20.01.2022
ინტერვიუს გადაცემის წამყვანი დავით კაკულია უძღვებოდა, რომელიც 45 წუთის განმავლობაში რესპონდენტს სიღრმისეულ მსჯელობაში არცერთხელ შეჰყოლია, პოლემიკაში არ შესულა და არ უცდია მისთვის ოპონირების გაწევა.
ზედაპირული კითხვები და პასუხები
გადაცემის წამყვანმა ინტერვიუს დასაწყისშივე ირაკლი კობახიძე წარადგინა, როგორც „მმართველი გუნდის გავლენიანი და მნიშვნელოვანი ფიგურა“ და თქვა, რომ მაყურებელი მისგან “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციაზე ყოფნის 1 წლის თავზე, გუნდის მიღწევებსა და შეცდომებზე პასუხებს მოისმენდა.
წამყვანის ირაკლი კობახიძეს ასეთ კითხვებს უსვამდა:
- “ქვეყანას ჰყავს ღირსეული პრემიერი, ღირსეული პარლამენტის თავმჯდომარე, ღირსეული დედაქალაქის მერი და მმართველი გუნდი ერთიანია, როგორც არასდროს” - რის თქმა გსურდათ, როდესაც წერდით ამას? ანუ საკადრო ცვლილებები მთავრობაში, მმართველ გუნდში, მმართველ რგოლებში გამორიცხულია?”
- „რას თვლის პარტიის თავმჯდომარე ყველაზე დიდ შეცდომად ბოლო ერთი წლის განმავლობაში?”
- „სასამართლო, რომელიც არის მუდმივად კრიტიკის ობიექტი, როგორც ოპონენტების მხრიდან, ისე პარტნიორებს არაერთი განცხადება გაუკეთებიათ. თექვენ, როგორც პარტიის თავმჯდომარე, თქვენი შეფასება არის საინტერესო, როგორ თვლით, დღეს როგორი სასამართლო აქვს ქვეყანას?
თუმცა, მაგალითად, როდესაც ირაკლი კობახიძე „უპრეცენდენტო ეკონომიკურ ზრდაზე სასამართლოში პროგრესზე, ქვეყანაში გაუმჯობესებულ მდგომარეობაზე თუ ხელოვნურად შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე“ საუბრობდა, წამყვანი არ ეკითხებოდა მას კონკრეტულ მაგალითებზე. დავით კაკულია არც მაშინ შესულა რესპონდენტთან პოლემიკაში, როდესაც ის ხელისუფლების მიმართ ყოველგვარ კრიტიკას უსაფუძვლოს უწოდებდა და ყველანაირ პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებდა.
საბოლოოდ კი, მთელი ინტერვიუს განმავლობაში რესპონდენტი ფაქტობრივად, მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური გუნდის წარმატებებზე საუბრობდა.
ფორმალური კრიტიკა
ჟურნალისტი პერიოდულად ცდილობდა, მეტ-ნაკლებად კრიტიკული კითხვაც დაესვა, თუმცა, როდესაც რესპონდენტი პასუხს თავს არიდებდა ან არა რელევანტური არგუმენტები მოჰყავდა, წამყვანი მას არ უწევდა ოპონირებას, არ სვამდა შემხვედრ შეკითხვებს.
დამაზუსტებელი კითხვის დასმის ნაცვლად, წამყვანი უმეტესად, თემას ცვლიდა და სხვა საკითხზე გადადიოდა. მაგალითად მაშინ, როდესაც მისი კითხვა ეხებოდა ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხს 5 ივლისს მოვლენებზე:
“შეცდომებს რომ დავუბრუნდეთ, ყველაზე მეტად რაზეც შეიძლება გული გწყდებოდეთ, რომ შეიძლება ამ საკითხის სხვანაირად გადაწყვეტა, მაგრამ ვერ მოხდა იმ პერიოდში” – ჰკითხა რესპონდენტს დავით კაკულიამ, რაზეც კობახიძემ უპასუხა, რომ ვერ გამოყოფდა ისეთ თემას, სადაც რაიმე პრინციპული შეცდომა დაუშვიათ.
“5 ივლისი, მაგალითად, როდესაც სახელმწიფომ ვერ დაიცვა მედია და მოქალაქეები” - შეაწყვეტინა წამყვანმა.
ირაკლი კობახიძემ 5 ივლისზე თავიდან მწუხარება გამოთქვა და თქვა, რომ მათთვის ეს „მტკივნეული დღე იყო”, შემდეგ წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობა და 7 ნოემბერი შეახსენა მაყურებელს, ბოლოს კი აღნიშნა, რომ „ობიექტური მიზეზები ჰქონდა იმას, რომ “თავიდან ვერ იქნა აცილებული ძალადობა”, რადგან „ყველაფერი სპონტანურად განვითარდა“.
ამის შემდეგ წამყვანმა აღნიშნა, რომ ლექსო ლაშქარავა იუნესკომ მოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეიყვანა. რაზეც კობახიძემ გადაჭრით თქვა, რომ ეს “ფეიკ ნიუსია” და სამწუხაროა, რომ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებშიც ხვდება ხოლმე ასეთი „ფეიკ ნიუსები”.
წამყვანმა უაპელაციოდ დატოვა ირაკლი კობახიძის ნათქვამი და სასაუბრო თემა შეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ UNESCO-ს გარდა, ლექსო ლაშქარავა 2021 წელს მოკლულ ჟურნალისტთა სიაში მედიის თემებზე მომუშავე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმაც შეიყვანეს, მაგალითად: „რეპორტიორებმა საზღვრებს გარეშე“ (RSF), ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციამ (IFJ) და „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა“ (CPJ).
კონტექსტი
მიუხედავად იმისა, რომ გადაცემის წამყვანი, ზოგადი კითხვების დასმით, ქვეყანაში მიმდინარე ბევრ მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხს შეეხო, ის არ იყო კრიტიკული რესპონდენტის მიმართ და არ უცდია სიღრმისეული, ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდებინა აუდიტორიისთვის.
ტელევიზიებში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სტუმრობისას განსაკუთრებული საჯარო ინტერესია, იმ ფონზე, რომ მმართველი გუნდის წევრები უარს ამბობენ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ ტელევიზიებში მისვლაზე. შესაბამისად, ტელემაყურებელს ხელისუფლებისგან მნიშვნელოვან, კრიტიკულ კითხვებზე პასუხების მოსმენის საშუალება ხშირად არ ეძლევა.