„რადიო თავისუფლების“
ინფორმაციით, შეერთებული შტატების ფედერალურმა
სასამართლომ „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების“ მოთხოვნა
დააკმაყოფილა და აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM-ის) მიერ
საგრანტო ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მოქმედება
დროებით შეაჩერა:
„სასამართლოს 25 მარტით დათარიღებული განჩინების თანახმად, რომ USAGM-ის მიერ რადიო თავისუფლებისათვის საგრანტო ხელშეკრულების შეწყვეტა, - რაც ორგანიზაციის დახურვის პროცესის დაწყების წინაპირობაა, - სავარაუდოდ, თვითნებური და დაუსაბუთებელი იყო და სავარაუდოდ, არღვევს ადმინისტრაციული პროცედურების აქტსა და აშშ-ის კონსტიტუციას. თუმცა ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ არის და საქმის განხილვა გრძელდება“.
„რადიო თავისუფლება“ წერს, რომ მოსამართლემ ასევე უნდა გადაწყვიტოს, საბოლოოდ დააკმაყოფილებს თუ არა „რადიო თავისუფლების“ მოთხოვნას, რომ კონგრესის მიერ გამოყოფილი 77 მილიონი დოლარი (რაც 30 სექტემბრამდეა გათვალისწინებული) ორგანიზაციას სრულად გადასცეს.
„რადიო თავისუფლება“ მიიჩნევდა, რომ დროებითი შეჩერების მექანიზმის ამოქმედების გარეშე, ორგანიზაციას გამოუსწორებელი ზიანი მიადგებოდა. ეს არგუმენტი მოსამართლემ გაიზიარა.
„კოლუმბიის ოლქის მოსამართლე როის ლამბერთი 25 მარტით დათარიღებულ განჩინებაში წერს:
„კონგრესს დადგენილი აქვს, რომ „ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაა, ხელი შეუწყოს აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას“ და „ინფორმაციისა და იდეების ღია მიმოცვლა მსოფლიოს ხალხებს შორის ხელს უწყობს საერთაშორისო მშვიდობასა და სტაბილურობას“ (ამონარიდები აშშ-ის 1973 წელს მიღებული საერთაშორისო მაუწყებლობის აქტიდან). რადიო თავისუფლება ათწლეულებია ფუნქციონირებს, როგორც ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც კონგრესის მიერ კანონით განსაზღვრულ ამ პოლიტიკას ახორციელებს. USAGM-ის ხელმძღვანელობას არ შეუძლია, ერთი წინადადებით, - რაც, პრაქტიკულად, ახსნა-განმარტებას არ მოიცავს, - აიძულოს რადიო თავისუფლება, დახუროს, - მაშინაც კი, თუკი ეს მას ასე უთხრა პრეზიდენტმა„“.
„რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ორგანიზაციას გრანტი შეუწყვიტეს წერილით, რომელსაც ხელს აწერდა კერი ლეიკი, როგორც „USAGM-ის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მთავარი მრჩეველი, რომელსაც უფლებამოსილება აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისგან აქვს მინიჭებული“.
წერილში ნათქვამი იყო, რომ გრანტი USAGM-ის პრიორიტეტებს აღარ წარმოადგენდა.
„სხვა ახსნა-განმარტება წერილში არ ყოფილა მითითებული. მოსამართლემ ბრძანა, რომ:
- დაკმაყოფილდეს მომჩივნის, ანუ „რადიო თავისუფლების“ მოთხოვნა დროებითი შეჩერების მექანიზმის ამოქმედების თაობაზე;
- ცალკე აღარ განიხილავს 1-14 მარტის პერიოდისათვის გათვალისწინებული $7,46 მილიონის გამოყოფის საკითხს, - რამეთუ მოპასუხემ წინა დღეს თქვა, რომ უკვე დაიწყო ამ თანხის გადახდა მომჩივნისათვის“;
- USAGM-სა და მის წარმომადგენლებს აუკრძალა ნებისმიერი ქმედების განხორციელება ან ვალდებულებების შექმნა, რაც გამოიწვევს მომჩივნის გრანტის შეფერხებას.
ეს გადაწყვეტილება - USAGM-ის გადაწყვეტილების დროებითი შეჩერება - ძალაშია მანამ, სანამ მოსამართლე არ დაასრულებს დავის განხილვას“.
როგორც „რადიო თავისუფლება“ აღნიშნავს, მორიგი სასამართლო პროცესი 26 მარტს გაიმართება და სასამართლო USAGM-ის მხარეს მოუსმენს.
15 მარტს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დოლანდ ტრამპა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ითვალისწინებს შვიდი ფედერალური სააგენტოს შემცირებას. მათ შორისაა აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტო, რომელიც ზედამხედველობას უწევს როგორც „რადიო თავისუფალ ევროპა/რადიო თავისუფლებას“, ისე „ამერიკის ხმას“ და სხვა ფედერალურ მაუწყებლებს.