:

"ჩვენ გვჭირდება, აღვადგინოთ ხიდი ქართულ მემკვიდრეობასთან, რომელიც 1921 წელს ბოლშევიკებმა წაშალეს. ამას მუშაობა სჭირდება და არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების — საჭიროა კულტურული სფეროს, Think tank-ების (*კონკრეტულ პრობლემაზე ფოკუსირებული ექსპერტთა ჯგუფი), მედიის ჩართულობა."

მოგვისმინეთ ამ პლატფორმებზე:

altaltalt


პროექტის შესახებ: მედია განსაზღვრავს პოლიტიკას, ისევე, როგორც პოლიტიკა — მედიას. და შენზე, ერთ მოქალაქეზე, ამ ორი სფეროს ურთიერთგავლენა, ციფრული მედიის განვითარებასთან ერთად, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.
  • ეს არის პროექტ 64-ის და მედიაჩეკერის ერთობლივი პოდკასტი - მედიასა და პოლიტიკაზე.
  • პოდკასტების ამ სერიაში ვესაუბრებით მათ, ვისი როლიც გადამწყვეტია მოქალაქის სწორ ინფორმირებაში.
პოდკასტის წინა ეპიზოდის მოსმენა შეგიძლიათ აქ — სტუმარი: მერაბ მეტრეველი
კატეგორია - პოდკასტი
"პრობლემაა, რომ ტელევიზიებიდან, რომელსაც ფლობენ, ან აკონტროლებენ პოლიტიკოსები, ინფორმაციის ნაცვლად პროპაგანდას ვიღებთ — ახალი ამბებისგან არსებითად განსხვავებულ მედიაპროდუქტს, რადგან პროპაგანდა, მედიის ფუნქცია არ არის", — გვითხრა მერაბ მეტრეველმა, ტელეკომპანია "პალიტრანიუსისა" და რადიო "პალიტრას" პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანმა პოდკასტში, რომელშიც მედიასა და პოლიტიკაზე ვისაუბრეთ, — "ეს იმას ჰგავს, ვაშლი რომ იყიდო და მსხალი აღმოჩნდეს. მედია, ტვინის გამორეცხვის საშუალებად აქციეს, განსაკუთრებით, ხელისუფლებამ."



მიიჩნევს, რომ მედიაგარემოს პოლარიზება ხელისუფლების ინტერესშია, რადგან 2024 წლის არჩევნების წინ, მიზანია, პოლიტიკის მსგავსად, მედიაც ორ დომინანტურ ცენტრად დახარისხდეს, რადგან:
  • "ივანიშვილი ხვდება, რომ ნაციონალებს მარტივად ერევა და უნდა, ყველა "დაალაგოს" პრინციპით: ან ჩემკენ ხარ, ან მიშასკენ", — ამბობს მეტრეველი და ამას უკავშირებს მთავრობის მაღალჩინოსნების ბოლოდროინდელ შეტევას "პალიტრამედიაზე", მიზნით — შეავიწროოს ადგილი ნეიტრალური გამშუქებელი მედიისთვის.


"ქართული ოცნება" VS "პალიტრამედია" — რა მოხდა?

  • 2023 წლის 27 მარტს ინტერნეტპორტალმა, რომლის შინაარსი პროსახელისუფლებო კურსზე მიანიშნებს, დაუსაბუთებლად დაწერა, თითქოს, მათთვის "ექსკლუზიურად გახდა ცნობილი", რომ დავით კეზერაშვილმა, სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილმა მაღალჩინოსანმა, რომელიც ახლა "ფორმულას" საკონტროლო პაკეტს ფლობს, "პალიტრა მედიას" დაფინანსება დაიწყო.
  • ამან მიიღო ტირაჟირების კამპანიის სახე სამთავრობო მედიარესურსებისა და მთავრობასთან დაკავშირებული ექსპერტების მხრიდან.
  • 28 მარტს, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, თქვა, რომ "ეს ტელევიზია [პალიტრანიუსი] ბოლო 2-3 თვის განმავლობაში თავისი სარედაქციო პოლიტიკით გახდა ფორმულა-2, ანუ კეზერაშვილის მეორე ტელევიზია."
  • იმავე დღეს, 28 მარტს, პალიტრამედიამ ოფიციალურ განცხადებაში გავრცელებულ ინფორმაციას ცილისწამება და სიცრუე უწოდა.
  • 25 მაისს გამოქვეყნდა მთავრობის მხარდამჭერის, ფილოსოფოსის, ზაზა შათირიშვილის წერილი და "პალიტრანიუსის" სარედაქციო კურსს “ფსევდოშუაშისტური” უწოდა: "თუმცა, "ოცნება" ჩანაფიქრს მალევე მიხვდა და ახალ "ფორმულად" ქცეულ "პალიტრას" დროულად გაემიჯნა", — დაწერა მან.
წერილის ამ ნაწილში შათირიშვილს მხედველობაში აქვს "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება, ბოიკოტი გამოუცხადოს "პალიტრანიუსს", თითქმის ერთადერთ არასამთავრობო არხს, რომლის თოქ-შოუებშიც რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ მარტის აქციებამდე მონაწილეობდნენ.
  • ზაზა შათირიშვილის წერილის გამოქვეყნებას, დროში დაემთხვა ტელევიზიის მენეჯმენტის გადაწყვეტილება, პოლიტიკური თოქ-შოუს, კოკა კვირკველიას "დილის ნიუსრუმის" დახურვის შესახებ. ამან გააჩინა კითხვები, ხომ არ მოახდინა გავლენა მთავრობის შემტევმა კამპანიამ არხის საინფორმაციო პოლიტიკაზე.


“პირდაპირ ვთქვათ, შათირიშვილის პირით პალიტრას ბიძინა ელაპარაკება”, — გვითხრა არხის პოლიტიკური თოქშოუს წამყვანმა, მერაბ მეტრეველმა პოდკასტში მედიასა და პოლიტიკაზე.

მასთან ვისაუბრეთ,
  • რა არის "პალიტრის" სტრატეგია, ინარჩუნებდეს ნეიტრალური გამშუქებლის ნიშას;
  • რას ნიშნავს ნეიტრალური და ობიექტური ჟურნალისტიკა;
  • რა გავლენას ახდენს პროცესებზე პროპაგანდა, და საპირისპიროდ — კარგი მედია.


მედიაჩეკერი: რა ხდება დღეს პალიტრაში?
მერაბ მეტრეველი: რატომღაც ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ჩვენზე მოიტანოს შეტევა. არადა, ჩვენ ვიყავით ერთადერთი დამოუკიდებელი არასახელისუფლებო მედია, სადაც მთავრობაც დადიოდა და ოპოზიციაც.

მედიაჩეკერი: რის გამო მოსწონდა "ოცნებას" პალიტრა მაშინ, როდესაც თქვენს თოქ-შოუებში მოდიოდნენ?
მერაბ მეტრეველი: მიაჩნდათ, რომ მხარე არ ვართ.

მედიაჩეკერი: ახლა რა შეიცვალა? რატომ მიმართეს ბოიკოტს?
მერაბ მეტრეველი: მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ პოლიტიკური წითელი ხაზები გადაკვეთა: დაიწყო ანტიდასავლური კამპანია, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საკითხის საბოტაჟი, რუსული კანონის მიღება, ჩვენც, პალიტრის ჟურნალისტებს, როგორც თავისუფალ ადამიანებს, გვქონდა ჩვენი რეაქცია.

ზოგს ისე ესმის, თითქოს, ნეიტრალური ჟურნალისტიკა ნიშნავდეს, ჩუმად იყო და ხმას არაფერზე იღებდე. ჩემი აზრით, ეს ნიშნავს, გქონდეს პოზიცია ყველაფერზე. იმათგან [პოლიტიკურ პარტიებთან აფილირებული მედიები] განსხვავებით, ერთი რომ მხოლოდ ოპოზიციას აკრიტიკებს და მეორე — მხოლოდ ხელისუფლებას, შენ ორივეს ცუდ საქციელზე გქონდეს რეაქცია.

იცით, რა განსხვავებაა ნეიტრალურ ტელევიზიებსა და არანეიტრალურ ტელევიზიებს შორის?
  • სამთავრობო მედიას მხოლოდ ოპოზიციის ცუდ საქციელზე აქვს პოზიცია, ოპოზიციას "აშავებს" და ხელისუფლებამ რაც გინდა ქნას, ან ხმას არ იღებს, ან "აპრავებს". ასევეა ოპოზიციურ მედიაშიც — კრიტიკული პოზიცია აქვთ ძირითადად, ხელისუფლების მიმართ. "მთავარს", "ფორმულას" და სხვებს რომ ჰკითხო, გეტყვიან, კრიტიკული მედია ვართო. რას ნიშნავს კრიტიკული? შერჩევითი ხარ და მხოლოდ ხელისუფლების მიმართ ხარ კრიტიკული? ოპოზიციასაც კი წაკბენენ-ხოლმე შიგადაშიგ მწვავე კითხვებით, მაგრამ ეს სულ სხვა თემაა.
  • როდესაც ნეიტრალური გამშუქებელი ხარ, შენი კრიტიკაც იმის შესაბამისია, როგორ იქცევიან პოლიტიკოსები. როცა ძალიან ცუდად იქცევიან, შენც უმატებ კრიტიკას და ახლა ისეთ რაღაცებს აკეთებს ხელისუფლება, ბუნებრივია, თუ ობიექტური მედია ხარ, მოვლენებს სახელი უნდა დაარქვა. იმის გამო, რომ პალიტრამ თავისი სახელი დაარქვა ხელისუფლების მცდელობას, მიეღო რუსული კანონი, გადაწყვიტეს, თქვენც ისეთივე რადიკალური მხარე გახდით, როგორც ოპოზიციური მედიაო.
უფრო მწვავე გახდა ჩემი კრიტიკა ფეისბუქზეც, და, ამის გამო, ვიღაცები მეუბნებიან, მერაბ, რატომ განაცდიო. მწვავე იმიტომ გავხდი, რომ ხელისუფლებამ მოუმატა სისულელეებს. ჩემი კრიტიკის სიმწვავე მათი ცუდი საქციელის პირდაპირ პროპორციულია. გადაკვეთეს წითელი ხაზი და მე ამას დავარქვი თავისი სახელი. ბევრი იმასაც ვარაუდობს, რომ ჩემი ეს მწვავე პოსტები გახდა პალიტრაზე ხელისუფლების თავდასხმის მიზეზი. პალიტრაშიც მარჩიელობენ…

მედიაჩეკერი: არა არხის შინაარსი, არამედ, პერსონალურად შენი პოსტების შინაარსი?
მერაბ მეტრეველი: ხო. ასევე, მაგალითად, მამუკა მდინარაძეს ჰქონდა პრეტენზია "ინტერპრესნიუსის" (*პალიტრამედიას საინფორმაციო სააგენტო) საპარლამენტო ჟურნალისტის, ნათია ინაურის კითხვებზე, შენც ისეთივე კითხვებს სვამ, როგორსაც მთავარი არხიო, ეჩხუბებოდა ამაზე ხშირად. აქედან დაიწყო კამპანია, ჯერ სტუმრად მოსვლაზე თქვეს უარი.

მედიაჩეკერი: როდიდან, მარტის აქციების შემდეგ?
მერაბ მეტრეველი: არა, მანამდე, როცა ანტიდასავლური პროპაგანდა დაიწყეს, და ბუნებრივია, პარლამენტში ნათია ინაურს გაუჩნდა კითხვები, ეთერში მე, ემა ტუხიაშვილს, კოკა კვირკველიას. ამას დაემატა ჩემი მწვავე ფეისბუქპოსტები. ეს ყველაფერი დაგროვდა და არ მოეწონათ…დაფიქრდნენ, რა ვქნათო და გადაწყვიტეს, ნაცად ხერხს მიმართონ და მიგვრიყონ იქით მხარეს, რომ თითქოს, ნაცები ვართ. პირდაპირ გამოაგდეს, კეზერაშვილის დაფინანსებულები ხართო. არადა, ჩვენთან უამრავი მასალა გამოქვეყნებულა მის დანაშაულზე, ყაჩაღს ვეძახდით…

მედიაჩეკერი: რაზე მიანიშნა პალიტრას ხელისუფლების ამ ბრალდებამ?
მერაბ მეტრეველი: მე ასე გავიგე, რომ მათთვის პალიტრა გახდა მიუღებელი და აქედან გამომდინარე, ჩვენ შევეცდებით თქვენს დისკრედიტაციასო. ეს შეიძლება ჯობია კიდეც იმას, რასაც პალიტრის წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილი აკეთებდა, რადგან ჩვენ მათთვისაც, "ნაციონალური მოძრაობისთვისაც", მიუღებელი მედია ვიყავით. მაშინ, მიშა ღიად კი არ "დაგვეტაკა", შემოვლითი გზებით სცადა ჩვენი გაჩუმება და საგადასახადო შემოაგზავნა.


*სარედაქციო ჩანართი: 2011 წლის 7 ივნისს, როდესაც მთავრობას "ნაციონალური მოძრაობა" მართავდა, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო რევიზია "პალიტრა ჰოლდინგის" ერთდროულად ექვს სხვადასხვა ორგანიზაციაში შევიდა, რაც დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლად შეფასდა.

ხელისუფლება ამბობდა, რომ პალიტრის კომპანიები რისკების მართვის კომპიუტერულმა პროგრამამ "ლოტოტრონის პრინციპით", შემთხვევით შეარჩია. მაშინ, მედიაჰოლდინგს მხარდაჭერა გამოუცხადეს ადგილობრივმა და საერთაშორისო არასამთავრობო სექტორმა, საელჩოებმა და ჟურნალისტებმა სხვადასხვა მედიასაშუალებებიდან. შემოსავლების სამსახურმა ფინანსური შემოწმების პროცესი თითქმის 6 თვის შემდეგ დაასრულა, მნიშვნელოვანი ხარვეზების აღმოჩენის გარეშე.


მედიაჩეკერი: იმდროინდელ პროცესში მნიშვნელოვანი იყო გამოხატული მხარდაჭერა, საელჩოების როლი.
მერაბ მეტრეველი: კი, ამერიკის საელჩომ გადაგვარჩინა. როდესაც ავტეხეთ ხმაური, რომ ხელისუფლებამ დახურვის განზრახვით შემოაგზავნა საგადასახადო, ამერიკის საელჩო ჩაერია. მიშა უსმენდა ამერიკის ელჩს და მათმა ჩარევამ იმოქმედა და გავიდნენ. ახლა სხვა სიტუაციაა, ამათ, "ქართულ ოცნებას", მტრად ჰყავს გამოცხადებული შეერთებული შტატების საელჩო. რაღაც რომ მოხდეს, ამერიკის ელჩიც ვეღარ გადაგვარჩენს. თუმცა, "ოცნება" ასეთ შემოვლით გზებს არ მიმართავს. რაკიღა ღიად დაგვარტყეს, შეიძლება, არ სცადონ ასეთი გზებით დახურვა.

მედიაჩეკერი: ხელისუფლების შემტევი კამპანიის გათვალისწინებით, როგორია თქვენი შანსები, შეინარჩუნოთ ნეიტრალურობის ნიშა? რა იქნება, თუ ხელისუფლების ეს თავდასხმა უფრო რადიკალურ ფორმებს მიიღებს?
მერაბ მეტრეველი: ერთადერთი, ხალხის იმედი გვრჩება. სააკაშვილს ამერიკის მაინც ეშინოდა და ამათ ამერიკაც ფეხებზე ჰკიდიათ, ლანძღავენ და შესაბამისად, ასე ვეღარავინ დაგიცავს. თუ გამოვა ხალხი, გამოვა არა მაინცდამაინც იმის გამო, რომ უყვარს, ან არ უყვარს პალიტრა, ეს იქნება იმის ნიშანი, რომ ხელისუფლება თავისუფალ მედიასაც დაერია. ეს იქნება პირდაპირი მინიშნება, რომ დიქტატურისკენ მივდივართ, რასაც დიდი ხმაური მოჰყვება და ვერ გაბედავენ ამას.

მედიაჩეკერი: განვიხილოთ ზაზა შათირიშვილის წერილი. როდესაც ვსაუბრობთ შათირიშვილის წერილზე, ამ დროს ვაანალიზებთ მთავრობასთან დაახლოებული ერთი ფილოსოფოსის მოსაზრებებს, თუ?..
მერაბ მეტრეველი: მოდი, პირდაპირ ვთქვათ, შათირიშვილის პირით საუბრობს ბიძინა ივანიშვილი. პირდაპირ ჩანს, რომ ბიძინას ახმოვანებს. ვერ ვიტყვი, ბიძინა წერს-მეთქი. შეიძლება, ერთად საუბრობდნენ და შემდეგ ფორმას აძლევდეს შათირიშვილი, მაგრამ ჩემთვის ცალსახაა, რომ ბიძინა გველაპარაკება. ახასიათებს ბიძინას ამოჩემება, და როგორც ჩანს, ახლა პალიტრა ამოიჩემა.

მედიაჩეკერი: რაც არ არის პატარა ამბავი, საყურადღებო ამბავია. აღიქვამთ ჰოლდინგში ამას სარედაქციო პოლიტიკაზე ზეწოლად?
მერაბ მეტრეველი: ეს, რა თქმა უნდა, არის ზეწოლა და დისკრედიტაციის მცდელობა. დისკრედიტაციას იმიტომ ცდილობენ, რომ შენ თავი უხერხულად იგრძნო და შენს თავს ჰკითხო, მეც ხომ არ გადავაჭარბე, ან არასწორად ხომ არ გადავიხარე, ან სადმე მართლა ზედმეტი ხომ არ მომივიდაო. უნდათ, გაგვიჩინონ ასეთი ეჭვები, რადგან აქამდე თანამშრომლობდნენ და ახლა დაგვეჯახნენ. დაგვაფიქრონ, რა მოხდა, რა ვქენით ასეთი, და გაგვიჩინონ კომპლექსი: როდესაც ნეიტრალურობასა და ობიექტურობაზე გვაქვს პრეტენზია, უცებ, მართლა ხომ არ გადავიხარეთ ოპოზიციისკენ? ამაზე გვქონდა მსჯელობა შიგნით, მაგრამ მე ვამბობ, რომ ჩვენ კი არ გადავიხარეთ, ხელისუფლებამ გადაკვეთა წითელი ხაზები.

ობიექტურობა იმას კი არ ნიშნავს, არაფერს დაარქვა სახელი. თუ, მაგალითად, ტელეფონი არის შავი, ამაზე რომ იტყვი შავიაო, ეს არ არის ცალმხრივობა, რადგან შავია და უნდა თქვა, რომ შავია. და თუ ხელისუფლება ამაზე ამტკიცებს, რომ თეთრია და შენ გამოხვალ და იტყვი, ხელისუფლება ამბობს, შავია, ოპოზიცია ამბობს - თეთრიაო და მოდი, მაყურებელო, თქვენ გადაწყვიტეთ შავია თუ თეთრიაო, სასაცილო იქნება, რადგან ფაქტია, რომ ეს ტელეფონი შავია და მე მაქვს უფლება, ვთქვა, რომ შავია.

მედიაჩეკერი: ანუ, პალიტრასთან მიმართებით, ფსევდოშუაშისტური კლიშეს დამკვიდრების მცდელობის მიზანია, რადიკალურ მხარედ მოგნიშნოთ? აღარ ჯდება მთავრობის ინტერესში ნეიტრალური მედიის არსებობა?
მერაბ მეტრეველი: ეს საინტერესო თემაა და ჩვენთანაც გაჩნდა შიგნით ამაზე მსჯელობა, რომ რამეს ხომ არ გადავაჭარბეთ.ზოგს გაუჩნდა მოსაზრება, რომ კი, ძალიან მწვავეები გავხდით, რომ ამ ბოლო დროს სადღაც გადავიხარეთ და მათაც ვუხსნი, რომ ჩვენ კი არ გადავიხარეთ, ხელისუფლება გადაიხარა. წავიდა სადღაც, გაიჭრა, ერთი კი არა, რამდენიმე წითელი ხაზი გადაკვეთა.

პოზიცია, რომ ვერაფერს ხედავ, მხოლოდ თვალების დაბრმავება იქნება, რაც არ არის ობიექტურობა. მწვავე კითხვები არ იმატებს იმის გამო, რომ მხარე გახდი, არამედ იმიტომ, რომ ხელისუფლების ცუდმა და სახელმწიფოს დამაზიანებელმა ქმედებებმა იმატა. ჩვენ, ყველა ვფიქრობთ, რომ დასავლეთის წინააღმდეგ შეტევა, რასაც ახლა აკეთებენ, დაუშვებელია. მესმის რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკის და ვამბობ, რომ მოგყვებით ამაში, ფრთხილად უნდა ვიყოთ, მაგრამ რუსეთის არგაღიზიანება რატომ გულისხმობს ამერიკის გაღიზიანებას და ამერიკაზე თავდასხმას? რა საჭიროა? რა საჭირო იყო რუსული კანონის მიღება და ასე შემდეგ… ხომ უნდა დავსვათ ეს კითხვები.

და აი, შათირიშვილის წერილმა დაუსვა წერტილი ამ დავას, რაც ჩვენთან, შიგნითაც იყო. პირდაპირ გვითხრა, რატომ არ მოსწონთ პალიტრა:
  • ის პრეტენზია კი არ აქვთ, რომ ჩვენ მხარე გავხდით, ის პრეტენზია აქვთ, რომ მხარე არ ვართ — ეს არ მოსწონთ.
  • როგორც ჩანს, ბიძინას ახლა ძალიან გაუჭირდა და დაუბრუნდა 2012 წლის პოლიტიკას, როცა ამბობდა, შუა უნდა გაიკრიფოსო. უნდათ, ან ერთ მხარეს ვიყოთ, ან მეორე მხარეს. ვინც ნეიტრალურები ვართ და შუაში ვართ, აღარ მოსწონთ, აღარ აწყობთ. წერილით თქვეს, თუ ასე არ მოიქცევი, მიგრიყავ მეორე მხარეს და ფსევდოშუაშისტს დაგიძახებ, კეზერაშვილის დაფინანსებულსო.
  • ბიძინას იმიტომ არ აწყობს შუა, რადგან იცის, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" მარტივად ერევა. ამ არჩევნებზე კვლავ დასჭირდება მიდგომა: ან მე, ან - მიშა. და უნდა, ყველა დაალაგოს პრინციპით: ან ჩემკენ ხარ, ან მიშასკენ.

მედიაჩეკერი: არის ეს შანტაჟის ენა მედიასთან? რა პასუხი აქვს პალიტრას დღეს მთავრობის ამ შემოტევის საპასუხოდ? ოფიციალური განცხადება არ იყო მწვავე.
მერაბ მეტრეველი: ჩვენ არ ვუპასუხეთ თავდასხმას თავდასხმით, რაც, ვფიქრობ, სწორი პოზიციაა. მშვიდად შევხვდით, "მშრალი" პასუხი დავწერეთ, რომ რა სისულელეა, რომ არ ავყვებით ამას, არასერიოზულია, სასაცილოდაც არ გვყოფნის ეს ბრალდება.

ჩვენ, ამ შემთხვევაში, ამას შევხედეთ ასე, რომ ეს არის ჩვენზე თავდასხმა, დისკრედიტაციის მცდელობა, მაგრამ ჩვენი, როგორც მედიის მიზანი არ არის ვიბრძოლოთ ვინმეს წინააღმდეგ და ვინმეს თავს დავესხათ, ეს განგვასხვავებს ჩვენ ე.წ. ოპოზიციური მედიისგან, იმიტომ, რომ ისინი ღიად პოზიციონირებენ ასე, რომ ჩვენ ვართ მებრძოლები, ჩვენ უნდა დავამარცხოთ ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას ანგრევს და ეს მათი უფლებაა.

ჩვენი მიზანი არ არის ვიღაცას ვებრძოლოთ, ჩვენი მიზანია ვთქვათ სიმართლე. უბრალოდ, აქ გაჩნდა კითხვა, ეს სიმართლის თქმა რას გულისხმობს. კიდევ ვიმეორებ, რაღაცებზე სახელის არ დარქმევას? მე მიმაჩნია, რომ პირიქით - უნდა თქვა, დაარქვა სახელი. ამიტომ არ დავიწყეთ იქით შეტევა ხელისუფლებაზე. ჩვენ არავის ვებრძვით.

მედიაჩეკერი: ეს იყო თქვენი განცხადების სირბილის არსი?
მერაბ მეტრეველი: ხო, ჩვენ დატაკება არავისთან გვინდა.

მედიაჩეკერი: მაგრამ ამას არ შეუცვლია შედეგი; ისინი არ მობრუნებულან თქვენს თოქ-შოუებში.
მერაბ მეტრეველი: არა, არა, პირიქით.

მედიაჩეკერი: შეიძლება, რაიმე კავშირში იყოს კოკა კვირკველიას დილის პოლიტიკური გადაცემის დახურვა, შათირიშვილის წერილთან? ძალიან ემთხვევა ეს გადაწყვეტილება დროში. მენეჯმენტი ამბობს, რომ ეს, რეორგანიზაციის გამო მოხდა.
მერაბ მეტრეველი: მე მენეჯმენტს არ წარმოვადგენ. საბოლოო ჯამში, ჩვენც, შიგნითაც გაგვიჩნდა კითხვები. ბუნებრივია, გვქონდა ამ თემის გარჩევა, მაგრამ მენეჯმენტი, როგორც ოფიციალურად, ისე ჩვენთან საუბარში, აბსოლუტურად უარყოფს ამ კავშირს. უბრალოდ, ასე დაემთხვა დროში.

გადაწყვეტილების პოლიტიზებულების ლოგიკას ვერც მე ვხედავ, რომ თითქოს, გადაცემის დახურვის მიზეზი კოკასთან ვიქტორ ყიფიანის (*ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი) სტუმრობა გახდა, რომელმაც ეთერში უთხრა, თეორიულად არ გამოვრიცხავ მომავალში პოლიტიკაში მოსვლასო და თითქოს, ამის გამო ახტა-დახტა ბიძინა თუ შათირიშვილი და სულ ფსევდოშუაშისტი ეძახა. ეს რატომ შეიძლება იყოს კოკას ბრალი, რა ლოგიკაა ამაში? ამის გამო რატომ უნდა გაეშვათ კოკა? ან რა კოკას გადასაწყვეტია, რას იტყვის სტუმარი პირდაპირ ეთერში. რაღაც ხელჩასაჭიდი ხომ უნდა იყოს, რომ კოკას რაღაც ისეთი ექნა, რის გამოც, შეიძლება, მას პოლიტიკური თვალსაზრისით მოედავო. ასე, ყოველ დღე მოდიან ჩვენთან ოპოზიციის წარმომადგენლები და ათას რამეს ამბობენ. მე ხომ ვერ ვაგებ მათ ნათქვამზე პასუხს? პასუხისმგებელი ვარ სტუმართან იმაზე, რომ დისკრედიტაცია არ მოახდინოს ვინმესი, ან არ მოიხსენიოს არაკორექტულად, და თუ ასე მოიქცევა, შევაჩერო.

მენეჯმენტი ამბობს, რომ დიდი ხანია, პრეტენზია აქვთ ამ გადაცემასთან, რეიტინგის, თუ რაღაც, დაახლოებით, ასეთის.

მედიაჩეკერი: დავაზუსტოთ — პალიტრანიუსი, ოფიციალურად, არ არის რეიტინგების მთვლელი კომპანიების კლიენტთა შორის, და შესაბამისად, რეიტინგის არგუმენტი არ არის მისაღები გადაცემის ავტორისთვის…
მერაბ მეტრეველი: კი, შეიძლება ეს იყოს არხის მფლობელის სუბიექტური შეხედულება, რომ რაღაც მიზეზით არ მოსწონდა გადაცემა, რასაც შეიძლება, ან დაეთანხმო, ან - არა, და ამას არ ეთანხმება კოკა, მაგრამ ის ჩვენგან არ წასულა და რადიოში მიჰყავს გადაცემა.

მედიაჩეკერი: ბევრს ვსაუბრობთ მედიის პრობლემებზე, რაშიც თავისი როლი აქვს ხელისუფლების მიზანმიმართულ კამპანიებს, პრესაზე შემტევ პოლიტიკას, რაც მიზნად იმასაც ისახავს, ჟურნალისტების მიმართ ნდობა შეასუსტოს. გვითხარი, რა სიკეთე მოაქვს კარგ ჟურნალისტიკას ქვეყნისთვის?
მერაბ მეტრეველი: პირველ რიგში, ტოქსიკური გარემოს შემცირება მოაქვს. როდესაც მედიის ფუნქცია არის პროპაგანდა და არა — ინფორმაციის მიწოდება, საბოლოოდ, ის ტოქსიკურია. პროპაგანდა მხოლოდ იმას კი არ გულისხმობს, რომ ვისკენაც შენ ხარ, ის წარმოაჩინო კარგად. უფრო მეტად იმაზეა მომართული, რომ მოწინააღმდეგე "გააშავო", დაარტყა. ალბათ, ბევრს წაუკითხავს ჯორჯ ორუელის "1984", იქ არის ზუსტად "სიძულვილის ორწუთეულები" — ყოველდღე უნდა აგინო ორი წუთი ოპოზიციას და შეაძულო მოსახლეობას და აქ, ორი წუთი კი არა, სახელისუფლებო არხი დილიდან საღამომდე აგინებს ხელისუფლებას, და ოპოზიციური — მთავრობას. ნორმალური ჟურნალისტიკა კი, დაცლილია ამისგან.

მიმაჩნია, ამ მედიაგარემოში, საზოგადოებრივი მაუწყებელი რომ იყოს დამოუკიდებელი მედიასაშუალება, მას ექნებოდა შესაძლებლობა, საკუთარ თავზე აეღო ფლაგმანის როლი. და პრობლემას ვხედავ მაყურებლის ქცევაშიც, ხელისუფლების მომხრე თუა, გულს იფხანს იმით, როგორ ლანძღავენ სახელისუფლებო არხები მიშას, ოპოზიციის მომხრე — ოპოზიციურს უყურებს, ასევე, გულის მოსაფხანად. ნეიტრალური და ობიექტური მედია არ აინტერესებთ.

მოგვისმინეთ ამ პლატფორმებზე
altaltalt

კატეგორია - პოდკასტი


"პირველი ნაბიჯების" ამ ეპიზოდის სტუმარია ჟურნალისტი, კავკასიის ინივერსიტეტის პროფესორი და "ევრონიუსის" ევროპული საბჭოს წევრი მარინა ვაშაყმაძე. მას მედიაში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის, 12 წლის განმავლობაში “რადიო თავისუფლების” თბილისის ბიუროს ხელმძღვანელობდა. 



ამ ეპიზოდში მარინა გვიყვება მედიაში თავისი პირველი ნაბიჯების, გამოცდილებისა და პროფესიული გაკვეთილების შესახებ. საუბრობს სტუდენტებზე, ევროპულ, ჟურნალისტურ ღირებულებებსა და რთული გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე. მარინა გვიზიარებს ხედვებს იმაზე, თუ რა არის მთავარი მედიის სფეროში დასახული მიზნის მისაღწევად, რა ღირებულებები უნდა ჰქონდეს ჟურნალისტს და როგორი უნდა იყოს ნიუსრუმის ხელმძღვანელი.



პოდკასტში მოისმენთ, რატომ არასდროს ჩქარობს დასკვნის გაკეთებას “ვისგან რა დადგება” და რატომ ფიქრობს, რომ ჟურნალისტური განათლება აუცილებელია. 

მოგვისმინეთ ამ პლატფორმებზე


altaltalt



"პირველი ნაბიჯები" - პროექტ "64"-ისა და "მედიაჩეკერის" ერთობლივი პოდკასტია, რომელშიც ჟურნალისტები და მედიის სფეროს პროფესიონალები თავიანთი შეცდომების, მიღებული გამოცდილების, წარმატებების, ზოგჯერ წარუმატებლობისა და მედიაში თავიანთი პირველი ნაბიჯების შესახებ გვიყვებიან.

ისინი კარიერის განმავლობაში ნასწავლ ყველაზე მნიშვნელოვან გაკვეთილებსა და რჩევებს გაგვიზიარებენ. რა ხდება რეალურად მედიის ინდუსტრიაში, როგორ უნდა მოხვდე სასურველ მედიასაშუალებაში, თუ ყველაფერს ნულიდან იწყებ და ამ სფეროში არავის იცნობ? ან გინდა უფრო მეტად განვითარდე და წინ წახვიდე?

ტელევიზია, ონლაინ მედია, რადიო, პრესა, ფოტო ჟურნალისტიკა, საერთაშორისო, სპორტული, ომის ჟურნალისტიკა, სოციალური მედია, განათლება ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამ და ბევრს სხვა თემაზე "პირველი ნაბიჯების" ეპიზოდებში გამოცდილი ადამიანები საუბრებენ.

კატეგორია - პოდკასტი
 
"პირველი ნაბიჯების"  ამ ეპიზოდის სტუმარია POLITICO Europe-ის შტატგარეშე კორესპონდენტი დათო ფარულავა.

ის გამოცემისთვის ვიდეო რეპორტაჟებსა და ილუსტრაციებზე მუშაობს. ამავე დროს დათო შვედეთში ლუნდის უნივერსიტეტის სტუდენტია.

დათო გვიყვება ჟურნალისტიკაში სპეციალიზების მნიშვნელობაზე, საქართველოში მედია ბაზარსა და დასავლური მედიის სპეციფიკაზე. ის გვიზიარებს რჩევებს ევროპულ უნივერსიტეტებსა და მედია გამოცემებში მოსახვედრად.

ეპიზოდი ჩაწერილია მაშინ, როდესაც დათო POLITICO Europe-ში ჯერ კიდევ სტაჟიორი იყო.

მოგვისმინეთ ამ პლატფორმებზე


altaltalt



"პირველი ნაბიჯები" - პროექტ "64"-ისა და "მედიაჩეკერის" ერთობლივი პოდკასტია, რომელშიც ჟურნალისტები და მედიის სფეროს პროფესიონალები თავიანთი შეცდომების, მიღებული გამოცდილების, წარმატებების, ზოგჯერ წარუმატებლობისა და მედიაში თავიანთი პირველი ნაბიჯების შესახებ გვიყვებიან.

ისინი კარიერის განმავლობაში ნასწავლ ყველაზე მნიშვნელოვან გაკვეთილებსა და რჩევებს გაგვიზიარებენ. რა ხდება რეალურად მედიის ინდუსტრიაში, როგორ უნდა მოხვდე სასურველ მედიასაშუალებაში, თუ ყველაფერს ნულიდან იწყებ და ამ სფეროში არავის იცნობ? ან გინდა უფრო მეტად განვითარდე და წინ წახვიდე?

ტელევიზია, ონლაინ მედია, რადიო, პრესა, ფოტო ჟურნალისტიკა, საერთაშორისო, სპორტული, ომის ჟურნალისტიკა, სოციალური მედია, განათლება ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამ და ბევრს სხვა თემაზე "პირველი ნაბიჯების" ეპიზოდებში გამოცდილი ადამიანები საუბრებენ.

კატეგორია - პოდკასტი


"პირველი ნაბიჯების" ამ ეპიზოდში გაიცნობთ Demnagram-ის შემქმნელს და მოდის სახლ “ბალენსიაგას” გუნდის წევრს საბა ბახიას.

“დემნაგრამი” 4 წელიწადზე მეტია “ბალენსიაგას” კრეატიული დირექტორის, ქართველი დიზაინერის დემნას შემოქმედების შესახებ სიახლეებს ავრცელებს.

საბა გვიყვება “დემნაგრამის” ისტორიასა და მის განვითარებაზე, როგორ მოხვდა “ბალენსიაგას” გუნდში, მოდის ჟურნალისტიკასა და ამ ინდუსტრიის გავლენაზე. საბა თავისი გამოცდილებით გვიზიარებს რჩევებს, რომლებიც სოციალურ ქსელში კონტენტის შემქნელებმა უნდა გაითვალისწინონ.

მოგვისმინეთ ამ პლატფორმებზე


altaltalt



"პირველი ნაბიჯები" - პროექტ "64"-ისა და "მედიაჩეკერის" ერთობლივი პოდკასტია, რომელშიც ჟურნალისტები და მედიის სფეროს პროფესიონალები თავიანთი შეცდომების, მიღებული გამოცდილების, წარმატებების, ზოგჯერ წარუმატებლობისა და მედიაში თავიანთი პირველი ნაბიჯების შესახებ გვიყვებიან.

ისინი კარიერის განმავლობაში ნასწავლ ყველაზე მნიშვნელოვან გაკვეთილებსა და რჩევებს გაგვიზიარებენ. რა ხდება რეალურად მედიის ინდუსტრიაში, როგორ უნდა მოხვდე სასურველ მედიასაშუალებაში, თუ ყველაფერს ნულიდან იწყებ და ამ სფეროში არავის იცნობ? ან გინდა უფრო მეტად განვითარდე და წინ წახვიდე?

ტელევიზია, ონლაინ მედია, რადიო, პრესა, ფოტო ჟურნალისტიკა, საერთაშორისო, სპორტული, ომის ჟურნალისტიკა, სოციალური მედია, განათლება ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამ და ბევრს სხვა თემაზე "პირველი ნაბიჯების" ეპიზოდებში გამოცდილი ადამიანები საუბრებენ.