გახარია “სუპერძალოვანი მინისტრობიდან” “მოღალატეობამდე” “იმედზე”
01.10.2021
მას შემდეგ, რაც გიორგი გახარიამ ხელისუფლება დატოვა და საკუთარი პარტია ჩამოაყალიბა, ტელეკომპანია “იმედმა” ნარატივი “ქართული ოცნების” რიტორიკის კვალდაკვალ, ნელ-ნელა შეცვალა: “სუპერძალოვან მინისტრად”, “კრიზისმენეჯერად” და “გავლენიანან, სტრატეგ პოლიტიკოსად” წოდებული გახარია - “ნეპოტისტი” და “მოღალატე” გახდა, რომლის “კოკაინშიკობაზეც” სერიოზული ეჭვებია.

როგორ აშუქებდა “იმედი” გახარიას პოლიტიკურ მოღვაწეობას ხელისუფლებაში ყოფნისას

სანამ გიორგი გახარია ხელისუფლებაში იყო, “იმედი” ცდილობდა, რომ მის სახელთან დაკავშირებული ყველა გახმაურებული საქმე, “ქართული ოცნების” ინტერესებიდან გამომდინარე, მის სასიკეთოდ გაეშუქებინა.

მაგალითად, გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში, მასთან დაკავშირებული ყველაზე ხმაურიანი სპეცოპერაციების (ღამის კლუბებში შესვლის, ჰესის საწინააღმდეგოდ გამოსული მოსახლეობის დასარბევად პანკისში სპეცრაზმის შეყვანის, “გავრილოვის ღამეს” მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დაშლის) გაშუქებისას, „იმედი“ ცდილობდა, საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლის, რეზინის ტყვიების გამოყენებით გიორგი გახარია ქვეყანაში წესრიგს და მშვიდობას ამყარებდა.

გიორგი გახარიას გამართლებას და მისი “კეთილი საქმეების” ტირაჟირებას “იმედზე” წლების მანძილზე, ტენდენციური ხასიათი ჰქონდა.

თითქმის ორი წლის განმავლობაში, “იმედი” აქტიურად ცდილობდა მაყურებელი დაერწმუნებინა, რომ გახარიამ 20 ივნისს პროპორციული ძალა გამოიყენა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მცდელობა აღკვეთა. პარალელურად, აქციაზე პარლამენტთან გამოსული მშვიდობიანი ხალხის დარბევისას, 250 ადამიანის დაშავებაზე პასუხისმგებლობას “რადიკალურ ოპოზიციას” აკისრებდა.

“იმედი” იმდენად შორს მიდიოდა, რომ “ჩამოშლილ ეკონომიკასაც” ანტისაოკუპაციო აქციებს აბრალებდა და არასამთავრობო სექტორს “ნაციონალურ მოძრაობასთან” გარიგებაში სდებდა ბრალს.

და მაშინ, როდესაც 20 ივნისის შემდეგ, საზოგადოება გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქციებს მართავდა, “იმედი” ცდილობდა ისეთი ფონი შეექმნა, თითქოს, მისი გადადგომა არა ხალხს, არამედ “რადიკალურ ოპოზიციას” და მათ მიერ მართულ ძალებს სურდათ.

ამავე პერიოდში, ირაკლი ჩიხლაძის ერთ-ერთი გადაცემა “პირისპირ” მთლიანად ხელისუფლების პოზიციების გამყარებას და იმის მტკიცებას მიეძღვნა, რომ 20 ივნისის გახარიას უწყება მშვიდობიან მოქალაქეებს კი არ გაუსწორდა, არამედ პარლამენტი შტურმისგან დაიცვა. ამავე ეთერში, “იმედიმა” სატელეფონო ინტერაქტივი ჩაატარა და ქუჩაში ხალხს, შემდეგ კი ემიგრანტებს მიმართა კითხვით “უნდა გადადგეს თუ არა თანამდებობიდან შს მინისტრი”. კითხვაზე პასუხად, მაუწყებლის მიერ ჩაწერილი რესპონდენტების თითქმის 100% კი ამბობდა, რომ გიორგი გახარია არ უნდა გადამდგარიყო.

“არშემდგარი გადატრიალების ისტორია“ - 20 ივნისის მოვლენებიდან ერთი წლის თავზე, ამ სათაურით, “იმედმა” 40 წუთიანი ფილმიც მოამზადა და კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას, რომ გახარიამ „ქვეყანა გადატრიალებისგან იხსნა”.



გიორგი გახარიას დაწინაურების შემდეგ, “იმედი” ოპოზიციის პროტესტს პოლიტიკურ მასკარადად აფასებდა და მაყურებელს არწმუნებდა, რომ პრემიერ-მინისტრი ქვეყნის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი გახდა. ადამიანი, რომელიც „მწვავე შემთხვევებშიც არ ერიდება კომუნიკაციას“, „გავლენიანი და, აშკარად, კარგი სტრატეგი“, შს მინისტრი, რომელსაც „არაერთხელ მოუწია დაძაბული სიტუაციის განმუხტვა“ და პოლიტიკური ფიგურა, რომლისაც “ნაციონალურ მოძრაობას” ეშინია - ასე ახასიათებდა მაშინ “იმედი” ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.

როგორ შეიცვალა "იმედის" რიტორიკა გახარიას ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ

მას შემდეგ, რაც გიორგი გახარიამ ხელისუფლება დატოვა, “იმედს” მასთან “არაერთი კითხვა და ეჭვი” გაუჩნდა. “ქართული ოცნების” გზვნილების შესაბამისად, სრულიად შეიცვალა გიორგი გახარიას “ხატი”, რომელსაც არხი წლების განმავლობაში ქმნიდა.

სუპერძალოვანი მინისტრი”, მალევე “გუნდის მოღალატე, გადამდგარ პრემიერად” გადაიქცა.



ბოლო 7 თვის განმავლობაში, “იმედი” გახარიას დისკრედიტაციას სხვადასხვა გზით ცდილობს. მაუწყებელი ჯერ ნეპოტისტურ ქსელზე და მისი პარტიის საეჭვო დაფინანსებაზე, მოგვიანებით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მიხეილ სააკაშვილთან კავშირზე, ბოლოს კი, გახარიას სავარაუდო ნარკომომხმარებლობაზე ალაპარაკდა.

⇒ გახარიას პარტიის საეჭვო ფინანსები და ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირი

“იმედი” თავდაპირველად გახარიას პარტიის “გაურკვეველი” ფინანსებით დაინტერესდა. 3 ივნისს არხმა სიუჟეტი მოამზადა, სადაც მაყურებელს ამცნო - სერიოზული ეჭვები არსებობს, რომ პარტიას “საქართველოსთვის” დავით კეზერაშვილი აფინანსებსო. პარალელურად, თვეების განმავლობაში “იმედი” ხელისუფლების გზავნილებს განავრცობდა და სააკაშვილისა და გახარიას კავშირზე ეჭვებს აჩენდა.

თუ იქამდე მაუწყებელი თავის აუდიტორიას არწმუნებდა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” გახარიასი ეშინია, ახლა არხმა იმის იმის მტკიცება დაიწყო, რომ ყოფილი პრემიერ მინისტრი მიხეილ სააკაშვილთან და მის პარტიასთან არის შეკრული. 23 ივნისს, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, “იმედმა” ვაშინგტონში სააკაშვილისა და “გადამდგარი პრემიერის” კონსპირაციულ შეხვედრაზე მოუყვა მაყურებელს. 27 ივნისს კიდევ უფრო ვრცლად ისაუბრა ვაშინგტონში “კულუარებიდან გამოტანილ” ინფორმაციაზე.

12 სექტემბერს კი “იმედმა” წინა პერიოდის ეჭვები შეაჯამა და სპეცრეპორტაჟი მიუძღვნა “გაქცეულ პრეზიდენტსა და გადამდგარი პრემიერს” შორის კავშირების ძებნას. სიუჟეტში ჟურნალისტი ირონიული ტექსტებით ცდილობდა გახარიას დისკრედიტაციას, რესპონდენტები კი მხოლოდ “ქართული ოცნების” წევრები იყვნენ.



⇒ ნეპოტიზმი და კითხვები გახარიას მიერ ორგანიზებულ სპეცოპერაციებზე

9 ივნისს, “იმედმა” “აღმოაჩინა”, რომ გიორგი გახარია, ხელისუფლებაში ყოფნისას, თურმე, „არათუ ებრძოდა ნეპოტიზმს და კორუფციას, არამედ - სახელმწიფო უწყებებში თავის ნათესავებსა და ნაცნობ-მეგობრებს ასაქმებდა და აწინაურებდა“.

შეიცვალა “იმედის” რიტორიკა გახარიას მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციებთან დაკავშირებითაც. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებას გიორგი გახარიას მიერ ორგანიზებულ სპეცოპერაციებზე “კითხვები გაუჩნდა”, “იმედმაც” არ დააყოვნა და “ქართული ოცნების” რიტორიკას ფეხდაფეხ მიჰყვა.

“გახარიას მიერ გამოყენებული პროპორციული ძალა”, ახლა კითხვისნიშნის ქვეშ დადგა. თუ მანამდე “იმედი” 20 ივნისის აქციაზე 250 ადამიანის დაშავებას “რადიკალურ ოპოზიციას” აბრალებდა და ამბობდა, რომ შს მინისტრმა მაშინ ქვეყანა გადატრიალებისგან იხსნა, ახლა 20 ივნისი გახარიასთან დაკავშირებულ “ყველაზე მძიმე, ხმაურიანი ღამედ” იქცა და ტელეკომპანია ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ “დაშვებულ შეცდომებზე” ალაპარაკდა.



⇒ ეჭვები და ბრალდებები გახარიას “კოკაინშიკობაზე”

გიორგი გახარიას ნარკომომხმარებლობასთან დაკავშირებული ბრალდებები მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ნარკოტესტი ჩაიტარა და მერობის სხვა კანდიდატებსაც მოუწოდა შემოწმების გავლისკენ.

პარალელურად, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა დაიწყეს განცხადებების გავრცელება და გახარიას ნარკომომხმარებლობაზე მინიშნებების გაკეთება. 17 სექტმბერს კი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გახარიას პირდაპირ უწოდა “კოკაინშიკი”.

პარალელურად, კი იმედმა ფაქტობრივად, კამპანია დაიწყო ასეთი შინაარსის სიუჟეტებით: რატომ გაურბის ნარკოტესტს, გაივლის თუ არა გადამდგარი პრემიერი ნარკოტესტს - რომლებიც გახარიას სავარაუდო ნარკომომხმარებლობაზე აკეთებდა აქცენტს.

მოგვიანებით, გახარიამ ექსპერტიზა ქალაქ ვენაში, კლინიკა Rudolfinerhaus-ში ჩაიტარა და საზოგადოებას ამცნო, რომ “დეტალური კვლევების შედეგებით, არანაირი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დაუდასტურდა”. „ქართული ოცნების“ წევრების ნაწილმა კი, ამ დოკუმენტის გამოქვეყნებისთანავე დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ რომ კლინიკა, სადაც გახარიამ ნარკოტესტი ჩაიტარა, სანდო არ არის.

თავდაპირველად, “იმედმა” გაავრცელა ინფორმაცია, კლინიკა, რომელშიც გახარიამ კვლევა ჩაიტარა, სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის, ENFSI-ის წევრი არ არისო. საბოლოოდ კი, იმის დასადგენად, ნამდვილად ჩაიტარა თუ არა გახარიამ ნარკოტესტი - ავსტრიაში გადამღები ჯგუფი ავსტრიაში გაგზავნა. ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა ექიმის აედევნა და მისი და Rudolfinerhaus-ის კლინიკის სანდოობის ეჭვქვეშ დაყენებით, ცდილობდა მაყურებელი დაერწმუნებინა, რომ გიორგი გახარიას ნარკოლოგიური შემოწმება საერთოდ არ გაუვლია.



⇒ ეთერიდან გამქრალი ერთ დროს სასურველი სტუმარი

მაშინ, როდესაც “ქართული ოცნება” ოპოზიციურად განწყობილ მაუწყებლებში საერთოდ არ დადიოდა, მაყურებელს ხელისუფლების პირველი პირების, მათ შორის გიორგი გახარიას ხილვის და “ექსკლუზიური ინტერვიუების” მოსმენის “ფუფუნება” მხოლოდ “იმედზე” ჰქონდა. ტენდენცია ახლაც ნარჩუნდება და მინისტრები და “ქართული ოცნების” ლიდერები “იმედის” გადაცემებში კვლავაც აქტიურად დადიან. თუმცა, მას შემდეგ, რაც გახარია ხელისუფლებიდან წავიდა, “იმედმა” მისთვის ეთერის დათმობაზე უარი თქვა.

31 მაისს გიორგი გახარიას პრესკონფერენციაზე “იმედი” საერთოდ არ მივიდა. მოგვიანებით კი განმარტა, რომ გახარიას პარტიის შეკრება “განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენად” არ მიიჩნია. გახარიამ არხს მასთან პირველი ინტერვიუც შესთავაზა. რაზეც “იმედმა” განაცხადა, რომ მისთვის “ამ შესაძლებლობის მიცემა, ჯერჯერობით არარელევანტურად ეჩვენება”.

23 სექტემბერს გიორგი გახარიამ კიდევ ერთხელ გამოთქვა მზაობა “იმედის” პირდაპირ ეთერში სტუმრობაზე და არხს მიმართა: “გავიგე, რომ ხელისუფლების მიერ დაგეგმილ და ამუშავებულ პროპაგანდისტულ კამპანიაში ტყუილებით ჩაერთეთ. აღარ ვსაუბრობ ცალმხრივ გაშუქებასა და იმაზე, რომ ამდენი ხნის განმავლობაში უარს ამბობთ ეთერში ჩემს მოწვევაზე”.

ამის ფონზე, „იმედის“ ეთერიდან ხშირად ისმის რიტორიკული განცხადებები, რომ გახარიასთან ბევრი კითხვაა, რომ მისგან განმარტებებს ელოდებიან, “ვნახოთ, რას იტყვის ბრალდებებზე გადამდგარი პრემიერი” და ა.შ. თუმცა, ჩანს, რომ ხელისუფლების დღის წესრიგს ფეხდაფეხ აყოლილ მაუწყებლში გიორგი გახარიასთვის დასათმობი დრო და ადგილი აღარ იძებნება.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ