სამთავრობო ტელეკომპანია „იმედი“ საინფორმაციო გამოშვებების
მაყურებელს არ აწვდის ინფორმაციას, რომ „ბათუმელებისა“ და
„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მე-17 დღეა
შიმშილობს.
ტელეკომპანია დროს არ უთმობს მზის ამაღლობელის მხარდამჭერ აქციებსაც, რომლებსაც მედიის წარმომადგენლები მისი გათავისუფლების მოთხოვნით, დაკავების დღიდან სხვადასხვა უწყებასთან მართავენ.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი დაკავების დღიდან რომ შიმშილობს, ცნობილი 20 იანვარს გახდა. ამ დღეს კი „ქრონიკამ“ მხოლოდ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ის განცხადება გაავრცელა, რომელშიც საუბარი აჭარის სამმართველოში მიმდინარე გამოძიებაზეა.
20 იანვრიდან გუშინდელ დღემდე „იმედის“ საინფორმაციო გამოშვებებში მზია ამაღლობელის შესახებ მასალა არ გასულა. 27 იანვარს კი „ქრონიკამ“ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ის განცხადება გაავრცელა, რომელშიც მზია ამაღლობელის შიმშილობა ნახსენები არ არის. ამ მასალის - „პასუხი დეზინფორმაციაზე“ მაყურებელმა სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის კომენტარიდან კი მხოლოდ ის მოისმინა, რომ „ის საკვებს არ იღებს 12 იანვრიდან“.
მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. ამაღლობელი პოლიციამ პირველად კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, მოგვიანებით ის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე, მეორედ ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სილის გაწნის გამო დააკავეს. მას აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობაა აქვს შეფარდებული.
მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. „ბათუმელების“ დირექტორს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ის დაკავების დღიდან შიმშილობს.