ეთიკა
კატეგორია - ეთიკა


ტელეკომპანია „იმედმა“ სოციალურ ქსელში გაავრცელა ქარდი წარწერით: „ოპოზიციური მედია რუსთაველზე ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით შეკრებილ ხალხს პრორუსებად და რადიკალებად მოიხსენიებს“. 

„იმედი“ ოპოზიციურ მედიაში ტელეკომპანია „პირველს“ გულისხმობს. ქარდზე სწორედ საინფორმაციო გამოშვება „პირველების“ მასალის სქრინებია გამოყენებული. 



სინამდვილეში ტელეკომპანია „პირველს“ 13:00-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში რუსთაველის გამზირიდან ორი პირდაპირი ჩართვა ჰქონდა და „პირველების“ მასალა სათაურით - „რადიკალების მსვლელობა რუსთაველზე“ და „პრორუსების მსვლელობა რუსთაველზე“ არა ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით შეკრებილ ხალხს, არამედ 17 მაისის ღონისძიებაზე „ალტ-ინფოს“ მსვლელობას ეხეოდა. რუსთაველის გამზირზე ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით მომზადებულ მასალას კი „ოჯახის სიწმინდის დღე“ ერქვა. 

alt

„პირველის“ ახალი ამბების სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე „იმედის“ ქარდს შესაბამისი განმარტებით სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„TV Imedi ახლა კარგად მომისმინეთ, სიყალბესაც ხომ გააჩნია ზღვარი!!!! 

ორი ჩართვა იყო გამოშვებაში, ერთი ალტ ინფოს მსვლელობა და მეორე ოჯახის სიწმინდის დღე!!! შესაბამისი სათაურებით, ახლა ავრცლეებენ ყალბ ქარდს თითქოს ოჯახის სიწმინდის დღეს ტვ პირველმა პრორუსების მსვლეობა დააწერაო!!!

ვინც მანდ მუშაობთ არ გრცხვენიათ? Natia Songulashvili აი ამას რომ კადრულობ არ გიტყდება ?“ - დაწერა მელაძემ ფეისბუქის პირად გვერდზე. 

ტელეკომპანიამ მოგვიანებით ქარდს ჩაამატა ტექსტი: „ტელეკომპანია „იმედის“ მიერ ამ ქარდების გამოქვეყნებას „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე გამოეხმაურა“. შესაბამის პოსტში ვკითხულობთ მელაძის განცხადების ნაწილსაც. 




ნოდარ მელაძემ „მედიაჩეკერთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ტელეკომპანია „იმედმა“ ტელეკომპანია „პირველთან“ დაკავშირებით ყალბი ცნობები გაავრცელა და სათაური განზრახ დაამახინჯა, რისი მიზანიც არხის დისკრედიტაციაა.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ მე-5 პრინციპის მიხედვით, მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება. მე-11 პრინციპით, კი ჟურნალისტს ერთ-ერთ უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად ფაქტის განზრახ დამახინჯება უნდა მიაჩნდეს.

მედიაში შესწორების სტანდარტის სახელმძღვანელო წესებით კი: „გამოქვეყნებული მასალა უნდა შესწორდეს ისე, რომ აუდიტორიისთვის ცნობილი გახდეს თუ რა გასწორდა. ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია და არ უწყობს ხელს ვინმესთვის საზიანო ინფორმაციის გავრცელებას, მასალის ბოლოს შენიშვნის სახით უნდა მიეთითოს რა ეწერა მცდარ ვერსიაში“.



 

 
კატეგორია - ეთიკა


4 მაისს ტელეკომპანია „პოსტვ“-იმ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „კეზერაშვილმა რევოლუციის ფული საქართველოში ნინო დარასელს და ნინო დვალს გამოატანა“. 

მასალაში წერია, რომ დვალმა და დარასელმა საზღვარი 4 მაისს, გამთენიისას გადმოკვეთეს და ქვეყანაში რამდენიმე მილიონი შემოიტანეს.




„პოსტვ“-ის ტელეკომპანია „იმედიც“ მიჰყვა და მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში წამყვანმა, თეა სიჭინავამ მაყურებელს ამცნო: „გავრცელებული ინფორმაციით, დავით კეზერაშვილი მიმდინარე აქციებს სხვადასხვა გზით აფინანსებს. მსჯავრდებულმა ექსთავდაცვის მინისტრმა თანხების ტრანსპორტირებისთვის რამდენიმე ადამიანი შეარჩია. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, ამ მიზნით კეზერაშვილთან ლარნაკაში იმყოფებოდნენ: ნინო დვალი, ნინო დარასელი და ნანუკა ჟორჟოლიანი. "ქრონიკამ" ეს ინფორმაცია მათთან გადაამოწმა. ამ თემაზე კითხვებმა ისინი გააღიზიანა. ნინო დვალმა კი ირონიული პასუხი აირჩია.“ 

გავრცელებული ინფორმაცია, რომელსაც თეა სიჭინავა ეყრდნობა, ალბათ, "პოსტვ"-ის მიერ გამოქვეყნებული ამბავია. 

როგორც ირკვევა, 4 მაისს, გამთენიისას საქართველოს საზღვარი "პოსტვ"-ის მიერ დასახელებულ არცერთ პირს არ გადმოუკვეთავს. მიუხედავად იმისა, რომ ნინო დვალი და ნინო დარასელი მეგობრები არიან, ისინი ლარნაკაში ერთ პერიოდში და ერთად არ წასულან. დვალი მეგობრებთან ერთად ლარნაკაში 24-29 აპრილის პერიოდში იმყოფებოდა. დარასელი კი ლარნაკას 3-6 მაისს ოჯახის წევრებთან ერთად სტუმრობდა. ის კუნძულიდან სხვა ქვეყანაში გაფრინდა და საქართველოში ჯერ არ დაბრუნებულა.

ნინო დარასელი ჟურნალისტი და საჯარო პირია, ამიტომ შესაძლებელია, მედიის სამიზნედაც ქცეულიყო, რასაც მოქალაქე ნინო დვალზე ვერ ვიტყვით. 

"პოსტვ"-იმ და "იმედმა" დარასელი და დვალი ერთმანეთს მხოლოდ მათი მეგობრობის გამო დააკავშირა და ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ისინი კანონის საწინააღმდეგო ქმედებაში დაადანაშაულა.

"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" 1-ლი და მე-3 პრინციპის მიხედვით, "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია" და "ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია". მე-11 პრინციპით კი, ჟურნალისტმა ერთ-ერთ უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად ფაქტის განზრახ დამახინჯება უნდა მიიჩნიოს.

"მედიაჩეკერმა" დარასელსა და დვალს ჰკითხა, რას უკავშირებდნენ მსგავსი ინფორმაციის გავრცელებას. 

ნინო დვალი: „რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი პარლამენტარის ცოლის სტატუსზე საკმაოდ არასასიამოვნო კომენტარი გავაკეთე. მტკიცებით ფორმაში, რასაკვირველია, ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ვინაიდან ჩემს ამ გაუგებრობაში მოხვედრას სხვას ვერაფერს ვუკავშირებ, ლოგიკური დასკვნაა, რომ ამ სახით იყარა ჯავრი ჩემზე მისმა პარლამენტარმა მეუღლემ.“  

ნინო დარასელი: "მართალი გითხრა, ამდენი დღეა ვფიქრობ, რა შეიძლება გამხდარიყო მსგავს აბსურდში მოყოლის მიზეზი და პასუხი არ მაქვს. აქტიური და მგრძობიარე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიმართ ყოველთვის ვიყავი და ახლა არ ვიცი, რითი გავხდი სახელისუფლო მეზღაპრეების ახალი ზღაპრის მთავარი გმირი. რამდენადაც სასაცილოა ეს ამბავი, იმდენად საშიშიცაა. ასე ნებისმიერი აბსურდი შეიძლება, სრულიად ცარიელ ადგილზე შეთხზან და ხალხს შეასაღონ როგორც ფაქტი. ალბათ, სწორედ ეს არის რუსული კანონის არსიც და მსგავსი ელის ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს, ვინც მეტნაკლებად აქტიურია და ვინც თუნდაც ამ კანონის მიღებას ეწინააღმდეგება. სამწუხაროდ, იმაზე საშიში ყოფილა სიტუაცია, ვიდრე მეგონა. ესაა სწორედ თანამედროვე 37 წლების რუსეთი, საბჭოთა კავშირი, სადაც ჩვენი დაბრუნება სურთ. იმედი მაქვს, ამ ფაქტმა ჯერ კიდევ შემორჩენილი ხელისუფლების მხარდამჭერებიც დააფიქრა. დღეს ასეთი მეთოდით ჩვენ დაგვიკაკუნეს, ხვალ მათაც მიადგებიან. მე არც 2012 წლამდე შემშინებია პროტესტის და არც ახლა მეშინია, თუმცა, ამათ ხელში ჩავარდნილი ქვეყნის მომავალი და ჩვენც იმ მომავალში ნამდვილად მაშინებს“.

როგორც ნინო დვალი "მედიაჩეკერთან" საუბრისას ამბობს, მართლმსაჯულების მიმართ დაბალი ნდობის მიუხედავად, ის სამართლებრივი დავის დაწყებას მაინც გეგმავს: „ვამზადებ და შემაქვს სასამართლოში „იმედისა“ და „პოსტვ“-ის წინააღმდეგ სარჩელი ცილისწამებაზე, სადაც მოვითხოვ გამოიძიონ, ვინ მიაწოდა აღნიშნული ინფორმაცია ტელევიზიებს.“ 

კატეგორია - ეთიკა

როგორ მოხვდა საქართველოს დროშა რუსთაველის გამზირის სავალ ნაწილზე?! 

დღეს, 29 აპრილს ტელეკომპანია „იმედმა“ ფეისბუქ გვერდზე 28 აპრილის რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციიდან ვიდეო გაავრცელა სათაურით: „დემონსტრანტის მიერ ძირს დაგდებული დროშა პოლიციელებმა სამხედრო პატივით აიღეს“.  

სინამდვილეში მაყურებელმა ტელეკომპანია "ფორმულას" პირდაპირ ეთერში 23:53 წუთზე იხილა, რომ საპროტესტო აქციის მონაწილე ქალმა სპეციალურად  დააფინა სპეციალური დანიშნულების რაზმის წინ სიმბოლურად დროშა, როგორც ერთგვარი წინაღობა.


 
საბოლოოდ, ადგილზე მყოფმა შსს-ის წარმომადგენლებმა სიმბოლურად ძირს დაფენილი დროშა სიმბოლურადვე აკეცეს და აქციის მონაწილეებს დაუბრუნეს.

კატეგორია - ეთიკა
საქართველოში მედიაგარემოს საკითხზე ევროპარლამენტში გამართული დებატები „იმედმა“ კრიტიკული აქცენტების გარეშე, მანიპულაციურად გააშუქა.


რა ხდება

საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე 8 ივნისს გვიან ღამით ევროპარლამენტში დებატები გაიმართა.

მნიშვნელოვანი ამბავი: ევროპარლამენტარებმა საქართველოში მედიაგარემოს გაუარესებაზე მწვავე და კრიტიკული განცხადებები გააკეთეს. გამომსვლელებმა ისაუბრეს ჟურნალისტებზე ძალადობასა და თავდასხმებზე, მედიის წარმომადგენლების სამართლებრივ დევნაზე, ასევე ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების საკითხზე.

როგორ გააშუქა „იმედმა“

  • ტელეკომპანია „იმედმა“ დებატები პირდაპირ ეთერში არ გააშუქა.
  • „იმედინიუსზე” კი ევროპარლამენტარების გამოსვლები კრიტიკული აქცენტების გარეშე გამოქვეყნდა.

„იმედინიუსი“ უშუალოდ ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებულ განცხადებებს 2 ნიუსით გამოეხმაურა:


„იმედმა“ არ გააშუქა იმ ევროპარლამენტარების გამოსვლები, რომლებიც ეხებოდა:
  • მედიაგარემოს გაუარესებას.
  • მთავარი არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას დაკავებას.
  • ჟურნალისტებზე ძალადობასა და თავდასხმას.
  • მთავრობისა და პოლიტიკოსების მხრიდან მედიის დევნას.

ასევე, იმედს არ გაუშუქებია იმ ევროპარლამენტარების გამოსვლა, რომლებიც ამბობდნენ, რომ „საქართველოს ევროპული გზის მხარდამჭერისთვის მნიშვნელოვანია ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის სანქცირება“.

დამატებითი კომენტარები:

ევროპარლამენტიდან წამოსული კრიტიკის თემაზე „იმედინიუსმა“, კონტექსტის დართვის გარეშე, ხელისუფლებისადმი მიკერძოელბული ანალიტიკოსის - გია აბაშიძის ფეისბუქ სტატუსი გამოაქვეყნა:

„იმედინიუსმა“კონტექსტის გამოაქვეყნა ზაალ ანჯაფარიძის ფეისბუქ სტატუსიც:

მხოლოდ „ქართული ოცნების“ წევრების შეფასებები

გაშუქების პარალელურად, „იმედინიუსი“ მხოლოდ „ქართული ოცნების“ წევრების შეფასებებს აქვეყნებს, სადაც აქცენტი კეთდება იმაზე, თითქოს, ევროპარლამენტარების კრიტიკა რეალობას არ შეესაბამება.

მაგალითად:

  • მმართველი გუნდის ლიდერი მამუკა მდინარაძე: ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებები აბსოლუტურად აცდენილია რეზოლუზიის შინაარსს და ისინი „ფეიკებს“ ავრცელებენ.
  • არჩილ თალაკვაძე: „სიმართლე ჩვენ მხარესაა - არც ნიკა გვარამიაა თავისუფალი მედია და არც მიხეილ სააკაშვილი გახლავთ დემოკრატიის შუქურა და რეზოლუციის ამაზე აგება წინააღმდეგობაში მოდის რეალობასთან“.
კატეგორია - ეთიკა
„ტვ პირველმა“ ფეისბუკზე მოიხადა ბოდიში მშობლების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის ნაცვლად, ეთერში უდანაშაულო ადამიანის ფოტოს არასწორად ჩვენების გამო. კაცი, რომელიც ფოტოზე იყო გამოსახული ითხოვს, ტელეკომპანიამ ბოდიში სატელევიზიო ეთერში მოიხადოს.


„ოჯახის წევრებმა ტელევიზორიდან გაიგეს და ძალიან ინერვიულეს. დედა ისედაც ავადმყოფობს და შეუძლოდ გახდა“ - ამბობს 29 წლის კაცი, რომლის ფოტოც „ტვ პირველმა“ არასწორად, სავარაუდო დამნაშავის ფოტოს ნაცვლად აჩვენა ეთერში.

რა მოხდა?

28 აპრილს „ტვ პირველის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული კაცის შესახებ. საინფორმაციო გამოშვების წამყვანი და ჟურნალისტი ყვებოდნენ, რომ „შვილმა დედ-მამა იარაღით მოკლა. დანაშაულის დასაფარად კი, სახლში ხანძარი გააჩინა და მშობლების ცხედრები დაწვა“.

  • ბრალდებულის საჩვენებლად, ეთერში გასული ფოტოებიდან ერთ-ერთზე ასახული იყო სხვა ადამიანი, რომელსაც დანაშაულთან არანაირი კავშირი არ აქვს.
  • ბრალდებული, სასამართლოს განაჩენამდე, ეთერში გამოაცხადეს მკვლელად და გაასაჯაროეს მისი სახელი, გვარი და ფოტოები.

დაახლოებით 4 საათის შემდეგ, „ტვ პირველმა“ ფეისბუქის გვერდზე ატვირთა ეთერში შეცდომით გაშვებული ფოტო და ადრესატს ბოდიში მოუხადა.

რა პრობლემაა?

1. უდანაშაულობის პრეზუმფცია

მიუხედავად იმისა, სასამართლოს განაჩენი ჯერ არ არის ცნობილი, წამყვანმა და ჟურნალისტმა ბრალდებული წინასწარ მკვლელად გამოაცხადეს და ეთერში დანაშულის დეტალებს ყვებოდნენ.

  • სტანდარტის მიხედვით, პირი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით.

2. იდენტიფიცირება

  • დანაშაულისა და ანტისოციალური ქმედების გაშუქებისას, მედიამ თავი უნდა აარიდოს სავარაუდო დამნაშავის, ბრალდებულის ან მსჯავრდებულის იდენტიფიცირებას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მისი სახელი საზოგადოებისთვის ცნობილია ან საქმე საზოგადოებრივი ინტერესის მქონეა.

რას ამბობს „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი?

„ეს არის ყველა ქართული მედიასაშუალების ერთიანი დამკვიდრებული პრაქტიკა, რომლითაც ხელმძღვანელობს ქართული მედია. ალბათ, გაქვთ ინფორმაცია, რომ მხოლოდ „ტვ პირველი“ არ ასახელებს გვარს, სახელს ადამიანისას, არ იყენებს ფოტოს. ეს, ზოგადად, დისკუსიის საგანია. ეს შეიძლება იყოს კონფერენციის საგანი. მაგალითად, მოაწყეთ [ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ] კონფერენცია ამ საკითხთან დაკავშირებით - ხომ არ უნდა შეიმუშავოს ქართულმა მედიამ რაიმე ახალი სტანდარტი? ეს არის გრძელვადიანი მსჯელობის საგანი, რომელზეც, ახლა, სამწუხაროდ ვერ გიპასუხებთ“ - ამბობს ნოდარ მელაძე

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სტანდარტი კრიმინალის გაშუქების შესახებ

ქარტიის კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელო წესების მიხედვით, მედიას უნდა ესმოდეს ის რისკი, რასაც ბრალდებულის შესახებ ინფორმაციის გავრცელება გამოიწვევს.

მედიამ უნდა გაითვალისწინოს, რომ:

  • ბრალდებულის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამ შესაძლებელია გამოიწვიოს აგრესია საზოგადოებაში როგორც მის, ისე მისი ახლობლების მიმართ.
  • მედიამ უნდა მიიღოს ყველა გონივრული ზომა ადამიანის რეპუტაციისათვის გაუმართლებელი ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად

შესწორების სტანდარტი

„ტვ პირველმა“ ეთერში შეცდომით გაშვებული ფოტოს გამო, ადრესატს ბოდიში ფეისბუქის გვერდზე მოუხადა.

კაცი, რომლის ფოტოც ეთერში არასწორად აჩვენეს, ითხოვს რომ „ტვ პირველმა“ იმავე საინფორმაციო გამოშვებაში აღიაროს დაშვებული შეცდომა და ბოდიში საჯაროდ მოიხადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არხის წინააღმდეგ ქარტიას და სასამართლოს მიმართავს.

დაშვებულ შეცდომაზე ტელეკომპანიას საინფორმაციო ეთერში განმარტება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

შესწორების სტანდარტის მიხედვით:

  • მაუწყებელმა ღიად და დაუყოვნებლივ უნდა განაცხადოს დაშვებული შეცდომის შესახებ და თანაზომადი ფორმით შეასწოროს ის.
  • მაგალითად, თუ შეცდომა დაუშვეს პრაიმ ტაიმში, მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში, ინფორმაცია ამავე გადაცემაში მეორე დღეს უნდა გავიდეს. თუმცა, რა არის თანაზომადი შესწორება, ეს კონკრეტულ შემთხვევაზეა დამოკიდებული.
  • საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე შესაძლებელია, დაზუსტება უმჯობესი იყოს არა შემდეგ დღეს იმავე გადაცემაში, არამედ უახლოეს მომდევნო გადაცემაში.
  • მასალის დროულად გასასწორებლად, შესაძლებელია, გამოიყენოთ მაუწყებლის ოფიციალური გვერდი
  • ინტერნეტში.ეთერში გასული შესწორებული ვიდეო-მასალა ახალი რედაქციით უნდა აიტვირთოს ოფიციალური ვებსაიტზე და ასევე, შესწორდეს ყველა პლატფორმაზე.

ნოდარ მელაძე ამბობს, რომ არხის შიდა რეგულირების ორგანოს გადაწყვეტილების შესაბამისად იმოქმედებენ:

„მსგავს საკითხებზე, დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, მსჯელობს შიდა რეგულირების ორგანო. შესაბამისად, შიდა რეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებას დაემორჩილება საინფორმაციო სამსახური.“ - ამბობს ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი.

რედაქტორის შენიშნვა: მთავარი საინფორმაციო გამოშვების გასვლის შემდეგ, მასალა განახლდება
კატეგორია - ეთიკა
ჩვენ დავაკვირდით რუსთაველის გამზირზე, უკრაინის მხარდამჭერი აქციების სატელევიზიო გაშუქებას 25 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით. ცენტრალური ტელევიზიების ხედვა ამ აქციების მიმართაც განსხვავებულია.

რა ხდება

24 თებერვლიდან, მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, რუსთაველის გამზირზე ყოველდღე იმართებოდა ხალხმრავალი აქციები უკრაინის მიმართ სოლიდარობის ნიშნად და საქართველოს მთავრობის პოზიციის გასაპროტესტებლად.

რას დავაკვირდით?

  • ჩვენ ვაკვირდებოდით 25, 26, 27, 28 თებერვალსა და 1 მარტს აქციების გაშუქებას შვიდ ცენტრალურ მაუწყებელზე.
  • ეს ტელევიზიებია: პირველი არხი, იმედი, ფორმულა, რუსთავი 2, ტვ პირველი, მთავარი არხი, პოსტვ.
  • დაკვირვება მოიცავდა 18:00 საათიდან 00:00 საათამდე პერიოდს.
  • დაკვირვებისას დათვლილია მაუწყებლების მიერ უშუალოდ თბილისში მიმდინარე აქციების გაშუქებისთვის დათმობილი დრო.
  • არ ვითვლიდით საინფორმაციო გამოშვებების/ტოქშოუების მიმდინარეობისას სტუდიაში წამყვანის/რესპონდენტების მიერ აქციების შესახებ გაჟღერებულ ინფორმაციას.

რა აღმოვაჩინეთ?

  • ყველა მაუწყებლისთვის საინფორმაციო გამოშვებების მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები იყო.
  • ფორმულა, მთავარი არხი და ტვ პირველი საგანგებო რეჟიმში მაუწყებლობდნენ და 18:00 საათიდან გვიან ღამემდე ეთერში თითქმის უწყვეტ რეჟიმში გადიოდა საინფორმაციო გამოშვებები და ტოქშოუები, ხოლო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციები პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
  • ცვლილებები იყო რუსთავი 2-ის და იმედის ბადეში - საინფორმაციო გამოშვებები და ტოქშოუები გახანგრძლივებულად მაუწყებლობდნენ. თუმცა, ამ არხებისთვის აქციების გაშუქება პრიორიტეტი არც ერთ დღეს არ ყოფილა.
  • სხვა მაუწყებლების მსგავსად, პირველი არხიც პერიოდულად საგანგებო რეჟიმში მაუწყებლობდა. თუმცა, პირველ მარტამდე აქციის გაშუქებას პრიორიტეტს არც ეს ტელევიზია ანიჭებდა.
  • თითქმის არანაირი ცვლილება არ ყოფილა პოსტვ-ის საინფორმაციო ბადეში. არხი, ფაქტობრივად, არ აშუქებდა აქციებს.

ამ პერიოდში გამართულ აქციებს შორის ორი ყველაზე ხალხმრავალი იყო:

  • 25 თებერვალს რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეები უკრაინისთვის სოლიდარობის გამოცხადებასთან ერთად, აპროტესტებდნენ პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებასაც.
  • ირაკლი ღარიბაშვილმა 25 თებერვალს დღეს თქვა, რომ საქართველო არ შეუერთდება რუსეთისთვის დაკისრებულ საერთაშორისო სანქციებს და ეს გადაწყვეტილება "ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით" ახსნა.
  • 1 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონსულტაციებისთვის საქართველოდან უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი გაიწვია. მიზეზად „მოხალისეების არგამოშვება და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიცია“ დაასახელა.
  • ამ დღეს აქციაზე შეკრებილმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა, აქტივისტებმა, საჯარო პირებმა და მოქალაქეებმა უკრაინის მხარდაჭერის პარალელურად, საქართველოს მთავრობის გადადგომა და ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანა მოითხოვეს.

უფრო დეტალურად:

პირველი არხი

  • 25, 26, 27, 28 თებერვალს, პირველი არხისთვის რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ხალხმრავალი აქციების გაშუქება პრიორიტეტული არ ყოფილა.
  • თითოეულ დღეს აქციების შესახებ ინფორმაციას “მოამბე“ 21:00 საათიანი გამოშვების შუა ან დასკვნით ნაწილში გადასცემოდა.
  • გაშუქების დრო თითოეულ დღეს დაახლოებით 1-დან 5 წუთამდე მერყეობდა.
ყველაზე დიდი დრო, ჯამში დაახლოებით 1 საათი, აქციის გაშუქებას პირველმა არხმა 1 მარტს დაუთმო.
  • აქციის გაშუქებისას ჟურნალისტი ამბობდა, რომ „წინა დღეებისგან განსხვავებით, ამ დღეს პოლიტიკური ხასიათის აქცია“ იმართებოდა.
  • წამყვანიც და ადგილზე მყოფი კორესპონდენტიც აქცენტს აკეთებდნენ, რომ რუსთაველზე „ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებული“ აქცია იმართებოდა და პროტესტს სხვა ოპოზიციური პარტიებიც უერთდებოდნენ.
alt
იმედი

ტელეკომპანია „იმედი“ რუსთაველზე მიმდინარე აქციას თავდაპირველად არ აშუქებდა.
  • 25 თებერვალს „იმედს“ აქცია არ გაუშუქებია.
  • 26-27 თებერვალს „იმედმა“ აქციის გაშუქებას რამდენიმე წამი დაუთმო. ჟურნალისტმა სხვა თემების წარდგენისას თქვა, რომ „თბილისში სოლიდარობის აქცია იმართება“ 
  • შედარებით დიდი დრო, ჯამში, დაახლოებით 4 წუთი, „იმედმა“ აქციის გაშუქებას 28 თებერვალს დაუთმო. ამ დღეს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მოქალაქეებს უკრაინის მიმართ განსაკუთრებული სოლიდარობის გამოხატვისთვის მადლობა გადაუხადა.
  • 1 მარტის აქციას „იმედი“ ჯამში დაახლოებით 6 წუთის განმავლობაში აშუქებდა. „თბილისში რადიკალები პრემიერის გადადგომას და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ“ - ამბობდა გადაცემა „იმედი LIVE-ის“ წამყვანი პირდაპირ ეთერში.
alt
რუსთავი 2

25 თებერვლიდან 1 მარტამდე პერიოდში გამართული აქციები „რუსთავი 2-სთვის“ პირდაპირ ეთერში გასაშვებად პრიორიტეტული არ ყოფილა.

მაუწყებელი ამ ამბავს საინფორმაციო გამოშვებების შუა ან დასკვნით ნაწილში აშუქებდა და ყოველ დღე ჯამში დაახლოებით 2-დან 6 წუთამდე დროს უთმობდა.
alt
მთავარი არხი, ფორმულა, ტვ პირველი

25 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით პერიოდში, ფორმულა, მთავარი არხი და ტვ პირველი საგანგებო რეჟიმში მაუწყებლობდნენ და 18:00 საათიდან გვიან ღამემდე ეთერში თითქმის უწყვეტ რეჟიმში გადიოდა საინფორმაციო გამოშვებები და ტოქშოუები.

  • სამივე არხი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებს პირდაპირ ეთერში აშუქებდა.
  • საინფორმაციო გამოშვებებში თუ ტოქშოუებში სხვა თემებზე საუბრისას და ეთერში სიუჟეტების გასვლის პარალელურადაც, ეკრანზე აქციის კადრები ჩანდა.
alt
პოსტვ

პოსტვ რუსთაველზე მიმდინარე აქციებს პირველი 4 დღის განმავლობაში საერთოდ არ შეხებია. სამაგიეროდ, მაყურებელს არწმუნებდა, რომ „ხელისუფლება უკრაინას სრულ მხარდაჭერას უცხადებს და ამ პოზიციას ყველა პოლიტიკურ ასპარეზზე აფიქსირებს“.
  • აქცია პოსტივის საინფორმაციო გამოშვებაში პირველად 1 მარტს გაშუქდა. არხმა თემაზე საუბარს 37 წამი დაუთმო. 
  • ჟურნალისტი ამბობდა, რომ „რამდენიმე დღეა რუსთაველზე მოქალაქეები სოლიდარობას უცხადებენ უკრაინას, ნაციონალური მოძრაობა კი პარლამენტის პიკეტირების ინიციატივით მივიდა, თუმცა, „სირცხვილიას“ წევრებთან რადიკალიზაციის გზებზე ვერ შეთანხმდა“.

ამ დღეს აქციაზე საუბარი გაგრძელდა გადაცემებში - „პოლიტიკური ინტერვიუ დათა გვასალიასთან ერთად“ და „სამნი და Co“. წამყვანები ეთერში პერიოდულად უშვებდნენ ფორმულას პირდაპირი ეთერიდან ამოჭრილ ფრაგმენტებს, აქციაზე ზურაბ ჯაფარიძის, გიორგი მარგველაშვილის, მიშა მშვილდაძის, გიგა ბოკერიას გამოსვლებიდან და ცდილობდნენ მათ დისკრედიტაციას.

პოსტვ ირწმუნებოდა, რომ ოპოზიციას საქართველოს ომში ჩართვა სურს, მთავრობა კი ეროვნულ ინტერესებს იცავს.

 

alt

კატეგორია - ეთიკა
“იმედმა” საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევის ამბავი თავდაპირველად 1 თებერვლის თარიღით გამოაქვეყნა და კომენტარების ფუნქცია შეზღუდა

რა მოხდა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონსულტაციებისთვის საქართველოდან უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი გაიწვია. ზელენსკიმ განაცხადა, რომ ელჩის გაწვევის მიზეზი „მოხალისეების არგამოშვება და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციაა”.

  • ამბავი, სათაურით, „უკრაინამ საქართველოდან საკუთარი ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია“ - „იმედინიუსმა“ ვებგვერდზე 1 მარტს, 15:23 საათზე გამოაქვეყნა.
  • ტელეკომპანია “იმედის” ფეისბუქ გვერდზე კი 1 თებერვლის თარიღით დადო და კომენტარების ფუნქცია შეზღუდა.
  • რამდენიმე წუთში ფეისბუქზე გამოქვეყნების თარიღი კვლავ შეიცვალა და ნიუსი ამ დროისთვის 1 მარტის თარიღით დევს, თუმცა, კომენტარების ფუნქცია კვლავ შეზღუდულია.

იმედის” პოზიცია

სოციალური მედიის მიმართულების ხელმძღვანელი ლოლიტა ხუბუა ამბობს, რომ თარიღი სოციალური მედიიის მენეჯერს შეეშალა და როგორც კი შეამჩნიეს, მაშინვე ჩაასწორეს:

  • "სოცმედია მენეჯერის ტექნიკური შეცდომა იყო. პოსტს ვდრაფტავთ, ვამზადებთ გასატანად და მერე ვუთითებთ დროს და საიტზე დადებიდან 5 წუთში ვაზიარებთ, ვითარებიდან გამომდინარე, პრიორიტეტებს ვანიჭებთ.
  • ცხადია, არანაირი მიზანი არ ჰქონია ამას. ტექნიკური შეცდომა იყო პოსტის დაგეგმარების. "დაასქეჯულა"(Schedule) არასწორად, კალენდარს არ შეხედა სწორად". 

როგორ არის შესაძლებელი პოსტის წინა თარიღით გამოქვეყნება ფეისბუკზე?

  1. პოსტის Schedule ანუ წინასწარ გამოსაქვეყნებლად კონკრეტულ დროს გამზადება შესაძლებელია, თუმცა ეს ფუნქცია, Schedule, არ იძლევა წინა რიცხვით გამოქვეყნების საშუალებას.
  2. წინა რიცხვით გამოქვეყნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ Backdate - ანუ წინა რიცხვით დადების ღილაკს დააჭერ.

კომენტარების შეზღუდვაზე, ლოლიტა ხუბუა ამბობს:
  • „ბოტების ძალიან დიდი შემოტევა გვაქვს, არა ჩვენი „ფოლოვერების“. სადაც ვხედავთ, რომ დიდი შემოსევაა, ვუთიშავთ კომენტარების ფუნქციას“.

თუმცა, „იმედის“ ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ სხვა პოსტებს კომენტარების ფუნქცია შეზღუდული არ აქვს, რაზეც ხუბუა ამბობს, რომ „დინამიკის მიხედვით“ არჩევენ რას შეუზღუდონ დაკომენტარების ფუნქცია - „როცა ვხედავთ რა იწერება და რა ტემპით იწერება“.

  • ლოტიტა ხუბუა ამბობს, რომ ერთი თვის ცდომილებით - 1 თებერვლის თარიღით დადებულ პოსტს 1 წუთში უკვე რამდენიმე შეურაცხმყოფელი კომენტარი ჰქონდა: „იდებოდა ფოტოები, ბმულები, სადაც დიდი შეურაცხყოფა იყო ყველას მიმართ“ - რაც, მისი თქმით, წაშალეს და კომენტარების დაწერის ფუნქცია გათიშეს

კონტექსტი

  • მეექვსე დღეა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი მიმდინარეობს
  • 25 თებერვალს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რო საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ უერთდება.
  • 28 თებერვალს უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ტვიტერზე ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდა, მოხალისეებს თბილისიდან კიევში ფრენის უფლება მიეცა: „მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად აეროპორტში ფრენას ელოდებიან. იმედია, ირაკლი ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს. უკრაინა ამას ელოდება! ევროპა ამას ელოდება!“
  • საქართველოს მთავრობის პოზიციის გასაპროტესტებლად და უკრაინისთვის სოლიდარობის ნიშნად, 5 დღეა თბილისში ხალხმრავალი აქციები იმართება
კატეგორია - ეთიკა
ტელეკომპანია „იმედმა“ ბოდიში მოიხადა „ქრონიკის“ ეთერში დაშვებული შეცდომის გამო.

რა მოხდა

9 თებერვალს ტელეკომპანია “იმედის” 20:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვების დასკვნით ნაწილში გავიდა სიუჟეტი სახელწოდებით “ქართული მაწონი “მაცუნის” წინააღმდეგ” . სიუჟეტი ეხებოდა სომხური რძის პროდუქტის საქართველოს გავლით რუსეთში გაყიდვის აკრძალვას „მაცუნის“ სახელწოდებით.

რა პრობლემაა?


სიუჟეტის წარდგენისას, ეკრანზე, გადაცემის წამყვანების ფონზე, გამოჩნდა ორი ქილის ფოტო, რომელსაც ქართულად დაწერილ “მაცუნთან” ერთად, სომხურ ენაზე ეწერა „ყარაბახი აზერბაიჯანია” და „ტოლმაც აზერბაიჯანულია“.

ორგანიზაციის განმარტება:


  • „იმედი“, თავის განცადებაში, „ტექნიკურ შეცდომას“ უწოდებს გამოქვეყნებულ გრაფიკას.
  • ბოდიშის მოხდასთან ერთად, ტელეკომპანიამ სიუჟეტი ყველა პლატფორმიდან წაშალა.

საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ირაკლი ჩიხლაძის განმარტება: „[სოციალურ ქსელში] რეაგირება რომ არ მოყოლოდა, მეც ვერ მივხვდებოდი სომხურად რა ეწერა. ბოდიში მოვიხადეთ, ავიღეთ ყველა საიტიდან“.

„იმედის“ გრაფიკოსის განმარტება: „გრაფიკა საძიებო სისტემიდან აღებული დეტალებით ავაწყეთ, “რძის ბოთლების ფოტოს დავაწერეთ ქართულად “მაცუნ” და ვიზუალურად გაფორმება გვინდოდა. ამიტომ „გუგლში“ მოვძებნე სომხური ტექსტი მაწონზე და გადმოვიტანე ის, რაც ყველაზე ხშირად შემხვდა. არც ვიცოდი შინაარსი, რას ნიშნავდა, რადგან სომხური ენაც არ ვიცი. ჩემი შეცდომაა.“

პრობლემური ფოტოს შესახებ ინფორმაციას 10 თებერვალს დილიდანვე ავრცელებდნენ სოციალური ქსელის მომხმარებლები და სხვადასხვა მედია.

კონტექსტი

  • სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი მთიანი ყარაბაღის გარშემო ათწლეულებია, გრძელდება.
  • 2020 წლის სრულმასშტაბიანი ომო ომი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა, სამშვიდობო მოლაპარაკებების მიუხედავად, მდგომარეობა ისევ დაძაბულია.

ყარაბაღის კონფლიქტზე ვრცლად:
ყარაბაღის კონფლიქტი - ომი და შედეგები - ნაწილი 1
ყარაბაღის კონფლიქტი - როგორ შეიცვლება სამხრეთ კავკასია?

  • საქართველო ამ კონფლიქტში, ოფიციალურად, ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ ჩართულია მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესის ნაწილში.
  • რადგან ყარაბაღის პოლიტიკური სტატუსი ჯერ კიდევ გაურკვეველია, საკითხის სიმძიმიდან და სენსიტიურობიდან გამომდინარე, ნებისმიერი გადაცდომა შესაძლოა სპეკულაციის საგანი გახდეს.
  • კონფლიქტური რეგიონების და მათ ირგვლივ განვითარებული მოვლენების გაშუქებისას, მედიის წარმომადგენლებს მნიშვნელოვანი როლი ენიჭებათ და განსაკუთრებული ყურადღება მართებთ.
კატეგორია - ეთიკა
ოპოზიციური ტელევიზიები და ონლაინ მედია მთავრობის წევრებისადმი უფასოდ გადაცემულ მიწებზე საუბრობენ - „ტვ იმედი“ „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელ კორუფციას იხსენებს.


ბოლო ორი კვირაა, ოპოზიციურ მედიაში ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა „ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში თანამდებობის პირების ოჯახის წევრებისთვის გადაცემული უძრავი ქონებაა.

6 თებერვლის კვირის შემაჯამებელ გადაცემაში ტელეკომპანია “იმედი” ქართული ოცნების” მმართველობისას თანამდებობის პირებისთვის გადაცემული ქონებით არ დაინტერესებულა, სამაგიეროდ, 12 წუთზე მეტი დრო დაუთმო მიხეილ სააკაშვილის ქონებაზე საუბარს.


კონტექსტი

  • 22 იანვარს “ტვ პირველმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაკურიანში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 6 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობის ტყე 49 წლით სარგებლობის უფლებით პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ცოლს, ნუნუ თამაზაშვილს გადაეცა.
  • ამავე დღეს „ფორმულმ” მოამზდა სიუჟეტი, როგორ მიჰყიდა თბილისის მერიამ თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის დედის კომპანიას კიკეთში 35 ათასი კვადრატული მეტრი მიწა და 6 შენობა საბაზრო ფასზე თითქმის 60%-ით იაფად.
  • 28 იანვარს ნეტგაზეთმა დაწერა, თბილისის ყოფილი მერის და სემეკის მოქმედი თავმჯდომარის, დავით ნარმანიას ცოლის კომპანიისთვის საბადურის ტყეში 40 წლით გადაცემული 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთის და შეუსრულებელი ვალდებულებების შესახებ.
  • 4 თებერვალს კი, “ტვ პირველმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახელმწიფომ, რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ რობერტ სტურუას სიმბოლურ ფასად გადასაცა 1500 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი ლისის ტბის მიმდებარედ.


"იმედის" სიუჟეტი

სიუჟეტში, სახელწოდებით, “მოპარული მილიონების პრეზიდენტი” ტელეკომპანია „იმედი“ ჰყვება, თუ როგორ ფლანგავდა ბიუჯეტის ფულს მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტობის დროს და როგორ სარგებლობდა მისი ოჯახი მისი თანამდებობრივი მდგომარეობით.

სიუჟეტში მიმოიხილეს:

  • მიხეილ სააკაშვილისა და დედამისის, გიული ალასანიას უძრავი ქონება ყვარელში.
  • სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას მიერ ტექნიკური უნივერსიტეტის ქონების მითვისება.
  • “საქართველოს უნივერსიტეტი” და სხვა უძრავი ქონება, რასაც გიული ალასანია ფლობს.
  • მიხეილ სააკაშვილის ბიძის - თემურ ალასანიას ქონება.
  • მიხეილ სააკაშვილის უძრავი ქონება საქართველოსა და უკრაინაში.


რა პრობლემაა?

  • ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ტელეკომპანია “იმედი” საზოგადოების ყურადღების გადატანას „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში მომხდარ დანაშაულების გაშუქებით ცდილობს.
  • არხზე სისტემატური ხასიათი აქვს მსგავსი მეთოდებით “ქართული ოცნების” დანაშაულებების გადაფარვას და გამართლებას.
  • მაგალითად, ზუსტად ერთი კვირის წინ, ასეთივე პათოსით ცდილობდა “იმედი” პოლიციის მიერ არასრულწლოვანზე ძალადობის ფაქტის გადაფარვას.
  • არხი ცდილობს საზოგადოებაში შექმნას აზრი, თითქოს “ქართული ოცნების” ხელისუფლების დროს მომხდარი დანაშაულებები ერთეული, განყენებული პრობლემაა და არა სისტემური, ხოლო სისტემური დანაშაული მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ხდებოდა.
კატეგორია - ეთიკა

“Caliphate”, ანუ “ხალიფატი”, New York Times-ის 2018 წლის, 12-ეპიზოდიანი პოდკასების სერიაა, რომელიც წელს გამოაქვეყნა და რომელიც ისლამური სახელმწიფოს შიდა სამზარეულოს ყველაზე სასტიკ მხარეებს ახალგაზრდა, რადიკალიზებული კანადელის თვალით დაგვანახებს.

ამბავს გამოცდილი პულიცერის პრემიის ორგზის ნომინანტი ჟურნალისტი რუკმინი კალიმაჩი ყვება. კალიმაჩიმ მრავალი წელი იმუშავა კონფლიქტურ ზონებში და რედაქციის სპეციალური კორესპონდენტი იყო ტერორიზმის თემაზე. ის პოდკასტის წამყვანთან საუბრობს, როგორ გაიცნო კანადელი ახალგაზრდა “აბუ ჰუზაიფა ალ-კანადი”, რომელმაც ოცი წლის ასაკში თურქეთის გავლით გადავიდა სირიაში გადავიდა, „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა ადამიანების წამებასა და მკვლელობაში მიიღო მონაწილეობა. ბოლოს კი, სინანულით შეპყრობილმა, დატოვა სირია და კანადაში დაბრუნდა.

პოდკასტი მოისმინეთ აქ:



პოდკასტის 7 ეპიზოდში აბუ ჰუზაიფა დეტალურად ამხელს, როგორ მუშაობს ისლამური სახელმწიფოს პროპაგანდა, რა გზას გაივლიან პოტენციური მებრძოლები კომპიუტერის ეკრანიდან ბრძოლის ველამდე და როგორ მუშაობს ტერორისტული ორგანიზაციის ბიუროკრატია.

გულის ამაჩუყებელია იდეოლოგიის მარწუხებში გახლართული ბიჭის ამბავიც, რომელიც ცხოვრების ბოლომდე ინანებს ჩადენილს და სურს, თავისი ამბის მოყოლით ოდნავ მაინც შეიმსუბუქოს დანაშაულის ტვირთი.

მოკლედ, ამბავს არც ინფორმაციულობა აკლია და არც დრამატურგია და, რა გასაკვირია, პოდკასტს ათასობით მსმენელი ყავდა და პრესტიჟული ჯილდო, Peabody Award-იც ერგო.

თუმცა, ამ პოდკასტს მხოლოდ ერთი ნაკლი აღმოაჩნდა - მისმა მთავარმა გმირმა ამბის უდიდესი ნაწილი გამოიგონა.



როგორ მოხდა, რომ მსოფლიოს წამყვანი მედია ორგანიზაცია მოტყუვდა და უამრავი მსმენელი შეცდომაში შეიყვანა?

ალბათ, აჯობებს ეს ამბავი რუკმინი კალიმაჩიდან დავიწყოთ. კალიმაჩი ველზე წლების განმავლობაში მუშაობდა და სახელი გაითქვა, როცა სირიაში, 2016 წელს „ისლამური სახელმწიფოსგან გათავისუფლებულ ქალაქებში ერაყელ კოლეგებთან ერთად შეაგროვა ტერორისტული ორგანიზაციის მიერ დატოვებული, 15 000-ზე მეტი საბუთი.

ეს საბუთები იმდენად მნიშვნელოვანი გამოდგა, რომ ახლა საჯაროდაც არის ხელმისაწვდომი. ამ სამუშაოსთვის „ნიუ იორკ თაიმისის გუნდმა პულიცერის პრემიაც მიიღო, კალიმაჩის კი ტერორიზმს დაპირისპირებული, მამაცი ჟურნალისტის რეპუტაცია ჩამოუყალიბდა.

ასეთია კალიმაჩი პოდკასტის პირველ ეპიზოდებშიც - ის თამამად აღწერს თავის სამუშაო მეთოდებს და ყვება, როგორ სძულთ ის ისლამურ სახელმწიფოში და როგორ შეურაცხყოფს პირადად მას, ტერორისტული პროპაგანდა. ფაქტია, ამ ავტორს ენდობა რედაქციაც და მკითხველიც.

კალიმაჩიმ კანადელი „აბუ ჰუზაიფა“ ერთ-ერთი მკვლევარის მინიშნებით, ინსტაგრამზე აღმოაჩინა, სადაც ის სირიაში ყოფნის დროს გადაღებულ ფოტოებსა და იარაღის სურათებს აზიარებდა. ჟურნალისტმა ეს ინფორმაცია NYT-ს საგამომძიებო გუნდს გადასცა, მათ კი ჰუზაიფას LinkedIn-ის საშუალებით მისი საკონტაქტო მონაცემები მოიპოვეს. და როდესაც მას დაუკავშირდა, ჟურნალისტის გასაკვირად, ახალგაზრდა კაცი, ანონიმურობის პირობით, ინტერვიუზე დათანხმდა.

რუკმინი კალიმაჩი მას კანადაში, სასტუმროს ოთახში შეხვდა, სადაც “ხალიფატის” ეპიზოდების ძირითადი ნაწილიც ჩაიწერა. პოდკასტის დასაწყისში კალიმაჩი ამბობს, იმდენად მარტივად მოხდა ყველაფერი, ვერ ვიჯერებდი, რომ შეიძლება სიმართლე ყოფილიყოო. მაგრამ „აბუ ჰუზაიფას“ მონათხრობში იმდენი დეტალი იყო, და “მისი ქცევის მახასიათებლები იმდენად ჰგავდა ისლამური სახელმწიფოს წევრის ქცევას”, რომ ჟურნალისტი რესპონდენტს ენდო.

პოდკასტის მეექვსე ეპიზოდში კი ვიგებთ, რომ აბუ ჰუზაიფას მონათხრობში რამდენიმე შეუსაბამობაა:

  • მაგალითად, ის ყვება რომ სირიაში ხალიფატის გამოცხადების დღეს იმყოფებოდა. NYT-ს გუნდმა კი აღმოაჩინა, რომ ამ დროს პაკისტანში იყო, სადაც უნივერსიტეტში სწავლობდა.
  • პაკისტანში მყოფმა კორესპონდენტმა გაარკვია, რომ აბუ ჰუზაიფა უნივერსიტეტს ხშირად აცდენდა, რაც პატარა ფანჯარას აძლევდა იმისთვის, რომ თურქეთში ჩასვლა, იქიდან კი სირიაში გადასვლა მოესწრო.
  • მაგრამ მის პასპორტში არსად იყო თურქეთის შტამპი, ამიტომ იქ ყალბი დოკუმენტით უნდა ჩასულიყო.

კალიმაჩიმ ჰკითხა ჰუზაიფას, რატომ მოატყუა, მან კი თავი იმით იმართლა - არ მინდოდა, ხალხს გაეგო, სირიაში ხალიფატის გამოცხადების შემდეგ, სრულიად გააზრებულად ჩავედიო.

პოდკასტის ამ მონაკვეთში ჟურნალისტი ყვება, რომ ერთადერთი გზა, რესპონდენტის სიმართლეში დასარწმუნებლად ერთადერთი გზა იქნებოდა, მოეძებნა ადამიანი, ვინც მის სირიაში ყოფნას დაადასტურებდა.

ჟურნალისტებმა მოახერხეს რომ ჰუზაიფას ფოტოები ეჩვენებინათ ისლამური სახელმწიფოს ჩინოვნიკისთვის. მან ჰუზაიფა გაიხსენა და თქვა, რომ მან ტერორისტულ ორგანიზაციაში ცოტა ხანს დაჰყო, შემდეგ კი გაქრა.

ეპიზოდის ბოლოს რუკმინი კალიმაჩი ფაქტობრივად ამბობს - სანამ ამ ინფორმაციას არ დავადასტურებ, ამბავს არც უარვყოფ და არც ვამტკიცებო.

პოდკასტში მოთხრობილია ისიც, რომ აბუ ჰუზაიფას ამბით პოლიციაც დაინტერესდა. როგორც აღმოჩნდა, ინტერვიუს ჩაწერის მომენტისთვის, მასზე გამოძიება უკვე დაწყებული იყო.

პოდკასტის გამოსვლის შემდეგ, კანადის ხელისუფლებას მიმართა კონსერვატიული პარტიის ლიდერმა კანდის ბერგენმა, მოთხოვნით, დაეკავებინათ ისლამური სახელმწიფოს წევრი, რომელიც მათ მიწაზე თავისუფლად ცხოვრობდა.

პოდკასტის გამოსვლიდან ორი წლის შემდეგ კანადის პოლიციამ დააკავა შეჰროზ ჩაუდრი, მეტსახელად „აბუ ჰუზაიფა“ და ის ტერორისტულ ფალსიფიკაციაში დაადანაშაულა. კანადურმა დაზვერვამ თითქმის ოთხწლიანი მუშაობის შემდეგ დაადგინა, რომ ბრალდებული სირიაში არასდროს ყოფილა.

ამის შემდეგ ნიუ იორკ ტაიმსის გუნდმა კიდევ ერთხელ გადახედა მტკიცებულებებს, და აღმოაჩინა შეჰროზ ჩაუდჰრის „სირიაში გადაღებული“ სულ მცირე ერთი ფოტო, სინამდვილეში, ფოტოების ღია პლატფორმა, Getty Images-დან იყო აღებული. სხვები კი რამდენიმე წლით ადრე, ტვიტერზე იდო.

გარდა ამისა, გაჩნდა კითხვა, სულ რამდენიმე კვირაში რამდენად შეძლებდა ახლად გაწევრიანებულ ადამიანს, ისლამურ სახელმწიფოში ტრენინგიც გაევლო, "პოლიციაში" მსახურობაც დაეწყო და ადამიანის მკვლელობაშიც მიეღო მონაწილეობა?

მოკლედ, რედაქციას ნამდვილი განსაცდელი დაუდგა.

მთავარმა რედაქტორმა, დინ ბაკეტმა წერილიც გამოაქვეყნა, სადაც გამოაცხადა რომ “ხალიფატის” ეპიზოდები ვერ აკმაყოფილებს Times-ის სიზუსტის სტანდარტებს, რომ პროექტში თავიდანვე გამოცდილი რედაქტორი უნდა ჩართულიყო და რომ პროექტზე მომუშავე გუნდი ზედმეტად მზად იყო, დაეჯერებინათ ის, რაც სურდათ.

მან ისიც აღნიშნა რომ მთელი პოდკასტის თხრობა ერთ, ცენტრალურ გმირს არ უნდა წაეყვანა. რუკმინი კალიმაჩიმ ტვიტერზე დაწერა, რომ გმირი ტყუილის მხოლოდ ნაწილზე გამოიჭირა. მსმენელს ბოდიში მოუხადა და დაჰპირდა, რომ მომავალში უკეთ იმუშავებდა. ჩაიწერა პოდკასტის ერთი დამატებითი ეპიზოდიც.



NYT-მ პოდკასტის ჯილდოები დააბრუნა, ხოლო რუკმინი კალიმაჩი ტერორიზმის კორესპონდენტის პოზიციიდან მოხსნა. ჟურნალისტი ახლაც ნიუ იორკ ტაიმსში მუშაობს, ბოლო წლის განმავლობაში მან სტატიები ძირითადად, ამერიკულ კოლეჯებს მიუძღვნა.

მიუხედავად იმისა, რომ “ხალიფატის” დიდი ნაწილი სიცრუეა, რედაქციამ ის ღია წვდომაში დატოვა, რაც ალბათ, სწორი გადაწყვეტილებაცაა. ეს საკუთარი შეცდომის აღიარებაც არის და შესაძლებლობა აუდიტორიისთვის, დაინახოს, როგორ შეიძლება მოტყუვდეს გამოცდილი ჟურნალიც კი, “ზედმეტად კარგი” ამბით.

ამ პოდკასტის მოსმენა ნამდვილად ღირს - ის ალბათ პირველ რიგში იმას გვასწავლის, რაც უფრო მომხიბვლელ და ექსკლუზიურ წყაროს მივაგნებთ, მით უფრო ეჭვქვეშ უნდა დავაყენოთ იგი. და იმასაც, რომ ერთი ადამიანის მონათხრობზე აგებული ამბავი ჟურნალისტისთვის პოტენციური ნაღმია.
კატეგორია - ეთიკა
პოლიციელმა ადამიანზე იძალადა. სახელისუფლებო მედიამ კი ამბის სიღრმისეული გაშუქების ნაცვლად, ყურადღება „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს მომხდარ სისტემურ დანაშაულზე გადაიტანა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხარდამჭერი კამპანია დაიწყო.



25 იანვარს ფეისბუქის მომხმარებელმა სპარტაკ პოლეიანმა პირად გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო, თუ როგორ ეხმარება პოლიციელი კიკვიძის ბაღთან შშმ პირს, რომელიც შეუძლოდ გახდა. „მსგავს შემთხვევას არაერთხელ შესწრებივართო“ წერდნენ სხვა მომხმარებლები კომენტარებში - „პოლიციელი გმირია“ და “კარგი ამბებიც ხდება და ტელევიზიები უფრო ცუდ ამბებს იტაცებენო“.

ამ ამბავს წინ უძღოდა მედიით 24 იანვარს გავრცელებული ვიდეო,  სადაც ჩანს, რომ 17 წლის სმენადაქვეითებულ ბიჭს პოლიციელი სცემს. კადრების გავრცელებისთანავე, სხვადასხვა არასამთავრობო და პოლიტიკურმა ორგანიზაციამ საპროტესტო აქციებიც გამართა. 25 იანვარს კი დააკავეს ორი პოლიციელი, რომლებიც გავრცელებულ კადრებში ფიგურირებდნენ.

კადრების გავრცელებისთანავე ეს თემა მედიაში მთავარი განსახილველი საკითხი გახდა.

ამბავს აშუქებდნენ ხელისუფლებისადმი მიკერძოებული მედიაც, თუმცა პარალელურად, ცდილობდნენ, აუდიტორიის ყურადღება მიემართათ არა მომხდარი დანაშაულის, არამედ იმ ადამიანების დისკრედიტაციისკენ, ვინც ამ ამბავს აპროტესტებდა:

მსგავსი გაშუქებით, სამთავრობო ტელევიზიები და ვებგვერდები ცდილობდნენ დანაშულიდან აქცენტის გადატანას პოლიტიკური პარტიის პასუხისმგებლობაზე, რომელიც 13 წელია ხელისუფლებაში აღარ არის.

ძალადობას ვგმობთ, მაგრამ, შეუძლებელია, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების პროტესტი სამართლიანი იყოსო - ასეთი პათოსით საუბრობდა „პოსტვ-ის“ ერთ-ერთი წამყვანი 25 იანვარს გამოქვეყნებულ ვიდეოში და პარალელს ავლებდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნაცისტების ლუსტრაციაზე.

მომხდარიდან ერთი კვირის შემდეგ, 30 იანვარს, ტელეკომპანია “იმედი” იმდენად შორს წავიდა, რომ კვირის შემაჯამებელ გადაცემაში ვრცელი სიუჟეტი მოამზადა სახელწოდებით „როცა სისტემა კლავდა“. სიუჟეტში აღწერილი იყო ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს ჩადენილი სისტემური დანაშაული. „იმედმა“, მეტი სიმძაფრისთვის, ერთ-ერთი დაზარალებული მშობელი, გარდაცვლილი შვილის საფლავთანაც კი ჩაწერა.

მსგავსი გაშუქების მხარდამხარ, გააქტიურდნენ ხელისუფლების მხარდამჭერი ფეისბუკ გვერდები და ჯგუფებიც, მაგალითად, “საქართველო”, “უნივერსუმი”, “პოლიციელი გმირია”. ისინი მთელი კვირის განმავლობაში აქვეყნებდნენ პოლიციელებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდამჭერ პოსტებს.

მთელი ამ კამპანიით, სახელისუფლებო მედია ცდილობდა, ყურადღება გადაეტანა რეალური დანაშაულისგან და ამბავი შეეფუთათ ისე, თითქოს ეს განყენებული პრობლემაა და არა სისტემური, სიტუაციას მხოლოდ ოპოზიცია ამწვავებს და სისტემური დანაშაულებები მხოლოდ სააკაშვილის მმართველობის დროს ხდებოდა. მოქალაქეების, აქტივისტების თუ პოლიტიკოსების პროტესტი კი სპეკულაციაა „ქვეყანაში არეულობების მოსაწყობად“.
კატეგორია - ეთიკა
19 იანვარს “რუსთავი2-ის” გადაცემა “ღამის კურიერში” ინტერვიუ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძესთან, სრულიად დაცლილი იყო კრიტიკისგან.

ინტერვიუს გადაცემის წამყვანი დავით კაკულია უძღვებოდა, რომელიც 45 წუთის განმავლობაში რესპონდენტს სიღრმისეულ მსჯელობაში არცერთხელ შეჰყოლია, პოლემიკაში არ შესულა და არ უცდია მისთვის ოპონირების გაწევა.

ზედაპირული კითხვები და პასუხები

გადაცემის წამყვანმა ინტერვიუს დასაწყისშივე ირაკლი კობახიძე წარადგინა, როგორც „მმართველი გუნდის გავლენიანი და მნიშვნელოვანი ფიგურა“ და თქვა, რომ მაყურებელი მისგან “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციაზე ყოფნის 1 წლის თავზე, გუნდის მიღწევებსა და შეცდომებზე პასუხებს მოისმენდა.

წამყვანის ირაკლი კობახიძეს ასეთ კითხვებს უსვამდა:

  • “ქვეყანას ჰყავს ღირსეული პრემიერი, ღირსეული პარლამენტის თავმჯდომარე, ღირსეული დედაქალაქის მერი და მმართველი გუნდი ერთიანია, როგორც არასდროს” - რის თქმა გსურდათ, როდესაც წერდით ამას? ანუ საკადრო ცვლილებები მთავრობაში, მმართველ გუნდში, მმართველ რგოლებში გამორიცხულია?”
  • „რას თვლის პარტიის თავმჯდომარე ყველაზე დიდ შეცდომად ბოლო ერთი წლის განმავლობაში?”
  • „სასამართლო, რომელიც არის მუდმივად კრიტიკის ობიექტი, როგორც ოპონენტების მხრიდან, ისე პარტნიორებს არაერთი განცხადება გაუკეთებიათ. თექვენ, როგორც პარტიის თავმჯდომარე, თქვენი შეფასება არის საინტერესო, როგორ თვლით, დღეს როგორი სასამართლო აქვს ქვეყანას?

თუმცა, მაგალითად, როდესაც ირაკლი კობახიძე „უპრეცენდენტო ეკონომიკურ ზრდაზე სასამართლოში პროგრესზე, ქვეყანაში გაუმჯობესებულ მდგომარეობაზე თუ ხელოვნურად შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე“ საუბრობდა, წამყვანი არ ეკითხებოდა მას კონკრეტულ მაგალითებზე. დავით კაკულია არც მაშინ შესულა რესპონდენტთან პოლემიკაში, როდესაც ის ხელისუფლების მიმართ ყოველგვარ კრიტიკას უსაფუძვლოს უწოდებდა და ყველანაირ პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებდა.

საბოლოოდ კი, მთელი ინტერვიუს განმავლობაში რესპონდენტი ფაქტობრივად, მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური გუნდის წარმატებებზე საუბრობდა.

ფორმალური კრიტიკა

ჟურნალისტი პერიოდულად ცდილობდა, მეტ-ნაკლებად კრიტიკული კითხვაც დაესვა, თუმცა, როდესაც რესპონდენტი პასუხს თავს არიდებდა ან არა რელევანტური არგუმენტები მოჰყავდა, წამყვანი მას არ უწევდა ოპონირებას, არ სვამდა შემხვედრ შეკითხვებს.

დამაზუსტებელი კითხვის დასმის ნაცვლად, წამყვანი უმეტესად, თემას ცვლიდა და სხვა საკითხზე გადადიოდა. მაგალითად მაშინ, როდესაც მისი კითხვა ეხებოდა ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხს 5 ივლისს მოვლენებზე:

“შეცდომებს რომ დავუბრუნდეთ, ყველაზე მეტად რაზეც შეიძლება გული გწყდებოდეთ, რომ შეიძლება ამ საკითხის სხვანაირად გადაწყვეტა, მაგრამ ვერ მოხდა იმ პერიოდში” – ჰკითხა რესპონდენტს დავით კაკულიამ, რაზეც კობახიძემ უპასუხა, რომ ვერ გამოყოფდა ისეთ თემას, სადაც რაიმე პრინციპული შეცდომა დაუშვიათ.

“5 ივლისი, მაგალითად, როდესაც სახელმწიფომ ვერ დაიცვა მედია და მოქალაქეები” - შეაწყვეტინა წამყვანმა.

ირაკლი კობახიძემ 5 ივლისზე თავიდან მწუხარება გამოთქვა და თქვა, რომ მათთვის ეს „მტკივნეული დღე იყო”, შემდეგ წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობა და 7 ნოემბერი შეახსენა მაყურებელს, ბოლოს კი აღნიშნა, რომ „ობიექტური მიზეზები ჰქონდა იმას, რომ “თავიდან ვერ იქნა აცილებული ძალადობა”, რადგან „ყველაფერი სპონტანურად განვითარდა“.

ამის შემდეგ წამყვანმა აღნიშნა, რომ ლექსო ლაშქარავა იუნესკომ მოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეიყვანა. რაზეც კობახიძემ გადაჭრით თქვა, რომ ეს “ფეიკ ნიუსია” და სამწუხაროა, რომ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებშიც ხვდება ხოლმე ასეთი „ფეიკ ნიუსები”.

წამყვანმა უაპელაციოდ დატოვა ირაკლი კობახიძის ნათქვამი და სასაუბრო თემა შეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ UNESCO-ს გარდა, ლექსო ლაშქარავა 2021 წელს მოკლულ ჟურნალისტთა სიაში მედიის თემებზე მომუშავე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმაც შეიყვანეს, მაგალითად: „რეპორტიორებმა საზღვრებს გარეშე“ (RSF), ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციამ (IFJ) და „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა“ (CPJ).

კონტექსტი

მიუხედავად იმისა, რომ გადაცემის წამყვანი, ზოგადი კითხვების დასმით, ქვეყანაში მიმდინარე ბევრ მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხს შეეხო, ის არ იყო კრიტიკული რესპონდენტის მიმართ და არ უცდია სიღრმისეული, ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდებინა აუდიტორიისთვის.

ტელევიზიებში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სტუმრობისას განსაკუთრებული საჯარო ინტერესია, იმ ფონზე, რომ მმართველი გუნდის წევრები უარს ამბობენ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ ტელევიზიებში მისვლაზე. შესაბამისად, ტელემაყურებელს ხელისუფლებისგან მნიშვნელოვან, კრიტიკულ კითხვებზე პასუხების მოსმენის საშუალება ხშირად არ ეძლევა.