ეთიკა
კატეგორია - ეთიკა
საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ პანდემიისა და კოვიდ-19-ის შესახებ კონსპირაციული თეორიები გაჟღერდა.

გადაცემა ე.წ მწვანე პასპორტის წინააღმდეგ პროტესტს ეხებოდა, თუმცა დაახლოებით ერთსაათიანი ეთერი ძირითადად რესპონდენტების მხრიდან ვაქცინაციას საწინააღმდეგო მოსაზრებებსა და პანდემიის არსებობის ეჭვქვეშ დაყენებას დაეთმო.

კონტექსტი

„თავისუფალი ხედვის“ წამყვანმა შესავალშივე განმარტა, რომ თავდაპირველად გადაცემა მიწვეულ რესპონდენტებსა და „დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებთან“ დებატების ფორმატში იყო ჩაფიქრებული, თუმცა „დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან“ უარი მიიღეს:

„დღეს ვსაუბრობთ პანდემიაზე, კორონავირუსზე, თუმცა განსხვავებული პერსპექტივიდან. მას შემდეგ, რაც ვაქცინაციის პროცესი გააქტიურდა ამას თან მოჰყვა სავალდებულო ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა აქტიურობა. თუ რა პერსპექტივას, რა პროცესებს და ასე ვთქვათ რა გამოსავალს ხედავენ ისინი, რაში ხედავენ ისინი პრობლემას, ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ დღეს ჩვენს სტუმრებთან ერთად“

წამყვანის განმარტებით, ის ეცდებოდა ჩაენიშნა რესპონდენტების დასახელებული ყველა პრობლემური საკითხი და მომავალში „დაავადებათა კონტროლის ცენტრის“ წარმომადგენლებს აუცილებლად შესთავაზებდა ეთერს, რათა გადაცემაში რესპონდენტების მიერ გაჟღერებულ ბრალდებებისა და კითხვებისთვის ეპასუხათ.

კონსპირაციული თეორიები და ანტივაქსერული განწყობები

გადაცემა მთლიანად ორი სტუმრის: მიკრობიოლოგ ლევან ჩხიკვაძისა და სამხედრო ექიმის სტატუსით მიწვეული გიორგი ლილუაშვილის მოსაზრებებს დაეთმო.

რესპონდენტები ამბობდნენ, რომ საქართველოში პანდემიური სიტუაცია არ არის და უნდობლობას უცხადებდნენ კოვიდ-19-ის ოფიციალურ სტატისტიკას.

ერთ-ერთ რესპონდენტთან წამყვანის პირველი შეკითხვა სწორედ პანდემიის არსებობის საკითხს ეხებოდა. მაშინ, როდესაც „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ“ კორონავირუსის პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა და მსოფლიოში კოვიდ-19-ით 5 მილიონზე მეტი ადამიანია დაღუპული.

- გიორგი გვიმრაძე: ბატონო ლევან, მოდით ამ კითხვით დავიწყოთ თქვენთანაც, პანდემია და ეპიდემია გვაქვს თუ არ გვაქვს და რას უნდა დავეყრდნოთ, ამ შემთხვევაში არის თუ არა ეს ყველაფერი მხოლოდ სამართლებრივი კატეგორია ანუ ამას დოკუმენტის გამოქვეყნება სჭირდება თუ შეფასებაც საკმარისია?

- ლევან ჩხიკვაძე: მოდით, მე როგორც მიკრობიოლოგი ისე დაგელაპარაკებით, როგორც ბიოლოგიის მეცნიერებათა მაგისტრი.

- გიორგი გვიმრაძე: გისმენთ, ოღონდ მე გამიჭირდება გამოგყვეთ მაგაში ჩემი კომპეტენციიდან გამომდინარე.

გადაცემის სტუმრებმა არაერთი ბრალდება გააჟღერეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძისა და მისი მოადგილის პაატა იმნაძის მიმართ.

რესპონდენტები გადაცემაში საუბრობდნენ „გაბერილ სტატისტიკაზე“, კოვიდ-19-ის დასადგენად პისიარ ტესტების „უფუნქციობაზე“ და მისი შემქმნელის პანდემიამდე გარდაცვალებაზე, რაც „კითხვის ნიშანს აჩენს“. გადაცემის სტუმრები ამბობდნენ, რომ პირბადე ადამიანს ვირუსისგან არ იცავს, კოვიდ-19 ბიოლოგიური იარაღია და რომ „იძულება მიმდინარეობს ბავშვები აცრან“, რაზეც წამყვანს ხაზგასმით არ უთქვამს, რომ საქართველოში ვაქცინაცია სავალდებულო არ არის. „თავისუფალი ხედვის“ სტუმრები ე.წ მწვანე პასპორტებს ეწინააღმდეგებოდნენ და ვაქცინაციის შეჩერებას ითხოვდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ გადაცემის მიმდინარეობისას წამყვანი რესპონდენტებთან ოპონირებას ცდილობდა, გადაცემის ბოლოს თავადვე აღნიშნა: „მე ვერ ვიქნები თქვენი ოპონენტი, ასე ცალმხრივად უბრალოდ შეუძლებელი ამაზე საუბარიო“.

კომენტარისთვის „თავისუფალი ხედვის“ წამყვანს გიორგი გვიმრაძეს დავუკავშირდით, თუმცა მან საუბარზე უარი გვითხრა.

ზიანი

„ეს გადაცემა, ალბათ, კონსპირაციული თეორიების მოყვარულ ძალიან ბევრ ადამიანს მოეწონებოდა იმიტომ, რომ ინფორმაცია, რომელსაც ეს ადამიანები აჟღერებდნენ იყო არაფერზე დაფუძნებული და უმეტესად ტყუილი, ჩვეულებრივი მითები, სადაც შეიძლება კონკრეტული ფაქტები იყოს მართალი, მაგრამ დანარჩენი მანიპულაციაა, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნადო“, - ამბობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი ზურაბ ალხანიშვილი.

მისი განმარტებით, ვაქცინის მოწინააღმდეგეების მუშაობის სქემის ნაწილია საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია, რომელშიც არის სიმართლის ელემენტები და დანარჩენი ყველაფერი, რასაც ამბობენ მათი ფანტაზიის ნაყოფია. დეზინფორმაცია კი ხშირად პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის სიცოცხლეზე. ქვეყანაში ვაქცინაციის დაბალი ტემპის ფონზე კი მედიის როლი მნიშვნელოვანია.

„მედიასაშუალებები თითოეულ სიტყვასა და რესპონდენტს ასჯერ უნდა წონიდნენ, რომ მგრძნობიარე საზოგადოებას ეს ყველაფერი სწორად მიეწოდებოდეს. ასეთი ინფორმაციის გაშუქების დროს უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილები, იქვე უნდა გვქონდეს მტკიცე გარანტიები იმის, რომ მას დავუპირისპირებთ სამეცნიერო და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ინფორმაციას. თუ ეს ვერ ხდება ასეთ შემთხვევაში შეიძლება მივიღოთ ძალიან ცუდი შედეგი“, - ამბობს ზურაბ ალხანიშვილი.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის „ვაქცინაციის გაშუქების“ სახელმძღვანელო წესებში წერია, რომ ჟურნალისტებმა თავიდან უნდა აირიდონ ცრუ/ხელოვნური ბალანსი. ინფორმაციის ორივე მხარე მხოლოდ მაშინ უნდა გაშუქდეს, როცა განსხვავებული მოსაზრებები თანაბრად არგუმენტირებულია, და ეფუძნება ფაქტობრივ და სანდო ინფორმაციას.

ანტივაქსერული კამპანიის სიმძლავრიდან გამომდინარე კი მედიაში ანტივაქსერული განცხადებების რეკლამირების საფრთხეა. ამიტომ ვაქცინის მოწინააღმდეგეთა პოზიციების გაშუქებისას არსებობს ორი გზა: არ გავაშუქოთ ისინი, ან გაშუქების შემთხვევაში აღვნიშნოთ, რომ მოწოდება არის ანტივაქსერული, რასაც მედიასაშუალება არ იზიარებს.

„თავისუფალი ხედვის“ 16 ნოემბრის გადაცემა ამ მასალის გამოქვეყნების მომენტისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ არცერთ ონლაინ პლატფორმაზე არ არის ატვირთული.
კატეგორია - ეთიკა
ტელეკომპანია “იმედმა” და “პოსტვ-მ” 10 ნოემბრის ღამეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მანიპულაციურად გააშუქეს და მაყურებლის შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია მიაწოდეს.

რა წერია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში

10 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ - საქმეზე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ”, დროებითი ღონისძიების შესახებ სააკაშვილის ადვოკატების მოთხოვნა მიიღო და იმავე დღეს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ წერილობით აცნობა.

სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოგზავნილ გადაწყვეტილებაში წერია, რომ მთავრობამ 24 ნოემბრამდე უნდა მიაწოდოს ინფორმაცია სასამართლოს, მომჩივნის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მისთვის ციხის საავადმყოფოში გაწერილი სამედიცინო მკურნალობის შესახებ.

ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მომჩივნის უსაფრთხოება ციხეში და შესაბამისი სამედიცინო დახმარება შიმშილობის შემდგომი გამოჯანმრთელების პერიოდისთვის.

სასამართლომ “მხარეთა ინტერესებისა და სასამართლო წარმოების სათანადოდ წარმართვის მიზნით, გადაწყვიტა დაჟინებით სთხოვოს განმცხადებელს (მიხეილ სააკაშვილს) შიმშილობის შეწყვეტა”.

რა თქვა იუსტიციის მინისტრმა

სტრასბურგის გადაწყვეტილება, დროებითი ღონისძიების შესახებ, გვიან ღამით მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ სპეციალურად გამართულ ბრიფინზე გაასაჯაროა.

პარალელურად, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ფეისბუქის პირად გვერდზე გამოაქვეყნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ფოტოასლი და დაწერა, რომ “სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და მოსთხოვა შიმშილობის შეწყვეტა”.



შემდეგ კი ტექსტი განავრცო და დაწერა, რომ სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივანის მოთხოვნა მრავალპროფილიან სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე და სააკაშვილს დაჟინებით მოუწოდა შიმშილობის შეწყვეტა.

როგორ გააშუქეს “იმედმა” და “პოსტვ-მ”

იმ დროს, როდესაც სტრასბურგის გადაწყვეტილების შესახებ გახდა ცნობილი, “იმედის” ეთერში გადაცემა “იმედი LIVE” გადიოდა. გადაცემის წამყვანებმა - მაგდა ანიკაშვილმა და გიორგი ფუტკარაძემ, მაყურებლის შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია მიაწოდეს.

ორივე წამყვანი მხოლოდ რატი ბრეგაძის ფეისბუქ პოსტს ეყრდნობოდა და მისივე ინტერპერტაციას ახმოვანებდა. მაგდა ანიკაშვილმა მაყურებელს უთხრა, თითქოს, “უმაღლესი ინსტანციის სასამართლო ამბობს, რომ სააკაშვილის მოთხოვნა, კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით, არ არის სამართლიანი”.

ამასთანავე, წამყვანები ამტკიცებდნენ, რომ სასამართლომ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა, რაც სტრასბურგის სასამართლოს წერილის არასწორი ინტერპრეტაციაა.




“პოსტვ-მ” სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია 11 ნოემბერს, დილის საინფორმაციო გამოშვებაში გააშუქა. წამყვანმა გამოშვება დაიწყო ტექსტით, “ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უარი მიხეილ სააკაშვილს.” წამყვანი საუბრობდა იმაზეც, თითქოს “სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის მოთხოვნა კერძო კლინიკაში გადაყვანაზე სასამართლომ არ დააკმაყოფილა და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა.

“იმედის” მსგავსად, “პოსტვ-ც” მხოლოდ რატი ბრეგაძის განცხადებას დაეყრდნო.

კონტექსტი

8 ნოემბერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 41 დღეა შიმშილობს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პენიტენციური სამსახურის მე-18 სამედიცინო დაწესებულება სრულად არ შეესაბამება ექიმთა კონსილიუმის რეკომენდაციებს და არსებობს რისკები ექსპრეზიდენტის უსაფრთხოებაზე. სააკაშივლის ადვოკატები და ექიმი კი მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.
კატეგორია - ეთიკა
ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტში ჩანს ციხის იმ თანამშრომლის შვილი, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, გლდანის ციხეში მიხეილ სააკაშვილს დაემუქრა.

კონტექსტი

9 ნოემბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიგი უგულავამ საჯარო გამოსვლისას თქვა: „აი ამ ნაგვის, ვინც ხელი აღმართა პრეზიდენტზე, უნდა იცოდეს მისი შვილის მეგობრებმა და კლასელებმა, რომ მამა ჰყავს ჯალათი.“

გიგი უგულავა გულისხმობდა იმ ციხის საავადმყოფოს ერთ-ერთ წარმომადგენელს, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი 8 ნოემბერს გადაიყვანეს. მესამე პრეზიდენტის წერილის თანახმად, მაშინ ციხის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა უთხრა: "აჰა, ჩიტო, ხო ჩაგიგდეთ ხელში" და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

მალევე მედიამ გაარკვია, რომ პენიტენციური დაწესებულების ეს წარმომადგენელი გლდანის ციხის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირია, რომელიც წლების წინ სამართალდამცავ უწყებაში მუშაობდა და ქრთამის აღების გამო დააკავეს, სამი წლის შემდეგ კი ამნისტიით გათავისუფლდა.

რა მოხდა?

სიუჟეტში, რომელიც ეთერში საღამოს, პარლამენტთან მიმდინარე აქციის პარალელურად, გიგი უგულავას გამოსვლიდან დაახლოებით 20 წუთში გავიდა ტელეკომპანია „პირველის“ გადამღები ჯგუფი ციხის თანამშრომლის მიმართ ბრალდებებზე პასუხის გასაგებად მის საცხოვრებელ ბინასთან მივიდა და მისი შვილი ჩაწერა. სიუჟეტში ჩანს, გოგო, რომელიც ნახევრად გაღებულ კარში ჟურნალისტის შეკითხვებს პასუხობს, მასალაში ნახსენებია ქუჩა და ჩანს ბინის ნომერი.

რა ზიანი შესაძლოა მიადგეს ციხის თანამშრომლის შვილს?

ორგანიზაციის, "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" აღმასრულებელი დირექტორი ანა არგანაშვილი გვეუბნება, რომ ასეთი განცხადებისა და გაშუქების შედეგად საფრთხეები მწვავეა, რაც ფსიქოლოგიურ სტრესში გამოიხატება.

„რა თქმა უნდა, ბავშვს აქვს კითხვა: მე რა შუაში ვარ ამ ყველაფერში? და ბავშვი არაფერ შუაში არ არის. შემდგომი საფრთხეა ის, რომ მას დააკავშირებენ ისეთ მოვლენასთან, რასთანაც მას კავშირი საერთოდ არ აქვს და არც პასუხისმგებელია. ამის გამო შეიძლება სერიოზული ბულინგის მსხვერპლი გახდეს და ყველა მიკროსოციუმში, მათ შორის სკოლაში სირთულეები შეექმნას.“, - ამბობს არგანაშვილი.

უფლებადამცველი მიყენებული ზიანის ხანგრძილვ ეფექტზეც საუბრობს, რაც ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობაზე იქონიებს გავლენას. ამ ყველაფერში კი მედიის პასუხისმგებლობასაც ხედავს:

„მედია უნდა ყოფილიყო უფრო დაკვირვებით და ჩვენ არ უნდა გვიწევდეს რეაგირება. პასუხისმგებლობას, სამწუხაროდ, იზიარებს მედიაც და, სხვათაშორის, სასამართლო გადაწყვეტილებებიც არსებობს იმაზე, რომ ასეთ საქმეებში ბავშვები არაფერ შუაშია. ვისი შვილიც არ უნდა იყოს, ვერანაირი საჯარო ინტერესი ვერ გადაწონის ბავშვის ინტერესის დარღვევას.“

საჯარო ინტერესი და პირადი ცხოვრება

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-10 პრინციპის თანახმად, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი.

ამგვარი ინტერესის გარეშე კი არა მხოლოდ კერძო პირის, არამედ საჯარო პირის პირად ცხოვრებაში შეჭრაც არაეთიკურია.

საზოგადოებრივი ინტერესისა და ცნობისმოყვარეობის გასამიჯნად უნივერსალური ფორმულა არ არსებობს, ამიტომაც თითოეულ შემთხვევაზე მსჯელობაა საჭირო.

ვრცელი სტატია ამ თემაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: სად გადის ზღვარი საზოგადოებრივ ინტერესსა და ცნობისმოყვარეობას შორის?

სახალხო დამცველის განცხადება და უგულავას ბოდიში

გიგი უგულავას განცხადების საპასუხოდ სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ვკითხულობთ, რომ პოლიტიკური დაპირისპირების იარაღად ბავშვების, მათი პირადი ცხოვრებისა და ოჯახური სტატუსის გამოყენება დაუშვებელია და „ ბავშვები დაცული უნდა იყვნენ ნებისმიერი ფორმის ფსიქო-ემოციური ძალადობისგან და ამის გათვალისწინების ვალდებულება, უპირველესად, სწორედ საჯარო პირებს აკისრიათ.“

გიგი უგულავამ განცხადების გამო ბოდიში მოიხადა, თუმცა ანა არგანაშვილი ამბობს, რომ ციხის თანამშრომლის შვილის მიმართ საფრთხის რისკს მაინც ხედავს. “ბავშვს სჭირდება მხარდაჭერა და იმედი მაქვს, ოჯახის წევრები და შესაბამისი სერვისები დაეხმარებიან.“
კატეგორია - ეთიკა
31 ოქტომბერს ოპოზიციის აქცია ცენტრალური ტელევიზიების ერმა ნაწილმა მანიპულაციურად და პოლიტიკურად მიკერძოებულად გააშუქა. ნაწილმა კი მათთან შედარებით ობიექტურად, მშრალად ასახა პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენები.

რა მოხდა

ცესკოს მიერ არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ოპოზიციური პარტიების ნაწილმა არჩევნები “გაუქმებულად” გამოაცხადა და 19:00 საათზე პარლამენტთან აქცია გამართა.

რა აჩვენა 7 ცენტრალურ არხზე დაკვირვებამ?

„მედიაჩეკერი“ შვიდი მაუწყებლის გაშუქებას დააკვირდა: „ტვ პირველი“, „იმედი“, „პოსტვ“, „პირველი არხი“, „ფორმულა“, „მთავარი არხი“ და „რუსთავი 2“.

ჩამოთვლითაგან “რუსთავი 2” ერთადერთი ტელევიზია იყო, რომელმაც ოპოზიციის აქციას პირდაპირ ეთერში დრო საერთოდ არ დაუთმო.

დანარჩენი მაუწყებლებიდან ზოგი რუსთაველზე მიმდინარე პროცესებს საათების განმავლობაში უწყვეტად აშუქებდა, ზოგმა კი მხოლოდ აქციის დაწყების ან დასრულების შემდეგ ჩართო პირდაპირი ეთერი.

უმრავლესობის გაშუქებაში - ჟურნალისტების მანიპულაციური ტექსტებით, შერჩეული კადრებით, მთავარი აქცენტებით - კიდევ უფრო ცხადად გამოჩნდა მაუწყებლების პოლიტიკური მიკერძოება:

არხების ნაწილი მაყურებელს არწმუნებდა, რომ “ოლიგარქმა ქართველ ხალხს არჩევნები წაართვა და ოპოზიცია პარლამენტთან ამის გასაპროტესტებლად და სამოქმედო გეგმის წარსადგენად შეიკრიბა”. ნაწილი კი ამტკიცებდა, რომ „პოლიტიკურად გაბანკროტებული მელია მარცხს არ აღიარებს და ტრადიციულად ქუჩაში გავიდა”.

alt

დეტალურად

მთავარი არხი

ტელეკომპანია “მთავარმა არხმა” ოპოზიციის პროტესტის გაშუქებას ყველაზე მეტი დრო დაუთმო. 18:00 საათიდან დაიწყო პარლამენტთან მიმდინარე მოვლენების პირდაპირ ეთერში გადაცემა და დაახლოებით, 20:50-მდე უწყეტ რეჟიმში აშუქებდა მოვლენებს.

სანამ აქციაზე გამოსვლები დაიწყებოდა, არხი მაყურებელს ოპოზიციის წარმომადგენლების ჩართვებს სთავაზობდა.

ჟურნალისტი და მისი რესპონდენტები მტკიცებით ფორმაში ყვებოდნენ, “ოლიგარქის გუნდმა გაიფორმა გამარჯვება, რომელიც არ მოუპოვებიათო”. აქციის გაშუქებისას არხის მთავარი სათქმელი ის იყო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს წაართვა ნება, ოპოზიცია კი ამას აპროტესტებს და სამოქმედო გეგმას და სტრატეგიას წარადგენს”.

პირდაპირი ეთერის დასრულებიდან დაახლოებით 10 წუთში “მთავარი არხის” ეთერში გადაცემა “პოსტ ფაქტუმი” კვლავ რუსთავაელის გამზირიდან ჟურნალისტის ჩართვით განახლდა და არხმა თითქმის 15 წუთი ამავე თემას დაუთმო.

TV პირველი

პარლამენტის წინ დაგეგმილი აქციის გაშუქება “ტვ პირველმა” მთავარ არხზე ადრე - 17:00 საათიდან დაიწყო. პირდაპირ ეთერში პერიოდულად ერთვებოდნენ ჟურნალისტები და მაყურებელს ინფორმაციას აწვდიდნენ სამზადისის შესახებ. 18:12-დან კი არხი თითქმის ორსაათ-ნახევრის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში აშუქებდა აქციას.

არხი მაყურებელს პერიოდულად სთავაზობდა აქციის მონაწილეების, პოლიტიკოსების ჩართვებს.

სხვა მაუწყებლებისგან განსხვავებით, “ტვ პირველის” ჟურნალისტები განსაკუთრებულ ყურადღებას მიმდებარე ტერიტორიაზე ბევრი სამართალდამცავის მობილიზაციაზე ამახვილებდნენ.

ფორმულა

ტელეკომპანია “ფორმულამ” 18:40-დან დაიწყო აქციის გაშუქება, 19:00 საათიდან კი უწყვეტ რეჟიმში, ერთი საათის განმავლობაში აწვდიდა ინფორმაციას მაყურბელს იქ მიმდინარე მოვლენების შესახებ.

სამივე მაუწყებელი - “ფორმულა”, “ტვ პირველი”, “მთავარი არხი” - სხვადასხვა რაკურსით აჩვენებდნენ აქციაზე შეკრებილ ხალხს. თუმცა, საერთო სურათის უკეთ აღსაქმელად, არც ერთს არ უჩვენებია აერო გადაღების კადრები.

alt

პირველი არხი

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენების გაშუქება აქციამდე ერთი საათით ადრე დაიწყო. 18:00 საათიან “მოამბეში” რუსთაველიდან პირდაპირ ეთერში ჟურნალისტი ორჯერ ჩაერთო და დაგეგმილი აქციის შესახებ ისაუბრა.

19:25-დან კი “მოამბე” სპეციალური გამოშვებით შევიდა ეთერში და თითქმის 40 წუთის განმავლობაში პირდაპირ ეთერში გადასცემდა იქ მიმდინარე მოვლენებს. მაყურებელს ჰქონდა შესაძლებლობა, მოესმინა აქციის ორგანიზატორების სიტყვით გამოსვლები.

პირველი არხი სამი სხვადასხვა რაკურსიდან აშუქებდა მოვლენებს: მაუწყებლის ერთი კამერა უშუალოდ აქციაზე გამომსვლელებისკენ იყო მიმართული, მეორე - ქაშუეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან უყურებდა პარლამენტს, მესამე კი აერო გადაღების კადრებს აჩვენებდა. ამ სამი რაკურსიდან, მაყურებელს მხოლოდ აერო გადაღების კადრიდან შეეძლო ხალხის რაოდენობის დანახვა.

alt

იმედი

“იმედმა” 20:00 საათზე კვირის მთავარი საინფორმაციო გამოშვება პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენების გაშუქებით დაიწყო. ამ დროს აქცია უკვე დასრულებული იყო და ხალხი იშლებოდა.

“იმედმა” მაყურებელს მხოლოდ აერო გადაღების კადრები უჩვენა, საიდანაც ძირითადად პარლამენტთან მიმოფანტული ხალხი ჩანდა. ამ კადრების ფონზე კი, გადაცემის წამყვანი და ჟურნალისტი მაყურებელს არწმუნებდნენ, რომ „პოლიტიკურად გაბანკროტებულმა მელიამ ძლივს მოახერხა, ათასამდე კაცი მიეყვანა რუსთაველის გამზირზე, კახა კალაძემ კი ტრიუმფალურმა გამარჯვება მოიპოვა.”
alt

“ორგზის დამარცხებული ნიკა მელია, წაგების აღიარების ნაცვლად, არჩევნებს აცხადებს გაუქმებულად და ხალხს ქუჩაში იბარებს. თუმცა, როგორც ჩანს, ვერ შეკრიბა. მამულაშვილი ოპონენტების კაბინეტებიდან თმებით გამოყვანას აანონსებს. წითლიძე ზუგდიდის ქუჩებში დარბის და წაგებულის მოგებულად აღქმას ცდილობს. გვარამიძისთვის ისევ 2003 წელია და რევოლუციის სურვილით ქუჩაში გაჭრა სურს. ფორსირებულად შეკოწიწებული ე.წ. კოალიციაც კალაძის ტრიუმფალურმა გამარჯვებამ მარტივ მამრავლებად დაშალა. რეფერენდუმის მუქარა კი, ყოფილ სახელისუფლებო გუნდს ბუმერანგივით დაუბრუნდა” - ამ ტექსტით დაიწყო “იმედის კვირა” წამყვანმა.


პოსტვ

“ნაცები ქუჩაში გადიან. დესტრუქციული გეგმა და განცდილი მარცხის არაღიარება” - ასე დაიწყო ოპოზიციის აქციის გაშუქება 19:00 საათიან გამოშვებაში “პოსტვ-მ”.

“იმედის” მსგავსად, პოსტვ-იც აეროგადაღების კადრებს უჩვენებდა მაყურებელს, ჟურნალისტი კი მაყურებელს უყვებოდა, რომ აქციაზე ცოტა ხალხი იყო და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას, ძირითადად, პოლიციელები და ჟურნალისტები ავსებდნენ.

„ნაცები ფუნდამენტური დემოკრატიული უფლებების წინააღმდეგ. არჩევნების შედეგებით უკმაყოფილოები ისევ ქუჩას მიმართავენ. რადიკალები ბრძოლას მოქალაქეებს უცხადებენ, რომლებმაც არჩევნებზე უარი მათ კიდევ ერთხელ უთხრეს. უსაფუძვლო და არალეგიტიმური პროტესტი მიზნად ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანას ისახავს“ - ამბობდა პოსტვ-ს ჟურნალისტი.

alt

რუსთავი 2

“რუსთავი 2-ის” მაყურებელმა პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენების შესახებ ფრაგმენტული და არასრული ინფორმაცია აქციის დასრულებიდან ერთი საათის შემდეგ, 21:00 საათიან გამოშვებიდან მიიღო.

იმ დროს კი, როდესაც პარლამენტთან ოპოზიციის აქცია იმართებოდა, “რუსთავი 2-ზე” გადაცემა “ექიმები” და სერიალი “დიდებული საუკუნე” გადიოდა.

21:10 საათზე “კურიერის” ეთერში გავიდა სიუჟეტი სახელწოდებით - „ოპოზიციის გეგმა - პოლიტიკური ბრძოლის ნაცად მეთოდზე ოპოზიციური კოალიცია კიდევ ერთხელ გადადის“. სიუჟეტში უშუალოდ აქციის გაშუქებას 2 წუთამდე დრო დაუთმო, დაახლოებით ამდენივე კი ხელისუფლების შეფასებებს.

“ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და უკვე კარგად ნაცნობ და აპრობირებულ გზას ირჩევს. ნიკა მელიამ თანამოაზრეები ისევ ქუჩაში შეკრიბა და სამოქმედო გეგმა გააცნო” - ამ ტექსტით აცნობა ჟურნალისტმა მაყურებელს, რომ “მმართველი პარტია გამარჯვებას ზეიმობს. დამარცხებული ოპოზიცია კი ქუჩაში გადისო”.
კატეგორია - ეთიკა
23 ოქტომბერს "მთავარმა არხმა" თბილისში ახალგაზრდა ქალის, ანასტასია შატალოვას მკვლელობის სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები დაუფარავად "ექსკლუზიურად" გაუშვა, წინა დღეს კი მაყურებელმა მოკლული შატალოვას ნაწილობრივ დაფარული ფოტო ასევე „ექსკლუზიურად“ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში იხილა.

რა ინფორმაციული ღირებულება შეიძლება ჰქონდეს მკვლელობის ამსახველი მძიმე ვიზუალური მასალის ჩვენებას მაყურებლისთვის?

რა ზიანის მომტანია და როდის არის გამართლებული მედიის მიერ ასეთი კადრების ჩვენება?

კონტექსტი

30 წლამდე ქალი, ანასტასია შატალოვა 18 ოქტომბერს, თბილისში საცხოვრებელ სახლთან მოკლეს. 19 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მკვლელობის საქმე გახსნა და 3 პირი დააკავა.

ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ მკვლელობის ამსახველი ვიდეოჩანაწერი წამყვანის გაფრთხილების შემდეგ ეთერში დაუფარავად აჩვენა, ეს მასალა სოციალურ ქსელშიც გამოქვეყნდა. ტელეკომპანია „იმედმა“ კი ცხედრის ნაწილობრივ დაფარული ფოტო, რომელიც საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა, „ფეისბუქზეც“ გაავრცელა.

უნდა გააშუქოს თუ არა მედიამ მკვლელობის ამსახველი კადრები?

არ არსებობს ცალსახა მიდგომა, რომელიც კრძალავს ან უშვებს მკვლელობის ამსახველი მძიმე კადრების გაშუქებას. რედაქციამ გადაწყვეტილება თითოეული შემთხვევის კონტექსტიდან გამომდინარე უნდა მიიღოს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მაღალი საჯარო ინტერესია, თუმცა მნიშვნელოვანია მედიასაშუალებებმა საჯარო ინტერესი საზოგადოების ცნობისმოყვარეობისგან გამიჯნონო, ამბობს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი მარიამ გოგოსაშვილი.

„ცნობისმოყვარეობით შეიძლება გვაინტერესებდეს, მაგალითად რა ტრაექტორიით მოხვდა მას ტყვია, როგორ დაეცა, რა ეცვა მსხვერპლს და ა.შ მაგრამ ეს დეტალები, რეალურად საინტერესოა უბრალოდ ცნობისმოყვარეობის დონეზე, მაგრამ საჯარო ინტერესები არ არსებობს.“, - ამბობს გოგოსაშვილი.

ქარტიის დირექტორი განმარტავს, რომ საჯარო ინტერესი არსებობს, როდესაც მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან რაიმე ტიპის დარღვევა ჩანს, იკვეთება დანაშაულის დაფარვის მცდელობები ან საგამოძიებო უწყებები არასწორ ინფორმაცის ავრცელებენ. ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო სტრუქტურების მხილებისა და დანაშაულის გახსნის ხელშეწყობის მიზნით საზოგადოებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება შეიძლება ხელშემწყობიც იყოს.

მეორე მხრივ მედია უნდა დაფიქრდეს, რა ინფორმაციული ღირებულება აქვს მძიმე კადრებს და შეუძლია თუ არა ამბავი ამ ვიზუალური მასალის გამოყენების გარეშეც გადმოსცეს.

რა ზიანი მოაქვს მკვლელობის ამსახველი მძიმე კადრების ჩვენებას?

ნებისმიერი მძიმე ვიზუალური მასალის გავრცელების დროს მედიასაშუალებებმა დაღუპულის ოჯახის წევრების რეტრამვირების საკითხიც უნდა გაითვალისწინონ.

კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელო წესების თანახმად, მიზანშეწონილი არ არის დაზარალებულის, გვამის ან დასახიჩრებული სხეულის, სისხლისა და სხვა მსგავსი სცენების ჩვენება მნიშვნელოვანი სარედაქციო დასაბუთების გარეშე. ასეთი მასალების გამოყენების დროს მედიასაშუალება უნდა შეეცადოს შეამციროს, ის პოტენციური ტრავმა, რომელიც შესაძლოა ამ მასალამ მასში ასახულ პირს ან მის ნათესავებს მიაყენოს.

„როდესაც საძიებო სისტემაში თავიანთი ოჯახის წევრის სახელს და გვარს ჩაწერენ ძალაინ შემზარავ კადრებს უჩვენებს, რაც, რა თქმა უნდა, გამოიწვევს მათ რეტრამვირებას“, - განმარტავს მარიამ გოგოსაშვილი.

საერთაშორისო მედიის პრაქტიკაში მკვლელობის ამსახველი კადრების გაშუქების არაერთი მაგალითი არსებობს, თუმცა თითქმის ყველა მათგანს თავისი დასაბუთება აქვს. მაგალითად, 2020 წელს ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის ამსახველი ვიდეო ძირითადი მტკიცებულება იყო ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში და ბრალდებული პოლიციელის სასამართლო პროცესზე და სისტემური რასიზმის პრობლემას წარმოაჩენდა.

ამ კადრებმა მთავარი როლი შეასრულა შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში სისტემური რასიზმის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების დაწყებაში და მოგვიანებით მისმა 18 წლის ავტორმა პულიცერის პრემიაც მიიღო.

მაღალი საჯარო ინტერესისა და გამოძიების მნიშვნელოვან საგანს წარმოადგენდა აშშ-ის 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის მკვლელობის ამსახველი კადრების გავრცელებაც, საზოგადოების მაღალი ინტერესი არსებობდა 2016 წელს თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობისა და 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის მძიმე კადრების გაშუქების დროსაც.

მკვლებობის ამსახველი კადრების დაუფარავად გაშუქებამდე მედიასაშუალებამ ორი ძირითადი კრიტერიუმი უნდა გაითვალისიწინოს: მაღალი საჯარო ინტერესი და ამ მასალის გამოყენების დასაბუთება, რომელშიც ნათლად უნდა ჩანდეს, რომ ასეთი კადრების გავრცელება გადაწონის დაღუპულის ოჯახის წევრების რეტრამვირების რისკს.

ასევე, ამ თემაზე: მკვლელობის კადრები “ექსკლუზიურად ფორმულაზე”

ამ შემთხვევებიდან ერთი თვით ადრე ტელეკომპანია "ფორმულამ" საინფორმაციო გამოშვებაში ასევე „ექსკლუზიურად" უჩვენა თბილისში, ახალგზარდა კაცის, ნიკა კვარაცხელიას სასიკვდილოდ დაჭრის დაუფარავი კადრები.
კატეგორია - ეთიკა
21 ოქტომბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას მიერ თბილისის მთავრობს ჩრდილოვანი კაბინეტის წევრების წარდგენა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა გამოშვების დასასრულს, მანიპულაციურად გააშუქა. რუსთავი 2-მა პრეზენტაციას დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭა და ეთერის ბოლოს მხოლოდ წუთნახევრიანი კადრსინქრონი გაუშვა. “იმედმა” და “პოსტვ-მ” კი ენმ-ს პრეზენტაციას დრო საერთოდ არ დაუთმო.

რა მოხდა?

21 ოქტომბერს 21:00 საათზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ პრეზენტაცია გამართა და საზოგადოებას თბილისის მთავრობის ჩრდილოვანი კაბინეტის წევრები წარუდგინა.

როგორ გააშუქეს ცენტრალურმა მაუწყებლებმა?

პირველი არხი

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა, “მოამბის” დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვების მეორმოცე წუთზე, ბოლო ამბად, სპორტული სიახლეების წინ, ორ ნაწილად გააშუქა. თავდაპირველად პრეზენტაციიდან პირდაპირ ეთერში ჩაერთო ჟურნალისტი, რომელიც მაყურებელს მოუყვა წარდგენილი კანდიდატების შესახებ. ეთერში მოვისმინეთ ნაწყვეტები ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის გამოსვლებიდან.

პირდაპირი ჩართვის შემდეგ კი, “მოამბეში” გავიდა მანიპულაციური შინაარსის სიუჟეტი, სადაც წამყვანი და ჟურნალისტი სკეპტიკური ტონით უყვებოდნენ მაყურებელს თუ “როგორ უნდა მართოს ოთხპარტიული ოპოზიციური შემადგენლობის მთავრობამ დედაქალაქი საკრებულოსთან ერთად, სადაც მანდატების უმრავლესობას “ქართული ოცნება” ფლობს”.

წამყვანმა სიუჟეტის წარდგენისას მაყურებელს თავიდანვე აცნობა, რომ “ენმ-ს კოალიციურ ჩრდილოვან კაბინეტს არასერიოზულად განიხილავს ოპოზიციის ერთი ნაწილი” - ამის მაგალითად, სიუჟეტში გიორგი გახარიას პარტიისა და ანა დოლიძის კომენტარები გავიდა. თუმცა ამ კომენტარებში ისინი მხოლოდ ამბობდნენ, რომ ენმ და “ქართულ ოცნებასთან” კოალიციას არ განიხილავენ და არაფერი იყო ნახსენები.

სიუჟეტის დაწყებისას კი ჟურნალისტმა თხრობა ასე დაიწყო: “ჩრდილოვანი კაბინეტი ჩრდილიდან გამოდის. ახლა უკვე, როცა ცნობილია, რომ ჯერ არჩატარებულ არჩევნებამდე, ჯერაც არარსებულ ქალაქის მთავრობაში ყველა პოსტი უკვე განაწილებულია, ჯერ არშემდგარ თანამდებობის პირებს ისღა დარჩენიათ, 30 ოქტომბრის საარჩევნო განაჩენს დაელოდონ”.

ჟურნალისტი განიხილავდა სავარაუდო მოცემულობას, რაც ნიკა მელიას არჩევნებში გამარჯვებას შესაძლოა მოჰყვეს: თუ დავუშვებთ, რომ ნიკა მელია მართლა გაიმარჯვებს, “ჩრდილიდან შესაძლოა, მაინც ვერ გამოვიდეს, ერთი მარტივი მიზეზის გამო, საკრებულოს არჩევნები “ქართულ ოცნებას” უკვე მოგებული აქვს და უმრავლესობასაც ფლობსო”. ჟურნალისტი უფრო შორეულ მომავალსაც განიხილავდა და ამბობდა, რომ მელიას გამარჯვების შემთხვევაში, “გაზაფხულზე, სულაც, შესაძლოა, ახალი მერი იყოს ასარჩევი”.

ჟურნალისტის სკეპტიკური ტონი სიუჟეტს დასასრულამდე, ანუ იქამდე გასდევდა, სანამ ეთერში “ქართული ოცნების” შეფასებები გავიდოდა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე ირწმუნებოდნენ, რომ “კრიმინალ მელიას წაგება გარანტირებული აქვს”.

მათი კომენტარები ავტორმა ასე წარუდგინა მაყურებელს: “შესაძლოა, სხვა თბილისური არჩევანის მოლოდინისა თუ საკანონმდებლო კონტექსტების გათვალისწინებითაც, მმართველი პარტია ირწმუნება, რომ მელიას ჩრდილოვან კაბინეტს ჩრდილიდან გამოსვლა არ უწერია”.

რუსთავი 2

რუსთავი 2-მა ენმ-ს პრეზენტაციას დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭა, ამბავი დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვების 52-ე წუთზე, წუთ-ნახევარიან კადრსინქრონად გააშუქა. ამის შემდეგ კი ამდენივე დრო იმის მტკიცებას დაუთმო, რომ ოპოზიციის მიერ პოსტების გადანაწილება არასერიოზულია: მაყურებელმა მოისმინა ირაკლი ღარიბაშვილის და ირაკლი კობახიძის კომენტარები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ “კრიმინალ მელიას” გამარჯვების შანსი არ აქვს და “ოპოზიციის ადგილი ჩრდილშია”.

სამაგიეროდ, “რუსთავი 2-მა” გამოშვებაში ვრცელი სიუჟეტებები მიუძღვნა, ისეთ ამბებს, როგორიცაა, მაგალითად, 500 ლარიანი ვაუჩერები - მერიის ახალი ინიციატივა. ერთ-ერთი სიუჟეტი კი ღარიბაშვილის რუსთავში სტუმრობას და იმის მტკიცებას მიეძღვნა, რომ "ქართული ოცნება" ოცივე მუნიციპალიტეტის მოგებაში დარწმუნებულია.

იმედი

ენმ-ს პრეზენტაციის დროს “იმედის” ეთერში სერიალი “ერთხელ ჩუკუროვაში” გადოდა. თუმცა, ოპოზიციის “ჩრდილოვანი კაბინეტზე" “იმედმა” მანიპულაციური სიუჟეტი წინასწარ, 20:00 საათიან “ქრონიკაში” გაუშვა.

არხმა მაყურებელს აცნობა, რომ ექსპო-ჯორჯიაში “ნიკა მელიას პოლიტიკური შოუსთვის ემზადებიან”. წამყვანი კი ცინიკური ტონით ყვებოდა, რომ ე.წ. ჩრდილოვან კაბინეტში “ახალბედები, ლელოელები და ბარიერს მიღმა მყოფები უკვე დასაქმდნენ”. “იმედის” მაყურებელს ნიკა მელიას პოზიციის გაცნობის შესაძლებლობა არ მიეცა, სამაგიეროდ, პრემიერ მინისტრისა და ქართული ოცნების წევრების კომენტარები მოისმინა, რომლებიც ოპოზიციას ილუზიებიდან გამოსვლასა და წაგებისთვის მომზადებას ურჩევდნენ.

სხვა არხები

21 ოქტომბერს ენმ-ს მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას მიერ თბილისის მთავრობს ჩრდილოვანი კაბინეტის წევრების წარდგენას “მთავარმა არხი”, “ფორმულა”, “ტვ პირველი”, “პალიტრანიუსი” და “კავკასია” თითქმის ერთ საათის განმავლობაში პირდაპირ ეთერში გადასცემდა.
კატეგორია - ეთიკა
იმედინიუსი” და რამდენიმე მედიაგამოცემა, ახალ ამბად, შეცდომაში შემყვან ინფორმაციას ავრცელებენ და დაუდასტურებელ წყაროზე დაყრდნობით,“ნაციონალური მოძრაობის ჩრდილოვანი კაბინეტის” შემადგენლობას აქვეყნებენ.

რა მოხდა

20 ოქტომბერს სოციალური ქსელის მომხმარებელმა ირაკლი ლატარიამ, რომელიც პროსახელისუფლებო განცხადებებით არის ცნობილი, დაწერა ფეისბუქ პოსტი, თითქოს, “ხელში ჩაუვარდა ნაციონალური მოძრაობის ჩრდილოვანი კაბინეტის სრული შემადგებლობა”.

პოსტის ავტორი არ წერს, რომ ინფორმაცია სერიოზულია ან ფაქტებს ეყრდნობა და ფეისბუქ მომხმარებლებიც კომენტარებში ირონიულად ეხმანებიან ლატარიას გავრცელებულ ინფორმაციას.



მიუხედავად ამისა, გამოცემები სიტყვა-სიტყვით აქვეყნებენ მინისტრების ჩამონათვალს და, მათ შორის, წერენ, რომ “ფორმულას” ჟურნალისტი ვახო სანაია თავდაცვის მინისტრი იქნება. “იმედინიუსმაც” ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, უაპელაციოდ, გამოაქვეყნა ირაკლი ლატარიას სტატუსი ნამდვილ ამბად და დაწერა, რომ ნაციონალური მოძრაობის “ჩრდილოვანი კაბინეტის შემადგენლობაზე ინფორმაციას ექსპერტი” აქვეყნებს.

ამ დროისთვის (18:00) ლატარიას პოსტი, “იმედინიუსის” გარდა, ახალ ამბად გამოქვეყნებული აქვს “ახალი თაობას” და for.ge-ს.

რა პრობლემაა

იმედინიუსი” გამოქვეყნებული მასალის პირველსავე წინადადებაში ხაზს უსვამს, რომ ინფორმაციას ექსპერტი აქვეყნებს. ტექსტში არსად არის ნახსენები, რომ ინფორმაცია შესაძლოა იყოს სარკასტული, დაუდასტურებელი, არასანდო ან სულაც არ შეესაბამებოდეს სინამდვილეს. მასალა მთლიანად ეყრდნობა ერთადერთ წყაროს - თავად პოსტის ავტორს. მსგავსი ფორმულირებით გავრცელებული ინფორმაცია კი მკითხველისთვის შეცდომაში შემყვანია.

კონტექსტი

ტელეკომპანია “იმედმა” 18 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტურამდე ორი კვირით ადრე, განაცხადა, რომ საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და არ დაუშვებს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნებას. ტელევიზიის განცხადებით „იმედი“ როგორც ბრძოლის სიმბოლო, ბრძოლის წინა ხაზზე იქნება.

ვრცლად: ტელეკომპანია „იმედის“ „პოლიტიკური განაცხადი“
კატეგორია - ეთიკა
მას შემდეგ, რაც გიორგი გახარიამ ხელისუფლება დატოვა და საკუთარი პარტია ჩამოაყალიბა, ტელეკომპანია “იმედმა” ნარატივი “ქართული ოცნების” რიტორიკის კვალდაკვალ, ნელ-ნელა შეცვალა: “სუპერძალოვან მინისტრად”, “კრიზისმენეჯერად” და “გავლენიანან, სტრატეგ პოლიტიკოსად” წოდებული გახარია - “ნეპოტისტი” და “მოღალატე” გახდა, რომლის “კოკაინშიკობაზეც” სერიოზული ეჭვებია.

როგორ აშუქებდა “იმედი” გახარიას პოლიტიკურ მოღვაწეობას ხელისუფლებაში ყოფნისას

სანამ გიორგი გახარია ხელისუფლებაში იყო, “იმედი” ცდილობდა, რომ მის სახელთან დაკავშირებული ყველა გახმაურებული საქმე, “ქართული ოცნების” ინტერესებიდან გამომდინარე, მის სასიკეთოდ გაეშუქებინა.

მაგალითად, გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში, მასთან დაკავშირებული ყველაზე ხმაურიანი სპეცოპერაციების (ღამის კლუბებში შესვლის, ჰესის საწინააღმდეგოდ გამოსული მოსახლეობის დასარბევად პანკისში სპეცრაზმის შეყვანის, “გავრილოვის ღამეს” მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დაშლის) გაშუქებისას, „იმედი“ ცდილობდა, საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლის, რეზინის ტყვიების გამოყენებით გიორგი გახარია ქვეყანაში წესრიგს და მშვიდობას ამყარებდა.

გიორგი გახარიას გამართლებას და მისი “კეთილი საქმეების” ტირაჟირებას “იმედზე” წლების მანძილზე, ტენდენციური ხასიათი ჰქონდა.

თითქმის ორი წლის განმავლობაში, “იმედი” აქტიურად ცდილობდა მაყურებელი დაერწმუნებინა, რომ გახარიამ 20 ივნისს პროპორციული ძალა გამოიყენა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მცდელობა აღკვეთა. პარალელურად, აქციაზე პარლამენტთან გამოსული მშვიდობიანი ხალხის დარბევისას, 250 ადამიანის დაშავებაზე პასუხისმგებლობას “რადიკალურ ოპოზიციას” აკისრებდა.

“იმედი” იმდენად შორს მიდიოდა, რომ “ჩამოშლილ ეკონომიკასაც” ანტისაოკუპაციო აქციებს აბრალებდა და არასამთავრობო სექტორს “ნაციონალურ მოძრაობასთან” გარიგებაში სდებდა ბრალს.

და მაშინ, როდესაც 20 ივნისის შემდეგ, საზოგადოება გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქციებს მართავდა, “იმედი” ცდილობდა ისეთი ფონი შეექმნა, თითქოს, მისი გადადგომა არა ხალხს, არამედ “რადიკალურ ოპოზიციას” და მათ მიერ მართულ ძალებს სურდათ.

ამავე პერიოდში, ირაკლი ჩიხლაძის ერთ-ერთი გადაცემა “პირისპირ” მთლიანად ხელისუფლების პოზიციების გამყარებას და იმის მტკიცებას მიეძღვნა, რომ 20 ივნისის გახარიას უწყება მშვიდობიან მოქალაქეებს კი არ გაუსწორდა, არამედ პარლამენტი შტურმისგან დაიცვა. ამავე ეთერში, “იმედიმა” სატელეფონო ინტერაქტივი ჩაატარა და ქუჩაში ხალხს, შემდეგ კი ემიგრანტებს მიმართა კითხვით “უნდა გადადგეს თუ არა თანამდებობიდან შს მინისტრი”. კითხვაზე პასუხად, მაუწყებლის მიერ ჩაწერილი რესპონდენტების თითქმის 100% კი ამბობდა, რომ გიორგი გახარია არ უნდა გადამდგარიყო.

“არშემდგარი გადატრიალების ისტორია“ - 20 ივნისის მოვლენებიდან ერთი წლის თავზე, ამ სათაურით, “იმედმა” 40 წუთიანი ფილმიც მოამზადა და კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას, რომ გახარიამ „ქვეყანა გადატრიალებისგან იხსნა”.



გიორგი გახარიას დაწინაურების შემდეგ, “იმედი” ოპოზიციის პროტესტს პოლიტიკურ მასკარადად აფასებდა და მაყურებელს არწმუნებდა, რომ პრემიერ-მინისტრი ქვეყნის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი გახდა. ადამიანი, რომელიც „მწვავე შემთხვევებშიც არ ერიდება კომუნიკაციას“, „გავლენიანი და, აშკარად, კარგი სტრატეგი“, შს მინისტრი, რომელსაც „არაერთხელ მოუწია დაძაბული სიტუაციის განმუხტვა“ და პოლიტიკური ფიგურა, რომლისაც “ნაციონალურ მოძრაობას” ეშინია - ასე ახასიათებდა მაშინ “იმედი” ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.

როგორ შეიცვალა "იმედის" რიტორიკა გახარიას ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ

მას შემდეგ, რაც გიორგი გახარიამ ხელისუფლება დატოვა, “იმედს” მასთან “არაერთი კითხვა და ეჭვი” გაუჩნდა. “ქართული ოცნების” გზვნილების შესაბამისად, სრულიად შეიცვალა გიორგი გახარიას “ხატი”, რომელსაც არხი წლების განმავლობაში ქმნიდა.

სუპერძალოვანი მინისტრი”, მალევე “გუნდის მოღალატე, გადამდგარ პრემიერად” გადაიქცა.



ბოლო 7 თვის განმავლობაში, “იმედი” გახარიას დისკრედიტაციას სხვადასხვა გზით ცდილობს. მაუწყებელი ჯერ ნეპოტისტურ ქსელზე და მისი პარტიის საეჭვო დაფინანსებაზე, მოგვიანებით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მიხეილ სააკაშვილთან კავშირზე, ბოლოს კი, გახარიას სავარაუდო ნარკომომხმარებლობაზე ალაპარაკდა.

⇒ გახარიას პარტიის საეჭვო ფინანსები და ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირი

“იმედი” თავდაპირველად გახარიას პარტიის “გაურკვეველი” ფინანსებით დაინტერესდა. 3 ივნისს არხმა სიუჟეტი მოამზადა, სადაც მაყურებელს ამცნო - სერიოზული ეჭვები არსებობს, რომ პარტიას “საქართველოსთვის” დავით კეზერაშვილი აფინანსებსო. პარალელურად, თვეების განმავლობაში “იმედი” ხელისუფლების გზავნილებს განავრცობდა და სააკაშვილისა და გახარიას კავშირზე ეჭვებს აჩენდა.

თუ იქამდე მაუწყებელი თავის აუდიტორიას არწმუნებდა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” გახარიასი ეშინია, ახლა არხმა იმის იმის მტკიცება დაიწყო, რომ ყოფილი პრემიერ მინისტრი მიხეილ სააკაშვილთან და მის პარტიასთან არის შეკრული. 23 ივნისს, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, “იმედმა” ვაშინგტონში სააკაშვილისა და “გადამდგარი პრემიერის” კონსპირაციულ შეხვედრაზე მოუყვა მაყურებელს. 27 ივნისს კიდევ უფრო ვრცლად ისაუბრა ვაშინგტონში “კულუარებიდან გამოტანილ” ინფორმაციაზე.

12 სექტემბერს კი “იმედმა” წინა პერიოდის ეჭვები შეაჯამა და სპეცრეპორტაჟი მიუძღვნა “გაქცეულ პრეზიდენტსა და გადამდგარი პრემიერს” შორის კავშირების ძებნას. სიუჟეტში ჟურნალისტი ირონიული ტექსტებით ცდილობდა გახარიას დისკრედიტაციას, რესპონდენტები კი მხოლოდ “ქართული ოცნების” წევრები იყვნენ.



⇒ ნეპოტიზმი და კითხვები გახარიას მიერ ორგანიზებულ სპეცოპერაციებზე

9 ივნისს, “იმედმა” “აღმოაჩინა”, რომ გიორგი გახარია, ხელისუფლებაში ყოფნისას, თურმე, „არათუ ებრძოდა ნეპოტიზმს და კორუფციას, არამედ - სახელმწიფო უწყებებში თავის ნათესავებსა და ნაცნობ-მეგობრებს ასაქმებდა და აწინაურებდა“.

შეიცვალა “იმედის” რიტორიკა გახარიას მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციებთან დაკავშირებითაც. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებას გიორგი გახარიას მიერ ორგანიზებულ სპეცოპერაციებზე “კითხვები გაუჩნდა”, “იმედმაც” არ დააყოვნა და “ქართული ოცნების” რიტორიკას ფეხდაფეხ მიჰყვა.

“გახარიას მიერ გამოყენებული პროპორციული ძალა”, ახლა კითხვისნიშნის ქვეშ დადგა. თუ მანამდე “იმედი” 20 ივნისის აქციაზე 250 ადამიანის დაშავებას “რადიკალურ ოპოზიციას” აბრალებდა და ამბობდა, რომ შს მინისტრმა მაშინ ქვეყანა გადატრიალებისგან იხსნა, ახლა 20 ივნისი გახარიასთან დაკავშირებულ “ყველაზე მძიმე, ხმაურიანი ღამედ” იქცა და ტელეკომპანია ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ “დაშვებულ შეცდომებზე” ალაპარაკდა.



⇒ ეჭვები და ბრალდებები გახარიას “კოკაინშიკობაზე”

გიორგი გახარიას ნარკომომხმარებლობასთან დაკავშირებული ბრალდებები მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ნარკოტესტი ჩაიტარა და მერობის სხვა კანდიდატებსაც მოუწოდა შემოწმების გავლისკენ.

პარალელურად, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა დაიწყეს განცხადებების გავრცელება და გახარიას ნარკომომხმარებლობაზე მინიშნებების გაკეთება. 17 სექტმბერს კი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გახარიას პირდაპირ უწოდა “კოკაინშიკი”.

პარალელურად, კი იმედმა ფაქტობრივად, კამპანია დაიწყო ასეთი შინაარსის სიუჟეტებით: რატომ გაურბის ნარკოტესტს, გაივლის თუ არა გადამდგარი პრემიერი ნარკოტესტს - რომლებიც გახარიას სავარაუდო ნარკომომხმარებლობაზე აკეთებდა აქცენტს.

მოგვიანებით, გახარიამ ექსპერტიზა ქალაქ ვენაში, კლინიკა Rudolfinerhaus-ში ჩაიტარა და საზოგადოებას ამცნო, რომ “დეტალური კვლევების შედეგებით, არანაირი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დაუდასტურდა”. „ქართული ოცნების“ წევრების ნაწილმა კი, ამ დოკუმენტის გამოქვეყნებისთანავე დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ რომ კლინიკა, სადაც გახარიამ ნარკოტესტი ჩაიტარა, სანდო არ არის.

თავდაპირველად, “იმედმა” გაავრცელა ინფორმაცია, კლინიკა, რომელშიც გახარიამ კვლევა ჩაიტარა, სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის, ENFSI-ის წევრი არ არისო. საბოლოოდ კი, იმის დასადგენად, ნამდვილად ჩაიტარა თუ არა გახარიამ ნარკოტესტი - ავსტრიაში გადამღები ჯგუფი ავსტრიაში გაგზავნა. ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა ექიმის აედევნა და მისი და Rudolfinerhaus-ის კლინიკის სანდოობის ეჭვქვეშ დაყენებით, ცდილობდა მაყურებელი დაერწმუნებინა, რომ გიორგი გახარიას ნარკოლოგიური შემოწმება საერთოდ არ გაუვლია.



⇒ ეთერიდან გამქრალი ერთ დროს სასურველი სტუმარი

მაშინ, როდესაც “ქართული ოცნება” ოპოზიციურად განწყობილ მაუწყებლებში საერთოდ არ დადიოდა, მაყურებელს ხელისუფლების პირველი პირების, მათ შორის გიორგი გახარიას ხილვის და “ექსკლუზიური ინტერვიუების” მოსმენის “ფუფუნება” მხოლოდ “იმედზე” ჰქონდა. ტენდენცია ახლაც ნარჩუნდება და მინისტრები და “ქართული ოცნების” ლიდერები “იმედის” გადაცემებში კვლავაც აქტიურად დადიან. თუმცა, მას შემდეგ, რაც გახარია ხელისუფლებიდან წავიდა, “იმედმა” მისთვის ეთერის დათმობაზე უარი თქვა.

31 მაისს გიორგი გახარიას პრესკონფერენციაზე “იმედი” საერთოდ არ მივიდა. მოგვიანებით კი განმარტა, რომ გახარიას პარტიის შეკრება “განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენად” არ მიიჩნია. გახარიამ არხს მასთან პირველი ინტერვიუც შესთავაზა. რაზეც “იმედმა” განაცხადა, რომ მისთვის “ამ შესაძლებლობის მიცემა, ჯერჯერობით არარელევანტურად ეჩვენება”.

23 სექტემბერს გიორგი გახარიამ კიდევ ერთხელ გამოთქვა მზაობა “იმედის” პირდაპირ ეთერში სტუმრობაზე და არხს მიმართა: “გავიგე, რომ ხელისუფლების მიერ დაგეგმილ და ამუშავებულ პროპაგანდისტულ კამპანიაში ტყუილებით ჩაერთეთ. აღარ ვსაუბრობ ცალმხრივ გაშუქებასა და იმაზე, რომ ამდენი ხნის განმავლობაში უარს ამბობთ ეთერში ჩემს მოწვევაზე”.

ამის ფონზე, „იმედის“ ეთერიდან ხშირად ისმის რიტორიკული განცხადებები, რომ გახარიასთან ბევრი კითხვაა, რომ მისგან განმარტებებს ელოდებიან, “ვნახოთ, რას იტყვის ბრალდებებზე გადამდგარი პრემიერი” და ა.შ. თუმცა, ჩანს, რომ ხელისუფლების დღის წესრიგს ფეხდაფეხ აყოლილ მაუწყებლში გიორგი გახარიასთვის დასათმობი დრო და ადგილი აღარ იძებნება.
კატეგორია - ეთიკა
მას შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ” ნარკომომხმარებლობაზე მინიშნებით გიორგი გახარიას დისკრედიტაციის მცდელობა დაიწყო, ტელეკომპანია “იმედი” ცდილობს ხელისუფლების ნარატივი გაავითაროს და გაამყაროს.

ნამდვილად ჩაიტარა თუ არა გახარიამ ნარკოტესტი - ამის დასადგენად ტელეკომპანია “იმედიმა” 22 სექტემბერს გადამღები ჯგუფი ავსტრიაში გაგზავნა. ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა ექიმის აედევნა და მისი და Rudolfinerhaus-ის კლინიკის სანდოობის ეჭვქვეშ დაყენებით, ცდილობდა მაყურებელი დაერწმუნებინა, რომ გიორგი გახარიას ნარკოლოგიური შემოწმება საერთოდ არ გაუვლია.

როგორ ცდილობს “იმედი” გახარიას ნარკოდამოკიდებულებაზე ეჭვების გაჩენას

ნარკოლოგიური შემოწმების საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ნარკოტესტი ჩაიტარა და მერობის სხვა კანდიდატებსაც მოუწოდა შემოწმების გავლისკენ.

პარალელურად, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა დაიწყეს განცხადებების გავრცელება და გახარიას ნარკომომხმარებლობაზე მინიშნებების გაკეთება. 17 სექტმბერს კი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გახარიას პირდაპირ უწოდა “კოკაინშიკი”.

იმავე დღეს პარტიამ “საქართველოსთვის” გიორგი გახარიას ნარკოლოგიური შემოწმების პასუხი ფეისბუქზე გამოაქვეყნა. პარტიის ინფორმაციით, გახარიამ ექსპერტიზა ქალაქ ვენაში, კლინიკა Rudolfinerhaus-ში ჩაიტარა და “დეტალური კვლევების შედეგებით, არანაირი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დაუდასტურდა”.

ქართული ოცნების წევრების ნაწილმა ამ დოკუმენტის გამოქვეყნებისთანავე დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ რომ კლინიკა, სადაც გახარიამ ნარკოტესტი ჩაიტარა, სანდო არ არის. პარალლეურად, ამავე შინაარსის ამბების გამოქვეყნება დაიწყო ტელეკომპანია “იმედმაც”. საბოლოოდ კი ტელეკომპანიის გადამღებმა ჯგუფმა “ამბის გადამოწმება” ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გადაწყვიტა.

თუმცა, სანამ “იმედის” გადამღები ჯგუფი ავსტიაში ჩავიდოდა, არხმა Rudolfinerhaus-ის კლინიკის სანდოობის ეჭვქვეშ დაყენება სხვა გზით სცადა. გაავრცელა ინფორმაცია, რომ კლინიკა, რომელშიც გახარიამ კვლევა ჩაიტარა, სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის, ENFSI-ის წევრი არ არის. “სამაგიეროდ გაერთიანების ღირსეული წევრია სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო. საინტერესოა, რატომ ენდო გახარია კერძო კლინიკაში, ნევროლოგთან გაკეთებულ ნარკოტესტს და არა სამხარაულს” - წერდა “იმედი” საჯარო მმართველობის დოქტორის, თამთა მეგრელიშვილის ფეისბუქ პოსტზე დაყრდნობით, რომელიც სოციალურ ქსელში აღარ იძებნება.

რის დადგენას ცდილობდა “იმედი” ავსტრიაში

“იმედის” გადამღები ჯგუფი ავსტრიაში 22 სექტემბერს ჩავიდა. “ინფორმაციის გადამოწმება გვსურდა, სწორედ ეს არის ჩვენი მოვალეობა” - ამ სიტყვებით დაიწყო ჟურნალისტმა გადაცემა “იმედი LIVE-ის” პირდაპირ ეთერში ჩართვა. მისი თქმით, გახარიას ნარკოლოგიური შემოწმების დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ბევრი კითხვა გაჩნდა, რის გამოც ექსპერიმენტის ჩატარება და Rudolfinerhaus-ის კლინიკიდან მიღებული პასუხის ნამდვილობის გადამოწმება სცადეს.

ქეთევან ქარდავა დაჟინებით ეკითხებოდა ექიმ მუჰამედ ბაღეის, იცნობს თუ არა გახარიას, ექიმი კი უმეორებდა, რომ სამედიცინო კონფედენციალურ ინფორმაციას ვერ გასცემდა.

ჟურნალისტმა, ისევე როგორც გადაცემის წამყვანებებმა, ძალიან გაიკვირვეს, რომ ექიმი პაციენტის შესახებ ინფორმაციას არ აწვდიდა.

იმის მიუხედავად, რომ გახარიამ თავად გამოაქვეყნა დასკვნა, საერთაშორისო სტანდარტით, პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია.

ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობითაც განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს მიეკუთვნება. კანონში განმარტებულია, რომ “სამედიცინო მომსახურების გამწევი ვალდებულია პაციენტის შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაციის კონფიდენციალობა დაიცვას როგორც პაციენტის სიცოცხლეში, ისე მისი სიკვდილის შემდეგ”.

ჟურნალისტი ეთერში ამბობდა, ექიმი მის “მარტივ კითხვაზე განერვიულდა”: “იმდენად აფორიაქდა, რომ დაიწყო უმისამართოდ ვენის ცენტრში სიარული. ჩვენ გავეკიდეთ მას, ვდიეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში და ვერ მივიღეთ პასუხი” - თქვა ჟურნალისტმა, თუმცა კადრში მხოლოდ ის ჩანდა, რომ ჟურნალისტი ვენის ქუჩაში მიკროფონით მისდევს ექიმს.

ბოლოს ჟურნალისტმა თავად გამოიტანა დასკვნა: “დამრჩა ისეთი შთაბეჭდილება, რომ მან გიორგი გახარიას შესახებ არაფერი იცოდაო”.

რას (არ) ადასტურებს “იმედის” ექსპერიმენტი

ჟურნალისტი მაყურებელს უყვებოდა, რომ ექსპერიმენტის ჩაატარა და ნარკოტესტის გაკეთება იმ კლინიკაში თავადაც სცადა. თუმცა, “იქ ნარკოლოგიური განყოფილება საერთოდ არ აღმოჩნდა”. მისი თქმით, საავადმყოფოში უთხრეს, რომ ძალიან უცნაურია, რომ გახარიას ნარკოტესტის პასუხზე მათი საავამყოფოს სახელწოდება აწერია. ამ შემთხვევაშიც, ჟურნალისტის მოყოლილი ამბის დამადასტურებელი ფაქტები მაყურებელმა ვერც ნახა და ვერც მოისმინა.

“რა უხერხული სიტუაციაა, რა ბნელი ისტორიაა” - ამბობდა გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი მაგდა ანიკაშვილი და სიცილით ამბოდა, რომ “შეუძლებელია იმ კლინიკაში ნარკოტესტის გაკეთება”

ჟურნალისტი იმეორებდა, რომ გიორგი გახარიასგან განმარტებებს ელოდებიან, თუ “რატომ ჩაიგდო ასეთ უხერხულ სიტუაციაში თავი”. თუმცა, მთელი გადაცემის მსვლელობისას ვერ ვნახეთ მცდელობა, რომ გახარიას დაკავშირებოდნენ და მიეცათ მაყურებლისთვის ბრალდების მხარის პოზიციის მოსმენის შესაძლებლობა.
კატეგორია - ეთიკა
16 სექტემბერს, “ფორმულამ” საინფორმაციო გამოშვებაში “ექსკლუზიურად” უჩვენა მაყურებელს მკვლელობის ამსახველი დაუფარავი კადრები. გაუგებარია, რა ინფორმაციული ღირებულება ჰქონდა მაყურებლისთვის ადამიანის მკვლელობის ნახვას, გარდა რეიტინგისა და ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებისა.

რა მოხდა

15 სექტემბერს, ვერაზე ახალგაზრდა კაცი, ნიკოლოზ კვარაცხელია დაჭრეს. დაჭრილი მეორე დღეს, კლინიკაში გარდაიცვალა. ამავე დღეს “ფორმულამ” მაყურებელს აცნობა, რომ “ექსკლუზიურად მოიპოვა” სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებული მკვლელობის ამსახველი მასალა და ეთერში გაუშვა.

საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა, გურამ როგავამ არაერთხელ გააფრთხილა მაყურებელი, რომ მძიმე კადრებს იხილავდა და ამის გამო ბოდიშს იხდიდა. ვიდეოს ეთერში გაშვებას წამყვანი “საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე” ხსნიდა. თუმცა, ჟურნალისტისგან ვერ მოვისმინეთ ვერანაირი დასაბუთება, რა მაღალი საჯარო ინტერესი არსებობდა.

სენსაციურად, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მსგავსი მძიმე კადრების ჩვენება, რეიტინგს და მასის ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას შეიძლება ემსახურებოდეს და არა მაღალ საზოგადოებრივი ინტერესს.

“ფორმულას” ექსკლუზიურად მოპოვებული ვიდეო უკვე გაავრცელდა ონლაინ მედიაშიც. ნაწილი მკვლელობის ამსახველ კადრებს ფარავს.

რა არ გაითვალისწინა "ფორმულამ"

ეთიკური ჟურნალისტიკის სახელმძღვანელოები მედიებს მოუწოდებენ, რომ  მძიმე კადრები, მხოლოდ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის შემთხვევაში, მნიშვნელოვანი სარედაქციო დასაბუთებით აჩვენონ ეთერში. ასევე, გაითვალისწინონ ის პოტენციური ტრავმა, რომელიც შესაძლოა ამ მასალამ მიაყენოს მსხვერპლის ახლობლებს და საზოგადოებას. 

ეთიკური ჟურნალისტიკის სახელმძღვანელოები ხაზგასმით მიუთითებენ მედიებს, რომ კრიმინალის გაშუქებისას განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ და გაიაზრონ, რის მიმართ არსებობს საჯარო ინტერესი.
  • მედია სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ისეთი ვიზუალური მასალის ჩვენებას, რომელზეც ასახულია ადამიანთა ტრაგედია და ტანჯვა.
  • მიზანშეწონილი არ არის დაზარალებულის, გვამისა ან დასახიჩრებული სხეულის, სისხლისა და სხვა მსგავსი სცენების ჩვენება მნიშვნელოვანი სარედაქციო დასაბუთების გარეშე.
კატეგორია - ეთიკა
საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ვატო შაქარიშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდამსხმელებს ექომაგება. მის მიერ ფეისბუკზე გამოქვეყნებულ დაფინანსებულ მასალას კი მედიები მკითხველისთვის დამაბნევლად, შესაბამისი სარეკლამო მითითების გარეშე აქვეყნებენ.

რა მოხდა?

საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ვატო შაქარიშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდამსხმელებს ციხიდან გამოსვლის შემდეგ შეხვდა და კადრები ფეისბუქზე გამოაქვეყნა. თავის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტებსა და ვიდეოში ის ვახო სანაიას “ვერშემდგარ რევოლუციონერს, თანამედროვე ბოლშევიკს” უწოდებს.

25 აგვისტოს სასამართლომ სანაიაზე თავდამსხმელები დამნაშავედ სცნო. მიუხედავად ამისა, მაჟორიტარობის კანდიდატი ვატო შაქარაშვილი მათ მედიაპატიმრებს უწოდებს და წერს, რომ “სასამართლომ უდანაშაულო ადამიანები გაასამართლა.”





თბილისის სასქალაქო სასამართლომ სანაიაზე თავდამსხემელებს 6-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. სამივე მათგანს ექვსი თვე წინასწარ პატიმრობაში უკვე მოხდილი ჰქონდა და ისინი სასამართლო განხილვის დღეს გათავისუფლდნენ.

უფლებადამცველი ორგანიზაციები სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას “ძალადობის მორიგი წახალისებად” და “კრიტიკული მედიის მიმართ აგრესიის გაზრდის საფრთხედ” აფასებენ.

მედიის არაკეთილსინდისიერი გაშუქება


საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატის, ვატო შაქარაშვილის ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებული ეს პოსტები დამატებითი დაფინანსებით (Sponsored) იყო გამოქვეყნებული.

ზოგმა ონლაინ გამოცემამ ეს მასალა ისე გამოაქვეყნა, რომ არ მიუთითა რეკლამის აღმნიშვნელი ნიშანი, ზოგმა კი ნიშნები “NS” ანდა “R” ასო დაურთო.

"აიპრესმა" და "პრაიმტაიმმა" მტკიცებით ფორმაში გამოაქვეყნეს სტატია, შინაარსით, რომ “სანაიაზე თავდამსხმელების მიმართ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა”.

"ინტერპრესნიუსმა" კი შაქარაშვილის ფეისბუკ პოსტის შინაარსი გამოაქვეყნა ნიშნით “NS”.

სარეკლამო მასალის მედიაში გამოქვეყნების წესის მიხედვით, “ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებული მასალებს მკითხველისთვის ადვილად შესამჩნევ ადგილას კარგად აღქმადი ზომით უნდა ჰქონდეს მკაფიო და ცხადი მინაწერი დაფინანსების შესახებ”.

სარედაქციო მასალები მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს მარკეტინგული, სარეკლამო და სპონსორის მიერ დაფინანსებული მასალებისაგან. სხვა შემთხვევაში მკითხველისთვის დამაბნეველია, ჟურნალისტურ მასალას კითხულობს თუ დაფინანებულს.

რა ხდებოდა მანამდე?

ტელეკომპანია “ფორმულას” ტელეწამყვან ვახო სანაიას 25 თებერვალს თბილისში, წყნეთის ქუჩაზე დაესხნენ თავს. ჟურნალისტი მომხდარს პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს და ამბობს, რომ თავდამსხმელებს აგრესია მის, როგორც მედიის წარმომადგენლის, მიმართ ჰქონდათ.

25 აგვისტოს ვახო სანაიაზე თავდამსხმელი 3 პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მინიმალური სასჯელი - 6 თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულები დაკავების შემდეგ წინასწარ პატიმრობაში იყვნენ, რაც სასჯელის მოხდად ჩაეთვალათ. შესაბამისად, სასჯელაღსრულების დაწესებულებას 25 აგვისტოს დატოვეს
კატეგორია - ეთიკა
მას შემდეგ, რაც ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, ონლაინ მედიის ნაწილი უკონტექსტოდ აქვეყნებს სპორტსმენის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის გამამართლებელ ციტატებს.

რა მოხდა

16 აგვისტოს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე კახეთში, წინანდალში 3 ადამიანი მოკლეს. მათ შორის, ერთ-ერთი გარდაცვლილი ოლიმპიური ჩემპიონისა და ყოფილი დეპუტატის ძმა - ზვიად ზვიადაური იყო. მეორე დღეს, პოლიციამ ერთ-ერთი გარდაცვლილის მკვლელობის ბრალდებით ზურაბ ზვიადაური დააკავა. 18 აგვისტოს კი პროკურატურამ ზვიადაურს ბრალი წარუდგინა და წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ამბის გახმაურებიდან მალევე ზვიადაურს არაერთი ცნობილი ადამიანი დაუდგა თავდებში. პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა სასამართლოს ისიც კი შესთავაზა, რომ ბრალდებული ციხის ნაცვლად მის სახლში ყოფილიყო პატიმრობაში - “თუ რამეს დააშავებს, მე ვიქნები პასუხისმგებელიო”.

დანაშაულის გამამართლებელი გაშუქება მედიაში

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მკვლელობის საქმეში ოლიმპიური ჩემპიონის სახელიც ფიგურირებს, სხვადასხვა ტიპის მედიასაშუალებამ ზვიადაურის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის გამამართლებელი გაშუქება დაიწყო.

მედიები უკონტექსტოდ აქვეყნებენ ზვიადაურის გულშემატკივრების სოციალური ქსელების პოსტებს, სადაც ისინი წერენ, რომ როდესაც “კაცს თვალწინ ღვიძლ ძმას და ორი მეგობარს დაუცხრილავენ”, ის შოკშია და მის ადგილზე შეიძლება სხვას “ბევრად უარესი გაეკეთებინა“.

გარდა ამისა, ახლობლების, მეგობრების, მხარდამჭერების ყველაზე ემოციური, გამამართლებელი კომენტარები, მტკიცებით ფორმაში, გამოცემებს სათაურებშივე გამოაქვთ.

მაგალითად:

ამბის მეორეხასრისხოვან დეტალებზე ყურადღების გამახვილებით, ახლობლების, მეგობრების და გულშემატკივრების ემოციური პოსტებისა და გამამართლებელი კომენტარების უკონტექსტოდ გაშუქებით, მედია ისეთ განწყობას ქმნის საზოგადოებაში, თითქოს, ზვიადაურის მიერ სავარაუდოდ ჩადენილ მკვლელობას გამართლება აქვს და მან პასუხი არ უნდა აგოს. მედიამ კი თავი უნდა შეიკავოს დანაშაულის გამართლებისგან.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი, მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე ამბობს, რომ მსგავსი გაშუქება ქმნის განწყობას, თითქოს, სახელოვანმა სპორტსმენმა პასუხი არ უნდა აგოს და მისი წარმატებები უნდა იყოს ინდულგენცია მისი თავისუფლებისათვის.

“არ მიმაჩნია პრობლემად, თუ ვიღაც საჯარო პირი სოციალურ ქსელში დაწერს, რომ “აბა თქვენ როგორ მოიქცეოდით, ძმა რომ მოეკლათ” და გაამართლოს ძმის მკვლელის მკვლელობა. სამწუხაროა, რომ ასეთი საჯარო პირები გვყავს, რომლებსაც ასეთი არქაული, არასამართლებრივი აზროვნება აქვთ.,მაგრამ ეს მათი ნებაა. თუმცა მედიამ ეს აზრი არ უნდა შესთავაზოს აუდიტორიას, როგორც მედიაპროდუქტი” - ამბობს ქორიძე.

ქორიძე მიიჩნევს, რომ მსგავსი გაშუქება სამართლებრივი სახელმწიფოს როლს აკნინებს, ამიტომაც მედიას აქვს სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რომ ხელი არ შეუწყოს მსგავსი აზრების ტირაჟირებას.

“მსგავსი აზრების კრიტიკული ანალიზის გარეშე გავრცელება, იმის მანიშნებელია, რომ ეთანხმები ამ პოზიციას. აქ უკვე მედია ხდება ამ მოსაზრების არა მარტო გამტარი, არამედ - მხარდამჭერი. ეს კი ნიშნავს რომ მიკერძოებული ხარ.”