პრესის თავისუფლების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები
საზღვრებს გარეშე“ (RSF) საქართველოში ორი ფრანგი ჟურნალისტის
არშემოშვებასთან დაკავშირებით განცხადებას
ავრცელებს და გმობს საქართველოს
ხელისუფლების შემაშფოთებელ ტენდენციას, ხელი შეუშალოს დამოუკიდებელი
მედიის მიერ მიმდინარე საპროტესტო აქციების გაშუქებას.
„საქართველოში სადავო არჩევნების შემდგომ მიმდინარე პროტესტების გაშუქებით ცნობილი ორი ფრანგი ჟურნალისტისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვა მედიის დაშინებისკენ მიზანმიმართული სტრატეგიის ნაწილია. RSF მკაცრად გმობს ასეთ შეურაცხმყოფელ გაძევებებს, მოუწოდებს მმართველ პარტიას, დაიცვას საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები მედიის თავისუფლების კუთხით და ამავდროულად, მოუწოდებს საფრანგეთსა და ევროკავშირს ზეწოლა მოახდინონ საქართველოს ხელისუფლებაზე,“ - განაცხადა RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის ხელმძღვანელმა, ჟანა კავლიემ.
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ ინფორმაციით, ჟურნალისტი კლემენტ ჟირარდო, რომელიც საერთაშორისო გამოცემებისთვის: Le Monde, Society და Al Jazeera მუშაობს, საქართველოში მიმდინარე პროევროპულ აქციებს აშუქებდა. 12 თებერვალს კი, როცა ის საფრანგეთიდან საქართველოში ბრუნდებოდა, საპასპორტო კონტროლზე გააჩერეს, შემდეგ კი ახსნა-განმარტების გარეშე უკან გააბრუნეს.
ჟირარდომ 10 აპრილს Facebook-პოსტიც გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ ქვეყნიდან გაძევების ზუსტი მიზეზი არ იცის, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს:
„2012 წლიდან ვწერ საქართველოზე. ამ წლების განმავლობაში შევხვდი სხვადასხვა პროფესიისა და სოციალური ფენის ადამიანებს. თითქმის ყველა კუთხეში ვიმოგზაურე და ყველგან თბილად მიმიღეს. 28 ნოემბრის შემდეგ, ჩემი სამუშაო ძირითადად კონცენტრირდა რეპრესიების მსხვერპლებზე — მჯერა, რომ როგორც ჟურნალისტმა და როგორც საქართველოს მეგობარმა, ჩემი მოვალეობა შევასრულე.
ქართული ოცნების ხელისუფლებამ ამიკრძალა საქართველოში შემოსვლა, რადგან სურს, რომ თავისი ავტორიტარიზმისკენ სწრაფვა საზოგადოების თვალისგან მოშორებით განახორციელოს. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ შორს ვარ, ქართული ოცნება ვერ მიაღწევს მიზანს. მე გავაგრძელებ საუბარს ქართველი ხალხის ბრძოლასა და მათ ტკივილზე. და, რა თქმა უნდა, იმედს ვიტოვებ, რომ რაც შეიძლება მალე დავბრუნდები თბილისში“.
მეორე ჟურნალისტი ჟერომ შობო იტალიური სააგენტო NurPhoto-ს ფოტოგრაფია. როგორც RSF-ის განცხადებაში ვკითხულობთ, შობო საფრანგეთში დაბრუნებამდე, თითქმის ორი თვის განმავლობაში, საქართველოში მიმდინარე პროევროპულ აქციებს აშუქებდა. ის 30 მარტს საქართველოში ხელახლა შემოსვლას ცდილობდა, რა დროსაც ჯერ აეროპორტში რამდენიმე საათის განმავლობაში გააჩერეს, შემდეგ კი ათენში გააძევეს.