საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსთვის 9 თვეში 806 152 ლარი დაიხარჯა
24.03.2025

საზოგადოებრივი მაუწყებლის 2024 წლის პირველი 3 კვარტლის ანგარიშების მიხედვით, სამეურვეო საბჭოსთვის გაწეულმა საკასო ხარჯმა 9 თვეში 806 152 ლარი შეადგინა. 

გასული წლის იანვარი-მარტის პერიოდში სამეურვეო საბჭოზე 304 546 ლარი დაიხარჯა, საიდანაც საბჭოს 11 წევრის ჰონორარზე 210 427 ლარი მოდის, მაგალითად, საკონსულტაციო ხარჯზე კი - 64 780 ლარი.  



2024 წლის პირველი ანგარიშისგან განსხვავებით, სამეურვეო საბჭოს ხარჯები ამ ფორმით, ჩაშლილად, მოცემული არ არის საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 კვარტლის ანგარიშში, რომელშიც მხოლოდ ის წერია, რომ „საბჭოზე გაწეულმა საკასო ხარჯმა შეადგინა 260,123 ლარი“. 

საზოგადოებრივ მაუწყებელს 2024 წლის III და IV კვარტლის ანგარიშები, წინა წლებისგან განსხვავებით, ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია. „მედიაჩეკერს“ ისინი კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა. გამოცემისთვის გამოგზავნილი დოკუმენტების მიხედვით, ივლისი-სექტემბრის პერიოდში სამეურვეო საბჭოსთვის გაწეულმა საკასო ხარჯმა 241 483 ლარი შეადგინა, IV კვარტლის ანგარიშში კი საბჭოსთვის გაწეული ხარჯების შესახებ არაფერი წერია. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ დოკუმენტით, სამეურვეო საბჭოსთვის შარშან 1 517 850 ლარი იყო გამოყოფილი.



თუმცა, საზოგადოებრივ მაუწყებელს 2024 წლის ანგარიში ჯერ არ გამოუქვეყნებია, მას დრო 1 მაისის ჩათვლით აქვს:

სამეურვეო საბჭო არაუგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა საქართველოს პარლამენტსა და კომისიას წარუდგენს და აქვეყნებს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გასული წლის საქმიანობის ანგარიშს“.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო 11 წევრისგან შედგება: გია იაკობაშვილი, იზაბელა ოსიპოვა, სოსო სტურუა, გია მურღულია, გია კოხრეიძე, თამილა დოლიძე, ზაზა აბაშიძე, ბონდო მძინარაშვილი, ლაშა ტუღუში, ლიკა ბასილაია-შავგულიძე და ვასილ მაღლაფერიძე, რომელიც საბჭოს თავმჯდომარეა.  

სამეურვეო საბჭოს შემადგენლობის ერთი მესამედი 2 წელიწადში ერთხელ, როტაციის წესით იცვლება. სამეურვეო საბჭოს თითოეულ წევრს კი ექვსი წლის ვადით ირჩევენ.

 სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის შესახებ იხილეთ „მედიაჩეკერის“ სტატია -  შეიაკობაშვილი, სტურუა და ოსიპოვა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვე საბჭოს წევრები მეორედ გახდნენ.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ