"არ უნდა დავრჩეთ მხოლოდ ლიბერალურ მედიად, მაგრამ ლიბერალური დემოკრატია კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დადგეს" — გიორგი თარგამაძე, "ფორმულა"
22.08.2023
ინტერვიუ გიორგი თარგამაძესთან. ნაწილი 2. პოდკასტი "მედიასა და პოლიტიკაზე"


"სამთავრობო პროპაგანდისგან იზოლირებულ აუდიტორიაში შეღწევა ჩვენი ერთ-ერთი მიზანია, თუნდაც, საინფორმაციო სივრცეში ლიბერალური მედიისთვის არაკომფორტული, ნაკლებად საყვარელი ადამიანების შემოყვანის ფასად", — გვითხრა ტელეარხ "ფორმულას" გენერალური დირექტორის მოადგილემ, ჟურნალისტმა გიორგი თარგამაძემ.

მასთან ვისაუბრეთ 2023 წლის 7 აგვისტოს, მედიაჩეკერისა და პროექტ 64-ის ერთობლივ პოდკასტში - "მედიასა და პოლიტიკაზე".

  • უყურეთ ვიდეოს აქ


  • მოუსმინეთ პოდკასტს აქ







მედიაჩეკერი: საზოგადოებრივი აზრის კვლევებში, გარკვეულწილად, ჩანს მიმღებლობა ახალი აქტორების მიმართ, პოლიტიკურ პროცესში.

ამის გათვალისწინებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, რამდენად სწორად მიგაჩნიათ ეთერის მეტწილად კვლავ იმ პოლიტიკოსებისთვის დათმობა, ვისაც აქამდეც არაერთხელ მისცემია ტელეეთერებში საკუთარ ხედვებზე საუბრის შანსი?

გიორგი თარგამაძე: ბოლო თვეებია, ახალი სახეების წინ წამოწევას ვცდილობთ და ბევრმა მათგანმა გაამართლა კიდეც. ასეა როგორც პირადად ჩემს გადაცემაში, ასევე, "ფორმულას" სხვა თოქ-შოუებში, სადაც ახალგაზრდები ძველ პოლიტიკოსებზე 3-ჯერ და 4-ჯერ ხშირად ფიგურირებენ.

მაგრამ პოლიტიკური სივრცისა და ელიტის ხელოვნური სელექცია მედიის ფუნქცია არ არის.

საჭიროა, ერთი მხრივ, ხელი შეუწყო ახლების შემოსვლასაც და მეორე მხრივ, დრო დაუთმო ძველებიდან მათაც, ვისაც სათქმელიც აქვს და უსმენს და უყურებს კიდეც მაყურებელი. მათი საინფორმაციო-ანალიტიკური სივრციდან “გაწევა” არაბუნებრივი მოვლენაა.

პრობლემაა ისიც, რომ ქვეყანაში კონსერვატიული დღის წესრიგი სრულიად მონოპოლიზებული აქვს ხელისუფლებას.

მათ, ამ მიზნისთვის, საპატრიარქო პარტიულ დანაყოფად აქციეს. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება ჩვენი სამღვდელო დასის გარკვეულ ნაწილს, მაგრამ, ვინც ეკლესიის სახელით ამბიონებიდან საუბრობს, კობახიძის გზავნილების გამავრცელებლები არიან, იმავეს იმეორებენ, რასაც კობახიძე იტყვის.


  • ამავე პოდკასტიდან: ნიკა გვარამია მედიასა და პოლიტიკაზე 


მედიაჩეკერი: რაც სულაც არ არის ახალი პრაქტიკა ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენლისთვის.


გიორგი თარგამაძე: ასეთი მასშტაბით, ეკლესიისა და საპატრიარქოს ინსტრუმენტალიზების გამოცდილება საქართველოს უახლოეს ისტორიაში არ ყოფილა.

ეს მთავარი ინსტიტუტი, ამ ნაწილში, ჩაყენებულია რუსული ჰიბრიდული ომის სამსახურში და საზოგადოების ის ნაწილი, ვინც საერთოდ არ არის კეთილგანწყობილი რუსეთის მიმართ, მაინც ამ ფლანგზეა და როგორც მინიმუმ, ხდება მათი განეიტრალება აქტიური, კრიტიკული პოლიტიკური პროცესისგან.

დაგვრჩა ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი საზოგადოება, რომელიც ბევრია ამ ქვეყანაში, მაგრამ გადამწყვეტი გარღვევის ენერგიის მატარებელი არ არის.

ნუ ველოდებით იმავე შინაარსის ცვლილებას, რაც 2012 წელს იყო. აქ სხვა ცვლილებაა, რაშიც წამყვანი როლი უკვე არა ასაკოვანმა ადამიანებმა, არამედ ახალგაზრდებმა უნდა ითამაშონ. ისინი ბუნებრივად არიან დასავლური ცივილიზაციის ღირებულებების მთავარი მატარებლები, რადგან თავისუფალ ქვეყანაში დაიბადნენ.

ჩვენ [ფორმულა] სწორედ მათთვის ხელის შეწყობისკენ ვართ მომართული და მიმაჩნია, რომ იმავე მიზნისთვის უნდა ხარჯავდეს ორგანიზაციულ, თუ ფინანსურ ენერგიას პოლიტიკური სპექტრიც. დღეს თუ რამეს აქვს აზრი, ეს სწორედ ახალგაზრდების მეტი ჩართულობაა პოლიტიკურ პროცესში — მხოლოდ ეს დემოგრაფიული და სოციალური ჯგუფი შეძლებს, უზრუნველყოს გარღვევა.


  • ამავე პოდკასტიდან: თეონა ცხომელიძე მედიასა და პოლიტიკაზე 


მედიაჩეკერი: ამ მოცემულობის გათვალისწინებით, რა არის "ფორმულას" მთავარი მიზანი?


გიორგი თარგამაძე: 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, "ფორმულას" გამოწვევაა, არ ჩავიკეტოთ რომელიმე ვიწრო, პარტიულ ჩარჩოში. ძალიან მნიშვნელოვანია ეს.

მედიაჩეკერი: არის ამის ცდუნება, თუნდაც, გარემოებების გამო?

გიორგი თარგამაძე: იმდენად ცენტრალიზებულია სახელისუფლებო პროპაგანდისტული ვერტიკალი, რომ მეორე მხარესაც საჭიროა მობილიზება, რაც ყოველთვის კარგი არ არის, რადგან დემოკრატიულ მედიაში განლადობაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ასევე, მიზანია, იმ აუდიტორიის ნაწილში შეღწევა, რომელიც დღეს სახელისუფლებო პროპაგანდას იზოლირებული ჰყავს. ეს უნდა შევძლოთ ნებისმიერი დათმობის ფასად, — მხედველობაში მაქვს, მათ შორის, საინფორმაციო სივრცეში ისეთი ადამიანების შემოყვანაც, ვინც, შესაძლოა, ლიბერალური მედიისთვის კომფორტული, ან საყვარელი არ იყოს.

ეს, ცხადია, არ ნიშნავს იმას, რომ მედიამ უნდა შეცვალოს გენერალური ხაზი, უბრალოდ, რამენაირად უნდა გავზარდოთ მოჭიდების რესურსი და არ შევიბორკოთ თავი ხელოვნურად ისე, რაც ჩაგვკეტავს სტატუს-კვოში, რადგან ასე ცვლილებას და გარღვევას ვერ მიაღწევ.

ამიტომ, ისეთი ადამიანების შემოყვანა თავისი პრობლემებით, ვინც არ არიან ლიბერალური დღის წესრიგის მთავარი მონაწილეები, იქნება უფრო მნიშვნელოვანი.

შეიძლება, ამ მიდგომამ შედარებით უფრო აქტიური სოციალური ჯგუფების ინტერესებს იმდენად არ უპასუხოს, მაგრამ, საბოლო ჯამში, სწორედ ამავე ჯგუფების ინტერესშია, რომ ქართული საზოგადოების რაც შეიძლება დიდი ნაწილი აღმოჩნდეს ჩართული ამ დემოკრატიულ პროცესში და დაინახოს, აღმოაჩინოს საკუთარი თავიც, სარგებელიც და გააცნობიეროს საფრთხეც.

არ უნდა დავრჩეთ მხოლოდ ლიბერალურ მედიად, მაგრამ ლიბერალური დემოკრატია კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დადგეს.

ლიბერალური დემოკრატია, მათ შორის, ითვალისწინებს პოლიტიკურ პროცესში სწორედ სხვა მნიშვნელოვანი იდეოლოგიური ნაკადების შემოდინებასაც. მხოლოდ ლიბერალური დღის წესრიგი, მაგალითად: ადამიანის უფლებები, თუნდაც, მედიის თავისუფლების საკითხი და ა.შ. არ უნდა იყოს წამყვანი თემები; წამყვანი თემები უნდა იყოს, ის, რაც აწუხებს ამ ქვეყნის კონსერვატიულად განწყობილი საზოგადოების დიდ ნაწილს.


  • ამავე პოდკასტიდან: თამარა ჩერგოლეიშვილი მედიასა და პოლიტიკაზე 



მედიაჩეკერი: საუბრობდით არხის მიმართ ხელისუფლების ბოიკოტზე, როგორც პოლიტიკური კორუფციის ერთგვარ სახეზე, და ამ პროცესის გავლენაზე "ფორმულას" რეიტინგებზე მაშინ, როდესაც რეიტინგის უკეთეს დინამიკას აჩვენებს მთავრობის ფრთის ქვეშ მყოფი, "ოცნების" დაქვემდებარებაში არსებული მედიარესურსები.

გიორგი თარგამაძე: როდესაც ბოიკოტზე ვსაუბრობთ, მხოლოდ მდინარაძის, ან კობახიძის სახის ნახვა კი არ მინდა "ფორმულაზე", მინდა ის ინფორმაცია, რომლის მატარებლებიც არიან გადაწყვეტილებების მიმღებები პირები მთავრობაში. ამ ნაწილშია მწვავე საკითხი პოლიტიკური კორუფციის კომპონენტი, რადგან ეს მოცემულობა რეიტინგულადაც ანიჭებს უპირატესობას სამთავრობო არხებს, და მეორე საკითხი, რაც ამ არხების რეიტინგებზე მოქმედებს, არის გასართობი კონტენტი და ასევე, დიდი ფული, რომელიც იქ ტრიალებს და ის არანაირად არ არის "მიბმული" ქართული სატელევიზიო ბაზრის ბუნებრივ დინამიკაზე.

ასევე, ხდება სპეციალური კანონების მიიღება საიმისოდ, რომ კრიტიკული არხებისთვის შემოსავლების წყაროები სხვადასხვა სფეროებიდან ხელოვნურად შეწყდეს.

მედიაჩეკერი: ვისაუბროთ ტელევიზიის დამფუძნებელის, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ფაქტორზეც.

გიორგი თარგამაძე: სიახლეა, რომ ოფიციალურმა სახელისუფლებო სისტემამ, როგორც იქნა, დაარეგისტრირა წილის გადაფორმების პროცედურა და დღეს ოფიციალურად შეგვიძლია იმის თქმა, დავით კეზერაშვილი აღარ ფლობს არხის საკონტროლო პაკეტს — მან წილის 25 % "თავისუფლების ფორმულას" გადასცა. [*მეტი]

მედიაჩეკერი: რას შეცვლის ეს, არსებითად? მაგალითად, ვეღარ მოახდენს დავით კეზერაშვილის პოლიტიკური ფავორიტი თუნდაც, ირიბ გავლენას, არხის გადაწყვეტილებებზე?

გიორგი თარგამაძე: ეს არის ჩვენი პრობლემა და ამ ეტაპზე, ამას ვერ ავცდებით. ასეთია მოცემულობა. მაგრამ კარგია, რომ ეს ყველაფერი საჯარო სივრცეში ხდება. როგორც კი დავიწყებ ხელოვნურად რაიმეს შეზღუდვას, ეს პირდაპირ იმოქმედებს ჩემს რეპუტაციაზე, ნდობაზე, რეიტინგსა და გავლენაზე.

ჩვენ არ ვართ აბსოლუტურად სტერილურები პოლიტიკური პროცესის მიმართ, მით უფრო, იმ განწყობების მიმართ, რაც შესაძლოა, არხის დამფუძნებელს [დავით კეზერაშვილს] სხვა სუბიექტების მიმართ ჰქონდეს.

აქ, მნიშველოვანია არხის ხელმძღვანელისა და სარედაქციო, ჟურნალისტური შემადგენლობის განწყობები, პრინციპულობა, თანმიმდევრობა და მნიშვნელოვანია გაგება ზოგადად, მედიის როლისაც.


  • ამავე პოდკასტიდან: მერაბ მეტრეველი მედიასა და პოლიტიკაზე 



მედიაჩეკერი: სამ ათწლეულზე მეტია, მედიაში ხართ. როგორ აღწერთ ამ გზას?

გიორგი თარგამაძე: ჩემი უპირატესობაც და ამავდროულად, გარკვეულწილად, პრობლემაც არის, რომ დიდი ხანია, საჯარო სივრცეში ვარ. ჰქონდეს 14 წლის ვიყავი, როდესაც პირველი გადაცემა მიმყავდა, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, სახელმწიფო ტელევიზიაში — "თვალსაწიერი", ეს იყო გადაცემა უფროსკლასელებისთვის.

ამას მოსდევს [საბჭოთა] სისტემის ნგრევის, სხვა ცვლილებების პერიოდი და ცხადია, ეს ჩემს პროფესიულ კარიერაზეც აისახა და დამოკიდებულებებზეც, ღირებულებების გადაფასებაზეც, ჩამოყალიბებაზეც, მაგრამ რაც ჩემთვის უცვლელია, ესაა: თუ ამ პროფესიაში ხარ, ამ პროფესიაში უნდა იყო და ამ პროფესიის მთავარი მისია და ფუნქციაა, ინფორმირება — მომხდარის მოყოლა, თუმცა, ამ მომხდარის მოყოლის ფორმები იცვლებოდა, მათ შორის, ძირეულადაც, რადგან ტექნოლოგია შემოვიდა აქტიურ მოთამაშედ.

დღეს ქართული მედია კი არა, ზოგადად, მედია არის გაცილებით უფრო მეტად დემოკრატიული, ვიდრე იყო, რადგან ტექნოლოგიები აღარ იძლევა საშუალებას, დღის წესრიგს რაღაც ერთი ცენტრი განსაზღვრავდეს, მაგრამ ამავდროულად, გაცილებით უფრო რთული გახდა სანდო ინფორმაციის მოპოვებაც და გაფილტვრაც.

ციფრული მედიის ეპოქამ ავტორიტარულ რეჟიმებს, კაცობრიობის ისტორიაში, დღემდე უნახავი შესაძლებლობა და რესურსი მისცა, რომ ხელოვნურად ქმნიდნენ და აკონტროლებდნენ საინფორმაციო ნაკადებს. ამიტომაც წინააღმდეგობრივი განცდა მაქვს, რომ რამდენადაც ეს არის პროგრესი, იმდენადვეა დიდი პრობლემაც.

ამ ბოლო დროს კი, ასეთი შინაგანი განცდა მაქვს, და ამას არ ვამბობ ხელოვნური ოპტიმიზმისთვის, ისეთ ეტაპზე ვართ, ამ ეტაპს თუ გადავლახავთ და მყარად დავდგებით სამართლებრივი, დასავლური საპარლამენტო დემოკრატიული სახელმწიფოს რელსებზე, რეგიონში არ იქნება ქვეყანა, რომელიც ისე განვითარდება, როგორც საქართველო, და ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.

ეს მოხდება ძალიან სწრაფი ტემპით, რომელიც შექმნის დინამიკას და გრავიტაციას, რომ თუ ვინმე წასულია ქვეყნიდან, მათმა უმეტესობამ კვლავ საქართველოში დაბრუნებაზე იფიქროს.

ამიტომ, ამ მხრივ ძალიან იმედიანად ვარ განწყობილი, მაგრამ საამისოდ, ამ შესაძლებლობის მომენტის გააზრებაა საჭირო საკუთარ თავებში და მობილიზება ყველა რესურსის.



მოუსმინეთ ამ საუბრის აუდიოჩანაწერს პლატფორმებზე:

altaltalt


პროექტის შესახებ: მედია განსაზღვრავს პოლიტიკას, ისევე, როგორც პოლიტიკა — მედიას. და შენზე, ერთ მოქალაქეზე, ამ ორი სფეროს ურთიერთგავლენა, ციფრული მედიის განვითარებასთან ერთად, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

  • ეს არის პროექტ 64-ის და მედიაჩეკერის ერთობლივი პოდკასტი - მედიასა და პოლიტიკაზე.
  • პოდკასტების ამ სერიაში ვესაუბრებით მათ, ვისი როლიც გადამწყვეტია მოქალაქის სწორ ინფორმირებაში.


პოდკასტის წინა ეპიზოდის მოსმენა შეგიძლიათ აქ — სტუმარი: თეონა ცხომელიძე


ავტორი : გიორგი გიორგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ