პოლიციელმა ადამიანზე იძალადა - სახელისუფლებო მედია პრობლემას „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხედავს
02.02.2022
პოლიციელმა ადამიანზე იძალადა. სახელისუფლებო მედიამ კი ამბის სიღრმისეული გაშუქების ნაცვლად, ყურადღება „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს მომხდარ სისტემურ დანაშაულზე გადაიტანა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხარდამჭერი კამპანია დაიწყო.



25 იანვარს ფეისბუქის მომხმარებელმა სპარტაკ პოლეიანმა პირად გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო, თუ როგორ ეხმარება პოლიციელი კიკვიძის ბაღთან შშმ პირს, რომელიც შეუძლოდ გახდა. „მსგავს შემთხვევას არაერთხელ შესწრებივართო“ წერდნენ სხვა მომხმარებლები კომენტარებში - „პოლიციელი გმირია“ და “კარგი ამბებიც ხდება და ტელევიზიები უფრო ცუდ ამბებს იტაცებენო“.

ამ ამბავს წინ უძღოდა მედიით 24 იანვარს გავრცელებული ვიდეო,  სადაც ჩანს, რომ 17 წლის სმენადაქვეითებულ ბიჭს პოლიციელი სცემს. კადრების გავრცელებისთანავე, სხვადასხვა არასამთავრობო და პოლიტიკურმა ორგანიზაციამ საპროტესტო აქციებიც გამართა. 25 იანვარს კი დააკავეს ორი პოლიციელი, რომლებიც გავრცელებულ კადრებში ფიგურირებდნენ.

კადრების გავრცელებისთანავე ეს თემა მედიაში მთავარი განსახილველი საკითხი გახდა.

ამბავს აშუქებდნენ ხელისუფლებისადმი მიკერძოებული მედიაც, თუმცა პარალელურად, ცდილობდნენ, აუდიტორიის ყურადღება მიემართათ არა მომხდარი დანაშაულის, არამედ იმ ადამიანების დისკრედიტაციისკენ, ვინც ამ ამბავს აპროტესტებდა:

მსგავსი გაშუქებით, სამთავრობო ტელევიზიები და ვებგვერდები ცდილობდნენ დანაშულიდან აქცენტის გადატანას პოლიტიკური პარტიის პასუხისმგებლობაზე, რომელიც 13 წელია ხელისუფლებაში აღარ არის.

ძალადობას ვგმობთ, მაგრამ, შეუძლებელია, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების პროტესტი სამართლიანი იყოსო - ასეთი პათოსით საუბრობდა „პოსტვ-ის“ ერთ-ერთი წამყვანი 25 იანვარს გამოქვეყნებულ ვიდეოში და პარალელს ავლებდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნაცისტების ლუსტრაციაზე.

მომხდარიდან ერთი კვირის შემდეგ, 30 იანვარს, ტელეკომპანია “იმედი” იმდენად შორს წავიდა, რომ კვირის შემაჯამებელ გადაცემაში ვრცელი სიუჟეტი მოამზადა სახელწოდებით „როცა სისტემა კლავდა“. სიუჟეტში აღწერილი იყო ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს ჩადენილი სისტემური დანაშაული. „იმედმა“, მეტი სიმძაფრისთვის, ერთ-ერთი დაზარალებული მშობელი, გარდაცვლილი შვილის საფლავთანაც კი ჩაწერა.

მსგავსი გაშუქების მხარდამხარ, გააქტიურდნენ ხელისუფლების მხარდამჭერი ფეისბუკ გვერდები და ჯგუფებიც, მაგალითად, “საქართველო”, “უნივერსუმი”, “პოლიციელი გმირია”. ისინი მთელი კვირის განმავლობაში აქვეყნებდნენ პოლიციელებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდამჭერ პოსტებს.

მთელი ამ კამპანიით, სახელისუფლებო მედია ცდილობდა, ყურადღება გადაეტანა რეალური დანაშაულისგან და ამბავი შეეფუთათ ისე, თითქოს ეს განყენებული პრობლემაა და არა სისტემური, სიტუაციას მხოლოდ ოპოზიცია ამწვავებს და სისტემური დანაშაულებები მხოლოდ სააკაშვილის მმართველობის დროს ხდებოდა. მოქალაქეების, აქტივისტების თუ პოლიტიკოსების პროტესტი კი სპეკულაციაა „ქვეყანაში არეულობების მოსაწყობად“.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ